Posted by: burusi | 03/10/2009

ოთარ ჭილაძე – ადამიანი დროისა და სივრცის უსასრულობაში

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე – Otar Chiladze

(საერთო პასუხი ჟურნალ «ვოპროსი ლიტერატურის» ანკეტაზე)
ვიდრე გიპასუხებთ, მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ლიტერატურის თეორიაში საკმაოდ მოვიკოჭლებ. ბევრი რამ, რაც თქვენ გაინტერესებთ, ჩემთვისაც ძნელი ასახსნელია. და მაინც, ჩემი აზრით, მკითხველის ინტერესს იწვევს არა ესა თუ ის ლიტერატურული ჟანრი, არამედ კონკრეტული წიგნის მხატვრული ღირსებანი. თუ იწერება კარგი წიგნი, თავისთავად ჩნდება ინტერესიც იმ წიგნისადმი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ამ კარგი წიგნის ავტორი, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. პირადად ჩემთვის ლექსი, მოთხრობა, რომანი თუ პი-ესა ერთი და იმავე მოვლენის გამოხატულებაა, რასაც ავტორის, ანუ მწერლის ე. წ. სათქმე-ლის ბუნება და ხასიათი განაპირობებს და არა ავტორის, ანუ მწერლის აჩემება, მაინცდამაინც ლექსი უნდა დავწერო, ანდა მაინცდამაინც ნოველაო. მწერალი ჩემთვის უფრო ფართო ცნე-ბაა, ვიდრე ამ ცნების დღევანდელი გაგება გულისხმობს; – მხედველობაში მაქვს სექციების არსებობა; – თუმცა, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ გარკვეულ დროს გარკვეული ჟანრია გაბატონებული. ასე იყო ყოველთვის, ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ლიტერატურა იარსე-ბებს; ხოლო რომელიმე ჟანრის პრივილეგიას, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, რომელიმე ჟან-რისკენ შემობრუნებას, ისევ და ისევ კარგი წიგნების არსებობა განაპირობებს.
რაც შემეხება მე, «ისტორიულ პროზამდე» კი არ მივედი, არამედ თავიდანვე «ისტორიული პროზით» დავიწყე, თუმცა არ ვიცი, რამდენად განეკუთვნება ჩემი რომანები ამ ჟანრს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ისტორიული ნაწარმოების შექმნა ამ სიტყვისა და ცნების პირდაპირი და მკაცრი გაგებით. ხოლო პოეზიიდან პროზაზე გადასვლა ჩემთვის გაცილებით უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მოხდა, ვიდრე ჩემი საქმიანობით დაინტერე-სებული ხალხისთვის. მე ერთი წამითაც არ მქონია იმის შეგრძნება, თითქოს რაღაცის გამო რაღაცაზე უარს ვამბობდი, ხელობას ვიცვლიდი, ანდა ერთი ამქრიდან მეორეში გადავდიო-დი. აკი თქვენც ამბობთ, პოეტის პროზაზე გადასვლა იშვიათი შემთხვევა არ არისო; მაგალი-თად კარამზინსა და პუშკინს ასახელებთ, თუმცა კარამზინამდე და პუშკინამდეც მოიძებნება არა ერთი და ორი მაგალითი, ოღონდ არა პოეზიიდან პროზაზე გადასვლისა, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ პოეზიისა და პროზის განუყოფლობისა, როგორც მე მიმაჩნია, ანუ მაგალი-თი იმისა, თუ როგორ არ გამორიცხავს ერთი მეორეს და პირიქით – როგორ ბუნებრივად თა-ნაარსებობენ ისინი ერთიდაიმავე ავტორის შემოქმედებაში (ბოკაჩო, რაბლე, შექსპირი, სერ-ვანტესი, სვიფტი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა…). კაცს ერთხელ თუ წაუცდა ხელი და ლექ-სი დაწერა, არა თუ რომანი, შეიძლება პიესაც კი დაწეროს. რაც შეეხება მუზების ნათესაობას, უფრო სისხლხორცეული ნათესაობა ძნელი წარმოსადგენია. ისინი დები არიან და გინდაც არ უყვარდეთ ერთმანეთი, ცხოვრებისეული ინტრიგებით მაინც ვერ მიჩქმალავენ სისხლისმიერ ერთიანობას.
არ არსებობს ეპოქა, საინტერესო არ იყოს ნებისმიერი შემოქმედისთვის. მაგრამ არა მგო-ნია, ავტორი თვითონ ირჩევდეს ამა თუ იმ ეპოქას თავისი ნაწარმოებისთვის. აქ, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც შემთხვევითობას ენიჭება. მაგალითად, რაიმე ნივთს, ძვე-ლი წერილის ნაგლეჯს, ჩრჩილით შეჭმულ კაბას, ანდა სხვა ამგვარად უმნიშვნელო წვრილ-მანს შეუძლია არათუ გარდასული დრო გაგვახსენოს მხოლოდ, არამედ ისე მძაფრად გვაგ-რძნობინოს იმ დროის ფერი და სურნელება, «სამოქმედოდაც» აღგვაგზნოს, როგორც ნადი-რის სუნნაკრავი მწევარი. პირადად ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია იმ მოსაზრებამ, რომ-ლის მიხედვითაც შესაძლებელია კოლხეთის ჭაობები ოდესღაც არსებულ ზღვის ფსკერად წარმოვიდგინოთ. აი ამ, თითქოს უმნიშვნელო, არალიტერატურულმა ინფორმაციამ გან-მაწყო რომანის დასაწერად, რისთვისაც მართლაც რომ ზღვა მასალის წაკითხვა და შესწავლა დამჭირდა და რასაც არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდი ალბათ, ამ პატარა, «ყოვლად უწყ-ინარ» ცნობას რომ არ გადავყროდი შემთხვევით. მწერალი თვითონვე იგდებს თავს «განსაც-დელში», ანუ აუტკივარ თავს იტკივებს ხოლმე, და მერე თვითონაც აღარ იცის, როგორ გაა-მართლოს თავისი «დანაშაული» სხვების თვალშიც; უფრო სწორად, როგორ გასცეს პასუხი იმ უამრავ კითხვას, ბუნებრივად რომ ებადება მკითხველს, რომლისთვისაც მიზეზი კი არა, შე-დეგია მთავარი.
ისტორიული პროზის, ისევე როგორც საერთოდ ლიტერატურის, ყურადღება ადამიანის-კენაა მიპყრობილი; ლიტერატურის და, ამდენად, ისტორიული პროზის ცენტრშიც ყოველ-თვის ადამიანი დგას, თავისი სანიმუშო თუ თავისი დასაგმობი ცხოვრებით; ოღონდ, ჩემი აზრით, სრულებითაც არ არის აუცილებელი, ის ადამიანი ნამდვილად ისტორიული პიროვ-ნება იყოს. მე მგონი, ისტორიულ პიროვნებებზე დაწერილი ნაწარმოებები კიდევ სხვა ჟან-რია, და გაცილებით შეზღუდული, ვიდრე ისტორიული პროზა და, რაღა თქმა უნდა, ვიდრე საერთოდ პროზა. ადამიანი გაცილებით დიდი და რთული ცნებაა, ვიდრე ნაპოლეონი. ნაპო-ლეონის ცხოვრებით დაინტერესებულ მწერალს ნახევარი საქმე მუშაობის დაწყებამდე აქვს მოთავებული, რადგან მის მომავალ წიგნში, როგორი დიდი ფანტაზიითაც არ უნდა იყოს ავ-ტორი დაჯილდოებული, არაფრით არ შეიძლება ნაპოლეონს უარი ათქმევინოს იმპერატო-რობაზე, ანდა ვატერლოოს შემდეგ თავი მოაკვლევინოს, რაც არ მომხდარა, მაგრამ რაც გამო-რიცხული არ არის ზოგადად ადამიანისთვის. პირადად მე ადამიანი მაინტერესებს დროისა და სივრცის უსასრულობაში, რამდენადაც არასოდეს არ ვიცი წინასწარ, როდის როგორ მო-იქცევა იგი, მიუხედავად მისი ბუნების საოცარი სიმყარისა; ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ემორჩილება ცვალებადობას, ხოლო შიგნით, სულის სიღრმეში ახლაც ისეთივეა, როგორიც თავიდანვე «შექმნა ღმერთმა». და მაინც (მე მგონია, სწორედ ესაა მისი მომხიბვლელობა), მი-უხედავად უკვე საკმაოდ საპატიო ასაკისა, მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილებისა, ყოველ წუთას მზადაა იმავე შეცდომის ჩასადენად, რის გამოც გუშინ თვითონვე დაზარალდა ყველაზე მეტად. შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემი მიდრეკილება ისტორიისა და მითოლო-გიისადმი; შეიძლება – ჩემი, როგორც მწერლის სისუსტემაც. კარგ მოჭიდავეს მოედნის სიპა-ტარავე ხელს არ შეუშლის; ცუდს კი დიდ მოედანზე ურჩევნია ჭიდაობა, უკან დასახევი, გვერდზე გასახტომი ადგილი რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩე-მი, როგორც მწერლის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ჩემი სამშობლოს ბედს ეთამაშოს. როცა საქართველოს ისტორიას კითხულობ, ძალაუნებურად მითოლოგიურად იწყებ აზროვნებას; ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ღმერთმა, უფრო სწორად, ღმერ-თებმა, ამ პატარა ქვეყანას სიცოცხლის შესაძლებლობები წაართვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, უკ-ვდავება აჩუქეს; უკვდავება კი, მოგეხსენებათ, სიცოცხლეზე გაცილებით ძნელია; იმავე მი-თოლოგიიდან მრავლად ვიცით მაგალითები, როცა მიწიერი ჭრილობებით, მიწიერი ტკივი-
ლებით გამწარებულ გმირებს უკვდავება ჩვეულებრივ ადამიანურ სიკვდილზე გაუცვლიათ; მაგრამ რისი უფლებაც მითოლოგიურ გმირებს აქვთ, იმისი უფლება არა აქვს ადამიანს, ხალხს, ხალხებს, კაცობრიობას; კაცობრიობა უკვდავებისთვისაა «განწირული», ხოლო ამ უკ-ვდავების საიდუმლო ადამიანის სულში იმალება; აქედან იღებს სათავეს ლიტერატურის და საერთოდ ხელოვნების გაუნელებელი ინტერესი ადამიანის სულისადმი; ხოლო ამ შემთხვე-ვაში ჟანრებს დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჯარის სახეობებს, რომ-ლებსაც ერთი და იმავე საქმის შესრულება ევალებათ, ოღონდ ოდნავ განსხვავებულად. ასე რომ, თქვენი შეკითხვა: ვთვლი თუ არა თავს ისტორიული პროზის ავტორად, სრულებითაც არ არის უცნაური. რაც ისტორიას ეკუთვნის – მარადიულია; ანუ – დასრულებული, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი; კართაგენი დაინგრა, რომი დაემხო, გარიბალდიმ გაიმარ-ჯვა… მაგრამ ლიტერატურას მაინც წარმავალის მარადიულობა აინტერესებს უფრო: ვნება, გრძნობა, განცდა… ამდენად, თქვენს მიერ ეგრეთ წოდებულ «ისტორიულ პროზაშიც» აუცი-ლებლად ვლინდება, რასაკვირველია, მეტნაკლებად, ავტორის პიროვნებაც; ერთმა ავტორმა შეიძლება გაამართლოს ის, რაც მეორემ უარყო. უფრო მეტიც, თქვენ რომ პუშკინის პუგაჩოვს ახსენებთ, ის უნიკალური, მხოლოდ და მხოლოდ პუშკინის პუგაჩოვია, არა ქრონიკებისა და ისტორიული დოკუმენტებისგან შეკოწიწებული, არამედ პოეტური გენიის მიერ შექმნილი, სრულიად ახალი სახე ისტორიული პუგაჩოვისა.
აქვე ვიტყვი ბარემ ენაზედაც: ქართულმა სალიტერატურო ენამ მთელი თავისი თხუთმეტ-საუკუნოვანი არსებობის მანძილზე იმდენად უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა, პრობლე-მად არასოდეს ქცეულა. ისე, ჩემი აზრით, დღევანდელი მწერალი მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ენით უნდა წერდეს და არც სასიამოვნო კოლორიტის გამო არ უნდა იხმაროს არქაული სიტყვები, თუკი მათ უფრო თანამედროვე შესატყვისები გააჩნია.
ახალი მწერალი ციდან არ ვარდება; არც ცარიელ ადგილზე ამოდის. სხვათა შორის, არც არაფერს ამბობს ახალს; ახლებურად ამბობს ძველს, ბევრჯერ თქმულს, რამდენადაც თვითო-ნაა ახალი და არა ის, რასაც ლიტერატურა ემსახურება, რაც ლიტერატურის სფეროს განე-კუთვნება. ამდენად, ყველა წინამორბედი მწერალი თავისთავად მასწავლებელიცაა, ოღონდ ცოტა უცნაური: იმას კი არ გვასწავლის, თუ როგორ ვწეროთ, არამედ – როგორ არ ვწეროთ. იმედია, აუხსნელად მიმიხვდებით, რომ ამით წინამორბედი მწერლების წერის მანერას კი არ ვიწუნებ, არამედ სწორედ მათი ოსტატობის მიუღწეველ სიმაღლესა და ხელშეუხებლობას ვუსვამ ხაზს. ყველა მწერალს გაცილებით მეტი მასწავლებელი ჰყავს, ვიდრე ჰგონია, რადგან არამარტო იმ მწერლისგან სწავლობს, რომელსაც აღმერთებს, არამედ იმისგანაც (და შეიძლე-ბა, უფრო მეტსაც), რომელსაც ვალდებულების გამო კითხულობს მხოლოდ.
არც იმას დავმალავ, რომ თქვენმა ნამდვილად საინტერესო და, მე ვიტყოდი, ღრმად გააზ-რებულმა შეკითხვებმა მეც საუბრის გუნებაზე დამაყენა; ამდენი არასოდეს მილაპარაკია; მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, არა მგონია, ამომწურავი იყოს ჩემი პასუხი. ამიტომ, თქვენი ნებართვით, ტოლსტოის მოვიშველიებ, რომელსაც მართლაც რომ ორი სიტყვითა აქვს ნათქვამი ის, რასაც მე აგერ უკვე ოთხი თაბახი ქაღალდი მოვანდომე: «მე რომ იმის მო-ყოლა მდომებოდა, რისი გამოხატვაც რომანში ვცადე, იძულებული გავხდებოდი ხელახლა დამეწერა ზუსტად იგივე რომანი, რომელიც ერთხელ უკვე დავწერე».

1980


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: