Posted by: burusi | 29/10/2009

ალექსანდრე ცაგარელი – ბიოგრაფია

ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი – Aleksandre Tsagareli (1844 – 1929)

ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (ძველი სტილით) კასპის რაიონში. ყრმობის წლები მან დიღომში გაატარა. მამა – ანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედა – სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს.
1859 წელს ალ. ცაგარელმა სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიქცია. მან სემინარიის ხელმძღვანელებისაგან ჯილდოც კი მიიღო. ამ პერიოდში ალ. ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა განეგრძო პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა – ისიდორმა ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. ალექსანდრე რჩება საქართველოში და საინტერესო ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ.
სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ. ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. 1866 წელს, კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ალ. ცაგარელი დავით სარაჯიშვილთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ ის ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში, მალე ის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა უნივერსიტეტში მსმენელად, სადაც საოცარი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა. პეტერბურგში ქართული ფილოლოგიის კათედრას განაგებდა პროფ. დავით ჩუბინაშვილი.
თავისი შრომისმოყვარეობით და მრავალმხრივი ცოდნით ალ. ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა.
ალ. ცაგარელი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს უკვე ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.
1867 წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ალ. ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მშობლებისა და ახლობლებისთვის გაგზავნილ წერილებში იგი კმაყოფილებით იგონებს უცხოეთში გატარებულ დღეებს.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა. ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს.
საუნივერსიტეტო განათლების მიღების სურვილი მასში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების რჩევა არ მიიღო და გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ განეგრძო.
1868 წელს ალ. ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია.
1869 წელს ალ. ცაგარელი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შედეგად ალ. ცაგარელი დაბრუნდა პეტერბურგში. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით ჩააბარა გამოცდები.
სწორედ იმ ხანებში, როცა ალ. ცაგარელმა კანდიდატის ხარისხი მიიღო, დ. ჩუბინაშვილს შეუსრულდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის 30 წელი და, არსებული წესის თანახმად, პენსიაზე უნდა გასულიყო. თავის შემცვლელად მან ალ. ცაგარელი დაასახელა, მაგრამ კათედრის გამგის თანამდებობის დასაკავებლად მას ჯერ დისერტაცია უნდა დაეცვა და პრივატ – დოცენტის წოდება მიეღო. ალ. ცაგარელმა 1872 წლის მარტში წაიკითხა ორი საცდელი ლექცია, ჩააბარა გამოცდები და წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: «კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა».
ეს იყო იბერიულ (ქართველურ) ენათა ისტორიულ – შედარებითი შესწავლის პირველი ცდა, რომელმაც სათავე დაუდო ნაყოფიერ კვლევა – ძიებას ამ მიმართულებით.
1874 წლის 25 აპრილს აპრილიდან ალ. ცაგარელი შეუდგა ლექციების კითხვას პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ის დამტკიცებული იქნა პრივატ – დოცენტად და ქართულ ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგედ. ორი წლის შემდეგ მიენიჭა ქართული სიტყვიერების მაგისტრის წოდება. 1880 წელს მოიპოვა ქართული სიტყვიერების დოქტორის ხარისხი. ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია, დაცული ქართველურ ენათა სფეროში და თანაც ქართველი მეცნიერის მიერ. მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია; პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის არსებობის მანძილზე მას ყველაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა ეროვნული ღირსების დასაცავად.
მომდევნო წლებში სხვადასხვა მიზეზთა გამო ალ. ცაგარელმა თავი ანება ენათმეცნიერულ კვლევა – ძიებას და მთელი ყურადღება გადაიტანა ძველი ქართული წერილობითი ძეგლების აღწერასა და შესწავლა – გამოცემაზე, რაც მას ადრევე ჰქონდა წამოწყებული.
ალ. ცაგარელმა განაგრძო რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალების შესწავლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში, წარმოწყებული მარი ბროსეს მიერ, გამოავლინა ბევრი უცნობი დოკუმენტი და რამდენიმე ტომად გამოსცა ისინი.
1875 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მოინახულა მშობლები, მეგობრები, ახლონათესავები.
უცხოეთის ქართულ სავანეებში დაცული მასალების შესწავლას და მეცნიერული სიზუსტით აღწერას ხელი შეუწყო მართლმადიდებელი პალესტინის საზოგადოების დაარსებამ რუსეთში და მისი თავმჯდომარის – დიდი მთავრის სერგეი ალექსანდრეს ძის მოგზაურობამ წმინდა ადგილებში. იერუსალიმში მისი ყურადღება მიუქცევია ქართული კულტურის ძეგლებს ჯვარის მონასტერში და სასურველად მიუჩნევია მათი შესწავლა სხვა ქვეყნებში დაცულ ქართულ მასალებთან ერთად. იმ დროს ყველაზე შესაფერი კანდიდატურა, ვისთვისაც შეიძლებოდა ეს საქმე დაევალებინათ, ალ. ცაგარელი იყო.
მართლაც, ალ. ცაგარელს ბედმა გაუღიმა და რვა თვით მიავლინეს აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საბერძნეთში სამუშაოდ. ის 1883 წლის იანვრის დასაწყისში გაემგზავრა პეტერბურგიდან და 9 თებერვალს მიაღწია სინას მონასტერს, სადაც ზამთრის მძიმე პირობებში რამდენიმე დღეში აღწერა 93 ქართული ხელნაწერი, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ ქართული კულტურის ისტორიისათვის. მათი უმეტესობა პირველად ცაგარელისეული აღწერილობით გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებისათვის8.
პირველი შედეგებით ფრთაშესხმული მეცნიერი სინას მთიდან ქაიროს გავლით გაეშურა პალესტინაში, მოიარა იქაური ტაძრები, აღწერა ქართულწარწერებიანი ფრესკები და საეკლესიო ნივთები, შეადგინა ქართული ხელნაწერი წიგნების კატალოგი.
იერუსალიმიდან ბეირუთისა და სმირნის გავლით ალ. ცაგარელი ივნისის დამდეგს ჩავიდა სტამბოლში, ძველ კონსტანტინეპოლში. ერთხანს იქაურ მასალებს სწავლობდა, შემდეგ ათონის ივერთა მონასტერიც მოინახულა, იქ დაცული ქართული ხელნაწერებიც შეისწავლა და აგვისტოს ბოლოს გამოემართა სამშობლოსაკენ.
სულ ამ მოგზაურობის დროს ალ. ცაგარელმა აღწერა 332 ხელნაწერი, გადმოიწერა 40-ზე მეტი წარწერა და 50-ზე მეტი წმინდანისა და ისტორიული პირის სურათების წარწერები. ამ მასალების დიდი ნაწილი მანამდე სრულიად უცნობი იყო მეცნიერებისათვის.
შემდგომში მათ შესასწავლად ათონზე, სინას მთაზე თუ პალესტინაში ბევრი ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტი ყოფილა, რომლებმაც დააზუსტეს და შეასწორეს ალ. ცაგარელის მიერ მოწოდებული ცნობები, მაგრამ ამით მათი მნიშვნელობა არ დაჩრდილულა.
სინასა და ათონზე დაცული ქართული ხელნაწერების აღწერის მეტი სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ალ. ცაგარელს, მისი სახელი მაინც დაუვიწყარი დარჩებოდა ქართულ არქეოგრაფიაში, მაგრამ მან გაცილებით მეტი გააკეთა: ქართულ სიძველეთა შესასწავლად, გარდა ახლო აღმოსავლეთისა და ათონისა, 1890 წელს მოიარა აგრეთვე რომი, ვენეცია, ლონდონი, კრაკოვი და სხვა საზღვარგარეთული ცენტრები, აღწერა თვით საქართველოში, პეტერბურგსა და მოსკოვში დაცული ძვირფასი კოლექციები და ყოველივე ამის შედეგად დაგვიტოვა ქართული წერილობითი ძეგლების აღწერილობა სამ წიგნად: «Сведения о памятниках грузинской письменности». (I – 1886; II – 1889; III – 1894)
ერთი სიტყვით, ალ. ცაგარელმა პირველად მოუყარა თავი მთელ ცნობებს ძველი ქართული მწერლობის შესახებ, რაც მისი უზარმაზარი დამსახურებაა. ამასთან დაკავშირებით აკად. კ. კეკელიძე წერს: «ბროსეს შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მწერლობის წარსულის შესწავლის საქმეში გადადგა ალ. ცაგარელმა, რომელმაც გამოსცა “ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე” («Сведения о памятниках грузинской письменности») სამ ნაწილად. ეს შრომა, რასაკვირველია, არ არის მწერლობის ისტორია. ის წარმოადგენს იმ დროს ცნობილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციების, განსაკუთრებით სინა – ათონი – იერუსალიმის, აღნუსხვას და მოკლედ აღწერას… ცაგარელის შრომამ ნათელი მოჰფინა ჩვენი მწერლობის უძველეს ხანას, მან გამოამჟღავნა ქართველთა ინტენსიური ლიტერატურული შემოქმედება მახლობელი აღმოსავლეთის სხვადასხვა პუნქტსა და ცენტრში და დაამყარა ცნობები, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის გამოკვლევებს, მოკლე შენიშვნებსა და მონოგრაფიებს».
1894 წელს კვლავ ჩამოდის საქართველოში. მალე იგი მესამედ გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო ქართულ ოთხთავს, XII საუკუნის ძეგლს.
1920 წელს ალ. ცაგარელი ბრუნდება საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობს თბილისის უნივერსიტეტში.
საქვეყნოდ ცნობილი ენათმეცნიერი ,ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პალეოგრაფი, არქეოგრაფი ალექსანდრე ცაგარელი XIX საკუნის 60-იანი წლების ყველაზე უფრო ნიჭიერი და ნაყოფიერი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. იგი თანამიმდევრულად იბრძოდა მწერლობასა და ხელოვნებაში კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებისთვის.

ლიტერატურა:

  • http://www.vakhtang-vi.ge
  • ა. შანიძე, პროფ. ალექსანდრე ცაგარელი (მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის გამო): «ლომისი» 1922.
  • თ. ჭყონია, ალექსანდრე ცაგარელი და ძველი ქართული ლიტერატურა», «ლიტერატურული ძიებანი», IX, 1948;
  • ი. მეგრელიძე, რუსთველოლოგები, 1970;
  • კ. კინწურაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი (მონოგრაფია), 1974.

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

    Connecting to %s

    კატეგორიები

    %d bloggers like this: