Posted by: burusi | 23/11/2009

კოტე მაყაშვილი – ბიოგრაფია

კოტე მაყაშვილი

კოტე მაყაშვილი – Kote Makashvili (1875 – 1927)

კოტე მაყაშვილი დაიბადა 1875 წლის 13 ნოემბერს (ძველი სტილით) სოფელ იყალთოში, წვრილი მემამულის, თავის დროისათვის საკმაოდ განათლებული და გამჭრიახი გონების მქონე ზაქარია მაყაშვილის ოჯახში.
კოტეს დედა, აბელიშვილის ქალი, გულკეთილი ადამიანი ყოფილა. ქართულ წერა-კითხვას პატარა კოტე მშობლების ოჯახში კარგად დაუფლებია. ჰყოლია და-ძმა. მათ შორის კოტე ყველაზე უმცროსი იყო. 5 წელი შესრულებია მას, როცა მამა გარდაცვლია. ოჯახი მძიმე სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილა. კოტეს ორი უფროსი ძმა—სოლომონი და ილია იმ დროს სარაყამიშში ყოფილან სამხედრო სამსახურში. მშობლიური ენა უკვე დავიწყებიათ. მათთან ჩასულ კოტესაც მალე დავიწყნია დედაენა და მის ნაცვლად რუსული ენა შეუსწავლია. მშობლიურ გარემოს მოწყვეტილ კოტეს ამ მხრივ სხვა ჩვენი გამოჩენილი მწერლის ბედი გაუზიარებია. სარაყამიშიდან იგი უფროს ძმასთან, სოლომონთან, ერთად ალექსანდროპოლში გადასულა.
კოტე მეტად ცელქი, მაგრამ ცხოველი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო. უყვარდა ზღაპრების კითხვა და ახირებული ამბების თხზვა. 8 წლისა სამშობლოში დაბრუნდა. დედასთან დრამატიზმით აღსავსე შეხვედრის სცენას მწერალი თავის ავტობიოგრაფიულ ცნობაში ამრიგად აღწერს: “არ დამავიწყდება დედაჩემთან შეხვედრის წუთი, როდესაც იყალთოში ჩამიყვანეს, წინ მომეგება დედა მთრთოლვარე, გახარებული… მაგრად, მაგრად ჩამიკრა გულში, მე გულგრილად დავხვდი ამ ამბავს. შევცქეროდი დედაკაცს, რომელიც დედაჩემი უნდა ყოფილიყო და რომელიც რაღაცას მეუბნებოდა ჩემთვის გაუგებარს ენაზედ, დედაჩემმა იგრძნო ესა, შეკრთა და ცრემლები წამოსცვივდა თვალთაგან, “ვაიმე, შვილი გამირუსესო”,–წამოიძახა საწყალმა. ნაწყენი იყო დედაჩემი მით უმეტესად, რომ მე, როგორც “ნაბოლარა”, მეტად ვუყვარდი”.
კოტეს დედას საუცხოვო ხმა ჰქონდა და მშვენივრად მღეროდა თურმე ქართულ სიმღერებს. კოტეს მამა თურმე მშვენივრად უკრავდა თარზე. ოჯახის ეს მუსიკალური ტრადიცია გაცოცხლდა შემდეგ კოტე მაყაშვილის პოეზიაში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება ცნობილ და გახმაურებულ სასიმღერო ლექსს სათაურით “დავრდომილი სნეული”… თვითონ კოტეც შესანიშნავად მღეროდა. იყალთოში რამდენიმე თვის ყოფნის შემდეგ დედამ კოტე თბილისს გამოგზავნა თავის ძმასთან—ნიკოლოზ აბელიშვილთან, რომელიც სამხედრო სამსახურში იყო. ბიძის სახლში კოტე ხარბად დაწაფებია წიგნებს. გადაუკითხავს ტურგენევის, სხვა რუსი მწერლების, აგრეთვე ბალზაკის, ჟორჟ სანდის, დიუმას და სხვათა რუსულ ენაზე თარგმნილი რომანები და მოთხრობები. მხატვრული ლიტერატურით გატაცებას მცირეწლოვან კოტეში მწერლობის სურვილი აღუძრავს. ცხრა წლისა ყოფილა, როცა პირველი ლექსი დაუწერია რუსულ ენაზე. ქართული ჯერ კიდევ არ სცოდნია. ათი წლისა გამხდარა, როცა ბიძამისს კლასიკური გიმნაზიის ნაცვლად სათავადაზნაურო სკოლის პირველ კლასში მიუბარებია.
სათავადაზნაურო სკოლაში კოტემ ორი წელი დაჰყო და პირველ მოწაფედ ითვლებოდა. ამასობაში გარდაეცვალა დედა, რასაც მძიმედ უმოქმედნია მასზე. მეორე კლასის დასრულების შემდეგ გადასულა კლასიკურ გიმნაზიის მესამე კლასში. ამ დროს გარდაიცვალა მესამე და ანიკო, რომელიც მეტისმეტად ჰყვარებია. “როდესაც მისი სიკვდილის ამბავი გავიგე,—წერს კოტე,—გულშეწუხებული ვიყავი, მერე ისეთმა რისხვამ ამიტანა, რომ ფეხიდან წაღა წავიძრე და ხატს ვესროლე ისტერიულის ყვირილით—“რა ჰქენი ეგ, უსამართლო, დღედაღამ მუხლმოდრეკილი ვლოცულობდი იმის განკურნებისათვის და ეს იყო შედეგი ლოცვისა?”—ამ დის შემდეგ ამსოფლად არავინ დამრჩა გულშემატკივარი. ძლიერის სიმწვავით ვიგრძენ ობლობა… ეგ გრძნობა სამუდამოდ ჩამრჩა გულში… იგი იქცა ჩემ მეორე “მედ”. ამას ბოლოს ისიც დაერთო, რომ ბიძაჩემს ვერ მოვურიგდი, დავანებე იმას თავი… აქედან იწყება მწუხარე ფურცელი ჩემი ცხოვრებისა… იწყება ულმობელი ბრძოლა არსებობისათვის. გაკვეთილებით ძლივს ვირჩენ თავს. ნახევრად მშიერი დავიარები გიმნაზიაში. ცელქი და მხიარული ბავშვი დაღვრემილ, გულდახურულ ყრმად ვიქეცი… ბევრჯერ უკიდურეს მდგომარეობამდე მისულს თავის მოკვლაც განმიზრახავს, მაგრამ სისრულეში არ მომიყვანია, ალბათ იმიტომ, რომ, რაც უნდა იყოს, სული ტკბილიაო, ნათქვამია. ამ გაჭირვების დროს დიდ დახმარებას, უფრო კი ზნეობრივს მიწევდა ჩემი საუკეთესო მეგობრის გიორგი ნათიშვილის ოჯახი და ჩემი მეოთხე და თამარ თარხნიშვილისა, საყმაწვილო მოთხრობების მწერალი. სწავლა არ მიძნელდებოდა. გიმნაზიაშიც რუსულის საუკეთესო მცოდნენდ ვითვლებოდი, ვსწერდი ლექსებს და პოემებს. ქართული ისეც არ ვიცოდი და თუ ვიცოდი რამე, ისიც ისე, რომ არ ცოდნა უკეთესი იყო”.
პირად, ინტიმურ განცდებს უნდა დაემატოს საზოგადოებრივი ყოფაც, რომელიც ესოდენ დიდ გავლენას ახდენდა კოტეს შემოქმედებაზე. კლასიკური გიმნაზია კოტემ 1895 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც იგი პეტერბურგს გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ბედის ირონიით კოტე შორეულ პეტერბურგში შედგომია ქართულის შესწავლას. იქ გადაუკითხავს ქართული ლიტერატურული ენის ისეთი ძაგლები, როგორიცაა “დაბადება”, “სახარება”, “ვისრამიანი” და სხვანი. ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კოტე შესულა აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. მისი მიზანი იყო შეესწავლა სპარსული და არაბული ენებიც. კოტეს უშუალო მონაწილეობა მიუღია იმ დროს მომხდარ სტუდენტთა არეულობაში, რის გამოც უნივერსიტეტიდან დაუთხოვიათ. ამრიგად, სამშობლოს, მისივე თქმით, “მხოლოდ იურისტის დიპლომით დაბურნებია”. სამშობლოში დაბურნებისას კოტემ შეირთო ეკატერინე გაბაშვილის ასული თამარი.
თბილისში ჩამოსვლისას კოტემ ქართულ გიმნაზიაში პედეგოგოური მოღვაწეობა დაიწყო. თავისუფალ დროს იგი იქაც მდიდარი მშობლიური ლიტერატურის შესწავლას ანდომებდა. 1903 წელს კოტე მაყაშვილი არჩეულ იქნა დამფასებლად სათავადაზნაურო ბანკში. აქედან მოყოლებული, ვიდრე სიკვდილამდე, კოტე მაყაშვილს ერთხელაც არ გაუგდია ხალიდან საზოგადოებრივი საქმიანობის საჭე. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში – ‘‘ივერია”, ‘‘სახალხო გაზეთი”, ‘‘ისარი”, ‘‘საქართველო”, ‘‘ლომისი”, ‘‘თემი” და სხვა. ჟურნალებში – ‘‘საქართველო,” ‘‘ფასკუნჯი,” ‘‘პრომეთე”, ‘‘ლომისი”. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული ‘‘ლირიკა”.

1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო ‘‘აკადემიური მწერლობის” კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს. კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: