Posted by: burusi | 30/09/2009

იაკობ ცურტაველი

მეხუთე საუკუნის პირველ მეოთხედში ქართლში ცნობილი ყოფილა ვიღაც ჯაღი ან ჯაღა, სომხური და ბერძნული ენებიდან მთარგმნელი. სამწუხაროდ, არც ვინაობა, არც ლიტერატურული შრომები მისი ჩვენ არ ვიცით, ასე რომ უძველეს მწერლად, რომლის ნაწარმოები ჩვენამდე შენახულა, უნდა მივიჩნიოთ იაკობ ცურტაველი; მას დაუწერია აგიოგრაფიული თხზულება, რომელსაც ეწოდება “წამებაჲ წმიდისი შუშანიკისი დედოფლისაჲ”[1].
თხზულებაში ნაჩვენებია ის მომენტი ჩვენი ცხოვრებისა მეხუთე საუკუნეში, როდესაც ირანის შაჰები, თავისი აგრესიული პოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად ქართლში, ეძებენ აქაურ ფეოდალთა შორის საჭირო აგენტებს, რომელნიც შეძლებდნენ ძირი გამოეთხარათ მშობლიური ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ამგვარი ტენდენციის ფონზე თხზულებაში ოსტატურად გადაშლილია მწვავე დრამა, რომელსაც ადგილი ჰქონია ქვემო ქართლის ერთ-ერთი პიტიახშის ოჯახში.
შუშანიკი იყო ასული სომეხთა სპასპეტის ან მხედართმთავრის ვარდანისა, რომელიც ცნობილი ისტორიული პირია, მამიკონიანთა საგვარეულოდან, სომეხთა კათოლიკოსის საჰაკ დიდის შვილიშვილი, ტარონიდან. ის ცოლად ჰყოლია ქართლის პიტიახშს ვარსქენს, რომელიც ქრისტიანი იყო. ვარსქენი წასულა სპარსეთში და “რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა” სპარსეთისასა, ცეცხლთაყვანისმცემლობა მიუღია. შაჰს, თანახმად მისი თხოვნისა, ცოლად მიუცია მისთვის “ასული მეფისაჲ”, რომელიც სომხური რედაქციით, იყო სიდედრი მისი. ვარსქენს შაჰისათვის სიტყვა მიუცია, “ბუნებითს” ცოლს, ესე იგი შუშანიკს, და შვილებსაც, მოვაქცევო. როდესაც შუშანიკმა გაიგო ეს, მიატოვა მეუღლის სარეცელი და სასახლეში თავისთვის, განცალკევებულად, დაიწყო ცხოვრება. ვარსქენმა ამით თავი შეურაცხყოფილად მიიჩნია, თან თავისი განზრახვაც, შუშანიკის მოქცევა, ვერ განახორციელა, ამიტომ სამჯერ აუტანელი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და ციხეში ჩასვა. ციხეში შუშანიკმა დაყო ექვსი წელიწადი და მეშვიდე წელს, დიდი ღვაწლისა და მოთმინებისაგან ძალამიხდილი, გარდაიცვალა იქვე, ცურტავს.
ყოველივე ეს აუწერია არამც თუ უბრალო თანამედროვესა და თანამხვდომილს, არამედ სასახლესთან მეტად დაახლოებულს და ამასთან შედარებით მომზადებულ პირს, იაკობს, რომელიც იყო კარის მღვდელი და მოძღვარი შუშანიკისა. იაკობი ერთი იმ პირთაგანი იყო, რომელიც ერთ წამსაც კი არ მოშორებია თავის სულიერ შვილს აუტანელი წამებისა და გაჭირვების დროს, მასთან იყო სასახლეშიც და მის გარეც, ეკლესიაშიც და, შეძლებისამებრ, ციხეშიაც. ის ანუგეშებდა და ამხნევებდა შუშანიკს, ის უამებდა მას როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ტანჯვას. ამ კაცს, როგორც დაახლოებულს და შუშანიკის ცხოვრების ინტიმურ მხარეთა მცოდნეს, უკისრია მისი ღვაწლისა და მოთმინების აღწერა. პიტიახში ვარსქენი ჯერ არ დაბრუნებულიყო სასახლეში სპარსეთიდან, სადაც მან ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, როდესაც იაკობი, რომელიც წინასწარ გრძნობდა, თუ რა მოხდებოდა ცოლ-ქმარს შორის, მივიდა შუშანიკთან და უთხრა: “ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო”, ამიტომ მაუწყე ყოველივე შენი თავგადასავალი, “რაჲთა ვუწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენიო”. აქედან ნათლად ჩანს, რომ იაკობს შუშანიკის წამების აღწერა არ უკისრია ვისიმე წინასწარი შეკვეთითა და თხოვნით[2], ამის მზადებასა და თადარიგს ის ჯერ კიდევ ღვაწლისმძლე დედოფლის სიცოცხლეშივე შედგომია.
თხზულება რომ იაკობის მიერაა დაწერილი, ეს ჩანს თვით შრომიდან, სადაც ავტორი პირველი პირით ლაპარაკობს თავისთავის შესახებ: “და მეცა, ხუცესი დედოფლის შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას”, “ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა”, მშუშანიკ მრქუა მე… და მე ვარქუ მას”, “მოვიდა ყმაჲ ერთი და თქუა: იაკობ მანდა არსა? და მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ გინებს? და მან მრქუა: უწესს პიტიახში. და მე დამიკჳრდა თუ რაჲსა მე მიწესს ამას ჟამსა, და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: უწყია ხუცეს!” ბიოგრაფიული ცნობები იაკობის შესახებ არ მოგვეპოვება; ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო კარის ხუცესი ან მღვდელი, მოძღვარი შუშანიკისა, რომელიც მისი ბედით ძალიან დაინტერესებული იყო. ყოველ შემთხვევაში, სიკვდილის წინ მის თავს აბარებს სახლის ეპისკოპოსს აფოცს: “შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი” აფოცსაო, ამბობს იაკობი (ილ. აბულაძის გამოც., XVIII, 3 – 4). როგორც ასეთს, თან ცნობილ იმ დროს მწერალს, მას შეეძლო თავლსაჩინო საეკლესიო კარიერა გაეკეთებია. საფიქრებელია, რომ შემდეგში ის დადგენილ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 506 წლის დვინის კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა რიცხვში ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი, როგორც მეხუთე მღვდელმთავარი ამ კათედრისა აფოცის შემდეგ. ადამიანი, რომელიც მეხუთე საუკუნის ოთხმოციან წლებში კარის მღვდელი იყო, 506 წლისათვის უკვე შესძლებდა ეპისკოპოსის ხარისხის მიღებას (შეად. ილ. აბულაძე, გვ. 060).
საფიქრებელია, რომ იაკობს, როგორც განათლებულსა და მომზადებულ პირს, შუშანიკის მარტვილობის გარდა, კიდევ დაეწეროს რამე. ყოველ შემთხვევაში, ამის საბუთს გვაძლევს ჩვენ თვით დასახელებული მარტვილობა, რომელიც იწყება, როგორც იტყვიან, ex abrupto: “და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ”. გამოდის, თითქოს ეს მარტვილობა გაგრძელებას შეადგენს რომელიღაც სხვა ნაწარმოებისას. ამასვე გვაფიქრებინებს წინადადებაც: შუშანიკი იყო “მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით”.
არსად თხზულებაში არ მოიპოვება ცნობა შუშანიკის ღვთისმოშიშობის შესახებ ბავშვობაში. ცხადია, ავტორს სადღაც, რომელიღაც ნაწარმოებში, წინათაც ჰქონია ლაპარაკი შუშანიკის შესახებ. ეს წინადადება და აგრეთვე სიტყვები: “და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და ნეტარისა შუშანიკისა”, საფუძველს აძლევს აკად. ივ. ჯავახიშვილს იფიქროს, რომ იაკობის შენახული შრომა წარმოადგენს მეორე ნაწილს – შუშანიკის აღსასრულის მომთხრობელს, – ხოლო პირველი ნაწილი, რომელშიც ლაპარაკი იქნებოდა მისი ბავშვობის შესახებ, ავტორს ამ შემთხვევაში განგებ არ მოუყვანიაო[3]. შეიძლება ეს ასეც იყოს, თუმცა აგიოგრაფიული მწერლობის ტრადიციას ასეთი დანაწილება ერთი მთლიანი ნაწარმოებისა არ სჩვევია. უფრო საფიქრებელია, რომ პირველი ნაწილი რაიმე მიზეზით დაიკარგა. შეიძლება უფრო ახლოს ვიქნეთ სიმართლესთან, თუ ვიფიქრებთ, რომ იაკობს დაწერილი ჰქონდა რაღაც ისტორიული შრომა, რომელშიც შუშანიკის შესახებ გაკვრით იყო ლაპარაკი, ისე, როგორც გაკვრით იხსენიებს მას მემატიანე[4].
ვინაიდან ასეთი გაკვრით მოხსენება ღირშესანიშნავი პიროვნების მოწამებრივი აღსასრულისა მაშინდელ ეკლესიურად მოაზროვნე და განწყობილ საზოგადოებას ცნობისმოყარეობას უღიზიანებდა, იაკობმა მერე ცალკე, საგანგებოდ ან დამტკიცებით, როგორც თვითონ ამბობს, აღწერა მისი მარტვილობა[5].
როგორც აღწერილი ამბების თვითმხილველსა და თანამედროვეს, იაკობს თავის თხზულებაში შეუტანია ცნობები იქ მოხსენებულ პირთა ვინაობის შესახებ, აღუნიშნავს მათი სახელები, თუმცა სპარსთა მეფის სახელი, ალბათ, შემდეგდროის გადამწერთაგან, მოთხრობაში ახლა გამოტოვებულია. მას დასახელებული აქვს აგრეთვე მოქმედების ყველა ადგილი, რითაც ჩვენი ისტორიული გეოგრაფიის შესწავლას ის თვალსაჩინო სამსახურს უწევს.
ზოგიერთი პუნქტი ისეთი სიცხოველითა და ნიშანდობლობით აქვს აღწერილი, რომ უკეთესს საგანგებო აღწერილობაშიაც კი ვერ მოვითხოვდით. მაგალითად, იმ ადგილის ბუნებას, სადაც შუშანიკი იტანჯებოდა, ის ასე აგვიწერს: “ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალი მავნებელი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი, სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწრეტილნი და დამშრალნი დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არავინ არს მათ ქუეყანათა”.
ავტორს შეუმკია თავისი თხზულება ქრონოლოგიური ცნობებითაც, როგორც, მაგალითად ვარსქენის სპარსეთს გამგზავრება, სპარსელების ომიანობა ჰუნებთან, შუშანიკის ტანჯვის დასაწყისი და ეტაპები, მისი ციხეში ყოფნა, გარდაცვალება და ხსენების დღის დაწესება. მას წარმოუდგენია ამ შრომაში ცოცხალი სურათი მაშინდელი ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა, ჩვენი უძველესი კულტურულ-სარწმუნოებრივი ვითარება, სოციალურ-პოლიტიკური წყობილება, საეკლესიო ორგანიზაცია და კერძო საოჯახო ცხოვრება. ასე რომ, ამ მხრივ მისი შრომა არ ეტევა საეკლესიო მიზნით დაწერილი, ისიც აგიოგრაფიული, თხზულების ჩარჩოებში და წმინდა ისტორიულ-ბელეტრისტიკული პროზის ხასიათი აქვს. კილო მოთხრობისა გამსჭვალულია თავიდან ბოლომდე გულწრფელობით, უშუალობითა და ბუნებრიობით: ავტორი ერთნაირი მიუდგომლობით გვიხატავს ჩვენ დადებითსა და უარყოფითს (გადაჭარბებული ასკეტიზმისაც კი) მხარეებს ყველაფრისა და ყველასას, ვისაც და რასაც კი ეხება ის თავის თხზულებაში. მოთხრობის ბუნებრივი მიმდინარეობა, რომელმაც არ იცის არც თემისაგან მოულოდნელი გადახვევა აგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებისა, არც გრძელი ტრაფარეტული ლოცვები და სასწაულთა აღწერილობანი, ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი და მოხდენილი, ლაკონური ენა მოთხრობისა ამჟღავნებს ავტორის უდავო ლიტერატურულ უნარიანობასა და მხატვრულ გემოვნებას. უკანასკნელი ნათლად ჩანს, თუ გნებავთ, ისეთი სახეებისა და მეტაფორა-შედარებებიდან, როგორიცაა: ვარსქენმა “უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა, და სანთელი ჩემი დაშრიტა, და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა”.
ნიჭიერი ხელოვანის მიერაა მოხაზული შემზარავი სურათი შუშანიკის ცემა-ტანჯვისა და ციხეში ყოფნისა, რომელსაც უფრო აძლიერებს “მატლიცა იგი, წყლულთა მათზედა მისთა დასხმული, რომელი იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და უჩუენებდა” იაკობს.
ავტორის მიზანია განმტკიცება ქრისტიანობისა და სამშობლოსადმი, რომელსაც აწვება აგრესიულად განწყობილი ირანი, ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობისა. ის ხაზს უსვამს იმ თანაგრძნობას, რომელსაც იწვევს ადამიანის გულში მოწამებრივი ღვაწლი შუშანიკისა, და იმ ზიზღს, რომელიც დაიმსახურა ვარსქენის ჯალათობამ, პოლიტიკურ-სარწმუნოებრივმა რენეგატობამ და სამშობლოს ღალატმა. მას, როგორც ღრმა მორწმუნე ქრისტიანს, სჯერა, რომ თუ ამ ქვეყნად არა, იქ, საიქიოს, მაინც მოეღება ბოლო მამაკაცისა და დედაკაცის უთანასწორობას, ვინაიდან იქ “არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ”, იქ მე (შუშანიკმა) და მან (ვარსქენმა) “სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშენ ქრისტესა.
თხზულება დაწერილია მეხუთე საუკუნეში, მაგრამ, სახელდობრ, როდის? ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ შუშანიკის წამების თარიღები. ს. გორგაძის აზრით, რომელსაც მხარს უჭერს აკად. ივ. ჯავახიშვილიც, შუშანიკი გარდაიცვალა 472 წლის 17 სექტემბერს: ის ციხეში ჩასვეს მეფის პეროზის მერვე წელს (466), აქ მან დაყო ექვსი წელი და აღესრულა. მაშასადამე, 472 წელსაო. მაგრამ სომხური სვინაქსრის სინქრონოლოგიური ცნობით[6], შუშანიკი გარდაცვლილა 474 – 6 წლებში. აქ უფრო დაახლოებული ვართ სინამდვილესთან. საქმე ისაა, რომ თხზულებაში ნათქვამია: “და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისათაჲ თთუესა აპნისისასა, მერვესა თთჳსასა და დღესა ოთხშაბათსა… და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა, და აღსრულებაჲ მისი თთუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთან. აქ საყურადღებოა შემდეგი გარემოება: ორჯერ ნახმარია ძველი ქართული სახელწოდება თვისა – აპნისი, ვარდობა, – ერთხელ კი რომაული – ოკდონბერი. ყოველ ეჭვს გარეშეა, ამ უკანასკნელ შემთხვევაშიაც თავდაპირველ დედანში იყო ქართული სახელწოდება სთულისაჲ. ამისი კვალი დარჩენილა ქართული ტექსტიდან მომდინარე სომხურ რედაქციაში, სადაც შუშანიკის აღსასრული დადებულია 17 ქაღოცს. “ქაღოც” სიტყვასიტყვითი თარგმანია ქართული “სთულისა”. მაშასადამე, შემდეგი დროის გლოსატორს თუ რედაქტორს სახელწოდება “სთულისაჲ” შეუცვლია მის დროს ხმარებული სახელით “ოკდომბერი”[7].
ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ კიდევაც, თუ როდის უნდა მომხდარიყო ასეთი შეცვლა. ვფიქრობთ, არაუადრეს მეათე საუკუნისა: შუშანიკის გარდაცვალების თარიღს – “ათჩჳდმეტსა ოკდომბერსა” – მიმატებული აქვს გლოსა: “საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა”. ეს გლოსა მეცხრე-მეათე საუკუნეზე ადრე არ შეიძლებოდა გაკეთებული ყოფილიყო, ვინაიდან კოზმან და დამიანეს ხსენება 17 ოკდომბერს მხოლოდ მეცხრე-მეათე საუკუნიდან ჩნდება, მანამდე ის სხვა თვეებში იყო დადებული. ამრიგად, თვეთა სახელები თხზულებაში ყველგან ძველი ქართული ყოფილა და ეს ბუნებრივიცაა: თვეთა რომაული სახელები მეხუთე საუკუნეში არამც თუ ჩვენში, კონსტანტინოპოლის კანცელარიებშიც კი მოულოდნელია[8].
შუშანიკის ტანჯვა-წამება დაწყებულა “თთუესა აპნისისასა რვასა, დღესა ოთხშაბათსა”. “აპნისი” აქ უდრის ზუსტად, უმეტნაკლებოდ, იანვარს, ხოლო რვა აპნისი – რვა იანვარს[9], რვა იანვარი კი ოთხაშაბათ დღეს მოდიოდა 469 წელს. ვარსქენი სპარსეთს წასულა პეროზის მერვე, ე. ი. 467 წელს, მობრუნებულა იქიდან, უნდა ვიფიქროთ, 468 წლის უკანასკნელ თვეებში, და აპნისის ან იანვრის რვას პირველად უწამებია შუშანიკი. მეორედ უტანჯია ის “შემდგომად აღვსებისა ზატიკსა, დღესა ოთხშაბათსა”, ესე იგი 469 წლის აღდგომის ორშაბათს, 14 აპრილს (ვინაიდან 469 წელს აღდგომა 13 აპრილს მოდიოდა), ციხეში ჩაუსვამს ის. ციხეში შუშანიკმა დაყო ექვსი სრული წელიწადი (469 წლის 14 აპრილიდან 475 წლის 14 აპრილამდე). ამ ხნის განმავლობაში ის დასნეულდა და, “ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა”, ესე იგი იმავე 475 წლის “სთულის” თვის ჩვიდმეტს გარდაიცვალა კიდეც.
ჩვიდმეტი “სთულისა”, ესე იგი ოკდონბრისა, ვინაიდან “სთველი” აქაც ოკდონბრის ზუსტ შესატყვისადაა აღებული, 475 წელს მოდიოდა პარასკევ დღეს[10]. ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს, რომ შუშანიკის ხსენება დაუწესებიათ, როგორც ამაზე ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, არა იმავე დღეს, პარასკევს, არამედ ხუთშაბათს. რატომ? იმიტომ, რომ იმდროინდელი ეორტალოგიური პრაქტიკით, პარასკევ დღეს (აგრეთვე ოთხშაბათსა და კვირას) არ შეძლებოდა წმინდანთა ხსენების დაწესება; თუ მათი აღსასრული ამ დღეს მოხდებოდა, ხსენება წინადღით, ესე იგი ხუთშაბათს იქნებოდა ხოლმე დადგენილი.
თავისთავად ცხადია, რომ თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ (აქ აღწერილია მისი სიკვდილი და დასაფლავება). ისიც ცხადია, რომ დაწერილია იგი ვარსქენის სიკვდილამდე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 484 წელს[11], წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორი უეჭველად აღნიშნავდა მის არაბუნებრივ სიკვდილს, თუ სხვა მოსაზრებით არა, როგორც ღვთისაგან მისდა სამაგიეროდ მიგებას უკეთურებისათვის მაინც, მით უმეტეს, რომ ასეთ “მიგებას” ის თხოულობს შუშანიკის პირით, რომელსაც ათქმევინებს: ვარსქენს “მიაგოს უფალმან”, რადგანაც მან ესა და ეს მიყო მეო. ამნაირად, შუშანიკის მარტვილობა იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი უნდა იყოს 476 – 483 წლებში, მაშასადამე, ის მართლაც უძველესი ძეგლია ქართული ორიგინალური მწერლობისა.
არსებობს მეორე, მოკლე რედაქცია შუშანიკის მარტვილობისა, რომელიც ათონის ივერიის მონასტრის XI საუკუნის დამდეგის ერთ-ერთ ხელნაწერში (№ 57) აღმოაჩინა ნ. მარმა[12] და გამოსცა ა. ხახანაშვილმა[13]. ეს რედაქცია გადმოთარგმნილი ყოფილა სომხურიდან არა უგვიანეს 940 წლისა[14]. იმ რედაქციიდან, რომელიც დაბეჭდილია “სოფერქ ჰაჲკაკანქის” მეცხრე ტომში (გვ. 49 – 55). სომხურიდან დედანი ამ მოკლე რედაქციისა გადმოკეთებული ყოფილა ვრცელი რედაქციიდან[15]. ხოლო ეს უკანასკნელი გადმოკეთებულია იაკობის შრომიდან[16]. ასე იყო წარმოდგენილი მეცნიერებაში აქამდე ურთიერთობა ქართულ-სომხური ტექსტებისა.
1935 წელს ბელგიელმა ორიენტალისტმა P. Peeters-მა გამოაქვეყნა შრომა “Sainte Sousanik, Martyre en armeno-georgie”[17], რომელშიაც მან მოგვცა ლათინური თარგმანი, ვრცელი გამოკვლევით, შუშანიკის მარტვილობის ქართული და სომხური ტექსტებისა. ამ შრომაში ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართული ტექსტი ფსევდოეპიგრაფიულია, ის არ ეკუთვნის შუშანიკის თანამედროვე იაკობს. მას საქმე ასე აქვს წარმოდგენილი: სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების, ესე იგი მეშვიდე საუკუნის, შემდეგ ქართველებს იმის დასამტკიცებლად, რომ შუშანიკი ქართველი წმინდანია, დაუწერიათ პირველი მარტვილობა მისი, რომელიც მალე დაკარგულა. ამის საპასუხოდ სომხებმა დაწერეს დღეს ცნობილი ვრცელი რედაქცია შუშანიკის მარტვილობისა, რომლის მიზანია დაამტკიცოს, რომ შუშანიკი სომეხია და სომეხთა წმინდანი. ქართული ფსევდრეპიგრაფიული, იაკობის სახელით ცნობილი, მარტვილობა შუშანიკისა დაიწერა 940 წლის შემდეგ, გასაბათილებლად, ერთი მხრით, სომხურიდან 940 წელს თარგმნილი მოკლე სვინაქსარული რედაქციისა, მეორე მხრით, შესაძლებელია, უხტანესის საისტორიო შრომისაც, რომლებშიაც მოცემულია ქართველებისათვის შეუწყნარებელი ცნობა შუშანიკის სომხობის შესახებო. ამ ფსევდოეპიგრაფიულ შრომას, ამბობს მკვლევარი, რომელსაც ვერ უპოვია გამოხმაურება ვერც საისტორიოსა და ლიტურგიკულ მწერლობაში, ვერც ძველ ქართულ კალენდარში, ვერც “იერუსალიმის განჩინებასა” და მის გადამუშავებაში, ვერც შატბერდის სტიხირარსა და საგალობელში, შემოუნახავს ზოგიერთი ისეთი ცნობა, რომელიც სომხურ რედაქციაშიც არის, ის აგრეთვე ამჟღავნებს, რომ სომხური რედაქცია ატარებს ქართულზე რაღაც დამოკიდებულების კვალს.
ასეთია, მაგალითად, არევა სიტყვებისა: “გამოდევნა” და “გამოდენა” (fasc. I – II, p. 17, not. 3), “სახლი” და “სახელი” (p.21, not. 1) და სხვ. (p. 20, not. 3, p. 23, not. 3). ამას ყველაფერს Peeters-ი ხსნის იმით, რომ, როგორც ფსევდოიაკობის შრომაში, ისე სომხურ რედაქციაში გამოყენებულია პირველი ქართული, დღეს დაკარგული, რედაქცია შუშანიკის მარტვილობისა (fasc. III – IV, p. 304).
ყველაფერი ეს აგებულია მეტი რომ არ ვთქვათ, სრულ გაუგებრობაზე. ჯერ ერთი, არაა მართალი, ვითომც იაკობის შრომა არ პოულობდეს გამოხმაურებას ძველ ქართულ ლიტერატურაში, შუშანიკს ჩვენი ძველი ლიტერატურა იცნობს, და კარგადაც იცნობს[18]. მეორე – ფსევდოიაკობისა და სომხური რედაქციის საერთო ადგილები, აგრეთვე კვალი სომხურის ქართულზე დამოკიდებულებისა, ახსნილია იმით, რომ ვითომცდა ორივენი სარგებლობენ პირვანდელი ქართული რედაქციით. მაგრამ, თუ ეს რედაქცია ჯერ კიდევ 940 წლამდე დაიკარგა, როგორ ისარგებლებდა იმით 940 წლის შემდეგ ფსევდოიაკობი? მესამე – არსაიდან არ ჩანს, რომ ფსევდოიაკობს თავისი შრომა დაეწეროს იმ აზრის გასაბათილებლად, რომ შუშანიკი სომეხია და სომხებთან დამოკიდებულება აქვს. პირიქით, ის ხაზგასმით ამბობს, რომ შუშანიკი “იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲპეტისაჲ”. მასალის ერთობა და დამოკიდებულების კვალი მაჩვენებელია იმისა, რომ სომხური ვრცელი რედაქცია მომდინარეობს იაკობის შრომიდან პირდაპირ, რომ არ ყოფილიყო არავითარი, დღეს დაკარგული, ქართული შუალედი რედაქცია, ასე რომ პრიორიტეტი ყოველმხრივ იაკობის შრომას ეკუთვნის. ამის მაჩვენებელია, პირველ ყოვლისა, დეტალები ნაწარმოებისა: ა) ქრონოლოგიური: ვარსქენის სპარსეთს გამგზავრება პეროზის მერვე წელს, აღნიშვნა შუშანიკის სამგზის ტანჯვის დროისა – 8 აპნისს, აღდგომის ორშაბათს, 19 ვარდობისას; ბ) გეოგრაფიული: ქუეყანა ჰერეთისა დ საზღვარი ქართლისა, უდი – სასაფლაო ვარსქენის დედისა, შუშანიკის წამების ადგილის ბუნების ზედმიწევნით აღწერილობა; გ) ყოფაცხოვრებითი: ქალისა და კაცის ერთად პურის ჭამა, მზითევის უკან დაბრუნება, ციხის რეჟიმის აღწერილობა. შეუძლებელია, ეს დეტალები გადმომთარგმნელს, იაკობს, შეეთხზას, გამოტოვება კი მათი თარგმანის პროცესში ქართულიდან სომხურად სავსებით დასაშვებია. ამის მაჩვენებელია შემდეგ ზემოაღნიშნული ცხოველი ტონი მოთხრობისა; ეს ტონი უფრო უდგება უშუალოდ მთქმელს, ვიდრე მთარგმნელს. დასასრულს, ქართულ რედაქციაში არსად ნაციონალური კვალი არ ჩანს: სომხური თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ნაციონალური ტენდენციით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იაკობის შრომა დაწერილია სომეხ-ქართველთა საეკლესიო ცხოვრებაში ნაციონალიზაციის პროცესის დაწყებამდე, ხოლო სომხური ამის შემდეგ, უფრო სწორად, მათ შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ.
ეს რომ ასეა, იაკობის შრომა რომ მართლა სომეხ-ქართველთა საეკლესიო ერთობის ხანაშია დაწერილი, შემდეგიდან ჩანს: 1) დღესასწაულები მოძრავია: შუშანიკის ხსენება დაუწესებიათ არა მისი აღსასრულის დღეს, არამედ ხუთშაბათს; ასეთი პრაქტიკა ჩვენში სწორედ აღნიშნულ ეპოქაში იყო მიღებული და ის მდგომარეობდა იმაში, რომ მოწამეთა და წმინდანთა სახსენებელი თვის რიცხვთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ შვიდეულის დღესთან. ასე, მაგალითად, მირიანის დროს “დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯუარისაჲ აღვსევებისა ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა” (“Описание”, II, 795), ანდა: “მარტჳლიისა უკუანა ზატიკისა, დღესა ოთხშაბათსა” (იქვე და იოანე-ზოსიმეს კალენდარი); “და განაწესეს დღესასწაული ნეტარისა აბიბოსისი მეხუთესა ზატიკსა, დღესა კჳრიაკესა”[19]; “პირველსა ხუთშაბათსა შემდგომად ამაღლებისა – დავით გარეჯელისა”[20]; “პირველსა ოთხშაბათსა შემდგომად ამაღლებისა – დოდო გარეჯელისა”[21]; კჳრიაკესა მესამესა ზატიკთა დ მცხეთის ჯუარისაჲ (იოანე-ზოსიმეს კალენდარი); “მესამესა ზატიკსა, დღესა შაბათსა, წმიდისა ნინოჲსი” (იოანე-ზოსიმეს კალენდარი). 2) ბიბლიური ტექსტის არქაულობა და თავისებურება: პავლე მოციქულის აზრი, რომელიც გამოთქმულია 1 კორინ. VII, 15-ში, აქ ოდნავი ცვლილებითაა გადმოცემული: “არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ”. 3) ლიტურგიკულმა პრაქტიკამ ჯერ კიდევ არ იცის ჰიმნოგრაფიული ელემენტი, ის ფსალმუნების გალობითა და კითხვით ამოიწურება; შუშანიკის დაკრძალვის ღამეო, ამბობს იაკობი, “განვათიეთ და დავითის ქნარითა ყოვლად-ძლიერსა ღმერთს და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს, ვადიდებდით”. ასეთი იყო საქრისტიანო პრაქტიკა მეექვსე საუკუნემდე[22].
იაკობის შრომა ერთ-ერთი უძველესი ძეგლია ქართული ორიგინალური მწერლობისა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენამდე თხზულება შენახულია იმ სახით, რა სიხითაც ის ავტორის ხელიდან გამოვიდა. ძეგლს ზოგიერთი ცვლილება განუცდია: 1) როგორც ნათქვამია, თხზულებას თავში უნდა აკლდეს; 2) გადაწერის პროცესში გამოტოვებულია სპარსეთის მეფის პეროზის სახელი[23]; 3) აღწერილობა შუშანიკის მესამედ წამებისა, რომელსაც, თხზულებით, “ვარდობის” თვეში ჰქონია ადგილი, ეს აღწერილობა სომხურ ტექსტს შემოუნახავს[24]; 4) მოთხრობა ვარსქენის შვილის წყალში დახრჩობის შესახებ, რომელიც უტყუარი ამბის შთაბეჭდილებას ახდენს, ესეც სომხურ ტექსტში გადარჩენილა[25]; 5) შეცვლილია სახელწოდება “სთულისა” ოკდონბრად; 6) მიმატებულია გლოსა კოზმან და დამიანეს შესახებ; 7) ეჭვი არაა, თხზულებამ ენობრივადაც იცვალა სახე, ყოველ შემთხვევაში, იმაში აღარ ჩანს კვალი “ხანმეტობისა”, რომელიც მეხუთე საუკუნის თხზულებისათვის დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

[1] მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 181 – 192; ს. გორგაძე, იაკობ ხუცესი – წამება წმიდისა შუშანიკისი, ქუთაისი, 1917 წ.; ილ. აბულაძე, იაკობ ცურტაველი, 1938 წ.; ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, გვ. 34 – 44. К. Кекелидзе, Памятники древнегрузинской агиографии, стр. 7 – 28, 1956.
[2] როგორც ს. გორგაძე ფიქრობდა, გვ. 25.
[3] ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გამოც. 2, გვ. 25.
[4] ქართ. ცხოვრება, მარიამ დედოფლისეული ვარიანტი, გვ. 188.
[5] საფიქრებელია, რომ მას, როგორც თანამედროვეს, აღწერილი ჰქონდა ვახტანგ გორგასალის მეფობა, როდესაც ვარსქენ პიტიახშიც გარკვეულ როლს თამაშობდა. შესაძლებელია, ეს, დღეს დაკარგული, შრომა ერთ-ერთ წყაროდ ჰქონდა ვახტანგის მემატიანეს თავისი ისტორიული თხზულების დაწერისას. რასაკვირველია, ამას ჩვენ ვამბობთ არა დაჟინებით, არამედ, როგორც ჰიპოთეზს.
[6] ილ. აბულაძეის გამოცემა, გვ. 63.
[7] ეს მას იმიტომ ჩაუდენია, რომ, ლიტურგიკული მიზნით, საჭირო იყო შუშანიკის გარდაცვალება თანამედროვე საზოგადოებისათვის მისთვის გასაგებ ენაზე აღენიშნა; “აპნისი” და “ვარდობისა”, როგორც თვეები შუშანიკის ტანჯვისა, მას არ შეუცვლია, ვინაიდან ლიტერატურული თვალსაზრისით მათ მნიშვნელობა არ ჰქონდათ.
[8] Проф. В. Болотов, Христианск. Чтение, Журналы Совета Петерб. Академии за 1896 – 7 гг., стр. 256 – 7.
[9] ავტორი მიმდევარია ე. წ. ინდიკტური წელიწადისა, რომლის პირველი თვე, ძველი ქართული სახელწოდებით “ახალწლისაჲ”, სეკდენბერს უდრიდა უმეტნაკლოდ. იმ დროს ჩვენში ყოფილან მიმდევარნი მეორე სისტემისაც, რომლითაც წელიწადი იწყებოდა აგვისტოს თვით (კ. კეკელიძე, ძველი ქართული წელიწადი, “თბილ. სახელწ. უნივერ. შრომები, ტ. XVIII, 1941, გვ. 1 – 28).
[10] თხზულების ცნობა: “და დღეს ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისა”, უნდა გავიგოთ როგორც დღე მისი ხსენებისა, დღესასწაულისა, და არა გარდაცვალებისა.
[11] ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I ³, 221.
[12] «из поездки на Афон» ЖМНП, Март, 1899 г.; მისივე, Агиографические материалы, I, 64.
[13] Материалы по грузинской агиологии, стр. 49 – 51; ილ. აბულაძე, მარტჳლობა შუშანიკისი, გვ. 49 – 53.
[14] P. Peeters: Analecta Bollandiana, t. 53, fasc, III – IV, p. 299; ნ. მარით კი არაუგვიანეს VIII
საუკუნისა.
[15] “სოფერქ ჰაჲკაკანქის” ტ. IX, გვ. 10 – 47; ილ. აბულაძის გამოკვლევით, მოკლე, სვინაქსარული რედაქცია წინ უსწრებს ვრცელს (“იაკობ ცურტაველი”, გვ. 034).
[16] ივ. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გამოც. 2, გვ. 20 – 23.
[17] “Analecta Bollandiana”, t. 53, fasc. I – II და III – IV, 1935.
[18] იხსენებს მას კირიონი სომხებთან მიწერ-მოწერაში, “მოქცევაჲ ქართლისაჲ”, ვახტანგ გორგასალის ისტორიკოსი, არსენ დიდი საფარელი, მიქელ მოდრეკილი, იოანე_ზოსიმეს სვინაქსარი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ვერსია “იერუსალიმის განჩინებისა” და თვით “იერუსალიმის განჩინება” ჩვენი გამოცემით, მხოლოდ აქ ხელნაწერში სტრიქონი გადაჭრილი ყოფილა და ახლა იკითხება: “ჴსენებაჲ კოზმანისი, რომელი ქართლს იწამა”, თავდაპირველად კი იკითხებოდა ასე: “ჴსენებაჲ კოზმან-დამიანეთაჲ და შუშანიკისი, რომელი ქართლს იწამა”.
[19] “საქართვ. სამოთხე”, გვ. 216.
[20] იქვე, გვ. 265.
[21] იქვე, გვ. 292.
[22] К. Кекелидзе, Иерусалимский Канонарь VII в., стр. 322.
[23] თუ ზოგიერთ ხელნაწერში ფრაგმენტი სიტყვისა მრ… პეროზის სახელს არ შეიცავს, (იხ. ილ. აბულაძის გამოც., გვ. 3, სტრიქ. 6). – 5.
[24] ილ. აბულაძის გამოც. გვ. 35 – 36. – 6.
[25] ილ. აბულაძის გამოც. გვ. 23. – 1.

ქართული ლიტერატურის ისტორია ტომი პირველი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: