Posted by: burusi | 02/10/2009

თამაზ ჭილაძე – ღმერთის შეგირდი

ცხენები. ლევან ცუცქირიძე

ცხენები. ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე – Levan Tsutsqiridze

(მხატვრის ბიბლიური ციკლი)

ლევან ცუცქირიძე იმ მხატვართა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებაზე ლაპარაკი ერთდროულად ადვილიც არის და ძნელიც. ადვილია იმიტომ, რომ ყველასათვის, ვინც კი მხატვრობით ცოტათი მაინც დაინტერესებულა, აშკარაა მისი ნიჭიერება, თავისთავადობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამორჩეულობაც. ძნელი კი შეიძლება იმიტომაც იყოს, რომ მხატვარი არ სცნობს არსებულ სინამდვილეს, როგორც თუნდაც წინასწარმოცემულ მხატვრულ პირობითობას, მეტაფიზიკური სამყაროს მკვიდრია და მისი პოეტიკა უკიდურესად განზოგადოებულ წარმოდგენებს ეყრდნობა. მისი ფიქრი, მისი წარმოსახვა არ შორდება სულის ისეთ მიწისქვეშა მღვიმეებს, რომელთა მარადიული სიცივე ხელუხლებლად ინახავს ჩვენი ვნებებისა თუ სურვილების ფესვებს. ამდენად, გასაგებიცაა მისი, როგორც შემოქმედის, ლტოლვა იდუმალებით მოცულ ისეთ სამყაროებისაკენ, როგორიცაა პოეზია, მითოლოგია, რელიგია. მის ნახატებზე სინამდვილე კი არა _ ოცნებაა სინამდვილეზე, რომელიც თითქოს იმავე ოცნების ფერფლს დაუფარავს. აშკარაა ერთი ფერის მრავალსახეობის დამკვიდრების ცდა, ერთი ფერის ამოუწურავი შესაძლებლობების ძიება. მხატვრის იდუმალი ალქიმიის წყალობით, ფერფლი ისევ სიცოცხლედ გარდაიქმნება და თითქოს ვწვდებით იმ ჭეშმარიტებას, რომ სიკვდილი განზოგადოებული სიცოცხლეა, მეტი არაფერი.

ღმერთმა ადამიანი შექმნა ,,ხატვად თვისად”, ანუ შემოქმედად. ღმერთისგან შექმნილ სამყაროს ადამიანმა გასაოცარი რამ დაამატა _ მეორე სინამდვილე, ურომლისოდაც მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს არის სულის სიფრიფანა ნიჟარა, ოცნების თავშესაფარი და იმავე დროს ყველაზე მყარი და საიმედო ნაგებობა, რაც კი ადმიანს შეუქმნია.

კაცობრიობა მახსოვრობისა და შთაბეჭდილებების თოკითაა ერთმანეთზე გადაბმული. მხატვრის მეტაფორა აერთიანებს ადამიანთა უზარმაზარ კონგლომენატრებს არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც. მხატვრობა ამჟღავნებს ადამიანთა დიად ნათესაობას, უფრო მეტიც _ დიად ერთიანობას! ეს აზრი არ მშორდება, როცა ლევან ცუცქირიძის ბიბლიურ ციკლს ვათვალიერებ. ზევით მეტაფიზიკა ვახსენე, დიახ, აქ მართლაც მეტაფიზიკური სპექტაკლია დადგმული, რომლის მიზანსცენები თუ სცენოგრაფიული კონსტრიქციები ჩვენივე ხილვებითა თუ წარმოდგენებით არის აგებული. ნახატზე სიზმრის, ბურუსის, ფიქრის ნაფლეთებია ერთმანეთში გაზავებული, განელებული მძაფრი ლიტერატურული იდეის საწყისი ბიძგის ზეგავლენით და შეიძლება ამიტომაც იქნება ილუზია სივცეში გულისამაჩუყებლად ფაქიზად, გულისამაჩუყებლად უწონადო საგნების ლივლივისა, ანუ მუსიკა, თუმცა უფრო ზუსტი ვიქნები, თუ ვიტყვი _ ცეკვა, თუკი რასაკვირველია, შეიძლება წარმოიდგინო ერთგვარად ორგანიზებული პლასტიკა, ბალეტი ჰაერში მოფარფატე ლანდებისა. და ყველაფერი ეს ხდება, ღმერთის მოჯარადე თვალით ფართოდ გახელილი, უცხო პლანეტის ფონზე…

და აი, დგება წამი, როდესაც სურათების, თუნდაც, შემაშფოთებლად აფორიაქებული, დაძაბული ევას ხატების წინაშე, მხატვართან ერთად, განვიცდით ამქვეყნად ადამიანის არამატო ტრაგიკულობას, არამედ ამაოებად გარდაქმნილ ტრაგიკულ გაბრძოლებათა უსასრულობასა და ერთეროვნებას, რაზედაც ასე ცხადად ღაღადებს ნამეხარი კუნძივით ჩაშავებული ეკლეზიასტეს ფიგურა.

ამასთანავე, მიუხედავად აშკარად მწიგნობრული ბუნებისა, ღრმად ინტელექტუალური შინაარსისა, ყველა ნახატი დამამშვიდებლად მახლობელი და გასაგებია, ყოველი მათგან ისეთივე, ერთი შეხედვით, მარტივი ტკივილითაა შტაგონებული, როგორც პატიმრის მიერ უფლება პურისგან გამოძერწილი თოჯინა… ასე რომ, ჩვენს წინაშეა ნამდვილი მხატვარი, პოეტი, შემოქმედი, ღმერთის შეგირდი. მართლაც, ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი ღმერთის შეგირდია, რამდენადაც, როგორც ჩანს, სამყაროს შექმნის ბიბლიური კვირეული ჯერ კიდევ გრძელდება…

1998 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: