Posted by: burusi | 18/11/2009

ნიკო ლომოური – ბიოგრაფია

ნიკო ლომოური

ნიკო ლომოური – Niko Lomouri

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით 2 მარტს) ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ არბოში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. სოფელი არბო დიდ და პატარა ლიახვს შუა, მაღალ ვაკეზე, ხეობის დასაწყისში მდებარეობს. ზევიდან მას კავკასიონის მთის გრეხილი გადმოჰყურებს, აღმოსავლეთით და დასავლეთით ესაზღვრებიან წინ წამოწეული პატარა გორაკები.

სოფელში ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულ ადგილას დგას ქვითკირის ერთოთახიანი სახლი შუშაბანდიანი აივნით, რომელსაც წინ და უკან უფერული ბაღი აკრავს და გვერდით მდინარე დიცურა ჩამოუდის. ეს სახლი ნიკო ლომოურს აუგია თავის მშობლიურ სოფელში ზაფხულის გასატარებლად. მწერლის მამა, იოსებ ლომოური, ადგილობრივი მკვიდრი გლეხის ჩამომავალი იყო. ახალგაზრდობაში წერაკითხვა შეისწავლა, მცირე განათლება მიიღო, ჯერ დიაკვნად მოეწყო და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. დედა – ეფემია გვიმრაძე გაუნათლებელი, მაგრამ კეთილი, პატიოსანი, ოჯახის მოსიყვარულე და შვილებისათვის თავდადებული ადამიანი ყოფილა. მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: ოთხი ვაჟი და ერთი ქალი. ქალი – გაიანე ცხინვალში კასრაძეზე გაათხოვეს.ვაჟებს კი თითქმის ყველას განათლება მიაღებინეს. ნიკოს უფროსმა ძმებმა (ივანე, ანტონი) სასულიერი სემინარია დაამთავრეს, უფროსი – ვასილი გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა, სადაც ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად მსახურობდა.
ლომოურების ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა. მათ პატარა ვენახი და რამდენიმე დღიური სახნავ-სათესი მიწა ჰქონდათ. შვილები თითქმის დამოუკიდებლად, მშობლებისაგან მატერიალური დახმარების გარეშე იკვლევდნენ გზას.
თვითონ მწერალი თავის დაბადების თარიღად ზოგგან 1853 წლის 19 თე-ბერვალს ასახელებს. ამ საკითხზე კვლევაძიება ჩაუტარებია ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელს, დავით შუღლიაშვილს. ნიკო ლომოურის გვარი არ აღმოჩენილა არც იმერეთის, არც თბილისისა და გორის მაზრების სამეტრიკო ჩანაწერების წიგნებში. რადგან მამამისი სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო, მის შესახებ არსებული მასალების გაცნობით დაუდგენია ნიკოს დაბადების ზუსტი თარიღი (დ. შუღლიაშვილი,”ნიკო ლომოურის ბიოგრაფიისათვის”, “კომუნისტური აღზრდისათვის”, 1955, #8, გვ. 80.): “სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის 1852 წელს დაბადებულთა სამეტრიკო წიგნში ჩაწერილია ნიკოლოზ იოსების ძე ლომოურის დაბადება ლომიძის გვარით. ნიკო დაბადებულა 19 თებერვალს, ხოლო მოუნათლავთ 28 თებერვალს, ნათლია ყოფილა სოფელ ნიქოზის მცხოვრები იესე გრიგოლის ძე ფალავანდიშვილი.
დ. შუღლიაშვილის ცნობით, ნიკო ლომოურის წინაპრები ლომიძეები ყოფილან, რომელთაც შეუცვლიათ გვარი ლომოურზე. თუმცა თვით მწერალი თავისი გვარის წარმოშობას საქართველოში არსებული მთის – “ლომის მთის” სახელს უკავშირებდა (ს. აბულაძე – “ჩემი მოგონება ნიკო ლომოურზე”, ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერი #174, გვ. 64).
პატარა ნიკომ ბავშვობის წლები სოფელ არბოში გაატარა, სადაც მაშინ გლეხის ოციოდე კომლი და ორი აზნაურიშვილის ოჯახი ცხოვრობდა. მის თვალწინ იყო გადაშლილი გლეხობის ყოველდღიური ყოფა, მათი ზღაპრები და არაკები, შაირ-ანდაზები და გამოცანები, მათი უმეცრება და ამაოდ მორწმუნეობა, სიღარიბე, ტანჯვა და მწუხარება.
ნიკოს წერა-კითხვა სოფლის დიაკვანმა ასწავლა და 8 წლის ასაკში გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში მამა იოსებს საქართველოს ეგზარხოსის განკარგულებით, სამრევლო ჩამოართვეს და ოჯახი მძიმე ეკონომიურ განსაცდელში ჩავარდა. მართალია, მან სამრევლო უკან დაიბრუნა, მაგრამ საეკლესიო ბიუროკრატიზმთან ჭიდილსა და დაძაბულ ყოფას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. გორში ნიკო ლომოური დიდხანს არ დარჩენილა. მეორე კლასიდან თბილისში გადავიდა და იქ გააგრძელა სწავლა სასულიერო სასწავლებელში. წუხდა, რომ სოფელს უფრო დიდი მანძილით სცილდებოდა, მაგრამ სწავლის სურვილი ახლა ისე ჰქონდა გაძლიერებული, რომ უკვე არავითარი დაბრკოლების აღარ ეშინოდა.
თბილისის სასულიერო სასწავლებელმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ნიკო ლომოურის გონებრივ განვითარებაზე და მის მოწინავე მორალურ და მოქალაქეობრივ შეხედულებათა გამომუშავების საქმეში. ამ სასწავლებელში მეტად მძიმე ვითარება სუფევდა, გამეფებული იყო ტექსტების კაჭ-კაჭური ზეპირობა, სემინარისტებს ქართულ ენაზე საუბარი აკრძალული ჰქონდათ;, მოსწავლეებს დასჯის მიზნით, წკეპლით სცემდნენ. გადმოცემით, “გაბრაზებულმა მასწავლებელმა ქართული ლაპარაკისათვის პატარა ნიკოს “ლინეიკა” ჩაარტყა, რის შედეგად მას ხელის კანკალი დაჰყვა.”
ნიკო ლომოურის თქმით, თბილისის სასულიერო სასწავლებელში პირველი ნათელი სხივი იაკობ გოგებაშვილმა შეიტანა. იგი მეოთხე კლასში გეოგრაფიას ასწავლიდა. “პირველად ქართულად აგვიხსნიდა, მერე რუსულად და გაკვეთილს იქვე კლასში ვსწავლობდით. ესეთი გაკვეთილი პირველი და უცნაური ხილი იყო ჩვენთვის. კაჭკაჭურ ზეპირობას, ტევასა და ცემატყეპას დაჩვეულნი, მოხსენებულ გაკვეთილებს სარწმუნეობრივის თაყვანისცემით შევცქეროდით (ნ. ლომოური, ავტობიოგრაფია გაგზავნილი დ. კარიჭაშვილისადმი, “ლიტერატურის მატიანე”, 1940.)
ნიკო ლომოურმა 1969 წელს დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, სადაც დაიწყო მისი აქტიური და შეგნებული ცხოვრება. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი. მალე მათ მიემატნენ საქართველოში დაბადებული მღვდლის შვილები, ძმები ცვეტკოვები, სემინარიის ინსპექტორი იასე სულხანიშვილი. სასულიერო სემინარიის ჯანსაღმა კოლექტივმა დაიწყო ზრუნვა მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე.
სემინარიას ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც მდიდარი იყო ისტორიული, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური წიგნებით, რუსული და ევროპული ბელეტრისტიკით. მოსწავლეები კი არალეგალურად კითხულობდნენ “სოვრემენნიკის” ნომრებს, ბელინსკის, ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, პისარევის თხზულებებს, “ქართლის ცხოვრებას”, “ცისკარსა და “საქართველოს მოამბეს”. ნიკო ლომოურის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძის თხზულებებმაც.
ნიკო ლომოური სემინარიელთა მიერ ჩამოყალიბებული წრის აქტიური წევრი იყო. ამ წრემ დაარსა საიდუმლო ბიბლიოთეკა და სცემდა ხელნაწერ ჟურნალ “შრომას”, რომლისთვისაც უთარგმნია ნიკო ლომოურს ბაირონის “შილონის პატიმარი”. იგი სემინარიის გამორჩეულ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობდა “მნათობის” რედაქციაში, ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ ასოთამწყობის, კორექტორის, მთარგმნელის, მწერლისა და თვით ექსპედიტორის მოვალეობასაც კი.
ნიკო ლომოურის ლიტერატურული დებიუტი სასულიერო სემინარიაში შედგა, როცა ლექსებისა და კორესპონდენციების წერა დაიწყო და ამავე დროს, თარგმნასაც მიჰყო ხელი. მისი პირველი ლექსი “სიონს” სერგეი მესხმა 1869 წელს გამოაქვეყნა “დროების” 47-ე ნომერში.
ნიკო ლომოურმა 1875 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და უკვე გარკვეული იდეებითა და მრწამსით შეიარაღებული სასწავლებლად კიევს გაემგზავრა. იგი კიევის სასულიერო აკადემიის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეტად ნაყოფიერი იყო ნიკო ლომოურისთვის კიევში გატარებული წლები. იგი წერდა ლექსებს, კორესპონდენციებს, თარგმნიდა რუსული ენიდან როგორც ორიგინალურ, ისე ევროპული მწერლობის შედევრებს და აქვეყნებდა “დროებასა” და “ივერიის” ფურცლებზე.ამ პერიოდში კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა დავით კლდიაშვილი. მას არა ერთხელ აღუნიშნავს სიამაყით ის კეთილშობილური გავლენა, რომელიც ნიკო ლომოურს მოუხდენია მასზე. იგი არასოდეს ივიწყებდა ნიკო ლომოურის დაუფასებელ ამაგს. ისინი ძალიან დაახლოებიან ერთმანეთს. ნიკო ლომოურის დახმარებით დავით კლდიაშვილი დაეწაფა ქართულ კითხვას, დაიწყო საქართველოს ისტორიისა და მწერლობის შესწავლა. ამ შემთხვევაში დავითისათვის ნიკო მასწავლებელზე მეტი იყო, მისი გავლენითა და შთაგონებით დაიწყო მან მწერლობაც.
ნიკო ლომოურმა 1879 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია საღვთისმეტყველო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით და სამშობლოში დაბრუნდა.1880 წელს იგი ახლად გახსნილი სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დაინიშნა, სადაც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. მწერალი თბილისში დიდხანს არ დარჩენილა. ვერ შეეგუა სასწავლებელში გამეფებულ რეჟიმს. არ მოსწონდა სწავლა-აღზრდის არსებული სისტემა და თავისებური, თავისუფალი აღზრდის მეთოდი შემოიღო. ამის გამო უთანხმოება ჩამოვარდა მასსა და სასწავლებლის ადმინისტრაციას შორის. სამი სასწავლო წელი მეტად მძიმე პირობებში გაატარა. 1883 წელს კი ქალაქ გორის ამიერკავკასიის სამასწავლებლო სკოლის სემინარიაში ქართული ენის მას-წავლებლად დანიშნეს. 1883 წელს თვითმპყრობელობამ დაარბია ხალხოსნური ორგანიზაცია. გორის ქალთა პროგიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიშო (მიხეილ) ყიფიანი კი დააპატიმრა და ციმბირში გადაასახლა. ნიკო ლომოურმა 1884 წლის თებერვლიდან შეთავსებით ამ სასწავლებელშიც დაიწყო მასწავლებლობა. კიევიდან ახლად დაბრუნებულ ნიკო ლომოურს მიზნად ჰქონდა დასახული ფართოდ გაეშალა ხალხისათვის სასარგებლო პრაქტიკული საქმიანობა, ეზრუნა მშრომელთა შვილების აღზრდა-განათლებაზე, სასწავლებელში სწავლების დემოკრატიული პრინციპების დანერგვაზე, მაგრამ თავიდანვე გადაულახავ დაბრკოლებას შეხვდა, რის გამოც იძულებული გახდა აშკარა ღონისძიებები ფარულით შეეცვალა და ფხიზლად, ადმინისტრაციისაგან შეუმჩნევლად ემუშავა.
სამშობლოში დაბრუნების მეორე წელსვე ნიკო ლომოური ოჯახს მოეკიდა. ცოლად შეირთო გორში მცხოვრები სოფიო ალექსის ასული ხუდადოვი. ნიკოსა და სოფიოს ზედიზედ გაუჩნდათ შვილები, 1883 წელს ეყოლა პირველი ქალიშვილი – თამარი, 1884 წელს მეორე – ნინა, 1886 წელს კი შეეძინათ ვაჟიშვილი იულონი, შემდეგ კიდევ სამი ვაჟიშვილი ეყოლათ, მაგრამ ისინი მალე დაეხოცათ. ნიკო ლომოურს შვილები ძალიან უყვარდა. მართალია, იგი დაკავებული იყო სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმიანობით, მაგრამ დროს მაინც ნახულობდა შვილებისათვის. საღამოობით ასწავლიდა მათ ლექსებს, უამბობდა ზღაპრებსა და სათავგადასავლო ამბებს. მან შვილებს კარგი განათლება მიაღებინა. ქალიშვილებმა ბესტუჟევის სახელობის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს, ხოლო ვაჟიშვილებმა – პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი და შემდეგ, მამის რჩევით, მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგრონომიული ფაკულტეტი.
ნიკო ლომოურს ახასიათებენ როგორც ტკბილად მოუბარს, გააზრებული ფრაზებითა და დახვეწილი ქართულით მოსაუბრეს იგონებენ: მის მიერ ვინმეს საპატივსაცემად წარმოთქმულ სიტყვას სხვა ძალა და ზეგავლენა ჰქონდა მსმენელზეო. დეკანოზმა ი.კაპანაძემ მწერლის სამგლოვიარო დღეებში გამოსამშვიდებელი სიტყვა წარმოთქვა რომელშიც ნიკო ლომოურის მჭევრმეტყველურ ნიჭზე შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა: – ,,ისეთი საქმე არ გაკეთდებოდა ჩვენს გორში, ისეთი საკითხი არ აღიძრებოდა, რომ ნი-კოს თავისი მსჯავრი არ დაედო, თავისი მადლით არ მოენათლა, თავისი ნათელი გონებით არ განეშუქებინა მუდამ თავის აზრს სამგლოვიარო სიტყვებში თუ სალიტერატურო დილა – საღამოებზედ ტკბილად, აუჩქარებლად, დარბაისლურად და დიდის მჭევრმეტყველებით გამოთქვამდა, ძნელად მოიპოვება უკეთესის ტკბილის ქართულით მოლაპარაკე, როგორც განსვენებული ნიკო”.
1915 წლის იანვარში, როდესაც აკაკი წერეთლის ცხედარი ჩამოუტარებიათ გორში, მას ნიკო ლომოური თავშიშველი და ატირებული შეგებებია. ავარდნილა ვაგონში, ხელები თავში წაუშენია და მოზარესავით ტიროდაო (გ.ლეონიძე), შემდეგ სიტყვით მიუმართავს სასიქადულო მგოსნისათვის, რომელშიაც ერის ჭირისუფლის სულისშემძვრელი გოდება გაისმოდაო,
– წერდა ,,ახალი ქართლი”.
აკაკის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ პოეტის მოსახსენიებლად გამართულ ყრილობაზე ნიკო ლომოურმა სიტყვა წარმოთქვა… ეს იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა თავის თანამემამულეებთან… გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. როდესაც უფიქრია, სიკვდილის კლანჭებს დავუსხლტიო, სწორედ მაშინ უმტყუნა გულმა და 1915 წლის 17 აპრილს სამუდამოდ გაშორდა ამ წუთისოფელს.
ქართველმა ხალხმა არაჩვეულებრივი სითბო და სიყვარული გამოხატა ამ ღვაწლმოსილი პიროვნებისადმი. მრავალი გულწრფელი ცრემლი დაიღვარა… მოსწავლეები გლოვობდნენ ერთგულ მასწავლებელს, ქართული საზოგადოება კი დასტიროდა გლეხკაცის ქომაგ ნიჭიერ ბელეტრისტს.
ნიკო ლომოური 1915 წლის 26 აპრილს დაკრძალეს გორის წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, ხოლო 1935 წელს ქალაქის ბაღში გადმოასვენეს. ნიკო ლომოურმა მრავალი სახელოვანი ადამიანი შესძინა ქართულ ლიტერატურასა და ქართულ პედაგოგიურ საზოგადოებას. მისი უშუალო მზრუნველობით გამოიზარდნენ და დავაჟკაცდნენ შემდეგში ცნობილი მწერლები და პედაგოგები:თედო და ნიკო რაზიკაშვილები, შიო მღვიმელი, ია ეკალაძე, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკო ჯანაშია, პლატონ ლეჟავა, ბესარიონ კიზირია და სხვანი. თითოეულმა მათგანმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ინტელექტუალურ ცხოვრებაში.


Responses

  1. ძალიან მაგარია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: