Posted by: burusi | 29/09/2009

იაკობ გოგებაშვილი – გიორგი ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე, 1997

გიორგი V ბრწყინვალე, მხატვარი გიორგი გეგეჭკორი. 1997

გიორგი ბრწყინვალე (1318 _ 1346)
როცა დიმიტრი მეფე მონგოლთა ურდოში მიდიოდა, მისი საყვარელი ცოლი ნათელა ახალციხის გზას დაადგა. იგი მიისწრაფოდა თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან, და თან მიჰყავდა თავისი ჩვილი ვაჟი გიორგი, რათა მყუდროებაში უშიშრად აეზარდნა. ნათელა იმ დროს პირველ ქალად ითვლებოდა მთელს საქართველოში მაღალი ჭკუით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშვილობითა და განათლებით. ამიტომ მან თავისი ვაჟი გიორგი ჩინებულად აღზარდა. მასში განხორციელდნენ იშვიათნი ღირსებანი მამისაცა და დედისაც, როგორც თამარ მეფეში.
ამიტომ გახდა თუ არა სრულწლოვანი და ავიდა მამის ტახტზე, გიორგიმ ბრძნულად დაიწყო მართვა სამეფოსი. თავდაპირველად ალაგმა ოსნი, რომელნიც გიორგის მცირეწლოვანობის დროს მთებიდან ჩამოესივნენ ქართლსა და ცარცვა-გლეჯით საქმე გაუჭირვეს. რამდენჯერმე დაამარცხა, ხარჯი დაადო და თავისი ერისთავები დაუყენა, მერმე შეუდგა ალაგმვას თავგასული ერისთავებისას, ზოგნი დასაჯა თანამდებობის ჩამორთმევით, ზოგნი კი, უფრო ბოროტნი და აბეზარნი, სიკვდილს მისცა. მათ მოადგილედ დანიშნა ნიჭიერნი ერთგულნი და ქვეყნისათვის თავდადებულნი ქართველნი. სასულიერო საქმეებიც უკეთ მოაწყო, აქაც უღირსნი გადააყენა და ღირსეულნი დააყენა უფროსებად. როცა დაამყარა სრული წესიერება თავის სამეფოში, შეუდგა საქართველოს ერთობის აღდგენასა. მაშინდელს იმერეთის მეფეს ძლიერ ემდურებოდნენ იმერნი და იწვევდნენ თავისთან გიორგისა. ამანაც ისარგებლა ამ შემთხვევით, გადავიდა ჯარით სურამის მთასა, დაატყვევა იქაური მეფე, მეფობა ჩამოართვა, ერისთავად გახადა და დასავლეთი საქართველო შემოუერთა აღმოსავლეთის საქართველოსა. კვლავ აღმობრწყინდა მზე საქართველოს ერთობისა. გაძლიერდა ქვეყანა, ზურგი გაუმაგრდა, წელში გაიმართა. გიორგიმ აღარ დააყოვნა და გაილაშქრა მონგოლებზე. დაამარცხა იგი რამდენჯერმე, საქართველოს არემარედან მთლად გარეკა და სრული დამოკიდებულება მიანიჭა ერსა. ამითი არ დაკმაყოფილდა. დაიპყრო ყველა ქვეყანა კასპიის ზღვამდე, დაამარცხა მოუსვენარი ლეკებიც და ყველას ხარჯი დაადო. მთელი აქეთი კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გახდა საბრძანებელი გიორგი მეფისა. განახლდა დიდებული დრო თამარ მეფისა, აღსდგა საქართველო, ჯანღონით აივსო, დიდებით შეიმოსა.
შეადგინა გიორგი მეფემ კანონები ქვეყნის გამგეობისა და მართვისა, წმინდა ზნეობისა, ქვეყნის სამსახურისა, დაარქვა ამ კრებულს «ძეგლისდება» და გამოსცა სახელმძღვანელოდ თავის ქვეშევრდომთათვის.
ასეთი სიძლიერითა და სიბრძნით გიორგიმ მართა მთელი საქართველო ოცდარვა წელიწადსა, სწორედ იმდენსა, რამდენს წელსაც იმეფა თამარ მეფემ. მადლიერმა ერმა დაარქვა მას ბრწყინვალე გიორგი და აქამომდე ამ სახელით იხსენიებს მას.


Responses

  1. კვლავ აღმობრწყინდა მზე საქართველოს ერთობისა!!! კაი სიტყვებია 🙂

  2. RA DRO IYO MASHIN DA EXLA!!! RAS GAVXAR SAQARTVELO


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: