Posted by: burusi | 29/09/2009

იაკობ გოგებაშვილი – მეფე გიორგი მეცამეტე და რუსეთთან შეერთება

გიორგი მეცამეტე

გიორგი მეცამეტე

სიკვდილის წინათ მეფე ერეკლეს ერთი დიდი შეცდომა მოუვიდა. საქართველოს სახელმწიფო კანონით სამეფო ტახტი ეკუთვნოდა უფროს შვილს მეფისას: ერეკლეს პირველი ცოლი ჯერ ისევ ყმაწვილობაში მოუკვდა და ამის გამო მეორე ცოლად მოიყვანა სამეგრელოდან დადიანის ქალი, სახელად დარეჯანი. ერეკლეს პირველი ცოლისაგან დარჩა მემკვიდრე გიორგი, რამდენიმე ვაჟი და ქალი, მეორესთანაც ბლომად მიეცნენ ვაჟები. დარეჯანმა მოიწადინა თავისი უფროსი გერის გიორგი ბატონიშვილის შემდეგ გაემეფებინა თავისი უფროსი ვაჟი იულონი და შემდეგ მისი ძმები რიგ-რიგად აეყვანა ტახტზე. სახელმწიფო კანონის დარღვევას დარეჯანი აპირებდა თავისი ქმრის ანდერძით. ვიდრე ერეკლე კარგად იყო, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა თავისი მეუღლის დაჟინებულს სურვისა და ცივს უარს ეუბნე-ბოდა, მაგრამ, როცა თელავში წყალმანკმა სრულიად დააუძლურა მეფე, იგი ძალაუნებურად დაჰყვა დარეჯანის ნებას და დასწერა ანდერძი, რომლის ძალით გიორგის მემკვიდრედ ნიშნავდა არა მის უფროს ვაჟს დავითსა, არამედ იულონსა.
უკანასკნელ ხანს ერეკლე ისე უძლური შეიქმნა, რომ სამეფოს განაგებდა მეუღლე მისი დარეჯანი. ამ მოუსვენარმა დედოფალმა განიზრახა მეფედ თვითონ დარჩენილიყო, მერე იულონი გაემეფებინა და გიორგი ცარიელზე დაესვა.
მაგრამ გიორგიმ თავისი დედინაცვლის დაწყობილება სრულიად ჩაშალა. როცა ერეკლე გარდაიცვალა, მაშინ გიორგი ქიზიყში იყო. იმ წამსვე თავისი თავი მეფედ გამოაცხადა და მთელი ქიზიყი ერთგულებაზე დააფიცა. იქიდან გაქანდა ბორჩალოს მაზრაში და იქაც იგივე მოიმოქმედა. ბორჩალოდგან აიჭრა გორში და იქაც მეფედ აღიარებულ იქმნა. თვითონ კახეთშიაც ბევრი მომხრეები აღმოუჩნდა გიორგისა. მაგრამ დარეჯანის მომხრენიც ძლიერნი იყვნენ. ამის გამო გიორგიმ მორიგება არჩია თავის დედინაცვალთან. მორიგდნენ ასე, რომ ერეკლეს მემკვიდრედ შეუცილებლივ დარჩებოდა გიორგი, ხოლო გიორგის ადგილს, მისი სიკვდილის შემდეგ, დაიჭერდა არა მისი უფროსი ვაჟი დავითი, არამედ იულონი.
მაგრამ, როცა გიორგიმ ხელში იგდო მეფობა და ძალ-ღონე მოიცა, მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უფროსი ვაჟი დავითი და იულონი ცარიელზე დასვა, რამაც უკიდურესად გაამწვავა სამეფო გვარეულობის განხეთქილება.
სხვაფრივაც სუფევდა უთანხმოება სამეფო გვარეულობაში. მეფე გიორგი მომხრე იყო რუსეთთან კავშირის გაძლიერებისა. ზოგნი ბატონიშვილები სხვა აზრისანი იყვნენ. იგინი ამბობდნენ: ამ კავშირმა უკიდურესად გააბრაზა ჩვენზე სპარსეთიც, ოსმალეთიც და დაღესტანიც და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ. გავსწყვიტოთ ეს კავშირი, შევურიგდეთ გაბრაზებულ მეზობ-ლებს, მოვიპოვოთ სიმშვიდე და განვაგრძოთ ჩვენი ეროვნული არსებობაო. მეფე გიორგი ამ შერიგებიდან სიკეთეს არ მოელოდა, უბრალო კავშირიც რუსეთთან საკმარისად არ მიაჩნდა თავის მრავალტანჯული სამეფოსათვის. ბოლოს გიორგი მეფე მტკიცედ დაადგა იმ აზრსა, რომ ერთადერთი ღონის-ძიება ქვეყნის სამუდამოდ დამშვიდებისათვის არის რუსეთთან შეერთებაო. ამ გადაწყვეტილებას ძლიერ დაეხმარა ორი გარემოება. პირველად, გიორგი მეფე ეკლესიური მიმართულებით იყო გამსჭვალული და კავშირი არა ქრის-ტიანთა ხალხებთან ეჯავრებოდა; მეორედ, ბოლო წლებში თვითონ მეფე ძლიერ დასნეულდა წყალმანკით და პირი სიკვდილისაკენ ჰქმნა.
ყველა ამის გამო სნეულმა მეფემ დასწერა ქაღალდი რუსეთის იმპერა-ტორის პავლეს სახელზე, რომელშიაც სთხოვდა _ შეერთებინა მისი პატარა სამეფო თავის დიდს სახელმწიფოსთან იმ პირობით კი, რომ შინაგანი მართვა-გამგეობა საქართველოსი მის ხელში ყოფილიყო და მეფის სახელი და ღირსება შერჩენოდა მას და მის მემკვიდრეებს სამუდამოდ ჩამომავლობით. ეს ქაღალდი გაატანა სამს ელჩსა, მაგრამ, ვიდრე ეს ელჩები რუსეთიდან დაბრუნდებოდნენ, გიორგი მეფე გარდაიცვალა, იმპერატორმა პავლემ თუმცა გამოსცა მანიფესტი საქართველოს შეერთებაზე, მაგრამ სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგანაც უცებ ისიც გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელახლად განიხილა საქმე, გამოსცა ახალი მანიფესტი საქართველოს შეერთებაზე რუსეთთან და სისრულეში მოიყვანა. იმპერატორს უნდოდა მეფობა საქართველოში არ გაეუქმებინა და მემკვიდრე დავითი ეღიარებინა მეფედ, მაგრამ მისი მინისტრები და გენერლები წინ აღუდგნენ ასეთს განზრახვას და საბუთად მოჰყავდათ, სხვათა შორის, ქართველი სამეფოს გვარეულობის უკიდურესი განხეთქილება. ესენი თავის გულის წადილს სავსებით ეწივნენ. მეფობა საქართველოსი გაუქმებულ იქმნა, ბაგრატიონთა გვარეულობა მთლად გადაასახლეს რუსეთში, სადაც ყველას მისცეს მამულები და პენსიაც დაუნიშნეს.
იმპერატორის ალექსანდრეს მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე გამოცხადდა 1801 წელსა სექტემბრის 12 დღესა. ათის წლის შემდეგ ესეთივე ბედი ეწია დასავლეთ საქართველოსაცა. ამ სახით მთელი ჩვენი ქვეყანა გახდა ნაწილი რუსეთის იმპერიისა და ჩვენში, ნაცვლად წინანდელი ეროვნული მართვა-გამგეობისა, დამკვიდრდა რუსული მართვა-გამგებლობა


Responses

  1. საქართველოს სჭირდება კანონიერი მეფე მაგრამ, თავად-აზნაურული დაჯგუფებები ნამდვილად არაა საჭირო.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: