Posted by: burusi | 28/10/2009

შალვა ქიქოძე – ბიოგრაფია

ავტოპორტრეტი. შალვა ქიქოძე; Self-portrait. Shalva Qiqodze

შალვა ქიქოძე – Shalva Qiqodze

შალვა გერასიმე ძე ქიქოძე დაიბადა 1895 წლის 27 მაისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში.

მხატვარის მამა, გერასიმე ლავრენტის ძე ქიქოძე, კოლეგიის რეგისტრატორი იყო. ერთხანს მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ნიგოითში. მხატვრის დედა მატრონე ევრიმეს ასული კალანდარიშვილი სუსტი ჯანმრთელობის გამო 1918 წელს გარდაიცვალა. შალვა ქიქოძეს უმთავრესად ბებია ზრდიდა (მამის მხრიდან). შალვას ყავდა და-ძმა სანდრო და ანეტა. ქიქოძეების ოჯახი ზაფხულობით იკრიბებოდა სოფელში ბებიასთან, სადაც ოჯახებით სტუმრად ჩადიოდნენ მამის ძმები დიმიტრი (მწერალ გერონტი ქიქოძის მამა), მიხეილი და თებრონე.

სოფელ ბახვის ბუნების წიაღში გატარებულმა ბავშვობამ განსაზღვრა მომავალი მხატვრის სიყვარული მშობლიური მხარისადმი. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დაკვირვების უნარით, ხატვის სიყვარულით. გერონტი ქიქოძე თავის წერილებში წერს “შალვა ქიქოძემ ხატვა თითქმის ლაპარაკთან ერთად დაიწყო. ის ფანქრით ხატავდა ყველაფერს, რასაც შეეძლო შთაბეჭდილება მოეხდინა ამ პატრიარქალურ და იდილიურ გარემოში აღზრდილ ბავშვზე… იგი ორი-სამი წლის იყო, როდესაც მარჯვენა ხელზე დამბლა დაეცა და იძულებული გახდა მარცხენა ხელით ეხატა”. გერონტი ქიქოძის და ნატალია კი, თვლიდა, შალვა ქიქოძეს ეს არ დაემართებოდა, რომ იგი – ჩვილი ბავშვი, დედის ავადმოყოფობიდ გამო, მისთვის მომვლელად მიჩენილ ახალგაზრდა გადიას ხელიდან არ გავარდნოდა. ამ საბედსიწერო შემთხვევის გამო, შალვა ქიქოძეს სამუდამოდ დაუზიანდა ხელი, თუმცა ამ ფიზიკურ ნაკლს მხატვრის თანამედროვეთა მოგონებით, მის შესანიშნავ გარეგნობაზე დიდად არ უმოქმედია. მხატვარი “მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, უაღრესად განათლებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ახალგაზრდა იყო” – იგონებდა ლადო გუდიაშვილი.

1902 წელს შალვა ქიქოძე შევიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. შალვა ქიქოძის დეიდაშვილი, ფსიქოლოგი დარეჯან რამიშვილი იგონებს: სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს, ქალ. დარეჯანის მამამ, რომელიც გიმნაზიის ზედამხედველი იყო, გიმნაზიის შენობაში გამოუყო შალვას ოთახი სახელოსნოდ, სადაც ხატავდა ხოლმე. სწავლის წლები – 1902-1914 იყო რევოლუციური სულისკვეთების აღმავლობის წლები. ახალგაზრდა მხატვარი არ რჩება გულგრილი ამ მოძრაობის მიმართ. იგი აკეთებს სასწავლებელში მოღვაწე რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს.

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შალვა ქოქიძემ რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი.” 1912 იგი ქმნის ილუსტრაციებს ამირანის თქმულებისათვის.

ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს შალვა ქიქოძეს ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოება” სტიპენდიას უნიშნავს და იგი მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ირიცხება. პარალელურად იგი გამოცდებს აბარებს მოსკოვის ,,ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების” ინსტიტუტში, თუმცა ორი წლის მანძილზე ვერ ახერხებს აქ მოხვედრას.

1916 წელს შალვა ქიქოძე ჩაირიცხა მოსკოვის სამხატრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში. სადაც მან ისწავლა 2 წელი. პირველ წელს მან ისწავლა ნატურიდან ხატვა, მეორე წელი შემოქმედებით მუშაობას მოანდომა.

შალვა ქიქოძის მეგობარი ლადო გუდიაშვილი წერდა: “ …ნამდვილი, ხალასი ნიჭის, ახალგაზრდა იყო, მკვირცხალი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, ენამახვილი, განათლებული… ჰქონდა კიდევ ერთი საინტერესო თვისება – ცხოვრების იუმორის პრიზმაში დანახვის უნარი…” სწორედ იუმორის შეგრძნების განსაკუთბულმა უნარმა განაპირობა, ალბათ, მხატვრის აქტიური თანამშრომლობა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თეატრალურ ჟურნალში „რამპა ი ჟიზნი“
მხატვრის პირველი მეგობრული შარჟი, ხელმოწერილი ფსევდონიმით შალიკო, გამოჩნდა 1915 წ. მას შემდეგ ცნობილი რუსი მხატვრების: მელნიკოვის, ჩელის მილიუტინის და სხვათა მეგობრული შარჟების გვერდით სისტემატურად ქვეყნდებოდა ახლგაზრდა ქართველის მახვილი კარიკატურები, ჩანახატები და მეგობრული შარჟები.

ა. ბახრუშინის სახელობის სახელმწიფო სათეატრო მუზეუმში დაცულია მოსკოვის თეტრ-კაბარე “ღამურას” ფარდა, რომელიც შ. ქოქიძის მიერ არის მოხატული.

მასთან ერთად მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა სერგო კლდიაშვილი, რომელიც გამოთქვავდა გაკვირვებას, თუ როგორ ახერხებდა შალვა პარალელურად სამხატრო სასწავლებელში სწავლას.
სერგო კლდიაშვილი წერდა: „შალვა ქიქოძე ღრმად ერუდირებელი ახალგაზრდა გახლდათ, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნების ისტორიაში, შესანიშნავად იცნობდა იმ დროინდელ ფრანგულ ხელოვნებას. განსაკუთრებით გატაცებით საუბრობდა იგი ვან-გოგზე და გოგენზე”…
მოსკოვში ყოფნისას შალვა ქიქოძეს სერგო კლდიაშვილთან ერთად უმოგზაურია ვიბორგის მხარეში. როგორც პატივცემული სერგო იგონებდა: „მართალია გაზაფხულის პირი იყო, მაგრამ ძალიან ციოდა ფული შემოგვაკლდა და ამიტომ ცოტა ხანს დავყავით, შალვა სულ სხვა თვალით აღიქვავდა ყველაფერს. მხატვრის თვალი თითქოს ხსნიდა საიდუმლოს, ამ ხალხის სახეებში აღბეჭდილს, მკაცრი ჩრდილოეთის ჰავა რომ განსაკუთბულ გამომეტყველებას ანიჭებდა…“
1916 წელს არდადეგებზე საქართველოში ჩამოსული ქიქოძე თავისი უფროსი მეგობრის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” საქმიანობაში ერთვება.
სამშობლო მხარის, მისი ბუნებისა და ხალხის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შეცნობის მიზნით, შალვა ქიქოძე ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი მონაწილეობას იღებს ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა” და ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მიერ ერთობლივად მოწყობილ პირველ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციაში XV საუკუნის ძეგლის ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად. ამას გარდა, მხატვარმა ცხენით შემოირა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, კახეთი, აჭარა-მხატვრის დღიურებმა ამ მოგზაურობებით გამოწვეული ემოციური შთაბეჭდილებები შემოგვინახა. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ ექსპედიციაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, მ. ჭიაურელი, გ. ერისთავი, კ. ზდანევიჩი, დ. შევარდნაძე, მ. თოიძე, შ. ქიქოძე.

1918 წელს ქიქოძე სამშობლოში ბრუნდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. ამავე წლის ბოლოს მას ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მდივნად ირჩევენ. საქართველოში დაბრუნებული ჟურნალებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. მისი კარიკატურები იბეჭდება სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში ,,ლახტი” (ამ უკანასკნელთან ქიქოძე ჯერ კიდევ 1914 თანამშრომლობდა), ,,ეშმაკის მათრახი.” ასევე თეატრალურ ჟურნალებთან ,,თეატრი და ცხოვრება,” ,,თეატრი და მუსიკა,” ი. ლვოვისა და დ. ტამუროვის რედაქტორობით გამოცემულ რუსულენოვან ,,ხელოვნებაში” – ში. ქიქოძე ამ გამოცემათაგან ზოგიერთის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაშიც კი შედის.
1918 წელსვე მხატვარი რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლებს აფორმებს. ცნობილია, რომ ქმნის დეკორაციებს ჯაკოსის პიესისათვის ,,ვითა ფოთლები” და ბრიეს მუსიკალურ დრამისათვის ,,სარწმუნოება”. სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა.
მხატვარი დაახლოვებული იყო თეატრთან. არქივში შემონახულია მსახიობების ვერიკო ანჯაფარიძის, ბაბო გამრეკელის და სხვათა მოგონებები, შალვა ქიქოძის თეტრთან თანამშრომლობის შესახებ. თურმე იგი ვერ ეგუებოდა ზოგიერთი რეჟისორის კონსერვატიულ მეთოდს, რის გამოც მხატვარი თავს შეზღუდულად გრძნობდა შემოქმედებითი საქმიანობის დროს.

ვერიკო ანჯაფარიძე ასე აღწერს თავის თანამშრომლობას შალვა ქიქოძესთან ბრიეს სპექტაკლ „სარწმუნოების“ მომზადების პერიოდში. „…სარწმუნოება“ ეგვიპტური მითოლოგიიდან იყო. მე, მთავარი მოქმედი პირის, იაუმას შემსრულებელს, უნდა მცმოდა ისტორიულად დაცული ეგვიპტური მძიმე სამოსი, ერთი-მეორეზე ჩაცმული რამდენიმე კაბა – ამას მოითხოვდა გიორგი ჯაბადარი.
შალვა ქიქოძე, როგორც ჩანს, არ ეთანხმებოდა რეჟისორს მე კი, თითქოს, რაღაცა ხელს მიშლიდა, ვერ ვიგრძენი იაუმას სახე, გვიან მივხვდი, თურმე ჩაცმულობა მბოჭავდა. გავიხედე ჯერ ერთი, მეორე კაბა და ბოლოს დავრჩი თხელ სამოსში. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი შვება, შევუთანხმე შალვას, მასაც მოეწონა ჩაცმულობა, გვერდით კიდევ ჩაჭრა ისედაც გამჭვირვალე კაბა. გადავწყვიტეთ თითქოს ნახევრად შიშველი წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე, რითაც ერთგვარ “სიურპრიზს” მოვუმზადებდი გ. ჯაბადარის. ასეც მოვიქეცით……”
მსახიობი ბაბო გამრეკელი ვერიკო ანჯაფარიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში (1957 წ.) იგონებს ბრიეს „სარწმუნოებაზე“ მუშაობის პერიოდს: „ახალგაზრდები ღამითაც ვიკრიბებოდით ვერიკოსთან ტანისამოსის ან ეგვიპტური მოძრაობის დასამუშავებლად. ამაში დიდ დახმარებას გვიწევდნენ ჩვენთან მომუშავე ახალგაზრდა ენთუზიასტები, ნიჭიერი მხატვრები შალვა ქიქოძე და გიორგი ერისთავი. მოძებნილი გმირისათვის ისინი გვთავაზობდნენ სხვადასხვა ქსოვილებს სხვადასხვა ფერის კოსტუმებისათვის, გვირჩევდნენ ამა თუ იმ ეგვიპტურ პოზას, მოძრაობას…..”

1919 წელს მხატვარი მონაწილეობას იღებს თბილისში ,,დიდების ტაძარში” გამართულ მასშტაბურ გამოფენაში.
1920 წლის 13 იანვარს ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება.
1921 წელს მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში. მისი გამოფენები მოეწყო სხვადასხვა გალერეებში: კერძოდ “ლა ლიკორნსა” და “დამოუკიდებელთა სალონში”.

1921 წელის აგვისტოს დასაწყისში ჭლექით დაავადებული შალვა ქიქოძე პარიზიდან გერმანიაში, კერძოდ ფრაერბურგში მიემგზავრება, სადაც აღესრულა კიდეც. 1921 წლის 7 ნოემბერს ფრაერბურგის ქართველობამ საქართველოდან შორს, გერმანიის მიწა-წყალს მიაბარა შალვა ქიქოძე.

შალვა ქიქოძის ნამუშევრები სამშობლოში მხატვრის მამამ და დავით კაკაბაძემ დააბრუნეს.

წყარო: 1. ირინე აბესაძე – “შალვა ქიქოძე”, გამომცემლობა ”ხელოვნება” თბილისი 1990 წ.;
2. ირინე აბესაძე, ქეთევან ბაგრატიშვილი – ”შალვა ქიქოძე – კულტურული მემკვიდრეობა”, გამომცემლობა “ნეკერი” 2005.

http://87.skola.dlf.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: