Posted by: burusi | 24/09/2009

გულქან რაზიკაშვილი – “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”

ვაჟა-ფშაველა შვილთან ლევან რაზიკაშვილთან (მარცხნივ)

ვაჟა-ფშაველა შვილთან ლევან რაზიკაშვილთან (მარცხნივ)


ვაჟა-ფშაველა – Vazha-Pshavela

გულქან რაზიკაშვილი – “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”

ჩაიწერა ეთერ თათარაიძემ

ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.

მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…

მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვეილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე…

დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…

ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… – შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა…

ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!..

***

წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

რად გამაჩინე, უფალო,
რატომ არ მოედ წვიმადა
ამითვისებდენ ღრუბელნი,
თან მატარებდენ შვილადა…

ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა. შევნანდი მამასა და იმითა.

მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო.

დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო”…

***
ამა ხატობებში დადიოდა იმიტომა, რო წესრიგი გაეგო ხალხისა.

დღეობები იყო წინა დღეებში აქ, ჩარგალშია. მამა წასულა რაღაცისთვინა დუქანში (აიი, მამის ნათქმები სულ გულზე მაწერია!); იქ უქეიფებავ მედუქნესა. დაიღამებია. თითქმის შუაღამე ყოფილა, რო წამოსულა. მოდის მამა და, “სალუდეს” ეძახიან, იქითკე გაიხედა, ხალხი კიდეა ნადღეობარზე თუ არაო. შაჯარისაკე გაიხედა და . . . კაცო, რაღაცა ხან ეენთება, ხან გაქრება, როგორც ცანთელი. უყურებს გაშტერებული მამა და ვერა და ვერ გამოიცნო, რა არი. ეფიქრა მამასა: ეს ორი დღეა ხატობა აღარ არი ნეტა ვინ ანთებს და აქრობს სანთელსაო. მივიდა და რასა ხედავს: ხან ეენთება, ხან ჩაქრება. მივიდა და ნახა, რო ქარი შემოუბერავს და ეინთება, გადაივლის ნიავი და ჩაქრება, მიინავლება ერთი ფუტურო…

მერე უყვებოდა ხალხსა ამ ამბავსა: რო ვისმე დეენახა, იქ შიშით ვერ მივიდოდა და გაავრცელებდა, თუ ხატ-ღმერთი არ არის რა ანთებდ-აქრობდაო… იქ არაფერი არ იყო, არც ანგელოზი და არც ეშმაკიო. გვიანი იყო და ჩემს მეტი ვინ ნახავდა, თორო დღეს იტყოდნენ ანთებდ-აქრობდაო სანთელსაო… მეც კი შევკრთიო, მაგრამ უნდა გამეგოო და გავიგე კიდევაცო… არ გინდათ, გაიგეთ, თქვენ თავში შავიდეს, ეგეთებს ნუ ავრცელებთო…

***
აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს.

არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგო მიაჩნდა რამედა.

მეც ვერ ვეგუები ხალხსა. დავდუმდები, მოვიშლები, განდეგილი ვარ ძალიანა… თუ ნიჭიერია კაცი – მამწონ, ავფორთქლდები… როგორც წყალი დაიცე და დაიწიოს, აი ასე ვარ, დავრჩები მარტო და დავისვენებ, გავეხვევი საფიქრალის ნისლშია.

***
ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო…
ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია სა არც სხვის ტოლად გვხურვია…
ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.~

– კეკე, კეკე, ქალოო! – და თავი გადაუგორდა დედასა… ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლო მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო… ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა მოამბე იმ დროს მისვლია… შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურსა და თან დამღერის:

ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო……

თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეეგუვდებიო. – კიო, კიო, კიო! – დედასა… ნუ მოხვალ თორო, ინანებო, – აი, ამას აგონებდა კეკეს-დედასა.

***
ისეთი იყო რო, თუ ადამიანი არ მოსწონდა, არც ავად ასჩქამდებოდა და არც კარგადა. სადა იქონდა დრო მაგეების რატ-რატისა და ყატ-ყატისა.

***
მამა სიმართლის მთქმელი იყო, სიმართლისა. თავს არ დაზოგავდა, არც ვიცი, რადა იქონდა ეგეთი ხასიათი.
მამამ თქო ერთხელა, მახსონ: გულქანი მე მგავსო ხსიათშიო, ნუღარ ელაპარაკებით, ერთს რო იტყვისო… დედასაცა იგავო,-მამამ თქვის,-ბებოსაცა იგავო…

გავქეჯნდები, ქალო! რო ვიცოდე, ოქროს მაძლევს, თუ უარი ვთქვი, არ გამოვართმევ, არ ვიცი, რადა მაქვ ეგეთი ხასიათი…

მძახლებსა-გუგუდაანთ თვირთვილასა და მამას-უმგზავრნია ერთადა. გუუდაანიც მდიდერბი იყვნენ. სად გუგუდაანთ თვირთველაის ცხენი და სად მამისა – გლეხი კაცისა!.. მამაჩემს უთქვამ თვირთვილაისთვი: – გამიცვალე ცხენი, შენი ცხენი კარგი იქნებაო. თან მძახლები არიან, თან დაახლოებულები… არ გაუცვლია თვირთვილასა ცხენი, დაუცინია მამისათვი.

მაიცა, რაც იზმენ!

მე მაშინ გეტყვი, შენი ცხენი სჯობია თუ ჩემი, საღალღის მინდორს რო გაუდგებითო, მამას ეთქო თვირთვილაისთვინა, – ჩემმა ნიკორამა ფრუტუნი იცის, რო გაუხარდებაო, არა მგონია ჩემ ნიკორს წინ ცხენმა გაუაროსო…

მერე გამააქანეს ცხენები მინდორზე და დატოვა ნიკორამა თრთვილაი თავის ცხენიანადა. ნახევარ ვერსზე მაინც გამოასწრო ნიკორმა.

რო შაიყარნეს და დაისვენეს, ამ შენმა თვრთვილამ სთხოვა:- ვაჟავ, ცხენი გამიცვალეო.

-ჩემი ნიკორისასაო, მამას ეთქო, – კიდსაც არ მოგცემ კუდსაცაო…

სიბერით მოკვდა ნიკორი, კარებზე გადაიქცა და მოკვდა. ეუბნებოდნენ: -ლუკავ, თოფი დაჰკარო, რო წვალობსო. – მე მაგას თოფს ვერ დავკრავო… იავადა, იავადა და მოკვდა.

მერე გაზარდა მამამა კვიცი, ტანად დაბალი, ცეცხლივით იყო. თვითონ გახედნა. კაცი რო შაჯდებოდა, დაიკარგებოდა ბზუკივითა… აი, როგორი ხელი მაქვ იმისგანა… “ცეცხლა” დაარქვა მამამა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: