Posted by: burusi | 29/09/2009

თენგიზ ვერულავა – გადატეხილი სალამური

ვანო სარაჯიშვილი

ვანო სარაჯიშვილი

გადატეხილი სალამური
ვანო სარაჯიშვილს
ნაწყეტი წიგნიდან “გრანელი”

1924 წელი. 16 ნოემბერი. კვირა დღე.
ცივი ქარი ეკლიანი წნელით სცემდა ხეივნებს. გაყვითლებული მკვდარი ფოთლები დაფარფატებდნენ, ერთად შექუჩულნი მაღლა აჰყვებოდნენ ქარს და იბნეოდნენ სადღაც.
ყმუოდა ქარი პატრონმკვდარი ძაღლივით.
ჭილყვავი მოსდებოდა გაძრცვილ ბაღებს, აყრუებდნენ გაშეშებულ სივრცეს. შავი ლაქებით დაფერილიყო ყროლი ნაცრისფერი.
თვალღია ბულბული შეჰყინვოდა დამზრალ ვარდებს. უნდობარ დროებას ჩაეხშო ვარდბულბულიანი ხმა, კაუჭა ნისკარტიანი ყვავები დაბოინობდნენ გამგლისფრებულ ცაზე.
ხელოვანთა სასახლეში მუხის კუბოში იწვა ვანო სარაჯიშვილი, ალფრედივით ფრაკითა და ქათქათა პერანგით მორთული, თითქოს სცენაზე გამოსასვლელად ემზადებაო.
ორკესტრი უკრავდა დარბაზში. მომღერალი პოპოვა ალაგებდა გვირგვინებს. ემილ კაპელნიცკის ჩელო აქვითინდა: “თავო ჩემო”…
კუბოსთან იდგნენ ძმები ფალიაშვილები. ვლადიმერ გოროვიცი უკრავდა ლისტის “გასვენებას”.
შუადღეზე გამოასვენეს ხელოვანთა სასახლიდან. გუგუნებდა “სულთათანა”. სასახლის ქუჩაზე გამოატარეს. ხალხით გადაჭედილ რუსთაველს სერავდა მგლოვიარე დუმილი. შენობები მოერთოთ წითელ-შავნარევი მატერიით და მწვანით. სასტუმრო “კავკაზთან”, ერთ კუთხეში ქალი იდგა კალათით ხელში, ყვავილებს და ვანოს სურათებს ყიდიდა.
სიკვდილის გზაზე მიაცილებდნენ მკვდარ ბულბულს. გვირგვინების მწუხარე რიგი ფარავდა მაღალ კუბოს.
ზარებს ჩამოჰკრეს ქაშუეთთან. ყრუდ გახმიანდნენ ზარები შორს.
ისევ დადგა სიჩუმე, თავჩაქინდრული.
ოპერის წინ დაასვენეს ცხედარი. ორკესტრმა დაუკრა ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”. მიწყდა “აბესალომის” ჰანგი. გაისმა “დაისის” მელოდია – “მწუხრი დაიწყო”. თეატრის აივანზე გადმომდგარი პოპოვას ქალი მღეროდა მარეხის არიას.
ვიწროობით აღარ იყო სუნთქვა. როგორც იქნა გაარღვია უთვალავთა მოჯარული რკალი და აცოცდა ბოძზე. დაბლა გადმოიხედა, ასე ეჩვენა: დამუნჯებული ბაღი მისტირისო უკანასკნელ მგალობელს.
უცებ მოასკდა ლექსი, არა როგორც მუზასთან ჩვეული ფერება, არამედ ჩექმიანი წიხლებით მკერდჩალეწილ თანამემამულეთათვის სასალბუნო სიტყვა.
აიშალა მდუმარება ქერუბიმის ცოდვილ ხმაზე, თითქოს გამოერკვა ჭირისუფალი, იქნებ არ დადგა ჯერ აღსასრული, იქნებ ისევ მოაკითხეს მიტოვებულ ბაღებს ვარდბულბულიანებმა.
“გრანელი! გრანელი” – გააჟრჟოლა ათასებს, ათიათასებს.
და რა იხილა სიცოცხლის შეფრთხიალებული ნერვი, გულს მოეფონა, მალვით ჩამოცოცდა სვეტიდან, გაუჩინარდა უთვალავთ შორის.
ორკესტრთან ერთად ქვითინებდა ფირფიტაზე ჩაწერილი ხმა: “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია”.
საფლავზე იდო გადატეხილი სალამური.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: