Posted by: burusi | 06/10/2009

ფილიპე გოგიჩაიშვილი – სიმცირის გავლენა

ფილიპე გოგიჩაიშვილი, 2002

ამ ბოლო დროს ქართულ პუბლიცისტიკაში ერთგვარი «პესიმისტური მიმართულება» არის გაძლიერებული. ჩვენ ბევრს ვქექავთ და ვიძიებთ ჩვენს ხალხოსნურ თუ საზოგადოებრივ ნაკლსა და სისუსტეს იმ წრეებშიაც კი, რომელნიც არსებითად ოპტიმიზმის მოციქულნი და მქადაგებელნი იყვნენ (ხოლო _ პ. გ.), დღეს კილო დაწეულია და წინანდებურად ვეღარ ახერხებენ ჩვენი ძალღონისა და შემოქმედებითი ბარაქიანობის გაზვიადებას. უდიდესი ნაწილი ქართულ პუბლიცისტიკისა დღეს მწარე გოდებასა და ქართველობის საერთო ნაკლთა დაუფარავ ღაღადისს შეიცავს. თუ წინათ ცხოვრებას ზერეულად ვუცქეროდით და უფრო ოცნებით ვიკვებებოდით, დღეს სამაგიეროდ ფეხს იკიდებს ჩვენში თავის თავის სასტიკი კრიტიკა, რომელიც ბევრის მხრით სანუგეშო და იმედის აღმძვრელია. ცნობა თავის თავისა, რაც დიდებულმა ფილოსოფოსმა მცნებად დაუდვა კაცობრიობას, დიდი რამ, არის ცხოვრებაში. ნაკლები და ხინჯის გასწორება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა იგი ცნობილია და დაბრკოლებადაა აღიარებული. ამიტომაც ჩვენ სასიამოვნო მოვლენად მიგვაჩნია ის საყვირისებური ხმა თვით კრიტიკისა, რომელიც ხშირად გაისმის ჩვენს მწერლობაში. ჩვენ ნაკლოვანებათა საჯაროდ გამოფენას, დაფარულ სულიერ იარების გახსნას და ზნეობრივი დაავადების ანალიზს მხოლოდ და მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლიან საზოგადოებისათვის. ეს ისეთი მწარე, მაგრამ საღი წამალია, რომელიც არასდროს არ აწყენს ხალხის ორგანიზმს.
მაგრამ კრიტიკა მაშინ არის ნაყოფიერი, როცა იგი ფაქტებისა და მოვლენათა ანალიზზეა აგებული და მარტოოდენ გოდებას არ წარმოადგენს. გოდება გულის გამტეხი და ენერგიის დამაჩლუნგებელია, ანალიზი კი ყოველთვის გზის მაჩვენებელი და იმედის მომცემია. ის, რაც ახსნილი და გარკვეულია, უძლეველად აღარ ეჩვენება ადამიანს. ერთი და იგივე არ არის ჩასძახოთ ვინმეს, _ «არ ვარგიხარო» და «ამიტომ და ამის გამო არ ვარგიხარო». პირველ შემთხვევაში იგი დუნდება და ბოლოს და ბოლოს თავის სიმდარეს კიდეც შეურიგდება, მეორე შემთხვევაში კი, _ მას იმპულსი ეძლევა და მოქმედებისათვის სულიერი ძალა ემატება. უანალიზო კრიტიკას ანუ გოდებისებურ‘«თავის მხილებას» კატეგორიული ხასიათი აქვს და ზომიერება აკლია. ამიტომაც იგი, ვითარცა გადაჭარბებული და‘«გულის გამხეთქი», ხშირად მიზანს ვერ აღწევს, _ პირიქით, საზოგადოებრივ ენერგიას ასუსტებს და შემოქმედების ძალას ადუნებს.
ჩვენი აზრით, ასეთი‘«კრიტიკა» მოსარიდებელია და ყოველ შემთხვევაში ფრთხილად სახმარი იარაღია ხალხის გამოსაღვიძებლად. საჭიროა ეს ახსოვდეს ყველას, ვინც ჩვენში საზოგადო ასპარეზზე ასე თუ ისე მოქმედებს და ჩვენი საზოგადოების გამოფხიზლების საქმეს ემსახურება. ჩვენ პატარა ხალხი ვართ, პატარა სარბიელი გვაქვს და ამიტომაც ყოველი მოვლენა ჩვენში უფრო შესამჩნევია, მეტად სჩანს, ვიდრე არის ნამდვილად, და ამის გამო, როცა იგი მახინჯი და საზოგადოებრივობის წინააღმდეგია, ხშირად გადაჭარბებულ გოდებას იწვევს შედეგად.
1
მეორე მხრით, ხალხის სიპატარავეს, რაოდენობით სიმცირეს პირდაპირ გავლენა აქვს ზოგიერთ ისეთ ჩვეულებისა და მიდრეკილების განმტკიცებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მავნებელი და დამაბრკოლებელია. თუ ხალხის სიმცირე, ვითარცა ამა თუ იმ დასაგმობ მიდრეკილების მასაზრდოებელი ფაქტორი, არ მივიღეთ მხედველობაში და კერძო ფაქტები იმის მიხედვით არ ავწონ-დავწონეთ, ადვილად შეიძლება არა ერთი და ორი ზნეობრივი ხინჯი ქართველის‘«ბუნების თვისებად» მივიჩნიოთ და მართლა უიმედობას მივეცეთ. სინამდვილის ანალიზი კი იმას გვასწავლის, რომ პატარა ხალხში თვით სიმცირე ხალხისა ხელს უწყობს ზოგიერთ არასასურველ‘«თვისების» გაძლიერებას და ამიტომაც ესა თუ ის საზოგადოებრივი ნაკლი, გინდ ზნეობრივი მანკი რაოდენობითი სიმცირის თანამყოლი არის, რომელსაც მხოლოდ თანდათანობით კულტურა შეასუსტებს და არა ცარიელი გოდება და თავში ცემა.
ერთი უცნაური წარმომადგენელი ახლა ქართველ სამღვდელოებასაც ჰყავს, _ ეს ის ახალი ეგზარხოსია, რომელიც საქართველოში მათრახების და ხიშტების იმედით მობრძანდება. საქართველოს სამღვდელოებამ გადაჭრით გამოაცხადა თავისი სურვილი, რომ აღდგენილ იქმნას ქართული ეკლესიის უწინდელი დამოუკიდებლობა, ხალხის ერთმა ნაწილმაც მოითხოვა ადგილობრივ თა-ვისუფალ ეკლესიის მოწყობა; _ ამის წინააღმდეგნი გახდნენ რუს პატრიოტებთან ერთად ქართველი ს.-დემოკრატები, რადგანაც ეგონათ, რომ ქართულ ეკლესიაში მღვდელი თვით ხალხმა თუ აირჩია, ამით სრულიად რუსეთის მუშათა ს._ დემოკრატიული პარტია დიდ საფრთხეში ჩავარდებაო. ჩვენ არ გვგონია, რომ ამ პარტიას საქართველოში ბიუროკრატიულ და პოლიციურ ეკლესიის მაგიერად თავისუფალი ეკლესიის დაარსებით რამე დაჰკლებოდა და ამიტომ დიდ შეცდომად ვთვლით, რომ ჩვენებურმა ს._დემოკრატებმა ხალხს საეკლესიო საქმეების მოწყობაზე თვალი აარიდებინეს და ამით შეუძლებელი გახადეს იმ რეფორმის განხორციელება, რომლისთვისაც ქართველმა სამღვდელოებამ ნიადაგი ღირსეულად მოამზადა.
ქართველ სამღვდელოებას ხალხისაგან არ დაეძრახვის, _ იგი არ შეუშინდა ციხეს და გადასახლებას, მან თავის ზურგზე იგემა კაზაკების მათრახი, სასტიკი ბოიკოტი გამოუცხადა სინოდს, სასურველად სცნო რომ მღვდელს თვითონ ხალხი ირჩევდეს ხოლმე, მაგრამ, ხსენებულ მიზეზის გამო, მისი განზრახვა ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩება და მთავრობისაგან ძალად მოვლინებული ეგზარხოსი ტფილისში ჩამოდის… ამ ეგზარხოსის უფლებათა დასაცველად ადგილობრივმა უმაღლესმა ადმინისტრაციამ ისევ ძველ და ნაცად საშუალებას, _ კაზაკების მათრახებს, მიჰმართა. სამღვდელოებას შეატყობინეს, რომ ყოველ ურჩ მღვდელს ამ კაზაკებთან ექმნება საქმეო. ცხადია, რომ ასეთ პირობებში სამღვდელოება, რომელსაც ხალხი გვერდში არ უდგა, პირდაპირ ბრძოლის გაწევას ვერ გაბედავს და დროებით მაინც დამორჩილებას არჩევს. ისევე, როგორც რუსეთში, მოქმედმა სარევოლუციო პარტიებმაც დროებით ხელი აიღეს აშკარა ბრძოლაზე იმისთვის, რომ შემდეგ ორკეცის ძალით შეებრძოლონ თვითმპყრობელობას.
მართლაც ჩვენ, ქართველები, ისე პატარა ხალხი ვართ, რომ ყველანი _ ასე ვთქვათ _ ერთმანეთს ვიცნობთ პირადად. ისე ახლოსა და ისე ხშირად ვხედავთ ერთმანეთს, რომ დაწვრილებით ვიცით ერთმანეთის ავი და კარგი, ცხოვრება ოჯახური და ოჯახს გარეთაც. როგორც ერთ ოჯახში იმავე ოჯახის წევრებისათვის არა არის რა დამალული, ისევე ჩვენში არაფერი რჩება დაფარული და გაუგებელი.
2
ამიტომაც ჩვენ, ქართველები, საშინელი მეჭორეები და ერთმანეთის კერძო ცხოვრების დაურიდებელი მქექავები ვართ. რახან ყველანი, ერთ ოჯახსავით, ცხოვრების ერთ ვიწრო ფარგალში ვართ მომწყვდეულნი, წვრილმან მასალას აუარებელს ვპოულობთ ერთმანეთის გასაქექად და გასაქირდავად.
ჩვენში, ვითარცა პატარა ხალხში, თითოეული პიროვნება გრძნობით ისე გამოცალკევებული არაა ჯგუფისაგან, ისე გამოთიშული არაა თავის თანამოძმეთაგან, როგორადაც რომელსამე დიდ ეროვნებაში. თითოეული ქართველი მუდამ თავის მეზობელსა და ნაცნობებს ადარებს თავის თავს, თავის ყოფა-ცხოვრებას მათს ყოფა-ცხოვრებას უპირდაპირებს და ამ შედარების საშუალებით განსაზღვრავს თავის სოციალურ მდგომარეობას. იგი წყნარად და გულმშვიდად არის, თუ ირგვლივ სხვებიც მასავით ჩათლახად ცხოვრობენ. სამაგიეროდ ვერ მოისვენებს, თუ მისმა მეზობელმა (ჩვენ ხომ ყველანი ერთმანეთის მეზობლები ვართ!) აიწია და მას გაუსწრო. იგი ცდილობს მას დაეწიოს და გაუთანასწორდეს, გარეგნობით მაინც.
ქართველი არსებითად ფრიად წამბაძველია. მხოლოდ იგი ჰბაძავს არა განყენებულ მოდას ან უავტორო აზრს, არამედ «დაწინაურებული» მეზობლის გარეგან ცხოვრებას, მის ჩაცმულობას და აზროვნებას. მისი მიბაძვის საგანი კონკრეტულია და არა განყენებული. როგორადაც ერთს ოჯახში ერთს ძმას ესირცხვება, თუ მისმა ძმამ გაუსწრო, ისევე ყოველ ქართველს სასირცხვოდ მიაჩნია, თუ ცხოვრებაში მეზობელმა გაუსწრო და იგი უკან მოიტოვა. ამიტომაც იგი ნახევარჯერ საჭმელს მოიკლებს და დიდკაცურად გამოეწყობა. ამით იგი აზნაურს უთანასწორდება. მისმა მეზობელმა სწავლა მიიღო და _ ვთქვათ გაზეთებში წერა დაიწყო? ისიც არ მოისვენებს, სანამ ერთ პატარა კორესპოდენციას არ მოაქუჩებს» და გაზეთებში არ დააბეჭდვინებს. ვინმე მისი კუთხის კაცი რედაქტორი შეიქმნა? თითონ მეპურეობაზე ხელს აიღებს, თონეს დააგირავებს და ორიოდე დღით მაინც რედაქტორობას გამოსცდის (დღეს ეს საქმე ძნელი აღარ არის). საზოგადო მოღვაწეობა სასახელოდ არის მიჩნეული? მისი მეზობლის სახელსა და გვარს გაზეთებში ბეჭდავენ? იგი უეჭველიად წავა ამა თუ იმ საზოგადოების კრებაზე და «რეჩს» იტყვის. უანგარიშოდ ფულის ხარჯვა სიმდიდრის ნიშანია? იგი უკანასკნელს ხუთ შაურს ეტლში მისცემს, ერთს ძალიან გააჭენებს, ხოლო შინ რომ წავა _ მშიერი დაიძინებს. ერთის სიტყვით, ქართველი ბევრს ფართი-ფურთობს, მაგრამ არა თავის შინაგან მოთხოვნილებით, არამედ უფრო წაბაძვა-წახედულებით, რომელსაც ჩვენი _ ქართველების _ რაოდენობითი სიმცირე ნიადაგს აძლევს და შესამჩნევად ხელს უწყობს.
მაგრამ, რასაკვირველია, წაბაძულობითაც ადამიანი ყოველთვის მიზანს ვერ მიაღწევს.‘«დაწეული»‘«აწეულს» ხშირად ვერ დაეწევა, თუნდაც ძალიან წაჰბაძოს და მოინდომოს მასთან გათანასწორება. ამ შემთხვევაში ბედისაგან დაჩაგრულს შ უ რ ი ა ნ ო ბ ი ს გ რ ძ ნ ო ბ ა უწევს დახმარებას. აბა როგორ არ შეშურდეს ქართველს თავის მეზობლის დოვლათი და გაკეთება, როცა მას კარგად ახსოვს, რომ ისიც მასავით ღარიბი და გაჭირვებული იყო.‘«მაშინ მეგობრობდა, ეხლა კი ცხვირს ზევით იწევს. რითია მასზედ უკეთესი? არც დედით, არც მამით, არც გვარიშვილობით, არც ჭკუით» (ქართველებს ყველას ჭკვიანებად მიგვაჩნია ჩვენი თავი). და აბა როგორ არ აღევსოს გული შურით? დიაღ, შურიანობა ჩვენი სამარცხვინო თანმყოლი გახლავთ. იმერელი ცეცხლს წაუკიდებს და გადასწვავს თავის მეზობელს. გგონიათ მტრობით? არა, მარტო იმიტომ, რომ მეზობელმა აიწია,
3
ცოტათი ქონი მოიდო და ეს კი მეორესთვის, რომელიც ღარიბად დარჩა, შესაშური საქმე შეიქმნა.
ვინმე იტყვის: მერე აქ ხალხის რაოდენობის სიმცირის გავლენა რა სიტყვაზე მოსატანიაო. ჩვენ კი გვგონია, რომ არის‘«მოსატანი». საქმე ის გახლავთ, რომ უცხოს მიმართ ქართველმა სრულებით არ იცის შურიანობა. ჩაასახლეთ ქართულ სოფლებში რუსი ან სომეხი, _ ქართველები კრინტს არ დასძრავენ, გულშიც კი არ გაივლებენ უკმაყოფილებას. ამავე დროს საკმარისია მეორე ან მესამე სოფლის ქართველმავე მათს სოფელში მამული შეიძინოს და დასახლდეს, რომ ყველანი მოსისხლე მტრებად გადაექცნენ. რათა? იმიტომ, რომ რუსი და სომეხი უცნობნი არიან. ამათთან ქართველს არა აკავშირებს რა, მათ იგი არ ედარდება, მათი დაწინაურებით თავის თავს არ სთვლის შერცხვენილად და შეურაცხყოფილად. სულ სხვაა თავისიანი, _ მისიანმა იგი «ვერ უნდა დასჯაბნოს». დამახასიათებელ მაგალითს გეტვით. ამას წინად, გურიის ორი სოფლის წარმომადგენელნი სამედიატორო სასამართლოს სადავო საქმეს არჩევინებდნენ. საქმე მამულის ყიდვას შეეხებოდა. ერთი სოფელი სახელმწიფო საადგილ-მამულო ბანკს მოელაპარაკა მამულის საყიდლად და ფასზეც მოურიგდა. ეს გაიგო მეორე სოფელმა, რომელიც გასაყიდ მამულის ახლოს მდებარეობს, მაგრამ მის ყიდვაზე ყოველთვის უარს ამბობდა, და იმ მამულის ყიდვის სურვილი ამასაც სწორედ ახლა აღეძრა. პირველი სოფლის გლეხები ცოტა შორეულნი იყვნენ, უნდა მოსულიყვნენ და იმ ბანკის მამულში დასახლებულიყვნენ, და აბა ამას როგორ მოითმენდნენ მეორე სოფლის მკვიდრნი! დაეჯიბრა ერთი მეორეს ორი სოფელი. ამ ცილაობაში პირვანდელი ფასი ბანკს შესამჩნევად აუწიეს და კინაღამ ერთმანეთი არ დახოცეს. საქმე სამედიატოროდ გადაიქცა. საქმის გარჩევის დროს ერთმა მოსამართლემ შენიშნა სოფლელების წარმომადგენლებს, შეთანხმდით, თორემ, მამული არც ერთს არ გხვდებათ, _ ბანკი რუსებს მისცემს და შინ რუსები ჩამოგისახლდებიანო. ამაზე, იცით, რა მიუგეს სოფლელებმა? ყური დაუგდეთ: «ზღვამ წალეკოს, არ მეწყინება, _ სთქვა მეორე _‘«მკვიდრი» სოფლის წარმომადგენელმა, _ მაგრამ ამ ჩვენებურ ნამს თავი როგორ წავალეკინოვო». ასე გახლავთ: რუსი‘«ზღვა» არის და მან რომ წალეკოს, გურული არას ამბობს,‘«არც ეწყინება», მაგრამ‘«ნამს» ე. ი. მესამე სოფლიდან მოსულ თანამოძმეს კი ნებას არ მისცემს მის გვერდით სული მოითქვას და თავისი ცხოვრება მოაწყოს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ცოტანი ვართ, რომ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ და არაფრად ვაგდებთ, _ ერთმანეთი ნამად მიგვაჩნია. ნამი ნამის სწორი უნდა იყოს და არამეტი. თუ სადმე შემთხვევით ნელ-ნელა გაიზარდა და პატარა ტბად ქცევა დაიწყო, მისი ძმა მაშინვე ძირს გამოუთხრის და ხევში გადაუშვებს.‘«გული ვერ მოუთმენს»,‘«თავმოყვარეობა ნებას არ მისცემს»…
გაზვიადებულ თავმოყვარეობის აღმოცენებას სწორედ პატარა ხალხში აქვს განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი. აქ პიროვნება ისე დაჩრდილული არაა, როგორც დიდ ეროვნებაში. კერძო ადამიანი, მრავალში შერეული, თავისთავს მხოლოდ ნაწილად გრძნობს მთელი ხალხოსნურ ორგანიზმისა. პატარა ხალხში კი ეს ასე არ არის. აქ იგი ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბევრ მის პირად ნაცნობს უეჭველად აღემატება ღირსებით, ვინაიდან, ხალხის თქმისა არ იყოს,‘«უარესის უარესი არ დაილევა». ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენში ამდენი‘«განდიდების სენით» ავადმყოფი ადამიანი მოიპოვება. ყველას, ვისაც ოდესმე‘«საზოგადო საქმის» გულისთვის ორიოდე მუქთი სიტყვა დაუხარჯავს, სამშობლოს მხსნელად 4
მოაქვს თავი და ხშირად გულწრფელად სჯერა, რომ ხალხის ბედიღბალი მის პიროვნებასთან არის განუშორებლივ შეკავშირებული. ყოველგვარი საზოგადოებრივი მსჯელობა უპირველეს ყოვლისა პიროვნების თავმოყვარეობის, მისი‘«მე»-ს საკითხთან არის შეკავშირებული. ვთქვათ, ჩვენში ვინმე რაიმე საზოგადო საქმეს აკეთებს: უნდა იცოდეთ, რომ ყოველგვარ სხვა საქმისთვის იგი ნამდვილ ინკვიზიტორად გადაიქცევა. ყველა ვალდებულია მხოლოდ ის საქმე სცნას საჭიროდ და სასარგებლოდ, რომელსაც იგი ემსახურება. თავის თანამოქალაქეთა ნიჭსა და გულწრფელობას იგი აფასებს არა მართლა ნიჭისა და გულწრფელობის საფუძვლით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ რას და როგორ ჰფიქრობს მის მიერ ამოჩემებულ საქმეზე. ეს ყოვლად ანტისაზოგადოებრივი ზნე პირდაპირი შედეგი არის ხალხოსნურ სიმცირისა. ეს განდიდების სენი ხშირად აყალბებს ადამიანის მსჯელობასა და შეხედულებას, ამას მკითხველი შემდეგი უბრალო მაგალითით გაიგებს. ეჭვი აღარ არის, რომ დღეს ქართველებისათვის სახელმწიფო სამსახურის კარები თითქმის სრულებით დახშულია. ეს ფაქტი, დაკვირვებაც რომ არ გვქონდეს, «კავკასიის კალენდრის» ადრესების დათვლითაც ადვილად დამტკიცდება. ვთქვათ, თქვენ აღნიშნეთ ეს ფაქტი საუბარში ისეთ ქართველ მოღვაწესთან, რომელიც თვითონ სახელმწიფო სამსახურშია. როგორ გგონიათ, _ დაგეთანხმებათ? სცდებით! აბა როგორ დაგეთანხმებათ, როცა თვითონ აქვს ასეთი სამსახური.‘«ადგილებს იძლევიან, როგორ არ იძლევიან, _ აი, «მას» მისცეს ხომ ადგილი? მთავრობა ყოველთვის აძლევს სამსახურს ნიჭიერს და მცოდნე კაცებს», ასე გეტყვით იგი. არ იფიქროთ, ვითომ ამის მთქმელი უეჭველად მთავრობის მაღმერთებელი იყოს. არა, შეიძლება იგი დიდი რადიკალიც იყოს, და თუ ამას ამბობს, მხოლოდ იმის მეოხებით, რომ თავისი თავი ყოველთვის მსჯელობის შუაგულში აქვს წარმოდგენილი. ვინ იცის, ჩვენში საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე რამდენი ადამიანი მტრობს და ეწინააღმდეგება ერთი მეორეს არა იმიტომ, რომ ვითომ პრინციპებით ერთმანეთისგან განშორებულნი არიან, არამედ მარტოოდენ იმის გამო, რომ ერთი მეორის ავტორიტეტს არ სცნობენ და ერთმანეთს თავმოყვარეობას არ უკმაყოფილებენ.
მიუხედავად თავმოყვარეობის ამგვარი გაზვიადებისა, პატარა ხალხში ნამდვილი ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ი ფრიად ძნელი მოსახვეჭია. ხალხის რაოდენობის სიმცირე თუ კერძო თავმოყვარეობის გასაზვიადებლად შესაფერის ნიადაგს იძლევა, სამაგიეროდ ავტორიტეტის შექმნას ძალიან აბრკოლებს. ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ ავტორიტეტს, რომელიც კერძო ადამიანის პირად ღირსების განსაკუთრებულ უპირატესობაზეა დაფუძნებული და ეს უპირატესობა და მის წინაშე თავის მოხრა მრავალთაგან ნებაყოფლობით არის მიღებული. ასეთ ავტორიტეტის მოპოვება პატარა ხალხის განსაკუთრებით დამჯდარი და მტკიცე ხასიათის პატრონ იშვიათ ადამიანებს შეუძლიანთ. პატარა ხალხი შინაობაში არსებითად ავტორიტეტის წინააღმდეგია.
რახან ყველა თანამემამულენი ერთმანეთის ახლობელნი არიან და ყოველი წვრილმანი ერთმანეთის ცხოვრებისა იციან, ამიტომაც აღარავის რჩება ის შარავანდედით მოცული უცნობლობა, რომელიც ავტორიტეტისათვის აუცილებელია. ადამიანები თუ გავატიტვლეთ, ყველანი დაახლოებით ერთმანეთის მსგავსნი გამოჩნდებიან. და პატარა ხალხში ყველანი სულიერად გატიტვლებულნი არიან ერთმანეთის წინაშე და ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი, რომ იქ ავტორიტეტს იშვიათად სცნობენ. ყველა ჩვენი დაწესებულება ამ 5
აზრის ცხადი დამტკიცებაა. საცა უნდა მიხვდეთ, ყველგან ანარქიას და არეულობას იპოვით და არსად რაიმე ავტორიტეტის ცნობას და წესრიგისადმი დამორჩილებას. ამიტომაა, რომ ქართულ დაწესებულებაში ქართველი ყოვლად უვარგისი მომუშავე და გლახა მოსამსახურეა. იგივე ქართველი რუსულ დაწესებულებაში ჩინებული ჩინოვნიკია. ქართველს იგი არასდროს არ დაემორჩილება, უცხოს წინაშე კი ოთხადაც მოიხრება. სხვათა შორის ესეც არის მიზეზი, რომ ქართველობაში საზოგადოებრივი აზრის ჭაჭანება არაა. ჩვენში იმდენივე აზრია, რამდენი ქართველიც მოიპოვება. ყველა ამ აზრთაგან ერთის ან რამდენისამე გონებრივ ნაკადულის შექმნა და საზოგადოებრივ აზრად გარდაქმნა უავტორიტეტოდ შეუძლებელია.
დასასრულ, ავტორიტეტზე არა ნაკლებ ძნელი საქმეა ადამიანისთვის პატარა ხალხში სულიერი დამოკიდებულობის ანუ პირად ა ვ ტ ო ნ ო მ ი ი ს შენარჩუნება. აქ ყველანი ერთმანეთის საქმეში ხელებს აფათურებენ და ხშირად სხვის ძვირფასსა და უწმინდეს საგანს თავისთვის უბრალო მასლაათისა და დროს გატარების საგნად იხდიან. პატარა ეროვნებაში ამ მხრით სასტიკი წინააღმდეგობაა კერძო ადამიანსა და‘«საზოგადოებას» შორის. უკანასკნელი არც ერთ კუნჭულს არ უტოვებს კერძო ადამიანს, რომ იქ თავისუფლად ამოისუნთქოს და სულის მყუდროება ჰპოვოს. მგრძნობიარე ადამიანისთვის ეს განწყობილება დრამატიზმით აღსავსე მომენტი არის. ამ მომენტის სიმწვავის განელებას და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას იგი მხოლოდ მაშინ შესძლებს, თუ თავისსა და‘«საზოგადოებას» შუა ერთგვარ ღობეს გაავლებს და თავის სულიერ საკუთრებას ფხიზელ დარაჯად დაუდგება. ეს საქმე არც ისე ადვილი არის, ეს მთელი ფსიხოლოგიური ხელოვნებაა, რომლის შესწავლა და შეთვისება ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა…
როგორც ხედავთ სიმცირეს ბევრი ხალხის მხრით თავისებური საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ აქ მხოლოდ რამდენიმე მხარე აღვნიშნეთ. ყველა ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენისთანა პატარა ხალხს განსაკუთრებით ესაჭიროება პიროვნების კულტურა, რომელიც ადამიანის სულიერად გამფაქიზებელი და ამმაღლებელია.
1906-1910 წ.


Responses

  1. dges shemtxvevit gadavackdi tqvens websaits, zalian momecona. gisurvebt warmatebebs irakli makharadze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: