Posted by: burusi | 06/11/2009

იოსიფ ბროდსკი – მწერალი ციხეში

იოსიფ ბროდსკი

იოსიფ ბროდსკი - Joseph Brodsky

ციხე – არსებითად, უკმარისობაა სივრცისა, ანაზღაურებული დროის სიჭარბით; ტუსაღისათვის საგრძნობია ერთიცა და მეორეც. სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ურთიერთმიმართება, სამყაროში ადამიანის მდგომარეობას რომ ასახავს, პატიმრობას აქცევს ქრისტიანული მეტაფიზიკის ყოვლისმომცველ მეტაფორად, და, ამასთან, პრაქტიკულად, ლიტერატურის ბებიაქალადაც. ლიტერატურას რაც შეეხება, ეს გარკვეულად გასაგებია, რამდენადაც ლიტერატურა, უპირველესად, მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებათა ნებისმიერ კილოკავზე თარგმანებას წარმოადგენს.

ასეთი თარგმანი, რასაკვირველია, პატიმრობის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს და, შესაძლოა, მეტი სიზუსტითაც. მაგრამ პავლედან მოყოლებული დღემდე ქრისტიანული ტრადიცია ღირსშესანიშნავი დაბეჯითებით ემყარება ციხეს, როგორც საშუალებას, რომელსაც ძალუძს აღძვრა გამოცხადებისა. ამჟამად კულტურები და ლიტერატურები, დაფუძნებულნი ქრისტიანობისაგან განსხვავებულ რწმენა–წარმოდგენებსა და პრინციპებზე (თუკი ეს სიტყვა აქ შეიძლება საერთოდ ვიხმაროთ), აკეთებენ ყოველივე შესაძლებელს, რათა დაეწიონ თავის უფროს დას – ანდა, ჩინეთის შემთხვევაში, უმცროსს – უეჭველია, იმის იმედით, რომ ამგვარად შობენ საკუთარ ვიიონებსა და დოსტოევსკებს.

XX საუკუნეში მწერალთა დატუსაღება პრაქტიკულად ყველგან ხდება. თქვენ გაგიჭირდებათ დაასახელოთ ენა, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყანაზე (შესაძლოა, მხოლოდ ნორვეგია?), რომლის მწერლებსაც სრულიად არ შეხებია ეს ტენდენცია. ზოგიერთ ენასა და ქვეყანაში ამ მხრივ უარესობა იყო; ზოგიერთში – უკეთესობა. რუსეთმა, როგორც ჩანს, ყველას გადააჭარბა. მაგრამ, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირი საკმაოდ დასახლებული იმპერია გახლდათ. მისი აღსრულების შემდეგ ამ პრობლემის სიმძიმის ცენტრმა ევროპიდან გადაინაცვლა აზიის, შორეული აღმოსავლეთისა და სამხრეთის სივრცეებისკენ, აფრიკასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ არქიპელაგებისკენ. არც ესაა განსაკუთრებით გასახარელი, რადგან ეს სივრცეებიც ასევე მეტად მჭიდროდაა დასახლებული. გეოგრაფიას თავისი განურჩევლობით, როგორც ჩანს, სურს გაუტოლდეს ისტორიას.

ანდა, შესაძლოა, ისტორია ეტოლება გეოგრაფიას. უმეტესწილად მწერალი აღმოჩნდება ხოლმე პატიმრობაში, როდესაც რომელიმე ერთ მხარეზე დგება პოლიტიკური დავის დროს, რაც, რაღა თქმა უნდა, ისტორიის თავისებურებაა (მსგავსი დავის არარსებობა, ეჭვგარეშეა, გეოგრაფიის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს). მან შეიძლება კიდეც ინუგეშოს თავი საკუთარი მძიმე მდგომარეობის ამგვარი ახსნით, რამაც დღესდღეისობით კეთილშობილური ტრადიციის სახე შეიძინა.

მაგრამ ასეთი განმარტებით საკანში დიდხანს ვერ გაძლებს, – მეტისმეტად ზოგადი ახსნაა და იქ ყოფნას უფრო კომფორტულად ვერ აქცევს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ისტორიულ ზარს რეკს ციხე – ის ყოველთვის გაფხიზლებთ, – ჩვეულებრივ დილის ექვს საათზე, – თქვენი პატიმრობის ვადის რეალობის აღსაქმელად.

ციხე არ გაიძულებთ დაივიწყოთ თქვენი აბსტრაქტული წარმოდგენები. პირიქით, ის მათ ყველაზე მეტად დაწურულ ფორმულირებებად ჩამოქნის. სინამდვილეში ციხე წარმოადგენს თქვენი მეტაფიზიკის, ეთიკის, ისტორიის შეგრძნებისა და ყოველივე დანარჩენის გადატანას, თარგმანებას თქვენი ყოველდღიური ქცევის მშრალ ენაზე. ყველაზე ეფექტური ადგილი ამისათვის, რასაკვირველია, ერთკაციანი საკანია, სადაც ადამიანთა მთელი სამყარო შეკუმშულია ბეტონის მართკუთხედამდე, 60 ვატიანი ნათურით რომაა მუდმივად განათებული, რომლის ქვეშაც წრეზე მოძრაობთ, ცდილობთ რა შეინარჩუნოთ სულიერი სიჯანსაღის ნატამალი. რამდენიმე თვის შემდეგ მზის სისტემა მთლიანად კომპრომენტირებულია განსხვავებით, იმედია, თქვენი მეგობრებისა და ამხანაგებისაგან, – და თუ თქვენ პოეტი ბრძანდებით, შეგიძლიათ გონებაში შეთხზათ ათიოდე რიგიანი ლექსი. რამდენადაც კალამი და ქაღალდი იშვიათადაა ტუსაღისათვის ხელმისაწვდომი.

ასე რომ, რითმითა და სალექსო ზომით იქ ყველაზე მოსახერხებელია ცხოვრება – ასე უფრო ადვილად გამახსოვრდება, განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ დაკითხვათა ზოგიერთ მეთოდს, რაც თქვენს კეფას ხშირად არასაიმედოდ აქცევს. საერთოდაც, ერთკაციან საკანში პოეტები უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე ბელეტრისტები: პროფესიული იარაღები ცოტაც ჰყოფნით, რადგან თქვენი დაუსრულებლად განმეორებული მოძრაობა წინ და უკან იმ ელექტრული მნათობის ქვეშ თავისით იწვევს მეხსიერებაში ლექსს, ყველაფრისდა მიუხედავად. და კიდევ იმიტომ, რომ ლექსი, თავისი არსით, უსიუჟეტოა და, განსხვავებით თქვენი პირადი საქმისაგან, ენობრივი ჰარმონიის შინაგანი ლოგიკის თანახმად ვითარდება.

ფაქტობრივად, წერა – უფრო სწორად, თხზვა გონებაში – მეტრული პოეზიისა, შეიძლება გამოუწერონ ერთკაციან საკანში, როგორც თერაპიის სახეობა, იატაკზე აჭიმვასა და ცივი წყლის გადასხმასთან ერთად. საერთო საკანში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, და პროზაიკოსი იქ უკეთ ძლებს, ვიდრე პოეტი. პროზა, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ხელოვნებას, რომელსაც ფესვი საზოგადოებრივ ურთიერთობებში აქვს გადგმული და ბელეტრისტი პოეტთან შედარებით უფრო მალე გამონახავს საერთო მნიშვნელს თავის თანამესაკნეებთან. რადგანაც მთხრობელია, იგი ცნობისმოყვარეა თითქმის თავისი განსაზღვრულობით, და ეს ეხმარება გააბას ურთიერთობა გვერდით მყოფ ადამიანებთან, როდესაც გამოჰკითხავს მათი პირადი საქმის გარემოებებს და თანაც გაუმასპინძლდება საკუთარი, ანდა ნასესხები სიუჟეტებით. ის შეიძლება წარმოიდგენდეს, რომ აგროვებს მასალას მომავალი ნაწარმოებებისათვის, ანდა ასე იფიქრებენ მისი თანამესაკნეები, რომლებიც მხოლოდ მოხარულნი იქნებიან გაუზიარონ მას, ძალზე ხშირად გაზვიადებულ–გამშვენებული, ამბები საკუთარი ცხოვრებიდან.

ციხეში დაწერილის ძირითად მასას აშკარად პროზა შეადგენს. იმიტომ არა, რომ ბელეტრისტები პატიმრობაში უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე პოეტები (პრაქტიკაში, როგორც ჩანს, სწორედაც პირიქითაა). ეს ხდება პირველ რიგში იმიტომ, რომ ციხის ყოფის მონოტონურ ენას პოეზია შეუთავსებლად მიიჩნევს ლექსის მფეთქავი ბუნებისათვის. საქმე ის კი არაა, რომ პოეზიის ხელოვნება უარს ამბობს დათრგუნვის ქვენა რეალობა შეამკოს მჭერმეტყველების თაიგულით, თუმცა ასეც შეიძლება ითქვას. უბრალოდ ნებისმიერი კარგი ლექსის არსია კონდენსაცია, სისწრაფე. ამის შედეგად, თუკი პოეტი გადაწყვეტს ჩაიწეროს თავისი ციხის გამოცდილება, როგორც წესი, მიმართავს პროზას. ლექსი ციხეში უფრო ძნელად იბადება – თანამედროვე რუსულ ლიტერატურაშიც კი – ვიდრე რომანი, რომ აღარაფერი ვთქვათ მემუარებზე. შესაძლოა, პოეზია – ყველაზე ნაკლებად მიმეტურია ხელოვნების ყველა დარგიდან.

და თუნდაც ასე არც იყოს, მისი მიმესისის საგანი აშკარად ციხის კედლებს მიღმაა ანდა ზევით, – კედლებისა, რომლებიც შემკულ–დახუნძლულია ეკლიანი მავთულით, გუშაგებით, ტყვიამფრქვევებითა და ა.შ. “მთელი ხელოვნება ესწრაფის მუსიკის მდგომარეობას” – თქვა უოლტერ პეიტერმა, და პოეზიას, რადგანაც მასზე ვმსჯელობთ, როგორც ჩანს, არ სურს მოიხიბლოს ადამიანთა ტანჯვით, მათ შორის, იმათი ტანჯვითაც, ვინც თვითონ იყო მტანჯველი. ბუნებრივია დავასკვნათ, რომ არსებობს უფრო მომხიბლავი თემები, ვიდრე ჩვენი სხეულის სისუსტეა, ანდა ჩვენი სულის ტანჯვა. ეს დასკვნა, გამოტანილი როგორც პუბლიკის, ასევე მისი ზედამხედველ–მეთვალყურეთა მიერ, ათავსებს პოეზიას, და მასთან ერთად ხელოვნების სხვა დარგებსაც, საშიში საქმიანობის კატეგორიაში. სხვა სიტყვებით, ხელვნების უნებლიე გვერდითი ნაყოფია წარმოდგენა, რომ საერთო ადამიანური პოტენციალი გაცილებით არსებითია, ვიდრე შეიძლება გამოავლინოს – და მით უფრო, დააკმაყოფილოს – ნებისმიერმა სოციალურმა კონტექსტმა. ზოგიერთ წრეში ამ ახალ ამბავს არ მიესალმებიან და რაც უფრო ფართეა ეს წრეები, მით მეტად ცდილობენ ავტორის გარანდვას.

რაღა თქმა უნდა, მწერალი საკრალური ძროხა არაა: იგი არ შეიძლება თავისი საზოგადოების კანონებზე, ანდა, თუ ასე წავიდა, უკანონობაზე მაღლა იდგეს. ციხე და საკონცენტრაციო ბანაკი ამ საზოგადოების გაგრძელებას წარმოადგენს და არა უცხო ტერიტორიას, თუმცა თქვენმა იქაურმა რაციონმა შეიძლება აღგიძრათ ასეთი აზრი. როდესაც მწერალი აღმოჩნდება პატიმრობაში, იგი მხოლოდ აგრძელებს თავისი ხალხის სავალალო მდგომარეობის გაზიარებას. თანამოქალაქეთა თვალში, და იმედი უნდა ვიქონიოთ, საკუთარ თვალშიც, იგი განუყოფელია მისგან. მართლაც არსებობს უპატიოსნობის გარკვეული ელემენტი მცდელობაში, გამოიხსნან მწერალი ციხიდან, რომელიც გადაჭედილია მისი თანამემამულეებით, მისი, ასე ვთქვათ, მკითხველებითა და გმირებით. ეს იგივეა, რომ ერთადერთი მაშველი ჟილეტი გადააგდო ნავში, რომელიც უსამართლობის ზღვაში იძირება.

მაგრამ ამ ერთი ჟილეტის გადაგდება მაინც ღირს, რადგან სჯობს გადაარჩინო ერთი, ვიდრე არავინ, და კიდევ იმიტომ, რომ ამ ერთ გადარჩენილს შეუძლია გადასცეს უფრო ძლიერი სიგნალი შOშ, ვიდრე ვინმე სხვას ამ დაღუპვის პირას მყოფი ნავიდან. და თუმცა ჩვენი თაროები გადაჭედილია წიგნებით, რომელთა წასაკითხ დროს ვერასოდეს ვიპოვით, მაშველი ჟილეტი უნდა გადავუგდოთ მწერალს იმ მარტივი მიზეზით, რომ მას შეუძლია შვას კიდევ ერთი წიგნი. რაც მეტი წიგნია ჩვენს თაროებზე, მით ნაკლებ ადამიანს ვსვამთ ციხეში. რასაკვირველია, როდესაც მწერალს, – განსაკუთრებით პოეტს, – ციხიდან გამოიხსნიან, საზოგადოება, შესაძლოა, აკლებს თავის თავს ზოგიერთ მეტაფიზიკურ გარღვევას, მაგრამ მის წევრთა უმრავლესობა სიამოვნებით გაცვლიდა მათ შეფარდებითი უსაფრთხოების ბანალობაზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორაა ეს მეტაფიზიკური ჭეშმარიტებები მიღებული. მოკლედ, დრო, დახარჯული წიგნების კითხვაზე – ის დროა, ქმედებას რომ ვპარავთ; ხოლო სამყაროში, რომელიც ისე მჭიდროდაა დასახლებული, როგორც ჩვენი, რაც ნაკლებს ვმოქმედებთ, მით უკეთესია.

ციხეში დაწერილი – ტანჯვასა და სიმტკიცეზეა. როგორც ასეთი, ის იწვევს პუბლიკის დაუძლეველ ინტერესს, რომელიც პატიმრობას ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ აღიქვამს, როგორც ანომალიას. სწორედ იმისათვის, რომ ეს წარმოდგენა მომავალშიც შენარჩუნდეს, ციხეში დაწერილი წაკითხულ უნდა იქნეს. რადგან არ არსებობს უფრო მეტი ცდუნება, ვიდრე ის, რომ ადამიანთა პატიმრობაში ყოფნა ნორმად განიხილონ. ისევე, როგორც არაფერია უფრო ადვილი, ციხის გამოცდილებაში დაინახო – და სულაც, მიიღო – სულის სარგებელი.

ადამიანს ჩვეულებად აქვს აღმოაჩინოს მაღალი აზრი და მიზანი აშკარად უაზრო რეალობაში. ის მიდრეკილია, ხელისუფლების მოქმედება განიხილოს, როგორც განგებულების იარაღი – თუმც კი ბლაგვი თუ ჩლუნგი. ამის ზურგს უკანაა საკუთარი დანაშაულისა თუ გადავადებული სასჯელის შეგრძნება, რაც ადამიანს იოლ მსხვერპლად აქცევს, და ის კიდეც ამაყობს იმით, რომ მიაღწია მორჩილების ახალ სიღრმეებს. ეს ძველთაძველი ამბავია, ისევე ძველი, როგორც თვით ძალადობის ისტორია, რომელიც, უნდა ითქვას, ისევე ძველია, როგორც ისტორია მორჩილებისა.

მაგრამ ის, რაც მომლოცველისათვის შეიძლება იყოს ზეაღსვლა, საზოგადოებისთვის – მოლიპული ფერდობია. მომავალი სამყარო უცილობლად უფრო მეტად იქნება გადაჭედილი, ვიდრე დღევანდელია, და ანომალიაც კი იქ ეპიდემიის სახეს მიიღებს. ამ შემთხვევისთვის პენიცილინი არ არსებობს, ერთადერთი გამოსადეგი საშუალება – შინაურია: თავიდან ბოლომდე ინდივიდუალური, თვითმყოფადი ქცევა პოტენციური მსხვერპლისა. რადგანაც მწერლები, უპირველესად და მიუხედავად თავისი მრწამსისა თუ ფიზიკური მონაცემებისა, – ინდივიდუალისტები არიან. ისინი ვერ რიგდებიან ერთმანეთში; მათი ნიჭი და სტილისტური ხერხები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან; და დანაშაულის გრძნობასაც უფრო მძაფრად განიცდიან, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა, რადგან მათ უკეთ მოეხსენებათ, – განმეორება სიტყვებს აკნინებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერალი თვითონაა შესანიშნავი მეტაფორა ადამიანის ყოფისა. მაშასადამე, ის, რაც მათ შეუძლიათ თქვან პატიმრობის შესახებ, უნდა წარმოადგენდეს დიდად საინტერესოს მათთვის, ვისაც თავი თავისუფალი ჰგონია.

საბოლოოდ, იმას, რასაც იგი ამბობს, შეუძლია ნაწილობრივ გაფანტოს იდუმალების ის ბურუსი, რომელიც ციხეს გარს აკრავს. მოსახლეობის უმრავლესობის ცნობიერებაში ციხე ერთგვარი უცნობი სიდიდეა, და ამიტომაც რაღაცით მონათესავეა სიკვდილისა, ზღვარი რომაა არცოდნისა და თავისუფლების წართმევისა. ყოველ შემთხვევაში, ერთკაციანი საკანი განსაკუთრებული ჭოჭმანის გარეშე შეიძლება მივამსგავსოთ კუბოს. ალუზიები იმქვეყნიური სამყაროდან ციხეზე საუბრისას – საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენაა ნებისმიერ კილო–კავზე – თუკი ამგვარი საუბრები საერთოდ ტაბუირებული არაა. რადგან ჩვეულებრივი ადამიანური რეალობის პოზიციიდან ციხე – მართლაც მიღმური ცხოვრებაა, კონსტრუირებული ისევე ჩახლართულად და ულმობლად, როგორც ნებისმიერი საღვთისმეტყველო ვერსია სიკვდილის სამეფოსი, და რომელშიც უმეტესწილად სჭარბობს რუხი ფერები.

თუმცა თავისუფლების ნაწილობრივ წართმევა – როგორიცაა ციხე – უარესია სრულ წართმევაზე, რადგანაც ეს უკანასკნელი გართმევთ უნარს ეს წართმევა აღბეჭდოთ. და კიდევ იმიტომ, რომ ციხეში თქვენ რაღაც არამატერიალური დემონების ხელში არა ხართ; თქვენ ხართ თქვენს თანამოძმეთა ხელში, რომელთა ხელის შეხება მეტისმეტად საგრძნობია. სავსებით შესაძლებელია, რომ იმქვეყნიური სამყაროს სახებათა უმეტესი ნაწილი ჩვენს კულტურაში პირდაპირ ციხის გამოცდილებიდანაა შემოსული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში დაწერილი გიჩვენებთ, რომ ჯოჯოხეთი – ადამიანთა ნახელავია, მათი შექმნილი და მათ მიერ დაკომპლექტებული. და ამაშია – თქვენი პერსპექტივა, გაუძლოთ მას, რადგან ადამიანები სასტიკნი არიან იმდენად, რამდენადაც ამისთვის ფულს უხდიან, მათ ახასიათებთ დაუდევრობა, სიზარმაცე, ფულზე იყიდებიან და ა.შ. არცერთი სისტემა, ადამიანის მიერ შექმნილი, არაა სრულყოფილი და არც დათრგუნვის სისტემა წარმოადგენს გამონაკლისს. ის ექვემდებარება დაღლილობას, დაბზარვას, რასაც თქვენ იქ მით მეტი ალბათობით აღმოაჩენთ, რაც მეტია თქვენი პატიმრობის ვადა. სხვა სიტყვებით, აზრი არა აქვს საკუთარი მრწამსის დამდაბლებას კედლის აქეთა მხარეს, რადგანაც თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მის მიღმა. საერთოდ კი ციხეში შეიძლება გადარჩე. თუმცა იმედი – სწორედაც ისაა, რაც თქვენ ყველაზე ნაკლებ გესაჭიროებათ, როცა აქ შემოდიხართ; შაქრის ნატეხი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა

“ჩვენი მწერლობა ” # 20
23– 29 მაისი, 2003 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: