Posted by: burusi | 30/11/2009

კახაბერ ლორია – ანა კალანდაძე: ”არ შევალ ტაძრად, უწმინდური სადაც შევიდა”

ანა კალანდაძე

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ჩვენი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში ანგარიშგასაწევი ცვლილებები მოხდა. ქართულ მწერლობაში მოვიდნენ ახალი სახეები, რომელთა გარეშეც დღეს უკვე წარმოუდგენელია უახლესი ქართული ლიტერატურა. ამ თაობის ლიტერატურული პროფილის ჩამოყალიბებაში ანა კალანდაძემ სრულიად გამორჩეული როლი შეასრულა. ეს იყო ხანა, როცა სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ ქართული სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატები: გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ლეო ქიაჩელი და მრავალი სხვა. სწორედ ამ პერიოდში გაისმა ანა კალანდაძის პოეზიის თავანკარა ხმა, რომელიც ერთგვარ ნუგეშად ექცა მეორე მსოფლიო ომის ტანჯვითა და განსაცდელით დათრგუნულ ადამიანებს.
შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ანა კალანდაძის ფენომენის მოვლინებამ მყისიერად განაცვიფრა ყველა, მაგრამ ამგვარივე ხელაღებით შეუძლებელია ითქვას, რომ ასევე ყველა აღაფრთოვანა. ანას იმჟამინდელი ოპონენტები იმთავითვე მიიჩნევდნენ, რომ მისი ლექსები მოკლებული იყო ჭეშმარიტ საზოგადოებრივ პათოსს, ჯანსაღ მოქალაქეობრივ პოზიციას. მათ მიაჩნდათ, რომ ინტიმური მოტივები, ლიტერატურული თვითრეალიზების ფაქიზად ლირიკული მანერა, პრინციპის თვალსაზრისით, არ არის და არც შეიძლება იყოს მოქალაქეობრივი ჟღერადობის მატარებელი.
ამასთან ერთად, ფაქტი ფაქტად რჩება _ ანას ლიტერატურულ დებიუტს გამორჩეული სიხარულით შეეგებნენ ჩვენი მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლები. აი, რას ამბობდა გერონტი ქიქოძე: ”1946 წლის 25 მაისი დიდი თარიღია ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში. მწერალთა სასახლეში ოცდაორი წლის ქალიშვილმა ანა კალანდაძემ თავისი ლექსების რვეული წაგვიკითხა მსმენელებით სავსე დარბაზში. ამ დღიდან იწყება ქართული ლირიკის აღორძინება. ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა. მას აქვს მეტად ორიგინალური რელიგიური მსოფლშეგრძნება, სრულიად ახალი პოეტური მეტყველება. მისი შთაგონების წყაროებს ქართლის ცხოვრება, ბიბლია, დავით გურამიშვილი, გურიის ფოლკლორი წარმოადგენს. გასაოცარია ეროტიული მოტივების უქონლობა, მისი ლექსები უფრო რელიგიურ ჰიმნებს ჰგავს, ვიდრე პირად ლირიკულ აღსარებას… მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში ან მდგომარეობაში კიდევ შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე”.
არც კონსტანტინე გამსახურდია ყოფილა სიტყვაძუნწი: ”ყოჩაღ, ყმაწვილო ასულო! მინდოდა მეთქვა, დღეის ამას იქით მავანმა და მავანმა ზოგ-ზოგებმა კალამს ხელი უნდა შეუშვან-მეთქი, მაგრამ _ არა, პირიქით მოხდება: ბევრ ახალგაზრდა პოეტს საგრძნობ სტიმულს მისცემს დღევანდელი ამბავი, ისინი უფრო მოიმარჯვებენ კალამს, ანასთან ერთად განადიდებენ ჩვენს ისედაც დიდებულ პოეზიას”.
საოცრად გულწრფელი იყო შეფასებაში ალექსანდრე აბაშელიც: ”ალბათ, არასოდეს დაგვჭირვებია მსგავსი რამ, როგორც დღეს. მერე რა დროსა და როგორ ვითარებაშია თქმული ეს? სწორედ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა”.
თუმცა, ჯერ კიდევ არ განელებულიყო პირველი აღფრთოვანებული ემოციები ქართულ პოეზიაში ჭეშმარიტად გამორჩეული ტალანტის დაბადების გამო, რომ თავი მეორე უკიდურესობამ იჩინა. ყოველივე ამას, როგორც ჩანს, ბიძგი მაინც ავადსახსენებელი კომუნისტური პარტიის 1946 წლის 14 აგვისტოს ყბადაღებულმა დადგენილებამ მისცა ჟურნალების ”ზვეზდასა” და ლენინგრადის” შესახებ. ამ დადგენილებაში ”მიწასთანაა გასწორებული” გამოჩენილი მწერლების ანა ახმატოვასა და მიხეილ ზოშჩენკოს ლიტერატურული მოღვაწეობა. აი, რას ”ღაღადებს” ეს დადგენილება:
”ჟურნალ «ზვეზდაში» უკანასკნელ ხანს გამოჩნდა მრავალი უიდეო, იდეოლოგიურად მავნე ნაწარმოები. «ზვეზდას» უხეში შეცდომაა ის, რომ ლიტერატურული ტრიბუნა დაუთმო მწერალ ზოშჩენკოს, რომლის ნაწარმოებები უცხოა საბჭოთა ლიტერატურისათვის… ჟურნალი «ზვეზდა» აგრეთვე ყოველნაირად უწევს პოპულარიზაციას მწერალ ახმატოვას ნაწარმოებებს, რომლის ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიზიონომია დიდი ხანია, ცნობილია საბჭოთა საზოგადოებრიობისათვის. ახმატოვა ტიპური წარმომადგენელია უშინაარსო, უიდეო პოეზიისა, რომელიც უცხოა ჩვენი ხალხისათვის. პესიმიზმისა და დაცემულობის სულისკვეთებით განმსჭვალული მისი ლექსები, რომლებიც ბურჟუაზიულ-არისტოკრატიული ესთეტობისა და დეკადანტობის პოზიციებზე გაყინული ძველი სალონური პოეზიის _ «ხელოვნება ხელოვნებისათვის» გემოვნებას გამოხატავენ, პოეზიისა, რომელსაც არ სურს თავისი ხალხის მხარდამხარ იაროს, ზიანს აყენებენ ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს”.
ახლა ვნახოთ, როგორ ”ეხმატკბილება” კომპარტიის ზემოაღნიშნულ დადგენილებას ის, რაც 1946 წლის 5 სექტემბერს ქართულენოვან (ძნელია მას ქართული უწოდო!) გაზეთ ”კომუნისტში” დაიბეჭდა:
”ჟურნალ «მნათობში» დაბეჭდილმა უცხო და მიუღებელმა ნაწარმოებებმა, უპირველეს ყოვლისა, დაბნეულობა შეიტანეს ახალგაზრდა მწერლებში. ზოგიერთ ახალგაზრდა მწერალს აშკარად დაეტყო დეკადენტური, აპოლიტიკური მოტივებით გატაცება. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს ანა კალანდაძის ლექსები, რომლებიც ჟურნალ «მნათობის» მიმდინარე წლის მეოთხე ნომერში დაიბეჭდა. ახალგაზრდა ავტორს, როგორც ჩანს, აქვს საკმაო პოეტური ნიჭი, მაგრამ მას აკლია ჩამოყალიბებული ცოდნა ცხოვრებისა, უნარი მოვლენების სწორად დანახვისა. არ ხელმძღვანელობს მოწინავე იდეებით, დეკადენტური მოტივების ტყვეობაშია მოქცეული.
ერთ ლექსში ანა კალანდაძე «უდაბნოს მწირს~ უწოდებს თავის თავს. და მართლაც, მისი ზოგიერთი ლექსი ძველი სამონასტრო ცხოვრების ჰიმნოგრაფებს გვაგონებს. მაგალითისათვის დავასახელებთ ლექსს:
«ხატთან ანთია სანთელი ორი, ორივ პაწია და თანასწორი, სულის მეოხად შენი ერთასი. ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, წმინდა სამთავროს… ალვის სადარო, დახრილი წამით, მოხრილი მუხლით ხატის წინ შვენი. შენ ამბობ: _ იყავნ ნებაი შენი! _ მე ვამბობ: _ ამინ!»
რა საოცარ ანაქრონიზმად გაისმის ეს სიტყვები დღეს. ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შესახებ ამაზე უფრო აღგზნებული ჰიმნები მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფებსაც არ შეუქმნიათ. ვის ესაჭიროება დღეს ამგვარი ლექსები? ვის სულიერ განწყობილებას გამოხატავენ ისინი?
ანა კალანდაძის მეორე ლექსში «მკვდართა მზე ვარ», ვკითხულობთ: «ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ, გულო, რისად მეხურები? სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ, ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. კორჩიოტას თესლი გალხვა, ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის, ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას, ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს».
ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა.
ანა კალანდაძის ლექსებში ადგილი აქვს მეორე უცნაურობასაც, რომელიც ასევე დეკადენტური, გარდასული დროის პოეზიის დამახასიათებელია. პოეტი რაღაც უცხო სევდას შეუპყრია და ბუზღუნებს: «დარდიანი ღვინოს ვსვამ და ვთვრები». ეს შემთხვევითი სტრიქონი როდია. შეიძლება ითქვას, რომ ანა კალანდაძის ლექსებში სიმთვრალის, ლოთობის აპოლოგიასთან გვაქვს საქმე. «ღვინიანი ჭიქა», «ქუდმოხდილი ქვევრი», «ღვინიანი კოპე», «ღვინომ დამახრჩოს», «ღვინო დოქებით», _ ასეთია ამ ქალის პოეტური ლექსიკა.
ჩვენი ლიტერატურისათვის ეს სრულიად უცხო მოტივები _ ლოთობის აპოლოგია, მისტიციზმი _ ამ დამწყები პოეტის შემოქმედებაში იმის შედეგია, რომ მწერალთა კავშირი და ჟურნალ «მნათობის» რედაქცია სუსტად ხელმძღვანელობენ ახალგაზრდა მწერლების იდეურ აღზრდას. სხვა მხრივ, რით უნდა აიხსნას ანა კალანდაძის ლექსების დაბეჭდვა ჟურნალ «მნათობში»?!…”
შეგნებულად არ ვასახელებ ამ წერილის ავტორს. ის სინამდვილეში სრულებითაც არ იყო უგემოვნო ლიტერატორი, და არ მჯერა, გულწრფელი ყოფილიყო ზემოხსენებული სტრიქონების წერისას, მაგრამ იმჯერად მისი პირით ანა კალანდაძის შესახებ ერთი კრიტიკოსი კი არა, არამედ მთელი საბჭოთა სისტემა ლაპარაკობდა. და ეს ”გამოხმაურება” სულაც არ იყო ერთადერთი. იმავე 1946 წლის სექტემბერში გაიმართა საქართველოს მწერალთა მესამე ყრილობა. ყრილობაზე ”ბოლშევიკური პრინციპულობით განმსჭვალული” მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პეტრე შარია, რომელმაც ტრადიციული იქედნური ქილიკით ანა კალანდაძის პოეზიასაც გაჰკრა კბილი:
”აქ ერთ-ერთი ორატორი, მგონი ამხ. Gგაწერელია, სპეციალურად შეჩერდა დამწყები პოეტი ქალის დადებით სუბიექტურ-მორალურ თვისებებზე. სხვათა შორის, ობიექტურად სრულიად გაუმართლებელია ის სენსაცია, რაც ამ ახალგაზრდის გარშემო შეიქმნა. გაუმართლებლად მიმაჩნია ისიც, რომ ამ ყრილობაზე ასე ბევრი ილაპარაკეს მის გარშემო… გაზვიადებულია როგორც მისი ორიგინალობა და სიახლე, ისე მისი შემოქმედებითი მიღწევებიც. ამ უეჭველად პერსპექტივიან ახალგაზრდა პოეტ ქალს დათვური სამსახური გაუწიეს იმათ, ვინც მზრუნველობითი კრიტიკისა და მეგობრული რჩევის ნაცვლად თავბრუდამხვევი ხოტბა შეასხეს… ამბობენ და ეს სასიხარულოა, რომ თვით ახალგაზრდა ავტორი ძალიან თავმდაბალი და თვითკრიტიკულად განწყობილიაო. ეს ააცდენს მას თავბრუდახვევას და ნამდვილი პოეზიისაკენ გზას გაუკაფავს”.
დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება სრულიად დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ იმ პერიოდში ანა კალანდაძის ერთი გამოუქვეყნებელი ლექსიც კი გამხდარა გაუმართლებელი კრიტიკის საგანი. გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნების” 1946 წლის 16 ნოემბრის ნომერში ადგილი ჰქონდა ვინმე კ. ზუმბულიძის საკმაოდ არაკორექტულ გამოხდომას. გამოქვეყნებულ პასკვილში ”განხილულია” სერგო ზაქარიაძის მხატვრული კითხვის საღამოები:
”მსახიობის ეს თაოსნობა, _ წერს ავტორი, _ თავისთავად ძალიან კარგია. მაგრამ როგორია მისი გამოსვლების პროგრამა? მსახიობი თითქო ცდილობს თავის საღამოებზე მსმენელს წარმოდგენა მისცეს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე საბჭოთა პოეზიის შესახებ. ამ მიზნით იგი კითხულობს, ერთის მხრივ კლასიკოსების (ილია ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, აკ. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა) ლექსებს, ხოლო თანამედროვეთაგან მას რატომღაც ორი პოეტი აურჩევია _ ლადო ასათიანი და ანა კალანდაძე. გაუგებარია, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა მსახიობი, როცა ასეთ არჩევანს მიმართავდა.
მაგრამ ჩვენ ამაზეც არაფერს ვიტყვით, რომ მსახიობს თვით ზემოხსენებული ორი პოეტის ლექსებში მაინც აერჩია უფრო მოწინავე, იდეურად გამართლებული ლექსები… მწერალთა კლუბის დარბაზში, სწორედ იმ ტრიბუნაზე, საიდანაც სულ მოკლე ხნის წინ, მწერალთა მესამე ყრილობაზე სასტიკად იქნა გაკრიტიკებული უიდეობისა და აპოლიტიკური ტენდენცია პოეზიაში, სწორედ ამ ტრიბუნაზე მსახიობი კითხულობს პესიმისტური განწყობილების შემცველ და უიდეო ლექსებს. ასეთია, მაგალითად, «ლოცულობს გველი» _ სავსებით მისტიკური, დეკადენტური ნაწარმოები, რომელიც თვით ავტორმაც კი დაბეჭვდის ღირსად არ სცნო. მაშ, რაღა საჭიროა ახლა ამ ლექსის საჯაროდ კითხვა და პოპულარიზაცია? არაფრით არ შეიძლება გავამართლოთ ს. ზაქარიაძის ასეთი უპასუხისმგებლო და დაუშვებელი გამოსვლები”.
კიდევ უფრო მეტიც: ანა კალანდაძის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი _ მწერალი შოთა ზოიძე, სხვა მოყვანილ საინტერესო ფაქტებთან ერთად, იმასაც აღნიშნავს, რომ ანა კალანდაძის არქივში ინახება ერთი მეტად “საყურადღებო” დოკუმენტი, რომელიც პოეტს 1951 წელს მიუღია საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების საქმეთა კომიტეტისაგან. ეს არის ”საორიენტაციო თემატიკა”, რომლის მიხედვითაც ანა კალანდაძეს ახალი ნაწარმოებები უნდა შეექმნა. თემათა ჩამონათვალი “წარუშლელ შთაბეჭდილებას” ახდენს: 1. სამგორის შესახებ, 2. რუსთავის შესახებ, 3. ბრძოლა მარცვლეულისათვის (პურის აღება კომბაინით, პურის ბეღელი), 4. ბრძოლა მეცხოველეობისათვის (მწყემსები, მომთაბარეობა, ბინები და სხვა), 5. საკოლმეურნეო მგზავრული (კოლმეურნეთა სამუშაო ადგილებზე გასვლა), 6. ხვნა-თესვის შესახებ, 7. მაღაროელთა სიმღერა, 8. სიმღერა სამშობლოზე (პატრიოტიზმი), 9. საყოფაცხოვრებო და სახუმარო (შაირები, გაბაასება), 10. სიმღერა ახალგაზრდობაზე და ახალგაზრდობისათვის. 11. სიმღერა პიონერებზე და ბავშვებზე, აგრეთვე პიონერებისა და ბავშვებისათვის, 12. ხალხთა და ეროვნებათა სტალინურ მეგობრობაზე, 13. გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადების შესახებ, 14. მთასვლელთა სიმღერა, 15. სიმღერა ფიზკულტურელებზე… 17. სიმღერა რთველზე, 18. სიმღერა ბაღებისა და ხილის შესახებ… 20. კომუნიზმის დიადი მშენებლობის შესახებ და ა.შ. ეს ”სახალისო” ჩამონათვალი კიდევ გრძელდება!
ღვთის შეწევნით, ანა კალანდაძეს დებიუტისთანავე დაკავებული ჰქონდა თავისი ნიშა ჭეშმარიტ პოეზიაში. მაგრამ ახალგაზრდა პოეტი ქალისათვის ასეთი ტენდენციური და ზოგჯერ, უბრალოდ, უხამსი დამოკიდებულება ადვილად გადასახარში მაინც ვერ იქნებოდა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ 1947-1948 წლებში ლექსი აღარ დაუწერია. თითქმის არ წერდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც. თუმცა, ამ დუმილის შემდეგ, როგორც იგივე შოთა ზოიძე მოხდენილად შენიშნავს, “თითქოს ზემოდან შემოთავაზებული თემატიკის «საპასუხოდ» დაიწერა” ეს მცირე ფორმის, მაგრამ საოცრად მრავლისმთქმელი ლექსი:
”შენ მისმენ ისე,
ვით მზე უსმენს ოკეანეებს.
და ციმციმებ,
ბრწყინავ მასავით…
მოეფარები მალე კლდეებს,
მოეფარები,
მიაშურებ მძიმედ დასავალს…
შენ კვლავ მომისმენ,
ვით მზე უსმენს
ოკეანეებს,
გაბრწყინდები
ჩემთვის მასავით?”
დიახ, სწორედ ეს იყო პასუხი: ანა კალანდაძეს არ შეეძლო სხვაგვარად ეწერა და მისი პოეზია არ შეიძლება არ ყოფილიყო ის, რაც არის. შედეგად მთელი შვიდი (!!!) წლით, 1953 წლამდე დაგვიანდა მისი პირველი კრებულის დაბეჭდვა, მიუხედავად იმისა, რომ 1946 წლის მაისში მწერალთა კავშირის სასახლეში მისი სასწრაფოდ გამოცემა იყო გადაწყვეტილი. თანაც ხელნაწერების სახით ხალხში გავრცელებული შედევრებიდან არაერთი ამ კრებულში ავტორს არ შეატანინეს, მათ შორის ისეთები, როგორიცაა: ”მე მივაშურებ ურარტუს ქვაბებს”, ”მოდიოდა ნინო მთებით”, ”შენ ისე ღრმა ხარ”, ”ტყემ პირსაბური ჩამოიცილა”, ”მეუფევ ჩემო”, ”ხმობენ კაკბები”, ”ჭექდა მაზურკა”, ”ქეთევან დედოფალი”, ”მკვდართა მზე ვარ”, ”ბოშა ქალი”, ”ლოცულობს გველი” და ბევრი სხვა. ”ლოცულობს გველი” როგორც ”სავსებით მისტიკური და დეკადენტური” მხოლოდ შემდგომ გამოცემაში დაუბეჭდეს და ისიც უსათაუროდ. სათაური თვალში ხვდებათ და აფეთებთო, უთქვამს პოეტისთვის ერთ უფროს კოლეგას და კიდევ რამდენიმე სხვა ლექსის უსათაუროდ დაბეჭდვაც ურჩევია.
დაგვიანებული პირველი კრებულის გამოსვლით ყველაფერი არ დამთავრებულა. წამოვიდა ღვარძლისა და ძაგების ხელახალი ტალღა. ასე, მაგალითად, ”იერიში იქნა მიტანილი” (”კრიტიკოს” ვ. მაჭავარიანის მიერ ”ლიტერატურულ გაზეთში”) ისეთ იშვიათ პოეტურ ქმნილებაზე როგორიცაა ანა კალანდაძის ”შორია თამარ”:
”…უნდა აღინიშნოს, ანა კალანდაძე ცდებოდა და ახლაც ცდება, როდესაც რომანტიკული ლეჩაქით თვალებზე (!!! _
კ. ლ.) გაჰყურებს ფეოდალურ საქართველოს (”შორია თამარ”). ეს შუა საუკუნეების ფლიორი, რაც უფრო მალე ჩამოცილდება მის პოეზიას, მით უფრო გაიზრდება და დავაჟკაცდება ის. ნამყო, ძველი საჭიროა და აუცილებელიც, მაგრამ მხოლოდ აწმყოსათვის და მომავლისათვის და არა თავისთავად. საქართველო იმდენად წარმტაცი და კარგია დღეს, რომ მის შესაქებად გუშინდელი საჭირო აღარ არის… ჩვენი ინდივიდუალური სამყარო გამსჭვალულია კოლექტივიზმის გრძნობით. ახალმა პოეტმა უნდა იგრძნოს და შეამჩნიოს ეს ფენომენი და მას ადეკვატური პოეტური ფორმა მოუნახოს…”
ასე ასწავლიდა წერა-კითხვის ზოგიერთი ვითომმცოდნე არამკითხეც კი ”ადეკვატური ფორმის” ძიებას გენიალური შესაძლებლობების ახალგაზრდა პოეტს.
მოგვიანებით ნოდარ დუმბაძემ თქვა: ”ანა კალანდაძის გაკილვას რა უნდა, ქებაა ძნელი ანა კალანდაძისა… გურიიდან ჩამოსული ბიჭი ვიყავი, ბიძამისის წისქვილში ღამენათევი ბიჭი და სიზმრიდან ახალდაბრუნებულივით მაშინ პირველად მივხვდი, რომ ეს ყველაფერი: სახლში შემოჭრილი თუთაც, ჭიამაიაც, ჩახლართული ღობეც, თოლიას ყეფაც, ქვევრში დამწყვდეული ჭინკაც, თოვლზე დარჩენილი ნადირის ნაკვალევიც, ჩიჩილაკიც, კალანდაც, ბოშა ქალიცა და თათრის გოგონაც _ ადრე რომ არაფერი მეგონა, თურმე ღვთაებრივი ლექსი და ღვთაებრივი პოეზია ყოფილა?!” _ აი, სწორედ ამას ვერ (ან არ) ხედავდა ანას ბევრი მოშურნე თუ ოპონენტი.
გავა დრო და გურამ ასათიანი დაწერს: ”ანა კალანდაძეს ჰყავს ოპონენტები როგორც ქართულ მწერლობაში, ისე მკითხველთა გარკვეულ წრეებშიც. ერთი ამ ბრალდებათაგანი ასეთია: თითქოს მისი შემოქმედება მოკლებული იყო აქტუალობას, ნამდვილ სოციალურ სიმძაფრეს. ასეთ შეხედულებას აქვს თავისი საფუძველი. მართლაც, ანა კალანდაძეს არ შეუძლია ზოგიერთ ისეთ თემაზე წერა, რაც სხვა პოეტებს ეხერხებათ. არ შეუძლია თავისი პოეტური ბუნების გამო. მაგრამ, ამავე დროს, მთელი მისი პოეტური შემოქმედება, მთელი მისი ცხოვრება ქართულ პოეზიაში ღრმა საზოგადოებრივი აზრის, დიახ, მეტად ღრმა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალურ-ზნეობრივი აზრის მაუწყებელი მაგალითია”, _ მართლაც ზედმიწევნითი შეფასებაა ანას ნათელი ბიოგრაფიისა და ჭეშმარიტად ფენომენური ლიტერატურული მემკვიდრეობისა. ამაზე უკეთ ძნელად თუ იტყვი…


Responses

  1. sul vpikrobdi,ratom ara akvs anas leksebs sataurebi-tko….. didi madloba.

  2. ცხადად მახსოვს ის მშვენიერი დღე, რომელიც ანასთან ერთად გავატარე. მე და ჩემმა კლასელებმა კაფეში დავპატიჟეთ და ბევრიც ვილაპარაკეთ. მახსოვს მისი დაწერილი ლექსი წავუკითხე მეგობარზე romelic me dzalian miyvars.am dges ra damaviwyebs roca me pirvelad da ukanasknelad pirispir velaparake did genias da sakartvelos siamayes ana kalandazes

  3. me dzalian momwons ana kalandzazis leqsebi da minda ana kalandzazis yvela leqsi vicode


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: