Posted by: burusi | 12/10/2009

თენგიზ ვერულავა – “ტერენტი გრანელი – ჭირისუფალი მკვდარი საქართველოსი”

ტერენტი გრანელის ხელის მტევანი

ტერენტი გრანელის ხელის მტევანი

ტერენტი გრანელი – Terenti Graneli

კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ეხლა მკვდარია

ეს სიტყვები მან 1921 წელს დაწერა, იმ ავბედით დროს, როდესაც საქართველოს ისევ დაადეს მონობის ბორკილები. მას შემდეგ ვერსად ნახავთ სიხარულის სტრიქონებს. იგი სამუდამოდ დარჩება როგორც მგლოვიარე, ჭირისუფალი მკვდარი საქართველოსი, როგორც შავჩოხოსანი, როგორც სხვა ჭეშმარიტი მამულიშვილები და აღარასოდეს გაუხდია გლოვის შავი.
იმ უნდობარ დღეს, როდესაც მტერი მოადგა ტფილისს, დიდი ივანე ჯავახიშვილი მოუწოდებდა სტუდენტობას: დამდგარიყვნენ სამშობლოს დასაცავად. ტერენტი იმ დღესვე ჩაეწერება წვევამდელთა ჯარში, მოხალისე მეომრად და ტაბახმელა-კოჯორისკენ მიმავალი ჭაბუკების მწყობრს შეუერთდება.
შემდგომ თავისი თვალით ნახავს ურიცხვ ურდოთა მიერ იავარქმნილ სამშობლოს და იტყვის:

საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი მარხია ხალხი.

იგი არ ჩერდება გაწითლებულ ტფილისში და თან გაჰყვება გვარდიას. ჩადის ბათუმში და იქაც იარაღით ხელში იბრძვის თურქი ასკერების წინააღმდეგ, როცა ისევ დადგა საქართველოს ძირძველი მიწის – აჭარის დაკარგვის საშიშროება.
მისი ბიოგრაფიის ეს შტრიხებიც კმარა მისი, როგორც პატრიოტი, ჭეშმარიტი მამულიშვილის წარმოსაჩენად.
წიგნი “გრანელი“ აგვისტოს ომს მივუძღვენი. დღევანდელი ჩვენი ავბედითი ყოფის ფონზე ამეხსნა მისი მისტიური პოეზიის მიზეზები. ახსნა მხოლოდ ერთი აქვს – მკვდარი, დამონებული საქართველო და, ისევე როგორც ტატოს “ბედი ქართლისა”, ტერენტის შეუგუებლობა ამ უნდობარ დროისადმი.
საქართველოს გარდაცვალების წლისთავს, 1922 წელს მიუძღვნა “სულიდან საფლავები”. ამ ყვითელი წიგნის გარე ყდა სამგლოვიარო ჩუქურთმაში იყო ჩასმული. თითქოს ყდის შავარშიანი ჩუქურთმიდან გადმოდიოდა მგლოვიარედ წვერმოშვებული, ხამის შავი პერანგით. მოდიოდა სისხლიანი სამარიდან წამომდგარი უტყვი ჩონჩხი და ფეხქვეშ ეგებოდა მკვდარი საქართველოს ჭირისუფალი, ძაძით მოსილი ტფილისი.
მოდიოდა დაკარგული საქართველოთი მგლოვიარე, სისხლიანი სამარიდან სისხლისფერ სატუსაღოში.
შემდეგ იყო 1924 წელი – დახვრეტილი საქართველო, რომელსაც მიუძღვნა ტერენტი გრანელმა მემენტო მორი – როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისადმი – გახსოვდეთ სიკვდილი! გახსოვდეთ სამშობლოს შეწირული, დახვრეტილი ქართველობის ზვარაკად გაღებული სისხლი.
ამის შემდეგ მის ლექსებს არც ბეჭდავდნენ. ან რა უნდა დაებეჭდათ წითელ კომისრებს.

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება.
ახლა უფრო ხშირია კუდის აქიცინება.
და ძნელია გარჩევა…

იგი ერთადერთი პოეტია, ვისაც შეცდომა არ დაუშვია და არცერთი სტრიქონი არ დაუწერია გაწითლებულ საქართველოზე. ქედი არასოდეს მოუდრეკია და ამისათვის დათმო ყველაფერი ამქვეყნიური და დაქორწინდა სიღარიბეზე, ისევე როგორც ფრანცისკ ასიზელის ქორწილი სიღარიბესთან, რადგან “მის გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე”.

ტერენტი გრანელის პოეზიაში მხოლოდ ერთგან იპოვით იმედიან სიტყვებს და ეს იმედი მხოლოდ სამშობლოს ეკუთნის, რამეთუ ვერ გაიმეტა იგი საბოლოოდ სიკვდილისათვის.

ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული!
მას ვამბობ, როგორც ვამბობდი. კმარა!
მზეო ამოდი. ამოდი ჩქარა!

და რაოდენ სჭირდება მისი მოუდრეკელი სული დღევანდელ საქართველოს, როდესაც ნიღაბახდილი მტერი ისევ მოგვდგომია კარს, როდესაც ისევ ჰყავს მტერს გამზადებული ახალი ორჯონიკიძეები და ჯუღაშვილები.
და როგორც არასდროს სწორედ დღეს დადგა დრო, დრო მისი გაგების!


Responses

  1. სულის შემძვრელი იყო ამის კითხვა – სულის შემძვრელი. ასეთ ტერენტი გრანელს მე არ ვიცნობდი. მიყვარდა კი ყოველთვის. კარგია, ძალიან კარგი ეს მოგონება.

  2. ტერენტი გრანელი… ადამიანი – პოეზია…

  3. გრანელის მონოლოგი

    გადაფითრება, ხეტიალი, გზა არეული,
    მიწას მომაყრის სევდიანი ვინმე ლაზარე…
    ჩემი ლექსები-სანუკვარი სისხლის რვეული,
    მარადისობას საუკუნოდ შეაზანზარებს…
    იქნება ჭორი…მოგიზგიზე მზე და ხილვები,
    ვით გულისწორი, იქვითინებს ჩემზე არია…
    სიცოცხლე ლექსებს!-გამოვლილებს ქარტეხილებით,
    სალამი ცრემლებს, გაყვითლებას და მალარიას…

  4. * * *

    იმათ ზენა საუბარს მე რას გავუგებდი:
    შეხვდნენ, რუსთაველის პროსპექტი ჩაიარეს,
    პირველის ხმა სველი და სევდიანი იყო,
    მეორესი – ცისკრისას ჰგავდა;
    ერთი ლაზარესა და ზოზიას ახსენებდა,
    მეორე – სწუხდა გასიებულ ღრუბელთა გულებს.
    როგორ მონდოდა ავდევნებოდი, შემეძახა,
    მეც იმათაებრ რაღაცა მეთქვა,
    მაშინ ვინანე ჩემი ვერხვობა
    და მძიმე ფესვებზე საყვედურით დავიხედე.
    ალიონზე წვიმაც მოთავდა
    და იმ ლურჯთვალება ახალგაზრდამ
    მაჩაბელზე შეუხვია,
    წვიმის კაცი კი
    მზის პირველ სხივმა ააქროლა
    ჩემს ხმელ ფოთლებზე.

    გიორგი მელუა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: