Posted by: burusi | 01/11/2009

ზურაბ კიკალეიშვილი – ბიოგრაფია

იაგო - ზურაბ კიკალეიშვილი

იაგო - ზურაბ კიკალეიშვილი

ზურაბ კიკალეიშვილი დაიბადა 1924 წლის 25 ოქტომბერს. სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (ნ. ტარასოვას კლასი).
მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ზურაბ კიკალეიშვილი თბილისში დაბრუნდა და 1942 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ეს ის დროა, როცა ქართული ბალეტი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანი ჩაუდგა სათავეში, აღმავლობას განიცდის, როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზედიზედ იდგმება ქართველი კომპოზიტორების საბალეტო სპექტაკლები. დავრიშის როლის შესრულებისთვის გრიგოლ კილაძის ბალეტში “სინათლე” ზურაბ კიკალეიშვილი “სტალინური პრემიის” ლაურეატი გახდა.
მაგრამ ნამდვილი აღიარება მას მაინც იაგომ მოუტანა ჭაბუკიანისა და მაჭავარიანის ბალეტში “ოტელო”. თავდაპირველად იაგო ჩაფიქრებული იყო, როგორც “სახასიათო როლი”, რომელიც მოცეკვავისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ არტისტული ნიჭის დემონსტრირებას მოითხოვდა. მაგრამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესში ნათელი გახდა, რომ კიკალეიშვილს შეეძლო პლასტიკით გამოეხატა ხასიათი და ასე გაეხადა იაგო წარმოდგენის ცენტრალური გმირი…
ზურაბ კიკალეიშვილმა განასახიერა როლი გიორგი შენგელაიას მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები”, რომელიც ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. კიკალეიშვილს აქ არსებითად არც არაფერი აქვს სათამაშო – მისი პერსონაჟი “ცნობის ფურცელს” ყიდის, მაგრამ ეს მოუსვენარი, უკვე ასაკში შესული მამაკაცი მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს მოძრაობებით, რომელიც, ერთი მხრივ, არ სცილდება ყოფითობის საზღვრებს, ძალიან ბუნებრივია, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ იგრძნობა მსახიობის დამოკიდებულება თავისი პლასტიკისადმი, მსუბუქი ირონია, წონასწორობა პირობითსა და რეალურს შორის, რაც კინომიუზიკლის სპეციფიკას გამოხატავს.
მაგრამ ზურაბ კიკალეიშვილი არა მარტო კარგი აქტიორი, არამედ შესანიშნავი ქორეოგრაფიცაა. მან თავად დადგა რამდენიმე ბალეტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე: 1948 წელს – გლიერის “წითელი ყაყაჩო”, 1964 წელს – ბიძინა კვერნაძის “ქორეოგრაფიული ნოველები”. 80-იან წლებში, როცა თეატრს ძალიან გაუჭირდა, აღადგინა კლასიკური ბალეტები. 1990 წელს ზურაბ კიკალეიშვილმა იაპონიაში დაიწყო მუშაობა “ტოკიო ბალეტის” ანსამბლის პედაგოგად. ტოკიოში ბალანჩინის მოწაფემ, “ტოკიო ბალეტის” ხელმძღვანელმა ჯონ ტარასმა მას ბალანჩინის საპატიო ორდენი გადასცა “მსოფლიო ქორეოგრაფიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის”.

ბალანჩინთან კიკალეიშვილს ბევრი რამ აკავშირებს. 1962 წელს თბილისში ჯორჯ ბალანჩინი ჩამოვიდა. ზურაბ კიკალეიშვილი ესწრებოდა მის გაკვეთილებს. ბალანჩინმა კიკალეიშვილი სცენაზე ნახა და თავის ანსამბლში მოიწვია. მაგრამ იმხანად შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება მას არ ჰქონდა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კიკალეიშვილი მაინც შეხვდა ამერიკაში ბალანჩინს – საბჭოთა ბალეტის ოსტატთა გასტროლებზე ნიუ-იორკში.

ზურაბ კიკალეიშვილს სამჯერ მიენიჭა სტალინური პრემია – 1948, 1949, 1951 წლებში. 1955 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტი გახდა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: