Posted by: burusi | 01/12/2009

სერგო წურწუმია – მოთხრობები

სერგო წურწუმია – Sergo Tsurtsumia

სერგო წურწუმია

წიგნიდან: დამსხვრეული ცის ბინადარი (2006 წელი)

ციკლიდან: ორი დაბრუნება

დამსხვრეული ცის ბინადარი

დოროთე მესხია ასაკოვანი კაცი იყო, როდესაც აფხაზეთის ტრაგედია დატრიალდა და იძულებული შეიქნა, თანაკუთხელებთან ერთად გამოქცეოდა სისასტიკის განუკითხავ პარპაშს. წლების გარჯა-შრომით აშენებული სახლისა და ეზო-კარის მიმტოვებელს თავდაპირველად უკვირდა კიდეც, პირში რომ სული შერჩა და იმასაც სინანულით დააყოლებდა, ნეტავი გადამთიელის ტყვია მომწეოდა, და იქვე გავეთავებინე, სხვის კარზე სამადლოდ გდება არ მღირსებოდაო. დევნილობის წლების განმავლობაში რა გასაჭირი არ გადაიტანა ოჯახთან ერთად, ქვეყნის რომელ კუთხეში არ იხეტიალა, ვიდრე აქ დამკვიდრდებოდა. ენგურსგამოღმა თითივით გალოკილი გადმოვიდა, როგორც იტყვიან, არც სანათესაო გააჩნდა აქეთ და არც სამეგობრო, ამდენად, მხოლოდ რომელიღაც ძველი კანტორის სანახევროდ დანგრეულ შენობაში სახელმწიფოს მიერ მიჩენილი ციცქნა ფართით უნდა დაკმაყოფილებულიყო. პირველ ხანებში დახვრეტილი მეუღლის – ფაციას სახე არ შორდებოდა თვალთაგან. გაოგნებული დადიოდა და არავითარი ნიშანწყალი იმისა არ ეტყობოდა, რომ ხვალინდელი დღისათვის ბრძოლას აპირებდა. განვლილმა თვეებმა ნელ-ნელა გაუყუჩეს ტკივილი. დარდი თითქოს სადღაც მიიჩქმალა, გულის სიღრმეში მიიჩინა კუნჭული და სხვა საზრუნავს დაუთმო ადგილი. დორო თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვა, მიხვდა, რომ მისი ცალად დარჩენილი ქალიშვილისა და პატარა შვილიშვილის ლუკმა-პურისათვის მის გარდა არავინ იბრძოლებდა. თავად ისინი, უსუსური და უმწეო ორი არსება, განწირული იყვნენ შიმშილითა და სიცივით დასაღუპად, თუკი თავად არ დაუბრუნდებოდა ცხოვრებას. ასე იყო თუ ისე, მოეწყვნენ. ბევრი არაფერი ჰქონდათ, უცხოელების ნაწყალობევი ჯამ-ჭურჭლითა და პროდუქტებით, სახელმწიფო შემწეობის გროშებითა და უფასო პურით გადიოდნენ როგორღაც. ბავშვი დაბადებითვე ინვალიდი, ყოველგვარ ბავშვურ სიანცეს მოკლებული და არაბუნებრივად მშვიდი, კიდევ უფრო უკლავდა და სიბრალულით უვსებდა გულს, მაგრამ საშველი ვერც ადრე, და მითუმეტეს, ამჟამად ვერაფერი გაუჩინა. არც ქალიშვილი იყო მაინცდამაინც ჯანმრთელი და ისიც მის იმედად უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება. დორო კარგად ხედავდა, რომ მდგომარეობის სასიკეთოთ შეცვლის არავითარი ღონე მათ არ გააჩნდათ და იმთავითვე შეგუებული იყო ბედისწერას. ოღონდ ფაცია არ დაღუპვოდა, მისი უსაშველო ტვირთის მოზიარე ყოლოდა გვერდით… მეუღლის დაღუპვის ამბავი სასწაულებრივად გადარჩენილმა მეზობლის ქალებმა მოუტანეს. უამბეს, თუ როგორ დახვრიტეს კიბის ბაქანზე ფაცია და მეზობლის ასევე ასაკოვანი ქალი ტასო შელეგია ადამიანის სახე დაკარგულმა გადამთიელმა ბოევიკებმა, რომელთა დაუნდობლობა მრავლისმნახველ ადამიანებსაც კი აოგნებდა. რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ვერავინ მიეკარა, თურმე, უდანაშაულოდ დახოცილი უმწეო ქალების გვამებს. მხოლოდ მეოთხე დღეს მიბედეს აქა-იქ სახლების სარდაფებში მიმალულმა დედაკაცებმა და რის ვაივაგლახით, იქვე საკუთარი მანდარინების ძირში მიაბარეს მიწას… დორო სრულიად შემთხვევით არ აღმოჩნდა შინ იმ დროს, იგი ქალიშვილისა და მისი ავადმყოფი ბავშვის გასარიდებლად წავიდა მერხეულისაკენ, სადაც ნათესავების ოჯახი ეგულებოდა. ფიქრობდა უმალვე უკან დაბრუნებულიყო და ფაციასთან ერთად სახელდახელოდ შეკრული ბარგი-ბარხანა წამოეღო, რაც მათი ვარაუდით, ახალ ადგილას დროებით მისულებს უნდა გამოდგომოდათ. დოროს მობრუნება არ დაუხანებია, მაგრამ საშინელება უკვე დატრიალებულიყო, მოწინააღმდეგეს გამოერღვია თავდაცვის უკანასკნელი ბარიერებიც და ქალაქის გარეუბანი ისეთი მოულოდნელობით ჩაეგდო ხელთ, რომ იქ ჩარჩენილებს ვერაფრით მოეხერხებინათ გამოსწრება. თანაც, მრავალ მათგანს მოსულების გულმოწყალების იმედით არ დაეტოვებინა მშობლიური სახლ-კარი. საუბედუროდ, მათი იმედები სრულიად უსაფუძვლო გამოდგა _ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი შექნილიყო თითქმის ყველა, ვინც ვერ მოახერხა ან ვერ იაზრა საგულდაგულოდ მიმალვა…
დორო იმ დღეს კარგა ხანს ელოდა, როცა დაუძახებდნენ, აბა, დორო, აიკარი გუდა-ნაბადი, აფხაზეთში მივდივართო, რადგან სჯეროდა, რომ უსასრულო არაფერი შეიძლება იყოს ქვეყანაზე და ამდენი ათასი კაცის გვემასაც ხომ უნდა მოღებოდა ბოლო. არადა, არაფრით ხერხდებოდა ამ ნანატრი დღის მოახლოება, წელი წელს მისდევდა, აფხაზეთი კი შორეული მირაჟივით კრთებოდა ჰორიზონტზე. დორო შეეგუა იმ აზრს, რომ დაბრუნება უახლოეს პერიოდში ნაკლებად იყო მოსალოდნელი და, ვინ იცის, იქნებ მისი თაობა ვერც კი მოსწრებოდა. ამიტომაც აღარც უგდებდა ყურს ყბედი პოლიტიკოსების ლაქლაქს, ხალხს რომ საკუთარ კერებზე უსწრაფეს დაბრუნებას, ქვეყანას კი უცილობელ აყვავებას და აღორძინებას ჰპირდებოდნენ. მისი ყოველდღიურობა სულ სხვა საზრუნავითა და ინტერესით იყო გაჯერებული: როგორმე გადაერჩინა საკუთარი სისხლისა და ხორცის მონაგარი. იგი ხშირი სტუმარი გახდა ქალაქის თვითმმართველობის შენობის გვერდით სკვერში უნებურად წარმოქმნილი დევნილთა ბირჟისა, რომელიც ერთგვარი საფიხვნოს, ჰაიდპარკის ფუნქციას ასრულებდა სვეგამწარებული ხალხისათვის, ვის ცხოვრებაშიც ნაკლებად ხდებოდა მნიშვნელოვანი და ამავე დროს სასიხარულო ცვლილებები. უფრო ხშირად ტკივილის და მალული ცრემლების ყლაპვის მოწმე ხდებოდნენ იქ დორო და მისი ბედისმტე დევნილები, რომლებიც დღითი-დღე უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ. მართალია, დორო ნაკლებად ერეოდა მარაქაში და ცდილობდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყო მათთან ურთიერთობაში, მაინც უწევდა ამ კავშირების შენარჩუნება, რადგან აქ მოქმედი რომელიღაც დაუწერელი კანონის მიხედვით არ შეიძლებოდა აფხაზეთის მკვიდრი ყოფილიყავი და ამ ხალხის ყოველდღიურობა არ გაგეზიარებინა. მათთან კონტაქტი, წარსულის გაუთავებელი გახსენება და ვიშვიში, ცინცხალი ინფორმაციების გაცვლა და პოლიტიკოსთა გამონათქვამების გამო გულში მჯიღის ცემა ან მათი გაქიაქება და მიწასთან გასწორება, გარკვეულ საზომად იქცა თითოეულის აფხაზეთისადმი ერთგულებისა. აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა არც პროფესიას, არც თანამდებობას, არც ასაკსა და ცხოვრების წესს. აქ ყველა ერთი იყო – დევნილი, რომელსაც მისი კერძი არაფერი გააჩნდა ამქვეყნად, გარდა საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენილი წევრებისა. ამ ხალხს დაუსრულებლად შეეძლო ესაუბრა გარდასული დღეების შესახებ. მათ გონებას სავსებით დაუფლებოდა წარსული, რომელთან განშორებაც არც ერთ მათგანს არ სურდა არაფრით.
დორო წლების მანძილზე უკვე შეეჩვია და შეეგუა ამ ადამიანებს. ბევრი კეთილი და კარგი მაგალითი დაამახსოვრდა მათი ქმედებიდან. ჭირი უფრო ჰქონდათ, რადგან იმედგადაწურული უფროსი თაობის წარმომადგენლები ვერ უძლებდნენ ავბედითი დროის წნეხს და რიგ-რიგობით ეთხოვებოდნენ ცხოვრებას, თან გასენილი გული და აუხდენელი ნატვრა მიჰქონდათ, თუნდაც ერთხელ მაინც მოეკრათ თვალი თაობათა შრომითა და ოფლით ნაგებ-ნაშენები სახლ-კარისათვის.
ბოლო ხანს დოროსაც შეეპარა გაურკვეველი შიში. თავდაპირველად მცირე ადგილი ეკავა მას დოროს შინაგან სამყაროში, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა იზარდა და საბოლოოდ განგაშის ზარებად დარისხებული ახმიანდა იქ, შიგნით, დარდის ხაოთი დაფენილი სულის წიაღში: ნუთუ მასაც არ ეღირსება საკუთარ ეზოში ფეხის დადგმა, ვერასოდეს იხილავს ნალოლიავებ ეზოს, თავდაუზოგავი გარჯით აგებულ სახლს, ვერ მოეფერება ადესის თალარს, ხელს ვერ შეახებს ჩუქურთმიან ჭიშკარს, ვერ შეაღებს პალატის კარებს და ვერ გადმოიხედავს საყვარელი აივნიდან! რაღა აზრი აქვს ამგვარ სიცოცხლეს, თუკი ვერ აისრულებ უმწვავეს ნატვრას, რომელიც ხანჯალივით გიჩეხავს გულ-გვამს და საშინელ ქარბორბალას ატრიალებს შიგ. ჯობდა ვაჟკაცურ კვეთებაში შეკვდომოდა მტერს და მშობელ მიწაში ეპოვა სამუდამო განსასვენებელი, ვიდრე ასე, ბანაკს მოწყვეტილი ბოშაკაცივით სახეტიალოდ და სამადლოდ გახდომოდა საქმე.
უკანასკნელი წვეთი დოროს მოთმინების ფიალაში მაშინ ჩაეწვეთა, როცა ჭიჭი შამათავას დაკრძალვას დაესწრო. მთელ ოჩამჩირეში პატიოსნებითა და სიდარბაისლით განთქმული, ყველა ეროვნებისა და თაობის წარმომადგენელთაგან პატივდებული პედაგოგი უცხო ქალაქში გამოვლილი მძიმე წლების შემდეგ გარდაიცვალა და უცხო სასაფლაოზე ეულად უნდა დამარხულიყო კიდეც. დორო დაჟინებით აკვირდებოდა კუბოში ჩასვენებული გარდაცვლილის გაქვავებულ სახეს, რომელსაც ქათქათა ჭაღარის ნათელი რამდენადმე უფერმკრთალებდა დაღარულ სახეზე დაჭდეულ ტანჯვის ნაკვალევს. დოროს გონება ერთადერთ საფიქრალს დაეპყრო და დაემორჩილებინა: როგორ ნატრობდა, ალბათ, სიკვდილის წინ თავის ოჯახში, საკუთარ ლოგინში ყოფნას, საწყალი ჭიჭი! განა შეეძლო ოდესმე იმის წარმოდგენა, რაც მოელოდა, თურმე, და განა მარტო ამას, ათასების ხვედრი რომ შეიქნა ერთნაირად დამწვარი და დაბუგული! ეჰ, ვინ იცის, მის მიერ გაწყობილ კერაზე ვინ გაიხარა, ეს კიდე… ვაი, რომ მეც იგივე ხვედრი მელის დღეს თუ არა ხვალ! – ამის გაფიქრებაზე თითქოს გულში ძარღვი ჩაუწყდაო, მძიმე დანასავით სერვა-სერვით დაუარა უსაშველო ტკივილმა მკერდის მარცხენა არეში. – ამას პატრონი მაინც რჩება, როცა იქნება გადაასვენებენ საგვარეულო სასაფლაოზე და ეგეც რაღაც ნუგეშია, მე კი აბა ვინღა მყავს ხურჯინივით ზურგზე მომკიდებელი. სამადლოდ ჩამმარხავენ ამ ქვაღორღიან მიწაში და სამუდამოდ დამივიწყებენ. ვინ იცის, ერთხელ იქნება, სასაფლაოც აღგავოს ჟამთადენამ მიწის პირიდან, უცხო და უმინჯური საფლავის დამნდობი და შემცოდე ვიღა იქნება?.. სახსენებელიც გაწყდება ჩემი და ყოველგვარი კვალიც განქარდება ჩემი ამქვეყნად ოდესმე არსებობისა… არა, გადაწყვეტილია, რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გადავიდე აფხაზეთში! რაც უნდა მომივიდეს, მაინც წავალ, ხვალვე გავუდგები გზას…
ქალიშვილის დარწმუნება იმაში, რომ სადმე ქირაზე სამუშაოს პოვნას აპირებდა, არ გასჭირვებია. რამდენიმე დღეს არ ვიქნებიო, დაუბარა და ალიონზე გაუდგა გზას. ენგურის ხიდთან იმაზე მეტი ხალხი ირეოდა, წარმოდგენა რომ შეეძლო. თუმცა დილა იყო და გამოღმა მომავალთა ნაკადი ჭარბობდა. მდუმარედ გაემართა პირველი ხერგილისაკენ. ქვეითთა ნაკადში გარეული მშვიდად გაცდა ყველა ბარიერს, თუმცა გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და სული ელეოდა იმის შიშით, ვაითუ უკან გამაბრუნონო. როგორც წინასწარ ჰქონდა დადგენილი, იქვე რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით ავტობუსი უნდა მდგარიყო, რომელსაც სოხუმამდე გადაჰყავდა მგზავრები. ასეც იყო, ავტობუსი იდგა და შევსებას ელოდა. დოროს თავდაპირველი დაძაბულობა ჯერაც არ განელებოდა, ხშირ-ხშირად იწმენდდა ცხვირსახოცით სახეზე გადამსკდარ ხვითქს. მისდა გასაოცრად, ავტობუსის მძღოლი ნაცნობი აფხაზი აღმოჩნდა. ქალაქიდან იცნობდა ამ კაცს, გამარჯობასაც ეუბნებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეტი სიახლოვე არ ჰქონიათ. თუ მეხსიერება არ ღალატობდა, დაური უნდა რქმეოდა. თავდაპირველად შეცბუნდა დორო, ნაცნობთან შეხვედრაზე არ უფიქრია, უბრალოდ, ვერ წარმოედგინა სიტუაცია, აფხაზ კაცს როგორ უნდა შეხვედროდა. დაურმა თუ ადგურმა უმალვე იცნო დორო და გულღიად, ყოველგვარი მორიდებისა და დაფარვის გარეშე მიმართა, როგორც ეს ძველ ნაცნობს შეეფერებოდა. დორო ნასიამოვნები დარჩა ამ სიურპრიზით. მძღოლმა თავის ახლოს მიუჩინა ადგილი და დაძრა თუ არა ავტობუსი, გულითადი საუბარი გაუბა. დოროს სმენოდა, რომ აფხაზეთში ქართულ სიტყვას ვერ გაიგონებ, დალაპარაკებაც არ გაბედო, თუ არ გინდა უბედურება დაიტეხო თავსო. აქ კი, როგორც რწმუნდებოდა, სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე: მძღოლმა ქართული სიმღერების კასეტა ჩადო მაგნიტოფონში და სალონი ჰარმონიული ჰანგებით აივსო, თანაც, რამდენადაც დორომ შეატყო, ადგურმა (ასე მიმართა მას ერთ-ერთმა მგზავრმა) მისთვის რაიმეს დამტკიცების მიზნით როდი გააკეთა ეს. „ლაზის“ ტიპის ავტობუსი ღმუილით მიქროდა გალისკენ. დორო გზატკეცილის გასწვრივ ათვალიერებდა კარ-მიდამოებს, რომელთა უმრავლესობა უკაცრიელი იყო. სახლები ამოღამებული, ცეცხლის ენებით გამოლოკილი თვალთა ბუდეებით გასცქეროდნენ სივრცეს. მას გაახსენდა, როგორ დუღდა აქ სიცოცხლე, სანამ ომის მსახვრალი ხელი შეეხებოდა და მოსპობდა მშვიდობიან თანაცხოვრებას. რამდენჯერაც მოხვდებოდა ამ ადგილებში, იმდენჯერ სიხარულითა და კმაყოფილებით აღსავსე რჩებოდა. ახარებდა მისი ხალხის ცხოვრებაში მომხდარი სასიკეთო ძვრები, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ეჰ, ომი რომ არა, ეს მხარე მართლა სამოთხედ იქნებოდა ქცეული… ადგურიც სწორედ ამაზე ესაუბრებოდა. გაუჩერებლად ერთი და იმავეს უმეორებდა: რა ეშმაკმა დაგვრია ხელი, როგორ შეძლო შავმა ძალამ ჩვენი, საუკუნოვანი ნათესავებისა და მეგობრების გადაკიდება, ხელში იარაღი როგორ აგვაღებინეს და ცეცხლითა და მახვილით ერთმანეთზე როგორ წაგვაქეზეს, ან ჩვენ თვითონ რაღამ დაგვიბნელა გონება, რამ დაგვიკარგა თვალისჩინი, ერთმანეთი როგორ არ დავინდეთ, ხელი როგორ არ აგვიკანკალდა საკუთარი სისხლისა და ხორცისათვის ყელის გამოსაღადრავად?!. რა უნდა გვქონოდა იმგვარი მიზეზი, ასე დაუნდობლად გადაგვებუგა ერთმანეთის სახლ-კარი, ჩვენ ხომ მეზობლები, მეგობრები, თანამდგომები ვიყავით, რამდენი საცხოვრისი აგვიგია ერთურთის მიხმარებით. ასე თუ ერთმანეთს გავიმეტებდით, როგორ წარმოვიდგენდი – ადგურმა ხელი გზისპირებისკენ გაიშვირა, სადაც გადაბუგული სახლების წყება მოსდევდა ერთიმეორეს… გამოუკითხავი და გაუხსენებელი არ დარჩენიათ რამე და ვინმე, რაც და ვინც საერთო ჰქონიათ და ჰყოლიათ წინა ცხოვრებაში. დორო ცალი თვალით კვლავ ავტობუსის სარკმლიდან იცქირებოდა და თითქმის მივიწყებულ, მაგრამ მაინც გულისგულამდე ნაცნობ ყოველ მოსახვევს, ბოძს, ხეს, ხიდს, ჩაისა და ციტრუსების უკვე ტყედწასულ, მაგრამ მაინც შემორჩენილ პლანტაციებს მზერით ეფერებოდა. განუწყვეტელი შინაგანი ღელვა დაუფლებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. ოჩამჩირეს რომ გაცდნენ, ადამიანის ჭაჭანება გაქრა. დორომ საგანგებოდ დაითვალა, კოდორის ხიდამდე სულ თექვსმეტი კაცი ნახა. სახლებიც აღარ ჩანდა. ყოფილი სოფლების ადგილი ტყეს დაეპყრო, დაებურა და გაეველურებინა ოდინდელი საცხოვრისები, ომის დაუნდობელ ხელს რაც გადარჩენოდა, ის ეკალ-ბარდსა და ბალახს წაელეკა, თითქოს უნდა კაცთა უგუნურების და დაუნდობლობის სამარცხვინო კვალი წაშალოსო მიწის პირიდან.
დორო მთელი გზა ისე გრძნობდა თავს, თითქოს უცხო ზმანებაში ყოფილიყოს. სჯეროდა და არც სჯეროდა იმისა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა, რომ ასე ადვილად შესძლო ხერგილს გამოღმა გადმოსულიყო, ყოველგვარი საფრთხისა და წინააღმდეგობის გარეშე მოეღწია აქამდე და სულ მალე საკუთარი სახლის კარის შეღებას მოახერხებდა. ცოტა ხნის წინ ამაზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა, წარმოსახვაშიც ვერ დაუშვებდა ამგვარ რამეს, რაც ახლა ხდებოდა, ხომ ამბობდნენ ზოგიერთები, ახლა მთვარეზე მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე აფხაზეთშიო. ვისთვის როგორ, მაგრამ დორომ რომ შესძლო სანუკვარი ოცნების ახდენა, ცხადზე უცხადესი იყო… ავტობუსი უკვე სოხუმის ქუჩებში მოძრაობდა. კოდორს გამოღმა, მით უფრო სოხუმში შესვლის შემდეგ მზერადქცეულ დოროს, პეიზაჟის არც ერთი დეტალი არ გამოპარვია, თუმცა ყოველივე ისე გამოიყურებოდა, როგორც დატოვა მან და მასთან ერთად ასეულობით ათასმა კაცმა. შენობებს აქამდე შერჩენოდა ომისდროინდელი ნაიარევი. თეთრი ხიდიც გადაკვეთეს, კიროვისას ორჯონიკიძისა და ჭოჭუას ქუჩები მოჰყვა და ავტობუსი მთავარი სარკინიგზო სადგურის სიახლოვეს, ძიძარიას ქუჩასთან, მისდა გასაკვირად, ამჟამადაც მოქმედ საზაფხულო კაფეს გაუსწორდა. დორომ მძღოლს თხოვა გაეჩერებინა მანქანა. აქედან უკვე ერთი ხელის გაწვდენა იყო მის სახლამდე. ადგურმა შეძლეულ ფულზე უარი განაცხადა: ჩვენებური კაცი რამდენი ხანია არ ყოფილხარ შენს ქალაქში, ძლივს მოახერხე ჩამოსვლა და ფულს როგორ გამოგართმევ, მართლა ფულით ხომ არ იზომება ყველაფერიო. დორომ დიდი მადლობა უთხრა გამხნევებისა და პატივისცემისათვის, ავტობუსიდან ჩავიდა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა, რათა რკინიგზის მაგისტრალისქვეშა გადასასვლელით მოეჭრა სავალი და ბაგრატიონის ქუჩას ფეხით გაჰყოლოდა. თუმცა უკვე საღამოსპირი იყო და თანდათან ბინდდებოდა, დორო უცდომლად მიიკვლევდა გზას. აქაურობას ხომ სიყმაწვილიდანვე იცნობდა თავისი ხუთი თითივით, ყოველი კენჭი იცოდა სად ეგდო, ყოველი ბუჩქი და ხე ნაცნობი და საყვარელი იყო. კიდევ ერთხელ გადაუხვია და მისი მშობლიური ქუჩაც გამოჩნდა. სიბნელე იმდენად მოედო სივრცეს, რომ ოჯახებში აქა-იქ მბჟუტავი ნათურების შუქს სწრაფად ემატებოდა ძალა. ეზოების ნაცნობი რიგი, ჭიშკრებისა და ღობეების თვალისათვის ნაჩვევი წყება… აი, სკოლის შენობაც გამოჩნდა. სწორედ სკოლის შემდგომი ეზო იყო დოროსი. აქ გაიზარდა, დავაჟკაცდა, აქვე გაიარა მისი ცხოვრების უდიდესმა ნაწილმა და რომ არა ის დაწყევლილი ომი, აღსასრულამდე აქ გაათრევდა თავის ტკივილითა თუ სიხარულით დაყურსულ ყოფას. როგორი მახლობელი იყო ყოველი სილუეტი, ყოველი დეტალი, რომელსაც მზერა ჯერ კიდევ სტაცებდა მოძალებულ ბინდბუნდს. უცნაურმა გრძნობამ დაიპყრო დოროს არსება, თითქოს სიხარულს უნდა დაეტბორა ჯინჯი ხატის ამდენი ხნის უნახაობის შემდეგ ფესვებთან დაბრუნებული კაცის გული და ასეც იყო, მაგრამ, განა მარტო სიხარული იყო ის, რასაც ამ წუთას იგი განიცდიდა? ეს იყო ნეტარების ტკბილ განცდაში გაზავებული სინანული, ტკივილი, შიში იმის გამო, რომ ხვალ თუ ზეგ აქაურობის დატოვება მოუწევს ისევ და საცოდავად გაგრძელება უბადრუკი ყოფისა, სადღაც შორს აქედან, მისთვის აქამდე სრულიად უცხო, ვერადავერშეგუებულ გარემოში. სირცხვილის გრძნობაც შერეოდა განცდათა ამ ნაზავს, სირცხვილისა, ყოველივე იმის გამო, რაც თავს გადახდენოდა საკუთარი კერისა და ფუძის ანგელოზის ნებსით თუ უნებლიედ დამტოვებელ კაცს. ეს გრძნობა ძალიან ჰგავდა იმ უნიათო შვილის განცდას, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის გამო დავრდომილი დედა მიატოვა შარაგზაზე და მხოლოდ საფრთხის გადავლის შემდგომ მიბრუნებულს, მშობელი რომ აღარ დახვდა იმ ალაგას, ეწვია გაუნელებელი სინანულისა და ტკივილის შეგრძნება.
შელეგიების ჭიშკარი და ეზო… ხინთბების… შარაბიძეების… ბოკუჩავების… კუპრავების… და დორო უკვე საკუთარ ჭიშკარს ელოლიავება გადაჩვეული ხელებით. ჯერ კიდევ არჩევს სილუეტს, ლითონის ნაცნობ ორნამენტებს, ეფერება თითოეულ ხვეულს, ჩუქურთმას, გადასწია რაზა, ჩუმად, უხმაუროდ, არ უნდა ვინმემ გაიგონოს ჭიშკრის გაღების ხმა. ჯერ კიდევ სხვაა იგი აქ, უცხოდ გრძნობს თავს ყოველივე ამის შემქმნელი და ერთადერთი კანონიერი ბატონ-პატრონი. კუპრავებისას შუქი ჭიატებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ვიღაც უნდა ცხოვრობდეს. დოროს ახლა ნამდვილად არ უნდა თავისი ფორიაქის მოწმე ჰყავდეს, ვინმე შეესწროს ამ გრძნობების დაუფარავ მოძალებას. როგორც კი შეატყო კარი არ იღებაო და ხელით მოსინჯვითაც დარწმუნდა, რომ იგი რამდენიმეფა მავთულით მკვიდრად იყო ჩაგმანული, უმალვე გაშორდა ჭიშკარს და გადაწყვიტა სკოლის ეზოს მხრიდან, კუტიკარით შესულიყო შინ. ისიც ჩახვეული დახვდა, მაგრამ ამას აღარ მორიდებია, გახსნა ჩახლართული მავთული, გააღო კარი და როგორც იქნა თავისი ეზოს ბალახს დაადგა ფეხი. სახლამდე მისვლაში თითქოს მთელმა საუკუნემ განვლო. ოციოდე მეტრის გადალახვას უზარმაზარი ძალა დასჭირდა. თვალწინ ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებოდნენ მისი ოჯახის მიერ უშფოთველად, ყოველდღიურ შრომასა და დაგვაში გავლილი წლები. გადადგა ერთი ნაბიჯი… მეორე… სახლის კარიც გამოაღო და სულმოუთქმელად შევიდა შიგნით. რა ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ეს ჰაერი არ ეყნოსა, ამ სახელურებს არ შეხებოდა, ამ კარების სითბო არ ეგრძნო, ამ კედლების სიკეთემოფენილი შუქი არ შემოფეთებოდა, ამ ფანჯრის რაფები არ გამოეღო მის ხელებს და ცინცხალი, შვების მომცემი ნიავი არ შემოეშვა ტკივილამდე ნაცნობ ოთახებში. სახლი თითქოს შინაურულადაც ხვდებოდა, მაგრამ ამავე დროს, რაღაცნაირი გაუცხოების სიცივეც ქროდა მისი მოფარღალალავებული კედლების სიღრმიდან. ყოველი ოთახი დაიარა, ყველა კუთხე-კუნჭული მოსინჯა საკუთარი ხელებით, თითქოს შენობისათვის სითბოს გადაცემით სურვებოდეს თავის შეხსენება. თითქოს უნდოდა სახლისთვის ეთქვა, რომ დაბრუნდა, რომ ის არის – დორო მესხია, ამ კედლების თავისი ხელებით ამომყვანი და მაშენებელი. რომ ამდენი ხნის განშორების შემდეგ მაინც დაბრუნდა მასთან, როგორც უძვირფასეს და უსაყვარლეს პირმშოსთან, უკეთილშობილეს მშობლებთან, სულზე უტკბეს დედმამიშვილებთან და უსათნოეს ცოლ-შვილთან ბრუნდება ათასი წლის ყარიბობითა და მარტვილობით გულგასენილი რაინდი ვინმე. დაბრუნდა, რათა არასოდეს გაშორდეს მას, მისი კაცურკაცობის მომსწრეს და მესაიდუმლეს, მისი გარდასული უძვირფასესი მოგონებების დამაუნჯებელსა და თანაზიარს, მისი სიხარულების, ქორწილების, ძეობების, ნათლობების, დღეობების შემსწრეს და დამამშვენებელს, მისი დიადი გლოვების, ოჯახის მზეგადასული წევრების უკანასკნელ გზაზე გაცილებების თანამლმობელს და ზარისთქმით მოქვითინეს. ახლა სულერთია დოროსათვის, ვის და რატომ შეიძლება არ უნდოდეს მისი დაბრუნება მშობლიურ სახლში, რა გადაულახავი მიზეზები მოეძევება რომელიმე მმართველს ახალი და ახალი დაბრკოლებების მოსაფიქრებლად, მისთვის ეს ყოველივე არაფერს აღარ ნიშნავს უკვე. ის შინ არის! საკუთარ სახლში, საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარ კერაზე და არსად, არასოდეს აქედან ფეხის გამდგმელი არ არის, მთელი ქვეყნიერებაც რომ აუჯანყდეს და შეერთებული გოლიათების ძალით მოინდომოს მისი გარიყვა. ოთახები ცარიელი იყო. არავითარი დგამი. ბეტონის ბრტყელი ნატეხი იპოვა ეზოში (თანაც უკვირდა, ჩემს დროს არ ყოფილა, მერე საიდან გაჩნდა ნეტავიო! – თითქოს მთელი რვა წელი კი არა, რვა საათი ყოფილიყოს მოწყვეტილი ამ ეზო-კარს…), შეათრია რის ვაი-ვაგლახით და ზედ ჩამოჯდა. სიგარეტი დააძრო გარე გულისჯიბიდან, მოუკიდა და მუჭში მოიმწყვდია, რა იცი, ვინმეს ყურადღება არ მივიპყრო გარედანო. თუმცა, თავადვე ხვდებოდა, რომ ეს სიფრთხილე ზედმეტი უნდა ყოფილიყო, რაკი კარგა მანძილზე გზაში არავინ შეხვედრია და ახლო-მახლოც არავინ დაულანდავს. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა მოგონებებში ჩაძირული და ხვალინდელი უცნობი დღის მოლოდინში ფიქრებს მინებებული წარსულში დახეტიალობდა. მრავალი წლის წინათ ეს არემარე ჭაობნარი ყოფილა. მესხიების პეპერა სხვა გლეხებთან ერთად მოსულიყო ამ ადგილებში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და თავდაუზოგავი შრომით ღვთისგან და კაცისგან მივიწყებული მხარე ედემის ბაღად ექცია. რუსის ხელისუფალთ ბევრჯერ მოუნდომებიათ ცაქვა მესხიას და მისი მეზობელი გლეხების აყრა ახალდანერგული ბაღნარიდან, მაგრამ გლეხკაცურ სიჯიუტეს და მიწისადმი ფანატიკურ ერთგულებას იმპერიის გონდაბინდული მსახურების გულიც კი მოელბო და ისინი თავიანთ ადგილებზე დაეტოვებინათ, გარკვეული გასამრჯელოს საზღაურად, რასაკვირველია. მერე თაობა თაობას ცვლიდა, მესხიები კი აქ, ამ მიწაზე რჩებოდნენ, მძლავრად იდგამდნენ ფესვს, განიერად შლიდნენ რტოებს. დოროს მამის ილო მესხიასთვის უკვე ბოლშევიკებს შემოეკვეცათ წინაპრების მიერ დანატოვარი ადგილ-მამული, ზოგი სხვა ხალხს რგებოდა ეზო-კარის გასამართავად, ზოგან სკოლა აეშენებინათ, ზოგიც შოსეს წაეღო… დოროს მამისეული ხის ძველი ოდის ადგილას ჰქონდა აგებული თავისი სახლი, ეზოც საკმაო იყო ქალაქის კვალობაზე, ადესის თალარითა და ხეხილ-ციტრუსით ჩრდილმოფენილი და ამით სავსებით კმაყოფილი გახლდათ მისი პატრონი. ეჰ, ნეტავი კი დაგვცლოდა მშვიდი ცხოვრება! ფაცია გუგუჩია შესანიშნავი მეოჯახე გამოდგა იმასთან ერთად, რომ თვალტანადობითაც გამორჩეული იყო თავის ტოლ გოგოებში. ერთგული და უსიტყვოდ გამგები ქმრის სურვილებისა. თანადგომაც ვაჟკაცური გაუწია, როცა ახალი ცხოვრება წამოიწყო, ცალი ხელით რომ მზისას ურწევდა აკვანს, მეორით ქმარს ეხმარებოდა ხე-ტყისა თუ კირ-ცემენტის ზიდვაში. ასე მოიყვანეს ცხოვრება. ასე დაფუძნდნენ და დამკვიდრდნენ სამუდამოდ. მაშინ ასე ეგონათ-სამუდამოდო… ვინ წარმოიდგენდა, ასეთი საშინელი ტრაგედიით თუ დასრულდებოდა ყოველივე. მიდიოდნენ წლები ერთმანეთის მიყოლებით. იზრდებოდა ერთადერთი ქალიშვილი. ღმერთმა არ ინება მეტი შვილი ჰყოლოდათ და სამწუხაროდ, არც გოგონა შეიქნა სრული ჯანისა. მაინც თავისი ბედი მოადგა კარს. გათხოვდა, შვილი შეეძინა. თუმცა, ამით დასრულდა მზისას ოჯახური იდილია. მისი ქმარი, მატარებლის გამცილებლად რომ მუშაობდა იმ წლებში, ერთხელ წავიდა შინიდან და აღარ დაბრუნებულა. აიყარა გული ცოლ-შვილზე, ვიღაც როსტოველ კახპას შეეხიზნა, როგორც შემდეგ გაირკვა… და მორჩა, ამის შემდეგ ამ ქალაქისაკენ აღარ უქნია პირი. დოროს, მართალი რომ ითქვას, ძალიან არც უჯავრია ეს ამბავი. ხედავდა, რომ სიძე დიდი ვერაფერი ბედენა იყო, მაინცდამაინც, საქმეს და ხელობას გულს ვერ უდებდა, სამსახურიდან სამსახურში გადარბენაზე იყო სულ და ოჯახის მარჩენლად მისი ქცევა ალბათ მამაზეციერსაც არ შეეძლო. წავიდა და წავიდა, პირველად დოროს ოჯახს ხომ არ მოსწეოდა ამგვარი ამბავი! დოროც, ფაციაც და მზისაც მალე შეეგუვნენ ამას და ჩვეული უშფოთველი რიტმით გაგრძელდა ცხოვრება… საუბედუროდ, ეს მდგომარეობაც დროებითი აღმოჩნდა. მალე ომი დაიწყო აფხაზეთში და შემდეგ ყველაფერი აირია. ვინ გაარკვევდა ვინ იყო მტყუანი თუ მართალი. ადამიანებისათვის, გუშინ რომ სათნოების განსახიერებები იყვნენ, არაფერი წმინდა და საფიცარი აღარ დარჩა. ძმა ძმაზე რომ აღმართავს იარაღს, იქ რა სიწმინდეზე და ამაღლებულობაზე შეიძლება ლაპარაკი?!. დორო წუხდა შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ მას ან მისნაირთა თუნდაც მთელ არმიას რისი შეცვლა შეეძლო? სადღაც მაღლა მოიმართა ომის მანქანის გულქვა მექანიზმი და ახლა მისი გაჩერება, თუნდაც გარკვეული დროით დაყოვნება, არავის ხელეწიფებოდა. უსაშინლესი მეხთატეხა დაატყდა ორივე ხალხს ომის სახით. ერთი გვარის, ერთი ფესვიდან ამოყრილი ორი მძლავრი შტოს წარმომადგენლები ისეთი დაუნდობლობით დაერივნენ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის ნათესაობის, მოყვრობისა და მორდუობის მრავალი საუკუნე კი არა, გაუთავებელი მტრობა და სისხლისღვრა მდგარიყოს… მაცილი და ბოროტი დაეუფლა ადამიანთა გონებას და უგვან-უკადრისი საქციელი ბევრს ბევრი აკადრებინა. აბა, სხვა რა იყო საწყალი ფაციას და ტასო შელეგიას დაღუპვა? ვის რაში სჭირდებოდა მათნაირი უმწეო ქალების სიკვდილი? რამდენი ფაცია და ტასო აღესრულა ადამიანობადაკარგული მოსისხარების ხელით, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს! ვინ იცის რა მწარე იყო მათთვის თანამოძმის, თანაქალაქელის ხელით სიკვდილი. რამ გაამხეცა ასე ადამის მოდგმა! რად არ დაფიქრდა არც ერთი მათგანი, რა მიუტევებელ ცოდვას იკიდებდა ზურგზე, როგორ იწყმედდა სულს და სამუდამო წყევისათვის წირავდა საკუთარ თავსა და შთამომავლობას?!. ახლა, ამ უზარმაზარი მსხვერპლისა და ერთმანეთისათვის მიყენებული ტკივილის შემდეგ, ვინ იცის, შესძლებენ კი ადამიანები ჩადენილი ცოდვების მონანიებას, მიახლოებას ერთმანეთის გულებთან, სამშვიდობოდ ხელის გაწვდენას, თანალმობისა და თანადგომის გამოცხადებას ერთმანეთისათვის. ჰაი, რა ძნელია ერთხელ დაშვებული შეცდომის გამოსწორება, ერთხელ ჩადენილი შეცოდების გამოსყიდვა! ხანდახან თაობების გულმოდგინე მცდელობაც არ ჰყოფნის უგუნური წინაპრის მიერ ჰაიჰარად ჩადენილი დანაშაულის ურთიერთისათვის მიტევებას…
დოროს თვალი არ მოუხუჭავს მთელი ღამის განმავლობაში. სიგარეტის წევაში, მძიმე თუ ნათელი მოგონებების მონაცვლეობაში გაატარა დრო. როგორც იქნა წავიდა დასასრულისაკენ გაქორიანებული ღამე და ცისკიდური აღმოსავლეთისაკენ ოდნავ შეიფაკლა. დორომ წამოღებული სანთლები მოიძია, გარეთ, მაცოცხლებელ ჰაერზე გავიდა, ღრმად ჩაისუნთქა იგი, შეფხიზლდა და მეორე სართულზე ამავალი კიბის საფეხურებს აუყვა. ნათელი მატულობდა და მასაც სწორედ ეს უნდოდა. სიბნელეში აციაგებულ სანთელს ხომ იოლად შეეძლო მავანის ყურადღების მიპყრობა. ბაქანზე ასულმა ჩაიმუხლა, ორივე ქალის სახელზე თითო სანთელი დაანთო, ღმერთს შესთხოვა ზეციურ სასუფეველში დაევანებინა მათი ნაწამები სულები. შემდეგ წამოდგა, მუხლისთავები ხელის ერთი მოსმით ჩაიფერთხა და აივნისკენ გაემართა. ქვედა პალატისაგან განსხვავებით ზედა ოთახებში ჯერაც დარჩენილიყო ძველი ცხოვრების ნაკვალევი. იატაკზე უთავბოლოდ იყო მიმოფანტული ჭურჭლის ნამსხვრევები, წვიმის წყლისა და სიცხისაგან გამოხუნებულ-გამოყვითლებული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ნაგლეჯები. დორო ცრემლმორეული დასცქეროდა მისი მრავალწლიანი ჯაფის წყალობით შეძენილი ქონების ნამუსრევს, უთავბოლოდ უნაცვლებდა ადგილს, ეძებდა თითქოს რაღაცას. ბოლოს მისმა ხელმა ამ ნამსხვრევების ქაოსიდამ ერთადერთი საღი საგანი გამოაცალკევა და მაღლა ასწია. ეს ტოლჩა იყო. ამ ადამიანური სიხარბის ქარბორბალას მიერ დატოვებულ დომხალს სასწაულებრივად გადარჩენილი. დორო ტოლჩითურთ წყლის ონკანთან მივიდა, მოუშვა და ჟანგიანი წყლის ჭავლი თხლიშინით ჩაეშვა ბაკანში. კარგა ხანს იცადა, სანამ სითხე დაიწმინდებოდა, შეავსო სასმისი და თავისი სახლის მაცოცხლებელი წყალი პირველად იგემა ამდენი წლის შემდეგ. რამდენიმე გზობა დალია და გულიც მოიჯერა. სხვა გემო ჰქონდა აქაურ წყალსაც. ვერავითარი ჟანგი და მინარევი ვერ წარყვნიდა მას. იმ წუთას ასე ეგონა დოროს, სხვა ვერცერთი წყალი ვერ კლავსო წყურვილს ამ წყლის დარად. მართალიც იყო, მისი სულის წყურვილს სხვა ვერანაირი წყარო ვერ დაარწყულებდა ალბათ… უკვე სავსებით განათებული იყო ცარგვალი, როდესაც იგი კვლავ დაეშვა კიბეზე და პირველი სართულისაკენ გაემართა.
_ ვინ ხარ მანდ, სხვის ეზოში რას დაბორიალობ! – მოესმა დოროს მისთვის სრულიად მოულოდნელად მჭახე ხმა. შეტრიალდა მეზობელ, ოდესღაც კუპრავების ეზოსთან დამაკავშირებელი კუტიკარის მხარეს და სწორედ მისკენ მომავალი, საშუალო ასაკს კარგად გადაცილებული, ხმელ-ხმელი აგებულების, პირგაუპარსავი, ხალვათად ჩაცმული მამაკაცი დაინახა. დოროს საბოლოოდ მოეშვა გულზე. შინაგან დაძაბულ მოლოდინს თავის უცნობ ხვედრთან შეყრისა, ბოლო მოეღო. ამ ხვედრს ახლა ამ კონკრეტული კაცის სახე ჰქონდა მიღებული და მისი ხელით უმზადებდა რასაც უქადდა – ავსაც და კარგსაც.
_ უცხო კი არა, ამ ეზო-კარის პატრონი ვარ. დავბრუნდი! – მიუგო დორომ და თავადვე ეოცა თავისი ხმის სიმშვიდე და დამაჯერებლობა. ღობეს მოახლოებულ უცნობსაც დაეტყო როგორ აცხრობდა მის გულისწყრომას მიღებული პასუხი. თითქოს გასაკვირი არაფერი ყოფილიყოს მრავალი წლის წინათ ოტებული მოსახლის ასე მოულოდნელად გამოჩენაში. პირისახეზე ღიმილიც კი გაუკრთა და თქვა:
_ მაშ, ამ სახლის პატრონი ხართ? – თან დაფარული ინტერესით აკვირდებოდა ციდან ჩამოფრენილ მეზობელს. – გადმობრძანდით ჩემთან, ვისაუბროთ, გავეცნოთ ერთმანეთს. ჰო, მართლა, მე აქ ახალი მცხოვრები ვარ, ამიტომ არ გეცოდინებით, გადმოდით, ჩემს ოჯახობასაც გაგაცნობთ…
მოვლენების ამგვარი განვითარებით საბოლოოდ დამშვიდებული დორო ჭიშკრისკენ გაემართა. ახლა მას აღარ ეშინოდა კარიბჭის გაღებისა. ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მისი, როგორც მეპატრონის უფლება სიტყვისშეუბრუნებლად, მყისიერად აღიარეს, მიუხედავად მისთვის სრულიად არაკეთილგანწყობილი სიტუაციისა, რასაც აქ ელოდა. ხელის ენერგიული მოძრაობით მოაცილა მავთული, რომელიც კარს ჰქონდა დახვეული და გააღო იგი. ფართოდ გაალაჯა ქუჩაში და მეზობელი ეზოს ჭიშკრისკენ აიღო გეზი. უეცრად საიდანღაც ძაღლი გამოვარდა. მისკენ გამოიქცა და სანამ გულშექანებული კაცი რამეს მოიფიქრებდა, სიამით აწკმუტუნებული, კუდის ქიცინით დაუგორდა ფეხებთან. – არა, შეუძლებელია! – განცვიფრებამ გაიჟღერა დოროს ხმაში. იგი დაიხარა და ცხოველში რომ კუპრავების ბათურა შეიცნო, მოულოდნელი შეხვედრით სულშეძრულმა მიალერსება დაუწყო მას. გულში იკრავდა და თავზე, ყურებზე გაუთავებლად ეფერებოდა. ძაღლი სიამოვნებისაგან წკუტუნებდა, თითქოს ეუბნებოდა, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მაინც ხომ გიცანი და გამიხარდა შენი ხილვაო. უცნობი მეზობელი გაკვირვებული შესცქეროდა კაცისა და ძაღლის ამ მოულოდნელი შეხვედრის სცენას. იგი კარგა ხანი იყო, რაც ამ სახლში დამკვიდრდა, ამ მარტოსულად დარჩენილ არსებასაც, რომელშიც სამკვიდრო ადგილთან მიჯაჭვულობას დაეძლია პატრონისადმი მისი ჯილაგისათვის ჩვეული ერთგულება, სარჩოსაც ის აძლევდა, მაგრამ არასოდეს, არც ერთხელ არ უნახავს მისი ასეთი აღტყინება, ამგვარი აცერცეტება და ატროვება. მართალია, ცხოველი ეზოს არავის აკარებდა, ერთგულად დარაჯობდა მას, მაგრამ ახალ პატრონთან ურთიერთობა სარჩოს მიღებითა და მისი ოჯახის წევრებისადმი სამაგიეროდ გამოვლენილი ლოიალობით მთავრდებოდა. ძაღლს მასთან მეგობრობა არაფერში სჭირდებოდა და არც ეძებდა ამას. პატრონიც შეეგუა ამ უცნაურ სულიერს და არც კი გაუვლია გულში მისი სახლიდან გაგდება. მიიღო იგი, როგორც ამ სახლ-კარის ატრიბუტი, მისი მოუცილებელი და სავალდებულო დანამატი. ახლა კი, მის თვალწინ საოცრება ხდებოდა, ძაღლი წამისუმალ გარდაიქმნა სრულიად სხვა არსებად. სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექნა, მოუსვენრად ცმუკავდა და ტრიალებდა დოროს გარშემო, ზედ ახტებოდა და თათებით მკერდზე ეფერებოდა. ძაღლ-კაცის ტანდემი ასე მიუახლოვდა ჭიშკარს. დოროს მეზობელმა კარი ფართოდ გაუღო, ხელი ჩამოართვა და სახლისკენ გაუძღვა. თან გარშემო მოუსვენრად მოტრიალე ძაღლის შესახებ გაუბა საუბარი. დორომ რამდენიმე სიტყვით აუხსნა ცხოველის ამგვარი ქცევის მიზეზი, თუმცა, როგორც ეტყობოდა, იგი კარგად იყო ჩახვედრილი ამას და ახსნა აღარც სჭირდებოდა. უცხოთა პირველი შეხვედრისათვის დამახასიათებელი სიცივეც სადღაც გამქრალიყო. სტუმარი და მასპინძელი დიდი ხნის ნაცნობებივით მოაბიჯებდნენ გვერდიგვერდ და კეთილგანწყობილად მუსაიფობდნენ. დორომ გაიგო, რომ მასპინძელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი რაიონიდან, ოდინდელი აბჟუიდან გადმოსახლებულიყო ომის შემდეგ. მას პაჭი ერქვა და ადრე ქვანახშირის მაღაროებში ემუშავა. თავადაც უთხრა სახელი და გვარი. ისიც აუხსნა, საიდან მოვიდა და რა გზით. – ასიდა, გამოიხედე, სტუმარი გვყავს! – გასძახა ხმამაღლა მასპინძელმა თანამეცხედრეს და რამდენიმე ხანში კარში ქალიც გამოჩნდა. იგი მოკრძალებით შეეგება ქმრის მიერ მოყვანილ სტუმარს და თავისი დიასახლისური მოვალეობის აღსასრულებლად გაბრუნდა ყოველგვარი უხვსიტყვაობის გარეშე. ოთახში რომ შევიდნენ, მასპინძელმა მაგიდიდან სკამი გამოსწია და სტუმარი მიიპატიჟა. დორო ფანჯარასთან მივიდა და იქ დადგმულ ტაბურეტზე მოთავსდა. – ამ ოჯახში რომ შემოვიდოდი, აქ მიყვარდა დაჯდომაო, _ თავის მართლებასავით გამოუვიდა. მასპინძელმა არაფერი უპასუხა. მცირე დუმილის შემდეგ მან კვლავ განაგრძო გაწყვეტილი საუბარი: _ …ახლა სადღაა ან ქვანახშირის მაღარო და ან ვის რაში სჭირდება იგი?!. ან ჩვენ კი ვის ვჭირდებით. ვინ კითხულობს, რითი და როგორ ვირჩენთ თავს, როგორ ვინახავთ ოჯახებს? ეეჰ, წახდა, კაცურო კაცო, დროება, ცუდად მიდის უბრალო ხალხის საქმე!.. დიასახლისმა ცქაფად გააწყო სახელდახელო სუფრა. კაცები ჩუმად მიუსხდნენ ტრაპეზს და საუზმობას შეუდგნენ. რამდენიმე ჭიქა ადესის ღვინოც მიირთვეს. შეუქო ღვინო სტუმარმა დამხვდურს. ბევრ რამეზე ისაუბრეს ამასობაში დორომ და მისმა მასპინძელმა, მაგრამ მთავარზე ჯერ კრინტიც არ იყო დაძრული. პაჭმა გატეხა ისევ ნავსი და თქვა: _ თქვენი ჩამოსვლა, გასაგები მიზეზის გამო, მოულოდნელი იყო, მაგრამ მოხარული ვარ, აქ რომ გხედავთ. არ ვიცი რა გაქვთ გუნებაში, დარჩენას ფიქრობთ თუ უკან გამგზავრებას, მაგრამ, გარწმუნებთ, თუ დარჩენას გადაწყვეტთ, ცუდ მეზობლობას ნამდვილად არ გაგიწევთ. ჩვენ ერთი უბრალო ხალხი ვართ, კეთილი ურთიერთობების მოსურნე და მოიმედე. სახლის გამართვაში ხელსაც მოგიწყობთ და არც არავის დავაჩაგვრინებთ თქვენს თავს. _ თანამეცხედრე თანხმობის ნიშნად მდუმარედ უქნევდა თავს მისკენ მომზირალ პაჭის. – დიდი მადლობელი ვარ, ასეთი ყურადღებისა და თანადგომისათვის, მართალია, მე კი მინდა აქ სულითა და გულით დარჩენა, მაგრამ, ჩემო კეთილო, ჩემი მდგომარეობა მომცემს ამის საშუალებას?!. – დოროს სიტყვებში გულისტკივილთან ერთად წრფელი მადლიერება გამოსჭვიოდა პაჭის კეთილგანწყობის გამო. კიდევ იმით იყო სტუმარი მადლიერი, რომ მის ეზო-კარს პაჭი უვლიდა და ხნარცვ-ეკალს არ აძლევდა მისი ნასახლარად ქცევის საშუალებას. იმავე დღეს ისინი ერთად გავიდნენ გარე-მიდამოს დასათვალიერებლად. რამდენიმე მიმდებარე ქუჩა მოიარეს, აღარსად ჩანდნენ ძველი მცხოვრებლები. სახლების უმრავლესობა ეულად დარჩენილიყო, აქა-იქ კი სრულიად ახალი ხალხი ირეოდა ეზოებში. თავდაპირველად დოროს ეხამუშებოდა უცხო ადამიანებთან გამოჩენა, ერიდებოდა, თვალში ვინმეს არ გახეროდა უშნოდ, მაგრამ შეამჩნია, რომ არავის არაფრად მიაჩნდა მისი იქ ყოფნა და დამშვიდდა.
საღამოს დორო პაჭის ოჯახში დარჩა. მეორე დილას ისინი ქალაქში გასასვლელად ემზადებოდნენ. დორომ რამდენიმე ძველი ნაცნობი მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ქალაქში იყვნენ და პაჭი დაჰპირდა ყველასთან მიგიყვანო. მთელი დღე მოუნდნენ ოჯახიდან ოჯახში გადასვლას. აფხაზური სტუმართმოყვარეობითა და დროის შესაფერი პურ-მარილით ხვდებოდნენ ყველგან, პირისახეზე გადაფენილი ღიმილი და მოფერება შეაგებეს ძველმა დოსტებმა და ამხანაგებმა. ყველგან აჩვენეს, რომ მოხარული იყვნენ ძვირფასი სტუმრის მიღებით, მაგრამ… ერთი უკითხავი კითხვა და მასზე გაუცემელი პასუხი ყველგან ტრიალებდა ჰაერში… გრძნობდნენ ამას სტუმარიც და მასპინძლებიც, გვერდს უვლიდნენ მაინც, პირველი უფრორე დამხვდურთა კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, მეორენი – თავაზიანობის გამოსახატავად. თვალისათვის თვალის გასწორება უჭირდათ მას და მის მეინახეებს, თვალში თვალის გაყრა და ისე ლაპარაკი… დორო რწმუნდებოდა, რომ არც ისე იოლი იქნებოდა ოდინდელი სათნო ურთიერთობებისა და გულწრფელი დამოკიდებულების აღდგენა. გაჭირდებოდა მათი ერთი ცის ქვეშ, ერთ სალოცავთან თავმოყრა, ერთი ჭირისა და ლხინის გადასახდელად დაძახება, რაკი იმდენი დრო გასულიყო, ცალ-ცალკე გაჩენოდათ უკვე ჭირიცა და ლხინიც, თითოეულს მისი პატარა ცა და მიწის ნაგლეჯი მოეზღუდა, თავ-თავისი მცირე-მცირე სადარდებელი და საშვებელი მოეხელთებინა და იმას დაჰკანკალებდა.
ქალაქის ხილვამ გაუხალისა გუნება. ძვირფას ადგილებს რამდენჯერმე მიაკითხა. დაუზარებლად დააბიჯებდა მშვიდობის პროსპექტის განიერ ტროტუარებზე. კანტი-კუნტად შემხვედრ ქალაქელებს აკვირდებოდა, ძალიან სურდა ნაცნობისათვის მოეკრა თვალი, მაგრამ ამჯერად არავის გადაჰყრია. ქუჩებს, სკვერებს, სახლებს ძველებური იერი კიდევ შერჩენოდათ, დავიწყებისათვის არ მიეცათ ოდინდელი ქალაქი, საგულდაგულოდ ინახავდნენ მის ჩვეულ სახეს. კარგა გვარიანად დაქანცული დორო და პაჭი საღამოს შინ დაბრუნდნენ. კიდევ ერთი დღე რჩებოდა დოროს და შემდეგ უნდა დაბრუნებოდა თავის ახალ საცხოვრისს, დევნილობის მწარე ხვედრს, გაუხარელ ყოფას და ეთრია მისი წილი საპალნე, მანამ, სანამ ტვირთის სიმძიმისგან წელმოწყვეტილი პატიოსანი ცხოველივით არ დავარდებოდა ცხოვრების გზაშარაზე. როგორ არ უნდოდა, ახლა, შინ გატარებული ორიოდე დღის შემდეგ, დაბრუნებოდა იმ დაწყევლილ ყოფას, რომლისგანაც თავმოძულებულს სიკვდილიც არარად მოსჩვენებია ხშირად.
ის დილა წვიმიანი გათენდა. დოროს შინიდან გასვლის იოტისოდენა სურვილიც აღარ გასჩენია. პაჭიც სადღაც გაემგზავრა. წასვლის წინ გადმოსძახა საქმეში გართულს, საღამომდე არ მოიწყინო, მერე მეც ჩამოვალო და გადაიკარგა. ასიდამ სადილი ჩვეული მოკრძალებით გადმოაწოდა და თავი არც ამჯერად მოუბეზრებია დიაცთა უმეტესობისათვის დამახასიათებელი გაუთავებელი ჭარტალით. მთელი დღე სახლში გაატარა. რამდენადაც შეიძლებოდა დაასუფთავა ზედა ოთახები. შემდეგ აივანზე გამოდგმულ, მეზობლისაგან დროებით გამოტანილ გასაშლელ საწოლზე მოკალათდა და ფიქრებში სახვალიო სამზადისს მიეცა. სადარდელმა მალე წაიღო მისი გონება. რა სწრაფად გაირბინა ორიოდე დღემ, როგორ არ უნდოდა ამ სიზმრიდან გამოფხიზლება და კვლავ რეალურ სამყაროში აღმოჩენა, მაგრამ სხვა რა ჩარა ჰქონდა, ხვალ დილას გავა ავტოსადგურზე, ჩაჯდება ავტობუსში და ენგურისაკენ გაუყვება გზას, უკან დარჩება საკუთარი ეზო, რომლის ფერებით ვერა და ვერ მოიჯერა გული, უკვირდა, სახლის ელ-მოლი ისეთი მოვლილი და დაკოპწიავებული რომ ჰქონდა მეზობელს, ხელის განძრევაც არაფერზე დასჭირვებია, არადა, როგორ წარმოედგინა ყველაფერი იქ, ახალ საცხოვრისში, ეგონა გავერანებული და ტყედ წასული დახვდებოდა აქაურობა, ამის გამოც უჭირდა გადაწყვეტილების მიღება წამოსვლის შესახებ, კიდევ კარგი, რომ წამოვიდა… ნეტარებაა საკუთარ სახლში ყოფნა, ნეტავ, სამუდამოდ შეეძლოს აქ დარჩენა, ან მალე მოგვარდებოდეს დაბრუნების საკითხი და მოუწევდეს შინ მოსვლა. უბედნიერესი კაცი იქნება, შვილთან და შვილიშვილთან ერთად რომ მოიყვანა აქ. არაფერს იჯავრებს, დღე-ღამეს გაასწორებს და დაქცეულს აღადგენს, ოჯახს ფეხზე წამოაყენებს… ფაციას სასაფლაოზე მიუჩენს ალაგს, ეზოშივე რომ არის მიმარხული მანდარინების ძირში. ძლივს მიაგნო მის განსასვენებელს. პატივის მიგებაც სავარაუდოდ შესძლო. როდის როდის წაართვა რულმა თვალი. მშფოთვარე ძილი ჰქონდა. შემაძრწუნებელმა კოშმარმა შეიპყრო მისი სული. ესიზმრა, თითქოს ომის უკანასკნელი დღეები იდგა, გარბოდნენ უკუქცეული ჯარის ნაწილები. თავადაც სხვებთან ერთად უნდა გაქცეულიყო, სხვა საშველი არ ჰქონდა. ვერ მიდიოდა, რადგან კუბო ედგა სახლის პალატში, შიგ ქალის ნეშტი ესვენა, თითქოს ფაცია უნდა ყოფილიყო, ასე ეჩვენებოდა, მაგრამ ჰგავდა და არც ჰგავდა ის ქალი ფაციას, თეთრ საქორწილო კაბასავით ფაშფაშა სამოსელში გამოწყობილი, მშვიდად იწვა და განგების მიერ განაჩენის გამოტანას ელოდებოდა. უეცრად ამაზრზენი ჩოჩქოლი და ყვირილი სწვდა მის ყურთასმენას: მოდიან, მოდიან! – ისმოდა ოტებული, თავზარდაცემული ბრბოს ხმა. მას თითქოს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყვებოდა გაქცეულთა ტალღას, ქალისნეშტიანი კუბო მხარზე შემოეგდო და ცდილობდა თან წაეღო. მერე სადღაც, უცნობ ფაცხას შეეფარა და ცდილობდა სასწრაფოდ გაეთხარა სამარე მიცვალებულისათვის. კუბოს გვერდით გაშმაგებით თხრიდა მიწას საიდანღაც გამომტყვრალი ბარით და მოკვეთილ ბელტებს იქვე ერთმანეთზე აწვენდა. ვერც სამარის გათხრა მოასწრო ბოლომდე, ისევ შემოუტია მოწინააღმდეგემ და თავქუდმოგლეჯით გამოქცეულთა ტალღამ გაიტაცა კვლავ. მირბოდა და ფეხები უკან რჩებოდა, გული ამოვარდნამდე უფრიალებდა, წიაღიდან ამომსკდარი ხაფი ხავილი უგლეჯდა სახმო სიმებს, ცეცხლის ენები უტრიალებდა გულგვამში და სავალს ეძებდა გარეთ გამოსაჭრელად, ამ დროს რაღაცამ დაიქუხა და თვალისმომჭრელად იელვა. ღვარად ოფლდასხმულმა, შიშის მარწუხებში გულმოჭეჭყილმა დორომ თვალები ფართოდ დააჭყიტა ღამის სიბნელეში და უეცრად იგრძნო, როგორ ჩამოეღვარა თავზე მდუღარე ლავა. ცხელმა ტალღამ მთელი სხეული დაიარა და ფეხის თითის წვერებს უწია, გზა-გზა ტანის ყოველი ასო გამობუგა და გამოშაშრა შეუბრალებლად. „დასრულდა!“ _ ამ ერთადერთმა სიტყვამ გაუელვა გონებაში და ყველაფერი სამუდამო წყვდიადში შთაინთქა…
…დილაადრიან მეზობლის ჩქამგაუღებლობითა და ძაღლის გაბმული ყმუილით შეშფოთებული პაჭი ასულიყო აივანზე და პირგამეხებული დაჰყურებდა დოროს უკვე კარგა ხნის გაციებულ სხეულს. გარდაცვლილს ტანჯვისა და შფოთვის ნიშანი მკვეთრად აღბეჭდვოდა სახეზე. სიკვდილის მიერ მოგვრილი მიწისფერი სიმწვანე დაჰფენოდა ყოველ ნაკვთზე. მხოლოდ ღიად დარჩენილი თვალები ამოვსებოდა უფსკერო ცის შეუბღალავი სილურჯით, თითქოს ორი კამკამა ტობავარჩხილი შუქის ფიორებად აფრთხიალებულიყო მტრედისფერ ზეცამდე და სუბუქი ფრთებით აეტაცებინა თავისი პატრონის ფრია-ფრია მოფარფატე სული.

ძახილი

ზაფხულის ხვატით გათანგულ დილებსა და საღამოსპირებზე, როცა არმური მძიმე ზიმზიმით ასდიოდა გასალღობად გამზადებულ ასფალტს, ყოფილი სასტუმროს ოდინდელი ლუქს-ნომრის ციცქნა აივანზე გაირინდებოდა ათასგვარ წვრილმან საოჯახო ნივთებს შორის ჩაკარგული ზოსიმე ბიძია. მესამე სართულის რკინისმოაჯირიანი, სტანდარტული აივანი ქვემოდან გარეული ფრინველის ბუდეს მოჰგავდა თავისი აღკაზმულობით. ზოსიმე ბიძია, უფრო სწორად მისი თავი, რომელიღაც რელიქტური ფრინველის კინკრიხოსავით ამოეჩრებოდა გასაშრობად გადმოკიდებულ თეთრეულებსა და ჭრელაჭრულა სარეცხებს შორის. კაუჭა, კავკასიური ცხვირი, ხმელხმელი, ჟანგისფერი სახე, ძარღვად და ტყავად ქცეული ბებრული კისერი, უგულისყურობით დაუვარცხნელი და უთავბოლოდ აბურძგნული ჭაღარა თმა, თავის ბულულივით რომ დაჰყროდა თავზე, კიდევ უფრო ამძაფრებდა ერთხელ აღქმულ ხატს და უცხო ფრინველის ბუდეს დასრულებულ სახეს აძლევდა. სმენოდა ზოსიმე ბიძიას, ზღაპრულ ფრინველს რომ ადარებენ დევნილობაში შეძენილი მეზობლები, ზურგსუკან ქირქილით რომ პტეროზავრს ან ფრთოსან ხვლიკს ეძახოდნენ, მაგრამ არ იმჩნევდა, არ ბრაზობდა ამის გამო. „ვითომ რატომ არა ვართ ფრინველები, საკუთარ ბუდეებს ძალად მოგლეჯილები, სხვათა საბუდარს მიტმასნილები და სხვათა საჩეკში კვერცხების გამომჩეკელები! მე მარტო რომ მადარებენ ფრთოსანს, თავიანთ თავს რად არ ჩაუკვირდებიან, საკუთარ წერას რად არ იგულისხმებენ, სხვისი გამქიქებლები?!.“
ბოლო ხანს ასე ეგონა, ყოველგვარი ზღვარი წაშლილაო დროის მდინარებაში. უაზროდ მედინ ჟამს თავბოლო გამქვრეოდა მის თვალსაწიერზე და უკიდეგანო წკვარამის ოკეანედ ქცეულიყო იგი, თვალშეუწვდენელ და მზერაგაუღწეველ კუპრად, რომელშიც სინათლის მცირე ფიორიც კი არ ჭიატებდა სადმე. ყოველდღიურობას ფასი დაჰკარგოდა მისთვის, სულერთი გამხდარიყო სალმობა და სიმრთელე, ავი და კარგი, წყენა და სიხარული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, სისხლი, ხორცი, შვილი და თანამეცხედრე. ბინდს წაელეკა მისი მეხსიერება, სურვილების ნაცვლად მონოტონური ერთფეროვნების ლავა მოედინებოდა გონის ყოველი დარანიდან. გაურკვევლობა, წლითიწლობით რომ იმატებდა, ახლა საბოლოოდ დაუფლებოდა მის არსებას, ყოველი მხრიდან შემოალყებოდა ლაოკოონის მახრჩობელასავით და სრულიად დაემორჩილებინა, უილაჯო ფშვინიერად ექცია იგი.
შვიდი ათეული წელი კარგა ხანია მოეტოვებინა უკან. მიუხედავად ამისა, ხორცისმიერს არას უჩიოდა, არც თვალთ დაკლებია საგანგაშოდ და არც მუხლი მოჰკვეთია ისე, რომ სხვათა საპატრონო და სათრევი გამხდარიყო. საჩივლელადაც გახდომოდა საქმე, მაინც არ იყო ხმის ამომღები. მისი ჯილაგის კაცს ყველაფერზე მეტად სწორედ წუწუნი და სხვათა მოიმედეობა ეჯავრებოდა. სიკვდილისპირამდე მოითმენდა ნებისმიერ სალმობას ხორცისას, ოღონდ მავანისათვის სალაპარაკოდ არ მიეცა თავისი სისუსტე.
უკანასკნელ თვეებში ერთადერთ საზრუნავს თუ სადარდებელს შეეპყრო მისი გონება. გაზაფხულის თბილი დარი რომ დაიჭირა, მას შემდეგ ყოველ დღეცისმარზე აივანზე გამოვიდოდა, ძველისძველ, უთვალავგზის შეკეთებულ შეზლონგზე მოეწყობოდა და საკუთარ თავში ჩაგმანული, გარესამყაროსთვის შეუღწეველი ხდებოდა. ამ თვეების განმავლობაში პირ¬ველად იგრძნო, რომ თურმე, ფიზიკური სიცხადით ყოფილა შე¬სა¬ძ¬ლებელი ერთხელ განცდილისა და გარდავლილის ხელახლა განცდა და გარდავლა. თითქოს გონებაც ამაზეღა გამეცადინდაო, განსაცვიფრე¬ბე¬ლი სიცხადით ჭვრეტდა სამზეოდან უამრავი წლის წინათ გარდასულ მშობლებს, და-ძმებს, მეზობლებს, ნათესავებს, სრულიად უცნობებსაც კი, ვისაც თუნდაც ერთხელ შეხვედრია ცხოვრების გრძელ გზაზე განგების მიზეზითა და სხვადასხვა გარემოებების გამო. თვალწინ სულ თავისი ოდაბადე სოფელი ედგა. ყველა დრამა და ფარსი, რომელიც მის ლიბრგადაკრულ თვალთა წინაშე კინოფირივით ტრიალებდა, სწორედ ამ, ოდესღაც კურთხეულ, ახლა კი ღვთისაგან და კაცისაგან გაწირულ მიწაზე თამაშდებოდა. სოფელი თავისი წარსულით ცოცხლობდა მასში. გაზაფხულის დიდროა ლანქერივით იყო მოდებული მის თვალსაწიერს და ყოველივეს თავისი ცხოველი სახებით ავსებდა. ეს არ იყო უბრალო გახსენება წარსულისა, ეს არც მტანჯველი ნოსტალგია გახლდათ, მშობლიური სანახების მოშორებით გამოწვეული. სოფელმა მის გონებაში ხორცი შეისხა, გაცოცხლდა, სული ჩაიდგა და მისი ყოფიერების ნაწილი, მისი სიცოცხლის გამაპირობებელი გახდა. მას ახლა სხვაგვარად აღარ შეეძლო. სოფელი გახდა მისი სისხლი, მისი ძარღვი, მისი არსობის პური, მაცოცხლებელი წყალი, რომლის გარეშეც დაუშრეტელ გეენაში მოელოდა დაფერფლვა. არც ჭამა ახსოვდა, არც სმა და მით უმეტეს სხვა უფრო წვრილმანი რამ ამქვეყნიური, რაც თავისი სტიქიიდან თუნდაც წამით მოწყვეტდა და აქაურობას დაუბრუნებდა. თანამეცხედრე, მთელი ცხოვრება რომ მასთან ერთად მოდიოდა ჭირსა და ლხინში, მის სიხარულს და ვარამს რომ იყოფდა უდრტვინველად, შვილი, რძალი, შვილიშვილები… რა შორეულები გამხდარიყვნენ ამ მოკლე ხანში, თავიანთი წუხილებით, სიხარულებით, ამაო ფუსფუსით, შფოთვით და დრტვინვით, ყოფიერებასთან საყოველდღეო ვითომ ბრძოლაში, სინამდვილეში კი უნუგეშო ფართი-ფურთში თავპირით გადაშვებულები. რა ამაო და მომაკვდინებლად უაზრო იყო ყოველივე. ახალ ალაგას, ახალ პირობებში, შეუგუებელ გარემოში თვითგადარჩენისათვის გაჩაღებულ ამ ჯგლეთას მასთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა უკვე. იგი ვალმოხდილის განდგომით გარიდებოდა აქაურობას და სხვა, უფრო წარმტაცი, იგავმიუწდომელი სამყაროს მკვიდრი გამხდარიყო. განა შესაძლებელი იყო რომელიმე მათგანს იმგვარი ნეტარების განცდა დაუფლებოდა, როგორსაც ის განიცდიდა, როცა უხსოვარი დროის მიღმა დარჩენილ დღეებს კვლავ პირვანდელი სიცხადით აღუდგენდა და უცოცხლებდა არსთაგამრიგე? როგორ დაქანცულიყო ადამიანური ყოფისაგან? მარადიული უკუნისათვის გაწირული სკაროსივით დატყეპებოდა მისი არსება ყოფიერების ფსკერს და ამაოების უშველებელი სიბლანტე დაღვროდა ზედ, მთელი თავისი სიმძიმით სრესდა ძეხორციელად ყოფნის ოკეანე. მაგრამ ეს გუშინ იყო, გუშინწინ, შარშან…მან ხომ შესძლო ამ უზარმაზარი ტვირთის ქვემოდან გამოძრომა, გარიდება და სრულიად ახალი სამყაროს კარების შეღება. ახლა ბედნიერიც კი ეთქმოდა ალბათ, უფრო სწორად, ბედნიერი სულის სადგური, საწყაო, რომელიც პირამდე აღვსილიყო ჯერგანუცდელი ნეტარებით…
…სოფელი მთის მდინარის მიერ საუკუნეების მანძილზე გამოხრამული, ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოებული ხეობის დამრეც ფერდობებს შეფენოდა რომაული ამფითეატრივით. მკაცრი, დატეხილი ხაზები მთებისა და მარადიული მყინვარებისა, მაღლა ღრუბლების ფაფუკ ქათიბში იკარგებოდა, დაბლა კი ზურმუხტის უნაზესი პასტელური გრადაციებით გრძელდებოდა მდინარის ვერცხლისფერ ზონარამდე. ათასწლოვანი რტოებგანიერი მუხებით, ცაცხვებით, აკაციებით, რცხილებით, წაბლებით, ჭადრებით, მურყნებითა და კოპიტებით, შიგადაშიგ გარეული წიწვოვანი ფიჭვებითა და ნაძვებით მოიწევდა ტყე სოფლის მისადგომებისაკენ და ჩამოქცეულ გოდოლში შეჭრილი მტრის მოწინავე რაზმებივით იჭრებოდა ნოტიო ტევრებით მის სანახებში.
იქ, იმ უსიერი ტყეების წიაღში, რომელიც მდინარის ნაპირებს და მთათა გრეხილებს მოსდებოდა გაღმა-გამოღმა, ძეხორციელი არასოდეს გაჭაჭანებულა. საუკუნეები ისე გადიოდნენ, ადამის შთამომავალთაგანი არავინ შეამღვრევდა იქაურ სიმყუდროვეს. მხოლოდ ტყის ბინადართა გნიასი და მრავალ ხმაზე მსტვინავი ჩიტების კაკაფონია თუ შეაშფოთებდა გარინდებულ ეთერს ათასში ერთხელ. ხეები ცხოვრობდნენ თავისთვის, საკუთარი ყოფით აკეთილშობილებდნენ გარემოს, აღმოცენდებოდნენ არყოფნიდან, იზრდებოდნენ ყოველი ცხოველი არსების დარად, ანაყოფიერებდნენ ერთმანეთს, აპნევდნენ მტვერმოყრილ თესლს მათი წინაპრების მერქნებით, ფოთლებითა და ქერქით გაპოხიერებულ მადლიან მიწაში და თავისივე მსგავსთა ახალ სიცოცხლეებს უდებდნენ დასაბამს. მერე თავად იფიტებოდნენ, ხმებოდნენ, ჟამის მდინარებას დამორჩილებულნი ისეთივე უდრტვინველობით კვდებოდნენ ზეზეურად, როგორი უდრტვინველობითაც იტანდნენ საშინელ მეხთატეხებს, მზის თაკარა სხივების მცხუნვარებას, მძვინვარე გრიგალებსა და უამინდობ¬ას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ახლა ისინი წაიქცეოდნენ უხმო, ყრუ გმინვით, ერთადერთი ჯახანი შეასკდებოდა ექოდ გაღმა-გამოღმა წყალ-ჭალას და უზარმაზარი ვარჯები მტერთან რკენაში წაქცეული მეომრებ¬ის სხეულებივით ეცემოდნენ ხმელეთის პირზე. უჟამო ძილის ნეტარ ბანგში გახვეულები დახუჭავდნენ სველ თვალებს და დაკეცილი ფრთების უკანასკნელი შრიალით ეხუტებოდნენ მარადისობის უთავჟამო მდინარებას. ახლა ისინი აპოხიერებდნენ თავიანთი სხეულით მშობლიურ მიწას. საკუთარი წვენით ანოტიებდნენ მის მარადიულ საშოს, რომელიც მზად იყო მათი შეწირული სიცოცხლეების სანაცვლოდ ახალი სიცოცხლე ეშვა კიდევ და კიდევ. სიცოცხლის წრებრუნვის უსასრულო ციკლი ზეიმით შემოივლიდა კიდევ ერთ რკალს თავის მისტიკურ გზასავალზე და მორიგი ბრუნისათვის იჭერდა თადარიგს. ბედნიერი იყო ხეების სიკვდილი, ბუნებრივი და ძალდაუტანებელი. ისინი იმავე მიწის ნაწილი ხდებოდნენ, იმავე წიაღში ჩაიწრიტებოდნენ, რომელმაც მისცა დასაბამი მათ ამქვეყნიურ არსებობას, არგუნა მათ ალაგი მზისქვეშეთში, მხურვალე მზის თესლით დაუთესლა წიაღი, საკუთარი ნაჟურით გაუჯირჯვლა კეთილი ნაყოფი, ამაყად გააშლევინა რტოები და ალაღებინა თვალმახარა ვარჯები. არცერთმა არ იცოდა რა არის ნაჯახი და ხერხი. არავის მოუკვდინებია ისინი ძალად. არასოდეს გაუყენებიათ შორეული გზებისთვის და არასოდეს გაუზიდავთ უცხო მხარეში. ცხოვრობდნენ „ბედნიერი ხეები. ჩვენზე უფრო ბედნიერები! იმათ მშობელ მიწაში მაინც ეღირსათ მტვრად და ფერფლად მიქცევა. თავისივე მიწის ნაწილად ჩამქვრევა!“
იმ ტყეების განშტოებას წარმოადგენდა ის ტევრიც, რომლის წიაღში განისვენებდნენ სოფლის მზეგადასული მკვიდრები. საგოდებელი უხსოვარი დროიდან იმ ადგილას ყოფილა. სწორედ იქ, იმ ნოტიო ხავსითა და სუროთი დაფარულ მიწაში ჩაცელილან ხეობის მკვიდრთა უთვალავი თაობები. მოდიოდნენ და მიდიოდნენ. იმ ხეების დარად იბადებოდნენ არყოფნიდან, საზრდოობდნენ მადლიანი მიწის წვენით, ხარობდნენ, ლაღობდნენ, მწუხარებდნენ, გოდებდნენ, სძულდათ და უყვარდათ, მტრობდნენ და მოყვრობდნენ ერთმანეთს. ვაჟებს აქორწინებდნენ, ქალებს ათხოვებდნენ… ერთ ოხვამერს ლოცულობდნენ და ერთ ჯიხას ერთგულობდნენ. არავის და არასდროს დასცდენია საყალო და უკადრისი სიტყვა მეორის თესლ-ტომის მისამართით. სოფელს უჩხუბარუდავიდარაბოდ აბა რა გააჩერებდა?! დავაც ჰქონიათ და შეხლა-შემოხლაც შემორევიათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვადასხვა გვარ-ტომისანი იყვნენ, სხვადასხვა ჯილაგს ეკუთვნოდნენ, ან სად იყო ამის გარჩევა, ვინ ეძებდა, მოგვარეთაგან ორში რომელი რომელ ერს მიეკუთვნებოდა… ვის რაში სჭირდებოდა ამის განჩხრეკა და ამგვარი საბაბით დაპირისპირება…
მის მეხსიერებას მკაფიოდ შემოენახა თითოეული საფლავის გათლილი ქვა თუ უბრალო ლოდი, რომლებითაც იყო მონიშნული ყოველი ძვალთშესალაგი. ყველა ჩუქურთმის ხვეული, ხან ოსტატურად, ხანაც გაურანდავი ხელით გამოჩორკნილი ორნამენტი, წარწერები, რომლებიც მნახველს ამცნობდნენ გარდაცვლილთა ვინაობას, დაბადებისა და აღსრულების თარიღებს. აქა-იქ სრულიად გულუბრყვილო, სოფლური მიამიტობით აღბეჭდილი უბირი ავტორის მიერ ჩამოცოდვილებული ლექსის სტრიქონებიც ახსოვდა, ცხოვრების დაუნდობლობასა და იმქვეყნად გადაბარგების გარდუვალობაზე დაფიქრებას რომ შესთხოვდა წამკითხველს. ნეტარი მზეგადასულები! წვანან მშვიდად მშობელი მიწის წიაღში და უდრტვინველად მისცემიან საუკუნო განსვენებას…ისინი იმ უსიერი ტყის ხეებივით ვალმოხდილი არიან ამსოფლიური არსებობის დამდგენელის წინაშე. საოცარი გულმოდგინებით, უფრო მეტიც, გახელებულის სიჯიუტით, მოჰყვებოდა თაობას თაობა. ერთნი გლოვითა და ვაებით რომ ასრულებდნენ ამქვეყნიურ გზასავალს, მეორენი ასეთივე ტირილით ევლინებოდნენ მზისქვეშეთს გარდასულთა გვარ-ჯილაგის გასაგრძელებლად, მათი გენების, სისხლისა და სულის გადამტან ჭურჭლებად საუკუნიდან საუკუნეში. მისი წინაპრების რამდენიმე თაობა იქ იწვა, იმ ღირსეული მანდილოსნებისა და პატიოსანი, თავმომწონე ვაჟკაცების გარემოცვაში, რომელთა შორისაც გაეტარებინათ აქაური ყოფა და რომელთა გარეშე ვერც წარმოედგინათ მათთვის განკუთვნილი როლების გათამაშება ცხოვრებადწოდებულ ტრაგიკომიკურ ფარსში. იქ, მისი წინაპრების გვერდით, მათ სიახლოვეს უკანასკნელი ნავთსაყუდელის პოვნას გუმანობდა ისიც მთელი ცხოვრება. ახლა კი რა გამოდიოდა?!. სად უნდა მიეჩინათ მისთვის უცხო სავანე, სად უნდა ჩაკირულიყო მისი ძვლები და ჩარღვეულიყო ხორცი?!. არაფრისდიდებით არ უნდოდა ამ აზრთან შეგუება. არ სურდა საბოლოოდ გაქრობოდა მდგომარეობის შეცვლის იმედი, თუმცა ხედავდა, რომ სანუგეშო ამ მხრივ ბევრი არაფერი იყო.
უცნაურ გაცხადებასავით მოადგა განზრახვა, რომელსაც დასაწყისში თავისთავსაც არ უმხელდა. თუმცა იგი სულ უფრო მეტად იპყრობდა მის არსებას და საბოლოოდ დაუძლეველ სურვილად ექცა, რომლის შეკავება აღარაფერს შეეძლო… ერთადერთი აზრით გათანგული უხმოდ, უჩუმრად გაექცა ყოველდღიურობად ქცეულ რუტინას და გეზის ყოველგვარი მინიშნება-მითითების გარეშე გაუდგა სავალს საკუთარი სათავისაკენ, სადაც აღსასრულის, მარადიული სიმშვიდისა და მოსვენების პოვნას ინუგეშებდა… „მე იქ უნდა მოვკვდე, ჩემი სიყმაწვილისა და კაცობის მიწაზე, იქ უნდა შევერთო მის წიაღს, სადაც ჩემი წინაპრების უთვალავ მოდგმას დაუსრულებია არსებობა, ამაზე უფრო დიდი ვალი აღარ დამრჩენია აღსასრულებლად. ბედნიერი მაშინ ვიქნები, მათ გვერდით რომ მოვიპოვებ სამუდამო განსასვენ ალაგს…ისინი მიხმობენ, მომიწოდებენ, მეძახიან…არ მომცემენ სხვაგან აღსრულებისა და დამარხვის უფლებას…მოვდივარ, მეც მოვდივარ, ძვირფასებო!..“
…სანამ თავისი საოცნებო სოფლის სანახებს მიაღწევდა, გამოვლი¬ლი არცერთი დაბრკოლება, არცერთი საგუშაგო არ ჩაუგდია რამედ, თუმცა, რამდენიმე მათგანი გაჭირვებით გამოიარა. სწორედ გზაში, ამ ხელოვნური ბარიერების გავლისას იგრძნო მან, თუ რა უაზრობა იყო ყველა ის ხერგილი, რა პირობითი იყო ყველა საზღვარი, ადამიანებს რომ დაედგინათ და გულმოდგინებით დარაჯობდნენ…და უცებ იგი მიხვდა, რომ სწორედ ასე, უკანმოუხედავად ტოვებს გაცხარებული ბრძოლის ველს მეომარი, რომლის გონებაც ჩაწვდა სიტუაციის სრულ უაზრობას, რომელიც მიხვდა, რომ აქ და ასეთი სიკვდილისათვის არ მოუვლენია განგებას ამქვეყნად. იქნებ დეზერტირის დამამცირებელი ხვედრიც ელოდეს, იქნებ უყოყმანოდ დასაჯონ ჩადენილის გამო, მაგრამ კაცს, რო¬მელიც ჭეშმარიტებას მიეწია, სხვაგვარად აღარ შეუძლია მოქცევა, ის ტოვებს ბრძოლის ველს არა შიშის გამო, არამედ სწორედ ამ გრძნობის დათრგუნვის შემდეგ, მის გარშემო სხვათა ნებით შექმნილი ვითარებისადმი პროტესტის ნიშნად…
როგორი მძიმეც არ იყო გამოვლილი გზა, მას ჰქონდა აზრი. ამ მინდვრების, გორების, ტყეების, მდინარეების, ღელეების, ხევების, ასე შორეული და ახლობელი დათოვლილი მწვერვალების ხილვა, თუნდაც რამდენიმე წამით, თუნდაც რამდენიმე დღით, ღირდა ყველა იმ ტანჯვის, ტკივილის, დამცირებისა და უკეთური საქციელის ატანად, რაც ხვედრად ერგო ამ გზაზე. მაშ, მისი სანუკვარი მიზანი შესრულებულია. იგი საკუთარ სახლშია, საკუთარ ეზოში დააბიჯებს, საკუთარ ჰაერს ისუნთქავს, საკუთარ წყაროს წყალს მიირთმევს და საკუთარ მიწის სურნელს ისუნთქავს, არაფერი აქვს მოსარიდებელი და საბოდიშო. აქ სრულდება მისი გრძელი ცხოვრების გზა… აქ ჩაეხლართება მიწის გულს, დიადი ხის იმ ფესვის დარად, რომელმაც მერქნის გამოსაკვებად ყველაზე შორს გაბარჯღა ტოტი და ახალი ყლორტის აღმოცენების შემდეგ, თავად უკვალოდ გაიმქვრა მიწის წიაღში.
…როცა მისი მეზობლები საგვარეულო სასაფლაოზე, სწორედ იქ, უთვალავი წლის წინათ დავანებული დედა-მამისა და და-ძმების საფლავებს შორის ვიწროდ გაჭრილ სამარეში კრძალავდნენ ზოსიმეს, მისი სულგაყრილი ნეშტი ნეტარებამ აღავსო, სრულიად უცხომ, არაამქვეყნიურმა, მაგრამ სავსებით საცნაურამა და ხელშესახებმა. იგი მკვდრული ბედნიერებით იყო გამსჭვალული, რადგან დაიმარხა იქ, იმ მიწაში, რომელმაც დედასავით შობა და გაზარდა იგი. ახლა კი ნამდვილად აღარ ჰქონდა ხეებისადმი ადრინდელი შურის საბაბი: მისი სხეულის იმ მიწას აპოხიერებდა, რომლის წიაღიდანაც იყო თავად აღმოცენებული. ახლა მას ნამდვილად შეეძლო ნეტარი ძილით ძინებოდა უკუნითი უკუნისამდე…

2002 წლის ივლისი,
ქუთაისი

ბიჭი და სიმაღლე

კოშკი შორიდან არც ისე მაღალი ჩანდა, თანაც ბიჭი მთელი გზა გულს იკეთებდა. მართალია, ფეხი არ აუთრევია, აქეთაც თავისი სურვილით მოდიოდა და არა ვინმეს დაძალებით, მაგრამ სიმაღლის გაუცნობიერებელი შიში მაინც მყარად ჰქონდა გამჯდარი ძვალ-რბილში და საიდანღაც დიდი ძალისხმევით გამოხმობილ სიმამაცეს არად ქცევით ემუქრებოდა. თუმცა ფიზიკურ ტკივილამდე მისული თავმოყვარეობაც იქვე იძალებდა და ახლა ის არ აძლევდა უკან გაბრუნების უფლებას.
გუშინ ბიჭი მეგობრებთან ერთად მოვიდა ამ კოშკთან. მათთან ერთად შეუდგა სერპანტინად დაგრეხილ, კოშკის მრგვალი კედლის შიდა მხარეს შეყოლებულ ლითონის ღერებისგან შედუღებულ საშიშ კიბეს, მაგრამ თხუთმეტიოდე საფეხურზე აბიჯების შემდეგ უკუქცეული, დარცხვენილი გამოვიდა კოშკიდან და შინისაკენ ისე გაუყვა გზას, მეგობრებს არც დალოდებია. თითქოს მათი ბრალი ყოფილიყოს, გულდედლობა რომ გამოიჩინა.
დღეს მან სკოლა საგანგებოდ გააცდინა. არ უნდოდა ამჯერადაც გაკვეთილების შემდეგ, ბიჭებთან ერთად მოსულიყო აქ. არა, იმიტომ კი არა, რომ ისინი ისევ არ გამხდარიყვნენ მისი წახდენის მომსწრეები, რაკი გადაწყვეტილი ჰქონდა, უსიკვდილოდ ასულიყო კოშკზე და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უკან არ დაეხია. უფრო იმიტომ, რომ არ უნდოდა, მისი ამ მცდელობის შესახებ საერთოდ ცოდნოდა ვინმეს.
კაცმა რომ თქვას, მას სკოლის გაცდენა მაინცდამაინც არ უჭირდა. შინიდან გამოსული ხშირად სრულებით უმიზეზოდ გადაუხვევდა გზიდან და ხან მდინარის ნაპირზე ამოყოფდა თავს, ხან უკაცრიელ პარკში, ხანაც ძველისძველ სასაფლაოზე, რომლის ხავსმოდებული, ნესტიანი ლოდები ასევე ძველი, გამოკეტილი ეკლესიის გარშემო იყო მიმოფანტული. ზოგჯერ კინოთეატრის ცარიელ შენობაში კლავდა დროს, სადაც კინომექანიკოსად მომუშავე ერთი უფროსკლასელის მეშვეობით შედიოდა და მარტოდმარტო უყურებდა ფილმებს, სეანსების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მოკლედ, მისთვის სულ ერთი იყო, სად გაატარებდა სკოლისთვის განკუთვნილ დროს, რომლის გაცდენაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა. საკმარისი იყო შემთხვევით ვინმე ახლობელს მოეკრა თვალი და ოჯახში მიეტანა ამბავი, რომ მკაცრი სასჯელი არ აცდებოდა. მიუხედავად ამისა, ბიჭი თავისას მაინც არ იშლიდა და სკოლას ხშირად აცდენდა. ამისთვის მას არანაირი საბაბი არ ჭირდებოდა. უბრალოდ, ყოვლად უმიზეზოდ შეეძლო დილას შინიდან სასკოლოდ გამოსულს იქით გაეტია, საითაც გული გაუწევდა. მასწავლებლებმა იცოდნენ მისი ახირებული ხასიათის ამბავი და თუ თავიდან ცდილობდნენ როგორმე მაინც დაესაჯათ თავგასულობის გამო, შემდეგ და შემდეგ შეეჩვივნენ, ჩვეულებრივ ამბად ექცათ ბიჭის ამგვარი უცნაურობანი, იმდენად, რომ აღარც კი ცდილობდნენ ოჯახი აეწრიალებინათ ამის თაობაზე. თანაკლასელებიც ფარული თანაგრძნობით ეკიდებოდნენ მის ქმედებას.
_ სად ხარ, ბიჭო, ახალ მთვარესავით რომ გამოანათებ, ათასში ერთხელ?! _ ყოველ გამოჩენაზე ერთი და იგივე სიტყვებს შეაგებებდა რუსულის მასწავლებელი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის შიშით სხვა მოსწავლეებს გაცდენა კი არა, ზედმეტი სიტყვის თქმაც ვერ გაებედათ გაკვეთილზე. ხანდახან თვითონ ბიჭსაც კი უკვირდა, რითი ახერხებდა იგი მასწავლებლების ასე მოთვინიერებას. დირექტორის გარდა, სკოლაში არ იყო ისეთი ვინმე, მისი ახირებებისათვის ანგარიში არ გაეწია. აი, დირექტორთან მისი ურთიერთობა კი რთული და განსაკუთრებული იყო. თუმცა ბიჭი ცდილობდა ნაკლებად შეფეთებოდა მას და არც დირექტორს ეტყობოდა ბიჭთან დავა-კინკლავის დიდი სურვილი. თუმცა თავიდან, ერთი-ორჯერ მაინც მოუხდათ დაპირისპირება, მაგრამ დირექტორი, რაკი შეატყო მასთან სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელიაო, შეეშვა და ცდილობდა ყურადღების ქვეშ ისე ჰყოლოდა, რომ ბიჭს შეუმჩნეველი დარჩენოდა ეს ამბავი. როცა მიხვდა, ცუდის არაფრის ჩამდენია და მხოლოდ მისი გულჩახვეულობისა და უკარება ხასიათის ბრალია გაკვეთილებს რომ აცდენსო, ხელი ჩაიქნია, იყოს როგორც უნდა, მთავარია ისეთი რამე არ ჩაიდინოს, მის გამო სკოლას რომ პასუხი მოსთხოვონ, თორემ თუ არ ისწავლის, ისე უქნია, ბაბუაჩემს მისწევია, ამ სკოლის დამთავრება იმდენმა უმეცარმა შეძლო, ვერც დაითვლის კაცი, ერთიც თუ შეემატა, არც მაგით დაიქცევა ქვეყანაო… ზუსტად ასე უთხრა ბიჭს _ ისე გესწავლოს, როგორც ბაბუაჩემმა ისწავლაო!.. ბიჭის თვალში დირექტორს ამით არაფერი დაკლებია. აქამდეც არაფერს წარმოადგენდა მისთვის ეს გაბღენძილი, უვიცი და თავკერძა ბებერი, რომლის ხელშიც სკოლა კოლონიას დაემსგავსა და შიშის, მაბეზღარობისა და ურთიერთსიძულვილის კერად იქცა და არა განათლებისა და კულტურისა…
ბიჭი კოშკის კარს მიუახლოვდა. თუმცა კარი აღარსად იყო. თავის დროზე წყლის ავზისათვის აშენებულ, დიდი ხნის წინათ უპატრონოდ მიტოვებულ კოშკს კარი და საკეტი სადღა ჰქონდა. ცალ, ჟანგისაგან შეჭმულ ანჯამაზე დამპალი კარის ჩარჩოს ფრაგმენტიღა კონწიალობდა. მეორე ფრთის ნამუსრევი ნაწილ-ნაწილ დაშლილი იქვე ახლო-მახლო იყო მიმოფანტული.
კოშკის რუხი-ვარდისფერი კედლების შიგნით გამეფებულ სიბნელეს სართულების სიმაღლეზე დატანებული ფანჯრებიდან შემოჭრილი შუქი ფლეთდა და წრიულად მიმაგრებულ კიბის საფეხურებს იმდენად ანათებდა, რომ ზედ ასვლა დაუბრკოლებლად შეიძლებოდა.
ის პირველი ათი დაწყევლილი საფეხური რომ აიარა, შვებით ამოისუნთქა. ახლა უკვირდა, გუშინ რა მოუვიდა, რამ შეუყენა შიში და გააბრუნა უკან. ბიჭების გამო არ დაურცხვენია. იმათ კარგად იცოდნენ, რომ უარეს სიტუაციებში მყოფსაც არ დაუხევია უკან. ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდა და თან ცდილობდა ქვემოთ არ ჩაეხედა. ერთი-ორჯერ თვალი მაინც გაექცა და გული შეუფრთხიალდა, მაგრამ კედელს მხარი მიაყრდნო და მზერა ზემოთ ააპყრო. მართალია, ქვემოთ მდინარის მორევი არ ბრუნავდა, მაგრამ საკმაო სიმაღლეზე ასულიყო და თვალი მაინც აუჭრელდა. თავბრუხვევას როგორც იქნა მოერია და მუხლებაკანკალებულმა გზა განაგრძო. ფანჯრის ჭრილს მიუახლოვდა, ხელი ჩარჩოს ჩაავლო და ცოტა ხანს შეიცადა. ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, ხომ არ გავბრუნდეო, მაგრამ მყისვე უარყო ეს აზრი და გზა კვლავ განაგრძო. „უკვე ორმოცამდე საფეხური მექნება დარჩენილი, ოცდაცხრამეტი, ოცდათვრამეტი, ოცდაჩვიდმეტი…“ _ ბიჭი გულში ითვლიდა და თან ცდილობდა არაფერზე ეფიქრა გარდა იმისა, რომ ბოლომდე დაეძლია მანძილი, მას უნდოდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა ღირდა რამედ თუ არა…
ბიჭმა როგორც იქნა მიაღწია ზედა კარის ასევე ღია ჭრილს და გააბიჯა მასში. კარს მიღმა ბეტონის მართკუთხა მოედანი იყო. ოდესღაც იგი რკინის მოაჯირით უნდა ყოფილიყო შემოზღუდული, მაგრამ ახლა ღობურის მაგვარიც კი არაფერი ჰქონდა შერჩენილი. მოედანზე მტრედები ისხდნენ და უცხო არსების გამოჩენისთანავე ფრთხიალით აშლილები შორეულ ცას აფოფრილი ზღვის ქაფივით შეეშხეფნენ.
ბიჭი თავის დასამშვიდებლად ნელა ჩაჯდა. ქარ-წვიმისაგან გამოფიტულ-გამოხრული ბეტონი არასაიმედოდ ეჩვენა. ერთი ორჯერ მსუბუქად შეირხა, თითქოს მის სიმტკიცეს ამოწმებსო და რომ მიხვდა საფრთხე არ მემუქრებაო, უფრო მოხერხებულად მოიკალათა. მძიმე სუნთქვა უკვე დაუწყნარდა. სულში თანდათან სიმშვიდემ დაისადგურა და ბიჭი სივრცეების ჭვრეტამ მისდაუნებურად გაიტაცა. კოშკის აივნიდან განსაცვიფრებელი სანახაობა იშლებოდა მთელ თვალსაწიერზე. ბიჭი ხეთა კენწეროებს ზემოდან დასცქეროდა და მათ მიღმა შორეულ ჰორიზონტამდე განფენილი ტბასავით მოკამკამე ზეცის უძირო ლაჟვარდი თითქოს ფრთების გასაშლელად და თავდავიწყებით სანავარდოდ იწვევდა. ხეების რიგს მიღმა ვიწრო ქუჩებით დაქსელილი პატარა ქალაქის წითელსახურავიანი სახლებისაგან შემდგარი უბნები მიქუჩებოდა ერთი მეორეს. დასახლება, რომელიც ბიჭის ფეხებთან იწყებოდა, ასევე უცებ წყდებოდა საპირისპირო მხარეს და გარშემო მას ტრიალი მინდვრები და ხშირფოთლოვანი ტყით დაბურული გორაკები ერტყა. ჩრდილოეთიდან ნელი სიო ეფინებოდა სიცხისგან გათანგულ ქალაქს და ბიჭთან ერთად მასაც აძლევდა შვებას.
შორს ვერცხლის ქერეჭებით დაფენილი მდინარის ტანი ლაპლაპებდა მზეზე. თითქოს ცხადად შეიგრძნო მაცოცხლებელი ჩქერების მისი სხეულის ყოველი ფორისათვის აგრერიგად ნაცნობი სიგრილე. ვინ იცის, რამდენჯერ განბანილა თავადაც ამ ცრემლივით წმინდა წყალში, რამდენი უზრუნველი საათი გაუტარებია მის უკაცრიელ ნაპირზე გადმომდგარი ცაცხვებისა და აკაციების ჩრდილში წამოწოლილს და უოცნებია შორეულ და უცნაურ რამეებზე…
ბიჭი არ ნანობდა აქ ამოსვლას. იგი ახლა უბედნიერესი არსება იყო მთელი დედამიწის ზურგზე. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მას ჯერ კიდევ არ განეცადა საკუთარი მოქმედებით გამოწვეული ისეთი კმაყოფილება, როგორიც ამ წუთას დაუფლებოდა და მზად იყო ამ განცდის გასახანგრძლივებლად ნებისმიერი საქციელი ჩაედინა.
კარგა ხნის შემდეგ მტრედები დაბრუნდნენ. ბიჭმა ხელი არ შეუშალა შინ დაბრუნებულ ფრთოსნებს და სხეულში გამჯდარი მომთენთავი სიზარმაცით შებოჭილი მდუმარედ აკვირდებოდა მათ უკვე გათავხედებულ გოგმანს მისი სხეულის გარშემო. ბიჭს თითქოს შურდა კიდეც მტრედებისა, რადგან მათ შეეძლოთ ამაყად ფრთაგაშლილებს უზრუნველად ენავარდათ ცის კაბადონზე და დამტკბარიყვნენ სიმაღლეების დამპყრობთათვის მინიჭებული შინაგანი სილაღითა და შეუზღუდავი თავისუფლებით.
ბიჭი დიდხანს იჯდა აივანზე. მერე დუნედ წამოდგა. შეაბიჯა წყვდიადით ამოვსებულ ჭაში შემავალი კარის ჭრილში. მას ახლა თავბრუდამხვევ კიბეზე დაშვება ელოდა, რაც აქ ამოსვლაზე არანაკლებ საშიში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბიჭს ეს უკვე აღარ ადარდებდა…

24 ივლისი, 2004 წელი

წიგნიდან: მოთხრობები, წერილები (2008 წელი)

იყო ასეთი დრო…
ირაკლის
_ იცი რა დრო იყო?!. გსმენია და იცი, რასაკვირველია! საყოველთაო უძრაობის გამო ნიავიც რომ ვერ გარყეულიყო. ცეცხლი ეკიდა ქვეყნიერებას. სულ რუზრუზით ასდიოდა გახურებულ მიწას არმური. არაფერს გვშველოდა მდინარეც. ჩახვალ _ კარგია, გსიამოვნებს, მაგრამ ამოხვალ _ უარესი დასიცხული რჩები, ცხიმგაცლილი კანიც გიტკიცინდება ტამტამზე გადაჭიმული ტყავივით და ესეც ზედ ემატება ხუთრით გამოწვეულ ტანჯვას. სადღაც-სადღაც ვახერხებთ თავის შეფარებას. საღამომდე ხომ საერთოდ არ გამოვდივართ ოთახებიდან, გამოსულები ქალაქის ბაღს თუ შევეფარებით, ასწლოვანი ხეების ქვეშ დაფენილი ჩრდილების იმედადღა ვართ დარჩენილები, მაგრამ ეგეც დიდი ნუგეში რომ ვერ არის? ჩვენ _ მე და ბადრის კიდევ სხვა სიცხე გვეთაკარება, ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებით და გაუთავებელ კითხვაში ვართ, ხან ისტორიაში ვიჩიჩქნებით, ხან ქართულს ვუტრიალებთ, ხანაც გერმანულს ვუსინჯავთ მისადგომებს. მთელი დღე, გვინდა არ გვინდა, წიგნთან ვყავართ ამინდს მიმწყვდეული, შინაც ჭირს სუნთქვა, მაგრამ გარეთ ხომ მთლად გაუსაძლისია!..
გამოვალთ საღამოსპირზე, მზე რომ გადაიწევს ჩასასვლელად, გავიზანტებით ცენტრში დროის მოსაკლავად, ამდენი სწავლის მერე ხომ უნდა მოვისვენოთო, ვუყვავებთ ერთმანეთს, სიგარეტის გემოზე მოწევა მაინც ვერ დავიმსახურეთ, კაცოო?!.
გამოხეტიალდება ერთი-ორიც ჩვენსავით მოცლილი და დროის მოკვლის მოსურნე, უფრო საინსტიტუტოდ გამზადებულები ან კიდევ ჯარს ათასგვარი მანქანით თავგარიდებულები, კიდევ ერთი წლით რომ გადაივადეს სამხედრო ფარაჯის ჩაცმა და ამისთვის, რას გაიგებ, რა ვირეშმაკობა დასჭირდათ მის მშობლებს.
ჩამოვსხდებით ვინ იცის როდის გაღებილ, ახლა უკვე ჩაჟამებულ ძელსკამზე, ზედაპირი რომ გადაპრიალებული აქვს ამდენი უსაქმურის მასპინძლობით. დააძრობს რომელიმე სიგარეტის კოლოფს, ძირითადად სოხუმის „კოსმოსს“ ვეტანებით, „აკოსმოს“ რომ აწერია აფხაზურად. იძახიან მაგის თამბაქო „ფილიპ მორისს“ გააქვს „მალბოროსთვისო“, მართალი გითხრა, არც კი ვიცი „მალბოროს“ მაგ ფირმა ამზადებს თუ არა, არც თავგადაკლული მწეველი ვარ, კაცმა რომ თქვას, მაგრამ ხომ იცი, როგორც ხდება, ერთმანეთის წამხედურობა ჰქვია თუ რაღაც ჯანდაბა… ჰოდა, ამოვიღებთ თითო ღერს გამეტებული კოლოფიდან, ვუკიდებთ ერთმანეთს და ვაფუტებთ სიგარეტს დაგემოვნებით, ხამუშ-ხამუშ ვუშვებთ ბოლს, ჰაერში პირის აღრეცით. ზოგჯერ ხდება, რომელიმე ანგალი შემოგვემატება, „ზდაროვას“ გადმოგვძახებს ან „ობში პრივეტს“ გადმოაგდებს და ჩაემატება ძელსკამის საჯდომით მხეხავებს, ადგილი თუ ვერ დაითრია, ჩაცუცქდება წინ და ამოგვცქერის ისიც სიგარეტის ფუილით. ისეც ხდება, იტყვის რომელიმე ახალმოსული, ბიჭებო, მომაწევინეთ თქვენი სიგარეტიო და უარი თუ მიიღო, აბა, ჩვენი მოვწიოთო, ჯინსის უკანა ჯიბისკენ მიაქვს ხელი და აძრობს იქიდან საუკეთესო „ფირმენი სიგარეტის“ ღერს, ცბიერად ჭუტავს თვალებს და საერთო რეაგირებას ელოდება. არც ეს აგვიანებს, იწყება ერთი ხორხოცი და ყაყანი, ლანძღვა და კილვა აფერისტისა, ყოველთვის სხვის ხარჯზე თავის გამტანად რომ ცდილობს წარმოჩენას. მერე ცხრება ეს აღტყინებაც, მოსულიც ეწერება საერთო განწყობაში და ერთიანი სურათის ნაწილი ხდება.
სასაუბროც და სამსჯელოც ერთი და იგივე გვაქვს, შორს არ მიდის ჩვენი საწიერი და სურვილებითაც ერთი და იმავეს ვსურვილობთ, „ეხლა, სიმონ, ერთი მერსედესი, ასიანებით გატენილი ბაგაჟნიკი, შიგ ერთიც კაი ნაშა და სადმე სოჩასთან საგულაოდ“… იტყვის რომელიმე და იწყება ისევ გამოცოცხლებული ულაყების ჭიხვინი და ხორხოცი. სოჩას ვერ ვცდებით, ის დროა, სოჩა გვაქვს სანატრელი, ბოდრუმს და დუბაის ვინ მოგვაქვავებს, განაგონიც კი არ გვაქვს ჯერ. გაგანია სოციალიზმია ქვეყანაში და ჩვენც კომუნიზმის მომავალ მშენებლებად ვეგულებით მშობლიურ პარტიას, რომლის რაიკომიც აგერ, ჩვენს ცხვირწინ არის ახლა, შეიძლება რომელიმე მდივნის ფანჯარაშიც კი ვჩანვართ, ასე უსაქმურად შეყრილები და მოზრიალენი, მაგრამ ამის გამო უკვე აღარ მოსდევენ და ზღუდავენ ადამიანს, იგრძნობა რაღაცნაირი საყოველთაო გაგულგრილება საზოგადოების ყველა ფენაში. ხელმძღვანელებიც აღარ არიან ძველებურად პრინციპულები და მკაცრები, თორემ ჩვენი მამების თაობის ბიჭებს ვინ დაანებებდა რაიკომის წინ ბირჟაობას, „ფეზეოში“ გაგზავნა და მონური შრომითი ბეგარის მოხდა ყველაზე მცირე სასჯელი იქნებოდა და ამის მადლიერებიც უნდა დარჩენილიყვნენ.
როგორღაც შეშვებულია ქვეყანა, მოფოლხვებული, არავინ კითხულობს ხალხის საქმეს, ხალხიც ასევე არაფერს კითხულობს ხელისუფლებისას. ვერც ვგრძნობთ, თუ არსებობს, მით უფრო ჩვენ, რა საქმე გვაქვს მაგათთან? ხომ იცი, ეს პოლიტიკური აგიტაციის დრო-ჟამისგან გახუნებული პლაკატივითაა, სავალდებულოა რომ ეკიდოს, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს, არც აღიქვამენ შინაარსს, რა ახატია, რა აწერია… ერთფეროვნად ქცეული ყოველდღიურობის რეკვიზიტია და მორჩა!
ჩვენს „ვრემიებით“ გამოჩლუნგებულ საღამოებს რადიოსადგურ „მონტე-კარლოს“ მუსიკა ალამაზებს, დასავლური ცხოვრების ხელმისაწვდომი ნიმუში. სხვა რამეები ჯერ ნაადრევია, არც „ეფემ“ რადიო არსებობს ჯერჯერობით, ვიდეო ჩვენისთანა პროვინციული „დირკისთვის“ კი არა, დიდი ცენტრებისათვისაც კი იშვიათობაა ჯერ, ცხვირზე „შპილკა“ წაჭერილი თარჯიმანის საგანგებოდ მოგუდული ხმით დაფონილი უხარისხო გამოსახულებებიანი ვიდეოფილმების ნახვას ერთ-ორ წელში მოვახერხებთ. ჰოდა, მანამდე, როგორც გითხარი, „მონტე-კარლოს“ მუსიკაა ჩვენი დისკოთეკაც და „ტანცპლაშადკაც“. „ბიტლზის“ სახელიც მოღწეულია ჩვენამდე და თმის ბიტელსებივით დაყენებაც არის შემოსული მოდაში, ბუტილკა შარვლები და მაკასინები გამოვიარეთ და ახლა ტრაპეცია რანგელების, ლევისების, მონტანების და სუპერების ეპოქა გვიდგას. სადღაც კუსტარულად რენტგენის სურათზე ჩაწერილ უცხოური ჯგუფის ფირფიტას ვიშოვით, არის ტრიალი და ხელიდან ხელში გადაცემა. ვითომ აკრძალულია „ამერიკის ხმა“, „თავისუფლება“, „ბიბისი“ და ამგვარი რამეები, ჩვენც ვითომ არ ვუსმენთ, მაგრამ ვუსმენთ მაინც, ვუსმენთ უფრო ჩვენამდე რაღაცნაირად უცნაურად მოსული სახალხო ტრადიციის გამო, რომელსაც მუდამ აქვს მიდრეკილება ჩაიდინოს ისეთი რამე, რასაც ხელისუფლება კრძალავს, ჰქონდეს რაიმე დაფარული, რასაც არავის გაენდობა და მთავრობასთან დაპირისპირების შეგრძნებას გაუმძაფრებს. ორიდან ერთი იყო, რომ ვუკვირდები ახლა: ან ხელისუფლება იყო იმდენად დეგრადირებული, რომ ვერ გრძნობდა იმ ჩახშობების და აკრძალვების სრულ აღარსაჭიროებას, ან ხალხი ჰყავდათ ისე გამოთაყვანებული, რადიოს მალულად სმენა რომ მიაჩნდა უდიდეს კრამოლად და ამაზე მეტის გაბედვას, ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ გაბედავდა…
ეე, რითი დავიწყე და საით გავუტიე! მაგრამ სული მინდა გაიგო ეპოქის, შენთვის ბევრი რამ უკვე გაუგებარია და მიუღებელიც, რასაკვირველია, მაგრამ ასეთები ვიყავით და რაც იყო მაგას გიყვები.
„სიმონ, ერთი რომელმა წაიკითხეთ გაზეთში წერებულა, ლაბანოვსკი უფრო დიდი ტრენერია, ვიდრე ახალკაციო. იმანო არაფრისგან შექმნა დიდი გუნდი და ამას ამდენი გენიოსი ჰყავს და გუნდი რომ შეექმნა რა გასაკვირიაო!“_ შემოაგდებდა ვინმე და დაიწყებოდა ერთი ვაიუშველებელი, თბილისის „დინამოს“ მოვაგებინებდით მსოფლიოს ყველა ჩემპიონატს და საუკეთესო თასს, მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები არ ჰყავდა, „დინამო“ იყო ჩვენი ფაქტობრივი ნაკრები და იმის გამარჯვებებს შევხაროდით, ისინი გვეიმედებოდნენ. ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული ორიოდე წლის წინ ჩვენს ქალაქში მათი ჩამოსვლის სიხარული. შენგელიას, გუცაევის, დარასელიას, მაჩაიძის და ჩივაძის გვარები გვეკერა პირზე. გაბელია ხომ აქაურობის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზი იყო.
ვიყაყანებდით ახლა ამაზე კაი ხანს, არ დავტოვებდით წაკითხულ თუ ყურმოკრულ რამდენადმე საინტერესო ინფორმაციას, გავანათლებდით ერთმანეთს საფეხბურთო მეცნიერებაშიც და მივცხრებოდით ბოლოსდაბოლოს.
ახლა თენგიზა მოგვიბრუნდებოდა, ბიჭ-ბუჭობის ავტორიტეტი, „სვოი ბიჭი“, ქურდი რომ ვერ გახდა, მაგრამ ბევრი არ დაკლებია, ციხეც მოვლილი ჰქონდა და ბევრი ჩვენგანის თვალში ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა მაშინ. დინჯი საუბარი ჰქონდა, სხვებისგან გამორჩეული ინტონაცია, კბილებში გამოცრილი წინადადების ერთ ნახევარს რომ გაიგებდი, მეორეს თავად უნდა მიმხვდარიყავი. თითქოს ჭკვიანურად დაგვმოძღვრავდა, _ სწავლას თუ ვინმე აპირებს, კარგია, სიმონ, მიხედეთ საქმესო, _ გვეტყოდა, მერე შეგვეკითხებოდა _ შენ სად აბარებ, რაზე მიდიხარო. ვასიკო იურიდიულზეო _ ეტყოდა, _ შენო, _ თენგო საექიმოზე ეპირებოდა, _ შენ საითო _ ახლა გოგის ჰკითხავდა, _ მე ავტოსაინჟინროზეო _ ესეც ეტყოდა, _ გაიჩნიკობა გინდა, ბიჭოო, _ კბილებშორის გამოცრიდა ისევ და მე მომიბრუნდებოდა, მეც ჩემსას _ ვეტყოდი, ფილოლოგიურზე მივდივარ-მეთქი, ამას ვერაფრით გებულობდა, რა მინდოდა ფილოლოგიურზე, ბიჭს რა უნდა მეკეთებინა „აჩკარიკების“ უმაღლესში, ან ვინ უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ არ შეიმჩნევდა მცირეოდენ დაბნეულობას, შებრუნდებოდა სათითაოდ ყველასკენ და იტყოდა, _ კარგია, სიმონ, სწავლას რომ აპირებთ, უნდა დაამთავროთ, აბა რა, სიმონ, რომ ჩამოხვალთ იქიდან, შენ მილიციის ნაჩალნიკად დაგნიშნავ (ამას რომელს გვეუბნებოდა აღარ მახსოვს), შენ _ პროკურორად (მეტად აღარ უნდოდა ციხეში წასვლა), შენ _ რაიკომის მდივნად (რაიონის ყველა ბერკეტის მოგდება სურდა ხელთ), შენ _ მთავარ ექიმად (ნარკოტიკების შეუზღუდავი რაოდენობა ენატრებოდა, ამბობდნენ, ერთი ბარობა სწავლობდა და მშობლებმა რომ ჩააკითხეს, ნარკოტიკით გაბრუებულს მამამისისთვის უკითხავს დედა და მამა ხომ კარგად არიანო…), შენ… _ ჩემკენ მობრუნებული შეყოყმანდებოდა, რა თანამდებობა ეთქვა, ისიც ვერ გაერკვია, რა ხელობა უნდა გამომყოლოდა იმ დაჩემებული ფილოლოგიურიდან, შენ _ სკოლის დირექტორადო, _ მეტყოდა ბოლოსდაბოლოს, ფიქრობდა, ალბათ, ამისთვის მაინც როგორ არ ივარგებს, რაც არ უნდა იყოს, უმაღლესი ექნება დამთავრებულიო. ჰოდა, სიმონ, ყველა თანამდებობა რომ ჩვენი გახდება (უკვე მისიანებშიც გავყავდით, რაკი ერთად ვისხედით და ვლაყბობდით), ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ შენი კომუნისტები, მაფია მეტი კი არაფერია, სიმონ, მერე ნახე ჩვენი აგულავება! ამბობდა ამას დიდი ნატვრით, რაღაცნაირი ნეტარებით. ჩვენ ანგარიშს ვერ ვაძლევდით რომ შავი სამყაროს ყველაზე საკრალური ოცნება გვემხილებოდა მისი პირით. რას წარმოვიდგენდით, რომ კაცი სქემას გვიხსნიდა, რითაც მაფია აპირებდა ქვეყნიერების ხელში ჩაგდებას…
ახლა ქურდული სამყაროს ისტორიებს წამოიწყებდა რომელიმე, მოსდევდა ერთმანეთს ათასი და მეტი ენის გამოვლით ჩვენამდე მოსული გარომანტიკულებული თავგადასავლები ჩვენი ნაცნობი, ციხეებში მსხდომი ბიჭებისა, ზოგისაც გარეთ რომ იყო და პარვით და „კაი ბიჭობით“ აპირებდა ცხოვრების გზაზე სიარულს. გაგიკვირდება შენ, ახლა ქურდს და მპარავს რომ ებრძვიან და არ აჭაჭანებენ, ასე კი არ იყო, ქურდები პროკურორებთან აწყობდნენ საქმეებს, ჩემო კარგო, და რა გასაკვირია, ჩვენტოლა ბიჭებში გასავალი ჰქონოდა კაიბიჭურ გაგებას და წითლებთან მებრძოლი რაინდების გვირგვინით შემკული პერსონების იდეალიზებას. შეიძლება იმ სამყაროს არ კუთვნებოდი სულისკვეთებით, მაგრამ თავისებურ ზეგავლენას ასე თუ ისე მაინც განიცდიდი. სკოლის ეზოდან რომ თითქმის ყოველდღე იმას შეხედავ, როგორ უკრავს თავს მიწამდე ყოვლისშემძლე ქურდის ჩამოვლილ მანქანას მილიციის ორმეტრიანი ოფიცერი, მოტოციკლეტით რომ „მშრომელი მასების“ გასაყვლეფად არის გამოსული, რაღაც სიმპათია უეჭველად გაგიჩნდება, კია მართალი, ყველაფერს ვერ აცნობიერებ ჯერ ბოლომდე და არ გაქვს მზად პასუხი უამრავ შეკითხვაზე, ცხოვრება რომ გისვამს და მისაგებს არ გასწავლის, მაგრამ ამიტომ არის ზუსტად, ის რომ გესიმპათიურება, რისკენ გახედვაც შემდგომში არასოდეს მოგინდება. და ეს არნდომა მწარე გაკვეთილის მიღებით კი არ იქნება გამოწვეული, არამედ გაანალიზებით და ჩახვედრით იმ დანიშნულებისა, რასაც ადამიანს ანიჭებს განგება.
მაგრამ ეს მერე იქნება, ჯერჯერობით კი სხვა ილუზიებით შეპყრობილ კომპანიაში ხარ გარეული და მათი აზრი გეძალება და გეხვევა თავს…
ამ დროს თუ პატარა ქალაქის რომელიმე ლამაზმანი ჩაგვიარდა, თავისი უზაკველი კოკეტობით რომ სურდა ჩვენი გულების მონადირება, უფრო სწორად, კი არ სურდა, ქალური ინსტინქტი უბიძგებდა ასე მოქცევას, მაშინ გენახა ამათი თვალების ნაბვა და ხაზგასმულად ხმამაღალი ოხვრა, გოგოს ყურადღების მისაქცევად. ისიც ღირსების გრძნობით გოროზად შეყრილი წარბებით ჩაუვლიდა ბიჭების ჯგროს ისე, თითქოს არ სიამოვნებოდეს მათ მიერ გამოხატული აღტაცება…
მერე ვიღაცა ვიღაცას შეეხვეწება, მიდი, მიდი, ის ამბავი მოყევი, საავადმყოფოში რომ დაგაწვინესო. ეს ვიღაცაც პირველად როდი ჰყვება ამ ისტორიას და ჩვენც ამბავი ვიცით თითქმის ზეპირად, ყოველი წვრილმანი დეტალის გამეორება შეგვიძლია, მაგრამ მოსმენაზე უარს მაინც არავინ ამბობს, ჯერ ერთი, აქ სრული დემოკრატიაა და ვისაც რაც და რამდენჯერაც უნდა, იმას და იმდენჯერ მოჰყვება, მეორეც, გასართობი ისტორიაა, ქალის შესახებ და რატომ უნდა მოვიკლოთ სიამოვნება?!.
იწყებს ის ვიღაცაც. ხომ იცითო, _ ამბობს მთელი იდუმალების ჩაქსოვებით, _ შარშან ზაფხულის მიწურულს რაღაც ავადმყოფობა შემეყარაო (ვინც ვიცით ამბავი, გულისგულში ვნატრობთ _ ნეტა კი ჩვენც შეგვყროდა იმგვარი ავადმყოფობაო!), დამაწვინეს რაიონულ საავადმყოფოში, ინფექციურში, ინფექცია იყო რაღაც, არაფერი საშიშარიო, _ ნიკო ექიმმა, _ მაგრამ მაინც აჯობებს საავადმყოფოში იწვესო, თქვენც დამშვიდებულები იქნებით და მეც _ დაზღვეულიო. დამაწვინეს, დამაწვინეს. საჭიროა, სად წაუხვალ, უნდა ხეხო მთავრობის ლოგინი ამისთანა პაპანაქება სიცხეში, წელს როა, არც შარშან იყო ნაკლები. ექიმის დუხი არ მინახავს სამი-ოთხი დღის განმავლობაში. ჩააბარა მედდებს ჩემი თავი, აბა, შენ იციო დამიბარა და გადაიკარგა. ესენი ხომ სმენობით არიან, მედდები, დაწვენის მეორე დილას შემოვიდა, გოგოა, უკეთესს რას ნახავს კაცის თვალი, მაგარი ნაშაა, დახატული, ძმაო, მაგრამ გარდა იმისა, რომ თვალს მჭრის თავისი სილამაზით, რაში მარგია, ჯერ ქმრიანი რომაა, ბეჭდებზე ეტყობა, თითებზე რომა აქვს აცმული, და მერე კიდევ სიკვდილს ვიფიქრებ და აქ თუ რამე პონტი ავარდება, როგორ წარმოვიდგენ. ვწევარ ჩემთვის გაყურსული, ან ნემსიდან ნემსამდე ვდგები და გარეთ გამოვდივარ. პაციენტები არ არიან მრავლად და სიხალვათე გაიძულებს ვინმე გამოძებნო დროის გატარებაში რომ დაგეხმარება. რასაკვირველია, მსუბუქები ვინც არიან, პალატაში რა გააჩერებთ და არიან გარეთ გამოლასლასებული, ვინ დერეფანში, ვინ კიდევ საავადმყოფოს ბაღში. საავადმყოფო ამ მხრივ ვაგონივითაა, გარემოება გაიძულებს ადვილად გაიშინაურო უცხო ადამიანი და სწრაფად გაუხსნა შენთან მოსასვლელი კარი, თუ არ გინდა მოძულებული და გარიყული დარჩე.
მე აქ ვერავინ ვნახე ამგვარი, ჩემი პალატა ერთი ბეწო იყო ისედაც, სულ ორსაწოლიანი, მაგრამ იმაზეც არავინ იწვა და მეზობელი პალატაც ცარიელი აღმოჩნდა. ამგვარად ვრჩებოდი სრულიად მარტო, თუ არ ჩავთვლით იმ ხალხს, ვისაც ეზოში დავადგებოდი თავს, ძელსკამზე ჭადრაკის ან შაშის თამაშისას.
არ ვიცი, როგორ გრძნობს კაცი იმას, რომ ქალი შენით დაინტერესდა, ამას ხშირ შემთხვევაში რაიმე აშკარა ქმედება არ გამოხატავს, მაგრამ გუმანი ავტომატურად მუშაობს და ქალის სულში ატეხილი ქარიშხლის თითოეულ აღბეჭდვას ააშკარავებს მისი სახის ყოველი კუნთის გატოკებაში. ქალის მოძრაობა, ქცევის ოდნავი შეცვლაც კი უზუსტესად ფიქსირდება მამაკაცის სეისმოგრაფის უსათუთეს დაფაზე, ყოველშემთხვევაში, ასე იყო იმ ქალთან (სახელს არ ვამბობ, რადგან ოჯახის მოიმედეა და არ მინდა პრობლემები შეექმნას, ე, ბიჭო, ნუ მკითხავთ, მაინც არ ვიტყვი!), რომ ვიგუმანე, რაღაც ნამდვილად უნდა ამას ჩემგან-მეთქი, გავთამამდი და სამორიგეოდ მესამე მოსვლისას უკვე ლოგინში მეწვინა და გახელებით ვუკოცნიდი უმშვენიერეს ბაგეებს (ამისთვის ვნატრობდით ავად გახდომას ჩვენც!), თავადაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მპასუხობდა, მოწყურებულივით დამეწაფა და რომ მეგონა მე ვნეტარებ მისი ალერსით-მეთქი, გამოვიდა, რომ თავად მიიღო უდიდესი ნეტარება ჩემთან ურთიერთობით. არ მახსოვს ზღვარი როდის გადავლახე, ერთი საქმეა გუმანობდე ქალის სურვილს და მეორე _ გზა მისცე საკუთარ ნდომას და პირველად გაბედო მიალერსება, როცა ბოლომდე არ იცი, რა შეიძლება მოჰყვეს შენი გუმანის შემოწმების მცდელობას. მოკლედ, მაჩუქა ულამაზესი წუთები და იგივე წაიღო ჩემგანაც. მერე ეს წუთები საათებად, დღეებად იქცა და იმ რვა-ათი დღის მანძილზე, საავადმყოფოში რომ გავატარე, უზარმაზარი ნეტარება მერგო. იმდენად დავახლოვდით, გვეგონა მთელი საუკუნეა ერთმანეთს ვეკუთვნითო. ასე მეუბნებოდა, შენს გამო ქმარი შემზიზღდა, მაგასთან დაწოლა აღარ შემიძლია, მეზიზღება მთელი არსებით და როცა ცოლ-ქმრული მოვალეობის აღსრულებას მაძალებს, მხოლოდ შენ მიდგახარ თვალწინ, შენზეღა ვფიქრობ, მისი დანახვაც აღარ მინდაო. კიდევ კარგი, რომ რუსეთში უწევს ხშირად სიარული, თითქმის არ არის შინ, თორემ ნამდვილად გავგიჟდებოდი, არ ვიცი რა მეშველება, შენი გადამკიდე მაგის ამტანი მე არა ვარ, ოჯახის დანგრევა კიდევ არ მინდოდა, მაგრამ ასე, თვალთმაქცობით ცხოვრებასაც რომ ვერ შევძლებ, ამასაც კარგად ვხედავო. მოკლედ, დიდი თავსატეხი გაუჩნდა საწყალ გოგოს. ის, რომ ჩემზე სერიოზული გეგმების აგება არ ღირდა, თავიდანვე იცოდა, ექვსი-შვიდი წლით მაინც ვარ უმცროსი და მერე, ჩემი ოჯახის ამბავიც იცის, მე რომ ქმარსგაცილებულ ქალს სახლში არ შევიყვან და არც შემაყვანინებენ, მისთვის ცხადი იყო იმთავითვე, თუმცა საკითხი ასე არც დამდგარა, მხოლოდ იმას განიცდიდა, რა მეშველება, ოჯახის დანგრევა თუ მომიწიაო… არაფერი ოჯახიც არ დაანგრიაო, _ ამატებდა, _ მოგვწყინდა ერთმანეთი თუ რა იყო, შეიძლება აჯობა საკუთარ თავს და ჩემთან ურთიერთობა ისევე მოულოდნელად გაწყვიტა, როგორც წამოიწყოო. ჩანს ქმარსა და ჩემს შორის არჩევანი მაინც ოჯახის თუ კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთა. ასე რომ, ხდება ამგვარადაც, ყველა წყვილის ისტორია რომანტიკული გაგრძელებით როდია, წუთიერი გატაცებებიც იკავებენ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს და ბიოგრაფიის განუყრელ დეტალებად გვიხდებიანო.
ახლა კიდევ სხვა მოჰყვებოდა სხვა ისტორიას. ისიც სიყვარულის ისტორია იქნებოდა. ვიღაცას ქალი არ ეყოლებოდა „განასინჯი“, ვიღაცას სადღაც უკვე მოესწრო ამ გამოცდილების შეძენა და ახლა სურდა ამით თავი მოეწონებინა და საკუთარი ინიციატივით იწყებდა ამბის მოყოლას.
მერე ვიღაც იტყოდა, „ბობიში“ რომ რაჯია (იყო ასეთი ინდური ფილმი, მთელი სამი წელი რომ ტრიალებდა ჩვენს კინოთეატრში და მაყურებელი მაინც არ აკლდებოდა), იმნაირი ლამაზი რომ ვიყო, ვერცერთი ქალი უარს ვერ მეტყოდაო. ვიღაც სამძიმრის სერიოზულობით ეტყოდა, მერედა, მაგას რა უნდა, ყოველ დილით პირი უნდა დაიბანო, თანაც საპნით და რამდენიმე თვეში რაჯიზე ლამაზი იქნებიო. ახლა ამაზე ატყდებოდა ერთი ვაიუშველებელი. როდის როდის ჩაცხრებოდა უმიზეზო აღტყინების ეს ტალღაც.
მერე ახალშემომატებულთაგან გაუთავებლად აკლდებოდა და ემატებოდა ახალი ხალხი კრებულს, უკვე კინოს ხათრით სახლიდან გამოსულებიც შემოგვივლიდნენ, ცოტა ხნით შეგვრჩებოდნენ, მერე ვიღაცას გაიყოლებდნენ, ვიღაცა დარჩებოდა, სხვა დაგვემატებოდა. ჯერ იყო და ვიღაც გაბედავდა გამოეჩინა საიდანღაც მოხელთებული მოსაწევი. ყველასთვის თვალსაჩინოდ დაეყარა ხელისგულზე და ტარიანი პაპიროსის შეკეთება დაეწყო ხაზგასმული თავგასულობით. მერე ასევე თამამად აეხრჩოლებინა სპეციფიკური სუნის მქონე ბოლი და რამდენიმე კაცის მოუსვენარი ცმუკვა და ხვეწნა-მუდარა გამოეწვია, თითო ნაფაზი დაგვარტყმევინეო. უარს (გაუბედავს, _ გვეშინოდა გოიმობაში არ ჩაგვთვლოდა) ვინც ვიტყოდით, _ რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცესო, ან სად არის თქვენი მოსაწევიო! _ თითქოს დიდსულოვნებას იჩენდნენ, ან იქნებ გვიფრთხილდებოდნენ კიდეც?! ვინ იცის, ყოველშემთხვევაში, დაძალება არასოდეს მოსულა!.. ახლა ამით გათამამებული, დააძრობდა უკვე შებინდებულზე რომელიმე იარაღს, უფრო ნაგანი იქნებოდა, დაიწყებოდა სინჯვა, საქმის ვითომ ცოდნით მსჯელობა რევოლვერებისა და პისტოლეტების ღირსებებზე. რომელი რომელს სჯობს, რომელს რამდენზე მიაქვს, ვნატრობდით ჩვენც როდი გვექნებოდა ასეთი კოხტა, შავად მოკრიალე ნაგანი, ნაგანი ყოფილიყო, ყაბულს ვიქნებოდით. მერე ვიღაც იმ ნაგანს დოლურას გადაუხსნიდა, ამოიღებდა შიგ თუ ტყვიები ეწყო, ჩატოვებდა ერთ ცალს, დაკეტავდა ისევ, ხელის ჩამოქნევით დაატრიალებდა დოლურას, მიიშვერდა საფეთქლისკენ ლულას და გამოჰკრავდა სასხლეტს. ჩვენ სუნთქვაშეკრულები შევცქეროდით ამ სისხლისგამყინავ გართობას და შინაგანი განგაშით ატანილები ველოდით მის ფინალს. არ გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ ერთხელაც შეიძლებოდა ეს გიჟური თამაში ფატალურად დასრულებულიყო. ამას ცოტანი თუ ბედავდნენ და მათთან გაპაექრების უფლებას არაფრით მოგცემდნენ. არ მოგცემდნენ ბევრი სხვა რამის უფლებასაც… მაგალითად, ისეც ხდებოდა, ვიღაც იტყოდა, _ მუშაობისას „სტენკა“ რომ მყავდეს, მაგარ მაყუთს მოვტეხავდიო. ვინმეს არიფთაგან, ცრუყოყოჩობით შეპყრობილს, წამოეროშა, მე წამოვალო (მომხდარა ასეც!), არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანდნენ, თუ კი ამგვარი რამის ჩამდენი არ იყო, შენ შენი გზა გაქვს, ჩვენ _ ჩვენი, ცხოვრება რატომ უნდა გაიფუჭო, ეს ხომ შენი საქმე არ არისო, _ იტყოდნენ რაღაცნაირი დაჯერებულობით, თავმოყვარეობასთან ერთად მოფრთხილების ელემენტიც რომ გამოსჭვივოდა. იყვნენ ასეთები და რა ვქნა, რომ არ ვთქვა, როგორი სიმართლე გამომივა?!. არც ჩათრევა იცოდნენ ძალად რამე სარისკო საქმეში, არც შარში გაგხვევდნენ, თუ ხედავდნენ, რომ მათი გზა უცხო იყო შენთვის და მხოლოდ შემთხვევას მოეწყო მათ კომპანიაში შენი აღმოჩენა…
გაიხსნებოდა, ვინ იცის მერამდენე, კოლოფი სიგარეტი. მოიწეოდა კიდევ ერთი ჩამორიგება თამბაქო. ნელა ვიგრძნობდით დაშლისა და სახლებში შებუდების დრო რომ მოახლოებულიყო. გაუტევდა ვინ საით, ვისაც ოჯახი უხმობდა _ ოჯახისკენ, ვისაც ღამის ცხოვრების ყოველგვარი ნაირსახეობები _ გაუტევდნენ თავ-თავიანთ არეულ-დარეულ გზებზე და არავინ იცოდა, ხვალინდელი დილის გათენებას ყველა მათგანი ცოცხალი იხილავდა თუ არა.
… მე და ბადრი იმ ზაფხულს სტუდენტები გავხდით. და კიდეც დავშორდით ჩვენს მშობლიურ გარემოს, სულ სხვა ქარტეხილმა გაგვიტაცა და გაგავაქროლა ცხოვრების მარადამოუცნობ სავალზე. მას შემდეგ თითქმის აღარ მქონია იმ ხალხთან ურთიერთობის საშუალება. მით უფრო საზოგადოებრივ ბაღში მათთან ჩაჯდომისა და „ბირჟაობისა“. წლები ისე მიქროდნენ, მშობლიურ ქალაქში ათასში ერთხელ ვახერხებდი ჩასვლას და ჩემი თაობის ბიჭების ამბავსაც ყურმოკვრით თუ გავიგებდი.
არც მე დავბრუნებულვარ ჩემი ბავშვობისა და სიყმაწვილის პატარა ქალაქში სკოლის დირექტორად, არც ბადრი რაიკომის მდივნად… სხვებისა კიდევ არაფერი ვიცი, იქნებ ვინმე მართლა გახდა მილიციის უფროსი, პროკურორი თუ საავადმყოფოს მთავარი ექიმი. თუმცა, მეეჭვება თენგიზას აქედან რაიმე ხეირი ენახოს, რადგან ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას საბოლოოდ მოეღო მისთვის ბოლო და ერთხელაც წამლით გაგუდული, კაიფში გაპარულიყო უდრტვინველად და უხმაუროდ… მაფიას რაც შეეხება, აქ შედარებით რთულად იქნებოდა საქმე, რადგან მისი გზები და ქსელები უფრო დახლართული და ამოუცნობია, ვიდრე თვით ეშმაკის სავალ-საქნარი… მე და შენ რას გავუგებთ, ვინ, როდის და რაგვარად მიეყიდა მას და შეერთო სულწაწყმედილთა ხროვას, ლეგეონი რომ ჰქვია სახელად…
იმ ბიჭების ერთ ნაწილს ცხოვრების გარიჟრაჟზევე შემოაღამდა, ნაწილი სადღაც, თეთრი ზღვების და თეთრი ქალების ცივ ქვეყანაში გადაიკარგა უკანმოუხედავად, თითო-ოროლაღა შემორჩა მშობელ მიწას, ცოლ-შვილ და იმათი შვილებდახვეულებიც ებრძვიან ყოველდღიურობის ნაცრისფერ რუტინას და ჟამიდან-ჟამამდე რომ შევეყრები, სრულიად შემთხვევით, ორიოდე სიტყვის გადალაპარაკების მეტიც რომ ვერ მოვახერხოთ, საიდანღაც, ბოლომდე შეუცნობელი საწყისიდან გაღვივებულ სითბოს მოტოვებენ გულის საცეცხლურში და მაშინ უფრო ხელშესახებად ვგუმანობ, რომ მთელი გამოვლილი გზის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, სიბრძნედ რომ ხმობენ ზოგნი და ზოგნი, სიამე თუ ტკივილი, რაც კი მინახავს და განმიცდია, არაფერია სიყმაწვილისდროინდელ იმ გულუბრყვილო განზრახვების სისპეტაკესთან, ოდესღაც რომ იბადებოდა ჩემი სულის წიაღში და ცხოვრების დიდ გზაზე საგზლად გაყოლას მეფიცებოდა…
იმ ოცნებათაგან ერთი, მცირე ნაწილი თუ დამრჩა ასრულებული, უმეტესობა უმოწყალოდ განადგურდა ყოველდღიურობის მსუსხავ ცეცხლთან ეფემერასავით მიფარფატებული…
მადლობელი ვარ იმ განზრახვების…
მადლობელი ვარ იმ ოცნებების…
მადლობელი ვარ იმ ადამიანების…
იმ შეცდომების და ტკივილების, იმ ტანჯვისა თუ სიხარულების, იმ სიძულვილების, იმ სიყვარულების, იმ მარადიული არყოფნის შეცნობით დაბადებული ძრწოლების…
რომ არა ისინი, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ, როგორიც ჩამოვისხი სამყაროს სასახმილეში გამომდნარი მადნისაგან… და სხვად ყოფნას ისევ იმად ყოფნას ვარჩევ, რადაც მათი წყალობით შევიქენი…
ხოლო ღირდა თუ არა ამად ყოფნა, ჩემი _ მტვრადმისაქცევი საწყალობელი არსების განსაგები სულაც არ არის…

27 ოქტომბერი, 2006 წელი

უცნობი იარაღი

ზაზა ჩაჩავას

ადრიანი აგვისტოს იმ საუცხოო დილას ქართული შეიარაღებული ძალების მაიორი, მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიული სამსახურის ოფიცერი გაგა ჩაჩანიძე უთენია მივიდა კონფლიქტის მოგვარების შტაბში. შტაბი ახალშექმნილი იყო და რუსული სამხედრო სანატორიუმის შენობაში ჰქონდა დადებული ბინა. იგი სამმხრივი გახლდათ: ქართული, რუსულ-აფხაზური და გაეროს დამკვირვებელთა რამდენიმეკაციანი ჯგუფებისგან შედგებოდა. მას ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის მონიტორინგის გაწევა ევალებოდა.
ივლისის პირველ რიცხვებში ტამიშთან გაჩაღებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების შედეგად ზღვიდან გადმოსხმული მტრის დესანტის სრულმა განადგურებამ ცხადი გახადა, რომ საკუთარი სახლ-კარის დასაცავად შემართული ქართველობის საომარი მოქმედებებით გატეხვა და დაჩოქება შეუძლებელი იქნებოდა. მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა გააფთრებული შეტაკებები ხან შრომა-კამანის, ხან ზეგანისა და ხანაც ეშერის მომართულებით. მაგრამ მომქანცველი, სისხლისმღვრელი ბრძოლებისა და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ სასურველ შედეგს ვერა და ვერ მიაღწია. მაშინ მან გადაწყვიტა ქართული მხარის კვლავაც ნაცადი ხერხით _ ხელშეკრულების პირობებით შებოჭვისა და შემდეგში ვერაგულად მისი დარღვევის მეშვეობით მიეღო ის, რისი მიღებაც სამხედრო საშუალებების გამოყენებით ვერ შეძლო.
ივლისის ბოლოს დაიდო კიდეც ამგვარი ხელშეკრულება. იგი ცეცხლის შეწყვეტას და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებდა. დაიწყო ქართული მხარის მძიმე ტექნიკის გატანა კონფლიქტის ზონიდან. მონიტორინგის ჯგუფები შექმნა ყველა მხარემ და დაიწყო საკონტროლო ზედამხედველობის გაწევა შეთანხმების ცალკეული პუნქტების შესრულებაზე. სწორედ ამგვარი შერეული ჯგუფის შემადგენლობასთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო ჩაჩანიძე კოდორის ხეობაში.
მაიორი ჩაჩანიძე განსაკუთრებული აკურატულობით გამოირჩეოდა შტაბის ისედაც პეწენიკა ოფიცერთა შემადგენლობიდან. გარეშეებს ეჩვენებოდათ, ავადმყოფური დამოკიდებულებაც კი აქვს პირადი ჰიგიენისადმიო, რადგან თანამებრძოლ ოფიცრებსა თუ რიგით ჯარისკაცებს საომარ პირობებშიც კი არ პატიობდა უკოხტაობასა და სამხედრო აღკაზმულობისადმი აგდებულ დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაჩანიძე დილაადრიან შეუდგა სამგზავრო სამზადისს და თითქოს საქმე უკვე უზურში უნდა ჰქონოდა მოყვანილი, მაინც ვერ ისვენებდა, წამდაუწუმ სამხედრო გიმნასტურის დეტალებს უკირკიტებდა და ცდილობდა ისე გამოწკეპილიყო, რომ უცხოელებთან სირცხვილი არ ეჭამა. უცხოელების მიმართ კი, როგორც ყველა მის თანატომელ-თანაქალაქელს, მისთვისაც კი გაუგებარი გარემოებით გამოწვეული საკმაოდ მოკრძალებული დამოკიდებულება გააჩნდა.
სამხედრო სანატორიუმის ძველი კორპუსიდან ზუსტად დათქმულ დროს გამოვიდა და სუბტროპიკული მცენარეების ფერად ხალიჩასავით გადაჩახჩახებულ ხეივანში გაკვალულ წვრილად მოკენჭილ ბილიკს დაადგა, რათა მეორე, თანამედროვე ტიპის კორპუსიდან გამოსულ უცხოელ ოფიცრებს შეერთებოდა. აქ მათ აფხაზური მხარის წარმომადგენელი კაპიტანიც უნდა დამატებოდათ და სოხუმიდან გატანილი იმ მძიმე შეაირაღების ინსპექტირების მიზნით უნდა გამგზავრებულიყვნენ კოდორის ხეობის ქართულ სოფლებში, რომლის გადამალვას, აფხაზ-რუსთა ვარაუდით, შესაძლოა იქ ცდილიყო ქართული მხარე.
მაიორ ჩაჩანიძეს, ისევე, როგორც ქართველ ოფიცერთა უმრავლესობას, გულისგულში არ სჯეროდა, რომ აფხაზური და რუსული მხარეები პატიოსნად შეასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სრულ განიარაღებაზე წავიდოდნენ, ამასთან, უკვე მოდიოდა საგანგაშო სიგნალები, იმ ჯგუფების ქართველ დამკვირვებელთა მხრიდან, რომელთაც ადრე აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოუწიათ წასვლა დავალების შესასრულებლად. თვალწინ ედგა როგორი დათრგუნული ჩამოვიდა ფსოუს პოსტიდან ლეიტენანტი ბესელია, შტაბის ოფიცერი, როგორ ჰყვებოდა, რომ ქართველი დამკვირვებლების მონაწილეობა აფხაზური ტერიტორიების ინსპექტირებაში ფორმალურიღა იყო და იხსენებდა თუ როგორ შეამწყვდია მათი ჯგუფი ფსოუს სასაზღვრო საგუშაგოს ჯიხურში აფხაზი შავოსანი ქალების ბრბომ და როგორი გააფთრებით, როგორი თავზეხელაღებით იწევდნენ მათ ჩასაქოლად, როგორ წყევლიდნენ ქართველთა მოდგმას, გამწარებით მიჰკიოდნენ და წარამარა უმეორებდნენ: ომი მოგინდათ, არა? დაიცათ, ისეთ ომს მოგცემთ, გაჩენის დღეს იწყევლიდეთ… ომი ჯერ არ დამთავრებულა, აწი იქნება და გაჩვენებთ, რა ვაჟკაცებიც ბრძანდებითო!.. არაო, _ ამბობდა ბესელია, _ ჩვენ იქ ინსპექტირების საშუალება მოგვცეს კი არა, მონიტორინგის ჯგუფის აფხაზი წევრები იმასღა ჯავრობდნენ, ცოცხალი როგორ გაგარიდოთ აქაურობასო. თან გვაფრთხილებდნენ, თვითნებურად ნაბიჯი არ გაადგათ გარეთ, საშინელება არ დატრიალდესო. სამი დღე-ღამე ასე ვიყავით შემწყვდეული იმ ბუდრუგანაში, შემდეგ კარს მჭიდროდ მოაყენეს ავტომანქანა, რომ როგორმე უვნებლად შევეყარეთ შიგ და უკანმოუხედავად წამოვესხით ცხვრებივითო…
ჩაჩანიძე იმასაც აშკარად ხედავდა, რომ ჩვენი სარდლობა კატეგორიულად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოითხოვდა მძიმე შეიარაღების გატანას კონფლიქტის ზონიდან და ამიტომ ეშინოდა, სრულიად განიარაღებული ქართული მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, თუკი საომარი მოქმედება ისევ განახლდებოდა, ამის რეალური საფრთხე კი ნამდვილად არსებობდა. ამიტომაც, ის სხვა ოფიცრებთან ერთად ყოველ მორგებულ შემთხვევას იყენებდა იმისათვის, რომ როგორმე მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტორთა ყურადღება მოედუნებინა და საომარ დანადგართა ნაწილის გადამალვა მაინც მოეხერხებინა. საკუთარი თავისათვის დასმული ამ ამოცანის შესრულების მიზნით განუცხადა მან უარი მინიტორინგის ჯგუფს აფხაზი დამკვირვებლის დამატებაზე, იმის მომიზეზებით, რომ ურთულეს რეგიონში მივდივართ და იქ აფხაზის გამოჩენისას, არამარტო მისი, არამედ ჯგუფის სხვა წევრების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებო… წამოწყების წარმატებით გაგრძელების დიდი იმედი თითქოს არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთმა შვედმა მაიორმა, გვარად სოლბიმ თვალისდაუხამხამებლად გამოაცხადა: „მე ბებია სვანი მყავდა, ვიცი რა მძიმე საურთიერთობო ხალხია და მხარს ვუჭერ მისტერ ჩაჩანიძის წინადადებას აფხაზი დამკვირვებლის დატოვების შესახებო“. ამის შემდეგ, რაღა გასაკვირი იყო, საერთო მოსაზრებაც ამ წინადადების სასარგებლოდ გადახრილიყო და აფხაზიც იძულებული შექნილიყო უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაჰყოლოდა.
ამრიგად, გაეროს ცისფერი დროშებით მორთულ სამ „ჯიპ-ჩეროკში“ განთავსდა ჯგუფის ცხრავე წევრი: მაიორი სოლბი, აწურული, წითურა შვედი, ასევე შვედი, ოღონდ წოდებით კაპიტანი, მორტენსონი, გაგა ჩაჩანიძე, ქართველი თარჯიმანი, რომელსაც ჩაჩანიძე პირველად ხედავდა, ორი კიდევ _ ოფიცერი, ისინიც გაეროს შვედური თუ დანიური შემადგენლობიდან, რამდენადაც გაგამ შესძლო მიხვედრა და სამიც _ მძღოლი. მანქანებში ჩასხდომის წინ ყველანი გაეროს სამშვიდობოთა ცისფერ ჩაფხუტებსა და ჯავშანჟილეტებში გამოეწყვნენ და მიუხედავად ჩაჩანიძის სუსტი პროტესტისა, ამ გაგანია სიცხეში ჟილეტში ჩახუთულს რა მატარებსო, ისიც აიძულეს მკაცრად დაეცვა „ინსტრუქციით განსაზღვრული წესები“.
მაიორი სოლბი, მაიორი ჩაჩანიძე და თარჯიმანი ერთ ავტომანქანაში მოეწყვნენ, კაპიტანი მორტენსონი საშუალო რანგის კოლეგა ოფიცერთან ერთად _ მეორეში, კიდევ ერთი ცისფერბერეტიანი კი მესამე ჯიპში მოთავსდა მძღოლის გვერდით და ალბათ უფრო იმისთვის, რომ მანქანა მთლად უფუქციოდ არ დარჩენილიყო. ეს „ინსტრუქციით მკაცრად განსაზღვრულ“ რომელ წესში შედიოდა, გაგამ ვერაფერი გაუგო, მაგრამ მხრების ოდნავ აჩეჩვას დასჯერდა და ზედმეტი კითხვით აღარ მიუპყრია შვედი მაოირის ძვირადღირებული ყურადღება.
კაცმა რომ თქვას, ამ დეპუტაციას ორი „ჯიპიც“ თავისუფლად ეყოფოდა, მაგრამ მესამე, სრულიად ზედმეტი, როგორც შემდეგ გამოირკვა, ავტოს დამატება კორტეჟში, გაგა ჩაჩანიძის გუმანით, სოლიდურობისა და ეფექტის მოხდენისთვის უფრო იყო საჭირო. „თუ ეს ასეა, _ ფიქრობდა ჩაჩანიძე, _ ესენი ჩვენზე ნაკლები ბღენძიები არ ყოფილან, ეს მაინც ჰქონიათ ჩვენთან საერთოო“…
ასე იყო თუ ისე, სრული სვლით, და როგორც ქართველ ოფიცერს ეჩვენებოდა, ერთგვარად თვალშისაცემი ზეიმურობითაც გაქროლდნენ აღმოსავლეთით გადაჭიმულ თბილისის გზატკეცილზე და ქალაქი უკან მოიტოვეს.
სავალი უფრო მალე გაილეოდა, რომ არა შვედი მაიორის გაფაციცებული ცქერა ირგვლივ, რაც ჩაჩანიძეს თავიდან ინსპექტირების ელემენტად ეჩვენებოდა, თუმცა სულ მალე გაარკვია, რომ მდინარე მაჭარის, ხოლო გადაღმა გადასვლის შემდეგ კოდორის ხეობის სოფლების არაჩვეულებრივი სილამაზის ხედებით ტკბობისა და ამით აღფრთოვანების გამოხატვა ყოფილა, რასაც დასტურად სულ მალე „ჯიპიდან“ მკვირცხლი ბიჭივით გადამხტარი სოლბის „ნიკონით“ ხელში არაერთგზისი გავარდნა მოჰყვა მისთვის სასურველი კადრის დასაფიქსირებლად. მეწინავე ავტომობილის გაჩერება დანარჩენების შეყოვნებას იწვევდა, ბუნებრივია, მაგრამ არც ერთხელ ამას პროტესტი დეპუტაციის სხვა წევრების მხრიდან არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ხმამაღლა არ დაფიქსირებულა. ამან მაიორ ჩაჩანიძეს კიდევ უფრო განუმტკიცა ადრე ჩასახული ეჭვი იმის თაობაზე, რომ მინდობილ საქმეს ჯგუფი მაინცდამაინც დიდი კეთილსინდისიერებით არ ეკიდებოდა. ჩაჩანიძეს, როგორც ინსპექტირების ჯგუფის ოფიციალურ წევრს და დაინტერესებული მხარის წარმომადგენელს, სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ოქმით შეთანხმებული ინსტრუქციის თანახმად მოქმედება, ხოლო მისი პროტესტის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საერთოდ ჩაეშალა მისია და ხელმძღვანელობის წინაშე დაესვა დამკვირვებელთა ახალი ჯგუფის ფორმირებისა და მონიტორინგის ზონაში გაგზავნის საკითხი. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ჩაჩანიძეს სხვა განზრახვა ჰქონდა და უცხოელების მოქმედებიდანაც ისე ჩანდა, იმ განაზრახის სისრულეში მოყვანა არ უნდა გასჭირვებოდა. ჩაჩანიძე ერთი-ორჯერ თავადაც დინჯად, საკუთარი ღირსების ხაზგასმით გადმოვიდა „ჯიპიდან“, რათა მისთვის ძალზე კარგად ნაცნობი ადგილების გადასაღებად გაძღოლოდა შვედს. იგი სტუდენტობის ჟამს ალპინიზმით იყო გატაცებული და ეს ხეობები და მთა-გორები სულ ფეხდაფეხ ჰქონდა დავლილი. ახლა ჩაჩანიძეს ძალიანაც აძლევდა ხელს მისიის გზად დაყოვნება, რადგან საშუალება უჩნდებოდა, ბაგათას გვირაბების მიდამოებიდანვე, დაგვიანებისა და შეღამებულზე ჯგუფის წევრების პირადი უსაფრთხოების დაუცველობის მომიზეზებით უკან გამობრუნება მოეთხოვა, მით უფრო, რომ ამის მორალური უფლება ნამდვილად ექნებოდა.
გზამ დიდი ხანია დაჰკარგა გლუვი ზედაპირი. ახლა ავტომობილები გრუნტიანი საფარის ოროხმოროხებში ლაყუნით მიჯაყჯაყებდნენ, შორიახლოს თავდაღმართში მიმსრბოლავი მდინარის დინების საპირისპიროდ.
ჩინიდან, რომელიც პირველი სვანური სოფელია ამ ხეობისა, გზა უფრო და უფრო ციცაბო და სახიფათო მონაკვეთების გავლით მიემართებოდა ხან სულ მაღლა და მაღლა, ხანაც ასევე დამრეცად დაქანებული მოულოდნელად. და რაც უფრო გახშირდა გზაზე ამგვარი აღმართ-დაღმართები, მით უფრო ხშირად გაისმოდა სოლბის აღფრთოვანებული შეძახილი და განკარგულება მორიგი შეჩერების შესახებ.
გულახდილად რომ ითქვას, ჩაჩანიძეც როდი რჩებოდა გულგრილი ხეობის განუმეორებელი და თვალწარმტაცი ხედებისადმი. თუმცა მისთვის ათასჯერ ნანახი და თვალთაგან გაზეპირებული ადგილების გავლით მიემართებოდნენ წინ, ისიც მოხიბლული რჩებოდა ამ ვეფხვის ნატოტარებით დაღარული მთების, სიფრიფანა ფარტენებში თავშერგული, ფერად-ფერადად აჭარგებული ლაკადების, მათი კინკრიხოებიდან ქოჩორივით ჩამოფარჩხული წიწვნარებისა და უფრო მაღლა, ხეობის მწვერვალთა თავზე ლილაფერად აციაგებული, აქა-იქ ქუნქულა ღრუბლებით დაფთილული ცარგვალისკენ აწაფებული. ავტომანქანის გვერდელა თუ წინა საქარე მინის ჭრილში ფილმის მოძრავი კადრებივით მისდევდა ერთიმეორეს წარუშლელი შთაბეჭდილების მომგვრელი ლანდშაფტები და ჩაჩანიძეს წამიერად ეჩვენებოდა, რომ არავითარი ომი და უბედურება არ ყოფილა, ისე ლამობდა გონებიდან მთელი ერთწლიანი სისხლითა და გაუსაძლისი ტანჯვით, ყოველდღიური განცდებითა და დაძაბულობით გაჯერებული მონაკვეთის ამოშლას მისი მეხსიერება, როგორც ყოველ არსებაში გაყუჩული ინსტინქტი შვიდობიანი, უსაფრთხო ყოფიერებისაკენ ლტოლვისა. თითქოს უზრუნველ ოთხმოციანებში დაბრუნდა, როცა ამ მხარეში ხშირად დადიოდა მეგობრებთან ერთად, რათა განეცადა ამ ზვიადი ბუნებისა და მისი ბოლომდე მოუხელთებელი სულის მთელი დიდებულება. კოდორის ასწვრივ აპარახელებული ფრიალოების გულში ჯილეებივით გამოხვეწილი ბაგათას გვირაბების გარეშემოებში ხომ საერთოდ გულისშემაღონებლად წარმტაცი მოსახედ-მისახედები იშლებოდა. მის გადაღმა გზა დაბლა ერეცებოდა და ჩხალთასთან ალაგ-ალაგ მდინარის კალაპოტსაც ეთანასწორებოდა.
კოდორი გაზემეყებული მონავარზღლობდა. და ეს ყოველთვის ასე იყო, როცა კი აქ ამოსულა. საერთოდ, ამოსვლა ძირითადად ზაფხულობით უწევდა, ეს დრო კიდევ მთაში თოვლის დნობისა და მდინარეთა წყალუხვობის პერიოდია და ამითაც ხსნიდა, კოდორი საშიშრად ადიდროვებული რომ მიანარდიშებდა ტალღებს შესართავისაკენ. თუმცა კი, მღვრიე იგი არასოდეს იყო, გაგას შემჩნევით, რაღაცნაირი, ადრიანი დილის ზღვასავით შეფირუზებული მონასმები აფერადებდა მის ზედაპირს. ნაპირებიც სიმუქეშეპარული სილურჯიდან ამოიზიდებოდა და შემდეგ, მაღლა-მაღლა ატეხილებს ძლევდა ზურმუხტისფერის მრავალწახნაგოვანი გრადაცია. ალაგ-ალაგ სველი აგურისფერი, ხასხასა წითელი და მოჭერილი კვერცხისგულისფერი ნაფუნჯარები ახალისებდა ყოვლისწამლეკავი სიმწვანის ერთფეროვნებას.
ცოტაც და კოდორსგაღმა გამოჩნდებოდა ლამკაცისა და დოუჩის მთები, მახაჭკვარას რომ აგრძელებდა და გვირგვინივით უმკობდა თავს. იგი ბუნებრივ ზღუდეს წარმოადგენდა ლათასა და აფხაზურ ღვადა-კვიტაულს შორის. გამოღმა, სივრცისეულ სიბაცეში უკვე გამოიკვეთა აჩახმარის მწვერვალი, ზემო ლათას რომ გადაჰყუდებია თავმდგმურად. გაგას თითქმის ყველა რამდენადმე მნიშვნელოვანი მწვერვალი ჰქონდა დალახული თანაგუნდელ ალპინისტებთან და დაძმაკაცებულ სვან მეგზურებთან ერთად, რომელთა გარეშე მთაში სიარული რატომღაც შეუძლებლად იყო მიჩნეული. იმ წლებმა და გატაცებამ ადგილობრივ ბიჭებში არაერთი მეგობარი შესძინა და ეს მისი ალპინისტური წარსულის სასიამოვნო შედეგად დარჩა. ნამყოფი იყო ელყანკვარის გორაზეც, დედუქეფთის კარვებში ღამის სათევადაც გაჩერებულან, უფრო სერიოზული ზეასვლის სამზადისში. ქვაბჩარის სიახლოვეს ჩქაფანით მოდინარე ვემიშის მაცოცხლებლად ცივი წყლითაც შეუფხიზლებია თავი, მთაში დიდი ხნის სიარულის შემდეგ ნიათგამოცლილს…
გაგას გაახსენდა, რამდენი საინტერესო ამბავი ჰქონდა მოსმენილი თავისი სვანი მეგზურებისაგან, მთაში სიარულისადმი დაუოკებელი სიყვარულის გამო რომ ჰყავდა სხვადასხვა დროს გაცნობილი და შეამხანაგებული. სამხრეთი თავშესაფრის კოტეჯში რახის სმაში გათეულ წვიმიან ღამეს მოუყვა ერთი მათგანი შემზარავ ამბავს, თუ როგორ შეტრიალდა ტრაგედიად მის თვალწინ აღმოსავლელ გერმანელთა ტურისტული ჯგუფის ასვლა უთვალავი ჯგუფის მიერ უთვალავჯერ დაპყრობილ მცირე სირთულის ერთ-ერთ მწვერვალზე. მისი კეხი მყინვარსდადენილი ქვატეხია ნაჩხატით ყოფილა გაორკაპებული. სწორედ იმ ულამაზესი ჩანჩქერის თავზე დატრიალებულა საშინელი ამბავი. რომელიღაც ტურისტს, ეტყობა ალკოჰოლით შეთამამებულს თუ ნაბახურევს, ეცადა ზედ ფრიალოს ქიმზე გადამხტარიყო მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, დაფაცფაცებულს თავი ვეღარ შეემაგრებინა და კლდეს ატკეცილი ლოდის ნაგაბარივით ჩამთხვლეულიყო ჩანჩქერის ნავასკვლევზე მობუყბუყე ქვაბულში, რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში წყლის ნაკადის ცემით იყო ამონაგლული და ისე ღრმადაც, უფსკეროს სახელი დავარდნოდა ხალხში. ჩქერში გაუჩინარებული ტურისტის მოსაძებნად ძალა რომ არ ყოფნიათ, სოხუმიდან გამოუძახებიათ მყვინთავები და მხოლოდ მეორედ თუ მესამე გადღევებულზე მოუნახავთ ფსკერზე სანახევროდ მისილული გვამი. გასულ საათებს უკვალოდ არ ჩაევლო, გვამს ხრწნა შესდგომოდა და თან ფსკერიც მჭიდროდ შემოსალტვოდა სილის მარყუჟით, თითქოს ჩაჰფრენია და არაფრით არ სურს მოხელილი ნადავლის გაშვებაო… საჭირო შექნილა წელში თოკის ჩაბმა და ცხენის მიხმარებით გაქაჩვა, როგორმე სილის მარწუხებისთვის რომ წაერთმიათ. ამ ქაჩვაში ლპობაშეპარული სხეული გაწელილა და ცოტა დააკლდა რომ გახლეჩილიყო. როგორც იქნა მოუწყვეტიათ სხეული ფსკერისთვის და რომ ამოუტანიათ ნაპირზე, გაწელვით გათხელებული კანის ქვეშ ნაწლავები მოჩანდა, თურმე. საბრალო! იმავე ცხენს გადაჰკიდეს მანდიკურად, რომელმაც ამოწელა წყლიდან და ასე ჩაქჩაქით მიასვენეს ადგილამდე, სადაც ავტომობილს შეეძლო მიწვდომა… გაგას უკვირდა, ამ ამბის გარდა ბევრი სხვაც გაეგონა და თავადაც გადახდენოდა ამ მხარეში, მაგრამ, აქ რომ მოხვდებოდა, რატომღაც სწორედ ეს ტრაგიკული შემთხვევა ახსენებდა თავს, თანაც ისეთი სიმძაფრით, თითქოს პირადად მის მიერ ყოფილიყოს ნანახ-განცდილი…
ლათას რამდენიმე განაპირა მოსახლის ეზო უკან ჰქონდათ უკვე მოტოვებული, კიდევ ერთხელ რომ გაჩერდა ესკორტი. მაგრამ ამჯერად ამის მიზეზი სოლბის ხუშტური არ ყოფილა. მთელ ამ ოკრო-ბოკრო გზაზე რაჯგუნის შემდეგ მეორე „ჯიპის“ საბურავს ვეღარ გაეძლო და დაფუშულიყო. მთელი ასაბია მანქანებიდან გადმოიფინა და სიტუაციის გასარკვევად ერთმანეთს მოკლე ფრაზებით შეატყობინეს შექმნილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. რა გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო ჩაჩანიძისთვის, გაირკვა, რომ სათადარიგო საბურავი არც ერთ ავტომობილს არ გააჩნდა. ამან გაგას თვალში მთლად მოსპო ჯგუფის ისედაც შერყეული რეპუტაცია, საბოლოოდ დაასკვნა, არც სოლბი და არც სხვა რომელიმე ოფიცერთაგანი სერიოზულად მართლა არ ეკიდებიან საქმესო და გულის სიღრმეში წყენით შეფარული კმაყოფილება იგრძნო კიდეც, სიტუაცია სავსებით მისთვის სასურველი მიმართულებით ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე რომ მიედინებოდა.
სანამ სიტუაციის განხილვა და სოლბის მძღოლებისკენ მიმართული საყვედურნარევი წუწუნი დასრულდებოდა, ახლომახლო ეზოებიდან მოსახლეებიც გამოცდუნდნენ და სოფლური უბრალოებით აღბეჭდილმა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა ათიოდე კაცმა წაიყარა თავი ავტოების სიახლოვეს. შემომატებულები მორიდებული მისალმების შემდეგ მდუმარედ უერთდებოდნენ მოადრებულებს და მათგან ხორხისმიერი ბგერებით დახუნძლული მოკლე ფრაზებით ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას. ესენიც თავის ქიცინით საბურავდაჩუტული „ჯიპისკენ“ უთითებდნენ. რამდენადაც ჩაჩანიძე სვანურ მეტყველებას ნაჩვევი სმენით ხვდებოდა, მოსულ ბიჭებს მათთვის დახმარების გაწევა უნდოდათ. ამის გარეშეც იცოდა, რომ აქ ყოველი კაცი ვალდებულად მიიჩნევს თავს მიეშველოს გაჭირვებაში ჩავარდნილს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ამ აზრით შეგულიანებული გაგა ერთ მათგანს გამოეცნაურა. ბიჭი გაგას საკენელი მეგობრის სახელის ხსენებაზე უმალ გაგულითადდა და ნებისმიერი შესაძლო დახმარების გასაწევად მზაობა გამოთქვა.
ჩაჩანიძეს დროის გაყვანა კი სურდა, მაგრამ ღამისთევით ხეობაში ჩარჩენაც არ უნდოდა, რომ დღეს ვერმოსწრებული ინსპექტირება ჯგუფს სახვალიოდ არ მოენდომებინა. ამოტომაც რამდენადაც შეეძლო, დააყოვნა მასპინძლის წასვლა საბურავის მოსაწესრიგებლად ვიღაც ხელოსანთან, რომელიც, ბიჭს, მისივე თქმით, აქვე, შორიახლოს ეგულებოდა. ბიჭი საბურავიანად რომ წავიდა, ჯგუფის დამშვიდებული წევრები იქვე, ფართოდ გაბარჯღული ცაცხვების გრილოში შეყენებულ ორ მანქანაში შეიყუჟნენ და თვინიერად დაუწყეს ლოდინი ამ უსიამოვნო ინცინდენტის ფინალს. მხოლოდ სოლბი ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე, ჯერ ავტომანქანების სიახლოვეს იწრიალა, შემდეგ მინდვრებში გადავიდა და ახლა იქ, სოფლის ნებიერად მობალახე ნახირის სიახლოვეს დაიწყო უთავბოლოდ ბორიალი.
უეცრად ჩაჩანიძემ დაინახა, როგორ დაიხარა მწვანედ აბიბინებულ მოლზე შვედი, როგორ აიღო რაღაც მორკალული საგანი და მაღლა რომ შემართა, მაშინღა გახდა გასაგები, რომ ეს საგანი ნამგალი იყო, ტარგამძვრალი და ჟანგისაგან თითქმის გამოჭმულ-გამოლეული.
_ ლუქ, მისტერ ჩაჩანიძე, აი ჰევ ფაუნდ დე სიმბოლ ოფ სოვიეტუნიონ! _ გაიძახოდა ნაპოვნითა და მოსწრებული გააზრების შედეგად წამომცდარი მეტაფორით გახარებული სოლბი და თან თავზემოთ შემართულ შრომის ყოვლადუწყინარ იარაღს აქეთ-იქით აქნევდა. გაგას გაეცინა, თავიც დაუქნია დასტურის ნიშნად. მოეჩვენა, რომ ეს მართლაც კარგი მეტაფორა გამოვიდა _ საბჭოური სახელმწიფოს ერთი სიმბოლოთაგანი, დაჟანგული, ხელთ ეპყრა მისი დაუძინებელი მტრის _ კაპიტალისტური დასავლეთის წარმომადგენელს და რასაც მოიგუნებებდა, იმას უზამდა _ უნდოდა სათუთად შეინახავდა და უნდოდა _ შორს მოსროლილს გადაკარგავდა სამუდამოდ. სოლბის ოხუნჯობამ რამდენადმე განმუხტა ჯგუფში თავჩენილი დაძაბულობა და საერთო მხიარულებაც კი გამოიწვია. სოლბიმ არაფრისდიდებით არ დათმო ხელს გამოყოლილი ალაფი და „ჯიპში“ დიდის ამბით ჩაასვენა, აქაოდა, ამ მგზავრობის გასახსენებლად დაგვრჩებაო…
სანამ ესენი ამ დღეში იყვნენ, სოფელს გაეგო სტუმრების გასაჭირი და მანქანების გარშემო შეკრებილ ჯამაათს კაცებთან ერთად თითო-ოროლა ქალი და მოზარდიც შეემატა. მალე, როგორც ეს ჩვენს სინამდვილეში ხშირად ხდება ხოლმე, სასმელიც გაჩნდა _ თაფლის ორნახადი არაყი და სასმელს მისატანებელიც მოჰყვა…
სოლბის და მის კომპანიას დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია, იოლად გაუშინაურდნენ ხელძღვენით მოსულ მასპინძლებს, ხალისით აუბეს მხარი დამხვდურების მიერ გამოთქმულ სურვილს, რამდენიმე სირჩა გადაეკრათ ძვირფას სტუმრებთან ერთად, მათი მობრძანების აღსანიშნავად.
ხეების ნაგრილში, პატარა ძელსკამზე გაშლილი სახელდახელო პურმარილის ორგანიზატორმა პირველად ზეციურის სადღეგრძელო მისთავაზა ამ სრულიად გაუთვალისწინებელი ეგზოტიკური შემთხვევით აღფრთოვანებულ უცხოელ სტუმრებს და მათაც დიდი ხალისით მიიღეს მიწვევა.
სოლბიმ დემონსტრატიულად ასწია სვანური თაფლის არაყით გაპიპინებული სირჩა, ზედ ცხვირის ნეტოებთან გააქან-გამოაქანა, თან არომატი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ დაგემოვნებით მოწრუპა რამდენიმე ყლუპი, პირში დაგუბებულ სითხეს ერთიდან მეორე მხარეს გადატანით გემოც მოუსინჯა, ნეტარი განცდით სახეგაბადრულმა დაგუბებული სითხე ერთ ყლუპად გადაყლურწა, ნასიამოვნებმა წკლაპუნი ატეხა და ბოხი ხმით დაიროხროხა:
_ ოუ, ით იზ დე ჯორჯიან ბრენდი!.. _ თან გაკვირვებისაგან დაელმებული თვალებით დააშტერდა ბაგეებიდან ძლივსმოწყვეტილ, ამომშრალებულ სირჩას.
გუჯი სიდიანმა (ასე წარუდგა სტუმრებს თამადა და თავმასპინძელი), პირისახეზე წვერმოძალებულმა, მკვრივად ასხმული იოგების პატრონმა, თამბაქოს წევისგან გაყვითლებული წალდის ნიკურტივით მოკაკვული თითებით გააწოდა ყოველ სტუმარს პირამდე გაპიპინებული სირჩა და ზეციურისადმი წარმოთქმული ორი მომდევნო სადღეგრძელოც სულმოუთქმელად დააცლევინა, თან ისიც დააყოლა, ეს სამი სადღეგრძელო ადგილობრივი ტრადიციით არის დაკანონებული და ყოველი სტუმარი ვალდებულია, თუ მასპინძლის პატივისცემა სურს, აუცილებლად დალიოს, შემდეგ კი თავად მისი გადასაწყვეტია სმა განაგრძოს თუ არაო…
გაგა უყურებდა თვალდახელშუა როგორ აჩანაგებდა სოლბის პერსონის ჩრდილოევროპული მდგრადობის საფუძვლებს სტომაქში გადაძახებული ცეცხლივით სასმელის ყოველი პორცია. თვალები ნელ-ნელა აემღვრა ამ ჟირაფივით აწოწილ კაცს, წითურა სახე ერთიანად დაეტალა, კისრისა და საფეთქლის ძარღვები უჩვეულოდ გამოუჯირჯვლდა, სახის კანი ხორხოშელა ოფლის კაკლებმა დაუცვარა… გაგამ თვალი სხვათაც გადაავლო. მორტენსონიც არ იყო უკეთეს დღეში, დანარჩენებს თითქოს არა უშავდათ რა, სასმელს არცერთი არ მისძალებია თავგადაკლულად. მძღოლების საკითხი, სოლბიმ, როგორც ჯგუფის ლიდერმა, იმთავითვე ხელის ერთი მოსმით გადაჭრა, როცა განკარგულება გასცა, არც ერთმა წვეთის დალევა არ გაბედოს, წინ გრძელი გზა გვიდევს და თანაც საკმაოდ სახიფათოო…
არც თავად ჩაჩანიძეს წასვლია სული დალევაზე. სხვა დროსაც დიდად არ ეტანებდა ალკოჰოლს და ახლაც ერთი-ორჯერ მხოლოდ სოლბის ხათრით აეგება სასმისს, რათა ეჩვენებინა დასალევზე უარს არ ვამბობო.
ამასობაში საბურავიანი ჯეელიც გამოჩნდა. მას სადღაც შესაბამისი დიამეტრის კამერა ეშოვა და მოერგო ბორბლისთვის, უკამერო საბურავი რომ ჰქონდა დაგებული. თუმცა ამას ვიღა ჩიოდა, მთავარი ის იყო, რომ თვალი გაიმართა და ავტოს გამზადებასაც არაფერი შეუშლიდა ხელს.
თამადა სადღეგრძელოებს არ ეშვებოდა, რაკიღა ხედავდა, რომ სტუმრები დალევას არ უარობდნენ.
სოლბის რამდენიმე მარტივი სვანური ფრაზა აეტაცებინა და მასპინძელთა გულის გასახარად ინგლისურში არეულად გაუთავებელი როხორხით იმეორებდა:
_ მისტერ გუჯი, ხოჩა მარე, ხოჩა მუხბე! ვერი გუდ მენ, იუ ჰევ ვერი ნაის არაკი!
ჩაჩანიძე ხედავდა რომ დღის უმეტესი ნაწილი უკვე ხელიდან გაუშპათ და დასავლისკენ მიდრეკილ მზესაც ძალა ნელინელ ეცლებოდა, მაინც ჰქონდა შიში სოლბიმ გზის გაგრძელება არ აიტეხოსო. მაგრამ შვედი სიმთვრალის იმ ხარისხამდე იყო უკვე მისული, როცა უკვე აღარაფრად ადარდებდა არც შენი ნამგალივით გამოჟანგული და ნაწილ-ნაწილ დაშლილი სოვიეტუნიონი, არც ქართველები თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით შემაგრებული პრეტენზიით ტერიტორიულ მთლიანობაზე, არც ერთა თვითგამორკვევის მოპოტინებით საქართველოდან თავდაღწევისათვის მებრძოლი აფხაზები, არც ამათი კონფლიქტი და არც მათ შორის მშვიდობის ჩამოსაგდებად საკუთარ თავზე აღებული მისია. სოლბის ნაცრისფრად შემღვრეულ ტვინს ახლა სამოცდახუთგრადუსიანი ცეცხლისმფრქვეველი სითხის ტალღები უტლაშუნებდნენ ძალუმად და საკუთარ ნებაზე დაატივტივებდნენ აღმა-დაღმა წყვდიადის გამოუღწეველ ბანგში გახვეულს…
კიდევ რამდენიმე სასმისის შემდეგ არამარტო ის შეიქნა ცხადი, რომ დეპუტაცია მისიის შესასრულებლად გზის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებდა, არამედ ისიც, რომ ჯგუფს, უპირველესად კი სოლბის და მორტენსონს, ძალიან გაუჭირდებოდათ უკან, სოხუმამდე უპრობლემოდ ჩაღწევაც.
როგორც იქნა, შებინდების ჩამოდგომამდე, წაართვეს თავი ნაჭირმაგევმა ჩაჩანიძემ და ფხიზლობაშერჩენილმა სხვა სამხედროებმა სასმელგაწყალებულ მასპინძლებს, რის ვაივაგლახით ჩასვეს მანქანებში გონმიხდილი ოფიცრები, გაუგებარი ნიღნიღით რომ ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას და სოხუმის მიმართულებით გამოაქროლეს ისინი.
გზაში რამდენიმე ადგილას ჩაჩანიძეს მოუწია მათივე ნარწყევში ამოგანგლული ხან სოლბის, ხან მორტენსონის, ხანაც ორივეს ერთდროულად გზად შეხვედრილ ცივ ნაკადულებში „გაჟღვანჟღვალება“ (როგორც თავად იცის, ხოლმე, თქმა) და სოხუმამდე სავარძლის საზურგეზე მისვენებულებისათვის გაფაციცებით მიყურადება, _ რაც არ უნდა ყოფილიყო, უცხოელები იყვნენ, თავად კი მასპინძლის მოვალეობაც ბორკავდა, მისიის ჩაშლის გამო მოსალოდნელი გართულების შიშიც რომ არ ჰქონოდა.
კარგა გვარიანად დაღამებული იყო, სოხუმში რომ ჩავიდნენ. ჩაჩანიძემ იმდენი მოახერხა, სანატორიუმის ეზოში მათი შესვლა გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო და გონს რამდენადმე მოსული ოფიცრები მათ სადგომებამდე მიეცილებინა…
მეორე დილას, ადრიანად გაისმა ტელეფონის გაბმული ზარი ჩაჩანიძის ოთახში. გუშინდელი დამქანცველი თავგადასავლის შემდეგ მკვდარივით დაძინებულმა და გაღვიძებაშეგვიანებულმა მაიორმა მძიმედ წამოსწია თავი, მისწვდა იქვე, ლოგინის სიახლოვეს, ტუმბოზე შემოდგმული ტელეფონის ყურმილს და ყრუდ ჩასძახა _ გისმენთო.
მავთულის მეორე ბოლოს მაიორი სოლბი აღმოჩნდა. ნახშირჭმულმა მაიორმა ჯერაც ვერგამოფხიზლებული კაცის ხმით დაიჩივლა, თავი მისკდება და ისე მაქვს დამძიმებული, თითქოს შიგ ასფუთიანი ლოდები ჩამახეთქესო. თან გახუმება სცადა: ის უცნობი და მძლავრი მოქმედების იარაღი რა სახეობისა იყო, ინსპექტირებისას სიდიანს რომ აღმოვუჩინეთო, სასხვათაშორისოდ შეახსენა გუშინდელი დილაც: იმედი მაქვს, გახსოვთ, მხარი რომ დაგიჭირეთ აფხაზი დამკვირვებლის წინააღმდეგ, რისთვისაც ერთგვარ მორალურ მსხვერპლზე წასვლა და ჩემი უვიკინგესი ბებიას სვანად გამოცხადება დამჭირდაო… თან ქართველ კოლეგას გულიანად ამუნათებდა, არსად გაამხილოთ, მისტერ ჩაჩანიძე, გუშინ რაც დამემართა, დღეს ჩვენი გენერალი ჩამოდის და სიტყვაც რომ ჩაეწვეთოს, ჩემი კარიერის ამბავი მყისიერად და თანაც სამუდამოდ დასრულდებაო.
ჩაჩანიძესაც მეტი რაღა უნდოდა, მით უფრო, რომ სოლბი თავისთავზე იღებდა მისიის წარმატებით ჩატარების დადასტურებას საკუთარი ხელმოწერით დამშვენებული ოქმის მეშვეობით.

19 აგვისტო, 2006 წელი

როყიო სიტყვის ასფუთიანი სიმსუბუქე

_ რომელ ბიძას ამბობ, ლოთი რომ გყავდა? _ მესამე ბოთლს შემდგარი კაცისთვის რა ადვილი აღმოჩდა სიტყვის მათრახის მოუზომელი გადმოქნევა! როყიოდ წამონასროლმა ამ ერთმა სიტყვამ ამივსო საბოლოოდ მოთმინების ფიალა. აქამდეც ყელში მქონდა ამოსული ამ შემთხვევითი მეინახე ბიჭების ზღვარსგადასული ქცევა, მაგრამ უმიზეზოდ და უგანაჩენოდ მაგიდის არევა არ მინდოდა. ჯერ ერთი, ამათზე კარგა ხნით უფროსიცა ვარ და მერე, ჩემო ძმაო, ისედაც რა ჭკუადამდგარი კაცის საქმეა ინახად დამსხდარი ხალხისათვის ქეიფის ჩამწარება. სანამდეც შეიძლება, უნდა მოუთმინო ზედმეტობა თანამესუფრეს, უნდა გახსოვდეს, ღვინომ იცის დაქნევა და ისეთ რამესაც ჩაგადენინებს, ხანდახან, რასაც ვერასდროს იფიქრებდი. მოთმინება დიდი ნიჭია, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, სიმთვრალის მიზეზით ყველაფერი არ ეპატიება ადამიანს, არის რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვა არავის არ უნდა მოესურვილოს, უფრო სწორად, არ უნდა მისცე ვინმეს შიგ შეჭრისა და ფარფაშის უფლება!
_ ვინ იყო, ბიჭო, ლოთი?! _ ყელში ბოღმა მაწვება, სისხლი თავში ამვარდნია და გონებას მიბინდავს. ცოტაც და ბოთლს დავაფშვნი ამ მათხოვარს… არა, შენ ხომ იცნობდი ბიძაჩემს, რომელი ლოთი ის იყო? მაგისთანა პატიოსანი კაცი ორი არ დააბიჯებდა დედამიწის პირზე იმ დროს. სმა თუ უყვარდა, ჯერ სმა რომელ კაცურ კაცს არ უყვარს და მერე, ამის გამო ლოთად ვინ გამოუცხადებიათ?!. მოკლედ, არ ღირდა ხელის გასვრა, თუკი შევძელი და თავი როგორმე ავიყვანე ხელში, იქნებ უზრდელობა სიტყვიერად ავულაგმო და საჭირო აღარ გამიხდეს ამ არაკაცის მითეთქვა. _ ბიძაჩემს შენი ფასი ტაქსებით ნატარები ქუდის გამო ექნება გადახდილი, შე მათხოვარო! მაგის სახელს აუგად როგორ ახსენებ, შენ ვინ მოგცა მაგის უფლება! _ წამოვდექი ფეხზე, ხელებს ნელ-ნელა ედება ცახცახი. არადა, ვგრძნობ მუხლები მყარად მაქვს, არავითარი ძრწოლა მოსალოდნელი აყალმაყალის გამო. ამას არ მოელოდა, როგორც ჩანს, არც ჩემს გაცხარებას და არც ასეთ თავგამოდებას ჩემგან ათი წლის წინათ გარდაცვლილი კაცის მიზეზით, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვახსენეთ ამ მაგიდასთან, რომ შემთხვევამ მოიტანა.
_ კარგი, რა მოგივიდა, საწყენად სულაც არ მინდოდა რამის თქმა, არ სვამდა თუ?!
_ რა უნდა გელაპარაკო, მაინც ვერაფერს შეგასმენს კაცი!.. _ ჩავიქნიე ხელი და გავვარდი კარში. როგორც კი გარეთ აღმოვჩნდი, ვინანე ასე წამოსვლა, ჯერ ერთი, იფიქრებენ ჩხუბს აარიდა თავიო, მეორეც, სათქმელი ბოლომდე მაინც მეთქვა და საქნელიც მიმედევნებინა, გულს ჭეჭყად არ გამოჰყვებოდა. ვერა, ვერ გავჩერდებოდი, და რატომაც ვერა, რკვევა რომ დავიწყე, აღმოჩნდა, რომ რაღაც უცნაური ძალით მეუფლებოდა სურვილი, ახლავე წავსულიყავი ბიძაჩემის საფლავზე და ერთი ჭიქა ღვინო მასთან დამელია. არადა, როცა ცოცხალი იყო ბიძაჩემი, დიდი დაახლოება არ გვქონია, მე სულ ქალაქიდან ქალაქში დავეხეტებოდი, ის კიდევ ლუგელას არ შორდებოდა, ათასში ერთხელ ჩვენი გზები გადაკვეთილიყო… ხომ იცი, როგორ ხდება, ძმაო, გვყავს კაცი და არ ვაფასებთ, მოგვიკვდება და მერე ვხვდებით ვინ გვყოლია გვერდით, ჩვენს სიახლოვეს, რა კაცობა და ნამუსი ებარა, რა გაუნუმეორებელი სული ყოფილა. რას ვიზამთ, კაცნი ვართ, ეგრე გავუჩენივართ განგებას. გვყავდეს _ არ დავაფასოთ, დავკარგოთ _ მთელი ცხოვრება მივსტიროდეთ!
მოკლედ, ავიყვანე ტაქსი, თუმცა, ახლა ჩვენში ძველებურ სახელმწიფო ტაქსს სადღა ნახავ, კერძო მანქანებით დაჩალიჩობს ორიოდე ადამიანი. მივაყენე სასურსათო ჯიხურს, ავიღე რამდენიმე ბოთლი ღვინო, ძეხვი, პური, კიდევ რაღაც წვრილმანები, ჩავყარე მანქანაში, ჩავჯექი მეც და ჰაიდა, დავადევი თავი მამიდაჩემის სოფლისაკენ. გზა საუბარ-საუბარში გავლიეთ. ეს ტაქსისტი არ ჩანს ურიგო ბიჭი, ვეუბნები ასე და ასე, ბიძაჩემის საფლავზე მივდივარ-მეთქი, კაცური კაცი იყო, ღვინის და ქეიფის მოყვარული, შრომა უყვარდა, ძმაო, გადაგებული მოხანდე იყო ოჯახის სასიკეთოდ, მაგრამ თავისებურიც, უცნაური ქცევის კაცი. მთელ სეზონს ლუგელას ტყეებში გაატარებდა, უთვალავ ხე-ტყეს დაამზადებდა მარტოდმარტო, ყოველგვარი მომხმარის და განსაკუთრებული იარაღების გარეშე, მარტო ნაჯახის ამარა, კაცო, იმდენს დაჩეხავდა, სხვას იქნებ ბენზინის ხერხითაც ვერ მოეხერხებინა. ტანადაც დიდი კაცი იყო, დევივით სხეული დაჰქონდა, ოჩოკოჩივით დააბოტებდა ტყე-ღრეში და მარტოსულობით რომ თავი მობეზრდებოდა, გამოიჭრებოდა იქიდან, გაერეოდა ადამიანებში, მაგრამ რაღაც არაბუნებრივად, შეუჩვევი კაცის უნაირობით, ხუთასი მანეთის მრგვალ ხეს ორასში გაყიდიდა, ათასების მაგივრად კაპიკებს აიღებდა, მამიდაჩემს თავისას დაუტოვებდა, თავად კიდევ დაადებდა თავს და რაიცენტრში ამოყოფდა თავს, რესტორან-სასადილოებს ფეხქვეშ გაიგებდა (მე შენ გეტყვი, არ იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე!), სვამდა და გამვლელ-გამომვლელს ასმევდა, ქვეყანას მოედებოდა, დასარწყულებელს დაარწყულებდა, დასაპურებელს დააპურებდა და ყველა და ყველაფერი რომ მოყირჭდებოდა, აიყვანდა ტაქსებს, ჰო ტაქსს კი არა, ტაქსებს, კაცო, ერთში ძველი ყარაჩოღელივით ქუდს ჩაასვენებდა, მეორეში თავად წამოიგანძებოდა და ასე გრიალით მიადგებოდა საწყალ მამიდაჩემს. ამას, წელმოწყვეტილს სოფლური შრომით, ეზო-მიდამოს, საქონელ-საყოლელის მოვლა-პატრონობით, პირველ ხანებში ერთი ცეცხლი მოენთებოდა მთვრალი კაცის დანახვაზე, მაგრამ მერე და მერე შეეჩვია ამას, შეეგუა, როგორც ერთმანეთის სხვა მრავალ უცხო თვისებას და ახირებულ ზნეს ეჩვევიან უღლის მეწყვილეები მრავალი წლის თანაცხოვრების შემდეგ. მიეგებებოდა, გადმოიყვანდა მანქანიდან, წააბანცალებდა მამაპაპეული სახლის პალატისაკენ, გახდიდა დიდი წვალებით ტანისამოსს და ფეხაცმელებს, თუმცა რა ფეხსაცმელებს, კაცო, რა მაღაზიაში ნაყიდი ეცმებოდა, ხომ გეუბნები, დევკაცი იყო-მეთქი, ორმოცდარვა თუ ორმოცდაცხრა ზომა ეცვა, ხარაზს თუ შეაკერვინებდა, ზაკაზნათ, უსაშველოდ გრძელჭვინტიან მაკასინებს, და აბა, მილეული მამიდაჩემი რაღას მოერეოდა, მაგრამ თავად ეხმარებოდა, ხელს უწყობდა ტანისამოსის დახდისას. თან მღეროდა, თან თითქოს საალერსო სიტყვებს ელუღლუღებოდა, „დაიქანცე, ხო, თოლიგეო, როგორი დალეული ხარ, შე საცოდავოო, როგორ გაგცვითა შრომამ, ჩემო მუხლჩაუხრელოო…“ „შენ არ მომკალი, დამანელე და დამამხვეო?! _ ესეც პასუხობდა _ შენ რომ არ შეგხვედროდი და თვალები არ დამვსებოდა, ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შენს ოჯახში შემოსვლას, გაუთხოვარი დავრჩენილიყავი, ბაბას სახლში ჩამეჭკნო და ჩამეშრიტა ჩემი სიცოცხლე, ამ დაუსრულებელ ტანჯვას და სიმწარეს ხომ გადავრჩებოდიო“. ნელ-ნელა გამოუნელდებოდა ცეცხლი, შეწყვეტდა ქოთქოთს და ამასობაში უკვე ძილად წასულ კაცს საბანს მიაფარებდა, ცოტა ხანს კიდევ დააყოვნებდა საწოლზე ჩამომჯდარი, მიაყურადებდა თანაბრად ხომ სუნთქავსო და რომ დარწმუნდებოდა მშვიდად ძინავსო, წამოდგებოდა წელათრევით, „ეჰ, ნეტა შენო!“ ერთს კიდევ მოუხედავდა ოთახიდან გასვლისას და შემდეგ თავის ყოველდღიურ სახანდოს მიუბრუნდებოდა…
მერე და მერე რომ ეტყოდნენ მამიდას, ბევრი მძიმე დღე გაქვს ნანახი იმ შენი ქმრის ხელში, შე საწყალოო, _ არა, მაინც კარგი იყო ჩემი კაციო, _ მიუგებდა ოხვრით და ხილაბანდის ყურით თვალის ქუთუთოს გადმოცდენილი ცრემლის მალული შემშრალებით.
ამას ჩემთვის ვფიქრობ ყველაფერს, მაგრამ ალაგ-ალაგ ამ კაცსაც ვუყვები, მინდა როგორღაც გავარკვიო, რომ ჩემი გადაწყვეტილების საფანელი სიყვარულია ბიძაჩემისადმი, მისი ნამუსიანად გავლილი ცხოვრების გამო, მისი უღალატო შეგნებისა და კაცისათვის ალალად გაღებული გულის კარის გამო.
მანქანა სოფლის მონაპირე მდინარის ხიდზე რომ გადადიოდა, ბავშვობა გამახსენდა, ჩვენები რომ მამიდასთან წასასვლელად გაემზადებოდნენ, მისაკითხ-მისაძღვენს გაამზადებდნენ, ბიძაჩემის, მამაჩემის ძმის „გაზიკის“ ტენტიან ძარაზე მიგვჭუჭკავდნენ კაბინის სიახლოვეს და გავუდგებოდით გზას. რომ ჩავიდოდით, ატყდებოდა ერთი ფაციფუცი, დედლის წკირზე აგება და ღომის ხარშვა. კაცები ნარდს გაშლიდნენ და ატეხდნენ კამათლების ჭახაჭუხს. ერთმანეთის მონატრული ბავშვები რომ თავს ერთად წავიყრიდით, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თამაშით არ ვიღლებოდით, რადგან ვიცოდით უფროსების აშლამდე უნდა მოგვესწრო, თორემ ჩვენი ერთად თავმოყრა კარგა ხანს აღარ მოხერხდებოდა. აიშლებოდნენ ბოლოს ისინიც, ჩაგვსვამდნენ მე და ჩემს უმცროს ძამიკოს ცალკე თამაშით, ცალკე ძილმორევით მირყეულებს, უკვე კაბინაში, დედის მუხლებზე იმას, საჭესთან მჯდომ ბიძასა და დედას შორის _ მე. დაეშვებოდა გორიდან ჩვენი „გაზიკი“, გავიდოდა სოფლის ორღობეებიდან თემშარაზე, მთელი შემართებით აღმუვლებული გაუყვებოდა სავალს და ფლეთდა ულმობლად ირგვლივ გასუდრულ ღამის სიმყუდროვეს. ავტოს ორი მობრდღვიალე ფარი სტაცებდა სიბნელის საუფლოს გზის გარკვეულ მონაკვეთს და ყოველი წაწეული ნაბიჯი ახალ-ახალი სურათების სახით წარმოჩნდებოდა ჩვენი ბავშვური თვალების წინაშე. ბიძაჩემის დაძაბულ სახეს შევხედავდი ხანგამოშვებით და ბოლომდე გაუცნობიერებელი სიმშვიდით მავსებდა ეს საქარე მინის მიღმა მიზანსწრაფულად გატყორცნილი მზერა. თითქოს ვგრძნობდი, რომ არ შეიძლებოდა ასე გამეცადინებულ სახედველთ ხიფათი როგორმე გამოპარვოდა. საჭეს რომ მკვეთრად მარცხნივ მოღრეჯდა, ვიცოდი ხიდს უნდა მირჭობოდა ჩვენი „გრუზავიკის“ სანათები და მოაჯირის რიკულები უნდა დაეთვალა ჯადოსნურ საცეცებს მათგან გამოფრქვეული შუქისა. გაღმა ცამდე აფრიალოებული, კინკრიხოზე ქოჩორივით ტყით მოქუჩქუჩებული კლდე გადმომხობოდა მდინარეს და მის ჩამონათალზე იყო გზაც გახერხილი. აქ კლდის ძირას თუნუქისგან გამოჭრილი და საღებავებით გაფერადებული „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი ჩამოესვა ვიღაცას, თავისი შავი ცხენი სადავითა იქვე ჰყავდა. ბავშვს მეტი რაღა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში მეგონა ამ სოფელს და მამიდას სახლს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებთან რაღაც გარდაუვალი კავშირი აქვთ-მეთქი. მერე გზაც გაილეოდა და ჩემი ზღაპარიც იქ სრულდებოდა, სადაც რომელიმე მშობლის ხელი შუქის ჩამრთველს გადაატრიალებდა…
სოფელს ტაქსმა ჩემი მითითებით გვერდი აუქცია. დიდი ხანია მამიდასთან მის მეტი არავინ მეგულებოდა: ერთი მამიდაშვილი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მამამისის გარდაცვალებამდე დამეღუპა და ახლა მის გვერდით განისვენებდა, მეორე მრავალი წელია ოჯახიდან გადასული სადღაც თბილისში ცხოვრობს ცოლ-შვილითურთ, ამიტომაც აღარ მინდა იქ მისვლა, მამიდას აფორიაქებას არავითარი აზრი არა აქვს.
სასაფლაოს ჭიშკართან ვიღაცის ოჯახია, გადავწყვიტე ეზოში დალანდულ ასაკოვან კაცს ვთხოვო გამოყოლა, რათა საფლავს ადვილად მივაგნო და შემპასუხებელიც მყავდეს. „ბიძაჩემო _ ვეძახი, _ ერთი წუთით გამომხედეთ, თუ შეიძლება,“ მოდის კიდევაც, თან ხელი შუბლთან მოუფარებია, მზეს იჩრდილებს, რათა დამაკვირდეს და შემხედოს, ნაცნობთაგანი მივადექი კარზე თუ უცხო ვინმე. ვუხსნი რაც მინდა და ვთხოვ გამომყვეს სასაფლაოზე. ტაქსი მის ჭიშკართან რჩება. ვიცი მე ამათი ამბავი, ტყუილად ველაპარაკე ამდენი აქეთობას, მაგრამ ახლა აღარაფერს ვჩივი, გამყოლი ნაშოვი მყავს, რაც მთავარია. ორდე ბიძიამ, რასაკვირველია, მშვენივრად იცის ბიძაჩემის საფლავის ადგილსამყოფელი და ადვილად მივყავარ კოხტად და სადად შემორაგულ ეზოსთან. დაბალ ჭიშკარს ვაღებთ და ჩემი მოტანილი სურსათით სახელდახელო სუფრას ერთობლივად ვაწყობთ. „ორდე ბიძია, _ მივმართავ ახალშეძენილ დოსტს და თან ღვინის ბოთლს საცობს ვაძრობ, _ ხომ კარგად იცნობდი, შენ, ბიძაჩემს, _ უბრალოდ შეუძლებელია ერთი სოფლის მკვიდრებს ერთმანეთი არ სცოდნოდათ, _ ხომ კარგი კაცი იყო და ხომ არის იმის ღირსი, კაცს მოენატროს და მოვიდეს მის საფლავზე ჭიქა ღვინის წასაქცევად? _ იყო რომელია, ბიძი, _ მპასუხობს, _ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩემო ბატონო, დიდებული კაცი, ამ ბავშვის ამბავმა გატეხა საწყალი, თორემ რა უჭირდა, ერთი გლეხი თუ არის ამ სოფელში, ეგეც ქე იყო, მაგათ ოჯახში ძველისძველიდან მოყოლებული სხვაგვარი მადლი ტრიალებდა, სხვაგვარი კაცები იყვნენ…“ მე უკვე საფლავის მაგიდაზე მდგარი ჭიქები გამოვრეცხე და ახლა ღვინით ვავსებ, თან ორდე ბიძიას ვესაუბრები: „სტუმრისთვის არაფერი ენანებოდა და ნათესავისთვის, რამდენჯერ მახსოვს, საზამთროდ შეშით დატვირთული ხემზიდით მოგვადგებოდა და საჩუქრად დაგვიყრიდა, თავს იკლავდა მამაჩემი, რად მინდა, ბიჭო, შენი დაგვა-წვალებით მოჭრილი შეშა, სადღაც გაგეყიდა და იმ ჩემი საწყალი დისთვის მიგეტანა ორი კაპიკიო, მაგრამ გაგიგიათ, არაფრით არ იზამდა, დედა და მამა (სიდედრ-სიმამრზე ამბობდა) ჩემი მოტანილი შეშით უნდა გააღუნღულოთ ამ ზამთარსო. ამას მოიმიზეზებდა და შეშას თავად ჩამოტვირთავდა ძარიდან, რამდენი ვთქვა, ორდე ბიძია, კაცური კაცი იყო ჩვენთვის, სანათესაოსთვის და ასეთივე იყო მგონია სამეზობლო-სანაცნობოსთვის…“ „ნამდვილად, ჩემო ძმიშვილოო“, _ კვერი დამიკრა ორდე ბიძიამ და ხელში აღებული ჭიქაც ჩემთან ერთად შემართა სადღეგრძელოს დასალევად. „ჰოდა, რახან ეგრეა, _ ვეუბნები, _ მოდი ამ კაცური კაცის ხსოვნისა იყოს, იმიერი გაუნათლოს და ღმერთმა სასუფეველში დაუმკვიდროს მარადიული განსასვენებელი-მეთქი“. „აგრე იყოსო“ _ იმანაც და მსუბუქად მიჭახუნების შემდეგ ორივემ ასევე ჩუმად გამოვცალეთ ჭიქები. ჩამოვსხედით ამ გარემოებისათვის გამართულ ქვის სკამზე და წამით ჩამოვარდნილ დუმილს მივაყურადე. სხვაგვარი სიჩუმე იცის სასაფლაომ, ქვეყნიერების ამაო ფუთფუთისაგან ყოველთვის დაცლილია იქაურობა. სასაფლაოს ქვეყნის უმთავრესი მაგისტრალიც რომ ჩაუდიოდეს გვერდით, დააკვირდით, უზარმაზარი სატვირთოების გნიასიც კი ვერაფერს აკლებს იქ გამეფებულ მყუდროებას. რაღაც დრო ისე გავიდა, არცერთს ხმა არ გაგვიღია. შევცქეროდი შავი მარმარილოს ქვაზე ამოხატული კაცის ასე ახლობელ და ასე ტკივილამდე შორეულად ქცეულ ნაკვთებს და თვალწინ ცოცხალი ხატი მიტრიალებდა, მისი ბურდღუნა ხმა ჩამესმოდა, ყოველთვის რაღაც საოცარი სითბოთი გაჯერებული რომ იყო. მახსენდებოდა ჩვენსას შემოლაჯებული როგორ ყლუპ-ყლუპად იპირქვავებდა სახელდახელოდ გაშლილი სუფრიდან ღვინით სავსე სასმისს ხახაში და როგორ როხროხებდა ბახუსით შეხურებული: _ ჰახ, ჯიმაჯამი! ხოლო ლაუ, ხოლო ლაუ! (მთელი ბავშვობის განმავლობაში მესმოდა მისგან ეს სიტყვები და სულ მიკვირდა: ვინ ლაუ, რა შუაში იყო ამ სიტუაციაში ვიღაც ლაუ ან რატომ და ვის უნდა ჰქონოდა მისი იმედი! _ გაურკვეველი იყო…) ჩქიმი ჯიმაში ოხორუს ვორექ, ჩქიმი წერეთელხეში ოჯახის! (წერეთელხეს ანუ წერეთლის ასულს დედაჩემს ეძახდა მოფერებით და ერთგვარი სიამაყითაც)…
უფროსი ვაჟიშვილის დაკარგვის შემდეგ მართლაც ძალზე შეიცვალა იგი, მაგრამ ვერაფრით გულალალობა და მფანტველობა ვერ მოიშალა. წამოვიდოდა, საცოდავი, ამ სასაფლაოზე მარტოდმარტო და შვილის საფლავთან მოსაუბრეს ჩაეძინებოდა აქვე ქვაზე მიგდებულს. ტყის ჩეხვისას რომ ხელის თითები წაიცალა ნაჯახის უნებური დარტყმით, შენ წარმოიდგინე, მას შემდეგაც კი არ მოუშლია დამახინჯებული ხელით მოჩეხილი ხე-ტყის წარამარა დარიგება, მისიანების, განსაკუთრებით ბებიაჩემის ანუ სიდედრის საყვედურზე პასუხი მუდამ გამზადებული ჰქონდა: ჩემს შრომას ვყიდი და ვხარჯავ, დედა ბატონო, სხვისი ხომ არაფერი გამიფუჭებიაო. თანაც ამ თავის „დედა ბატონოს“ იმდაგვარი ინტონაციით ამბობდა, სინანულიც რომ გამოსჭვიოდა და გაკვირვებაც ვერგაგების გამო. _ ამას კი დასტყუებდა ბებიას, რომელიც მერე დიდხანს წუწუნს უნდებოდა, ოჯახი დაექცა, ვინც ჩემს ქალიშვილს ეს გაურიგა, ხომ დაადნო და მოინელა ის გაჭირვებული ძღაბიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე მისულიყო და მამიდაჩემს ქმართან გაშორება მოეთხოვა, პირველი ბებია დადგებოდა სიძის მხარეს, რადგან უყვარდა ეს უზარმაზარი ტანისა და ჩვილი გულის პატრონად დარჩენილი ბავშვი, ებრალებოდა და ყოველნაირად ცდილობდა ხელი შეეწყო „ტყაჩუს გამნარყის ხელში ჩავარდნილ ქალიშვილისათვის“. ამათ რომ მისი ფუჭი შრომა ენანებოდათ, იმას საერთოდ ვერ იგებდა ბიძაჩემი. „ფუჭი რად არის, კაცოო! _ იცოდა თქმა, _ კაცის ნაშოვნია და კაცმა მოიხმარა, აბა, ეშმაკს ხომ არ მიუგდებდაო“. შინ რომ დიდი რემონტები არ ჰქონდა ან თვალისმომჭრელი დგამი არ ედგა, სულაც არ აჯავრებდა. დაკარგულად სულაც არ მიაჩნდა, მთელი სეზონის ნაწვალებს თუ ერთ დღეს დატოვებდა დახლიდართან. თავისი გულის ჭიაც ხომ უნდა გაეხარებინა, აბა რაღა ექნა, ხომ არ შეიძლებოდა სულ მანქანასავით მომართული ყოფილიყო სამუშაოდ.
ეს ვაჟიც მამის ალიკვალი გამოვიდა, მასავით ცხოვრებისთვის დაუმცხვარი, რაღაც უცნაური თიხით მოზელილი. არც თავისის დაფარვა და შენახვა იცოდა და არც სხვისას უფრთხილდებოდა მაინცდამაინც. თითქოს გრძნობდა დიდი ხანი რომ არ უნდა მოეთია მზისქვეშეთში, ყველაფრის მოსწრებას ჩქარობდა, ყველაფერს ეპოტინებოდა, ცოლიც მალე შეირთო, როგორც კი საშუალო სკოლა ვაივაგლახით მიახრჩო. ხომ გეუბნები, სხვაგვარი წყობის ხალხი იყვნენ, ამასაც, ამ ცოდვის დღეს გაჩენილს, ორმოცდაშვიდი ზომა ფეხი შექნოდა, საბჭოთა ჯარში რომ გაიწვიეს, მახსოვს მოვიდა ჩვენსას და რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ აიჩემა ახლა სახლში უნდა წავიდე მეო, უშალეს გვიან არის, ბიჭო, ავტობუსები სადღა იქნება და დარჩი აქო, უშალეს, მაგრამ დაიშალა? ავტობუსით რატომ უნდა ვიარო, რა, ტაქსი გაწყდა ქვეყანაზე, ფული არ მეშოვება თუ არ დამმშვენდება ტაქსით შინ მიგრიალებაო. გზად გამოვაცილე, რომ არ გაჩერდა და მაშინ მითხრა, მე რომ ახლა ჯარში მივდივარ, იქიდან ჩამოვალ თუ არა კიდევ საკითხავიაო, ამ მკლავს რომ უყურებ, სამი ფუთი ისეა და თუ გავაქანე ცხრა ფუთი ხდება, ტყუილია, ივანს თავს არაფრით დავაჩაგვრინებო. ისე კარგი აგვხდომოდეს ყველაფერი, როგორც მაგან დანაქადნები აასრულა. გადააყოლა თავი ამ უაზრო ქადილს. ვიღაცა მისი ცოდვით სავსეს ჩექმა მოეპარა და რაღა დიდი მოძებნა დასჭირდებოდა, ერთი რუსის სერჟანტი ყოფილიყო მასავით ორჯოყონი, ქვეყანაზე დაუტეველი, იმას შექნოდა გული ამის ხარჯით ჩექმების გაახლებაზე. ამანაც, ხომ იცი, როგორ იყო მაშინ, ჯარში, სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, ქართველს თავისი „ვერხი“ უნდა სჭეროდა, ურტყა და ურტყა დაუზოგავად, ისე უნორმოდ მიასიკვდილა, კაცად აღარ ივარგებდა არასოდეს. ჩექმით დაიწყო და იმად იქცა, რომ გაასამართლეს ეს საწყალი და „დისბატი“ მიუსაჯეს ორი წლით. გამასწორებელმა ბატალიონმაც, იქაური სისასტიკე კი კარგად იყო ცნობილი, ვერაფერი გაასწორა და სულ კარცერებში ჰყავდათ გამოკეტილი. სულ რტყმევა და შიმშილი, სიცივე და გაუგონარი სისასტიკე ჰქონდა, მაგრამ არა და თვინიერი მაინც არ გახდა. საზღაურად კი ის გადაიხადა, რომ იმდენი ცემით ყვერები გადაუგვარდა, კიბო დაემართა და დაუძლურებულ-დაჩიჩიებული გამოაგზავნეს იქიდან. გამოაგზავნეს კი არა, ვიღაც გამოაყოლეს, ოფიცერი, როგორმე სახლამდე მოსვლაში არ გარდაცვლილიყო. სამხედრო უწყებას კაცის სიკვდილი რაში ედარდებოდა, მისი საფიქრალი ის იყო, სიკვდილი მას არ დაბრალებოდა, სახლამდე ცოცხალი ჩასვლა დაფიქსირებულიყო. ასეც მოხდა, ისე ჩვენმა მტერმა იცოცხლა, როგორც და რამდენიც ამან გაძლო, სამითუ ოთხი თვე უყურა სამი წლის შემდეგ ხელახლა შეყრილ ახალგაზრდა ცოლს და მისი წასვლიდან მალე შეძენილ ვაჟიშვილს, წაიქცა და აღარც წამომდგარა, ბიოლოგიის კაბინეტში რომ ჩონჩხი გინახავს ადამიანისა, ის კიდევ კარგი შესახედავია, ეს რომ მიწაში ჩავიდა.
_ მოდი, ორდე ბიძია, ჰამლეტის მოგონებისა იყოს, თავიც დაიღუპა ამ საცოდავმა და ოჯახიც დაამხო. მისი სიკვდილის მერე მამიდაჩემს ხომ შავი არ გაუხდია, ბიძაჩემის სიცოცხლის მოსწრაფებაც ამ ამბის ბრალია, სანახევროდ აქ ათენ-აღამებდა და თავი არ ეზოგებოდა.
_ ვიცი, ბიძიკო, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი მაგი ამბავი, რამდენჯერ შევხვეწებივარ, წადი, ბიჭო, შინ ან აგერ მაინც შემოდი, ჩვენთან გადაითენე-მეთქი, მარა გაგიგია…
ჩვენ ისევ ჭიქებს ვუჭახუნებთ ერთმანეთს და ვცლით ისევ ჩქამგაუღებლად.
ბინდის ფრთა უკვე ამოეფარა ცის ლურჯად მოჭიქულ ლამბაქს. სადღაც ანაკლიის გადაღმა ჩადის, ალბათ, ახლა მზე და ულამაზესი დაისით ამკობს ცის კიდეს იმ მხარეს, საითაც ღამის გასათევად საბუდარი შეუგულებია. ზემო სამეგრელოს წითლად აღუდღუდებული საღამოები რაღაცნაირი მომხიბვლელი სევდით აღავსებენ ადამიანის სულს. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ, სასაფლაოზე კი არა, სადაც ვყოფილვარ და შევსწრებივარ მზისა და დედამიწის გაყრას სამეგრელოში, საოცარ სევდას შევუპყრივარ, ერთდროულად კაეშანიც რომ არის და ტკივილნარევი სიტკბოც ახლავს თან. მიფიქრია კიდეც, ალბათ ასეთი საღამოების გამო მოგვრილი ამგვარივე განცდის შემდეგ თუ აუღიათ ხელში ჩონგური მეგრელის ასულებს, კოჭებამდე რომ სცემდათ ნაწნავები და მათ სევდიან ჰანგებზე დაუმღერებიათ უამისოდ ამოუთქმელი ვარამის გამმხელელი უფაქიზესი სიმღერები, თითქოს მზის დარდიანი გულის მოძახილი მოუხელთებიათ და მიწიურთათვის საცნაურ ჰანგებად და ბგერებად ერთმანეთში ჩაწნულ-ჩაგვირისტებულნი უსახსოვრებიათ მშობლიური კუთხე-ქვეყნისათვის. ასეთი სულის გამაკეთილშობილებელი დაისი იფერფლებოდა ცის დასავალზე ახლაც და ასე მეგონა სხედან სადღაც წყავის ფართო ფოთლებით დაჩრდილულ, კოინდარით მოხასხასებულ ეზოში გრძელნაწნავიანი მეგრელი ასულები, მუხლებზე რომ დიდი სასოებით დაუსვენებიათ მოჩუქურთმებული ჩონგურები და მორცხვი, წარბებსქვეშიდან გამოკვესებული ნამალევი მზერით გამომცქერლები მორიდებით გვიგზავნიან სევდისა და სიამის უხილავ ტალღებად გარდასახულ საკუთარ ღელვებს, სიხარულებს, დარდებს და ოცნებებს, ტკივილებს და განცდებს, სულში რომ გვეღვრებიან და ნეტარებაშეჟღენთილ ფორიაქს განგვაცდევინებენ.
ბინდი სწრაფად წვება ზემო სამეგრელოშიც, ისე როგორც იცის ეს მთიან ადგილებში. დაბნელებასთან ერთად, როგორც ქვეყნიერება დაიცალა ნათლისაგან, მეც დავიცალე ყოველგვარი განცდისაგან, გარდა უსაშველო კმაყოფილებისა იმის გამო, რომ აქ მოვედი, ამ კაცის სახელმა თუ სისხლის ძახილმა მომიყვანა და მაიძულა პატივი მიმეგო მისი ხსოვნისათვის. ახლა ერთი რამღა მინდოდა, მალე წავსულიყავი აქედან და წამეღო თან ჩემს სულში დანთებული პატარა ნაპერწკალი, რომლის გაღვივება უკვე მხოლოდ დროის საქმე იყო.
სახლამდე კვლავ საუბარ-საუბარში მოვედით მე და ჩემი ახალი ნაცნობი. ჭიშკართან მისულებს მოულოდნელი და უსიამოვნო სიახლე დაგვხვდა. ტაქსისტს მოსწყენოდა თუ რა იყო, არავისთვის არაფერი ეთქვა, ამდგარიყო და გაეტია იქიდან. ფული იმთავითვე მქონდა გადახდილი, გულშიც არ გამივლია, რომ შეიძლებოდა ასე მივეტოვებინე. გავმწარდი, მარა რა გავმწარდი, სულ ცოფები ვყარე და მკვდარი და ცოცხალი ვუკურთხე იმ არაკაცს, მაგრამ რაღას გავაწყობდი. ორდე ბიძიამ კარგა ხანს მაწყნარა და როცა ღამე მასთან დარჩენაზე გადაჭრით ვუთხარი უარი, _ ჩემი ხანტურია წაიყვანეო, _ თავიდან ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, აღმოჩნდა ცხენს მთავაზობდა. ეს მეც დამიჯდა ჭკუაში და დავეთანხმე. ცხენს მამიდასთან დავტოვებდი და პატრონიც წამოიყვანდა როცა შესძლებდა. შვილიშვილს გასძახა, _ არიქა, ბაბუა, ხანტურიას შეკაზმაში შემეშველე, თუ ჩემი ბიჭი ხარო და იქვე მომიბრუნდა: ეგება დარჩენილიყავი, ბაადურ ბიძიკო, გადაგეთია ჩვენსას ეს ღამე და ხვალ უშიშრად წასულიყავი, ვინ იცის ამ ღამეში ვინ ოხერ-ტიალს გადაეკიდები, რაიმე უბედურებას არ მიეწიოო. არაფერი მიჭირს, ბიძაჩემო-მეთქი, ვეუბნები, უარეს დროსა და უარესი გზებითაც მივლია, მაინც არაფერი მომწევია, ან ახლა რა უნდა მომივიდეს, ხვალ დილით რომ ერთ ადგილას უსიკვდილოდ არ მივიდე, არაფრით არ გამოვა, ფეხითაც რომ მომიხდეს, უნდა ჩავიდე-მეთქი.
თოთხმეტიოდე წლის ბიჭმა მომიყვანა მართლაც დახატული ცხენი. აი, თურმე რატომ ქვია ხანტურია!.. მსიამოვნებს ყურება, ისეთია, მაგრამ რად გინდა… ვერა და ვერ შევჯექი და რომ ავაფორთხდი ზედ რამდენჯერმე, რის ვაივაგლახით, თავი ვერ შევიკავე და გადმოვვარდი ისევ. ერთი სიტყვით ხანტურია კი აღმოჩნდა კარგი ტაიჭი, მაგრამ ჩემისთანა გამოუცდელი მხედრის საწვალებელი ნამდვილად არ იყო. შევეშვი ბოლოს, გამოვემშვიდობე გულღია მასპინძელს და ფეხით დავადექი სოფლის შარაგზას, ახალამოსული მთვარის შუქით გაღადღადებულ სავალს.
მამიდას შესახვევს ისე ჩავუარე, არც კი მიფიქრია შებრუნება, რაც მომივა მომივა-მეთქი, მტკიცედ გადავწყვიტე და გავაგრძელე გზა.
არადა, სულაც არ აღმოვჩნდი განწირული: სოფლის მოედანზე რომ მანქანა დამხვდა, ეს კიდევ არ იყო სრული გამართლება, მაგრამ ერთი გზაც რომ აღმოგვაჩნდა და დამიმგზავრეს, იმ ოჯახაშენებულებმა, სასწაულის მეტს რაღას უნდა მივაწერო, მითხარი ერთი, თუ ძმა ხარ!..

2006 წელი

სანამ მეოთხე ფრთაც ამოგეწვერებოდეს…

„კომიზმიც ხომ აბსურდია!“
ეჟენ იონესკო

არა, დაბდურა კაცი როგორ არ მინახავს?!. მინახავს, შემხვედრია, გამიცვნია, ბოლოს და ბოლოს, მის შესახებ წიგნში წამიკითხავს, ფილმში შემიხედავს. თუმცა ცხოვრებაში, ცხოვრებაშიც… და განა ერთი და ორი,… მაგრამ ეს როა?!.
ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, ასეთებიც სხვადასხვაგვარად არიან დამთხვეულები. ზოგი უცნაურიცაა და საშიშიც, მოულოდნელი გამოხდომა იცის იმგვარი, სისხლს გაგიყინავს ძარღვში. ზოგის ფეთხუმობასაც ის განსაზღვრავს, რომ განდეგილად უჭირავს თავი, მუდამ მარტოსულია, განკერძოებული, არავის შეუშვებს საკუთარ შემორაგულში, არავის გააჯეჯილებს თავისი სულის საბალახოში. ამას ადვილად ვერ შეატყობ, რა იშვიათი არსებაც ბრძანდება.
_ დედიკოს სახელი ტოჩი, ბრატ, პასპორტში ოთარი მიწერია, ჯაგა!.. _ წინადადების ბოლოს გატანილი პირობითი თიკუნიცა და შუაში ჩართული „ბრატიც“ შენ გეკუთვნის, დიალოგში ვინც ხარ ჩართული, თუმცა და ეს, ვფიქრობ, არ გაგაკვირვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, ქუდოსანი თუ ხარ, რადგან მანდილოსანთაგანი ყველა „სესტრაა“ ან „დაიკო“ მისთვის, სრულიად უსუარი იქნება თუ ცხოვრებასთან ჭიდილში გადახრჩუებული ბერქალი…
_ ორი სახელი რად გინდა, ბრატ? _ უფრო შაყირისთვის ეუბნები, ვიდრე მისი ბიოგრაფიის სათავეების „გასაიასნებლად“.
_ რა ვიცი, ჯაგა, ნათლიას დარქმეული სახელი არ მოწონებია საპასპორტოში ვიღაცას… _ ვეღარც კი ამჩნევს, „დედიკოს“ სახელს რომ ნათლიასად მიგასაღებს, _ მუშო გოკო, ბრატ, თე ამბე, თიში დიდა ფხ-დი, ოშ წანა რე მუკულირი, თიმ დღაშ უკული!.. _ ამას უკვე თავისთვის, მაგრამ არცთუ ჩუმად ჩაილაპარაკებს, ხვდები, სიბრაზე და არაყი ერთად ურტყამენ ალყას მისი ტვინის უამისოდაც ჩამორღვეულ გოდოლებს და შიგადაშიგ ციტადელის წიაღაც ახერხებენ შეჭრას. ამას ცალკეული თანხმოვნების კარტეჩივით გადმოყრასა და დაელმებული თვალებიდან გამომსხლტარი ნაპერწკლების დაკვესებაზე ატყობ. უფრო ის აბრაზებს, გაუთავებლად, ყოველ შეხვედრაზე რომ ერთი და იგივეს ეკითხებიან, თორემ გასაცეცხლებელი არც არაფერი თქმულა შენი მხრიდან. იცი ისიც, რომ ეს სიბრაზეც გაზუთხული გაკვეთილივითაა, ელოდება ამას რომ აუცილებლად შეეკითხები, თანაც იმ თავშივე, საუბრის დასაწყისში და გაბრაზებაც ხელში მოუმარჯვებია.
_ ბრატ, დაგისხამ არაყს, კიდო, თუ აღარ გინდა მეტი?! _ მაკრატლით შემოყოლილი თარგივით შემოაკეცავს კალთებს მის სიბრაზეს დედაშენის მიერ სავსებით დროულად გამოთქმული მეტად მიმზიდველი წინადადება, უფრო მოვალეობის მოსახდელად რომ არის წაცდენილი, ვიდრე ასასრულებლად. ქე მაინც არ იცოდეს დედაშენმა, რა უარის მთქმელიც ეგ არის, მით უფრო ახლა, როცა გულზე ბოღმა და ჯავრი აქვს შემოხორკლილი, ზღვაში წლობით ჩასობილ ლითონის ბოძზე აკოკოლავებული ხამანწკებივით. პასუხად არაფერს ამბობს, უკვე გაუთოვებული ნაოჭების ისევ მობოჭვას ლამობს შუბლზე, რათა პრობლემებით გულდამძიმებული კაცის იერი დაიდოს, მაგრამ არ გამოსდის მაინცდამაინც დამაჯერებლად. დედაც უსიტყვოდ აპირქვავებს ჩვენს საღვინე ჭიქებში თითქმის ძირობამდე ამოსრუტულ ბოთლს, ყოვნდება სანამ წვეთების კაპკაპით ჩაიცლებოდეს სითხე იმის ჭიქაში და მერე სამზარეულოში შედის სასმელის ახალი პორციის გამოსატანად. _ გეყოფათ ახლა, გამოლენჩდება ეს უბედურ დღეს გაჩენილი და ჩემმა მტერმა უსმინა მერე… _ ეს ცალყბად, შენს გასაგონად არის თითქოს მოსაიდუმლოებული, მაგრამ ისეც, გამგონმა რომ უნდა გაიგონოს. თუმცა წაყრუება ასეთ მომენტში ყველაზე საუკეთესო საშუალება რომაა, არაერთხელ აქვს დადასტურებული საკუთარი გამოცდილებით შენს მეინახეს და ცოცხალი თავით როგორ დაეხსნება მესამე სახარების ხსენებას.
_ ბრატ (ქალი ხან „სესტრა“ თუა და ხანაც „დაიკო“, კაცმა რაღა დააშავა, რატომ „ძმაო“ არ არის და მარტო „ბრატია“, ვინ გეტყვის?!), ხუთი თუმანი უნდა მასესხოთ, ხომ იცი, ჯაგა, საკუთარი ალალი შრომით ვარ დამბრუნებელი…
დამბრუნებელია, ნაღდი დამბრუნებელი!..
რავა, წავიდეს უნდა სადმე, ქვეყანა მოიაროს, ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გადალახოს თუ?.. ხვალვე მოგვადგება, თოხი არ ექნება საძებნი და ბარი, შრომის ფრონტი კი გამოულევლად არის ჩვენს ეზოში, ამოდენა მეურნეობის პატრონს სახანდოს რა გამოულევს? საუზმე თუ სადილ-ვახშამიც გარანტირებული აქვს, დასალევიც ასარჩევად, სიგარეტსაც მიართმევენ თუ ნამუსს გადავა და იტყვის თამბაქო გამომლევიაო… იმდენხანს და იმდენ დღეს იმუშავებს, რამდენსაც მოიგუნებებს. გულიანად თუ იშრომებს, გადასახდელი დარჩება კი არა, პირიქით დაგვადებს ვალს.
შრომა კი იცის თავმიცემული და გულიანი. მიფურცუხება მისი ხელიდან არ გამოვა. რასაც აკეთებს, ისე აკეთებს, გეგონება საკუთარ ეზოში ტრიალებსო. გულჩვილი, კეთილი ხასიათის კაცია. „ალალი ბიჭი ვარ, ჯაგაა!“ _ იცის თქმა, თანაც ისე დაბეჯითებით იტყვის ხოლმე (ჯ-ზე აკეთებს ინტონაციურ აქცენტირებას), ისღა გრჩება, უყოყმანოდ დაუქნიო თავი და ირწმუნო, რომ ამგვარი უწყინარი ანგელოზი იყო ყოველთვის.
არადა, ერთი ოხერი რომ ყოფილა თავის დროს?!. _ ზედვე, ტანზევე არ ატყვია ახალგაზრდობის ონავრულ დღეთა მთელი გალერეა? ზაფხულის თაკარა სიცხეში რომ აულაპლაპდება მზეზე ბრინჯაოსფერი, გადაბმულ შრომით ვახტაზე გარუჯული სხეული, წელზემოთ გაშიშვლებულს. რა გინდა, ზედ რომ არ ჰქონდეს ამოქარგულ-ამოგვირისტებული. მართალი გითხრათ, შავი სამყაროს სიმბოლიკაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ამ სვირინგების მიხედვით, ის „რამკიანი“ მაინც უნდა იყოს ამჟამად და არავითარ შემთხვევაში ჩემთან ერთად თოხს არ უნდა ულაყუნებდეს კოლექტივსაგან იჯარით აღებულ, ოდესღაც ბეხრეკ, შემდეგ კი ჩვენი გარჯით ბაღნარად ქცეულ მიწაზე. სხვა ბევრი აღარაფერი, მაგრამ ცხადად მახსოვს ციხიდან მის მიერ საკუთარი სხეულით გამოტანილი რეპერტუარის გამორჩეული ნაწილი, ორივე ფეხზე, თითებისა და ტერფების შესაყარზე ამოსვირინგებული სიტყვები: „ვერ დაეწევით, ისინი დაიქანცნენ, მათ მოსვენება სწყურიათ“… და იმ თაობის ტატუს ქართველ მოტრფიალეთათვის აუცილებელი ფორმულა _ „ნე ზაბუდუ მატ რადნუიუ“…
სახე როგორი აქვს?.. ზედა კოპე და ყბები თითქოს ორი განსხვავებული თავის ქალადან არის აღებული და შეცდომით, სხვადასხვა ზომისანი, ერთმანეთს მიჭახრაკებული. კეფა-კინკრიხო-საფეთქელი უფრო განიერი, ყვრიმალებთან უცებ მოკვეთილი, შიგ შეჩრილი ყბის ორი მკვეთრად გამოხატული ძვლით, ნიკაპი და ცხვირის წვეტი შუაზე გაყოფილი აქვს, თან ცხვირის ღარი შრამითაც არის აქცენტირებული. წვერი ძირითადად მოუპარსავი, მაგრამ დისკომფორტს ამის გამო მაინცდამაინც არ უნდა გრძნობდეს. ჭვინტით ძირს დაქანებული სამკუთხედის ფორმის სახეს შავი, აქა-იქ ვერცხლისძაფგარეული, ბრტყლად დატკეპნილი, ჯერ კიდევ გრუზა ქოჩორი და ოდნავ განზე გაწვეტილი ყურები აგვირგვინებენ. საუბრისას ყბათა გარშემო კუნთების თამაში აშკარად ემჩნევა, კისერზე კი ძარღვები მალიმალ ებერება, რასაც ბოლო შტრიხები შეაქვს მის პორტრეტში.
ორმოცდახუთი-ორმოცდაშვიდისა, ჰა და ჰა, იქნება, მაგრამ სხეული კიდევ უფრო ჭაბუკური აქვს შენარჩუნებული, არც ზედმეტი ქონი, არც ზედმეტი ნაოჭი…
ახლა ამას რომ ვკითხო, რად გინდა ორმოცდაათი მანეთი-მეთქი, ჩემივე ხელით ავაპარპალებ ალს იმ ფითილზე, დენთის კასრთან რომ არის მიერთებული. ვიცი, ვიცი, რისთვისაც სჭირდება მაინცდამაინც ორმოცდაათი მანეთი. როცა ასეთ მრგვალ თანხას სესხულობს, აუცილებლად მილიციასთან აქვს საქმე გართულებული.
_ ბანიამ დამღუპა, ბრატ, აბანაში ერთი წასვლა ხუთი თუმანი მიჯდება, ჯაგა, _ სიმწრით ამოთქვამს, ისეთით, შეგეშინდება ჯიგარი არ ამოუცდეს სასულედან და იქვე არ დაანთხიოს… თანაც მერამდენედ მეორდება ეს ტრაგიკომიკური სცენა შენი ეზოს ჭიშკართან, ხანაც ეზოში, თალარისქვეშ გამოდგმულ მაგიდასთან.
_ ხუთთუმნიანი რა აბანოა, ბრატ, „ცარსკიე ბანი“ ხომ არაა, სად დადიხარ ასეთ ადგილას? _ შენი ყასიდი კითხვის ინტონაცია საიდანღაც, უადგილობიდან და უჰაერობიდან მოხმობილივით ჟღერს, რადგან კარგად უწყი რატომაც უჯდება ოცდაათკაპიკიანი საზოგადოებრივი აბანოს საერთო განყოფილებაში ამსოფლიური ჭუჭყის ჩამორეცხვა ორმოცდაათი მანეთი, თანაც რატომ უმთავრდება ნამდვილ აბანოში ყოველი წასვლა „ვირის აბანოში“ თავის ამოყოფით…
_ არ გამიგე, ჯაგაა (არ-ს და ვერ-ს მეგრულის გავლენით ვერ ასხვავებს), აბანას ჩეკი ხომ ღირს ოცდაათი კაპიკი (უჰ, როგორ სულმოსწრაფებულად გამირბის წარმოსახვა იმ დაწყევლილი ოცდაათი ვერცხლისაკენ, სულ სხვა დროს და გარემოებაში რომ იყო გადახდილი…), საპონს ხომ უნდა ოცი კაპიკი, ზეწარსაც მანეთი, _ თითებზე ზარალის ჩამოთვლით გართულს სახე მთელი ტრაგიკულობით ექუფრება, რაკი დანახარჯის მთავარ ნაწილს მიადგა უკვე, _ სლიოხკიმ პარომ სტო გრამ ხარაშო, ბრატ, რა! აბანას მერე როგორ არ დავლიო, ჯაგა, სტო გრამს პივა უხდება, ჩამოასხმევინებ ერთს, მეორეს… იქვე, აბანასთან არ არის პივნია?.. ხომ იცი, სადაც არის? მერე, თავში რომ შეგიღიტინებს ის დალოცვილი, ქვეყანა შენი გეგონება და… მილიციაც იქვეა!.. ვოტ ტებე ი ხუთი თუმანი, ბრატ!.. მაინც საიდან გამოხტებიან ის შობელძაღლები, შორიდან იკრავენ არაყის სუნს თუ რა არის, ა? _ მისი შეკითხვაც რიტორიკის ყდაშემოცვეთილი ანთოლოგიის რომელიღაც გადაცრეცილ გვერდზე ამოკითხულივით ფარფატებს ჰაერში, თორემ თავად ჩემზე კარგად იცის უადგილო რომ არის იგი: აბა რა უნდა შუა ქუჩაში ბელადის ძეგლივით დაკოსებული და ხელების ქნევით თავისთვის მოლაპარაკე, რეზინის ჩექმებიდან ამოძგიბული კაცის შემჩნევას? _ ჯერ შემთხვევა არ მქონია, აბანაში წასულს მაგათი შაიკა არ ამკიდებოდეს, ძვალზე დაგეშილი ძაღლების ხროვასავით… ახლაც ეგერ, ხიდთან მელოდებიან, მანქანაში, ფული უნდა გავუტანო… იშო, ბრატ, ვაღირ თენეფიშ ხეს ცხოვრება!.. _ უკვე ძნელია გაარჩიო ვის ეკუთვნის დაჭყანული სახით წარმოთქმულ ამ უკანასკნელ სიტყვებში ჩაწნეხილი კატეგორიულობა, _ მილიციას, რომელიც, მართალია ქრთამის ფასად, მაგრამ მაინც უმსუბუქებს გართულებულ ვითარებას, _ მთავრობას, რომელიც ჯერ კიდევ წითელია, და ულმობელი არა მარტო მისთვისა და მისნაირებისათვის, _ შენს ოჯახს, რომლისადმი ერთგვარად მისთვის უსიამოვნო (თუმცა ახლა არაფრით არ უნდა ეს შეემჩნეს) დამოკიდებულებაშიც არის ჩავარდნილი საკუთარი დამთხვეულობის გამო, _ თუ ქვეყნიერებას, რომელიც ისე უსამართლოდ და სასტიკად არის მოწყობილი, რომ ასი გრამი არაყის დალევაც ვერ უპატიებია „ალალი ბიჭისთვის“.
ცოდვა გამხელილი სჯობს: ჩვენი სახლიდან გაწბილებული რომ არასოდეს წასულა, მუშახელის გამუდმებული საჭიროების გამო უფროა, თანაც მისი ნამუსიანობაც თამაშობს გარკვეულ როლს. მუშაობა სახალისოც კია მის გვერდით, ათას ამბავს იხსენებს და ჰყვება საქმეში გართული, დროც მიდის, გარჯაც ისე მძიმედ არ გეჩვენება, როგორც უამისოდ. დიდი მქუხარე და სახელოვანი ბიოგრაფიის პატრონი არ არის, ენციკლოპედიებსა და ცნობარებში შესატანი არაფერი მოუთავგადასავლებია, მაგრამ ყოვლად უმნიშვნელო კაცის ცხოვრებაშიც კი ყოფილა ხოლმე ისეთი ეპიზოდები, მოყოლად და მოსმენად რომ ღირს, თუნდაც იმის გამო, ჩვეულებრივი მოკვდავის ნაცრისფერ არსებობაში აქა-იქ თავჩენილი გამორჩეული ისტორიები ლეგა ღრუბელთა ასკეცად დაპლისულ ფენაში უცებ გამომკრთალი ნათელი სხივებივით რომ არის, თვალს მოგჭრის და ყურადღებასაც მიიპყრობს.
…და მეც მტაცებს ყურს მისი მონათხრობი. თვითირონიით ჰყვება, გატაცებით, ეს არც მიკვირს, ახალგაზრდობის დღეების მოგონება ყველაზე უსახურ ეპიზოდსაც გაახვევს რომანტიკულ საბურველში, მით უფრო ეცდები, თუ სხვა უფრო ყურმიმტაცი არაფერი გაქვს მოსათხრობი… სცენაზე გამობრძმედილი არტისტივით დაჰყვება ხმისა და ჟესტების მოშველიებით მის მიერვე მოყოლილი ამბავის აღმავალ და დაღმავალ მდინარებას. მაოცებს როგორ ახერხებს ამას, მაგრამ თვითნაბადი ნიჭი დაჰყოლია-მეთქი ვფიქრობ და ვუსმენ, თან ცალი თვალიც მისი ჟესტიკულაციის აღსაქმელად გამირბის. ორი ყლუპი არაყი თუ აქვს გადაყლურწული, ხომ საერთოდ ვერ გააჩერებ, იმდენად ამოუწურავია მისი გამომსახველობითი საშუალებების არსენალი. „დაიჭერს ამ ოხერს მილიცია, აბა რას იზამს, შუა პროსპექტზე რომ ამგვარ კონცერტებს გამართავს…“ ის კი გატაცებით ლაპარაკობს, ჰყვება და ჰყვება მორიგ ეპიზოდს თავისი სიყმაწვილისდროინდელი ეპოპეის კალეიდოსკოპიდან. კანტალს ეძახიან მეგრელები ამგვარ საუბარს, ლაქლაქზე მეტია იგი და კაჭკაჭისთავგადაყლაპულობას იტყვიან სხვაგან. პატრონისგან ღარში წყალმიშვებული და დროებით მიტოვებული წისქვილის დოლაბივით რომ ღერღავს და ღერღავს დაუსრულებლად. თავიდან სჭირდება მსმენელ-გამგონე, თორემ ეშხში შესული, რომც მიატოვო, მაინც ვერ გიგრძნობს, თავისას გარეკავს.
უსაშველოდ ამახინჯებს საგანთა სახელებს: „ბაკასი“ ბოტასია მისი წარმოთქმით, „ჯიმსი“ _ სწორად მიხვდით _ ჯინსია, „მაკარკა“ _ მაკარტნები, ანუ სათვალე, პოლ მაკარტნის გამო რომ გახდა მოდური თავის დროზე, „პირსიკოლა“ _ პეპსია და „ორჯონი“ კიდევ _ ბორჯომი. _ „ვლიკე თავი ბასიონში, ჯაგა!“ _ თავით აუზში გადახტომას ნიშნავს. ეს მოღვლარჭნილი მეტყველებაც ხდის საინტერესოს მის მონათხრობს, ვიცინით ერთად, ვამეორებინებთ გაუთავებლად იმ სიტყვებს, უკვირს, ალბათ, მაგრამ იმეორებს ხალისით, ოდნავი შეცბუნებითა და დაეჭვებით, რაკი ერთობლივ აღტაცებას და ხორხოცს იწვევს მისი ნათქვამი ნებისმიერ თავყრილობაში. მისი ჯილდო და პრემია ჭიქა ღვინოა, ან სირჩა არაყი, გულმოწყალედ გამოწოდებული მისი სიტყვებით შეხალისებული მეინახეების მიერ.
ერთგვარი მოხერხებულობაც არ აკლია, გლეხი კაცისათვის დამახასიათებელი გასაკვირველი სისხარტეც აზროვნებისა, უფრო დასავლეთის კუთხეებში რომაა შესამჩნევი გამოკვეთილად. გველივით ჭკვიანიაო, ასეთ დროს იტყვიან კაცზე, თუმცა იმ საწყალობელი არსების ჭკუისა რა უნდა მოგახსენოთ, თავისი სიჭაბუკის საუკეთესო წლები რომ უმოწყალოდ ჩაშრიტა უკიდეგანო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოფენილ ციხეებში…
„ბრატ, _ გაუთავებლად ვეკითხებით ყასიდად, _ ქურდი როგორ უნდა გახდე?“ „რა უნდა, მაგას, ჯაგა, იარე ქურდებთან, ქურდი იქნები, ძაღლებთან _ ძაღლი, პრაფისორებთან _ პრაფისორი…“ როგორი ადვილი ფორმულა აქვს ცხოვრების ავან-ჩავანის ასახსნელად და როგორი ზუსტი ჩანს ეს ფორმულა მისი მტკიცებით. არადა, მართლა ასე მარტივად რომ იყოს მოწყობილი ქვეყანა?!. ივლი პოეტთან პოეტი იქნები, აკადემიკოსთან _ აკადემიკოსი, მეფესთან _ მეფე, პრეზიდენტთან _ პრეზიდენტი! „რას მეკითხები, ერთი და იგივეს, ბრატ, ათასჯერ, არ მოგწყინდა, შე კაი დედმამიშვილო?!. რად გინდა, რაში გაინტერესებს?.. რა ხეირი მე დამაყარა, მაგ გზაზე სიარულმა… აი, როგორ უკუღმა მიდის ჩემი ცხოვრება! ვინ გაიხარა საბოლოოდ მაგ გზაზე სიარულით?.. კარგია შამპანურში ბანაობა, ბრატ, მარა, მოლანდებასავით მოკლე ყოფილა მაგ ამბავი. ძნელი კი სახელის გატანაა ბოლომდე. ვერ ხედავ, ორმოც წელს ვერ მიაღწია ვერავინ, ვინც ჩემსავით არ გატყდა და ლაფათქას არ მოკიდა ხელი!.. შენს საქმეს მიხედე და დაანებე ამ უაზრობაზე ფიქრს თავი!..“ _ სიბრაზე კამკამა მდინარეს შერთული მღვრიე შენაკადივით მოჟონავს ხმაში, მაგრამ დროულად ასწრებს მოთოკვას, სულ მალე სადილად უნდა დაგვიძახონ და ახლა ჩხუბი და გაქცევა როგორ იქნება! _ ესეც შენი გლეხური მოხერხებულობა!
„კოლია ციგანის ბანდაში (თვითონ ამბობს „ბანდას“ და ცოტა არ იყოს, ჩემს გაკვირვებასაც იწვევს) ვიყავიო, _ იცის თქმა. _ მაგარი ბანდიტი იყოო, _ დასძენს. _ ტურბაზაში ვგულაობდით, იქ გვქონდა ბაითიო. გალიფეში და აზიაცკებში ან ჩესუნჩის შალვარ-კასტუმში გამოწკეპილი დავდიოდით, ჯაგა, არ გეგონოს ასე ჩამოღლეტილ-ჩამოკონკილი ვყოფილიყო ყოველთვის, მაგარი ბიჭები ვიყავით, რა საქმეები არ გვიკეთებია, მარა კაცის სისხლი არ მმართებს, ისე მოვედი აქამდე, ადამიანის ცოდვა არ დამიდვია კისერზე… არადა, კი ამბობენ, კაციც უნდა ჰყავდეს მოკლული, თუ შემოკვდომიათ რაღაც შემთხვევის დროსო, მაგრამ მე მისი მინდა მჯეროდეს, მას ვენდობოდე, ახლა ის სიმართლეს უნდა ამბობდეს, ჩემთან საუბარი საკუთარ თავთან საუბარს უდრის და საკუთარ თავთან მოსაუბრე კაცი ყოველთვის გულწრფელია. _ უჰ, რატომ მოვკიდე ლაფათქას ხელი, მე მაგის დედაც!.. მე რომ მაკარკას გავიკეთებდი და მაკინტოშის პლაშს ჩავიცვამდი, ბრატ, მინისტერივით გავდიოდი ქალაქში. _ ამ დროს გამწარებით მოიქნევს ნიჩაბს და ჩაჰკრავს გაცრილი მიწის გორიკას ძალუმად. _ გავყოლოდი ბოლომდე ჩემ გზას, მარა დედიკო შემებრალა, ბრატ, ჩემი ძმაც ხომ ციხეში იჯდა, ოჯახს ერთი კაცი მაინც უნდა ხედავდეს, სხვაგვარად არ შეიძლება“. _ „ესეც შენი ყოველი ადამიანის სულში ჩაჭდეული სუპერპიროვნების მსხვრევის შედეგი!“ _ ვფიქრობ ჩემთვის, რადგან ამჟამად ფოლკნერით ვარ გატაცებული და ბევრ რამეს, მინდა არ მინდა, წაკითხულის პრიზმიდან ვუყურებ… ყოველ შემთხვევაში, კაცის ასე ძირეული ცვლილების სხვა მაგალითი მეტი არ მახსენდება და არც ის ვიცი დანამდვილებით, მართლა დაემუსრა ამას თავისი სუპერპიროვნება… მისი გარდასახვა საბოლოო მყუდრო ნავმისადგომის მონახვის შედეგია თუ მხოლოდ დროებით საყუდელში გარინდებაა ქარიშხლებით ატორტმანებულ ოკეანეში უკანმოუხედავად ხელახალი შევარდნის წინ…
ყველაფერს ხომ დასაწყისი აქვს და ამასთანაც პლიაჟზე წვრილმანი ბაცაცობით და ველოსიპედების წაპვნით დაწყებულა „საქმეებზე სიარული“. „ველისპერტი ჩემ ბავშვობაში მაგარ ხოდში იყო, ბრატ, _ ვიპარავდით და იქვე ვასაღებდით, უცებ ვიცლიდით ხელს, ორას, ორასორმოცდაათ მანეთად ვუშვებდით, ჰო, ახლანდელი ოცი-ოცდახუთი მანეთია, ბრატ, მარა რას ვაგებდით, ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები იყო თუ, რა?!. ჩვენი ლეჩებნიცა სანამ აშენდებოდა, კურორტნიკები დიკარია მკურნალობდნენ ცხელ წყალზე. პირდაპირ ეყარენ თხრილში ის შობელძაღლები საათობით, ვის იქვე ეძინა და თავის დროს ელოდებოდა. მოგვიანებით რეშოტკა შემოავლო მთავრობამ იმ ტბორს და ახლა უცხო თვალისაგან დაფარულად იღებდნენ აბაზანებს მსურველები. ვინ იქნებოდა, ბრატ?!. ძირითადად რუსები იყვნენ, ხომ იცი, ეგენი არიან მაგისთანა რაღაცების ახოტნიკები. ზოგი რომ ხუთ ნომერ ავტობუსს დაჰყვებოდა, მაშინ, ჯაგა, ტენტიანი ავტობუსები დადიოდა აქეთ, ზაფხულში სახურავმოხდილი დადიოდა და დავქაქალებდით ჩვენც, როცა დავყვებოდით. კურორტნიკებიდან ზოგი ფეხით, ზოგიც ველისპერტით მოდიოდა ამ სასწაულად მიჩნეულ გუბურაში საჭყუმპალაოდ. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მესერთან აყუდებულ ველისპერტს რამდენიმე მეტრზე ჩუმად გამოვაგორებდით, მოვახტებოდით და, ჰაიდა, ნახევარი საათის მერე პატრონი კი არა ეშმაკი ვერ მიაგნებდა მის ნაკვალევს… ერთხელაც, ბრატ, მივუახლოვდი ამ მესერს, საღამო ხანია, მაგრამ ასეთ დრომდე კიდევ რჩებიან ზოგიერთები, ძირითადად ველისპერტიანები, რადგან ტრანსპორტზე დაგვიანების არ ეშინიათ. გავიხედე, მიუყუდებია პატრონს რეშოტკაზე გაბარბალებული ხევეზე, ველისპერტი იყო ასეთი, ბრატ, უკრაინული, მაგარი… მაგარი!.. თვითონ გუბეში ჭყუმპალობს, ალბათ, და ვერც წარმოიდგენს ისე ადვილად დაკარგავს ამ თავის ტრანსპორტს. გამოვაგორე რამდენიმე ნაბიჯზე, გავაქანე და რომ მოვახტი უნაგირზე… რაღაცამ მაგრად მომქაჩა და გამომაცალა ბაყვებიდან ველისპერტი… _ ამას რომ ყვება ხელებს ისე იშვერს, თითქოს საჭე ეკავოს, წელშიც იდრიკება და მუხლში გახრილ ფეხსაც ისე სწევს მაღლა, თითქოს ველოსიპედს უნდა მოევლოსო, თან დაუოკებელი ულაყივით ხვიხვინი ამოსდის მკერდის სიღრმიდან… _ ამ დროს ღობის გადაღმიდან ყვირილიც მომესმა: ტიხო, ეი, ტი, ნოგუ ატარვიოშ, იობ თვაიუ მატო! თურმე, იმ ახვარს ბაწრის ერთი თავი ველისპერტისთვის რომ გამოუბია, ბრატ, მეორე, ღობის მიღმა ფეხზე ჰქონია დახვეული, იმ ტალახიან წყალში მოგორავეს. შევეშვი, აბა რაღას ვიზამდი? კაცი ფეხს წირავდა რკინის გულისთვის, და ეს ისე მოულოდნელი იყო, ბაწრის გადაჭრა და ველისპერტის წაყვანა აზრადაც არ გამელვებია… მერე, ბრატ, მალე, როგორც გითხარი, კოლია ციგანთან ამოვყავი თავი და იქ სულ სხვა ცხოვრება, სერიოზული საქმეები დაიწყო…
ვინ იყო ეს მისი კოლია ციგანი, ორმოცდაათიანი წლების ქალაქის რისხვა, ამჟამად აღარავინ იცის ამის გარდა, და ესეც რომ წავა ამ ქვეყნიდან, თან წაიღებს მისი მეთაურის წამალგადაცლილი ძველისძველი ფოტოს დარად გამოხუნებულ სახებას და სახელს, მის გონსღა რომ შემორჩენია… ქურდი და ავტომანქანის საჭესთან ჯდომა? ტი შტო, ბრატ, ქურდი შოფერი ხომ არ არის?!. ასაბნიაკები და ბაითები გვიშენებია კი არა, პამიდორი არ გვიჭამია, წითელი რომ იყო, იმის გამო, კომუნისტების საყვარელი ფერის საჭმელიც არ გვინდოდა, ჯაგა. ახლა სადღაა, ბრატ, ქურდი? ქურდები მაშინ იყვნენ, თუ იყვნენ!.. _ ამ დროს თვალები უცხოდ წამოენთება და სადღაც შიგნით, საკუთარი არსების წიაღში მიექცევა დაბინდული მზერა, ალბათ ყველაზე სანუკვარს ეხება, ყველაზე ძვირფასს, მომავლისათვის გამოზოგილს, სათუთად გადანახულს, თუმცა სადა ჰყავს ძირი და მომავალი?!. ერთი კი არა, ორი-სამი ნაგვიანევი მცდელობაც კი ჰქონია, მართალია, დაოჯახებისა, მაგრამ არაფერი გამოსულა ამ უსახელო წამოწყებებიდან. თუმცა ყოველი ეპიზოდი მოარულ ანეგდოტად დარჩენილა საახლობლო-სამეზობლო წრეებში და აქამდე სიცილ-ხარხარის მიზეზი ხდება გახსენებისას. საცოლის გადასანახულებლად მისულ სასიძო კაცს რომ ქალი არ მოეწონება და ხელის ჩამორთმევაზე საპატარძლოს „გამარჯობა, დაიკოო“ ეტყვის, კი გაიხდის თავს საქილიკოდ და სალაზღანდაროდ, მაშ რა იქნება?!. _ მაინც რატომ უთხარი უარი, რა ამნაირი მახინჯი იყოო! _ ჰკითხა ვინ იცის მერამდენედ ერთმა მეზობლის ქალმა, შეუხედავობის გამო მკვდარი ჟუჟუნა თვითონ რომ ჰქონდა ფარულ მეტსახელად აწებებული. _ უჰ, შენზე უარესი, სესტრაო, _ არც შეყოყმანებულა, ისე მიახალა და სახტადაც დატოვა, ათასჯერ ერთი და იმავეს გაგონებით გაბეზრებულმა. _ დიდა, დიდა, უყურებ შეეენ, რა მაკადრა ამ გამონიჭებულმაო! _ ამის ამოლუღლუღებაღა მოახერხა თავად დამბლადაცემულივით გაშტერებულმა ჟუჟუნამ.
სხვა დროსაც სხვას ჰყვება საკუთარი ინტერპრეტაციით და ოსტატობით, ერთი და იგივე ფრაზის აკვიატებული გამეორებით. მისი მონათხრობი საზოგადოების მხიარულების მიზეზი რომ ხდება უმეტეს შემთხვევაში, სტიმულს აძლევს ყოველ ახალ მოყოლაზე მეტი იმპროვიზაცია მიატანოს, მეტი მარილიანი იყოს მის მიერ წარმოსახული ესა თუ ის სცენა. შთამბეჭდავი კი უეჭველად არის ამ კაცის მიერ ერთი მსახიობის თეატრში გათამაშებული ყოველი მიზანსცენა. შთამბეჭდავია და… გულწრფელი. ალბათ იმიტომ, რომ მსახიობიც თავად არის, პიესის ავტორიც და რეჟისორიც ამ თეატრისა.
_ არა, ბრატ, მთვრალი ვიყავი იმ ღამეს და არაფერი გამიგია, მერე კი მივხვდი, რა ქალიშვილობაც ებარა, მაგრამ ისე ლამაზი იყო, ის შობელძაღლი, გასაგდებად დამენანა, ვიფიქრე არც მე ვარ დიდი პრაფისორი, იყოს, თუ შევეგუეთ ერთმანეთს, დავიტოვებ კიდეც-მეთქი, _ ამას პირველი გაბედნიერებისას ჰყვება, არაყით ტვინშეხურებული და არატრატებული, _ როგორ გამომყვა და… პრარაბიაო, ჩემზე უთხრეს, ბრატ… ვიყავი ერთი კვირა ბაირამში, მეორე… მერე, მაშინ აგერ, ლეჩებნიცა შენდებოდა და იქ ვმუშაობდი ქირაზე. ერთხელაც გამომიძახა ჩხარტიშვილმა, მართლა გვყავდა ასეთი პრარაბი, გამოდი სამუშაოდ, ცემენტია ჩამოსატვირთი, გეყოფა ნებივრობაო… იმ დღეს დანავსული თუ ვიყავი, გაგანია მუშაობაში დამიცდა, ბრატ, ლაფათქა, ვლიკე თავი ამ ჩახურებული ცემენტის მართუში და რა დღეშიც აღმოვჩნდებოდი, იოლად წარმოიდგენ. შინ წავედი, რაღას ვიზამდი. ჭიშკარს ვუახლოვდები, ისეც საქციელწამხდარი, ვხედავ, დამდგარა დოინჯშემოყრილი ჩემი ცოლი და განცვიფრებულ მზერას აყოლებს თოვლის კაცივით თეთრად შეფეთქილ მოძრავ ფიგურას, ნაცნობი მიხვრა-მოხვრა რომ ჭოჭმან-ჭოჭმან უმხელს ვინაობას და მიახლოებისთანავე საკუთარ ქმრად უნდა გამოეცხადოს. _ შეენო, _ პირმოღრეცით მეუბნება, აგერ აგერ გვერდით რომ უნდა ჩავუარო _ მაგარი პრარაბი ყოფილხაარო! _ თანაც მთელი ქალური ნაოცნებარის გაწბილება და ამის გამო გამწარება ახატია სახეზე. _ არც შენ იყავი ქალიშვილი, მაგრამ არაფერი მითქვამს, _ მივახალე, _ მოკეტე და საქმეს მიხედე-მეთქი. არ ვიცი, ბრატ, იყო ქალიშვილი თუ არა, პირველ ღამეს მთვრალი ვიყავი და ვერაფერი გავიგე, მაგრამ ახლა რომ მართლა ეცა ელდა და ხმა გაკმინდა, კიდო უფრო დამაფიქრა… იმის მერე დიდი ხნის ცოლ-ქმრობა მაინც არ გვწერებია, ბრატ, თუ კაცი დაეძებს, იმას მიზეზს რა გამოულევს. წყალი მომაწოდე დასალევად-მეთქი, _ ერთხელ ვუთხარი, და _ ადექი და თვითონ დალიე, რა, ავად ხომ არ ხარო, _ ამის გაგონება და ჭკუიდან ჩემი გადაწევა ერთი იყო. ძლივს წამგლიჯეს ხელიდან. ამის მერე რა გააჩერებდა ჩემთან, მე რომც დამეტოვებინა?!.
_ მეორე, მეორე როგორ იყო, ბრატო, _ მოსდევს აუცილებლად პირველ კითხვას მეორე.
_ რა მეორე, ბრატ… მეორე სხვისი ცოლი გამოდგა, ქმარი ციხეში ჰყოლოდა, მე კი წამომყვა ის ოჯახდაქცეული. კი მიკვირდა, თვალდახელსშუა მუცელი რომ ეზრდებოდა, ვუთხარი კიდეც, რაღაც შენი ჟივოტი არ მომწონს-მეთქი და ცოტა ხანში ბავშვი არ აუხვარხალდა მუცელში?!. მერე ის იყო, ქმარმა შემომითვალა ციხიდან, ჩემი ცოლი გაუშვი, თორემ, რომ გამოვალ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. იშო, ბრატ, შარი მოკოდუო თიშ გურშენი? გავუშვი, აბა რას ვიზამდი. იმის მერე ცოლის მოსაყვანად როგორ გადავალ სახლიდან, ჯაგა, კართემარდიანი ქალების მეტი რაა ქვეყანაზე, ვიგულავებ და ვიქნები ჩემთვის…
_ ის როგორ იყო, ბრატ, იპოლიტეს გამო რომ გცემა მილიციელმა? _ შეეკითხება უცებ რომელიმე შემსწრე და ესეც არ ზარდება პასუხის გაცემას.
_ ეგ, ბრატ, მართალი ამბავია, ჩემი მოგონილი არ გეგონოს. ხომ იცი, როგორ მიყვარს პაგონიანები! დამიჭირეს ერთხელაც და წამიყვანეს სამორიგეოში. მთვრალი ვარ და ვუხეშობ, ვეწინააღმდეგები, როგორც შემიძლია. ხან გისოსს მოვეპორწიალები, ხან კარის სახელურს, როგორც იქნა ტყეპა-ტყეპით შემათრიეს ოთახში, ჩამაბარეს მორიგეს და გაილალნენ თავად… მე კიდევ _ მალადეც, იპოლიტე და მალადეც იპოლიტე! _ მაქვს აკვიატებული. რამდენსაც წამოვიძახებ, _ ვის დასცინი, შე მათხოვაროო, _ ახლა ეს მორიგე მილიციელი იმდენ მუშტს მომაფშვნის სიფათზე, მეც იმდენივე დალეწილ კბილს ვაფურთხებ იატაკზე და ისევ ჯიუტად ვიმეორებ: მალადეც და მალადეც იპოლიტე-მეთქი. არაქათგამოცლილმა მილიციელმა: ამოღერღე, შე ჩემი ცოდვით სავსევ, ვინ არის ეს უპატრონო იპოლიტე, ან დაიმუნჯე ენა, შენც დაისვენე და მეც დამასვენეო. მძიმე ქშენა-ქშენით ჩამოჯდა სკამის ძგიდეზე. იპოლიტე კბილის ტეხნიკი იყო ჩვენს უბანში, მაგის ჩასმული კბილები ყველა მთელი დამრჩა ამდენი რტყმის შემდეგაც, ბაბას გაკეთებული კი ყველა ჩამომეყარა უკვე-მეთქი. აუტყდა მარა რა ხარხარი აუტყდა?!. კინაღამ გადმოვარდა იმ სკამიდან, გასქელებული უკანალით რომ იყო ჩამოძანძული. იცინა დიდხანს, მერე წადი, სანამ ვინმე მოსულა და შენი სპისოკში გატარება დამჭირვებია, გადაშენდი აქედანო. გადამარჩინა იპოლიტემ, პირველად მოხდა, ფულის გადაუხდელად რომ გამომიშვა მილიციამ…
სიტყვებს რომ უმოწყალოდ ამახინჯებს, გითხარით უკვე. „ოპიას და ანაშას ვეტანებოდი, ჯაგა, ციხეში რომ ვიჯექი, მერეც კარგა ხანს ვუქიშინებდი, გარეთ გამოსული, მარა, ხომ იცი, ძვირი ჯდება კაი ცხოვრება, სადღაა მაგის მაყუთი და სხვა რა გზაა, ბრატ, ღვინოზე და არაყზე ვარ გადასული… ისე, არც მოსაწევზე ვამბობ უარს, ბიჭებში თუ სადმე რამე გაიჩითება. ჟმოტები კი არიან ახლანდელები მაგ ამბავში, მარა, ცოტ-ცოტას მაინც იმეტებენ“.
მის გლეხურ პრაქტიკულ ჭკუაზე გითხარით უკვე, ერთსაც მოვყვები და ამოვასრულებ ამ თემას: როგორღაც დედას დიდი საცერე ბეჭედი დაეკარგა. სად არ ეძებეს ქალებმა, რა საბან-გობანი თუ შკაფ-კარადა არ ამოატრიალეს, მაგრამ რაც არ იყო, რას მიაგნებდნენ?!. გადაიწურეს ყოველგვარი იმედი და დაივიწყეს მისი არსებობა. მომდევნო გაზაფხულს, სათბურების დამუშავების დროს ამის ბარის პირს ამოჰყოლოდა რბილი ნიადაგის წიაღიდან ყვითლად აპრიალებული, მიწაში წელმოთევით კიდევ უფრო გაკეთილშობილებული ლითონი. პატარა ბავშვივით აფოფინებულს მოეხარებინა დედაჩემისთვის, სესტრა, ბეჭედი ვიპოვე აგერ და შენი იქნება ალბათო. ეს ხომ გაახარა უზომოდ, იმედგადაწურულს რომ ნამზითვი და ამის გამო უფრო სანუკვარად ქცეული ნივთი დაუბრუნა, ასევე განცვიფრებული დატოვა, ძვირფასი ბეჭედი მალულად რომ არ გაყიდა და ღვინო-არაყში არ დაფლანგა მასში აღებული ფული. _ ეე, სესტრაო, _ უთქვამს შეკითხვის პასუხად, _ არ გიცნივარ მე შენო (ხომ გითხარით, არ-ს და ვერ-ს ვერ ასხვავებდა-მეთქი), ჯერ ერთი, შენს ეზოში შენს მეტს ვის უნდა დაკარგვოდა ნივთი და შენი ბეჭედის წაღებისგან ღმერთმა დამიფაროს, და ესეც რომ არ იყოს, ბეჭედს ერთხელ გავყიდდი და ერთხელ დავხარჯავდი მასში აღებულ ფულს, ახლა კი, სტო პრაცენტ, სესტრა, შენ მაგას არ დაივიწყებ და დასალევ-მისაყოლებელიც არასდროს დაგენანებაო…
სიყმაწვილისდროინდელ ქურდულ თავგადასავლებს ხომ გაუთავებლად ჰყვება. იმდენჯერ უნდა ჰქონდეს ერთი ისტორია მოყოლილი, ცხადივით, კინოში ნანახივით მაქვს გონებაში აღბეჭდილი და დეტალ-დეტალ მახსოვს აქამდე. მახსოვს მისი მიხვრა-მოხვრა და მიმიკის მიქცევ-მოქცევაც, ამ ამბის ცალკეულ ეპიზოდებს რომ სდევს თან. თავხედური გამოხტომაა, ახალგაზრდული სირეგვნითა და აზარტით გაზავებული, ამდენად არაორდინარულიც და ამანაც თუ დამამახსოვრა ასე სახოვნად…
მეო, _ ამბობს, _ პადელნიკად ხუტული მყავდა იმ პერიოდშიო, ხომ იცი, ჯაგა, ხუტული, ბერჯერ მიხსენებია, ბევრ საქმეზე გვიჩალიჩია ერთად და ვსიო უდაჩნა, ბრატ!.. სხვებიც გვყავდა, რამდენიმე სანდო ბიჭი გავირიეთ ბანდაში, ბაითების მეტი რა აგვიწევია, დერსკი საქმეები გვიკეთებია, მაგრამ ძაღლობას ჩვენი კვალი ვერასოდეს აუღია, სანამ არ გავნაგლდით, ჯაგა, და ბესპრედელი არ დავიწყეთ, მარა ეს სხვა ამბავია და მერე მოგიყვები, ახლა, თუ გინდა, იმას მივუბრუნდეთ, მაიაკში რომ ბაითი დავითრიეთ… დავითრიეთ, ბრატ, მარა კინაღამ ჩავცვივდით და დავიღუპეთ ყველა ერთად. არადა, საქმის მომცემის თქმით, სარისკო და სახათაბალო არაფერი იყო. ბინაში იმ დროს სულიერი არავინ უნდა ყოფილიყო. გადავძვრებოდი ფანჯრიდან, შევიდოდი დასახელებულ ოთახში, დამხვდებოდა კარადა, გამოვაღებდი დათქმულ უჯრას, გამომქონდა ოქროულობა და ფული, რაც იქნებოდა და ჰაბარდა!.. შევტყდებოდი ჩემი გზით. ძნელია, ბრატ, საქმეზე წასვლა. ვინ იცის, რამდენი ბაითი მაქვს წაღებული, მარა მაინც განვიცდი, შიგნით, სადღაც ფეთქავს შიშის პატარა გორგალი… გარეგნულად კი ვარ თითქოს მშვიდად, მარა… არა, ბრატ, რომ ამბობენ, ქურდი ცივსისხლიანია და იოლად ძარღვი არ შეუტოკდებაო, არც მთლად მასეა საქმე!.. ვოფშემ, შევიპარე ციტრუსებით გადაქუჩქუჩებულ ეზოში, ამას რა უნდა, ფრთხილად თუ ვივლი, ამ გაგანია ზაფხულში იმგვარად არის აფეთქებული სიმწვანე, შეგიძლია ბულდოზერი ისე მიაყენო სახლს, პატრონი ვერაფერს დაინახავს… სახლი კი, ფინურს რომ ვუძახით, იმ ტიპისაა, ხის პანელებით აწყობილი. ამის პატრონს რა უნდა ჰქონდესო, იფიქრებს კაცი, მაგრამ ხომ ვიცი რაც დამხვდება!.. ფანჯრები ფართოდ არის მოფარღალებული და არც ისე მაღლაა, გადაძრომა გამიჭირდეს. არც გამჭირვებია… თუმცა, აქ მოხდა ის, რამაც კინაღამ ყველაფერი დაღუპა. გარედან შესრიალებულმა მზერა რომ ოთახის შემამყუდროებელ სიბნელეს შევაჩვიე, რას ვხედავ, ბრატ!.. თვალები შუბლზე ამივიდა, კუთხეში მიდგმულ საწოლზე მძინარე ანგელოზივით ქალი რომ დავინახე. ტრუსის გარდა ყველაფერი დახდილი აქვს სიცხისგან გასავათებულს, ოთახის ბინდში სანთლებივით ელავენ ერთმანეთზე დაწყობილი ბარძაყები, ხორბლისფერ, კვერცხივით დათითვინებულ ძუძუებზე ყავისფერი წრეების შუაში კერტები წამოწკვერტილან სისხლისამშლელად, ცალი, იდაყვშიმოხრილი მკლავი ბალიშიდან ოდნავგადაქანებულ თავქვეშ ამოუდვია და… ფშვინავს მშვიდად, უზრუნველად. მოულოდნელობისაგან თავიდან დავიბენი თითქოს მაგრამ დაბნევას დაგაცლის ოხერი სხეული?!. კაცები ვართ, ჯაგა, შენთან რა მაქვს დასამალი, ისეთი ალ-დაჩხირი მედება მთელ ტანზე, ასე მგონია, ყველა პაჟარკამანდა რომ დამახვიო, მაინც ვერ ჩამაქრობენ-მეთქი, აქეთ კიდევ ამ საოხრე კნიაზმა არ წამოყო თავი?!. ახლა ეს მინდა, მე ამის ოხერი დედაც!.. წამში თუ ასე ოფლად კაცის გახვითქვა შეიძლებოდა, რავა მეგონა?!. ხელებიც და ფეხებიც ერთიანად მიცახცახებს… თვალებში წყვდიადი ისედაც მეღვრება… კიდევ და კიდევ მამატებს ვიღაცა. ჩემდაუნებურად, ბიწკებზე შემდგარი ვუახლოვდები საწოლზე გაშოტილ ანტიკას, მთლად დამიბნელდა და ისაა გონება, ცოტაც… ცოტაც… ჰა, ჰა და… საცაა შევეხები კიდეც… შევეხები და თავს ხომ სტოპრაცენტ ვიღუპავ, ზექსზე რომ ხუტული და ქიბრა, _ იცნობ, შენ, მაგასაც!.. (ეგეც კიდევ ერთხელ განცვიფრების მიზეზი! _ ქიბრა ერთი უბირი გლეხკაცია, სიჭაბუკეში თუ მაგეების ჩამდენი იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი…) _ მიყენია, იმათაც არ დაადგებათ კარგი დღე, ამ ქალის კივილზე აყრილმა მეზობლობამ თუ მოიგდო ხელთ, თორემ, ძაღლობამ თუ მარტო მე გამომიჭირა, ამათი ჩამშვები არა ვარ და მაშინ კიდევ რაღა უჭირთ!.. ვარ ამ უბედურ დღეში და უცებ უროსავით დამკრა, ბრატ, რაღაცამ, „ეე, შენ, ბიჭო, მაგისთვის ხარ აქ მოსული? წადი, ბიძიკო, შენი საქმე ქენი და მოუსვი აქედან!..“ თითქოს ცხადად ჩამძახა ყურში ვიღაცამო. სრაზუ მოვედი აზრზე, მამენტალნა დავიხიე უკან, გავიძურწე მეორე ოთახში, მოვნახე მოსანახი, წავიღე წასაღები და იმავე გზით გადავსრიალდი ფანჯრიდან, რომლითაც შემოვედი… ბიჭებს ერთი სიკვდილი მოესწროთ, სანამ მე მოვიდოდი და რომ გამოვჩნდი, საიქიოდან მობრუნება და მოსულიერებაც მოასწრეს. სად დაიკარგე, ამდენ ხანსო, შიშის ფეთებაგამოვლილებმა მკითხეს, რაკი სამშვიდობოს უდავიდარაბოდ გასული დამიგულეს. დაგვიანებას კიდევ აქეთ მესაყვედურებით, კინაღამ რომ დამღუპეთ და თავიც დაიღუპეთ, მე რომ თავს არ მოვრეოდი, მაშინ ნახავდით რა დღეც დაგადგებოდათ, თქვე დაბრედილებო-მეთქი, გზა-გზა წვრილ-წვრილად მოვუყევი ყველაფერი… გაყოფა და გულავი ჩვენ არ გვეშლებოდა, ჯაგა, და ქე გავუშვით იქიდან წაღებული ფული და ოქროც ხოდშიიი…
_ ციხეში რომ პირველად მოხვდი, როგორ იყო, ბრატო, _ შეეკითხება ამ დროს თქვენს გვერდით, თალარში სალაყბოდ შემოჩრდილებული ემზარა თუ მახუნა, სულ ერთია, რომელი იქნება, სხვაც რომ იყოს, ის სხვაც ამას ჰკითხავს, მეტი ამისგან რაღა უნდა მოისმინოს?!.
_ მაგი იყო, ბრატ, რომ გეუბნებოდი, ბესპრედელზე გადავედით. ასე სცოდნია, ერთხელ რომ გაგიმართლებს, ორხელ რომ გაგიმართლებს, მესამედაც რომ ვერ მოგწვდებიან მენტები, მერე თამამდები კაცი, ასე გგონია, ჩემი კვალის ამღები და დამჭერი ჯერ არ დაბადებულა ქვეყანაზე, არც ჩემისთანა მოუხელთებელი გაჩენილა მიწისპირზე ვინმეო. ადამიანს სჭირს ასე. მგელი რომ მგელია, ისიც არ თავხედდება იმგვარად, რომ სიფხიზლე მოუდუნდეს. მგლის პირველი და ბოლო ნადირობა ერთნაირად ფხიზელია, ერთნაირად მიზანდასახული. ჩვენ გვიღებს ბოლოს სითამამე, სიბეცემდე მისული თავხედობა. ასე იყო ჩვენი ამბავიც, ჯაგა. ავგულავდით ერთი დრო იყო, მარა, რა ავგულავდით!..
…იმ საღამოსაც კარგა ხანს შევრჩით რესტორან „არაგვში“ სუფრას. „არაგვი“, ბრატ, ადრე რესტორანი იყო, ახალ რომ სასადილოდაა გადაკეთებული. მაგარი რესტორანი იყო და ჩვენც ხშირად ვიყრიდით თავს იქ. გავუტიეთ და გავრეკეთ ჩვენებურად. ფული არ გვაკლია და ნაშები, თუ მაყუთი გაქვს, ლუბოი ნაშას შეაბამ, თან სვოი ბიჭებს გოგოები ტკიპასავით გვეწებებიან, საქმე და საზრუნავი არაფერი გვაქვს და ვგრიალებთ დო კანცააა… გვიან, გვიან, როგორც იყო გადავწყვიტეთ დაშლა, მაგრამ დაშლა შინ წასვლას და სახლში შეყუჟვას კი არ ნიშნავს, კაცო, ამ გახურებულზე გვინდა ქალებში განავარდება. მე ხუტულთან და ქიბრასთან ერთად ვარ, განუყრელ დოსტებთან და პადელნიკებთან, დავყევით პრასპექტ მირას, ბრატ, და ღლაბუც-ღლაბუცით მივედით გორსავეტამდე, იქ კიდევ, საათთან რომ შევყოვნდით, გასაბოლებლად, უეცრად ზემოდან ვიღაც კაცმა ჩამოუხვია და პირდაპირ ჩვენ ჩაგვივარდა ხელში. აქ, ბრატ, დიდი დაფიქრება რაღად გვინდოდა? ინსტიქტურად ამუშავდა ნადირის გეში, სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისე დავეტაკეთ იმ საწყალს და დავუწყეთ რტყმა… ნასვამი აღმოჩნდა ისიც, თუმცა წაშლილი და წაქცეული არ იყო და ჩვენ მივუთავეთ, რაც მიიკლო. გონი დაკარგა თუ შიშით ჩაუვარდა ენა მუცელში არ ვიცი, მაგრამ ასფალტზე კი არის გაშხლართული და ხმას არ იღებს… ხმას კი არა, კაცო, აღარც სუნთქვა მოისმის მისი. მგონი შემოგვაკვდა-მეთქი, რომ უნდა ვუთხრა, ბიჭებს და აბა მოვუსვათ, _ რაც ავართვით: საათი, ბეჭედი, ცოტაოდენი ფული, კაცის ცოდვად არ ღირდა, _ მარა არ მოიხედა, იმ უპატრონომ?!. ახლა კი დავეტაკე ფეხებში და ლაკის ტუფლები ეცვა, ბრატ, წავაძვრე ისინი, მოვიზომე საჩქაროდ, არ მომერგო, ორი-სამი რაზმერით დიდი გამოდგა და ჩემი ზომა ფეხი რატომ არა გაქვს, ებუ თვაიო დედა-მატ-მეთქი, ჩავცხე და ჩავცხე თავში თავისივე ტუფლის ქუსლი. ნე უბივაიტეო, _ ერთი კი ამოიხავლა და თავზე წაიფარა ორივე ხელი… აბა, ბიჭებო, ახლა კი მოვუსვათ, სანამ ძაღლობა არ დაგვცემია თავს-მეთქი, _ დავძახე ჩემებს და ვდურთეთ თავი პარკის სიბნელეში. დავშორდით ერთმანეთს და სხვადასხვა მხარეს გავიქეცით. მე სანაპიროსკენ დავეშვი და ზღვისპირით კრასნი მოსტთან ამოვედი. გადავჭრი პლაშადკას და ჩანბას ქუჩას რომ დავადგები, მერე თუგინ ძაღლების მთელი ბატალიონი დამეგეშოს, ყველა საროტი და დირკა ვიცი, საითაც არ უნდა გავშპე, მაინც დავუძვრები. არა, ბრატ, ბედი უნდა ყველაფერს, აგუმავა-კალანდია იყო მაშინ მენტების ყველაზე უბედური პარა ჩვენს ქალაქში. აგერ არ დამეჩითნენ, მატოციკლეტით?!. მოდი, ბიჭო, შენ, აგერ, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ ასეთ უდროო დროსო. ვუხსენი, რავარც შემეძლო მშვიდად, მივკიბე, მოვკიბე ათასი ზღაპარი, მარა, ვინ დაგიჯერა! ის ჩვენი პატირპევში უკვე მისული ყოფილა მენტებთან და დაგვეძებენ თურმე, ასე ადვილად ვინ გაგიშვებს?! მოკლედ, ჩამაგდეს კალიასკაში და კაპეზეში ამომაყოფინეს თავი. ესეც შენ ვირის აბანა, შე მართლა ვირო და ბაიყუშო-მეთქი, ვეჩხუბე და ვეძნახე მთელი ღამე ჩემს თავს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერი!.. თავს ოდნავ იმითღა ვიმშვიდებ, ჩემი ძმაკაცები აყვანილი თუ არ არიან, მარტო იქნებ როგორმე მოვახერხო აქედან დაძრომა. დილას რომ ატდელში ექვსი კაცი ამომიყენეს გვერდით, კედელთან აგვაყუდეს და უფეხსაცმლო, თავ-პირდაფხაჭნილ-დასიებული პატირპევში აგვიტარ-ჩაგვიტარეს, ესეც არ ყოფილა ყველაზე უარესი. თითოეულს გულმოდგინედ გვაშტერდებოდა სახეში გამოპენტერებული მზერით, ჩემამდე რომ მოვიდა, გულმა ძგერა ჩემდაუნებურად შემიწყვიტა, გავნაბე ცოდვილი სული და დავდღაჩე თვალები, ნი დაი ბოგ, მაგენის შეშფოთებულ წრიალზე არ გამსკვანჩოს ამ ახვარმა-მეთქი. ნეტ, ტუტ ევო ნეტო, რომ გავიგონე, ხელახლა დავიბადე მეგონა, გადარჩი და ეგ არის!.. აწი მაინც იყავი ჭკუით-მეთქი, ამისთანა სისულელის გამო თავის დაღუპვა როგორ იქნება, საქმეების მეტი რაა ქვეყანაზე, მაგას მიხედე-მეთქი, ვიმუნათებ საკუთარ თავს… მესამედაც რომ ნეტ, ევო ზდეს ნეტოს ჩადუდღუნებით ჩაგვიარა დაბეგვილმა კურორტნიკმა, აბა, თავისუფლები ხართ ყველანი, აეხვეტეთ აქედანო, მოგვაძახეს ამოცნობის უშედეგო ფინალით გაღიზიანებულმა ძაღლებმა და დავგაზე მეც. გავიქეცი კარისკენ. ოთხი ნაბიჯიღა მრჩება სვაბოდამდე, სამი… ორი… და უცებ… _ ონ, ონ, ეტო ონ! _ მესმის იმ ოჯახდასაქცევის ყვირილი. როგორც აღმოჩნდა, სირბილზე მიცნო, ზურგიდან. წუხელ რომ გავრბოდი, მოძრაობა დამახსოვრებია ჩემი და დამღუპა კიდეც!.. _ აბა, ესლი ონ… და სტოიო, _ მომაძახა მენტმა, _ ახლავე გაჩერდი თუ არა, ადგილზე გაგათავებო, _ მომაყოლა, მარა რა მოყოლება და მოყვირება კი მინდოდა, ისედაც გავშრი და გავთავდი, საქმე რომ ასე შემიტრიალდა. კეტი მომცა ახლა, ჩავითხლეშ სიმწრით ამ რეგვენ თავში, _ რა ჯანდაბა და დოზანა მიმარბენინებდა, წამოვსულიყავი დინჯად, წყნარად, აუღელვებლად, ხომ ვიქნებოდი უკვე სამშვიდობოს გასული. მარა, მასე რომ მექნა, ხუთწლიანს ვინ გახეხავდა, ბრატ, ჩემს მაგივრად?!. ხომ იცი, ჯაგა, ციხეს იქით შესასვლელი კარები აქვს ფართო, აქეთ გამოსასვლელი ძალიან ვიწროა, ბრატ!.. _ უჰ, ხუთი წელი როგორ მოგცეს, კაცო, ერთი კაცის გალახვის გულისთვის? _ ვითომ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამდენი წლის მერე, _ პატრონი მაინც როგორ არ გამოგიჩნდა, ციხიდან რომ დაეხსენი… _ პატრონიც მყავდა, და ბაბამ ბევრიც ირბინა, ბევრი ვინმეც შეაწუხა და შეაწრიალა, მაგრამ, სხვები რომ არ გავეცი და თავზე მარტომ ავიღე ეს ამბავი, აღარაფერმა მიშველა, პოლნი კატუშკაზე გამიშვეს. დედის ხაჭაპურებიც ბევრი მომსვლია ციხეზე, ბრატ, მართალო დინაფილიში შური ვორდინი ხომ ვაგიჩქუ!.. ისეო, _ ამატებდა, _ ბაბა რომ გამომაძიებელთან მისულა ხვეწნა-მუდარით, როგორმე დამიხურეთ ეს საქმე, გასაღებს გავიღებ, იქნებ ბიჭი არ დამეღუპოსო, იცი, ბრატ, იმას რა უთქვამს? მაგ სიტყვებს სულ მწარედ იგონებდა ჩემი ბაბა… და კრესლოში ცომივით ამოფუებული გამომაძიებლის უსულგულო გამომეტყველებას, ზაკონების წიგნზე რამდენჯერმე რომ დაუბარტყუნებია ხელისგული და მჭახედ გადმოუგდია ამისთვის: იცი, შენ აქ რა წერია? თაშ რენო განჯი, დოკილე, შენს ჭკუაზე კი არ არის საქმის გახსნა-დახურვა!.. მაგ შენს ავაზაკ შვილს, ახლა მამაღმერთი ციდან საკუთარი ფეხით რომ ჩამოვიდეს, ისიც ვეღარ უშველისო… იმას, იმ არაკაცს რამდენი ჰქონდა მოპარული, მაგას ვინ დაითვლიდა ან ვინ გაგაგებინებდა, ბრატ!.. ეჰ, ჩემზე დარდს და ჯავრს გადაჰყვნენ ჯერ ჩემი დედა და მერე ბაბაც. მაშინ სად მესმოდა, ბრატ, ამდენი, თორე… თორემ, რასაც იზამდა, ამას აღარ აბოლოვებს. აღარც ჩვენ ჩავეძიებით, რაკი საუბარმა სასურველი სიმსუბუქის ნაცვლად ქუფრი ელფერი მიიღო. ჩვენ შექცევა გვინდა, დროის გაყვანა, თორემ დასაღონებელ-სადარდოს ჩვენ-ჩვენსასაც ბლომად მოვნახავთ, ამას რომ არ დავამძიმებინოთ გული…
თუმცა სამძიმო ფინალს, რაც უნდა ვეცადო, მაინც ვერ ავცდებით, როგორც ვატყობ. ბოლო წლებში ნამეტანი გადაჰყვა სმას. ხშირად მინახავს ისე გამოლენჩებული, ჩემი ცნობა კი არა, საკუთარი თავიც აღარ ახსოვდა ალბათ. ომის წინა წელს, უთავბოლო ლოთობისა და უპატრონო წოწიალის დროს, ერთ საღამოს ჩვენი მდინარის ბონდის ხიდიდან თავქვე გადაშვებულს, მართალია, სული იქვე არ დაეტოვებინა, მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ჭალაში, რიყის ნოტიო ქვებზე ნაგდებს ფილტვები დაზიანებოდა და კავერნა გახსნოდა კიდეც. თავად კვირობდა შემდეგ, ამხელა სიმაღლიდან გადავარდნილს სული რომ დაჰყვა რიყემდე. _ არაფერი გამიგია, ჯაგა, მარა, დილას რომ გამომეღვიძა, არ მივხვდი, ჩემს თავზემოთ ჭერი რატომ ირწეოდა და იმ ჭერზე ფეხები რატომ მოძრაობდნენ!.. გვიან მოვტვინე, ბრატ, ოთახში კი არ მეძინა, მდინარის პირას ვეგდე და იმ ჭრელი წრეებიდან გამოყოფილ ფეხებს რომ ავყურებდი, ქალების ყოფილა, ხიდეზე რომ გადადიოდნენ… კაი სანახავი კი იყვნენ იქიდანო, _ იღრიჭებოდა უშნოდ და ვითომ ამით ცდილობდა არაფერში გაეტარებინა იმ ღამიდან შემორჩენილი სახიფათო ზიანი. არადა, იმ ფილტვების დაწყლულებამ იმდენად დაასუსტა, ენერგია გამოაცალა და რაკი საკუთარი მარჯვენით თავის რჩენა აღარ შეეძლო, სხვისი ხელის შემყურეობა არ იკადრა და სადღაც მიგვეკარგა თვალთა სახედველიდან. ერთხელ თუ ორჯერ კი ვინატრე, გახურებული ოფლისღვრის დროს, ნეტავ ახლა მომცა გვერდით, ბევრს თუ ვერაფერს გამიკეთებს, გართობით მაინც გამართობს და ესეც საქმე იქნება, საქმე თუ არა, მისი ნახევარი მაინც-მეთქი…
მერე… მერე ომი დაიწყო და ვიღას ახსოვდა სადღაც გადაკარგული ბედოვლათი?!. დატრიალდა სიკვდილ-სიცოცხლის მართლაც აბსურდული საქანელი და ვინ გაიგებს ვინ სად მიგვყარა, სად მიგვასილა გაზაფხულის დიდროას მიერ მიფორიალებული კლდეთა ნაშალი ხვინჭებივით… მისი აღარაფერი გამიგია, გადმოვიდა ცოცხალი, სადმე სხვაგან გაიდგა უყლორტო და უსაძირკვლო ფესვი თუ იქვე მოასრულა თავისი კომიკურად აბსურდული თუ აბსურდულად კომიკური ცხოვრება, ხოლო აბსურდი რომ კომიკური შეიძლება იყოს ან კომიკური _ აბსურდული, ჩემზე ჭკუადამჯდარმა და სახელგავარდნილმა კაცმა მოგახსენათ ჩემზე ადრე და მეც ამ ნაამბობს წავუძღვარე ეპიგრაფად, იმედით, რომ თქვენთვის გასაგებს გახდიდა იმას, რამაც მიბიძგა ამ დაბდურა კაცის თავგადასავლის მოსათხრობად…

12-22 ივლისი, 2007 წელი

ოშოშია

არა, ოშოშია სახელი ნამდვილად არ არის მისი, მეტსახელია, მარა, ზოგჯერ სახელი გინდ გქონია და გინდ არა! ასეა მის შემთხვევაშიც…
_ მურე, ანწი, გემშუმდესკო ოშ-ოში, ქო, ქო გეფშვათ, მუქ გაღოლ, ანწი?!. _ გამოკიდება იცის, მკლავის დაჭერით, შემოხვეწება იმდაგვარი, თუ მართლა წუთხანობაზე არ არის შენი საქმე მიმდგარი, ვერაფრით უარს ვერ შეასმენ, დაყაბულებულს წამისუმალ შეგივსებს თბილი, ახალგამოღებული არაყით საასგრამო წახნაგებიან ჭიქას, ორიოდე ლეღვსაც ჩამოწყვეტს იქვე გაფოთლილ ხეს მისაყოლებლად (ლეღვობა თუა, ბედნიერებაა!)… მაგრამ ასე არ ხდება ძირითადად. ძირითადად დაჭირვებულზე ადრიანად მისული კაცი გაურბის დასალევს, ახერხებს სახსარში ჩაბღუჯული მკლავის ართმევას და ეზოდან უკანმოუხედავად გაძურწვას… ზურგში კარგა ხანს მიეწევა უკმაყოფილო მასპინძლის ჯიჯღინი:
_ მურდუ, ბოში, ოშ-ოშიში შუმა ნწყუნდუო ქიანას?! _ ჰოდა, ამ ოშ-ოშის ძახილშია რომ შეერქვა ოშოშია, თორემ სახელი სხვა ჰქონდა-მეთქი, გითხარი იმთავითვე, თუმცა ის სახელი აღარც კი ახსოვთ, და სოფელში რომ მოიკითხო, ვერც გაიგებს ვინმე ვის კითხულობ და თუ სახელით ვერ გიცნო ვერა ცოცხალმა სულმა, რაღა სახელია, მითხარი, ერთი, თუ კაცი ხარ! მიტომ არ გეუბნები შენც, მაინც არა აქვს არავითარი აზრი და მნიშვნელი…
ახლა ისე არ გამიგო, დასალევი თუ უყვარს, იმას ვამბობდე, მისი გამოხდა არ ეჭაშნიკებოდეს თითქოს. მთელი წელი საარაყე ქვაბი თუხთუხებს მისი სახლის ლაფაროში. არის სამფეხის, როფესა და ჭანურის გაუთავებელი გამზადება, გვიმრის ძებნა ჭურჭლის ნერჩში ჩასაფენად, გამოსახდელი მასა რომ არ მიიწვას და არაყს ხრაკის გემო არ დაჰყვეს, ნაკუშლიანი არ გამოვიდეს… მთელი წელი ნამეტანიაო, იტყვი, ამდენი ჭაჭაც არ ექნება და შეშაც ხომ უნდა, ჭაჭა რომც ეშოვებოდესო. ჯერ ერთი, ვინ გითხრა, ჭაჭას ხდის გაუთავებლადო, ხილი აგერ არ არის? და ხილიც რომ გამოილიოს, რავა გგონია, მდინარისპირებზე და კლდე-ღრეში პორწიალი რისთვის სჭირდება? ინჭირიას დაეძებს, ჩემო კარგო, იცი, შენ, ბუჩქ-ბალახა მცენარეა ერთგვარი, ანწლი ქვია და მისი არაყი თუ არ გაქ დალეული, ნაყენი მაინც გექნება ნასმი, სოფელში დიასახლისი არაა, შემონახული არ ჰქონდეს, კუჭ-ნაწლავისთვისაა უებარი. ჰოდა ამ ინჭირიას მაინც არ უნდა დახლი და სასწორი, ნოქარი და მუშტარი, კრიფე და ყარე საარაყე ქვევრში, რამდენიც გინდოდეს, ოღონდ მის დროზე სხვა საქმისგან მოცლა და აღმა-დაღმა ხეტიალი არ დაგზარდეს! სიარულ-სიარულში შეშასაც შეიგულებ. ამ მდინარეს რომ უყურებ, მეტი ხეირი კი არაფერია მაგისგან. როა ახლა გაყურსული და მიგასაცოდავებს თავს, გამოზაფხულისას უნდა ნახო, შენ, რომ გადაირევა და მოაქვს ცა და ქვეყანა… ე, მაშინდელი ნავარზღლობის მერეა რომ ივსება მირიყული ხეებით ჭალა-პირები… დაჰყვება ერთხელაც ოშოშია და დასხეპავს ყველას, სულ ჯიკავ-თრევით ამოიტანს წყლისპირიდან და კაცმიუხმარებლად მიიტანს საკუთარ ლაფარომდეც.
მიმხმარე და დოსტი მაშინ ნახე შენ, საარაყე მილის მრუმედ დაფჩენილი ხახიდან დამტკბარი სურნელის მფრქვეველი ორთქლი რომ გამოფითქინდება ჯერ და მერე წვრილ ლარად თხიერი ძაფიც რომ გაიჭიმება მილის ტუჩსა და ათლიტრიან ჩაფზე დაცობილ ძაბრს შორის. _ უჰ, უჰ, რა ცეცხლია, ბიჯო, _ სამი-ოთხი სტაქნიანი ხელი მაინც არის შეწაფებული ამ ძაფს და ძაბრამდე მისვლა რომ ვთქვი, ტყუილი მომივიდა, ვინ აცლის ძაბრამდე მისვლას. ეგრეა გაუთავებლად… არაყს სულ ხდის ოშოშია, მარა წამლად რომ დაგჭირდეს და მის ცოლს ერთი ჭიქის მისესხება სთხოვო, ვერაფერსაც ვერ გაგატანს, _ რაც არა აქვს, რა უნდა გაგატანოს?.
_ არა, ბიჭო, ნამუსი სულ არა გაქვთ-მეთქი, _ ერთხელ, მეც გადავლახე თავშეკავების ბუნებრივი ბარიერი, განცვიფრებულმა, _ კაცი მთელი წელი არაყსა ხდიდეს, ცეცხლში და ბოლში იყოს გამოყვანილი, ნართის „კაპჩიონკასავით“, თქვენ კიდე ცხლად გამოუგნაროთ, გრამი არ შეარჩინოთ, სადაური წესი და რიგია-მეთქი, _ მარა გამიგონია, იღრიჭნენ უშნო ღრეჭით, დაღუზეს თავები, ვითომ რიდის ნიშნად, უფრო არაყისგან გამოელმებული თვალების მისამალად, მაგრამ განაგრძეს ისევ იმ ცხელი არაყის სმა ძველებურად. იმ წელსაც რა დახლი ოშოშიას დაუყენეს, მისი ცისანეს წყევლასაც ეტყობოდა სიმწარეზე.
ოშოშიას კიდევ რა: მაგას კლდე-ღრე პორტყვა, შეშისა და ინჭირიას, პანტა-მაჟალოს ძებნა უთხარი… თუ გამოსახდელად დაზარებულ ჭაჭას შენც გაუტან და დაუთმობ (ასეც მომხდარა ხოლმე), მეტი რაღა უნდა, თავისი ცისანეც ფეხებზე ჰკიდია და მიტუშეც, ერთადერთი აყვანილი ბიჭი რომ ეზრდება. დაიცა, ან იქნებ ამიტომაც, ჰა?..
…ბოლოს უღელტეხილზე ვნახე ოშოშია. იბისის ბუდესავით აგვაჯული ქოჩორი ისევ ურჩად ადგა თავზე და უზარმაზარ ჩრდილს სცემდა დიდი ხნის უწყლობით გამოშაშრული თიხნარის მსგავსად დაღარულ ჯანგარა სახეს. ნაცრისფერი თვალები უთვისტომო კაცისთვის დამახასიათებელ უსაშველო სევდას ამოეწყურუმებინა ასე მალე და აღარც მისი გულღიაობის გამამხელელი ღიმილი ჩანდა სადმე.
მსახვრალი ბედისწერის მიერ მარადი ურიას დარად უცნობ სავალს გატორღიალებული, ცოლ-შვილთან ერთად, ზურგზე ხურჯინივით მოკიდებული წარსულით მიალაჯებდა ბუნდოვანი და სახიფათო მომავლისაკენ.
სადღაც, უღელტეხილის უნაგირიდან დაშვებულს, მერამდენედ მომეწია და დასასვენებლად სველ, გადამხმარ ალპურ ბალახზე წამით მიწოლილს გვერდით ჩამომიჯდა და სიმწარენარევი, გაბზარული ხმით მკითხა: აქედან რომ ჩავაღწევთ, საით აპირებ წასვლასო. რომ ვუთხარი, მამისეული სახლი რომ მაქვს სამეგრელოში, იქ მივდივარ, სხვაგან სად უნდა წავიდე-მეთქი, ბედნიერი კაცი ხარ, ენგურსგაღმა არათუ ნათესავ-მეგობარი, უბრალო ნაცნობიც კი არავინ მყავსო… წამოდგა მძიმედ, სიარულში ერთი აიქნია თასმით ჩამოკიდებული ტომრით ჩამოზიდული მხარი და დაეშვა წინწასული ცოლ-შვილის დასაწევად. ახლაც მიბურღავს სმენას მისი სამდურავით გაჟღენთილი ხმა, ყრუ ტკივილი, რომელიც მისმა ნათქვამმა გულში ჩამიტოვა, აქამდე ცოცხლობს ჩემში და მოსვენებას მიკარგავს.
წარმოვიდგენ ხანდისხან: როგორ მოეწყო ახალ ადგილზე ოშოშია, როგორ გაიჩინა ენგურსგაღმა ახალი მეზობლები, ახალი მტერ-მოყვარე, ახალი მეგობრები და მოკეთეები… მისი ბიჭიც უკვე ცოლშერთული უნდა იყოს. იქნებ დაწვრილშვილებულიც. სოფლად რომ გაიჩენდა ფესვის მოსადგმელს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ქალაქში, ასფალტზე რა მოასვენებდა მისი წარსულის პატრონს?!. არაყის სახდელ ქვაბსაც უეჭველად იშოვიდა ოშოშია, ინჭირიას და ჭაჭას ახალ ადგილზეც მოიძევდა, დარწმუნებული ვარ, იქაც გამოჩნდებოდნენ ახალგადმოწანწკარებული ცხელი არაყით პირის დაფუფქვის მოსურნეები, ზამთარ-ზაფხულ რომ ოშოშიას ქვაბთან იქნებიან მიძუძგული…
ოშოშიაც მკლავში ხელის წატანებით შეაკავებს თავაზიანად მოუარე სტუმარს და ღიმილით შეეხვეწება: _ მურე, ანწი, გემშუმდესკო ოშ-ოში, ქო, ქო გეფშვათ, მუქ გაღოლ, ანწი?!.
მეტსახელი აქედან არ გადაჰყვებოდა. ოშოშია იქ ხელახლა შეერქმეოდა…

ჩიქო

…ჯერ სახელი ნახე, როგორია: ძველმეგრული, თითქო როდინდელი თუ იცი, უხსოვნობის დროს გაჩენილი. გვაროვნულ წყობილებამდე და გვარების წარმოქმნაში წილდადებული. აბა, გასინჯე _ ჩიქვანი, ჩიქოვანი, ჩიქობავა, ჩიქვანაია, ჩიქავა?!.
თავად რომ მოსწრებოდი, ის იყო კარგი, მაგრამ შენ არ გინახავს და ახლა რაც უნდა აგიწერო, ნაასალსაც ვერ შევძლებ, ალბათ. მაინც ვცდი, სხვა რაღა დამრჩენია, სიგელ-გუჯრებში წაგაკითხებ მის ამბავს თუ მისი ტოლი და სწორი შეგხვდება ვინმე და მოგიყვება წვრილ-წვრილად?!. ყველამ გაასწრო ამქვეყნიდან და ესეც, მიწიერი ყოფით დაქანცულ-გამოფიტული, რა საშინელი აღსასრულით წავიდა ცხოვრებიდან, შენც იცი უკვე.
ფიზიკური აღნაგობა როგორი გითხრა, _ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ რომ სანდრო ჟორჟოლიანი ილიკო ჩიგოგიძეს თამაშობს, _ ე, ალიკვალი! თხელი, ძვლების მყარ ღეროზე ასხმული, დაკუნთულ-დაძარღვული, მისხალ ქონს მოკლებული ტანი, ობოლი ბავშვობის წლების გარჯა რომ ატყვია ზედ სიცოცხლის მიმწუხრსაც, ოდნავ აწურული, წლების სიმძიმეს შეგებებული, თითქოს, მხრები, თავი კოხტად მოკვერცხილი, ჯიშიანი, სახე უფრო კეთილშობილი ნაკვთებით, ბაცი ცისფერი თვალები (ვითომ არ არის ტყუილი, ძველები რომ წერენ, კოლხები ქერა, ცისფერთვალა ხალხი იყოო?!.) რამოდენა სიკეთეს აფრქვევენ, სულის სიღრმიდან ამოშუქებულს?! ოდნავ მოჭუტულ ქუთუთოებს ბავშვური უზაკველობის ნატამალი აქამდე შერჩენიათ, ასაკისმიერი ცბიერებით ვერა და ვერ გადაძალული. აცვია, რა თქმა უნდა, თავისი დროის კაცის შესაფერისად, ილიკო ჩიგოგიძე ტყუილად კი არ გიხსენე, მასავით ბაშილაყით თავწაკრული თუ არ არის, ეზოსგადაღმა ბიჯს ვერ გაადგმევინებ, უფრო ხშირად კიტელივით გადმოკიდებულჯიბეებიანი, წვრილი ტყავის ვერცხლისბალთებიანი ქამრით წელში გამოწიორებული, ზურგსუკან ნაკეცებმოყრილი ხალათი მოსავს, მუქი-ლურჯი _ ფერად, მასთან შეხამებული გალიფე შარვალი, მწევარივით აწვართულ წვივებს რომ მოსახავს ორიოდე მონასმით. რაღა სათქმელია, ამას ყველაფერს რომ აზიაცკები თუ ცარცკები, _ როგორც გინდა დაუძახე, ასეც იცოდნენ და ისეც, _ აძლევს დასრულებულ სახეს. თუ უამინდობაა, კალოშებში აქვს წაყოფილი მაშინ უძიროებიანი ფეხი და შეიძლება ნაბადიც ჰქონდეს წამოსხმული. თავისი დროის კაცებისგან განსხვავებით, ერთი გამორჩეული სიკეთე სჭირს: თამბაქო არ მინახავს მოეწიოს ოდესმე, არც ყალიონი და კვეს-აბედი, მახსოვს, რომ სჭეროდეს. კრიალოსანი არ შემინიშნავს მის ხელში, ხანმოთეული მეგრელი მამაკაცების ეს მოუცილებელი ატრიბუტი და არც ის მახსენდება, სხვა აზარტულებზე არას ვამბობ, ნარდის სათამაშოდ ჩამჯდარს შევსწრებოდე, გინდ მასპინძლად გამეცადინებულს და გინდ სასტუმროდ გასულს. ესეც მძიმე ბავშვობის დაღი მგონია მე, სულ ხანდაში მყოფს, ყელამდე საგარჯილოში ჩაფლულს, იმთავითვე არ ჰქონდა-მეთქი, ვფიქრობ, ნარდის მღერისა და რიკ-ფაინების დრო…
სიტყვა-პასუხი როგორი თავდაჭერილი? გინებას და ყიამყრალობას ხომ მისგან ვერ გაიგონებდი, არ მოიძევებოდა მის ლექსიკურ მარაგში ამგვარი ერთეულები, ამ დროს ენაკვიმატობით იყო ცნობილი, და მერე როგორით! ახლაც, ამდენი წლის მერეც, რომ გაიხსენებენ, სიცილით ბჟირდებიან ხოლმე. მტრობასაც უკადრისი სიტყვის გარეშე ახერხებდა და არც შეხუმრებაში იცოდა გადამლაშება. ჩხუბი და მტრობა რომ შეეძლო, ბებიაჩემის გაწყრომიდანაც ხომ კარგად გამოსჭვივის, ქმარზე რაღაცატომ ამრეზილი, შვილთან, იგივე დედაჩემთან რომ უჩიოდა: ბაბასო, ჩემს დიდ პაპაზე ამბობდა, ანტოზე (ოო, ეგ ცალკე მოყოლის ღირსია, აქ ვერ გამოვატნევ!), ცუდი რამე როგორ შევუთვალო საფლავშიო, თორემ როგორ არ ეკუთვნისო, მაგან გამაყოლა დაძალებით _ ვაჟკაცი ჩანსო (ბაბას კიდევ ვაჟკაცობის ფარდი სხვა ღირსება არ ეგულებოდა კაცისა), თორემ ეგ რომ ჩემს გადასანახულებლად მოვიდა, იმავე საღამოს გვიჩვენა ვინც იყო, ღვინის ნასმმა ბანძღი ატეხა და ალალი ბიძაშვილი გამილახაო.
ნაქაღარდი (ნაქაღალდევს განსწავლულობაზე იტყვიან სამეგრელოში, აი, ნაწიგნარიო, რომ თქვას კაცმა) არ იყო მგონია, მე რომ დედათქვენი შევირთე, ქართულად ეს განგებისად თუ ეტყოდა რამეს, ის სულ მეგრულად პასუხობდა, ბოლოს რომ ჰკითხა ახალმა პატარძალმა: ბაბუა, ქართულად რატომ არ მპასუხობ, არ იცი თუ რაო, გესმის, რა მიუგო: ომში რომ გამიწვიეს, ექვსი თვე იქით ვყავდით მოსამზადებლად (თან აღმოსავლეთისკენ უთითებდა მაღლა აშვერილი ცერით) და იქ, ხაჩამაჩა ხალხში ყურმოკრული ქართულით როგორ გაკადრო დალაპარაკებაო… მისი სკოლა და აკადემია სამწყემსურში გატარებული წლები იყო, საიდანაც საგვარეულო ხელობასთან ერთად (ამათი გვარის კაცები რომ განთქმული მეჯოგეები არიან, გაგეგონება, ალბათ), ადამიანურობის და ზნეობის დიდი გაკვეთილები ჰქონდა წამოღებული. არადა, ხომ სკურის გაუვალ ტყეებში იყო მიმოფანტული მათი საჯინჯიხატო და გვარსამოდენილო… ამგვარი ზრდილობა და კეთილშობილება მართლა თანდაყოლილი თუ არ არის, საიდან უნდა მოეტანა საქონლის ნაჭლიკარში ჩამდგარი გუბიდან არეკლილის მეტად საკუთარი სახის ანაგებაც რომ ვერ ენახა, სანამ ჯეელობაში არ შედგა ფეხი და ქვეყანა არ მოიარა… განათლებისას ვამბობდი და ბარემ ისიც მინდა გავიხსენო, როგორ ვნახეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულის პაპანებას გარიდებული, ჩრდილში „ლეჟანკაზე“ წამოწოლილი, უზარმაზარი წიგნის კითხვით გართული, იქვე რომ უბის წიგნაკი და ფანქარი მოემარჯვებინა და ჟამი-ჟამ რაღაცას, წიგნიდან თვალით ამოკენკილს ინიშნავდა იმ წიგნაკში. მივეპარეთ, უფრო საანგლოდ. წიგნი მიხეილ კვესელავას „ასერგასის დღე“ აღმოჩნდა, ფაშისტურ გერმანიასთან ომს და გამარჯვებას რომ შეეხება. ჩავწურეთ კვიმატი მზერები წიგნაკშიაც, აღმოჩნდა, რომ ბაბუას ნაცისტური სახელმწიფოს მამამთავრების სახელ-გვარები ჰქონდა სულ გვირისტ-გვირისტ ჩამოწიკწიკებული. გაოცებულებზე მეტებმა ვკითხეთ: რად გინდა, ბაბუ, ეგენი რომ ამოგიწერიაო! ხუთი წელი ვეომებოდი ამ ოხრებს და მათი სახელები მაინც არ ვიცოდეო?! არადა, ომში გამარჯვების მერე ოცდათხუთმეტი ცხრა მაისი ჰქონდა საბჭოთა ქვეყანას ცუმპა-ცუმპათი გადარიხინებული…
ერთიც გავიხსენოთ მაგის მოსწრებული სიტყვა-პასუხის დასტურად: კოლექტივს რომ რაიკომის ნამესამემდივნარი ჩაუყენეს სათავეში, _ იცოდნენ კომუნისტებმა კადრის ამგვარი ჩამოშორება პოლიტიკური ასპარეზიდან. ფულის საკეთებელ ადგილზე მოისროდნენ, საჩალიჩოს მიუგდებდნენ ნამსახურობის ვითომ დასაფასებლად, ამ დროს კი, გასასვრელად სწირავდნენ, ფულის საშოვნელად აგზავნიდნენ, რომ იქიდან თავადაც ეხეირათ და ეს კაციც ჰყოლოდათ სამუდამოდ ყურით ჩაჭერილი. პოლიტიკური საფრთხე მისგან მოსალოდნელი აღარ იქნებოდა, რაკი ფულში გასვრილს დაპატიმრების მუდმივი საფრთხის ქვეშ მოუწევდა კურდღელივით ძილფხიზელი ცხოვრების მითრევა სამარის კარამდე. _ ასეთი კაცი დანიშნეს იმ კოლექტივის თავმჯდომარედ, სადაც ფერმაში ეს იყო მეჯოგედ. რატომღაც იმთავითვე ავად დაადგა თვალი და დაუწყო ჩიჩხინი, როგორმე თავიდან მოშორების მიზეზის მოსანახად. პატიოსნებას ვერ დაუწუნებდა, ან იქნებ მაგას უწუნებდა სწორედ, მის ნებაზე რომ არ იფინებოდა ფარჩად ეს თავნება და უტეხი მოხუცი?!. სხვას რას გამორჩებოდა და იმაზე დაუწყო ახირება, ნასვამი მოდიხარ სამუშაო ადგილზე, ხშირადო. თითქოს ამას ზუსტი ხელსაწყოების ხმარებისას შეცდომის დაშვებით მსოფლიო კატასტროფის გამოწვევა შესძლებოდეს. რამდენჯერაც შევიდა ფერმაში, იმდენჯერ რაღაც მიზეზი მოუნახა და სიმთვრალეს დააბრალა მისას. ერთხელაც მისულმა დაინახა როგორ ასუფთავებდა პირუტყვის გარეშემოს და მოსაქმეობა დაუწუნა, ხელიდან გამოსტაცა ნიჩაბი და თავად მოუსვა, აქაოდა, ასე უნდა მუშაობაო, თან განრისხების ნიშნად ნაგაზივით გაჰღრენდა: მოგხსნი სამსახურიდან, ეს თუ კიდევ ასე გაგრძელდა, მეტის მოხათრებას აღარ ვაპირებო. _ მოხსნილი შენ ხარო, _ ამას მიუხეთქებია მოურიდებლად. _ რაიკომის მდივანი იყავი და აგერ ნაკელს ხვეტ, თორემ ჩემი მოხსნა რა ბედენაა, პირუტყვი სახლშიც ქე მყავს, იმას მოვუვლი და მეტს აქაც რას ვაკეთებდიო. დაუტოვებია სახტად ის კოლექტივის ნარაიკომისმესამემდივნარი თავმჯდომარე, დაუკრავს ფეხი და წამოსულა იქიდან. ბევრი უთვლია მერე იმას დაშოშმინებულზე: კარგიო, ჰო, გადავივიწყე იმდღევანდელი წაკამათება, ჩამოვიდეს და იმუშაოს როგორც მუშაობდაო, მაგრამ ამას აღარ უქნია მიბრუნება. ნადიდკაცარი, რაც უნდა ეცადოს, წყენას მაინც ვერ ამოიგდებს გულიდან, ქნით რას მიზამს, მარა კიდევ რომ მაწყენინოს, უნდა დავკარგო სამუდამოდ და ამად არ მიღირს იქ მიბრუნებაო. აღარც მიბრუნებულა.
_ ბაბუო, _ ვკითხავდით მისი გულღიაობით გათამამებულები, _ ორმოცდაორში რომ წაუყვანიხართ, ორმოცდაშვიდამდე გადაკარგული ყოფილხარ, ქვეყნის გიომია, სხვებმა რომ იომეს ორდენებით დაჯინჯლული მკერდები ჩამოჰყვათ იმ დასაკარგავიდან და შენ რა ღმერთი გაგიწყრა, მკვდრისთვის მაინც აგეძრო ერთი კინკილა მედალი, სალაპარაკო გვექნებოდა შენს შვილიშვილებსო. _ მეო, ჩემო კარგებოო, _ მოგვიგებდა თვალებში ნაპერწკლების ეშმაკური აჟიკჟიკებით, _ ჩემი თავის ჩამოსატანად ვიბრძოდი, ვინც ორდენებისთვის იბრძოლა, ბევრმა ჩემს თვალწინ დატოვა თავი ფრონტზეო. ერთხელ ესეც გადარჩენილა აშკარა სიკვდილს და ამის დასტური სიცოცხლის ბოლომდე ატარა მარცხენა ბეჭზე, გულის ზემოთ გამჭოლი ნატყვიარის სახით. წამით დაგვიანებით რომ ჩაერგო მიწაში თავი შეტევის დროს ჯვარედინად გადმონთხეული ჯოჯოხეთური ცეცხლის ქვეშ მოხვედრილს, ვინ იცის სად, ვის მიწაში მოუწევდა ჩაწოლა სამუდამოდ და მისაღებ თუ ვერაფრით მიუღებელ მედლებთან ერთად სიცოცხლეც ოხრად დარჩებოდა მაშინ. ტყვედნამყოფიც უნდა ყოფილიყო ერთიხანობა, მაგრამ მაგ თემაზე საუბარი არ უყვარდა და ბოლომდე ასე შეუტყობელი დაგვრჩა მისი ცხოვრების ეს მონაკვეთი. ომიდან მობრუნებულა, როგორც გითხარი, ორმოცდაშვიდში, და წასულს რომ ვაჟიშვილთან და ძღაბებთან ერთად ცხვირამდე მიწეულმუცლიანი ცოლი დაუტოვებია, ახლა მეოთხე ნაბოლარა გოგოც დახვედრია ხუთიოდე წლისა (ბებიაშენია ახლა ის პატარა გოგო!), ვისაც დიდად გაჰკვირვებია, ჯარიდან ჩამოსული მისი ბაბა კაცი რომ აღმოჩნდა, არ ეკარებოდა, თურმე, _ ჩემი ბაბა ქალია, ეს კიდევ კაცია, ვიღაცა არის და ბაბა საიდან იქნებაო, _ იჟინებდა. _ ასე მეგონა, ბაბუას გარდა ოჯახშიც და სამეზობლოშიც რომ ყველა ქალი იყო, ბაბაც ქალი უნდა ყოფილიყოო, _ წლების განმავლობაში ასე იგონებდა თავის ოდინდელ შეცბუნებას.
სვამდა ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტას, ცოტა ათრობდა შებერებულს და ალბათ იმიტომ. უყვარდა ყველას, სადაც უმუშავნია, მისი სიფხიზლეც და სიმთვრალეც, _ ისეთ ამბებს გვიყვება, დღის გასვლას ვერ ვგებულობთ, ნამუშევარი და დაღლილი რომ ვართ, გვავიწყდებაო.
ათწლეულების გამოვლა მუხლსაც დატყობოდა და თვალსაც, მაინც არ ეშვებოდა, საღამოს ადრიანად დაწოლილს არასდროს უჭირდა ჟიჟრიბანდისთვის დაესწრო ადგომა. დღეცისმარე ჩაის პლანტაციაში მიეჩქარებოდა, _ ბოლო დროს ჩაის მკრეფავობა აიჩემა. ეჩხუბა, ერთიხანობა, ბიძაჩემი, _ კაცო, ვის რაD უნდა შენი ნაცოდვილარი კაპიკები, თავი მომეჭრება, იტყვიან ამ ხნის კაცს მუშაობას აძალებსო, თუ ჩვენი ხათრი გაქვს, ხალხს ნუ აალაპარაკებო, _ მაგრამ რას შეასმენდა! სანამ კოლექტივი არ დაიშალა და ჩაის კრეფამაც არ მოგჭამა ჭირი, დილით რომ პირუტყვს მოილევდა, ჩაისკენ გარბოდა იმწუთში.
_ მე ხომ ვიცი, რატომაც მირბიხარო, _ ეკაპასებოდა ბებიაჩემი. _ სასმელის ხათრით დადიხარ, იმან დალია ცეცხლი და მოუნელებელი, ვისაც შენი გულისთვის სასმელი დააქვს ჩაიშიო… გაპროტესტებას თუ გაუბედავდა, ეს კი ძალზე იშვიათად ხდებოდა _ სუუუჰ, გაიკმინდე, ახლა, ხმაო! _ კიდევ უფრო კაპასად შეუტევდა ცოლი, მისი მოვლა-პატრონობის ფუნქციაღა რომ ჰქონდა შერჩენილი ქვეყანაზე და ცდილობდა პირნათლად აღესრულებინა იგი. თუ ნასვამი მიადგებოდა ჭიშკარს, შორიდანვე იწყებდა მეუღლისათვის თავის მოქონვას: _ კარგი გოგოა ჩემი პაშაო, მაგისთანა ქალი მთელ დუნიაზე არ მოიძებნებაო, რომ მითხრან, ახლა, ათ ახალგაზრდა ქალს მოგცემთ მაგის სანაცვლოდო, მაინც როგორ შეველევიო! _ ისიც, მეტი აბა რაღა უნდოდა, წამისუმალ დააგდებდა ხელსაქმეს და გაალმასებული დაეტაკებოდა: _ აგერ ჩაგმარხე, მიწაში, რავარც ჭიქა შენ პირს არ აცდება, შენ არ აცდი ადრე და მალე მიწაში ჩალალვასო! _ ამ წყევლა-წიწინით ააცილებდა საწოლ ოთახში, გახდიდა და დააწვენდა, მიხედავდა და მერეც სულ გაყურად-გაცეცებული იყო, რამე არ დასჭირდეს, ცუდად არ შეიქნას და არ გამომეპაროსო…
სიამესთან ერთად სიმწარეც ბევრი იგემა ცხოვრებაში, რომ იტყვიან, თავისი წილი ქვაც დაუფქვავს და უჭამია, მაგრამ არ მახსოვს, მისი წუწუნი და ცრემლი ენახოს ვინმეს. მსუბუქად იცხოვრა თითქოს, ერთი შეხედვით ადვილად და გულსგარეთ გადამტანი გეგონებოდა გაჭირვებისა. იმდენი იუმორი ჰქონდა, იმგვარი დამცინავი დამოკიდებულება ცხოვრების მიერ მითავაზებული გასაჭირების მიმართ. ვის ეგონა, ასე ტრაგიკულად თუ დაამთავრებდა გრძლად და მშვიდობიანად განვლილ მიწიერი არსებობის გზას. ბოლო დროს თვალისჩინმა დაუწყო კლება. თვალებმა უღალატეს. სხეული დაუბერდა, გაუცვდა და დაექანცა, როგორც თავად ამბობდა. როცა საერთოდ ვეღარ დაინახა მზის აყვავებული გვირგვინი, მაშინვე გამოუტანა საკუთარ თავს ულმობელი განაჩენი, როგორც ჩანს. შინაგანი სამზადისი დიდი და საფუძვლიანი უნდა ჰქონოდა, რადგან ორჯერ სცადა თავის ჩამოხრჩობა და ორივეჯერ მიუსწრეს ოჯახის წევრებმა, მიუსწრეს და ჩამოხსნეს კინაღამ საიქიოს გასული. _ რატომ შვრები, კაცო, ამას, რატომ გვყრი ამისთანა სირცხვილში, ან თავს რად იმეტებ, ან ოჯახს ჩირქს რაღაზე სცხებ, ვინ რა დაგიშავეთ მაგის ფასი, რომ ხალხის ყბაში არ ჩაგვაგდოო, _ საყვედურობდნენ ცალკე ცოლი, ცალკე შვილები, რომ მოსულიერდებოდა ოდნავ, მაგრამ გაკმენდდა ხმას, არაფერს ეუბნებოდა არავის და მომდევნო მცდელობისთვის იწყებდა სამზადისს. _ არაო, დავიქანცე ამ ქვეყანაზე ყოფნითო, გავიცვითე სრულიად და სიკვდილს მაინც თუ არ მივყავარ, მე არ დავნებდები, მე თვითონ მივადგები და ავუტალახებ კარსო, _ მეზობლის ქალისთვის ეთქვა, კინაღამ მისი ტოლა რომ იყო, _ შვილები აქ არაფერ შუაში არიან და შენ გთხოვ, მე რომ აღარ ვიქნები, ხალხს სალაპარაკო არ დაუტოვოო… ვიღაცაზე რომ გაეგო, უკანასკნელ დღეშია და ლოგინში ასაქმებენო, _ ვაჟკაცი არ ყოფილაო, _ ესღა უთქვამს, _ რა ვიცოდი მაშინ, რა ცეცხლიც უტრიალებდა გულ-გვამშიო, _ მისმა შვილიშვილმა, მესამედ და საბოლოოდ მცდელობის შემდეგ რომ ჩამოხსნა თოკიდან.
ხომ გითხარი, ბებიას ერთადერთი მისია მოესაკუთრებინა სათავისოდ, ქვეყანაზე დარჩენის გასამართლებლად, _ ქმრის მოვლა-პატრონობა, რაკი შვილიც მომვლელის ხელში ეგულებოდა, შვილიშვილიც და მისი ნაგრამიც, და როგორც კი ეს მისია მოეშალა, ჩავარდა ლოგინად და სიკვდილის მოსვლის ნატვრაში აღმოხდა ნატანჯი სული, ქმრის გარდაცვალებიდან ერთი წელიც რომ არ იყო გასული. სხვაგვარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, _ სხვაგვარად არც იქნებოდა!
ბებიაც რომ მოკვდა, გახსნეს მათ ოთახში რომ შვილ-შვილიშვილებისთვის ხელშეუხებელი სკივრი იდგა. ცოლ-ქმრის ტანისამოსის, სხვადახვა პირადი პიტუ-პატუების ქვეშ გადიდებული, სიყვითლეშეპარული ორი ფოტოსურათი აღმოჩნდა, ნიკოლოზისდროინდელ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთიდაიმავე კაცისა. სქელი რეტუშირების გამო გაურკვეველი რაღაც ოფიცრული ჩინის დამადასტურებელი სამხრეებიც უჩანდა კოკარდიანი ქუდით თავდამშვენებულ, თავისი დროის ყაიდაზე ულვაშგადაგრეხილ ვაჟკაცს. როგორც გაირკვა, პირველი მსოფლიო ომის დროს ყარსის ფრონტზე უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის სურათები ჰქონოდა ასე სათუთად გადანახული მთელი ცხოვრების განმავლობაში ბაბუას. ვინ იცის, როგორ ეამაყებოდა იმ კაცის შვილობა, ერთხელ მშვიდობით ჩამოსული, უცოლშვილო ძმის სანაცვლოდ რომ შებრუნებულა ფრონტზე და საბედისწეროდაც…
გითხრა სიმართლე, დარწმუნებული არა ვარ, ბოლომდე ვიცოდე, რატომ გიყვები ამ ამბავს. არც ის ვიცი, მოგტაცა თუ არა მზერა შენი წინაპრის აქ მოსახულმა სილუეტმა იმდენად, ბოლომდე ჩაგეკითხა ეს ნაცოდვილარი, მაგრამ ამას, ალბათ, არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე უფრო ჩემთვის მოვჩხრიკე წარსულის ნავლი, ეს მე მინდა დავიწყებას გამოვტაცო ერთი სრულიად ჩვეულებრივი და ამავდროულად უცნაური კაცის სახება…
თუმცა რამდენადმე კმაყოფილი მაინც დავრჩი, რადგან ახლა შენ იმ ადამიანის შტრიხები დაგეხატა ჩემი მცდელობით, ვის საფლავთანაც, ხათრის გამო ადევნებული, მედექი გვერდით ამას წინათ და ცდილობდი როგორმე წარმოგესახა მეხსიერებას ვერშერჩენილი უცნობი წინაპრის ხატი. მე ეს სამარის სადა ქვისკენ მიმართულ შენს დაჟინებულ მზერაში დავინახე, შენს მოწიწებულ ქცევაში ვიგრძენი, სანთელს რომ უნთებდი და ღვინოს აპკურებდი წარეცილი ჭიქიდან.
ამან თუ მომაკიდებინა კალამზე ხელი!..

28 აგვისტო, 2006 წელი, მარიამობა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: