Posted by: burusi | 30/10/2009

თამაზ გამყრელიძე – ბიოგრაფია

თამაზ გამყრელიძე – Tamaz Gamkrelidze

თამაზ გამყრელიძე – ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007).

თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პერიოდიდან დაინტერესდა სხვადასხვა ტიპის ენების სტრუქტურის, ისტორიის საკითხებით და მალე სპეციალისტთა ყურადღებაც დაიმსახურა, განსაკუთრებით ძველი აღმოსავლური ენების, კერძოდ, ურარტულის, კვლევისას განსახილველი პრობლემებისადმი მიდგომის სიახლითა და ორიგინალობით. ურარტული ენის შესწავლის საქმეში წვლილი შეიტანა მის მიერ სტუდენტობისას შესრულებულმა სამუშაოებმა: “ურარტულ ენაში უღლების სისტემა” და “ურარტული ენის გრამატიკული სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი”.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თამაზ გამყრელიძემ აკადემიკოს გ. წერეთლის ხელმძღვანელობით გაიარა სემიტოლოგიური სკოლა და დარჩა უნივერსიტეტში, საიდანაც გაიგზავნა ლენინგრადში. მან ერმიტაჟში, პროფესორ ი. დიაკონოვის ხელმძღვანელობით გაიარა სპეციალიზაცია აღმოსავლეთის ძველ ენებში (აქადური, ურარტული, ხეთური), ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კი ფართო ზოგადლინგვისტური და სააღმოსავლეთმცოდნეო მომზადება მიიღო.

თამაზ გამყრელიძემ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – “ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები” 1965 წელს დაიცვა. მისი დისერტაცია იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების ღირსად მიიჩნია. 1962 წელს მან სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა თემაზე – “ხეთური ენა და ლარინგალური თეორია”. ამ დარგში შესრულებულმა სამუშაოებმა ქართველ მეცნიერს საერთაშორისო ავტორიტეტი მოუპოვა და საბჭოთა კავშირში ხეთოლოგიის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნიეს. მისი, როგორც მეცნიერის, დამსახურებაზე საუბრისას კოლეგები აღნიშნავენ, რომ “ხურიტულიდან ხეთური სოლისებრი წერის წარმოშობის ადრე გავრცელებული თეორიის საპირისპიროდ, თამაზ გამყრელიძემ წამოაყენა ახალი თვალსაზრისი ხეთური დამწერლობის წარმოშობის შესახებ ძველ-აქადური წყაროდან, რითაც განმარტა ხეთური სისტემის პალეოგრაფიული და ორთოგრაფიული თავისებურებანი, რომლებიც ძველი თეორიის მიხედვით გაურკვეველი რჩებოდა”. 1967 წელს მისი სამუშაოები აკადემიკოსებმა, გიორგი წერეთელმა და გიორგი ახვლედიანმა, ასე შეაფასეს: “თამაზ გამყრელიძის შრომებს დიდი სიღრმე და ფართო დიაპაზონი ახასიათებს. დიდი ერუდიციისა და განსაკუთრებული ნიჭის მეცნიერმა მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, უკვე საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ ლინგვისტთა შორის”.

იგი ავტორია მრავალი ნაშრომის ინდოევროპული ენათმეცნიერების, სემიტოლოგიის, წინა აზიის ძველი ენების დარგში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა სისტემის ენათა ანალიზს, სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენების სტრუქტურისა და ისტორიის გამოკვლევებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით შესრულებულ პირველსავე სამუშაოებში მის მიერ ახლებურად დაისვა ქართველური ენათმეცნიერების მთელი რიგი ტრადიციული საკითხები.

მეცნიერებისთვის ცნობილია “გამყრელიძის კანონი”, რომელიც ისტორიულ ქართველურ ენებში სიბილიანტური რიგის ზოგადენობრივი ფონემების ასახვის დადგენილ კანონზომიერებას გულისხმობს. სპეციალისტების აზრით, “ამ კანონს მნიშვნელობა აქვს არა მარტო ცალკეული ქართველური ენების ისტორიისათვის, არამედ იგი ზოგადლინგვისტურ და ზოგადმეთოდოლოგიურ მნიშვნელობას იძენს როგორც პრინციპი, რომელიც არაინდოევროპული ენების მასალაზე დაყრდნობით მიგვანიშნებს მკაცრი ფონემური კორესპონდენციების არსებობის აუცილებლობაზე ენებს შორის გენეტიკურ დამოკიდებულებათა დადგენისას”.

ქართველური ენათმეცნიერების განვითარების ახალ ეტაპად არის მიჩნეული თამაზ გამყრელიძის მიერ გივი მაჭავარიანის თანაავტორობით შემქნილი მონოგრაფია “სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში”. ის გერმანულ ენაზე საზღვარგარეთაც გამოიცა. ამის გარდა, მეცნიერის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ორტომეულ გამოკვლევას, სახელწოდებით “ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი”. 1988 წელს მონოგრაფიის ავტორებს, თამაზ გამყრელიძესა და აკადემიკოს ვიაჩესლავ ივანოვს, ლენინური პრემია მიენიჭათ მეცნიერების დარგში.

თამაზ გამყრელიძე არჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრად, ბრიტანეთის აკადემიის, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად, ევროპული აკადემიის წევრად და სხვ. არჩეულია,ამერიკული ლინგვისტრუსი საზოგადოების საპატიო წევრად და ევროპული ლინგვისტური საზოგადოების წევრად, ინდოევროპული საზოგადოების (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საპატიო წევრად. ლენინური პრემიის გარდა, არის ჰუმბოლტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.

“თამაზ გამყრელიძის მიერ განხორციელებულმა ქართველური და ინდო-ევროპული პროტო-ენების რეკონსტრუქციამ ახალი პერსპექტივები გადაშალა ისტორიულ და ტიპოლოგიურ ლინგვისტიკაში და სამუდამოდ შეცვალა გამოკვლევათა მიმართულებები ამ დარგებში. მეცნიერებმა დასაბამი მისცა პროტო-ენების რეკონსტრუქციის მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს სტრუქტურული ტიპოლოგიისა და ენობრივი უნივერსალიების მონაცემებს. მეცნიერის წვლილმა ენათმეცნიერებაში სამუდამოდ განსაზღვრა მისი საპატიო ადგილი ამ დისციპლინის განვითარების ისტორიაში”, – ნათქვამია თამაზ გამყრელიძისთვის გადაცემულ ჩიკაგოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომში.

ქართველი მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ლინგვისტურ კონგრესებსა და ენათმეცნიერთა მნიშვნელოვან ფორუმებში. აკადემიკოსმა სამეცნიერო-საორგანიზაციო მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ძველაღმოსავლური ენების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში კი წინა აზიის ენათა განყოფილების გამგედ დაინიშნა. 1964 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. 1973-2005 წლებში ხელმძღვანელობდა გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, 2005 წლის იანვრიდან კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 1981-91 წლებში თამაზ გამყრელიძე იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილებასთან არსებული ფონეტიკისა და ფონოლოგიის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1988-98 წლებში – საკავშირო, მოგვიანებით რუსეთის, აკადემიური სამეცნიერო ჟურნალის, სახელწოდებით “ენათმეცნიერების საკითხები” მთავარი რედაქტორი, ასევე, ქ. ტალინში ჩატარებული ფონეტიკურ მეცნიერებათა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.

1985 წელს მეცნიერო საკავშირო უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის დეპუტატად აირჩიეს. იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერობათა კომიტეტს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საკოორდინაციო საბჭოს. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაში, რომელიც 1989 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე ჩატარდა. ამ ყრილობაზე გამოსვლისას მან აქცენტი გააკეთა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიაზე და მკაცრად გააკრიტიკა მაშინდელი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.

ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო პრეზიდენტ თამაზ გამყრელიძესთან ერთად მუშაობს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაზე, რომელიც გულისხმობს აკადემიის სისტემაში ნებისმიერი სამეცნიერო ინსტიტუტის, ნებისმიერი სამეცნიერო სტრუქტურის დაბრუნებას.

http://24saati.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: