Posted by: burusi | 05/11/2009

მარიკა ბარათაშვილი: ასი წლის გადმოსახედიდან

ჭრიჭინა - ლეილა აბაშიძე, ეფროსინე - ცეცილია წუწუნავა, კ/ფ “ჭრიჭინა”; Leila Abashidze, Efrosine - Cecilia Tsutsunava, “The Dragonfly”

მარიკა ბარათაშვილი: ასი წლის გადმოსახედიდან

“ჭრიჭინას” იდეის დაბადება. დავით კასრაძე

მწერალთა კავშირის კლუბში დავით კასრაძის პიესის “თამარ მეფის” კითხვა-განხილვა მოეწყო. ძალიან მიყვარს დავით ძიას ოჯახი, მისი მეუღლე ქრისტინე და შვილები: დიელო, ნაისი და ქართლოსი.

დავითმა მწერალთა კავშირში მიმიწვია, პიესა მომეწონა და ვოცნებობ, როდის ვნახავ სცენაზე. შინ დაბრუნებულს სურვილი მებადება, შევწყვიტო მუშაობა პოემაზე “ქალის გაზაფხული” და მის სიუჟეტს დრამატურგიული ფორმა მივცე.

მომდევნო დღეებში, კულტურის სამინისტრო თანამედროვეობის ამსახველ პიესაზე აცხადებს დახურულ კონკურსს. ხალისით ვიწყებ მუშაობას. ვამთავრებ და დევიზით ვაგზავნი კულტურის სამინისტროში.

კონკურსში 300 პიესიდან ათმა, და მათ შორის ჩემმა “მაღალმა ოცნებამ”, ყურადღება მიიქცია. დიმიტრი ბენაშვილის, ბესარიონ ჟღენტისა და დიმიტრი ჯანელიძის რეცენზიებში ხაზგასმულია, რომ “მაღალი ოცნების” ავტორი დაჯილდოებულია იუმორისა და ზომიერების გრძნობით, აქვს ხასიათების ხატვის უნარი, დრამატურგიული ენა…

მართალია, პიესამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ სტიმული მომცა დრამატურგიაში მუშაობის.

და აი, დაიბადა სიუჟეტი კომედიისათვის. სწორედ იმ დროს, “იზვესტიაში” გავეცანი გამოქვეყნებულ ბრძანებულებას – ორი ქართული მეჩაიის, ორი ემინე მევლუდის ასული მესხიძის სოციალისტური შრომის გმირის წოდებით დაჯილდოების შესახებ.

იმ ღამით აღარ დამეძინა. შემომიჩნდა ფიქრი: ვთქვათ, ორივე ემინეს ერთდროულად კი არ მიუღწევია გმირობისათვის, მაგრამ ერთის მიღწევა სადღაც მეორეს მიაწერეს და… ასე შეიქმნა კომიკური სიტუაცია.

ზამთარია. ღუმელი ჩამქრალია და ოთახში ცივა, მაგრამ სიცივეს ვერა ვგრძნობ, ლამპას ვანთებ და გამალებით ვთხზავ სიუჟეტს.

– მარიამ, რა მოგივიდა, გაცივდები, – მეუბნება ბიძინა.

– სსუ! არაფერია, არაფერი, ცოტა მაცალე!

ეს ცოტა დილამდე გრძელდება. დილით უკვე მზადაა პიესის ქარგა. პიესაზე ფიქრით ვცხოვრობ. იბადებიან გმირები, ჩნდება დრამატურგიული სიტუაციები. მეც ჩემი გმირებით ვცხოვრობ. თავად ვარ ჩემი “ჭრიჭინა – მარინეს” პროტოტიპი. ეგება სადღაც ჩემი ხასიათიც გამოყვა – დიდი გაჭირვების დროსაც კი, ხანდახან სიმღერად გადავიქცეოდი ხოლმე, განსაკუთრებით ნავარძეთში, თუთის ხის კენწეროს რომ მივატანდი:

“ოცნებას ერევა რული,

ზაფხულის შუადღეს ლანდავს.

იმ თუთებს ფრიალით უვლის

ყვავილით ნახატი კაბა.

ის მერეც იგემებს ტკივილს…

ჯერ, სანამ ზაფხული ათბობს,

აცალეთ შაშვებთან ლხინი,

დატოვეთ თუთებთან მარტოდ.

(“თუთის ხეები”)

დედა და ბებია მეხვეწებოდნენ: “პატარა ხნით მოგვასვენე, ყურთასმენა აღარაა, შვილო!”

ახლაც ფიქრით ჩემს გამოგონილ სოფელ ბჟოლეთში ვარ. ჭრიჭინას ოინებს აყოლილს, ზარის ხმა შემომესმა. კარს ვაღებ. არასოდეს გამხარებია ასე ბიძაჩემის, დავით კასრაძის მოსვლა. სადილად რომ დავსხედით, გამოვუტყდი, რომ პიესას ვწერ.

– არ გამაგონო! რა პიესა, რის პიესა! შენს ლექსებს მიხედო, ის გირჩევნია.

– მომისმინე, რა!

– გაგონებაც არ მინდა!

– მხოლოდ ხუთი წუთით, გეხვეწები!

– მაინც, რა პიესაა არ იტყვი.

– ერთი ჭრიჭინა გოგონას, მარინე ფერაძის თავგადასავალი. მოკლედაა მოხაზული, მხოლოდ.

– ჭრიჭინა. ჰო, კარგი, კარგი, წაიკითხე!

წავიკითხე, დავითს ცრემლი მოერია, – მოდი, მართლაც ვიფიქროთ ჭრიჭინას ბედზე. იცი, რა. მარჯანიშვილის თეატრში არჩილ ჩხარტიშვილთან და პიერ კობახიძესთან მიდი განცხადებით, ვფიქრობ, დაინტერესდებიან.

– რომ არ ვიცნობ.

– დავურეკავ, ვთხოვ, მოგისმინონ.

მივედი. მომისმინეს. დაინტერესდნენ და მთხოვეს, დავაჩქარო. გატაცებით ვმუშაობ. პიესის ხლართებში ისე ორგანულად ჩავერთე, რომ ვწერ და ხმამაღლა ვიცინი. შინაურები კარს შემომიღებენ, – ხომ არ გაგიჟდაო.

დროდადრო თეატრიდან მირეკავენ, აინტერესებთ, რა სტადიაშია ჩემი სამუშაო.

პიესა, რომ იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით დავამთავრე – სხვაგვარად არც ლექსზე, არც პიესაზე მუშაობა არ შემიძლია, თუ სხვა რამეზე გადავერთვები, მერე მუშაობის გაგრძელება მიჭირს. ახლა, საჭიროა პიესის დახვეწა, გასუფთავება, ე. წ. საიუველირო სამუშაოების ჩატარება.

ესეც მოთავდა და ჩემი “ჭრიჭინა” თეატრში მივაბრძანე.

მოიწონეს. მოიწონეს, მაგრამ აქ არ წყდება პიესის ბედი – რას იტყვის კულტურის სამინისტრო.

სამინისტროში, კულტურის მინისტრს, ისიდორე დოლიძის კაბინეტშიც წავიკითხე პიესა. იგი აზრის გამოთქმას ერიდება, რადგან მთავარი არბიტრი პარტიის ცენტრალური კომიტეტია. საქმე ისაა, მოგვცემენ თუ არა ნებას, საქვეყნოდ გამოვიტანოთ ცეკვა-სიმღერას გადაყოლილი ჭრიჭინა-გოგოს ამბავი. ასეთ ტაშფანდურას აყოლილი და თავისი საქმისადმი უპასუხისმგებლო ახალგაზრდები თურმე, ჩვენი საზოგადოებისთვის არაა დამახასიათებელი.

და აი, თითქმის წელიწადია, რაც “ჭრიჭინას” სამინისტროსა და ცეკას ხლართებიდან თავი ვერ დაუღწევია. პიესას “ჭრიჭინას” მაგივრად “მარინეც” ვუწოდეთ, მაგრამ…

ერთ დღეს, რუსთაველზე, ვასილ ეგნატაშვილმა შემაჩერა – ო, ო, ო, მარიკა, თქვენი ლექსები მოგვენატრა, ძალზე მოგვენატრა, კარგა ხანია თვალი აღარ მომიკრავს.

– პიესაზე მუშაობამ გამიტაცა.

– ოჰ, ოჰ, – დავით ბიძიასავით შეიცხადა ბატონმა ვასილმა, – თქვენი მადლიანი ლექსების ავტორმა… ეს რა დრამატურგიის სენი მოედო მწერლობას.

– რა ვქნა, ასეა და.

– მაინც რა პიესაა, რა ჰქვია.

– “ჭრიჭინა”.

– “ჭრიჭინა.” – ეს საინტერესოა. სად არის ის თქვენი “ჭრიჭინა”.

– “მარინე” ვუწოდე.

– შუქშენიღბვაა. – გაეცინა.

– დიახ, მოგზაურობს და… თეატრს, კულტურის სამინისტროსა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტს შორის.

– პიესის ერთ ეგზემპლარს ვერ მომაწვდი.

სასწრაფოდ მივაწოდე. მესამე დღისთვის დამიბარა. ტელეფონის ნომერი აკრიფა – “გოგი ხარ.” ცკ-ის კულტურის განყოფილების გამგეს, ჯიბლაძეს, დაურეკა. “ვასილი ვარ, ეგნატაშვილი. ჩვენს პოეტ ქალს, მარიკა ბარათაშვილს კარგი პიესა დაუწერია “მარინე”, არ იცნობ. გირჩევ, წაიკითხო”.

…და გადაწყდა პიესის ბედი. როგორც ჩემს პოეზიაში, ისე დრამატურგიაში ვასილ ეგნატაშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

1950 წლის აპრილში პიესა, პარტიის ცკ-ს სამდივნოზე წაიკითხეს და საგზურიც მისცეს.

პიესის ერთი ეგზემპლარი კინემატოგრაფიის სამინისტროს გადავეცი, მოიწონეს, თქვეს, ამისგან კარგი ფილმი გამოვაო.

მაგრამ მოვლენებს წინ გავუსწარი…

…1949 წლის ზაფხულს ბავშვები გაგრაში მიმყავს. რამდენიმე დღით ნავარძეთში, დედასთან შევიარე. პიესაზე ჩემი მუშაობის ამბით გაიხარა. მთხოვა, წამეკითხა. კითხვისას შევატყვე რამდენჯერმე ჩაეთვლიმა. შევფიქრიანდი – “არაფერია შვილო, სუსტად კი არა ვარ, წუხელ არ მიძინია. პიესა კი ძალიან მომწონს, ნახე, რა ბედი ექნება! უეჭველად გასახელებს – ღმერთო, დიდებულო, წმინდაო ღვთისმშობელო, შენ გაუმარჯვე ჩემს გოგოს!”

ნავარძეთიდან წამოსვლისას დედამ კარგა მანძილზე გამოგვაცილა, დაგვლოცა, დაგვემშვიდობა. რას წარმოვიდგენდი, რომ…

აგვისტოა. გაგრაში ყოფნის დღეები იწურება, ერთ დილით, ჭიათურაში ჩვენი სახლის მენახევრე (ნახევარი მამაჩემმა სიკვდილის წინ გაყიდა) გაბო ყიფშიძე დაგვადგა თავს და დედაჩემის გარდაცვალების ამბავი შემატყობინა. მითხრა, რომ ავადმყოფობის დღეებში (ერთი კვირა უავადმყოფია) მიგზავნიდნენ დეპეშებს და გარდაცვალებაც მაცნობეს, მაგრამ არც ერთ დეპეშას ჩემამდე არ მოუღწევია.

დედაჩემმაც და მამაჩემმაც ჩემ ნატვრაში დალიეს სული – ვერც ერთს თვალი ვერ დავუხუჭე!

თავზარდაცემული გავემგზავრე ჭიათურაში. მადლობელი ვარ ჩემი ნუნუსი და ექიმ ალექსანდრე წერეთლისა, რომელთაც დედასთვის უპატრონიათ. ელენე დეიდაც, თითქოს გულმა უგრძნოო, გარდაცვალების წინა დღეებში ჩასულა. მეზობლებიც, განსაკუთრებით ოლღა და გერასიმე, თავს დასტრიალებდნენ, მაგრამ მე. მე რომ უკანასკნელი წუთები ვერ შევუმსუბუქე.

რას ვიზამ! ყველაფერი ისე გაკეთდა. როგორც ჩვეულებრივ კეთდება დაიკრძალა თავისი ვახტანგისა და გერვასის გვერდით.

მიმწუხრზე მარტო რომ

შემორჩი შენი ტკივილით,

ამ საფიქრალით გოლგოთაზე

ბევრჯერ ავედი…

ვერ ჩამოგართვი მცირე

ბოხჩაც იმ სიმძიმილის…

და ახლა დამაქვს სინანული

ნაგვიანევი…

(“დედას”)

გამოიკეტა ჩვენი ჭიათურა-ნავარძეთის კარი. ამისი ეშინოდა სალომე ბებიას. რას ვიზამ, შევასრულებ ჩემ დანაპირებს…

“ჭრიჭინა”

მარჯანიშვილის თეატრში და საქართველოს გარეთ

…1950 წლის სექტემბერში მარჯანიშვილის თეატრში “მარინეს ” (“ჭრიჭინას”) რეპეტიციები მიმდინარეობს. სპექტაკლს დგამენ რეჟისორები არჩილ ჩხარტიშვილი და ლეო შატბერაშვილი. მხატვარი – ელენე ახვლედიანი, კომპოზიტორი – არჩილ კერესელიძე. არჩილი სპექტაკლის მუსიკალური ჩარჩოს ძიებაშია. მსახიობ მიხეილ სარაულს მოჰყავს ესტრადის ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერალი ლილი გეგელია.

ღია ფანჯრებიდან მხიარული მუსიკისა და სიმღერის ხმები იღვრება. თეატრები და მაყურებელი ჯერაც ვერ გამოსულან სამამულო ომის დამთრგუნველი თემატიკიდან და უცებ “ჭრიჭინა” ამღერდა, გარემო აამღერა და თავისი ოინებით გაამხიარულა.

მარინე – მედეა ჯაფარიძეა. იგი ისე გაიტაცა ამ როლმა, რომ ღამის პირველ-ორ საათზე მირეკავს და დილამდე გრძელდება ჩვენი საუბრები. არადა, მედეა ორსულადაა. ნეტავ როგორ შეუძლია რვა თვის ორსულმა ითამაშოს ეს როლი! მედეა კი ისე გატაცებით მუშაობს, ისე არბიჩამორბის კიბეებზე, ხარაჩოებზე, ახალისებს გარემოს, იკრებს დასს, პარტნიორებს გამარჯვების რწმენას უნერგავს… როცა ხარაჩოზეა, გული მისკდება, არ ჩამოვარდეს, არ გადაყვეს “ჭრიჭინას” თაბუკაშვილების მომავალი მემკვიდრე.

…და, აი, პრემიერის დღეც! ეს განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში – ჩემი ორი წლის ნაოცნებარის, ჩემი “მარინეს ” დაბადების დღეა, რომელიც ჩემი მერაბის დაბადების დღეს – 21 ოქტომბერს დაემთხვა. ხვალ კი დასი მომყავს შინ და ოჯახში დიდი სამზადისია – მით უმეტეს, რომ ჩვენი ოჯახის ჭერი ლხინითა და ზეიმით არ არის განებივრებული.

…თეატრი ხალხითაა გაჭედილი. პრემიერა ბრწყინვალედ მიდის. მედეა ჯაფარიძის “ჭრიჭინა” ისე მიიღო დარბაზმა, რომ ვერც ამჩნევს მის განსაკუთრებულ მდგომარეობას – დღეს თუ ხვალ იგი დედა უნდა გახდეს.

სპექტაკლი ოვაციებით დამთავრდა. სცენაზე ავყავართ, მილოცავენ, მეხვევიან, მკოცნიან… წვეულებამაც კარგად ჩაიარა. მთელი დასი ჩვენთანაა.

(გაგრძელება იქნება)

“საქართველოს რესპუბლიკა “, # 23
შაბათი, 7 თებერვალი, 2009 წელი


Responses

  1. ,,ჭრიჭინა ფილმიც და თეატრიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მაინტერესებდა მისი დაბადების ისტორია,ძალიან მგამიხარდა რომ ვიპოვნე,მადლობა ქალბატონ მარიკას იმ შრომისთვის და უძილო ღამეებისთვის რაც პიესაში ჩადო.ნამდვილად დაგიფასდათ შრომა ჩვენ ,,ჭრიჭინა შევიყვარეთ როგორც გულის განუყოფელი ნაწილი.

  2. თუ გაგრძელება იქნება დიდად გავიხარებთ,წინასწარ მადლობა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: