Posted by: burusi | 09/10/2009

სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა

“სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” “გაჩენილია” სამეფო საბჭოს დარბაზის “თანადგომით”, აგრეთვე “კითხვითა ჭკუათა მყოფელთა და მოხუცებულთა კაცთათა”. მას აქვს სამოქმედოდ შემოღებული პრეამბულა, რომელსაც მოსდევს 270 მუხლი; 204-205 მუხლებს შუა არის დასკვნა, რომლითაც თავდაპირველად სამართლეებრივი წიგნი თავდებოდა; 205-270 მმ. “ნოველებია” და დართულია შემდეგ, მაგრამ ვახტანგის ხელშივე. მათ უნდა შეევსოთ ხარვეზები, აღენუსხათ ახლებური მიდგომა ზოგი მართლურთიერთობისადმი და აესახათ სასამართლო პრაქტიკა.

“სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” ფეოდალური სამართლეებრივი წიგნია, ძირითადად აგებულია კაზუსების მიხედვით და ეხება თითქმის ყველა მაშინდელ ურთიერთობას იმათ გარდა, რომელთაც ვახტანგისავე დასტურლამალი აწესრიგებს.

პირველ ნაწილში გამოყოფილია 5 კარი: “თეთრის გარიგებისა” (თეთრი), “გაყრისა”, “ვალისა”, “ქურდობისა” და “ნასყიდობისა”; ცალკე დასათაურებულია ორი მუხლიც – “ამანათისა” და “გაცვლილობისა”; მეორე ნაწილში დასათაურებული 29 მუხლიდან ზოგის სათაური რამდენსამე მუხლს აერთიანებს (მაგ., ანაბრობა-ნათხოვრობას 207-211 მმ. ეკუთვნის). “სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” გამოხატავდა ფეოდალთა კლასის მოწინავე ნაწილის მართლშეგნებას. კანონმდებელი მიისწრაფვის აღკვეთოს ფეოდალური შუღლი, ალაგმოს მებატონეთა თვითნებობა, უზრუნველყოს დროთა მსვლელობაში ჩამოყალიბებული “ბატონყმური რიგის” დაცვა.

“სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის მესვეურთა სტატუსს. სანივთო სამართალში მთავარი ადგილი უჭირავს ფეოდალთა საადგილმამულო მფლობელობის მოწესრიგებას; მის წიაღში მკვიდრდება კერძო, სათავისთაო საკუთრებაც, დაკანონებულია ვინდიკაციის ხალხური ხატოვანი ფორმულა: “კაცი თავის საქონელს იცნობს, შუა წყალში ჩაეჭიდებისო”; საძოვარი და ტყე გამოცხადებულია საერთო სარგებლობის სავარგულებად; მოგვარებულის სამიჯნო სამართლისა და ირიგაციის საკითხები. განვითარების დონით გამოირჩევა ვალდებულებითი სამართალი; განსაზღვრულია სარგებლის ნიხრი და სავალო საბუთის რეკვიზიტები; მოწესრიგებულია ვალაუვალობის საკითხები; ძირძირობამდე მოწესრიგებულია საოჯახო-საქორწინო და სამემკვიდრეო ურთიერთობანი. სისხლის სამართალში აღსანიშნავია დანაშაულნი სახელმწიფოსა და ეკლესიის, კერძოდ, მმართველობის წესის წინააღმდეგ; ბრალის ცნებაში გამოყოფილია ფათერაკი – შემთხვევა და მსუბუქი გაუფრთხილებლობა; აღიარებულია პიროვნული და მხოლოდ ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპები; განსაზღვრულია პასუხისმგებლობის დაწყებითი ასაკი, გამაქარწყლებელი და შემამსუბუქებელ-დამამძიმებელი გარემოებანი; ცნობილია მცდელობა და თანამონაწილეობა. სასჯელთა სისტემაში მთავარია წოდებრივი პრინციპით აგებულ კომპოზიციათა – “სისხლისა” და საუპატიოს ნიხრი, ამასთანავე გამოყენებულია წმინდა საჯარო ხასიათის სასჯელები; სიკვდილით დასჯა საგანგებოდ გათვალისწინებული არ არის; წამოყენებულია ქმედობის და სასჯელის თანაფარდობისა და ერთისა და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ მოკითხვის შეუწყნარებლობის (nonbisin idem) დებულებანი. სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად მიჩნეულია მართლმსაჯულება, რომელსაც საფუძვლად ედება მტკიცე კანონიერება; პირველად ჩამოყალიბებულია მტკიცებულებათა სისტემა; პროცესის შეჯიბრებითობა შეზავებულია მოსამართლის თაოსნობით მტკიცებულებათა მოპოვებასთან. “სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” შემონახულია 100-ზე მეტ ხელნაწერად, მ. შ. უპირველესი მნიშვნელობისაა ვახტანგის ხელში გამოვლილი ავთენტური ნუსხა S – 3683 და 1710-იანი წლების ნუსხა Q – 575, რომლებიც დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, აგრეთვე ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის 1746 ხელნაწერი № 201.

“სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” ქართული სამართლეებრივი და საერთოდ საქართველოს ისტორიის დიდმნიშვნელოვანი წყაროა. იგი საყურადღებო ძეგლია ისტორიულ-შედარებითი სამართალმცოდნეობისათვის. “სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა” პირველად გამოაქვეყნა დ. ჩუბინაშვილმა თავის “ქართულ ქრესტომათიაში” (ნაწ. 1, 1846), შემდეგ – თ. ენუქიძემ (1955) და ი. დოლიძემ (1963-1981). რუსულად იგი ითარგმნა XIX საუკუნის I მეოთხედში, რუსეთის სენატმა დასტამბა სამსახურებრივი საჭიროებისათვის (1828 ან, შესაძლოა მხოლო 1836); ეს გამოცემა განმეორდა 1887 დ. ბაქრაძის რედაქტორობით; ახალი რუსული თარგმანი და მისი გამოცემა ეკუთვნის დ. ფურცელაძეს (1980). არსებობს ცნობა, რომ მას ფრანგულად თარგმნიდა მ. ბროსე; 1930-იან წლებში ფრანგულად თარგმნა და გამოსცა ჟ. კარსტმა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: