Posted by: burusi | 21/09/2009

ალექსანდრე ყაზბეგი – ხევისბერი გოჩა

ალექსანდრე ყაზბეგი – Alexander Kazbegi (1848-1893)

ხევისბერი გოჩა

I

იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც სოფელს ყანობს რამდენიმე შეიარაღებული ცხენოსანი და ორიოდე მარხილი მიუახლოვდა.

მხედრები სულ ყმაწვილები, ნარჩევი და ერთიერთმანეთზედ ლაზათიანები იყვნენ. ისინი მიდიოდნენ მხიარულად, სიმღერით და თოფის სროლით. აშკარად ეტყობოდათ, რომ ესენი სამტროდ არ მიემგზავრებოდნენ, რადგანაც არც სიფრთხილე ეტყობოდათ და არც ისე ბევრნი იყვნენ, რომ ასე გულადად და პირდაპირ შესულიყვნენ ხევის სოფელში, რომელიც თავისთავად მთელს, ძნელად ასაღებს, სიმაგრეს წარმოადგენს.

სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმათ გამოეგებნენ იქაური ყმაწვილი ბიჭები და ორივე ცხენოსანთ გუნდი ერთმანეთისკენ ყიჟინით და თოფის სროლით გაექანნენ. ცხენები მიდიოდნენ თავბრუსდამხვევის სიჩქარით. მისი პატრონები ელვასავით ატრიალებდნენ თოფებს, ხან გადიზნიქებოდნენ, მიწას დასცემდნენ ხელს და ხან ისევ ისარსავით სწორედ გამართულნი, ნაზის, გულშემტაცებელის რხევით ერთმანეთისკენ მიესწრაფებოდნენ.

აგერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ცხენების თავები თითქმის ერთმანეთს სწვდებიან, საცაა შეეჯახებიან. მაგრამ სწრაფად, თითქოს მანქანებით, ერთბაშად შეჩერებულნი, ქვისგან გამოჭრილს სურათებს დაემსგავსნენ და ჰაერში გაისმა მხიარული მისალმება:

- გზა მშვიდობისათ!

- მშვიდობითაც გივლიათ!

ამის შემდეგ მოკითხვა, სალამი, ქალამი და ყველანი, ერთმანეთში არეულნი, გაემართნენ გაცალკევებულის სახლისკენ, სადაც სარკმლებიდგან გაჩაღებული ცეცხლის შუქი და მხიარული ტაშ-ფანდურას ხმა გამოდიოდა.

კარებთან გაცვივდა კიდევ თოფები და დამბაჩები, და ამ გრიალს შეუერთდა იქავ მოგროვილის ბავშვების ყიჟინის ხმა, და ცხენოსნები ჩამოხტნენ.

პატარები მისცვივდნენ ცხენებს, ჩამოართვეს და დაუწყეს წინ და უკან ტარება, რადგანაც გაოფლიანებულს ცხენებს ორთქლი კორიანტელსავით ასდიოდათ და სიარულში შეშრობა ეჭირვებოდათ, რომ ცივს ნიავს არ დაეკრა და არ დაეხუთა.

სტუმრები მოგროვდნენ კარებთან, შუაში ჩაიყენეს ერთი წამოსადეგი, ახლად წვერ-ულვაშ აშლილი ყმაწვილი ბიჭი, რომელსაც ნაბადი ჰქონდა წამოსხმული და გვერდს მოუყენეს მეორე ყმაწვილი ბიჭი, უფრო მდიდრულად ჩაცმული და მთლად ოქრო-ვერცხლით შეჭედილი.

ყველანი გაჩუმდნენ და ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით.

ცოტა ხანიც და გაისმა წვრილი, წკრიალა ხმა „ჯვარულისა“. მას მისცეს ბანი და ჰაერი დაიფარა მედიდურის, ძლიერის და ამ ერთადერთის სავაჟკაცო სიმღერის ხმით, რომელიც თავის ჰარმონიით კაცს გაიტაცებს და სმენას დაუტკბობს, ძლიერებით ძვალსა და რბილს აუთრთოლებს, სისხლს აუჩუხჩუხებს და სახელის გამოჩენას მოაწყურებს. ამ სიმღერას მხოლოდ მთაში მღერიან, მხოლოდ იქაურს მედიდურს ბუნებას შეეძლო ამისთანა ჰარმონიული ხმის დაბადება!..

ამ სიმღერას მღერიან ხოლმე მხოლოდ ომში, ხატებისა და დროშების გამოსვენების დროს და ქორწილში. ეხლა ქორწილი გახლდათ. ნაბდიანი კაცი, გუგუა ფიჩიტაური, იყო სასიძო და მის გვერდით მყოფი ყმაწვილი, მდიდრულად ჩაცმული – ონისე, შვილი განთქმულის „ხევის ბერისა“ გოჩასი, რომელიც გუგუას ხელისმომკიდედ, მეჯვარედ მოჰყოლოდა.

II

სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილს სახლში, სადაც უფროსი კაცები მოეგებნენ, დაულოცეს სასიძოს გზა, შემოატარეს კერა და „ხელის მომკიდესთან“ და სახლის უფროსთან ერთად კერის პირას თავში დასხეს. აშლილი ხალხიც ისევ დალაგდა, გაიმართა ისევ ლხინი და თასების გაგზავნ-გამოგზავნა ჩვეულებრივის „სმურებით“.

აქ იყვნენ მარტოკა კაცები, ქალები არსად სჩანდნენ. მათი ხმა მოისმოდა სახლის უკანა კუთხიდგან, სადაც სენა იყო გამართული. იქ გაემართათ ტაშ-ფანდურა და იქვე მიეზიდათ ყმაწვილი ბიჭები, რომელნიც გატაცებით შესცქეროდნენ ლაზათით სავსე მოლეკურე ქალებს.

ყველანი მხიარულად თამაშობდნენ, მაცდურად გაუხტ-გამოუხტებოდნენ ყმაწვილ ბიჭებს, რომელსამე „შავ ბიჭს“ ეშმაკურად ჩაუკრენტდნენ თვალსა და ესეც, აღგზნებული რაღაცა ძალით, წახალისებული გაეკიდებოდა ხან წყნარად დამშვიდებულს წყალსავით მიმდინარს და ხან მთის მდინარესავით გაცოფებულს და გაშმაგებულს ქალსა.

აგერ მირბის, დამკრთალს არჩვსავით, მოხევის შავთვალა ქალი, იმისი სახე სრულს შიშს გამოსთქვამს, რადგანაც არწივსავით მკლავებგაშლილი კაცი მისდევს თავის მსხვერპლს. ნაზი ქმნილება თანდათან დუნდება, კაცი ეწევა, აი წუთიც და გულში ჩაიკრავს შეშინებულს, ქედანსავით აკანკალებულს ქალს, მაგრამ მოლოდინი არ უმართლდება. ერთბაშად გატრიალებული ქალი ხელიდგან ეცლება და მეორე მხარეს გამხტარი ფეხებს ათამაშებს. გულდაწყვეტილი კაცი გასცქერის და ხედავს თავის მსხვერპლს მომხიბლავის ღიმილით და მოჟუჟუნე თვალებით, რომელნიც იმას იწვევენ, იპატიჟებენ და თითქოს ეუბნებიან: „დამიჭირე და მე გაგრძნობინებ სიცოცხლის სიტკბოებას!“

ონისე და გუგუა, რომელთაც დღეს დარბაისლობა უნდა გამოეჩინათ, ისხდნენ გაუნძრევლად, თუმცა გული და სული გამხიარულებულ ყმაწვილებთან ჰქონდათ და ჩუმჩუმად გასცქეროდნენ იმ მხარეს, საიდგანაც ლხინის და თამაშობის ხმა მოდიოდა. გუგუა იწოდა სურვილით, რომ თავის სანატრელის ძიძიასთვის თვალი შაეკრა და ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა.

არ გაუვლია რამდენსამე წუთს, როდესაც ხალხი გაიპო და მათ შორის გამოჩნდა ვიღაცა მოხუცებული დიაცი. ყველანი ზეზე წამოდგნენ და მიესალმნენ მოხუცს, რომელიც პირდაპირ „ხელის მომკიდესთან“ მივიდა, ჩაიკრა გულში და უთხრა:

- აბა, ჩემო ყველავ, ჩემ ქალა-შავას შენ გაბარებ… შენ უნდა მოუარო, შენ უპატრონო, იმის გამჯავრებელი შენ უნდა გააჯავრო!

- ღმერთს არ მოეტყუების, ხაზუავ, რომ, რაიც ხელიდგან გამამივა, თავს არ შევიშურებ, – უპასუხა ყმაწვილმა კაცმა და დაუმატა არა სახუმრო კილოთი: – ვინც მაგას აწყენინებს, იმას ჩემთან ექნების საქმე და, ღთის მადლმა, ჩემთან მასხარობას კი არც-ვის არ ვურჩევ.

- გუგუაი ბალღია, – დაუმატა მოხუცმა, – და სოფელი კი ჭრელი… კაცის ენას რაი არ შეუძლიან, დაარიგოდე ეს ბალღი, ცხოთა ენას ნუ მიჰყვების, ქვეყანაზედ მტერი არ დაილევის და იმათ სიტყვას რომ მიჰყვეს, ე მაგ ქალა-შავას ჩამომიდნობს, დამილევს…

- რაისთვი, რაისთვი ამბობ მაგას ხაზუაისი! – გააწყვეტინა ონისემ: – გუგუაი, მართალია, ბალღია, მაგრამ არაა ლოთი და ავარდნილი კაცი… ამხანაგებს თავის მარჯვენა თოლსავით უყვარსთ, ყველა თავს დასდებს მაგისთვი, ამიტომ რომ თავად გუგუაც ეგეთია მეზობლისთვი… გუგუაი ვაჟკაცია და, ღთის მადლმა, ჯალაბობაშიაც თავს არ შეირცხვენს.

- შენს პირს შაქარი, ჩემო ყველავ, შენს პირს შაქარი! – უპასუხა მოხუცმა და დაუმატა, – ნუ დამძრახავ, ონისეისი!.. ცას შევაბერდი, ადამის ჟამისა შევიქენ და მაგ ერთაი ქალაის მეტი არა გამაჩნია-რა… მაგაზედ ამომდის მზე და მთორე, მაგაზედ-ღა ვიბრუნებ სულსა.

- კარგი-ღა, ხაზუაისი, სტუმარი ნუღარ შეაწუხე, – დასძახა ვიღაც მოხუცებულმა კაცმა და დაუმატა: – წაიყვანე და პატარძალი ჩააბარე.

- აგრე, აგრე, შენაი ჭირაიმე… იარე, ონისე! – მოხუცი დედაკაცი გაუძღვა ონისეს და გუგუამ კი შურით ავსებული თვალები გაადევნა, რადგანაც იქ უნდა დარჩენილიყო და ძიძიას ხილვამდის კიდევ რამდენსამე საათს უნდა გამოევლო.

III

დაბნელებულს სენაში, რომელსაც ოდნავ ანათებდა მბჟუტავი კვარი, კასრებსა და ქილებს შუა იჯდა პატარძალი ძიძია თავის რამდენიმე ამორჩეულის მეგობრებით, რომელნიც მის გართობას ცდილობდნენ.

ძიძია იყო თექვსმეტის წლისა, მაშასადამე, ასაკში მოსული ქალი, სრულიად გაშლილი და გადაფურჩქნული, სიტყვით, იმ ხანში, როდესაც ძარღვებში აღელვებული სისხლი ქაფდება, სდუღს და ჩუხჩუხით მომდინარეობს, როდესაც გული მიილტვის რაღაცა ჯერედ უცნობის ბედნიერებისაკენ და თრთოლით შესთამაშებს ყვავილებს და ბუნებას, სიცოცხლე ედემად ეშლება, ცხოვრება სიამოვნების ნექტარს ექადის. ის იყო ტანადი, ლამაზი, მშვენიერის დაკოკრებულის ლამაზის თხელის ტუჩებით, რომელნიც თითქოს საკოცნელად მომზადებულიყვნენ. თეთრ-ყირმიზს, ატლასის მსგავს სახეზედ დასთამაშებდა მხურვალების ნიშანი ელფერი, რომელიც თავის დღეში გატყაპულს სიწითლედ არ გადადიოდა; მოჟუჟუნე, ლურჯი ცისფერი თვალები მაცდურად უკამკამებდა და გულის გამგმირავს ისართ ისროდა; შავი გრძელი წამწამები გარს მცველებად მოსდგომოდა და წვრილი, ხავერდისებრივი წარბები გრძლად გადასჭიმოდა; სქელი შავი თმა ორს ნაწნავად თეთრ ბროლივით ყელს სუროსავით შემოჰხვეოდა, – სიტყვით, ძიძია ნახატი მშვენიერება იყო და მისი მნახველი ვერ გასძლებდა, არ ეთქვა: „ცხონდეს შენი მშობელიო“.

ძიძიას შეტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, მისი ბედ-იღბალი გუგუა იყო და მას დარჩა.

რაკი გუგუამ თავისად დაასახელა ძიძია, რაკი ქალმაც პირობა მისცა, იმას ისე ადვილად ვეღარავინ გაუბედავდა რასმე, რადგანაც ამგვარს შემთხვევაში გუგუას ხუმრობა არ უყვარდა და მალე დააბნელებდა იმის მზეს, ვინც წინ გადადგომას მოიწადინებდა.

თუმცა ძიძია თხოვდებოდა თავისის სურვილით, თუმცა მოსწონდა თავისი გუგუა და არა ერთი ღამე გაეთენებინა მასთან ჩქარა შაერთებაზედ ფიქრით, არა ერთხელ მოზმანებოდა მისი ლომებრივი, ვაჟკაცის სახე, მაგრამ დღეს, როდესაც ის უნდა გამოსალმებოდა თავის სახლს, მეგობრებს, ჩვეულებას, როდესაც ქალობიდგან დედაკაცობაში პირველი ნაბიჯი უნდა შაედგა, გული როგორღაც აუკანკალდა და წარსული შენანდა. ამ წარსულს ის კარგად იცნობდა, კარგად ჰქონდა იგი შეთვისებული; ის იყო ყოველთვის და ყველასგან განებივრებული, ყველას უყვარდა, ყველა უალერსებდა და, ვინ იცის, მომავალიც ამასვე მისცემდა?

ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას და ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის. ამ მდგომარეობას მოეპარა მისთვის ფერი, ნაზად გაეცრიცა და ამ ფერს კიდევ უფრო მეტად დაემშვენებინა მისი ანგელოზებრივი სახე.

მეგობრები ანუგეშებდნენ, ეხუმრებოდნენ, როდესაც მოისმა ხმა:

- „ხელისმომკიდე“ მოდის, „ხელისმომკიდე!“ – და ყველანი ზეზედ წამოცვივდნენ. ძიძიამ იგრძნო, რომ თითქოს მას გულში რაღამაც უჩხვლიტა. მთელს სხეულში გაურბინა რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ და ფეხზედ წამოდგომით საჩქაროდ ჩამოიფარა პირბადე.

ოთახში შემოვიდნენ ხაზუა, ვიღაცა მოხუცებული კაცი, ონისე და ყმაწვილი ქალები, რომელნიც შემოეხვივნენ ძიძიას. დაიწყეს გამოსასალმებელი სიმღერა, სადაც საგრძნობელის სიტყვებით ყმაწვილს ქალს თავის წარსულთან და მეგობრებთან ასალმებდნენ და ტირილით და კოცნით თითონაც ესალმებოდნენ.

ბოლოს, შესწყდა სიმღერა, მოხუცმა კაცმა აანთო წმინდა სანთელი, წყნარად გადაიწერა პირჯვარი, მივიდა ქალთან, გამოართვა ხელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზები დ მიუბრუნდა ონისეს:

- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი… დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად. – ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთრთოლვარე და გახურებული ხელი.

ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.

- აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, როგორც დღეის ამას იქით მოუვლი და უპატრონებ… თქვენს სოფელში შენს მეტი პატრონი არავინ ეყოლების, შენ უნდა გაუწიო ძმობა.

- აბა, ღმერთს არ მოეტყუების, რომ თავს დავდებ მაგისთვის.

მოხუცი მივიდა, წყნარად ასწია პირბადე სწორედ იმ დროს, როდესაც ონისე ამბობდა:

- ეგ და – მე ძმა…

მაგრამ სიტყვა ნახევარზედ გაუწყდა, მთლად გათრთოლდა და მთვრალსავით წაბარბაცდა მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- რაი მოგივიდა? – მიეშველა მოხუცი.

- არც-რა, არც-რა, დამცხა, თავს ბრუ რასმე დამეხვა, – ძლივსღა წარმოსთქვა ონისემ.

- ბევრი თუ არა სვი?.. მაიტა-ღა წყალი, – მიუბრუნდა მოხუცი იქ მყოფებს.

- არ მინდა, შენაი ჭირაიმე, – უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.

ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:

- იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები! – ამ სიტყვებზედ ქალის ხელი კიდევ ერთხელ შეჰკრთა, კიდევ წყნარად გაჟრჟოლდა, ერთი შეჰხედა და მაშინვე თავი დაჰხარა. წყნარმა, მაგრამ ძლიერმა ოხვრამ ონისეს სიტყვა გაუწყვიტა პირში და გული მოუსვენრად გაუფართხალა.

IV

ონისემ იგრძნო, რომ მას ზღვასავით მოაწვა აღელვებული სისხლი, რომელიც ჩუხჩუხით ხან გულისკენ გაქანდებოდა და აატოკებდა, როგორც ზღვის ზვირთები უიალქნო ნავს, ხან თავს ეძგერებოდა და ნისლსავით ეხვეოდა, უბნელებდა თვალებს და გონებას.

ყმაწვილი ბიჭი ჯავრობდა თავის თავზედ, ჯავრობდა, რომ აღძრული გრძნობა ვეღარ შეემაგრებინა, ავარდნილი გული ვეღარ შეეყენებინა, ცდილობდა ქალისთვის დასამშვიდებელი სიტყვა რამ ეთქვა, მაგრამ პირგამშრალი, თითქოს ყელში რაღაცა გახირებიაო, ენას ვეღარ იბრუნებდა. იმან საუკეთესოდ დაინახა, მალე მოშორებოდა იმ საფრთხეს, სადაც მისი არსება ასე სწრაფად იქმნა დამორჩილებული, გული ასე მოულოდნელად გაქელილი.

ონისე გამოეთხოვა ქალსა და გავიდა სამყოფო სახლში, სადაც დანარჩენი სტუმრები მხიარულობდნენ: ყმაწვილი ბიჭები ერთმანეთს ებაასებოდნენ და მოხუცი ხალხი კი საქართველოს მომავალს მდგომარეობაზედ ლაპარაკობდა.

ჩქარა მოიტანეს „სიფროები“, გაავსეს „ფუნთუშებით“ და მოვლილის ჭედილების მსუქანი ხორცით.

რადგანაც ეს ამბავი ზამთარში ხდებოდა და იმ ღამეს კი თოვლი მოდიოდა, ამისთვის ყველანი ჩქარობდნენ, რომ პურის ჭამა მალე გაეთავებინათ და შინ დაბრუნებულიყვნენ, რათა ჩამოსულს ზვავებს სადმე გზა არ შაეკრა და ახალ ჯვარდაწერილები გარეთ ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ.

საყველაწმინდო თასმაც ჩამოიარა; გვარის უფროსმა, სუფრის თავს „მარტოშკამზედ“ მჯდომარემ, აანთო წმინდა სანთელი, ახსენა ხეური ჯვარ-ანგელოზნი და მექორწილენი ღმერთს შეავედრა. მერე მიუბრუნდა ონისეს და რამდენიმე სიტყვით მოაგონა „ხელისმომკიდის“ მოვალეობა ქალისადმი და მოითხოვა მზითვის ყუთი, რომელიც ჩააბარა მაყრებს.

არ გაიარა წუთმა და ხელისმომკიდე ხელახლად წაიყვანეს სენაში, სადაც პატარძალი უნდა ჩაებარებინათ.

ონისეს ჯერ კიდევ ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის და გაბრუებული, რაღაცა უცნაურს მდგომარეობაში მყოფი, სრულიად დაფანტული აღსრულებდა, რასაც კი ეუბნებოდნენ.

ის შეიყვანეს, მისცეს ქალის ხელი ხელში და მოისმა ისევ ჯვარული. ხელისმომკიდემ და ქალმა გამოსწიეს სამყოფო სახლისკენ, სადაც სიძე იყო, ამ სიმღერის ხმაზედ, რომელიც ონისეს დასაფლავების გალობის ხმად ეჩვენებოდა. იმათ გამოსვლაზედ გუგუა მთლად აინთო, ნაღვერდლად გაუბრწყინდა თვალები, შეკავებულმა სიამოვნების ღიმილმა შეუთამაშა ტუჩები და მორცხვობამ თავი დაახრევინა.

ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივილისაგან კინაღამ შეჰყვირა. ონისე გაუძღვა წინა და მას მიჰყვა მეფე-დედოფალი, სადაც საქმროს მარხილამდე უნდა მიეცილებინა, და იქ კი პატარძალზედ ზრუნვა ისევ ხელისმომკიდესათვის უნდა მიენდო. პირველ მარხილში ჩასხდნენ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ხელისმომკიდე და პატარძალი. მეფე ცხენით უნდა წამოსულიყო, რადგანაც ქალს ჯვარისწერამდის ვერ მიეკარებოდა. მეორე მარხილზედ დაუწყეს მზითევი და ამ სახით, მაყრების სიმღერით, თოფის სროლით და ყიჟინით გამოსწიეს შინისკენ.

V

ღამე იყო ცივი და ნისლიანი, თუმცა თოვლის გამო საკმაოდ განათებული. ხანგამოშვებით ქვენა ქარი ზუზუნით უბერავდა და წვრილი, მაგრამ ხვრიში თოვლი მიმავლებს პირისახეს უწკეპლავდა.

პატარა ბიჭი, მთლად ტყავში, ნაბადში და ყაბალახში გახვეული, ცხენს მიერეკებოდა, რადგანაც თოვლს გზა ჩაეჩუმქრა და ცხენს სიარული უძნელდებოდა და გასავლელი გზა კი ჯერ ბევრი ჰქონდათ.

მაყრიონი, გახურებული ჯირითობით და წარსულის ქეიფით, მარხილს კარგად დაჰშორებოდა და ხან ცხენების ერთმანეთზედ მიგდებით, ხან ერთისაგან მეორის ქუდის გატაცებით და გადაგდებით, მესამისაგან კიდევ გაჭენებულის ცხენიდგან გადაზნექით და ისე აღებით კიდეცა თბებოდნენ და დროსაც ატარებდნენ.

ონისე იჯდა მარხილზედ, გადაეგდო თავიდგან ყაბალახი, გადაეწია ქუდი და გახურებული შუბლი და სახე გამყინავის ქარისთვის მიეშვირა.

წმინდა ჰაერმა, თუ ხანის გამოვლამ იმას თითქოს მოაზრების საშუალება მისცა და მხოლოდ ეხლა დააკვირდა თავის მდგომარეობას. მხოლოდ ეხლა იგრძნო პირველად გაღვიძებულის გრძნობის სიტკბოება და მასთან ის მტანჯავი მდგომარეობა, რომელიც ვალად სდებდა გვერდით მყოფს სატრფოს სრულიად სხვა გვარად მოჰქცეოდა.

იმას მიექცია პირი ქარისა და თოვლისაკენ, რომელთაც აღარაფერი უშლიდა და სხაპა-სხუპით სცემდა პირისახეში; ის მათგან მოელოდა რაოდენადმე შეღავათსა და დამშვიდებას.

იმას ეგონა, რომ შუბლის გაგრილებისთანავე სისხლიც დაუმშვიდდებოდა და ავარდნილი გული თავისავე დონეში ჩავარდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფიქრი ატყუებდა და დაღონებული ხედავდა, რომ მის გულში აღმოუფხვრელად ჩასახულიყო ძიძიას სახე და წყნარად, ფრთხილად და სიამოვნებით არხევდა; არხევდა იმ სიფრთხილით და მზრუნველობით, როგორც მშობელი თავის პირმშოს, როგორც ყაჭის პარკს ნაზი ნიავი, რომელსაც ძვირფასის ქმნილების აღორძინება ბუნებისგანვე ჰქონდა მინდობილი.

ონისემ სიტყვა მისცა თავის თავს, რომ ქალისკენ არ მოეხედნა, არ დალაპარაკებოდა მას, რადგანაც იცოდა, რა საშიში განსაცდელი იყო მისთვის ამგვარი საქციელი.

იმას არამც თუ მიხედვისა და დალაპარაკებისა ეშინოდა, არამედ განძრევას, მომეტებულს ამოქშენასაც კი ვერა ჰბედავდა, რათა რომელიმე მოულოდნელობით არ შეეწყვიტა ის ხასიათი, რომელზედაც თავშეკავება ეკიდება.

ძიძიაც იჯდა გაჩუმებული, თავდახრილი და ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იმის გულში რა მოძრაობდა, მისი აზრები რაგვარს ტალღებს ააგორებდა, საითკენ და რა ძალით მიაქროლებდა, ან რომელს საგანს ჩასცივებოდა. რა სურათი წარმოსდგომოდა თვალწინ და გაწამებული ზედ დაჰკდომოდა.

მაყურებლისათვის მისი გული ამ წამში იყო ბნელი უფსკრული, სადაც კაცი ვერაფერს გაარჩევდა, საიდანაც ვერას ამოიკითხავდა, და მისი გულის მოძრაობის შეტყობის მსურველი პასუხისმიუცემლად, იმედგადაწყვეტილი უკანვე უნდა დაბრუნებულიყო.

ძიძია იჯდა გამოქარგულს თხელს ახალუხში და ზეიდგან წამოგდებული ჰქონდა შალი, რომელიც ავდრისა და ქარისაგან საკმაოდ ვერ იფარავდა. ის თანდათან თოშდებოდა, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა, თუმცა სიცივე ძვალსა და რბილში გასჯდომოდა და მეტად აწუხებდა.

იმის „ხელისმომკიდეს“ ეს შემთხვევა თავში არც კი მოჰსვლია, იქამდის გართულრყო თავის საკუთარის მდგომარეობით. იმას ცოტა ფიქრი არ უნდოდა, რადგანაც ნათესავობამ სათემოდ ძიძიას მომავალი მის სინიდისს და მზრუნველობას ჩააბარა. ამ ქალის სახელი და პატივი, ქმრის წინაშე დაცვაც კი მისი მოვალეობა გამხდარიყო, ხოლო მთიელთ შეხედულობით, „ანაბარი მგელმაც კი იცის“. და ამ დროს, როდესაც თითონ მას შესდგომოდა მაცდურად გრძნობა, ჩასვლოდა სულის საძირკვლამდის და ძვალსა და ტვინს უწოვდა, შეუბრალებლად უღრღნიდა, ონისეს ამისთანა ძნელად შესასრულებელს მოვალეობასა სდებდნენ.

ქარმა, ავდარმა და სიცივემ თავისი იმოქმედეს: ქალმა ვეღარ გასძლო და გაჟრჟოლებულს ცახცახი დააწყებინა. მის პირველსავე მოძრაობაზედ ონისე გველის ნაკბენსავით შეჰკრთა და თავისავე უნებურად კისერი ქალისკენ მიეღრიჯა. იმან დაინახა თხელს ტანისამოსში ქალი და გული მოუკვდა. ძიძია, იმის ღმერთაი, სალოცავი, სიწმინდე ამ გაჭირვებაში იყო და იმას არც კი მოჰგონებოდა იმაზედ ზრუნვა!

ერთი თავის მიბრუნება, ერთი შეხედვა, ოდნათი მიკარება საკმარისი იყო, რომ თოფის წამალსავით ეფეთქა და მთელს სხეულს ცეცხლი მოსდებიყო.

- ქალაუ, მოგიკვდა ჩემი თავი!.. მთლად გათოშილხარ და მე კი არც კი მომაგონდი!.. – წარმოსთქვა ონისემ და ხმა ისე აუკანკალდა, რომ მღელვარება დაეტყო.

- არა მიშავს-რა, შენაი ჭირაიმე – წარმოსთქვა ქალმა ნაზის და, ვინ იცის, რა მიზეზის გამო ცრემლმორეულის ხმით.

- ბეჩაუ, არა მიშავს-რა რაია?.. შენ რომ ავად გახდე, მე რაიღა მეშველების? – ამ სიტყვებით ონისემ აიწია ნაბადის კალთა, წამოახურა ძიძიას, რომელსაც სველი შალი მოხსნა და იქვე მარხილში ჩააგდო. მერმე მაგრა მოიჭუჭკა ნაბადი და ნაზს წელზედ ხელმოხვეული ქალი მკერდზედ მიიკრა. ამ ქალის მიკარებასთან ერთად ონისეს გული მეტისმეტად გათრთოლდა, შეიკუმშა და შესდგა, გათრთოლდა კიდევ, კიდევ და ერთბაშად აძაგძაგებულმა გზა მისცა გამოქანებულ ადუღებულ სისხლს, რომელიც მწვავედ და სანეტარო აღმაშფოთებლად მთელს სხეულში დაიმქრა, რომელმაც სხეულის ყოველს ძარღვში დაჰკრა. ძიძიაც გაჩუმებული, გაწამებული და გაყუჩებული, თითქოს ამ კაცის მდგომარეობას შაეშინებინა, დაემონებინა, თუ გაეგებინებინა მისი გაჭირება, არ ეწინააღმდეგებოდა ონისესა. ამ კაცს დაეკარგნა მოაზრება, დაჰვიწყებოდა თავისი თავი, თავის მოვალეობა და თანდათან უფრო და უფრო ჰხვევდა ხელს, უფრო და უფრო იკრავდა გულში და ყოველ მოძრაობაზედ გონებასა ჰკარგავდა.

ის შაეპყრო მხოლოდ ერთს გრძნობას, რომელიც ტკბილად ჩასჩურჩულებდა, რომ ის ბედნიერია, რომ ამ ბედნიერებას ქვეყანაზედ არა შეედრება-რა. რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზედ საფიქრებლად. ონისეს თავი წყნარ-წყნარად იხრებოდა, და უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, რომელსაც ძალზედ სწვავდა კაცის გახურებული ქშენა. ის თანდათან უახლოვდებოდა და ჩასჩურჩულებდა წარმოუდგენელის სიტკბოებით, იმ სიტკბოებით, რომლითაც მართლა წრფელის გულით შეყვარებულს შეუძლიან, როგორც შეყვარებულს კაცს, რომელსაც მრავალსიტყვიერება გადაჰვიწყებია.

- გცივა, კიდევა გცივა… ჩემო ყველავ!.. – მოკლედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა ონისე, მაგრამ ამ ორიოდ სიტყვაში ხმას იმდენი მიხრა-მოხრა ჰქონდა, ისეთის ჰარმონიით იმკობოდა, რომ აშკარად შენიშნავდით აღგზნებულს საკირეს, მის გულში ანთებულს, გამხეცებულს სიყვარულს, მის მბრძანებლად გამხდარს.

ძიძია, კურდღელსავით განაბული, კაცს მიჰკრობოდა მკერდზედ და მისი ნორჩი გული შიშგარეულის სიხარულის ფართხალით უპასუხებდა ქალის მდგომარეობას. აქამდისა ჰფარავდა თავშეკავება, ამ წუთებამდის ძალა კიდევ შესწევდა გრძნობა დაეფარა. მაგრამ ეხლა, როდესაც ონისეს თავი თანდათან იხრებოდა, როდესაც იმის სახე თანდათან უახლოვდებოდა ძიძიას სახეს, უკანასკნელი ჰგრძნობდა კაცის გახურებულს ქშენას, ძიძიას გაუწყდა ხასიათზედ ჩამოკიდებული მოთმინება, თვითონაც მოუთმენლად ამოიქშინა და მადლიერი თვალები მისკენ მიაქცია.

შეპყრობილთ ერთის გრძნობით, აღგზნებულთ ერთ რიგის წადილით, რაღაცა უხილავი ძალა ერთმანეთისკენ იზიდავდა. წუთიც და სიტკბოებით დამთვრალთ-დაბნედილთ ტუჩები მათსავე გაუგებრად ერთმანეთს ჩაეწებნენ.

VI

ვინ იცის, შეყვარებულთ ალერსი სანამდის გაგრძელდებოდა, თუ ერთს მოულოდნელს შემთხვევას არ დაეშალა. ერთს მაყარს მეტად შესცივნოდა და მოეწადინა არაყით გათბობა, ამისათვის შეეყენებინა ცხენი და მარხილს ელოდა, რომელშიაც ტიკჭორები ეწყო.

როდესაც მარხილი გაუსწორდა, დაინახა, რომ ონისეს, რომელიც თითქოს სიცივეს მოჰფარებოდა, თავი ნაბადში ჩაეყო. ამგვარი საქციელი მთის კაცს არ მოეწონა, რადგანაც მამაკაცს სიმხდალე დედაკაცისთვის არ უნდა ეჩვენებინა: ეს, მთიელთ შეხედულობით, სირცხვილიც იყო და დამამცირებელიც, და ამხანაგის საქციელი კი დანარჩენების სახელსაც იმდენად შეეხებოდა, რამდენადაც თითონ მომქმედს.

ამისთვის მაყარმა გადუქნია ონისეს მათრახი და თუმცა შეხუმრებით, მაგრამ საგრძნობლად უთხრა:

- რას სჩადი, გუგრიანო, თუ არ გაიყინე?

ონისე შეჰკრთა და გაჟრჟოლდა. იმან წამოიხედა და ჯერედ კიდევ წარსულის წუთებით დაფანტულს თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა. პირველში ისა გრძნობდა მხოლოდ, რომ მას დაურღვიეს სიტკბოება, დაუშალეს წუთის ბედნიერება. მაგრამ რადა, ვინა? ამაში ანგარიში ვერ მიეცა.

მაგრამ ამგვარს მდგომარეობაში მხოლოდ ერთს წუთს იყო. ონისე ჩქარა გონს მოვიდა და აშკარად დაინახა შეუწყალებელი ჭეშმარიტება, რომელიც უსპობდა არამც თუ ამ წუთის სიამოვნებას, არამედ მომავალს მოსვენებაზედაც კი იმედს აკარგვინებდა, და ცივი ოფლი დაასხა. წუთის წინ ის იყო შეპყრობილი მხოლოდ ერთის გრძნობით: მას უყვარდა ანგარიშმიუცემლად, ხარკს აძლევდა ამ ძალას; მაშინ ყველაფერი გადაჰვიწყებოდა, ყველაფერი: ხალხიც, მათი მოვალეობაც, დებულებაც, თვით მოაზრებაც და მარტო მთრთოლვარე გულის ფართხალს მისცემოდა, მით უფრო სასიამოვნოს, რომ ამითვე პასუხს აძლევდნენ; – ეხლა კი ის იყო კაცი, რომელიც სჯიდა, ანგარიშს აძლევდა თავის მოქმედებაში და სწონავდა თავის მდგომარეობას.

ონისემ აშკარად დაინახა შეცდომა, აშკარად იგრძნო თავის წადილის აღსრულების შეუძლებლობა და სინანულის ნაპერწკალმა მწვავედ გაჰკრა გონებაში: – „მაშ ტყუილად თრთოდა მისი გული სანეტარო მომავლის მოლოდინით?.. მაშ ტყუილად ენთებოდა და მოუსვენრად ტოკავდა მისი გული? ამაოდ სტყუვდებოდა და ამ გრძნობითვე აღელვებულს ძიძიასაც ტყუილად იწვევდა საალერსოდ?“ ეს კითხვები სწრაფად ებადებოდნენ თავში, სწრაფადვე სცვლიდნენ ერთმანეთს და ერთს გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, ერთი პასუხი შეეფეთებოდა და ყურში მწარედ თითქოს ვიღაცა ჩასწივლებდა: „ტყუილად იკლავ თავს“.

- ბიჭაუ, რაი მოგსვლია, დამთვრალი თუ არა ხარ? – გასწყვიტა სიჩუმე მაყარმა, რომელსაც ონისე გაშტერებით შეჰყურებდა.

- ჰაი, რაი? – წარმოსთქვა ონისემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაჰშორებოდა გულში და გონებაში ჩაჭედილს გრძნობას.

- ავად თუ არა ხარ? რას სჩადი?

- არ ვიცი, ღვთის მადლმა!.. ისე უგუნებოდ რასმე შევიქენ.

მაყარი მიუახლოვდა მარხილს, გადაიზნიქა ცხენიდან და პირდაპირ პირისახეში შეჰხედა ონისეს, რომელმაც თავი იქით მიიბრუნა და გაბრაზებით წარმოსთქვა:

- რას მიყურებ, რაი გინდა ჩემგან?

- არც რაი, – გაიკვირვა მაყარმა და დაუმატა: – მინდოდა მენახა, სიცხე თუ არ გქონდა, გაწითლებული თუ არ იყავი?

- ღამეში რაი უნდა დაინახო, ღთის მადლსა? – იმავე კილოთი უთხრა ონისემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: – სიცხეცა მაქვს, თავიცა მტკივა და მიბრუვდება.

მაყარმა ისე შეჰხედა, თითქოს არ უჯერებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავშეკავებულმა ცხენს მკერდზედ მათრახი-ღა გადაჰკრა, ეტყობოდა მას გონებაში რაღაცა აზრმა გაურბინა, რადგანაც სიცივეც გადავიწყებოდა და არაყიც, რომლის დასალევადაც აქ მოვიდა.

კარგა ხანმა გაიარა საერთო სიჩუმეში, ყველა თავის გულისთქმას ჩაჰბრუნებოდა, თავის საკუთარს აზრებს დაჰკვირვებოდა და რაღაცა უცნაურს დუმილში ჩავარდნილიყო.

ისინი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ჰაერში გაისმა მხიარული სიმღერის ხმა და მას მოჰყვა ლექსი:

გაუსვი და გამოუსვი,

ვითომ ჭიანურიაო;

მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ,

ისიც შინაურიაო.

ამ სიტყვებმა მწარედ გაკენწლეს ონისეს გული, რომელსაც სიმღერა თანდათან უახლოვდებოდა, რადგანაც წინ წასული მაყრები შემდგარიყვნენ და მარხილების მოლოდინში ლხინი დაეწყოთ.

გაიარა რამდენიმე წუთმა და გამოჩნდნენ ცხენოსნები, რომელთაც მარხილი მიუახლოვდა.

ყმაწვილი მაყრები ხუმრობდნენ ერთმანეთში, ეხუმრებოდნენ ონისესაც, მაგრამ იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც პირველად მოსულმა მაყარმა შეატყობინა, რომ ონისე ავად არის და იმათი ხუმრობისა არა სცხელა.

ამისთვის მაყრები დაშოშმინდნენ, მაგრამ მარხილს კი მაინც არა შორდებოდნენ.

მხიარულება ერთბაშად შესწყდა და მის მაგიერ რაღაცა ჭმუნვით სავსე სიჩუმე ჩამოვარდნილიყო; ხვრიში წვნიკი თოვლი განუწყვეტლად მოჰქროდა ქვენა ქარისაგან გამოტაცებული და მთლად ათეთრებდა ნაბდიან მგზავრებს.

ამგვარად მიდიოდნენ გაჩუმებული მაყრები, გულჩახურული და ჩაბნელებული ხელისმომკიდე და მიჰყვანდათ გამოუცდელი ქალი, რომლის გულსაც ნამდვილი სიყვარული პირველად ეგრძნო, მის სიტკბოება ნახევრად გამოეცადა და ის კი არ იცოდა, მისი მომავალი რას შეამთხვევდა.

რამდენიმე წუთი და ხშირს ნისლში გაიბჟუტა შუქმა და შენობების სურათები ბუნდად გამოჩნდა. კიდევ წუთიც და ყველამ შეამჩნია, რომ სოფელს მიახლოვებულან. მარტო ონისე იჯდა გაფითრებული, თავდაღუნული და მწარე ფიქრებისაგან წაღებული ვერაფერს ამჩნევდა.

მაყრებმა იგრძნეს, რომ მაყრიონის ასე ჩუმად მისვლა არ შეჰფეროდა არც იქაურს ჩვეულებას და არც იმათ სიყმაწვილკაცეს და ამიტომ დასჭყივლა ერთმა, გავარდა თოფი და მეორე გაქანდა მახარობლად. ყველა შეინძრა, აღელდა, სიცოცხლე გამოიჩინა. ჰაერში გაისმა სიმღერა და ყიჟინა, მიმავლებს სიცოცხლე დაეტყოთ.

გამოფხიზლდა ონისეც, მაგრამ ის სრულიად განშორებოდა დანარჩენებს, იმისმა გულმა სრულიად სხვა იგრძნო. იმან იცოდა, რომ სოფელში მისვლისთანავე ჰკარგავდა სატრფოს, რომლის გამოუცდელობაც და სირცხვილიც ხალხის ჩვეულების წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა და მასთან ერთად დაჰკარგავდა მოსვენებასაც…

VII

აგერ შევიდნენ სოფელში, მიუახლოვდნენ საყდარს, რომლის წინაც იდგა ვიღაც წარმოსადეგი მოხუცი, გათეთრებული როგორც თოვლი, და მხიარულად შეჰყურებდა მომავალთ. იმისი კეთილი სახის გამომეტყველება დახაზული იყო რაღაცა გვარის ხაზებით, რომელნიც პირველსავე შეხედვაზედ პატივისცემას გაგრძნობინებდათ და ჭკვიანი თვალები, გულკეთილობის გარეშე, ბრძანებლობით გამოიყურებოდნენ.

გათეთრებული, ლაზათიანის შეხედულებით, მბრძანებელის მიხვრა-მოხვრით და მედიდურის, მტკიცე სახის გამომეტყველებით ელოდა ხევის ბერი გოჩა, მმართველი მამა თავის ხალხისა, ახალგაზდებს. იმას პირველს უნდა დაელოცა მექორწილენი და მშობლიურის ლმობიერებით ესურვა მათი ბედნიერება. ონისემ შეჰხედა თავის მამას, რომლის წინაშეც მთელი ხეობა თავს იხრიდა და რომლის სიტყვაც გადაუბრუნებლად სრულდებოდა, და ფერმა მეტად გადაჰკრა, პირი მომეტებულად გაუშრა.

მარხილი შესდგა, მაგრამ ონისე იქამდის დაფანტულიყო, რომ გადმოსვლაც კი ვეღარ მოეხერხებინა, სანამ მამამ არ დასძახა:

- გადმოხე, რაღას ელი?

ყმაწვილი ბიჭი ჩამოხტა ანგარიშმიუცემლივ, დადგა იქავ და, მკვდარს დამსგავსებული, გაქვავებული შეჰყურებდა ხალხს, რომელიც იმის თვალში ბუზსავით ირეოდა.

პატარძალს მიეხვივნენ დედაკაცები, ჩამოსვეს და გოჩასთან მიიყვანეს, რომელმაც მოიხადა ქუდი, ახსენა ღმერთი და უთხრა:

- გაკურთხოს უფალმა. – ხელი გამოართვა და მაშინვე დაამატა: – ბეჩაუ, მთლად გაყინულხარ… მთლად კანკალებ.

ამ სიტყვებთან ერთად იმან მიაშველა მეორე ხელიც და ქალის ნაზს ხელებს ისე დაუწყო სრესა, თითქოს მათი გათბობა უნდოდა. მერე მოაშორა ერთი ხელი, გაუშვირა იქავ მდგომს გუგუას და საცოლეს ხელი ხელში ჩაუდო.

- უფალმა შეგაერთათ, კაციმც ნუ გაგაშორებსთ! – მტკიცედ წარმოსთქვა მოხუცმა.

ამ სიტყვებზედ ქალი თითქოს უმეტესად გაჟრჟოლდა და ქშენას მოუმატა, ონისე კი წატორტმანდა, მაგრამ იქავ მყოფმა ვიღაცა კაცმა დაიჭირა. ხალხმა დაიძახა „ჯვარული“ და მეფე-დედოფალი საყდარში შევიდნენ, სადაც შემოსილი მღვდელი ელოდათ და გოჩა კი შვილს მიუბრუნდა.

- რაი მოგსვლია? – ჰკითხა იმან და გამომცდელის თვალით დაუწყო ყურება.

- არც რა, – მოკლედ უპასუხა ონისემ და თავი დაღუნა, რადგანაც მამის ცქერისათვის ვერ გაეძლო.

- რაღა არც რა, რომ ადამიანის ფერი აღარ გაძევს და ფეხზედაც ძლივს-ღა სდგეხარ?

- უგუნებოდ რასმე შევიქენ.

- უგუნებოდ? – გააგრძელა მამამ და კიდევ დააკვირდა: – მაშ ქორწილში რაი გინდა? შინ წადი და დაწექ… ხელისმომკიდე სხვა იქნება ვინმე.

ამ ლაპარაკში ჩამოერივნენ გუგუას ნათესაობა, დაუწყეს ონისეს ხვეწნა, რომ ამისთანა დროს თავი არ დაენებებინა და თვისი მეგობარი გუგუა მარტოკა არ დაეგდო, მაგრამ ონისეს გაუხარდა, რომ მისთვის მეტად სატანჯავს სურათს მოჰშორდებოდა და თავის უბედურებას თვალით მაინც აღარ უყურებდა. გაბრუნდა და ლასლასით გასწია თავიანთ სახლისკენ, სადაც ბნელა „საწოლში“ პირქვე დაეგდო.

გოჩა კი შევიდა და ჯვარისწერასთან ერთად უყურებდა პირბადე ჩამოფარებულს ქალს, რომელსაც წამდაუწუმ აჟრჟოლებდა და ხანგამოშვებით ქშენას ძალზედ უმატებდა.

რამდენიმე კაცი, რომელიც გოჩასთან იდგნენ, მიუბრუნდნენ მოხუცს და გულმტკივნეულად ეუბნებოდნენ:

- ბეჩავი, როგორ შესცივნია!..

მაგრამ გოჩა, პასუხის მაგივრად, შუბლზედ ხელს გადაისვამდა და ისეც შეჭმუხვნილს წარბებს მეტად შეიჭმუხვნიდა.

ჯვარისწერა ჩვეულებისამებრ მიდიოდა: ონისეს მაგივრად „ხელისმომკიდედ“ სხვა ვიღაცა ყმაწვილი ბიჭი გამოიყვანეს. ყველაფერი მომზადდა. მღვდელი მივიდა ჯერ კაცთან და ჰკითხა: სურვილით ირთავს ამ ქალსა და ჰსურს ჯვარისწერა, თუ არა? კაცმა გაიღიმა, შერცხვა და თავის დაქნევით თანხმობა გამოაცხადა. მერმე ამავე კითხვით მიუბრუნდა ქალსა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანი მარტო სუნთქვაზედ და მხრების მოძრაობაზედ ეტყობოდა.

ქალმა პასუხის მაგივრად მარტო თავი დაღუნა და მის მაგივრად სხვა დედაკაცებმა, ყოველთვის სხვის მაგიერ მოპასუხეთ, – ყაყანი დაიწყეს.

- ჰაი, ჰაი, რო სურს!.. რაიღა კითხვა უნდა?.. თუ არ სდომოდა, აქ რაღად მოვიდოდა?.. ართმევდნენ ერთმანეთს სიტყვას, მაგრამ ძიძია კი ჩუმად იყო.

- მაშ შენის ნებით იწერ ჯვარსა? – განიმეორა მღვდელმა.

- თავის ნებით იწერს, ჩემო ყველაო, თორემ მოძალადე ვინა ჰყავს! – მოისმა ისევ დედაკაცებისაგან და დაკმაყოფილებული მღვდელი შეუდგა მეშვიდე საიდუმლოს აღსრულებას.

VIII

ჯვარისწერამ გაიარა ჩვეულებრივის მხიარულებით: მოგროვილი ხალხი, მაყრები და მეტადრე დედაკაცები არ ისვენებდნენ და ყოველთვის საჩურჩულო მასალას პოულობდნენ და, ერთხელ მომზადებულნი სამხიარულოდ, შემთხვევას არ გაუშვებდნენ, რომ არ გაეხარხარათ, თუნდა სასაცილო არა მომხდარიყო-რა.

მარტო პატარძალი იდგა ქვასავით დამუნჯებული და გოჩა, რომლის სახეც რაღაცა დამყარებულის, პატივსაცემის სხივით ბრწყინავდა. იმას აშკარად ეტყობოდა, რომ გულწრფელის რწმუნებით იყო გატაცებული და მთლად მისცემოდა თავის გრძნობას და უზენაესს გულწრფელად ევედრებოდა.

გოჩა იყო მშობელი მამა თავის ხალხისა და, მაშასადამე, იმისთანა ამაღლებულს შესამჩნევ შემთხვევის დროს, როგორიც ქორწინება არის, თავის შვილებისთვის რომ არ ელოცნა, არ იქნებოდა. ამასთანავე მას სწამდა, რომ ხალხისაგან ამორჩეული, ღმერთისაგანაც ამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგანაც, აღზრდილს ხალხის ჩვეულებათა შორის, ანდაზად გარდაქცეული რწმუნებაც, „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, სისხლსა და ხორცში გასჯდომოდა. გოჩა დარწმუნებული იყო, რომ მისს გულწრფელს ვედრებას უზენაესი შეისმენდა და, რწმუნებით დაიმედებული, იმ კაცის სახე, გულმხურვალე ლოცვის დროს, რაღაც ძლევამოსილს, ხალხის დამმორჩილებელს სურათს წარმოადგენდა.

ასეთი იყო მოხუცებული გოჩას სახე, რომლისთვისაც განუწყვეტლივ ზრუნვას, ფიქრს, გამოცდილებას და გონებრივ მუშაობას უფრო უმეტესის პატიოსნების, ჭკუის და ადამიანობის ბეჭედი დაესვა. ეს სახე ხანდისხან იცვლებოდა იმის კვალობაზედ. თუ მისი აზრები და გონების მიმდინარეობა რა საგანს შეეხებოდა და ამგვარადვე ეცვლებოდა ფერი პირისახეზედ.

ხანდისხან რაღაცა მჭმუნვარება შეუხრიდა წარბებს, შეუკრავდა შუბლს, მაგრამ ეს იყო ერთს წუთს მზეზედ გადაფარებული ღრუბელი, რომელსაც მხოლოდ წუთით შეეძლო მოჩრდილება, – მლოცველის თვალები, ცისკენ მიპყრობილნი, ისევ ძლევამოსილის, გამარჯვებულის შუქით აინთებოდნენ.

გოჩას აშკარად ეტყობოდა, რომ მისი მრავალგვარად გამოცდილი გული რაღაცა უბედურების მოახლოვებასა ჰგრძნობდა, მისი გამოცდილის თვალებისთვის შვილის ერთი დანახვა კმაროდა, რომ მის საქციელში, ავადმყოფობის მაგიერ, სხვა მიზეზი დაენახა, მაგრამ რა იყო ეს მიზეზი, საიდანა ჰქროდა ნიავი, რომელიც მას, როგორც ნადირს, სუნს აყრიდა და აკრთობდა, – მოხუცი ვერ მიმხვდარიყო.

გათავდა ჯვარისწერა, მეფე-დედოფალი წაიყვანეს სახლში, შემოატარეს კერას და გააშორეს, რათა დედოფლისთვის ქალებში მისვლით რაოდენიმე თავისუფლება მიეცათ, და ხალხი კი გოჩას თავმჯდომარეობით ვახშმად დალაგებულიყო.

რასაკვირველია, სიძეც, თავზედ ფოჩებიან გვირგვინით, იქვე შუა ადგილას დაესვათ, ტოლ-სწორები გარს შემოჰხვეოდნენ და ლაჟღანდარობით გართულს და ბედნიერებით გახარებულს, დროს ატარებინებდნენ.

დაიწყო საერთო მხიარულება, სმა, სიმღერა და „სმურები“; ხანგამოშვებით რომელიმე მოხუცი გადმოიღებდა ფანდურს და თითების ჩაკვრით სევდიანს სიმებს ააჟღერებდა და ზედვე სევდიანად, მაგრამ საგრძნობლად დასძახებდა რომელსამე გმირის ლექსად მოთხრობილს მოქმედებას.

ამ წუთებში გამხიარულებული, აყაყანებული ხალხის ხუმრობა ერთბაშად შესწყდებოდა, ჩამოვარდებოდა სრული სიჩუმე და გულის ძგერით ყურს მიაპყრობდნენ სახალხოდ წარმოთქმულს სიტყვას, სადაც ქვეყნისთვის თავდადება და სამსახური, სივაჟკაცე და პატიოსნება ისე უხვად ჯილდოვდებოდა და სადაც კაცის მოვალეობა ცხოვრებაში ისე ნათლად იხატებოდა და შეისწავლებოდა…

ამას ისევ შესცვლიდა „სმური“, მერე „გოგონა“ და ასე გრძელდებოდა გათენებამდის.

IX

ამ საერთო მხიარულების დროს, როდესაც გუგუას სახლში თავმოყრილთ გულები მხიარულად ყინულზედ გამოსულს უზრუნველს ბატკნებსავით თამაშობდნენ, ონისე პირქვე ეგდო და დამძიმებული, გახურებული თავი ბალიშიდგან ვერ აეღო. მას სისხლი მოსწოლოდა თვალებში და დროგამოშვებით ბრჭყვიალებით უელავდა, თავი ძალზედ გაჰბრუებოდა და საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებსა სცემდნენ; ყურებში ხუილის ხმა გაისმოდა და ტანი ცეცხლსავით გახურებული რაღაცა მოუსვენრობაში ამყოფებდა. ჩქარ-ჩქარა და ძალზედ ქშენა აშკარად ამტკიცებდა, რომ რაღაც აწუხებდა და იმის მოშორება თითქოს მკლავების უაზრო წყვეტებით უნდოდა.

ამ მდგომარეობაში მყოფი ონისე ხან მთლად გაცივდებოდა და ხან ცივ ოფლსავე დასხული წამოტრიალდებოდა, წამოჯდებოდა, უსაგნოდ გაუშტერებდა რასმე თვალებს, თავი და მკლავები ჩამოუცვივდებოდა და, ნახევრად ტუჩებგახსნილი, რაოდენსამე ხანს ასე დარჩებოდა. მერე ისევ მოუსვენრად მიეგდებოდა და თვალწინ დაუწყებდნენ თამაშს სხვადასხვა სურათები, ერთი მეორეზედ უფრო საოცნებო, უფრო გასაშტერებელი, მაგრამ იმათ არავითარი გადასაბამი, შემაერთებელი ნასკვი არ მოსდევდა.

მაგრამ ეს თავდავიწყება იყო წუთისა, რადგანაც ონისემ ერთბაშად დაიკივლა და გაფითრებული ფეხზედ წამოიჭრა. შესდგა, წუთზედ მოიფშვნიტა გახურებული თვალები, რომლებშიაც ეკლებსავით რაღაცა სჩხვლეტავდა და სიტყვებით: „არ იქნების, არ მოხერხდების!“ კარებისაკენ გაქანდა.

- სად მიხვალ? – იქავ შეაყენა ვიღაცას ხმამ და კარების ზღურბლზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც ანთებული კვარი ხელში ეჭირა.

- გოჩა! – მოულოდნელობის გამო უკან მოწყვეტით წამოიძახა ონისემ და შესდგა.

მოხუცმა შეჰხედა შვილსა, აათვალიერ-ჩაათვალიერა, შევიდა სახლში და ჩამოჯდა.

- დაიჭი, კედელში გაამაგრე, – გაუშვირა მამამ კვარი, რომელიც ონისემ გამოართვა და ბუხრიდგან გამოშვერილს ჭაჭზედ დადო.

- სად მიდიოდი? – ისევ იმ მბრძანებელის, თუმცა დამშვიდებულის კილოთი გაიმეორა ხევის ბერმა.

- არც-სადა, – ვეღარა მოახერხა-რა ონისემ.

- ეგ პასუხი არაა, – შეიჭმუხვნა წარბები მოხუცმა, რომელსაც უნდობლობა არ უყვარდა.

- ქორწილში ვაპირობდი წასვლას…

- რაიღა ქორწილისაა, ეხლა იქ გალექებული ხალხის მეტი ვინღაა?

- მთები ჩამოთოვლა და ნადირებს ქვევით ჩამოჰყრიდა; ვამბობდი, ქორწილში ვინმე მონადირე იქნებოდა, „ნამგალად“ გავიხდიდი და ნადირობ ერთად წავიდოდით.

ონისემ ეს სატყვები ხელად მოიგონა, რადგანაც მამა ჩასცქეროდა და მას კი გულის გადახსნა არ უნდოდა.

- ბალღო, რას ხუმრობ?

- რაისთვი ვხუმრობ? – მოუთმენლად შეჰხედა ონისემ, რომელსაც გადაჰკიდებოდნენ და აღარ ეხსნებოდნენ.

- ამ ფიფქს თოვლში სანადიროდ საით გაისვლების?.. ზოვმა სადმე ჩაგმარხოს, ის თუ არ გინდა?

ონისემ ერთბაშად ვერ მოიაზრა, რომ ფიფქს თოვლში ნადირობა მართლა საშიში იყო და ამისთანა მოუაზრებლობა, უმიზეზოდ ძალად გაჭირვების თავს მოხვევა გამოცდილს მოხევეს არ მოეწონებოდა.

- რაისთვი? – მოიწადინა შვილმა შეცდომის გასწორება: – ქარი იყო და ქედებზედ თოვლებს აღარ დააყენებდა.

მოხევემ კიდევ შეჰხედა და ცოტა სიჩუმის შემდეგ უთხრა:

- იყუჩე, ბალღო! შენ ცხო რაიმე გაქვს გულში.

- რაი უნდა მქონდეს? – აჩქარდა ონისე.

- არ ვიცი და ამას არცა გკითხავ, – მტკიცედ უთხრა მოხუცმა და დაუმატა: – შენ ისა სთქვი: იცი, ვისი გორისა ხარ?

ამ სიტყვებზედ რიგი ონისეს შეჰხვდა, – გაკვირვებით შეეხედა მოხუცისათვის.

- ჰაი, ჰაი, რო ვიცი.

- აბა, მაშ მაგას ნუ დაივიწყებ, – თითის ქნევით უთხრა მოხუცმა და სწავლების კილოთი გააგრძელა: – ვინძლო ქვეყანა არ გააცინო…

ყმაწვილმა ბიჭმა თავი დაჰხარა, თითქოს დანაშაული იგრძნოვო და ლოყები წითლად აენთო.

- აბა, მაშ წადი, – წამოდგომით გააგრძელა მოხუცმა: – წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემს სიტყვებს ნუ დაივიწყებ… გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი.

ამ სიტყვებზედ მოხუცმა კვარს ხელი დაავლო და შვილთან ერთად დერეფანში გავიდა. იქ კიდევ შესდგა, შეჰხედა შვილსა, თითქოს რაღაცა უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხმაამოუღებლივ გაბრუნდა და სამყოფო სახლში შევიდა.

ონისე კი რამდენსამე ხანს იმავ ადგილს დერეფანში იდგა და ანგარიშმიუცემლად ადგილიდგან ვერ დაძრულიყო.

იმას ესმოდა, რომ შვილის მდგომარეობას მამა მიმხვდარიყო, მაგრამ სადამდე მიუღწევია ამ მდგომარეობას, მოხუცს ჯერ ვერ გამოერკვია, თუმცა ესმოდა, რომ ეს მდგომარეობა მის სახელსაც შეეხებოდა.

მამა ეუბნებოდა: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარო“, და სწორედ ამ სიტყვებით აგონებდა იმ მოვალეობას, რომელიც ერთს პირს მთელს სახლობასთან აკავშირებს და მისი საქციელი მთელი ოჯახობის გამაპატიოსნებელი, თუ დამამცირებელი არის. მაგრამ, თუნდ ასეც არ ყოფილიყო, ონისესაც კარგად ესმოდა თავისი ვალი, წუთის თავდავიწყებას საკმაო დანაშაულადა სთვლიდა, ფიცულობდა, რომ აღძრულს გრძნობას გულიდგან აღმოიფხვრიდა და სწორედ ამ წადილმა წამოაძახა:

- წავალ, შევალ ქორწილში… ულვაში მაქვს, ქუდი მხურავს და გულიც უნდა დამმორჩილდეს.

ამ სიტყვებთან ერთად ის გაბრუნდა კიბისკენ, რამდენიმე გადახტომაზედ ჩავიდა ქვევით და მივიდა გუგუას სახლში, სადაც ჯერ კიდევ გაცხარებული ტაშ-ფანდურა და მხიარულება იყო, თუმცა გათენებას უკვე მოეღწია.

ყველანი სიხარულით მიეგებნენ ონისეს, რომელიც მისვლის შემდეგ ყველაზედ მეტს მხიარულებდა, ყველაზედ მეტს მღეროდა, ყველაზედ მეტს ოხუნჯობდა…

X

გათავდა ქორწილი მხიარულების პირველმა დღეებმა გაიარეს. პატარძალიც სწორებმა წაიყვანეს, ჩვეულებისამებრ, წყლის მოსატანად, იქ გაუჭრეს ხაბიზგინები და უმღერეს ამ შემთხვევისათვის შემოღებული ლექსი:

ჩემო ხელისმომკიდეო,

ტაგანაი მომკიდეო…

და ცხოვრებამ მიიღო ჩვეულებრივი სახე.

ძიძია გამოდგა ჩინებული, მორჩილი ქალი, რომელიც არასოდეს არა ზარობდა და საქმესა და სახლს მუყაითად ექცეოდა. მისგან არც ჩხუბი, არც წინააღმდეგი სიტყვა არ მოისმოდა და უფროსი რძლები, ყოველთვის უმცროსების დამჩოლფოტებელნი, ძიძიას ნამდვილს დასავით უვლიდნენ.

გუგუა, რომელიც შესტრფოდა თავის ცოლს, ისე შინ არ შემოვიდოდა, რომ ცოლისთვის ან ჩურჩხელის ნაჭერი, ან წითელი ვაშლი არ მოეტანა და გატაცებულის გრძნობით არ დაეკოცნა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ საზოგადოდ გაჩუმებული ძიძია, ყოველთვის მარტოობას ეძებდა. და იმისი ფერდაკარგული, გაცრეცილი ტუჩები თავის დღეში არ გაიღიმებდა.

ყველანი ცდილობდნენ მის გამხიარულებას, შედარებით ხევის სხვა რძლებთან თავისუფლებას აძლევდნენ, დაჰყვანდათ ხატობაში და სატირალზედ, იმ ერთს თავმოსაყრელს ადგილს, სადაც მთელის წლობით დაშორებული ნათესავები და მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან და დიდხანს შეგუბებულს შთაბეჭდილებას სხვასთან გასანაწილებლად გზას აძლევენ. მაგრამ ძიძია მაინც ისევ ისე გულჩათხრობილი რჩებოდა, თუმცა მას ყველაფერი ჰქონდა: საჭმელიც, სასმელიც, ჩასაცმელიც; არ აკლდა არც მზრუნველები, არც მოსიყვარულე გული, მაგრამ მის არსებას რაღაცა სჩაგრავდა, რაღაცა აღონებდა და ჰლევდა.

პირველში ბევრსა ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოსდის საბრალო ქალსა, მაგრამ ჩქარა იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ, რადგანაც მის გულის სიღრმეში ვერ ჩასწვდნენ და გადასწყვიტეს, რომ ასეთი ხასიათისა ყოფილაო.

ამ ხანში ონისე კი ფშავს წასულიყო, სადაც დედის ძმები ჰყვანდა და იქ ნადირობაში და მეცხვარეობაში აპირობდა დროს გატარებას და ნაღველის გაქარვებას, მაგრამ, როდესაც სადმე ქედზედ გასული თავის ბედს დააკვირდებოდა, მაშინვე ძიძიას სახე განმანათლებლად ჩაეშუქებოდა გულში და სანეტარო ტკბილს მკვნესავს ოხვრაში შეიყვანდა.

ცა, ღრუბელი, ვარსკვლავი, მთვარე, ბუნების მდიდარი სურათები ონისესთვის მდიდარნი და სიტკბოებით სავსენი მხოლოდ იმიტომ-ღა იყვნენ, რომ მათთან ერთად ეხატებოდა ძიძიას სურათი, მათ სატრფოსთან დადარებით თავდავიწყებამდის ეალერსებოდა.

XI

გაიარა ბნელმა და გულჩათხრობილმა ზამთარმა და მასთან ერთად გაქრა სევდის ამშლელი ტყვიის ფერი ღრუბელი, რომელიც მწუხრის ზეწარსავით აბნელებდა მთის წვერებს და ხევებს. მასთან ერთად გაჰქრნენ ჩრდილოეთის ცივი ქარებიც, რომელნიც ბაიყუშურის ზუზუნით გაყინულს თოვლს აყრიდნენ დედამიწის გაცოცხლებულს სურნელოვანს ფარდაგს და სულშეხუთულს ახმობდნენ, ფშვნეტდნენ და მტვრად აქა-იქ აბნევდნენ. ბუნება შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა, წამოიწია და თეთრად გადაფარებული თოვლის სუდარი ჯერ დედამიწას ააშორა და მალე, მზის დახმარებასთან ერთად, წყლად აქცია და ქვევით ხევებში ხრიალით და უგზო-უკვლოდ გააქანა. მძიმე, უსიამოვნო ტვირთისგან განთავისუფლებულმა კავკასიის მთებმა თითქოს თმები შეიბერტყეს და დამასევდიანებელის ყინულის მაგიერ მწვანე ხავერდი გადაიფარეს. გაიღვიძეს ყვავილებმა და ნაზად თავის გადაგდ-გადმოგდებით დაუწყეს ერთმანეთს არშიყობა. გაშმაგებული მზის სხივი მოუსვენრად ჰლამობდა მათის მშვენიერებით დატკბობას, მაგრამ მდელოთ კეკლუცნი მორცხვად პირს არიდებდნენ. მარტო დაუსვენარს ფუტკარს ვერ ემალებოდნენ და ნებას აძლევდნენ სურნელიანი ფერფლი მოეკრიბა თავის ნაზის, რბილის, ბუსუსიანის ფეხებით და გაშმაგებულს ამოეწოვა აქ სანეტარო ნექტარი.

დილის ნამი მარგალიტსავით ესხმებოდა სიცოცხლით სავსე მწვანე ფოთლებს და მზისგან მეტად გახურებულს მცენარეთ რაოდენადმე აგრილებდა.

ჰაერში გაისმა გალობა და ჭიკჭიკი ფრინველებისა, რომელთაც მთელი სამოთხის ნეტარება მოელოდათ; ტკბილის ძახილით მოუსვენრად იწვევდა ამხანაგი ამხანაგს ამ ნეტარებისთვის. ყველა გაცოცხლებულიყო, ყველას გული სცემდა და მიიბრძოდა ტოლთან საფართხალოდ.

ბუნების ამ საერთო მეჯლიშს დაჰყურებდა ონისე, რომლის გულსაც ჯერ გაზაფხული არ სწვეოდა და ზამთრის ღრუბელსავით ნისლმოხვეული მწარედ ჩაბნელებულიყო.

ყველასთვის ტკბილი, გასახარებელი იყვნენ ეს მედიდური სურათები, მაგრამ ონისეს გულს კი მარტო ნაღველს აწვეთებდნენ და სიტკბოების მაგივრად ძირმწარეს აპკურებდნენ.

ონისე ოხრავდა, ჰქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დაჭრილს ლომსავით გამედგრებული გმინვით დადიოდა მთა-ბარად.

ისა სწუხდა და ღონდებოდა, უნდოდა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, უნდოდა თავიანთი ანკარა წყაროს ჩუხჩუხი გაეგონა, რადგანაც სხვა ქვეყნის წყალის არამც თუ გემო, არამედ ხმაურობაც კი ისეთს მოალერსედ აღარ ეჩვენებოდა, როგორც ვეფხსავით გააფთრებულის, კლდიდგან კლდეზედ მხტუნავის თერგისა. ონისეს ეხლა თავის ქვეყნის იმ ადგილების ნახვაც კი სანეტაროდ გაჰხდომოდა, რომელნიც უწინ თვალდასანახად ეჯავრებოდა, მაგრამ თავის მხარეში მიბრუნება ვერ გაებედა, რადგანაც ეშინოდა, ღონეს არ ეღალატნა და მამის სიტყვები: „იცი, ვისი გორისა ხარ?.. ქვეყანა არ გააცინო“, რომელსამე უცაბედო შემთხვევას არ გადაევიწყებინა.

ონისეს იმედი ჰქონდა, რომ ძიძიასთან დაშორება გულის ცეცხლს გაუქარვებდა; ამავე აზრით ეარშიყებოდა თუშის ტანად ქალებს; იმედი ჰქონდა, რომ მათი ალერსი დააკმაყოფილებდა, მაგრამ რაწამს ტკბილს სიტყვას ვისმე ეტყოდა, რაწამს მიუახლოვდებოდა რომელსამე თვალჟუჟუნას, მაშინვე ძიძია მაცდურად დაებადებოდა თვალწინ და კეკლუცის, ჭკუის ამრევის ღიმილით დაუწყებდა ცქერას; დაუწყებდა ცქერას, აღუშფოთებდა სისხლს, გულს, მთელს არსებას. ის შემოსცინებდა და ამ ღიმილში გამოიხატებოდა სიტყვები: „თავს უბრალოდ აწყვეტ, ვერსად წამიხვალ“. და ეს საკმარისი იყო, რომ ანგელოზის სახე ონისეს ეშმაკად მოსჩვენებოდა.

ამგვარად ატარებდა ონისე დროსა და უიმედოდ, უბრალო ბრძოლაში ჰლევდა ყმაწვილკაცობის გრძნობას და ცეცხლსა.

ძნელი და მწარე იყო მისი ცხოვრება, მაგრამ მაინც ყოველთვის მისი ფიქრები ერთისა და იმავე გადაწყვეტილებით თავდებოდა და ეს გადაწყვეტილება იყო, რომ ძიძია არ უნდა ჰყვარებოდა და უნდა დაევიწყა.

XII

ერთს დღეს, არხოტის ერთი მთის ძირას, სადაც თუშებს საზაფხულოდ ცხვარი ედგათ, მწყემსები შეყრილიყვნენ და საღმრთო გაემართათ. მწყემსთა შორის მრავალი მოხევეები იყვნენ, რომელთაც თუშების ცხვარი „დაეზიარებინათ“ და აქ ელოდნენ ყავლის გასვლას.

საკლავები მოხარშულიყო და მოგროვილი ხალხი ერთმანეთს ეთავაზებოდნენ, რომ რიგზედ უფროსობით დამსხდარიყვნენ; ნახევარი წილი ხალხისა კიდეც დალაგებულიყო, როდესაც ქედზედ გამოჩნდა ვიღაცა კაცი, გაშიშვლებული თოფი გადაეგდო მხარზედ, წამოეკეცა ჩოხის კალთები და გამალებული მოაბიჯებდა; მოხდილი ქუდი ხელში ეჭირა და მით ჩქარ-ჩქარად იწმენდდა შუბლსა, რომელზედაც ხვითქი გადმოსდიოდა.

როგორც ეტყობოდა, მომავალი შორის გზიდგან უნდა ყოფილიყო და უეჭველად საჭირო საქმეზედ წასული, რადგანაც ყოველ ფეხის გადადგმაზედ ცდილობდა ნაბიჯისთვის მოემატებინა და მით გძელი გზა შეემოკლებინა. მთაზედ მყოფმა ხალხმა მომავალს შეჰკრა თვალი და ყურება დაუწყო. მთაში მგზავრი ძნელად ჰხვდება, და ამისათვის ახლადმოსულისაგან ყველა ახალს ამბავს მოელის ხოლმე; ყველას იმედი აქვს რომ თავის სოფლის, თუ სახლობის მდგომარეობაზედ რასმე გაიგონებს და ამის გამო მომავლის ყოველ ნაბიჯს მოუთმენლობაში შეჰყავს მომლოდინე და გულის ძგერით ასურვებს მის ჩქარა მოახლოვებას.

სწორედ ასე იყო ეხლაც : ყველანი წამოიშალნენ და სიტყვებით: „ვინ იქნება? ძალუმ ჩქარა კი მოდის…“ – დაუწყეს ყურება.

მზე მომავლის მხრიდგან იყო და, რადგანაც მწყემსებს შუქი პირდაპირ სახეში სცემდა, ამისთვის იმათაც ხელებით მოეჩრდილებინათ თვალებისთვის და ისე გასცქეროდნენ. მაყურებელთ შორის ონისეც ერია, რომელსაც მოუთმენლობა ყველაზედ მომეტებულად დასტყობოდა და ყველაზედ წინ გასულიყო, რომ უცნობს სხვაზედ ადრე შეჰყროდა.

უცნობი ჯერ შორს იყო და ღელე ჰქონდა გამოსავლელი, რომელშიაც ჩქარა ჩაეფარა. ონისე თვალს არ აშორებდა ამ ადგილს, სადაც ის კაცი უკანასკნელად დაინახა.

მომავალმა ამოიარა ღელე, თავი ამოჰყო ფერდობზედ და ონისემ ერთი შეჰკივლა და სიხარულით მომავლისკენ შავარდენსავით გაქანდა. იცნო თავისი მეზობელი და თავისთან ერთად შეზრდილი მოხევე.

- გზა მშვიდობისა, დათაუ! – შორიდგანვე შესძახა გახარებულმა ონისემ.

- მშვიდობა მოგცეს უფალმა, – გადაუხადა სალამი დათამ.

ორნივ მიახლოვდნენ ერთმანეთს, შესდგნენ და გადაეხვივნენ. მასუკან გაშორებულნი რაოდენსამე ხანს ჩუმად დარჩნენ. ონისეს ვერ მოეხერხებინა ეკითხა რამე, რადგანაც ძალზედ მოწოლილი სურვილი ათასის ამბის ერთად შეტყობისა ნებას არ აძლევდა, რომ ერთერთიდგან დაეწყო გამოკითხვა და დათა კი თითქოს გასჯიბრებოდა და განგებ არას ეუბნებოდა.

ახლადმოსული მეტად დაფიქრებული იყო, რომ მის მხრით ეს სიჩუმე ონისეს ხუმრობად მიეღო; უეჭველია, იმას რაღაცა უბედურება მოელოდა და დათა იმიტომ აგვიანებდა ხმის ამოღებას.

ონისემ შეჰხედა და ფერი ეცვალა.

- რაი ამბოვია, მითხარ? – თითქმის ხვეწნით და კანკალით წარმოსთქვა ონისემ და უანგარიშოდ ხელები წინ გაიშვირა, თითქოს ეშინოდა არ წაქცეულიყო.

- ამბოვი… მივიდეთ ბინაში და გეტყვით, ყველას გიამბობთ.

ონისეს, როგორც მარტო ერთს საგანზედ დაფიქრებულს, სხვა ვერა წარმოედგინა-რა, რომ საქმე ძიძიას შეეხებოდა და ეგონა, რომ ახლადმოსული სიბრალულით არ უმჟღავნებდა.

იმ წუთში ონისე ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ დათამ იმის მდგომარეობისა არა იცოდა-რა და, მაშასადამე, მის სიბრალულსაც ვერ იგრძნობდა.

აღგზნებული გონება ფარვანად გადაჰქცეოდა, მისთვის მხოლოდ ერთს ადგილს ანათებდა სიწმინდის ლამპარი და მას დასტრიალებდა, მას ევლებოდა თავსა. სხვა საგანი არც მის გულს, არც მის აზროვნებას არ ეკარებოდა.

- მითხარი, ბალღო, ნუღარ მიმალავ, – ძლივს წარმოსთქვა ონისემ და დაუმატა: – დასაკლავს ხარს რაიღა ყურება უნდა?

ახლადმოსულმა შეხედა ონისეს და დაინახა, რომ სამარის ფერი დასდებოდა. იფიქრა, რომ ონისეს უეჭვლად ეგონა, შინ რაიმე უბედურება შეემთხვა და მისი შეეშინდაო.

- ბეჩა, რაი მოგსვლია? ყველანი მშვიდობით არიან.

- ნუ მომატყუებ, ღთის მადლსა!

- არა, სპარს-ანგელოზის მადლმა. აბა რაისთვი მოგატყუებ.

ლაპარაკი ისევ შესწყდა. დათა გაბრუნდა მწყემსებისკენ და ონისეც ინსტინქტიურად უკან გაჰყვა.

- დათაუ, მაშ რად არ მეუბნები, რაი ამბავია? – ისევ ეჭვმა გაურბინა გულში.

- მშვიდობის მეტი არა ვიცი-რა.

- მოიცა-ღა! – შეაყენა ონისემ, მაგრამ ლაპარაკის გაგრძელება კი ვეღარ მოახერხა; სიტყვა ძიძიაზედ უნდოდა ჩამოეგდო, მაგრამ მისი სახელის წარმოთქმა ვერ გაებედნა. დათა იდგა და ლაპარაკის გაგრძელებას ელოდა.

- რაი გინდა? – ჰკითხა იმან ბოლოს.

- მე… მე… მამაი კარგადაა? – ძლივს გაიგნო ენა.

ახალადმოსულმა გაოცებით შეჰხედა.

- გონსა ხარ, ბიჭაუ, თუ არა?

- მაშ მიამბე, მითხარ… მითხარ ყველაფერი, ყველას ამბავი, – აჩქარებით დაიწყო ონისემ და ისეთის მუდარებით შეჰხედა, რომ კაცს შეეცოდებოდა.

- გოჩაც მშვიდობითაა, შენი ბიძაცა, ღთის მადლით შენი ჯალაბობა ყველა მშვიდობითაა… ისრე არიან, ღთის მადლმა, თიკნის ყურიც არ დაჰკლებიათ.

- მაშ რაი ამბავია?

- რაი ამბავია და ნუგზარ ერისთავს ჩვენი ყმად გახდომა გაუზრახავს.

- რაო? – გაიკამათა ონისემ ისეთის ხმით, თითქო არ სჯეროდა.

- თუ არ დამმორჩილდითო, ლაშქრით თავს დაგესხმით და ამოგწყვეტავთო.

- მანამ ნურას სჭამს, სანამ ხევი ვერც ამოსწყვიტოს და ვერც ყმად გაიხადოს, – ამაყად წარმოსთქვა ონისემ და შუბლი შეიჭმუხვნა.

ამ ლაპარაკში მოვიდნენ სხვა მწყემსებიც.

- აბა ეგ ნიადაგ ეგრე იქნების, მაგრამ ნუგზარის მოუსვენრობა სათემოდ გავარდნილია… რაკი ერთს იტყვის, თავადაც იცით, რომ უსისხლოდ აღარ დადგების…

- მაშ ხევში რას აპირობენ? – იკითხეს იქეთ-აქეთ.

- ემზადებიან… თუ ძალა მოინდომეს, უჩხუბრად ვერ მოვრჩებით: მთებში ყველგან ბიჭები გაგზავნეს, რომ საცა ჩვენი მწყემსები არიან, მოაგროვონ, მეც აქ გამომგზავნეს. მთელი მთიულეთი შეუყრია. ოსებიც მას მისდგომიან და ჩვენზედ წამოსულან… ეხლა თრუსოს ხეობაში თურმე დგანან.

- წავიდეთ, წავიდეთ! – გაისმა რამდენიმე კაცის ხმა, რომელთაც იარაღს გაივლეს ხელი, თითქოს ეხლავ ომში უნდა შერეულიყვნენ.

- ოსებს რაიღა უნდათ? – იკითხა ონისემ, რომელსაც ამ საქმემ ძიძია ერთის წუთით დაავიწყა.

- ოსები ვითომ შუაკაცობენ და საქმით კი წყალს ამღვრევენ… თავად ჩვენთან ვერა გაუწყვიათ-რა და ახლა ნუგზარაის იმედი აქვსთ.

- აბა, ბიჭებო! გვიანობისა აღარაა! – დაიძახა ონისემ და დაუმატა: – რაიც ამბოვია, იქაც გავიგებთ.

- წავიდეთ, წავიდეთ! – მისცეს პასუხად და გაქანდნენ თავიანთ ბარგისა და თოფებისაკენ.

XIII

გარიჟრაჟი იყო. თერგის ხეობაზედ ხშირი და ბამბასავით გაჰპენტილი ნისლი შემოწოლილიყო, მოებურა მთელი მიდამო სოფლები, თითქოს შიგ გახვეულიყვნენ. რამდენიმე ადგილს ნისლი ამოეგლიჯა უმაღლეს მთის წვერებს და ისე მოჩანდნენ, თითქოს ჰაერში დგანანო. მათ ზევით ლაჟვარდოვანი ცა შეწითლებულიყო მზის მოახლოვებულის შუქით. ვარსკვლავებს ეგრძნოთ დღის მოახლოვება და შემკრთალები ნაზის სხივით ძლივსღა ციმციმებდნენ. გათეთრებული მოხუცი კავკასიისა ამაყად გადმოჰყურებდა სამების წვერს, რომელზედაც ამავე სახელის ტაძარი, ძველი და საკმაოდ მოზრდილი, გამწვანებულს ყვავილიან ველზე წარსულის მოსაგონებელ ნაშთად დარჩენილიყო. ქვეშ მიმდგარს თანასწორ ნისლს წმინდა სახსოვარი ჩვენის წარსულისა თითქოს დედამიწისაგან განეშორებინა.

ამ ადგილიდგან ყველაფერი მედიდურად მოჩანდა. ყველას ეძინა, გაყუჩებულიყო და თვით ეს გაყუჩება რაღაცა სევდიანს დუმილს ჰბადავდა. თვით დაუდგრომელს ნიავსაც კი სული გაენაბა და ცელქად აღარ შესთამაშებდა კეკლუც სურნელებს. ათასში ერთხელ დამკრთალი ჯიხვის ფეხით გადმოგორებულის ქვის ხმაურობა თუ დაარღვევდა საზოგადო სიჩუმეს და შეუერთდებოდა მთებიდგან გადმონადენის ჩანჩქერის ჩხრიალს, რომელიც დაძაბულს ბუნებას მშობლიურს ნანას ეუბნებოდა.

ერთბაშად გაისმა გაგრძელებული სტვენა: ეს რომელსამე მოუსვენარს შურთხს ეგრძნო გათენების სიახლოვე ან სიზმრად ტოლი მოჰლანდებოდა.

გაწითლდა ყინვარწვერის თავი, მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი გადმოფინეს, თეთრმა უმტვერო თოვლმა ნათლად ბრჭყვიალი დაიწყო. მას მოჰყვა კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს, რადგანაც ბუნების მშვენიერებით მარტო დატკბობა არ ესმოდა. შეფრთხა ჯიხვიც და არჩვიც, ღამემ საკმაოდ დაუღალა მარდი და მკვირცხლი ფეხები, ვარჯიშობა ეჭირვებოდათ, თეთრი, ათასფერად მოკამკამე თოვლი სათამაშოდ იზიდავდა, სასიამოვნო სურნელება ტვინს უმღელვარებდა, თავბრუს ახვევდა და დაჭარბებული სიტკბოება ფრუტუნით უნდა მოეშორებინა. შორი-ახლო მყოფს „დათვის ტყეში“ შაშვმაც გრძნობით შესჭიკჭიკა ბუნების სიტკბოებას. ერთბაშად დაჰკრა ზარმა და მისი ხმა ლტოლვით და თანდათან მისუსტებით ამოვარდნილმა ნიავმა გაჰფანტა მთებში. მოისმა მეორეჯერ და მას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი და ხანგამოშვებით რეკა. ეტყობოდა, სამების ტაძარში მყოფს ყარაულებსაც გაეღვიძნათ.

დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა აღშფოთებულს საყვარელსავით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა დაიწყო გაპარვა.

გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული და აქაფებული თერგი. სოფლებიც მოძრაობაში მოსულიყვნენ. ყველგან ხალხი მიდი-მოდიოდა, სოფლების წინ ჯგუფდებოდა და რაღაცას მღელვარებდა. ყოველს სოფელთან ხალხის შუა მოჩანდა სასოფლო დროშა, რომელიც ნიავისაგან წყნარად ფრიალებდა.

ამ ხანში წმიდის სამების სამრეკლოზედ ზარების რეკა არა სწყდებოდა. ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმა „გერგეტულას“ სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. მედროშენი დროშებით გაუძღვნენ წინა; უკან წამოჰყვა მოწიწებით ხალხი, რომელიც თავის პატივის და სახელის ნიშანს, სახალხო წმინდანს, ცეცხლშიაც წარბშეურხევლად გადაჰყვებოდა.

ყველანი სამებისკენ გაემართნენ; ისინი მიეშურებოდნენ იმ ტაძრისაკენ, სადაც თემის ყრილობა უნდა მომხდარიყო, სადაც თემის საბჭო იყო გამართული და სადაც ერთხელ ხალხისაგან გადაწყვეტილებას ყველა მთიელი ემონებოდა და განუკითხველად ასრულებდა.

მათ სამების საბჭოში მოელოდა ორის კვირით „საწმენდად გასული“ ხევის ბერი გოჩა და მისნი თანაშემწენი, რომელნიც ორი კვირის მარხულობაში და ლოცვაში იყვნენ, რომ სათემო „დროშის თავის“ შეხების ღირსნი გამხდარიყვნენ.

„დროშის თავი“ მათთვის სახუმრო არ იყო: მის წინაშე ნათქვამი სიტყვა ვეღარ გადაბრუნდებოდა, ყოველი მოხევე სიკვდილს ირჩევდა, მოშორდებოდა დედას, ძმას… გულის საყვარელსაც კი, მაგრამ ამ სათემო კავშირის ნიშნის წინ მიცემულს სიტყვას კი ვეღარ უღალატებდა.

არც სახუმრო საქმისთვის იყრებოდა დღეს თემობა. თავისუფალთ ყმობას უქადდნენ, დამოყვრებული მეზობლები ომს უცხადებდნენ, გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომსავით ბრდღვნიდა, მის განუსაზღვრელს წადილს ხალხის დამონებისას მარტო მთიულეთი ვეღარ აკმაყოფილებდა, მისი ბატონური მოთხოვნილება თავისუფალ მეზობლებთან ვეღარ თავსდებოდა, იმათი დამორჩილება უნდოდა და უნდა დაემორჩილა, თუნდა ამისთვის მოძმეთა სისხლით შეღებილიყო.

მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სახუმრო არ იყო და ღირსეულს ღირსეულად დახვედრას უპირებდნენ.

XIII

გარიჟრაჟი იყო. თერგის ხეობაზედ ხშირი და ბამბასავით გაჰპენტილი ნისლი შემოწოლილიყო, მოებურა მთელი მიდამო სოფლები, თითქოს შიგ გახვეულიყვნენ. რამდენიმე ადგილს ნისლი ამოეგლიჯა უმაღლეს მთის წვერებს და ისე მოჩანდნენ, თითქოს ჰაერში დგანანო. მათ ზევით ლაჟვარდოვანი ცა შეწითლებულიყო მზის მოახლოვებულის შუქით. ვარსკვლავებს ეგრძნოთ დღის მოახლოვება და შემკრთალები ნაზის სხივით ძლივსღა ციმციმებდნენ. გათეთრებული მოხუცი კავკასიისა ამაყად გადმოჰყურებდა სამების წვერს, რომელზედაც ამავე სახელის ტაძარი, ძველი და საკმაოდ მოზრდილი, გამწვანებულს ყვავილიან ველზე წარსულის მოსაგონებელ ნაშთად დარჩენილიყო. ქვეშ მიმდგარს თანასწორ ნისლს წმინდა სახსოვარი ჩვენის წარსულისა თითქოს დედამიწისაგან განეშორებინა.

ამ ადგილიდგან ყველაფერი მედიდურად მოჩანდა. ყველას ეძინა, გაყუჩებულიყო და თვით ეს გაყუჩება რაღაცა სევდიანს დუმილს ჰბადავდა. თვით დაუდგრომელს ნიავსაც კი სული გაენაბა და ცელქად აღარ შესთამაშებდა კეკლუც სურნელებს. ათასში ერთხელ დამკრთალი ჯიხვის ფეხით გადმოგორებულის ქვის ხმაურობა თუ დაარღვევდა საზოგადო სიჩუმეს და შეუერთდებოდა მთებიდგან გადმონადენის ჩანჩქერის ჩხრიალს, რომელიც დაძაბულს ბუნებას მშობლიურს ნანას ეუბნებოდა.

ერთბაშად გაისმა გაგრძელებული სტვენა: ეს რომელსამე მოუსვენარს შურთხს ეგრძნო გათენების სიახლოვე ან სიზმრად ტოლი მოჰლანდებოდა.

გაწითლდა ყინვარწვერის თავი, მზის სხივებმა ოქროს გვირგვინი გადმოფინეს, თეთრმა უმტვერო თოვლმა ნათლად ბრჭყვიალი დაიწყო. მას მოჰყვა კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს, რადგანაც ბუნების მშვენიერებით მარტო დატკბობა არ ესმოდა. შეფრთხა ჯიხვიც და არჩვიც, ღამემ საკმაოდ დაუღალა მარდი და მკვირცხლი ფეხები, ვარჯიშობა ეჭირვებოდათ, თეთრი, ათასფერად მოკამკამე თოვლი სათამაშოდ იზიდავდა, სასიამოვნო სურნელება ტვინს უმღელვარებდა, თავბრუს ახვევდა და დაჭარბებული სიტკბოება ფრუტუნით უნდა მოეშორებინა. შორი-ახლო მყოფს „დათვის ტყეში“ შაშვმაც გრძნობით შესჭიკჭიკა ბუნების სიტკბოებას. ერთბაშად დაჰკრა ზარმა და მისი ხმა ლტოლვით და თანდათან მისუსტებით ამოვარდნილმა ნიავმა გაჰფანტა მთებში. მოისმა მეორეჯერ და მას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი და ხანგამოშვებით რეკა. ეტყობოდა, სამების ტაძარში მყოფს ყარაულებსაც გაეღვიძნათ.

დილის ნიავმა დაჰქროლა, ნისლი შეარყია, შეაღელვა, მოეშველა მზის შუქიც და ნისლმა აღშფოთებულს საყვარელსავით, რომლისთვისაც განთიადს მოესწრო, წყნარად მთა-მთა დაიწყო გაპარვა.

გამოჩნდა ხეობა და მასთან ერთად გველსავით დაკლაკნილი, გამხეცებული და აქაფებული თერგი. სოფლებიც მოძრაობაში მოსულიყვნენ. ყველგან ხალხი მიდი-მოდიოდა, სოფლების წინ ჯგუფდებოდა და რაღაცას მღელვარებდა. ყოველს სოფელთან ხალხის შუა მოჩანდა სასოფლო დროშა, რომელიც ნიავისაგან წყნარად ფრიალებდა.

ამ ხანში წმიდის სამების სამრეკლოზედ ზარების რეკა არა სწყდებოდა. ერთბაშად ხალხი შეინძრა, გაისმა „გერგეტულას“ სიმღერა და გრგვინვასავით ბანის მიმცემმა ხალხმა ქუდები მოიხადა. მედროშენი დროშებით გაუძღვნენ წინა; უკან წამოჰყვა მოწიწებით ხალხი, რომელიც თავის პატივის და სახელის ნიშანს, სახალხო წმინდანს, ცეცხლშიაც წარბშეურხევლად გადაჰყვებოდა.

ყველანი სამებისკენ გაემართნენ; ისინი მიეშურებოდნენ იმ ტაძრისაკენ, სადაც თემის ყრილობა უნდა მომხდარიყო, სადაც თემის საბჭო იყო გამართული და სადაც ერთხელ ხალხისაგან გადაწყვეტილებას ყველა მთიელი ემონებოდა და განუკითხველად ასრულებდა.

მათ სამების საბჭოში მოელოდა ორის კვირით „საწმენდად გასული“ ხევის ბერი გოჩა და მისნი თანაშემწენი, რომელნიც ორი კვირის მარხულობაში და ლოცვაში იყვნენ, რომ სათემო „დროშის თავის“ შეხების ღირსნი გამხდარიყვნენ.

„დროშის თავი“ მათთვის სახუმრო არ იყო: მის წინაშე ნათქვამი სიტყვა ვეღარ გადაბრუნდებოდა, ყოველი მოხევე სიკვდილს ირჩევდა, მოშორდებოდა დედას, ძმას… გულის საყვარელსაც კი, მაგრამ ამ სათემო კავშირის ნიშნის წინ მიცემულს სიტყვას კი ვეღარ უღალატებდა.

არც სახუმრო საქმისთვის იყრებოდა დღეს თემობა. თავისუფალთ ყმობას უქადდნენ, დამოყვრებული მეზობლები ომს უცხადებდნენ, გაუმაძღარი ნუგზარ ერისთავი ლომსავით ბრდღვნიდა, მის განუსაზღვრელს წადილს ხალხის დამონებისას მარტო მთიულეთი ვეღარ აკმაყოფილებდა, მისი ბატონური მოთხოვნილება თავისუფალ მეზობლებთან ვეღარ თავსდებოდა, იმათი დამორჩილება უნდოდა და უნდა დაემორჩილა, თუნდა ამისთვის მოძმეთა სისხლით შეღებილიყო.

მოხევეებს ესმოდათ, რომ საქმე სახუმრო არ იყო და ღირსეულს ღირსეულად დახვედრას უპირებდნენ.

XIV

სამების ტაძარი სდგას ყინვარწვერიდგან თავქვე მინდვრად წამოსულს ქედის ბოლოზედ, სადაც პატარა გორას მრგვლად და მოხდენილად თავი აუმართავს და თერგის მხარეს კი ერთბაშად მძიმე დაღმართად დაშვებულა სოფელ გერგეტამდის. აშენებული თლილის ქვით, საკმაოდ დიდი ტაძარი, სამრეკლო და საბჭო, რომლისთვისაც ჯერ ბუნებას შემოუვლია მაგარი კლდის კედელი და მერე ზოგიერთს ადგილებში კაცის ხელს კიდევ უფრო შეუმაგრებია, ამაყსა და სასიამოვნო სურათს წარმოადგენს.

ამ ადგილს ახლო-მახლოდ არა აქვს სათალი ქვა, რომლითაც ტაძარი აშენებული არის, წყალიც საკმაო სიშორეზედ ქვევით ხევში ჩამოუდის. გზად მხოლოდ ერთი პატარა ხვეული ბილიკი შესდევს, რომელზედაც ქვევითი კაციც კი გაჭირვებით ადის. ასე რომ პირველსავე შეხედვაზედ კაცი განცვიფრებაში მოდის და ნებაუნებლივ თავის თავს ეკითხება: საიდგან მოუტანიათ ამ ჩინებულის შენობისთვის მასალა, ან რითი მოუზიდნიათ?

საკმაოა ამ შენობის ნახვა, რომ კაცმა გაიგოს, რა შეუძლიან ხალხის შეერთებულს ძალას და მათს ამაღლებულს სულიერს მდგომარეობას. ტაძრის კედელში მხოლოდ ერთს ადგილს ჩატანებულია მარმარილოს ქვა, რომელზედაც ქარსა და ნიაღვარს ჯერ ვერ მოუსწვრია სრულიად ამოეშალა ზედ წაწერა და მწიგნობარს კიდევ შეუძლიან გაარჩიოს სიტყვები „…ხარი ლომა… მწყემსი თევდორე…“ – ეს ორი სახელია, რომელთაც, უეჭველია, დიდი ღვაწლი მიუძღოდათ ამ ხევის წარსულის დიდების აშენებაზედ. მიმავალი ხალხი შეეფინა მთის გვერდოზედ და სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხი შეგროვდა მინდორზედ, ტაძრის გალავნიდგან ჯერ წვერი ამოჰყო დროშის ჯვარმა და მერე მთლად დროშაც გამოჩნდა, რომელიც გაშლილიყო და წყნარად ფრიალებდა. წუთზედ მთელი ხალხი მუხლებზედ დაეცა და მიწასთან გაერთებით თაყვანი სცა სახალხო წმინდანს.

კედელზედ გადმოჩნდა ქუდმოხდილი კაცი, გძელის გაშლილის თეთრის თმით და წვერით. ხამის უმტვერო თეთრი პერანგი, რომელზედაც უბრალო თოკი ქამრად შემოეჭირა, რაღაცა საოცნებოდ მოგაჩვენებდათ მოხუცს. გაბრწყინვებული, მაგრამ დამყარებული მოხუცის სახე, ზრუნვითა და მჭმუნვარებით სავსე, ყველას გულს იგებდა და მისვე უნებურად იმორჩილებდა. ხალხს მოჰშორდა სასოფლო დროშები, რომელნიც ტაძრის გალავანში შეიტანეს თეთრჩოხა მედროშეებმა და რამდენსამე წუთს შემდეგ დროშის თავს გარს შემოახვიეს. ყველა გაჩუმდა, დაწყნარდა. ჰაერმაც კი იგრძნო, რომ უნდა დამშვიდებულიყო, თავი მოეხარა ამ სახალხო ყრილობის წინაშე, რომელსაც დღეს უნდა გადაეწყვიტა ხევის ბედი. მოხუცმა შეანძრია დროშა და ამ საერთო სიჩუმეში გაისმა პატარა ზარების წკრიალი, რომელმაც შეაკრთო მუხლმოყრილი ხალხი და ძარღვებში ჟრუანტელსავით გაურბინა.

- ამწყალობებენ, ამწყალობებენ! გოჩა ამწყალობებს! – ჩურჩულმა ხალხში ნიავსავით გაირბინა და შესწყდა.

გოჩამ კიდევ შეანძრია დროშა, კიდევ გააწკრიალა ზარები და პირჯვრის გადაწერით მოჰყვა წყნარად, ტკბილად და დინჯად ხალხის დალოცვას. საერთოდ ხალხის დალოცვის შემდეგ დაიწყო იმათი დამწყალობება, ვისაც სათემოდ თავი გამოეჩინა და შრომა და ჯაფა არ დაეშურებინა თავის ხალხის კეთილდღეობისთვის. დაამწყალობა ისინი, ვინც მტრის განსადევნად მდევარში პირველი გასულიყო, დაამწყალობა ის ვაჟკაცნი, რომელნიც იარაღს გამართულს, ინახავდნენ და გაათავა უფლის ვედრებით, რომ მას ხევზედ ხელი არ აეღო და ყოფილიყო მისი მფარველი ყოველს გაჭირვებაში მრავალჟამიერ.

დამწყალობების დროს გოჩას ყოველს შესვენებაზედ ხალხში გრგვინვასავით გაირბენდა: „ამინ შენს მადლსა“. ამ ხმას მთები მისცემდნენ ბანსა და ათასგვარად შეცვლილ ხმად ჰაერში დაფანტავდნენ.

როდესაც გოჩამ დალოცვა გაათავა, ხალხს გამოუცხადა ნუგზარ ერისთავის სურვილი.

აქამდის მშვიდად და წყნარად მყოფი ხალხი ერთბაშად შეინძრა. ერთბაშად აღელდა და უკმაყოფილების გამო კარგახანს ბორგავდა.

- გაჩუმდით! – რამდენჯერმე გაიმეორა ხმა-მაღლად გოჩამ და, კარგა ხანს შემდეგ, დაიწყო.

- ღმერთი დიდია და გულუხვი!.. თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენს… ჩვენც არ დაგვკარგავს… რაი უნდა ჩვენგან ნუგზარას, რაისთვი გვეჭრება ოჯახობაში?.. ჩვენც ვიცნობთ ქართველთა მეფეს და დღემც გაშავებია იმ მოხევეს, უკუღმართადამც მოჰქცევია იმ ქართველის დედას წუთი, რომელმაც მეფის გაჭირვებაში შვილი შეიბრალოს, ხალხისთვის სახლიც, ნაშობიც არა გასწიროს!.. ვემსახურებით ჩვენთა მოძმეთა და აგრეც უნდა იყოს. მაშ ძმა რაისია, თუ გაჭირვების დღესაც ძმას არ მიეშველების?.. მაგრამ ნუგზარაი კი თავს იგდებს და, დღეს გაძლიერებულს, გაუმაძღარი თვალი ჩვენკენ მოუქცევია, ორი მეზობელი ერთურთს უნდა წაჰკიდოს, მოხევე და მთიულნი ერთურთს შეახოცოს და თავად კი გაბატონდეს… რას იტყვით, ჯამაათნო!.. ნუგზართან ბრძოლა ადვილი არაა, მთიულთაც ძმობა დავიწყებიათ და ჩვენზედ გამოლაშქრებას აპირობენ… დავმორჩილდეთ?

დამშვიდებული ხალხი ისევ შეირყა და აღელდა; გრგვინვასავით გუგუნი ხალხისა გაერთებულიყო და ჰაერს მხოლოდ ერთი მედგარი სიტყვა არყევდა.

- არა, არა, არა! – განუწყვეტლად ისმოდა ხალხში.

ერთბაშად მინდორზედ ხალხის წინ ერთი ყმაწვილი ბიჭი გამოვიდა, რომელმაც ხელით ხალხს გაჩუმება ანიშნა და დაიწყო:

- გოჩაუ! რაისთვი გვეკითხები მაგას!.. ხევმა ძმობა იცის და, ღთის მადლმა, მოკეთედ მყოფს მეზობლისთვის ჩვენგანი ყველა თავს გადასდებს… მოკვდეს ის კაცი, ვინც მოძმეს ვერ გაიტანს, შერცხვეს ის ქუდოსანი, ვინც მეზობელს ღალატად შეადგების!.. მაგრამ ის მოხევეც დაიმარხოს, ვინც ყმად გახდომა ისურვოს!.. ნუგზარაი ცხოგან გახელებულა და ჰგონია ჩვენი დამორჩილებაც ადვილ იქნების. მთიულთაც დავიწყებიათ ჩვენი კაცობა და პურმარილი: ჩვენზედ მოდიან… ერთხელ დაბადებულებს ერთხელ გვინდის სიკვდილი… გავწყდეთ, ხალხო, და ცხო ხალხს კი ნუ ვიბატონებთ!

- გავწყდეთ, გავწყდეთ, – იყო ამ სიტყვების საერთო პასუხი.

მოლაპარაკეს მიუახლოვდა ვიღაცა მოხუცი, დაეყრდო ჯოხზედ და მიუბრუნდა:

- ონისევ! ღთის მადლმა, კარგი მამის შვილი ხარ და თავადაც კარგი ვაჟობა გეტყობის… ჰაი, ჰაი, რომ ვაჟკაცს შერცხვენილს სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიან, გაწბილებას – ცოცხლივ მიწაში ჩამარხვა… რაიც სთქვი, ღთის მადლმა, კარგადა სთქვი და აგრეც უნდა ყოფილიყო!.. მაგრამ მთიულნი ჩვენი ძმები არიან, იმათ მაცდურად შესდგომია ნუგზარაი, ჯერ ვეცადნეთ მათთან მორიგებას და ოსებისა კი რაი მორიდება გვინდა.

ამ სიტყვებზედ ხალხი ორ დასად გაიყო. ერთი ითხოვდა პირდაპირ შებმას განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე, მეორეს კი მოძმედ შეცდომისთვის მორიგების უცდელად შებმა არ უნდოდა.

ხალხი კარგა ხანს მღელვარებდა და არავითარს გადაწყვეტილებას არ ადგებოდა.

გაისმა ისევ ზარების წკრიალი, რომელმაც ხალხში ისევ სიჩუმე ჩამოაგდო.

- ხალხო! – დაიწყო გოჩამ, – გვიანობისა აღრაა, მტერი კარს მოგვდგომია, გამოვიდნენ თემის თავები… მტერსა და მოყვარესა ყველას დახვედრა უნდა… თემის კაცი! – დაიძახა იმან.

ამ სიტყვების შემდეგ ხალხიდგან გამოვიდნენ ჯგუფ-ჯგუფად ამორჩეულები და გასწიეს წმინდის სამების საბჭოში, სადაც ხევის ბერის გოჩას თაოსნობით, ხევის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.

XV

მოთავეთ დიდხანს ლაპარაკი არ დასჭირდათ, რადგანაც ყველას წინადვე ან სიკვდილი, ან თავისუფლება ჰქონდათ გადაწყვეტილი. იქნენ ამორჩეულნი ჯარის მოთავენი, ბელადნი, ქამანდარნი და შუაკაცნი, რომელნიც მთიულებთან მოსალაპარაკებლად უნდა გაეგზავნათ.

ყველაზედ უფროსობა და განკარგულების მიცემა კი უფლებისამებრ გოჩამ მიიღო თავის თავზედ.

ამ ჩვეულებრივი მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიაც ხალხის სურვილი და წადილი გამოითქმოდა, გოჩამ შუაკაცები მთიულეთს გაამგზავრა და ყრილობა კი დაითხოვა, რათა სამის დღის განმავლობაში მომზადებულიყვნენ, მოწყობილიყვნენ და ქუდზედ კაცი სიონის მინდორზედ გამოსულიყო, რადგანაც მტერს ამ ადგილებში უპირებდნენ გზის შეკვრას.

ხალხი დაიშალა და წავიდ-წამოვიდა, გოჩასა და სოფლის მედროშეთა გარდა, რომელთაც უკანასკნელად უნდა ელოცათ და ხევის კეთილდღეობა შეევედრებინათ ღვთისთვის.

მომავალ ხალხში, სხვათა შორის, ონისეც ერია და ძალზედ გამალებული მოდიოდა თავის სოფლისკენ, სადაც დიდიხნის უნახავს ძიძიასთან შეხვედრის ნეტარება მოელოდა.

ტოლ-სწორნი, რომელნიც ონისეს გარს შემოჰხვეოდნენ, არ უსვენებდნენ თუშებისა და ფშავლების ამბის გამოკითხვით. მაგრამ ონისე მხოლოდ ერთს საგონებელს წაეღო და ამისთვის უსიამოვნოდ და მოკლედ უპასუხებდა.

ისინი ჩამოვიდნენ იმ ადგილს, სადაც ხევის ქალი და რძალი სამების ქედს მოსდებიყო: შავხილსა, ხახამასა და ქუბსა ჰკრებდა.

- უყურე-ღა, ონისევ! ქალები ცხორსავით არ მოსდებიან ამ ველსა. – უთხრა ონისეს ვიღაცა მოხევემ და გაიშვირა ქალებისკენ ხელი. ონისემ მხოლოდ იმისთვის მიიხედა იქით, რომ თავიდგან მოეშორებინა თავისმომძულებელი მოსაუბრე, რომელიც უშლიდა თავის ფიქრებს დაჰკვირვებოდა და მთლად გულის მოძრაობას ჩაჰბრუნებოდა. მაგრამ, რაწამს მიიხედა, რაწამს თვალი გადაავლო იქაურობას, გული როგორღაც შეუთამაშდა, რამდენჯერმე გაიბრძოლა და შესდგა. ონისე შეჩერდა, გაფითრდა და შუბლზედ ხელი გადისვა.

- რა მოგივიდა? – ჰკითხა ამხანაგმა, რომელმაც პირისახეზედ ცვლილება შეატყო.

- არც რაი, არც რაი… – საჩქაროდ უპასუხა ონისემ და ბოლოს დაუმატა: – ჭაჭმა ბანდული გაგლიჯა და ფეხიც გამიჭრა.

ამ სიტყვებით კოჭლობით მივიდა ქვასთან, ჩამოჯდა და ფეხსაცმელის ხდა დაიწყო.

- მაი, მე გაგხდი, – მიუახლოვდა პირველი მოსაუბრე.

- არა მინდა-რა, შენაი ჭირაიმე, არა!.. მე თავად გავიხდი. – უპასუხა ონისემ, რომელმაც აღარ იცოდა, რა საშუალება ეხმარა, რომ მარტო დარჩენილიყო.

- ბეჩაო ჩემო თაო, – დაიწყო ისევ უცნობმა: – რას მეხათრები, ბალღი ხომ არა ხარ? მაი, – გაგხადო! – გაიშვირა ხელები.

- არ მინდა, მე თავადაც გავიხდი, – ვეღარ მოითმინა ონისემ და შეუტია, მაგრამ ჩქარა ისევ თავი შეიკავა და დამშვიდებით უთხრა:

- აგერ მზე გადიწვერა, ნუღარა გვიანობ… მე დაღალული ვარ პატარას დავისვენებ.

მეორე მოხევემ შეჰხედა, აღარა უთხრა-რა, ჩამოიფხატა თვალებზედ ქუდი და გასწია.

ონისე კი ღორღიანებში გადავიდა და იქ ისე მიიმალა, რომ ჩამომვლელებს ვერ შეემჩნიათ, თუმცა თითონ იმათაც ჰხედავდა და მოხილე ქალებსაც, რომელთ შორის ძიძიაც იყო, უთვალთვალებდა…

სამებაში მყოფი ხალხი მალე ჩამოიკრიბა, რადგანაც ყველა შინ მიეშურებოდა, რომ დანიშნულ დროსთვის მომზადება მოესწრო და ზოზინობისთვის ამხანაგების სასაყვედურო არ გამხდარიყო.

ონისე იჯდა თავის საფარში და გულის ძგერით გასცქეროდა ქალებს, სადაც ხილსა ჰკრებდნენ და თავისუფლად ერთმანეთს ელექსებოდნენ.

მარტო ძიძია განმარტოებულიყო ამ საერთო მხიარულებას და ცალკე გასული, ფერწასული და დაღონებული თავაუღებლივ ხილსა ჰკრებდა.

შორიდგან რომ შეგეხედნათ ქალებისთვის, მაშინათვე იფიქრებდით, რომ ძიძია იმათ თაბუნს არ ეკუთვნოდა, იმათთან საერთო არა ჰქონდა-რა და არც არაფერი აკავშირებდა მათთან. ონისე გულამღვრეული გონებადაფანტვით შესცქეროდა მოხევის გოგოს და ჰგრძნობდა, რომ მისი ფიქრების მიზეზი ის იყო; უნდოდა დაეძახნა: აქა ვარ, აქ მოდი, მე ვარ შენი ტოლი, მხოლოდ მე შემიძლიან შენი გახარება, მაგრამ სიტყვა პირში უწყდებოდა, რადგანაც ძიძიას ამხანაგებისთვის არ უნდოდა შეეტყობინებინა არც თავისი სიახლოვე და არც გულის პასუხი. ის ერიდებოდა ძიძიას სახელის გატეხას, მოყივნებას ქვეყანაში.

ქალები თანდათან უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, სადაც ონისე იყო დამალული, და მათს მოახლოვებაზედ კი მოხევეს ცახცახი ეკიდებოდა. ისა ჰგრძნობდა, რომ ძიძიას მოახლოვებასთან ერთად რაღაც ძალა ემატება, რომელიც თანდათან მაგრადა ჰკრავს და ჰბოჭავს მოხევის გულს, თანდათან მეტის სიმძლავრით და მედგრად იზიდავს თავისკენ.

ერთბაშად ქალები გაბრუნდნენ სრულიად სხვა მხრისკენ და ონისემ კი სიხარულით კინაღამ შეჰკივლა, რადგანაც დაინახა, რომ ძიძია დანარჩენს ამხანაგებს გამოშორდა და პირდაპირ მოხევესკენ წამოვიდა.

ონისეს ქშენამ იქამდის მოუმატა, რომ გულმა ძალზედ დაგადუგი დაუწყო და განუწყვეტლივ სულსა სტაცებდა.

ძიძია გამოვიდა ღორღებზედ, დასდგა კალათა და ჩამოჯდა იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, რომელსაც მიაპყრო სევდიანი თვალები და დაფიქრდა.

ონისე მიიბრძოდა ქალისკენ, მაგრამ რაღაცა გრძნობა ძალას ართმევდა და გაუბედაობაში აგდებდა. ხანდახან იმ მდგომარეობამდისაც კი მიდიოდა, რომ პირმოკუმულს სუნთქვაც კი ვეღარ გაებედა, რათა ჰაერის მცირედის მოძრაობითაც არის მისთვის მყუდროება არ დაერღვია და ნაზი ქმნილება არ დაეკრთო.

ძიძიამ ერთბაშად ამოიოხრა, მოერია თვალებზედ ცრემლები და წყნარის ზუზუნით მღერა დაიწყო. მერე მარგალიტსავით გადმოეკიდა გრძელსა და შავს წამწამებზედ ცრემლი; იმას მოჰყვა მეორე და ქალმა წყნარად ტირილი დაიწყო.

ონისემ სატანჯავს ვეღარ გაუძლო და ჩუმად მიუახლოვდა.

- ქალაუ, რაი გატირებს? – ნიავსავით ჩუმის ხმით ჩასჩურჩულა ონისემ, მაგრამ ეს ხმა იქამდის ძლიერად ეჩვენა ძიძიას, რომ მხოლოდ შემოხედვა მოასწრო და გაშეშდა. ძიძია იჯდა გაქვავებულსავით, შესცქეროდა ონისეს და მხოლოდ ტუჩების მოძრაობა უმტკიცებდა, რომ რიღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა.

- მითხარ, ქალაუ, მითხარ… – დაიწყო ისევ ონისემ და ძიძიას წინ ჩაიჩოქა: – რაისთვი მერიდები, განა შენი ხელისმომკიდე არა ვარ?

ძიძია შეინძრა, მის ლოყებს სიცოცხლის ნიშანი დაეტყო, ელფერი შეუთამაშდა, თვალებმა ბრწყინვა დაუწყეს და გაოცებულს ტუჩებზედ სიხარულის ღიმილი დაეტყო. ძიძია კარგა ხანს იყო იმ მდგომარეობაში, როდესაც კაცს გაოცება ნებას არ აძლევს თავისი გრძნობა გამოირკვიოს. ბოლოს წინ გამოიშვირა ხელები და წყნარად, მაგრამ გარკვევით, წარმოსთქვა:

- ონისე!.. საით მოხვედი?

ონისე თანდათან უახლოვდებოდა ქალსა, რადგანაც ნახევრად მიწოლილი ხელებზედ დაყრდომილიყო და ხელები კი ცახცახით თანდათან ქალს უახლოვდებოდნენ. მოხევე შესცქეროდა ძიძიას აღგზნებულის თვალებით და აშკარად სჩანდა, რომ ამდენი ხნის განშორებას მის გულში ტრფიალების ცეცხლი არამც თუ ვერ გაექრო, არამედ უფრო გაეძლიერებინა და მისი გული სატრფოსთან შეყრის სურვილს უფრო გაეკაპასებინა. მის მეცადინეობას ამაოდ ჩაევლო, რადგანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ძიძიასთან, ერთი თვალის მოკვრა საკმარისი იყო, რომ ყოველისფერი ხელახლად გადაევიწყებინა და აკანკალებულის ხმით და მთრთოლვარე ტუჩებით მარტო ამ ქალის სახელი შერჩენოდა, თითქოს მისთვის ქვეყანაზედ ამის მეტი სიტყვა აღარ მოიძებნებოდა…

- ძიძიაუ, ძიძიაუ!.. – იმეორებდა ის მეათასედ და ხმა ისეთგვარად ტრიალებდა, ისეთგვარად გამოისმოდა, რომ მართლადაც თავის გრძნობის გამოსათქმელად უკეთესს ვეღარას მოიგონებდა.

ეს სახელი ონისესთვის მეტად ძვირფასი იყო, რომ მისი თანაბარი სხვა სიტყვა კიდევ რამ ჰქონოდა, ან ისეთის ძალით წარმოთქმა შესძლებოდა. აშკარა იყო, რომ ძიძიაცა გრძნობდა ამ სიტყვებს, რადგანაც გაკვირვება თანდათან შორდებოდა; მისი ნაზი სხეული ონისესკენ იხრებოდა და კეკლუცი სახე, რომელიც თანდათან მეტად ენთებოდა, მოხევეს უახლოვდებოდა.

გაიარა წუთმაც და ორი დაბნედილი ქმნილება, ერთმანეთის სუნთქვისაც კი ერთმანეთში გადამნერგავნი, მიუახლოვდა და გაშმაგებული შესცქეროდა ერთმანეთს. სწორედ ამ დროს ცელქმა და მოუსვენარმა ნიავმა დაჰქროლა და ძიძიას მოგლიჯა თავშალი. ხშირი და გრუზი შავი დალალები გადმოსცვივდნენ და ონისეს სახეს ციგლიგი დაუწყეს. ეს-ღა აკლდა, რომ ორთავეს უკანასკნელი ძალაც მიხდოდათ და მათი ტუჩები წუთზედ შეწებებულიყვნენ…

ვინ იცის, სადამდის გაგრძელდებოდა, სადამდის გასტანდა მათი ტრფიალი, თუ მოახლოვებული ქალების ხმაურობას შეყვარებულნი თავდავიწყებიდამ არ გამოეყვანა.

ძიძიას მოაგონდა თავისი მოვალეობა, რომელიც ხალხის რწმუნებით ხელისმომკიდეს ანათესავებდა, და ამ ფიქრმა გასჭვალა. წარბები შეეკრა, სახე დაეპრანჭა და მეტისმეტმა ტკივილმა, რომელიც გულსა და ღვიძლში უვლიდა, გააფითრა. ქალმა ხელისკვრით მოიშორა ონისე და ფეხზედ წამოიჭრა, გაბრუნდა და უკან მოუხედავად გაემართა ამხანაგებისკენ. ონისე კი იმავ ადგილს დარჩა გაწამებული და დაღონებული, რადგანაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რა მიზეზი იყო ძიძიას ისე წასვლა.

ძიძია შეუერთდა ქალებს, რომელთაც ჩამოიარეს ღორღიანი ადგილი და ონისე კი გულის ძგერით უცქეროდა თავის სანატრელს, რომელსაც ქორწინების შემდეგ ტუჩებზედ პირველად გადაჰშლოდა ვარდი, თვალებში გაჰბრწყინვებოდა სიამოვნების ნაპერწკალი და ჯეირანსავით ყელმოღერებული კოხტად მიგოგავდა.

ონისე უყურებდა გულის ძგერით. ნებაუნებლივ გუნებაში კითხვა ებადებოდა: „ასე თავი რად დაანება, რატომ არა უთხრა-რა, ან კიდევ შეჰხვდებოდა როდისმე მასთან ალერსი?“

ქალები გასცდნენ და ონისეც წამოდგა ზეზედ. ის გაიზმორა. მედიდურად მიიხედ-მოიხედა და რაღაცა ძალა იგრძნო, რომელსაც თავის თავს დღემდის ვერ ამჩნევდა. ძიძიას უყვარდა – ქვეყანა თავისი ეგონა!..

XVI

სადაც ეხლა საქართველოდგან ჩრდილოეთისკენ გზა მიდის, სოფ. კობის ქვეიდგან, რაკი სამტვეროს მინდორს ჩამოსცდება, გზა გრკალსავით იხრება და სამმხრივ ჩამოლესილს სიონის კლდეს სარტყელსავით ერტყმება. ზედ კლდის წვერზედ ამაყად ამართულა მაღალი კოშკი, რომელიც მედიდურად და მტრის გულის გასახეთქად სდარაჯობს იმ ხეობას. ეს ადგილი მბრძანებლობს იქ გასასვლელს ადგილებზედ და მოსავლელი მხოლოდ ნაროვანის უღელტეხილიდგან აქვს. შემკობილი მშვენიერის საძოვრით, წყალითა და ტყითა, ბუნებითვე ძნელს გასატეხს სიმაგრედ შექმნილი, ხევისთვის წარსულს ცხოვრებაში ერთსა და უპირველეს სანუგეშო ადგილად ითვლებოდა. სიონის კლდის თავზედ გადაშლილიყო პატარა მინდორი და ზედ გაეშენებინათ ჭაჭით და ბასრი ქვით აგებული სახლები, რომელნიც ბუნებისგანვე გამაგრებულს ადგილს უფრო მეტად ამაგრებდნენ.

აი ეს ადგილი გახლდათ, სადაც ხევი იკრიბებოდა, რომ წარსულის დროის მტარვალის წადილს წინ გადასდგომოდა და მისი მოსისხლე სურვილი შეემუსრა.

რადგანაც გოჩას ხევის დასაცველად მეტად ბევრი ხალხი სჭირდებოდა, ამისათვის ხევის ბერმა გასცა განკარგულება, ვისაც ხევში იარაღის ტარება შეეძლებოდა, ყველა ბრძოლის ველზედ გამოსულიყო, ხოლო რათა დედაკაცებიც უსაქმოდ არ დარჩენილიყვნენ ამ საერთო საქმეში, ვალად დაედოთ მთებიდგან, სადაც ცხვარი საწველად ედგათ, ჯარისთვის ყველი, ერბო და რძე ეზიდათ. პური კი ყველას თავთავიანთ სახლიდგან უნდა მოსვლოდა.

ამგვარად მოზიდული ხორაგი ყველას თანასწორად ეძლეოდა, თუმცა მიმღებთ შორის ისეთნიც ერივნენ, რომელთაც საკუთარი ცხვარი სულაც არა ჰყვანდათ.

ტყვია საკმარისი ჩამოჰქონდათ ხდიდგან, გვარჯილას ჰკრებავდნენ შიგვე სოფელს სიონში გამოქვაბულს კლდეებში, სადაც თეთრ მარილსავით მიწაზედ ეყარა და გოგირდი კი წინადვე ჰქონდათ დამზადებული. იქვე სწვავდნენ არყის ხესაც და ამგვარად ამზადებდნენ თოფის წამალსა.

მოხევენი ამაგრებდნენ აგრეთვე სიონის წინ მდებარე სამტვეროს ტყესა და საზოგადოდ ისე ემზადებოდნენ, თუ ბედი უკუღმა დაუბრუნდებოდათ, ძვირად დაესვათ თავიანთი დამარცხება.

ერთს ბნელ ღამეს, როდესაც კაცი თვალთან მიტანილს თითსაც კი ვერ გაარჩევდა, სამტვეროს თავში მოისმა წყნარი ხმაურობა რამდენისამე მომავლის კაცისა. ისინი მოუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ბილიკი ტყეში შედიოდა. მაგრამ ერთბაშად იძულებულნი იქმნენ შემდგარიყვნენ, რადგანაც გაიგონეს რამდენისამე კაცის ხმა.

- ვინაა? შესდგეს, თუ თავი ებრალება.

ამ სიტყვებთან ერთად მომავალთ იგრძნეს, რომ მათ მკერდებს თოფის ტუჩები შეეხოთ. ისინი შესდგნენ.

- ვინა ხარ? – იკითხა ისევ იმ უცნობმა, რომელიც პირველში გამოელაპარაკა.

- ჩვენა: წმინდი-სამების ყმები, – იყო პასუხი.

- სად მიხვალთ?

- გოჩასთან.

- საიდგან მოდიხართ?

უშიშრად ეპასუხებოდა ერთი მომავალთაგანი, რომელმაც დაუმატა: – ონისე, შენ არა ხარ?

- ჰო, მე ვარ, – უპასუხა ონისემ და პირისახის ახლო მიტანით ჩააკვირდა უცნობს: – აჰუ, ვეღარ გიცან, თოლიკაუ!.. მოხვედ მშვიდობით.

- მშვიდობა მოგცა უფალმა, – უპასუხა ახლადმოსულმა და დაუმატა: – გოჩა სადაა, იმის ნახვა გვესწრაფის.

- იარეთ, – მიუგო პასუხად ონისემ და გაუძღვა წინ.

თოლიკე იყო ერთი იმ შუაკაცთაგანი, რომელიც მთიულებთან იყვნენ გაგზავნილნი და ყოველი მოხევე გულის თრთოლით მოელოდა მათს დაბრუნებას.

რასაკვირველია, ონისესაც გულით უნდოდა შეეტყო, რა პასუხი მისცეს მთიულებმა, მოუხდებოდათ დამოყვრებულ ხალხთან ჩხუბი, თუ მშვიდობიანად მოშორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საიდუმლოება არ გამოაშკარავებულიყო, – კითხვას ვერც კი ჰბედავდა.

იმას არც კი შეუმჩნევია, რომ ამ გამოკითხვის სურვილი ჰქონდა და თავის სიმუნჯით ამ საგანზედ ამტკიცებდა, რაოდენად პატივსა სცემდა ხალხის სარგებლობას და რაოდენად ესმოდა სიჩუმის საჭიროება.

შუაკაცებიც ქვასავით გაჩუმებულები მისდევდნენ ონისეს და იმ წუთს რომ ასო-ასოდ დაეჭრათ, მინდობილს პასუხზედ საჭიროებამდე ხმას ვერ გააწყალებინებდნენ. იმათ კარგად ესმოდათ, რადგანაც საუკუნოებით შესჩვეოდნენ, ერთს მომეტებულს სიტყვას ხანდისხან რა ვნების მოტანა შეუძლიან.

ისინი მივიდნენ გოჩასთან, რომელიც მოსულთ დანახვისთანავე ფეხზედ წამოიჭრა, შეიყვანა შუაკაცები საწოლში და დასხა უბრალო ფიცრის ტახტზედ, რომელიც ხევის ბერს სარეცელადა ჰქონდა გაკეთებული.

ონისე, რომელიც იქვე იდგა, ელოდა გოჩას ბრძანებას და მოხუცმაც დიდხანს არ დააგვიანა.

- ბალღო, ამათ მოჰყევ? – ჰკითხა იმან ონისეს.

- ჰაი, ჰაი, – იყო პასუხი.

- კარგი, წადი, მიჰხედე შენს ამხანაგებს. ვინძლოთ, ფრთხილად იყვნთ, – უთხრა გოჩამ და მბრძანებელის კილოთი დაუმატა: – არავინ გამოგეპაროსთ, თორემ თქვენის თოლების მეტი ვეღარა გიხსნით-რა.

- ბეჩაო ჩემო თაო! – ამაყად წამოიძახა ონისემ და მედიდურად დაუმატა: – ქუდები არ გვხურავს?! მშვიდობით. – ოდნავ თავი დაუკრა და გამოვიდა.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – დალოცეს ახლადმოსულებმა და მამამ კი თუმცა ხმა არ გასცა, მაგრამ ისეთის სიყვარულით გაადევნა თვალი, იმდენი სიამოვნება გამოიხატებოდა იმის სახეზედ შვილის პასუხის დროს, რომ ყველა აშკარად დაინახავდა, – მოხუცს მზე და მთვარე ონისეზედ ამოსდიოდა.

XVII

ვიდრე მოხევენი სამზადისში იყვნენ და თავიანთ ადგილებს ამაგრებდნენ, ნუგზარ ერისთავიც არ იყო გულზედ ხელდაკრებილი და ყოველის ღონისძიებით ცდილობდა თავისი ჯარი გაემრავლებინა, რათა აუარებელის რიცხვით ხევს თავს დასხმოდა და ერთბაშად ძლიერის შეტევით მოემტვრია მოხევეთა სიკერპე.

ის არ კმაყოფილდებოდა ოსების და მთიულების უმრავლესის ჯარით, იმას უნდოდა საქმეში ჩაერია ხანდოსხეველნი, ჭართლელნი და გუდამაყრელნი, რომელთანაც კაცები გაეგზავნა და დღედღეზედ პასუხს მოელოდა. ამათ გარდა ის მოელოდა კიდევ ლეკებს, რომელთა დაპირებაც დიდად აიმედებდა.

ნუგზარ ამგვარს საქმეებში გამოცდილი იყო, კარგად იცნობდა ხევსა. თავს არ აიმედებდა, რომ საქმე სახუმროდ გათავებულიყო, ის ვაჟკაცი და შეუბრალებელი იყო, სისხლის ღვრა მისთვის დროს გასატარებელი მეჯლიში იყო, მაგრამ მას გოჩასი ეფიქრებოდა, რადგანაც ამის მოაზრების და გამოცდილების სახელიც მთელს მთაში გავარდნილი იყო.

ერთს დილით გარიჟრაჟზედ მთიულების ურდოში შევიდა ტანად მოსული და კარგად ჩასხმული ვიღაცა წვერიანი კაცი. იმის ჯაჭვის პერანგი, თვლებით და მძიმედ ოქროთი მოჭედილი ხმალი, ოქროთივე ნაჭედი ჩაჩქანი ამტკიცებდა, რომ ის უბრალო მთიულებს არ ეკუთვნოდა და რომელიმე გამოჩენილი გვარისა უნდა ყოფილიყო. იმის ტლანქი პირისახის ნაკვთები, სქელი და რაოდენადმე გადმობრუნებული ტუჩები, მსხვილი მოგრძელო ცხვირი, განიერის ნესტოებით და პატარა, ქუთუთოებ შეშუპებული თვალები ამტკიცებდნენ მის შეუბრალებლობას და დაუდგრომელს მხნე ხასიათს. ხშირი გაერთებული შავი წარბები ნაოჭად შეკრულს შუბლთან ერთად უფრო მომეტებულს სიმკაცრის ბეჭედს ასვამდნენ იმის ისეც უსიამოვნო სახეს და რამდენიმე ხაზი, რომელიც თვალის კილოებიდან სხვადასხვა მხარეს შუქსავით იბნეოდნენ, აშკარად გიჩვენებდნენ, რომ ცხოვრებაში მოთმინების მიმყოლი არ უნდა ყოფილიყო. იმის მისვლასთან ერთად მთიულების ურდო შეინძრა და უფროსი კაცები მისალმებით მიეგებნენ.

ხალხი მისვლის უმალ ქუდს უხდიდა და მდაბლად თავის დაკვრით ეუბნებოდა:

- ბატონს ნუგზარს გაუმარჯოს, ბატონს ნუგზარს ვახლავართ! – და ისიც სიამპარტავნით და მედიდურად ოდნავ თავის მოხრით სალამის ღირსად ძლივსა ჰხდიდა.

ნუგზარ მივიდა იმ ადგილს, სადაც ურდოს შუაგულში ცეცხლის პირას ნაბადი იყო დაგდებული და ზედ მოიკეცა. მთიელთა ჯარის უფროსნი გარს შორი-ახლო შემოეხვივნენ.

- დასხედით, სიტყვა მაქვს, – მოკლედ, მაგრამ ბრძანებელის კილოთი და ბოხის ხმით დაიწყო ნუგზარმა.

მთიულებმა მოიკეცეს ბალახიანს ველზედ და მოთმინებით ელოდნენ, რას ეტყოდა იმ ხანებში ქართლში ნათესავების შემწეობით გამძლავრებული ერისთავი.

- ხალხო! – დაიძახა ნუგზარმა და ხმაში მრისხანება დაეტყო: – გუდამაყრელებსა, ხანდოსხეველებსა და ჭართლელებს უარი შემოუთვლიათ ჩვენს დახმარებაზედ და ვფიცავ ანანურის ღვთისმშობელს, რომ მკაცრად გადავუხდი მაგ უარისთვის, გავუმწარებ სიცოცხლეს და მზეს დავუბნელებ… ვეცდები, რომ მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწითლებულიყოს, რამდენსაც მათი სისხლით შევღებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, რამდენსაც შავად შევმოსავ… იმათ მოთავეებს ჩემის ხელით ამოვგლეჯ გულებს, სიამოვნებით გამოვწურავ სისხლს და ჩემი გული მაშინ დამშვიდდება, როდესაც ხელი იგრძნობს მათს უკანასკნელს ფართხალს…

აქ ნუგზარ შესდგა რამოდენსამე წამს. მისი თვალები ბოროტების ცეცხლით აინთნენ და ჩასისხლიანდნენ. მსმენელთ შორის ბევრნი ისეთნი იყვნენ, რომელნიც პირზედ ღიმილით სიკვდილს ათასჯერ პირმომცინარნი შეჰგებებოდნენ და განუწყვეტლივ ბრძოლაში გული კაჟად გადაქცეოდათ, მაგრამ იმათაც კი ვეღარ შეიმაგრეს თავი და ნუგზარის სიტყვებზედ რაღაცა აღშფოთებამ უსიამოვნო ჟრუანტელად გაურბინა სხეულში. ხალხში სრული სიჩუმე იყო, ყველას სული გაენაბა.

- მაგრამ ეგ შემდეგისაა!.. მოხევეებისთვის ჩვენცა ვკმარვართ… მე არ მინდოდა ბევრი ბრძოლა, ვფიქრობდი ერთბაშად გამესრისა ისინი, მაგრამ არა უშავს-რა… ხმლის თითო მოქნევის მაგიერ, ოროლჯერ მოვიქნიოთ და ისევ ის იქნება… ნუღარ ვიგვიანებთ, წავიდეთ დღესვე!

ნუგზარ, რომელიც თანაგრძნობის ყიჟინს მოელოდა, ერთბაშად შესდგა; ხალხში სიჩუმე ოდნავის შერხევითაც არ დარღვეულა. ნუგზარმა შეჰხედა იმათ და სახეს სიბრაზის ალმურმა გადაჰკრა.

- ხალხო, ეს რა ამბავია? – წარმოსთქვა იმან ცუდად დაფარულის თავშემაგრებით.

ამაზედაც სრული სიჩუმე იყო პასუხად. ნუგზარმა ვეღარ მოითმინა და მრისხანედ წამოიძახა:

- აქაც ღალატია, თუ შიში?!. ლაჩარო დიაცებო… ვინ გაჰბედავს ჩემს წინ უარს?!. ვინ არ გამომყვება? – ნუგზარ დადგა განზედ და კრებას ისეთ რიგად დაუწყო ყურება, თითქოს თვალებით შეჭმას უპირობდა.

მთიულთა მოთავეთ შორის გამოვიდა ერთი და პირდაპირ ნუგზარს დაუდგა.

- მე, შენი კვნესა-მე!.. მე არ გამოგყვები.

ამ სიტყვებზედ ნუგზარმა თოფის წამალსავით იფეთქა, გაივლო ხმალს ხელი, მაგრამ თავი ისევ შეიკავა.

- შენა?.. შენ ამბობ მაგას?.. მაგრამ მართალი ხარ… შენი კაცობა ვის გაუგონია, შენი საქმე მანდილოსნებთან ყოფნაა… წადი შინ, მოუჯექ დედაკაცებს, ბრძოლის ველზედ შენ რა ხელი გაქვს?.. შენს მაგიერ შენი ჯარი მოთავედ სხვას ამოარჩევს და, უეჭველია, ის შენზედ გულადი იქნება.

მთიული, რომელიც მოთმინებით ელოდა ნუგზარის სიტყვების გათავებას, ერთბაშად გაიმართა წელში და მხოლოდ ხმის მცირედს კანკალზედ შეატყობდით, რომ საწყენი სიტყვები გულამდის ჩასწდომოდა.

- ჩვენი თავი, ნუგზარაუ, მეფემ შენ ჩაგაბარა… შენი სახელი დღეს მეფის სახელია და იცი, რომ იმის სახელი გიფარავს, მთიული ქართველთ მეფის წინ ხელს ვერ გასძრავს… რად მლანძღავ?.. ჩვენგან არც ერთი არ წამოვა, არც ვინ არ მოგექომაგება… რაი გვაქვს გასაყოფი მოხევეებთან?.. არა, ხალხო? – მიუბრუნდა მთიული დანარჩენებს.

- მართალია, მართალი, ლომისის მადლმა! – გრგვინვასავით გაირბინა ხალხის ხმამ. ამის ნახვაზედ ნუგზარი რაოდენადმე შეჰკრთა და აირია, რადგანაც ამგვარად საქმის დატრიალებას არ მოელოდა, მაგრამ, როგორც გამოცდილმა კაცმა, თავი მალე შეიკავა და უფრო დაწყნარებით ჰკითხა:

- მაშ სიტყვა რად მომეცით, რადა მპირდებოდით?

- შენ გვითხარ, რომ პირ-იქითელს ოსეთზედ უნდა გავილაშქროთო, გვითხარ, რომ ჩვენს მეფეს ეწინააღმდეგებიანო, მოგვატყუე, რომ მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთო და იმად წამოგყევით.

- მართალი არის… მოხევეებს ოსების მხარე უჭირავსთ, უნდა გადავახდევინოთ.

- ტყუილია. ტყუილი! – ერთხმად იგრიალა ხალხმა.

ნუგზარ სიბრაზით ტუჩებს იკვნეტავდა და გულით უნდოდა შეეტყო, ვინ შეატყობინა მთიულებს ეს ამბავი.

- ვინ გითხრათ, რომ ტყუილია? – ერთბაშად წამოიძახა ნუგზარმა, რომელიც იმედობდა, რომ მოღალატის სახელს გაიგონებდა.

- თავად გვითხრეს, თავად! – მოისმა რამდენისამე კაცის ხმა.

- და თქვენც დაუჯერეთ?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! – ბოროტად გაიხარხარა ნუგზარმა.

- რად არ უნდა დაგვეჯერებინა?

- იმიტომ, რომ თქვენი შეშინებიათ და უნდათ თავიდგან მოგიშორონ.

- ტყუილია, ტყუილი! – განიმეორა ხალხმა საერთოდ.

ნუგზარ მთლად გალურჯდა სიბრაზისაგან, რადგანაც ამგვარ პასუხს ის დაჩვეული არ იყო. იმ წუთში იმას რომ შესძლებოდა, იქავ ყველას გასრესდა, გაანადგურებდა, მტვრად აქცევდა და ქვეყანაზედ გაჰფანტავდა, მაგრამ ისეთს მდგომარეობაში იყო, რომ ნებაუნებლიედ თავი უნდა შეეკავებინა.

- მაშ იმათი სიტყვა გჯერათ? – იკითხა ნუგზარმა.

- გვჯერა, ლომისის მადლმა! – მისცა რამდენმამე კაცმა პასუხი: – გვჯერა იმად, რომ მოხევის კაცები იყვნენ, შემოგვფიცეს და ჭდე დასდეს… ჭდეს საით ეღალატების, არა, ხალხო?

- არ ეღალატების, არა!.. წავიდეთ, დავბრუნდეთ შინა! – ყვიროდნენ მთიულები, რომელნიც აიშალნენ, აირივნენ და თავიანთ ბინას ხელი წამოავლეს.

კარგა ხანს გრძელდებოდა ჟღავილ-ჟღუილი და ჩოჩქოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ შესწყდა, როდესაც მთიულები პირველს ბეგობას გადაეფარნენ. დაცარიელებულს მინდორზედ მარტო ერთი კაცი-ღა დარჩა. იმისი დაღვრემილი სახე ღრმა ფიქრს წაეღო და მთლად გაფითრებულიყო.

კარგა ხანმა გაიარა, რომ ეს კაცი ასე გაქვავებული იდგა, თითქოს განძრევის თავიც აღარა ჰქონდა. მერე ერთბაშად აიქნია თავი, დააღრჭიალა კბილები და მუქარით წამოიძახა: – თქვენი ფეხი დამკარით, თუ დღევანდელი დღისთვის არ გადაგიხადოთ!

XVIII

თრუსოს ხეობის გამოსავლელში, სადაც თერგი ვიწრო ხეობიდგან თავს აღწევს და იშლება კობის გადაჭიმულს ვაკეზედ, ოსების უკანასკნელს სოფელს ოქროყანასთან, საკმაოდ ხალხი მოგროვილიყო და მხიარულის სიმღერით დროს ატარებდა. თუმცა ეს მხიარულება და განუწყვეტელი ყიჟინა ამტკიცებდა, რომ შეკრებილი ხალხი რაღაცა სიამოვნებაში იყო, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ისინი არც რომელსამე დღეობას შეეყარა, რადგანაც არც ერთი ქალი არ მოჩანდა მათ შორის, და არც რომელსამე სახალხო დროს გატარებას; ყველანი თავიდგან ფეხებამდე შეჭურვილნი იყვნენ და ურიცხვი ბარგაკიდებული ცხენები ჭიხვინით ტოტებსა სცემდნენ მიწას და აქეთ-იქით მოუთმენლად მიიზიდებოდნენ.

ხალხი მოძრაობდა და რაღაცა მღელვარებაში იყო, ეტყობოდათ, რომ აქ დაბინავებას არ აპირობდნენ და მალე გზად უნდა გამართულიყვნენ.

ესენი ამ ლხინში იყვნენ, როდესაც თრუსოს ხეობის ხვეულს ბილიკზედ კორიანტელი ავარდა და მომღერლების ყურადღება მიიქცია.

ყველანი გაჩუმდნენ, გაიშალნენ და იმ ადგილს დაუწყეს ყურება, საიდგანაც მოჩანდა მტვერი. მტვერი თითქოს მოძრაობდა, ადგილს იცვლიდა და შეკრებილს ხალხს თანდათან უახლოვდებოდა.

აშკარა იყო, რომ რამდენიმე მხედარი ცხენებს მოაჭენებდა, მაგრამ ცხენების ფეხით ავარდნილი მტვერი და გზის ნაპირას მყოფი ქვები მაყურებელთ უშლიდა მომავალნი დაენახათ. ცოტა ხანმაც ამ მდგომარეობაში გაიარა და ერთს ჩამოლესილს კლდის ნაპირზედ, ერთბაშად, თითქოს მიწიდგან ამოიზარდნენო, გამოჩნდა რამდენიმე ცხენოსანი. ამ ადგილს ბილიკი ისე ვიწრო იყო, რომ გეჩვენებოდათ, თითქოს მომავალნი კლდიდგან ცხენებს გადმოხტომას უპირებენო; ისე ჰქონდა კლდეს ცხვირი წამოწვდილი, რომ მომავალთა სურათი ცის ტატნობზედ იხატებოდა, მედიდურს და გულისშემტაცებს ოცნებად მოგეჩვენებოდათ და გასურვებდათ მათთვის თვალი არ მოგეშორებინათ, მაგრამ სწრაფად გამოჩენილები სწრაფადვე ჩაიმალნენ ამაღლებულს ქედის უკან, ისე, თითქოს წუთზედ ამოჩენილნი წუთზედვე მიწამ ჩანთქაო.

თუმცა ამ სურათის ცვლილება წუთზედ მოხდა, მაგრამ შეყრილის ხალხისათვის ეს მცირე ხანიც საკმარისი იყო, რომ მგზავრები ეცნო.

- ნუგზარაი, ნუგზარაი მოდის! – დაიძახა სიხარულით ხალხმა და სიამოენების ღიმილმა გაურბინა პირისახეზედ.

დიაღ, ეს გახლდათ ნუგზარი, რომელიც მოაჭენებდა თავის ერთგულის ოსების ურდოსკენ, სადაც პირობისამებრ ისინი უნდა მოგროვილიყვნენ, აქ შეერთებოდნენ მთიულებს და საერთო ძალით ხევზედ გალაშქრებულიყვნენ.

სიტყვა არ უნდა, რომ იმათ გულით უნდოდათ გადახდევინება იმ ხალხისა, რომელიც მათსა და ქისტეთს შუა სოლსავით შეჭედილიყო და დამეზობლებულ ხალხთათვის საშუალება მოესპო, გადაუხდევინებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს დასცემოდა.

ოსებს უნდოდათ გასრესა იმ ხალხისა, რადგანაც, შუაში შეჭრილი, ყოველ მხრივ მტერშემორტყმული თავშეუწყვეტლივ იცავდა საქართველოს ალაყაფის კარს და მარჯვნივ თუ მარცხნივ მამულის სადიდებლად ბასრს გორდას იქნევდა.

რაღა თქმა უნდა, რომ ნუგზარის მიშველება იმათ წადილს ეთანხმებოდა და ამ ბრძოლის შემდეგ ისინი იმედობდნენ, რომ ფართო ასპარეზი დარჩებოდათ თავისუფალის ავაზაკობისათვის.

ოსებს ძალიან გაეხარდათ ნუგზარის დანახვა, მაგრამ მისგან ისე ცოტა ხალხით მოსვლა მაყურებლებს მეტად აკვირვებდა, რადგანაც ნუგზართან ერთად მთიულებსაც მოელოდნენ; ოსებმა სრულიად არა იცოდნენ-რა მთიულების შინ დაბრუნებისა, რადგანაც უკანასკნელები პირდაპირ ლომისის მთაზედ გადასულიყვნენ და ოქროყანას მოგროვილ ოსებს ვეღარ შეხვდებოდნენ.

- მარტო რად მოდის? საკვირველია, ღვთის მადლმა! – იძახდნენ ოსები, მაგრამ ისევ მალე მშვიდდებოდნენ ზოგიერთების პასუხით:

- ალბად ჯარი უკან მოდის და ეგ კი თავდარიგის მისაცემად წინ წამოსულა.

ამ სიტყვების შემდეგ ოსების ურდოდგან განცალკევდა რამდენიმე გამორჩეული მხედარი, ამხედრდა და თავსბრუ დამხვევის სისწრაფით ნუგზარის მისაგებებლად გაჰქუსლა.

ყველანი მიაჭენებდნენ სიმღერით, თოფის სროლითა და ყიჟინით და თანდათან უახლოვდებოდნენ ერისთავს, რომელსაც ამხანაგებთან ერთად მთის ბილიკებიდგან ჩამოსვლა მოესწრო და გათქვირებულს ცხენს, მთლად ოფლში გაქანებულს, მოაქროლებდა.

ოსები და ნუგზარ გაექანნენ ერთმანეთისკენ და ცხენებს ჯილავი მხოლოდ მაშინ მოსწიეს, როდესაც მათი შუბლები თითქმის ერთმანეთს შეეხო. პირდაღრენილი ცხენები უკან მოაწყდნენ, უკანა ფეხებით ჩაიჩოქეს და გაქვავებულსავით შესდგნენ.

- და ფანდაგ რასტ! (გზა მშვიდობისათ) – მიესალმა ნუგზარ და პასუხად მიიღო:

- და ყუტა რასტ!

- სხვა?!. როგორა ხართ, რასა იქთ?

- კარგად ვართ, ღვთისა და შენის წყალობით.

- ჯარი მოგროვდა?

- მოგროვდა; ყველანი იქ არიან, – უპასუხა ერთმა, რომელიც მოსულს ოსებში თაობდა.

- ხომ არავინ დაჰკლებია? – მზრუნველობით კითხულობდა ნუგზარ და ცდილობდა მხიარულად სჩვენებოდა, თუმცა შუბლი შესჭმუხვნოდა და პირისახეზედ მწარე დუმილის ბეჭედი დასტყობოდა.

- თუ კი შენ დაუძახებ, უარს ვინ იტყვის? – მოუქასურა ოსმა და დაუმატა: – ყველანი აქ არიან, შენი ჭირიმე, ყველას შენი სამსახურისთვის თავი გადაუდვია.

ნუგზარს სიამოვნების ნაპერწკალმა გაურბინა გულში, სახე რაოდენადმე გაუღიმდა, მაგრამ მაშინვე ისევ გაფითრდა, შუბლი შეიჭმუხვნა.

- მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო ნავრუზ!

- აბა, რა მადლობას მიბრძანებ, შენი ჭირიმე, შენი სამსახურის ღირსიც კი არა ვართ, არა, ჩემმა მზემ!.. არა, ბიჭებო? – მიუბრუნდა ოსებს.

- ჰაი, ჰაი, რო აგრეა, – დაუმოწმეს სხვებმა.

ნუგზარ გაჩუმდა, რადგანაც მისი გონება მეტად სატანჯავს საგანს დააკვირდა, მისი მდგომარეობა ადვილი არ იყო, რადგანაც ოსების გულადობა მხოლოდ მთიულების დაამხანაგების გამო წარმოსდგებოდა და კარგად იცოდა, რომ, თუ იმათ მოშორებას თრუსოელები გაიგებდნენ, მათი დაჭერაც ძნელი-ღა იქნებოდა.

მაშ როგორ მოქცეულიყო, რომ ოსები არ შემოჰფანტოდა და მათზედ გავლენა არ დაეკარგა, როდესაც ეს უკანასკნელები ჭეშმარიტებას შეიტყობდნენ? ეთქვა ყველაფერი პირდაპირ, თუ დროსთვის მოეცადნა?

აი, ეს იყო ის მწარე ფიქრები, რომელთ გადაწყვეტასაც ნუგზარის მთელი არსება შეეპყრო და, ყოველთვის ამაყად მოსაუბრისთვის, დღეს პირში სიტყვა გაეწყვიტა.

- მართლა, შენი ჭირიმე, სულ არ დამავიწყდა! – დაიწყო ნავრუზმა.

- რაი ამბავია? – მოკლედ იკითხა ნუგზარმა.

- ლეკებში გაგზავნილი კაციც დაბრუნდა!

- დაბრუნდა?! სად არის? მიჩვენე ჩქარა! – მოუთმენლად წამოიძახა ნუგზარმა და თვალები გაუბრწყინდა.

- იქ, ბინაზედ არის.

- რა ამბავი მოიტანა?.. მითხარ, მითხარ ჩქარა!..

- ლეკებიც ამაღამ გადმოვლენო, – უთხრა ოსმა და ნუგზარი სიხარულით აინთო.

- მართალს ამბობენ, მართალს?! – დაფანტვით მივარდა ოსს, მაგრამ საჩქაროდ თავი შეიკავა, გასწორდა, გაიმართა ცხენზედ და კბილების ღრჭიალით წარმოსთქვა: – ახლა კი მე ვიცი.

ამ წუთის შემდეგ ნუგზარ ისევ გამოიცვალა და თუ წეღან რაღაცა მოლბობილი და თავმდაბლობის კილო გამოითქმოდა მის საუბარში, ეხლა სრული მბრძანებელი შეიქნა.

- მაშ გავწიოთ ბინაში და ხვალ მოხევეთა მზე დავაბნელოთ! – ეს წარმოსთქვა, შეიბერტყა, გასწორდა ღა გაათამაშა ცხენი მათრახის შემოკვრით. წუთს შემდეგ ისინი ოქროყანის ბანაკში გაჩნდნენ და ნუგზარ მბრძანებლობდა სრულის თავის მედიდურობით.

XIX

ნუგზარის მოძრაობა მოხევეთათვის ფარულად არა რჩებოდა, რადგანაც ერთის მხრით ოსებს უთვალთვალებდნენ თავგამოდებული მოხევეები, რომელნიც უშიშრად ხან საიდგან მოექცეოდნენ მტრის ჯარს და ხან საიდგან, დაწვრილებით ტყობილობდნენ მათს მდგომარეობას და ყოველ დღევე ხევის ბერს გოჩას უამბობდნენ; მეორეს მხრით ენის ტანტალს დაჩვეული ოსები საიდუმლოს ვერ ჰფარავდნენ და ყოველ ამბავს სიხარულით თითო კანძ მატყლად ჰყიდდნენ.

ერთს საღამოს მზე ჯერ არ ჩასულიყო, როდესაც გოჩამ შემოიკრიბა თავისი ხალხი და დამწყალობების შემდეგ დაიძახა:

- ხალხო და ჯამაათო! ნუგზარისგან მთიულების გაშორებამ ომი თავიდგან არ აგვაცილა… მათ მაგიერ ნუგზარს ლეკის ჯარი მოსვლია… რაისთვი დაგიმალოთ, ბრძოლა გაცხარებული იქნების ბევრის დედაი ჩაიცვამს შავსა, ბევრი მშობელი გულში ვეღარ ჩაიკრავს თავის ნაშობს… იმად, რომ მტერი ძლიერია და ნუგზარ კი სისხლით გაუმაძღარი… იცოდეთ, სახუმრო საქმე არაა, მაგრამ რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვებას მეტი ფასი ექნების… რაი ვუყოთ, რომ ერთზედ ათი მოვა?! ასიც რომ მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების, იმად რომ ჩვენ ღმერთთანაც და კაცთანაც მართალნი ვართ… ჩვენ გვიცვივიან სახლში, ჩვენ გვიპირობენ აკლებას, ჩვენს დედაკაცებს გაწბილებას და ამგვარი საქმის საწინააღმდეგოდ სიკვდილი, ღვთის მადლმა, სანეტაროც არის!.. ვინა ხართ ბედნიერი, ვის გიცემსთ ქუდოსანთ გული, ვის გერჩით მკლავი?.. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის!

- დედამც შეურთამს ცოლადა, ვინც კარზე მომდგარს მტერს გამოექცეს, ვინც სიკვდილს შეუშინდეს… მოღალატეს რისხავდეს სამება!

- ო-ომენ! – იყო საერთო გრგვინვასავით პასუხი, რომელიც ახლო მყოფმა მთებმა ბანსავით რამდენჯერმე გაიმეორეს. ხალხი აღელდა და აიშალა, გოჩას თვალებს კი ცრემლი მოერია და გულმა ვეღარ გაუძლო, რომ შურით არ წამოეძახნა:

- ნეტავი თქვენ, რომ ყმაწვილები ხართ, ჯანი და ღონე გერჩისთ. ნეტავი თქვენ, რომ იბრძოლებთ. ნეტავი იმას, ვინც ამგვარს საქმეში მოკვდების, სასუფევლის გზა გაკაფული აქვს.

ამ სიტყვების შემდეგ ყველანი შემოჯგუფდნენ საყდრის გალავნის კედელთან, სადაც საარაყე ქვაბებში საკლავები იხარშებოდა, რათა საერთო პურის ჭამის დროს ერთმანეთს გამოსალმებოდნენ და თავიანთ ადგილებზედ გასულნი თავის მოვალეობას შესდგომოდნენ. ვინ იცის, ხვალ ვისი მზე დაბნელდებოდა, ვისი თვალი დაიხუჭებოდა, ვისი დედა ატირდებოდა მდუღარე ცრემლით.

XX

ბინდბუნდი იყო; დღე წყნარადა ჰქრებოდა. მზის უკანასკნელი შუქები სევდიანად ესალმებოდნენ მთის წვერებს. გაგულისებული ნისლი უშიშრად ამოდიოდა დედამიწიდგან და ოშხივარსავით ეფინებოდა მწვანე მინდორს. სოფლის სიონის სამრეკლოდგან ღამის გუშაგებს თავთავიანთ ადგილებზედ გასვლა ანიშნეს. ზარის ხმა დანოტიოებულს, გაჟღენთილს მძიმე ჰაერში როგორღაც მწუხარედ ჟღრიალებდა. მოხევეთა გუშაგებს რაღაცა განსაკუთრებული მოუსვენებლობა ეტყობოდათ. ყველას პირისახეზედ მზრუნველობის ბეჭედი დასტყობოდა; გაფრთხილებულნი სმენად და ჭვრეტად გადაქცეულიყვნენ; მცირედი მოძრაობა არ გამოეპარებოდათ და თუ თვალით ვერ დაინახავდნენ, მოძრაობის ხმას ყურს მაინც არის მოჰკრავდნენ. ასეთია მდგომარეობა კაცისა, როდესაც იგი აღელვებულია, მოელის რასმე. მოხევეთაც გამოეცხადათ, რომ მომავალს ღამეს ნუგზარ უნდა დასცემოდა და ყველანი ემზადებოდნენ გაუფრთხილებლობით არა წაეგოთ-რა და სხვა კი ღმერთზედ და შემთხვევაზედ მიეგდოთ.

ამ საერთო მზადების დროს, გოჩას საწოლის კარები ვიღამაც შეაღო და იქავ კარებში შეჩერდა. მოხუცი ქუდმოხდილი პატარა ჯვარცმის წინ იდგა და მხურვალედ ლოცულობდა. მას მაღლა აეღო თავი და თვალები ზეცისკენ მიეპყრო. შეხურებულ გულს სისხლის მოძრაობა აეჩქარებინა. მუდამ სწორედ დალაგებული თმა, ეხლა ძარღვთა ჟრიამულს აეშალა. გადაჭიმულს ყელზედ გამაგრებული და სისხლით გაჭედილი ნეშტვები ხნიერებისაგან მოღმენჭილს კანს ქვეშ ამობურცებოდა. ის ხმას არ იღებდა, მაგრამ სახის მოძრაობაზედ აშკარად ეტყობოდა, რომ გრძნობის ალს მთლად მოებურა მისი არსება, შემორტყმოდა გულსა და სისხლს უჩუხჩუხებდა.

შემოსულმა ვერ გაჰბედა ამ წმინდა მყუდროების დარღვევა, წყნარ-წყნარად თითონაც დაემორჩილა ამ სურათის ძალას, ჯერ გახევდა, მერე წყნარ-წყნარადვე თავი მოეხარა, მუხლები ჩაეკეცა და დაჩოქილი დარჩა. მან იგრძნო, რომ მოხუცის ვედრებაში მისი სახელიც ისმოდა; კიდევ ერთი წუთიც და აშკარად გაიგონა: „ღმერთო, პირნათლად ამყოფე ჩემი ონისე!“ და ამ სიტყვებზედ კარებთან მყოფი შეჰკრთა. შეჰკრთა მოხუციც მის მოძრაობაზედ; მოიხედა და დასუსტებული წყნარად წამოდგა. მივიდა შვილთან ლასლასით, დაადო თავზედ ხელი და აღელვებულმა მთრთოლვარეს ხმით განიმეორა:

- ღმერთო, ჩემი შვილი პირნათლად ატარე!.. ადრევე მოუსპე სიცოცხლე, სანამ გაწბილდებოდეს, ქუდი მოეხდებოდეს!..

ამ სიტყვებზედ მოხუცს გამხდარ ღაწვებზედ გადმოედინა მდუღარე ცრემლები, რომელნიც საჩქაროდ მოიწმინდა და გაფრთხილებით აქეთ-იქით მიიხედა, თითქოს ეშინოდა, რომ არავის დაენახა. ონისეს გულმა ვეღარ გაუძლო, მოხუცის მოჩვილების ხილვით თითონაც მოლბა და თვალები წვიმაში მზის მსგავსად გაუბრწყინდა. იმან იგრძნო, რა რიგად უყვარდა მამას, რა უნდა ეგრძნო მის გულს, როდესაც შვილი განსაცდელში იქნებოდა და ეს განსაცდელი კი იქავ ახლოს ზურგს უკან ედგა; რამდენიმე წუთის შემდეგ მთვარის შუქზედ მახვილი გაკრიალდებოდა და ჰაერში სტვენით და ზუზუნით წამოსული, ვინ იცის, ვის პირზედ ღიმილს გააცივებდა, ვის გრძნობის მოჩუხჩუხე წყაროს ყინვასავით მოასწრობდა.

- მამაისი, რაი გატირებს?

- ვინ იცის, რაი შეგემთხვევა, – ჩურჩულით წარმოსთქვა მოხუცმა.

- რაი უნდა შემემთხვას? – გაუმაგრა გული ონისემ, – ღმერთი მოწყალეა!.. მტერს გავაბრუნებთ და თავად მშვიდობიანად დავრჩებით.

- ბრძანოს უფალმა, – წარმოსთქვა მოხუცმა და ხელები აუთრთოლდა: – წადი, ონისე, დროა… ღმერთიმც იქმნების შენი მფარველი… თუ სიკვდილი შეგემთხვა, ისიც უფლის ნებაა… ერთხელ ნაშობი ერთხელ მოკვდების!.. მაგრამ ვაჟკაცად კი მოკვდი… ისე მოკვდი, რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდეს.

- მაგას ნახავ!

- არ დაივიწყო, რომ სადაც შენი მამა-პაპა გაჩენილა და დამარხულა, სადაც მათი ძვლებია ჩაფლული, იმას გედავებიან და არ დაანებო… მათაც ცოტა ჭირი არ უნახავთ თავიანთ მიწა-წყლის დაცვის დროს, მათის სისხლის ნაკადულს მიწა ქვესკნელამდის გაუჟვენთავს… ახლა თქვენ იცით, რასაც იქთ…

მოხუცი შესდგა, დააცქერდა შვილსა, რამდენჯერმე სცადა კიდევ რაღაცის თქმა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და მხოლოდ ცოტა ხანს შემდეგ ხელი გაუქნია და ძლივსღა წარმოსთქვა:

- წადი, კარგია…

ონისე სწრაფად გამოვიდა და გაემართა დანიშნულ ადგილისკენ, მოხუცი კი იმავ ადგილიდგან თვალს ადევნებდა იმ დრომდის, ვიდრე შვილი სახლის კედლებს არ მოეფარებოდა.

მერე ოდნავ ამოიხვნეშა, გადისვა შეჭმუხვნილს შუბლზედ ხელი და წარმოსთქვა:

- ახლა ჯარს უნდა მივხედო.

XXI

ონისე გასვლის უმალ გაემართა ნაროვანისკენ, სადაც მთის ბილიკებზედ უნდა გასულიყო და თავისი გუნდის უფროსის ბრძანებით მტერზედ თვალი დაეჭირა და მათი მოახლოვება დროზედ შვეტყობინებინა.

ის მიდიოდა ჩვეულებრივის სიფრთხილით, როდესაც მის წინ რაოდენიმე მანძილზე ქვა ვიღამაც შეანძრია. ონისე ვეფხვივით გადახტა გზას იქით, ამოესაფრა ქვასა და ღამის მშვიდობიანობის დამრღვევს მოელოდა.

კარგა ხანმა გაიარა, სანამ ხვეულს ბილიკზედ გამოჩნდებოდა ვინმე, მაგრამ ფეხის ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, აშკარად ესმოდა. წუთიც და გზაზედ ქალი და კაცი გამოჩნდა, რომელთაც ერთი დატვირთული ვირი მოჰყვანდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ ესენი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც მთიდგან ჯარისთვის ყველი მოჰქონდათ.

ონისე დარწმუნდა, რომ მომავლები მოხევენი უნდა ყოფილიყვნენ და ის იყო თავის საფარიდგან გასვლას აპირობდა, როდესაც აშკარად გაიგონა თავისი სახელი და სული განაბა.

მომავლები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და თითქოს მათ შორის უკმაყოფილება ეტყობოდა.

ორნივ გაუსწორდნენ ონისეს და დასასვენებლად ქვაზედ ჩამოსხდნენ.

- ქალაუ, – დაიწყო კაცმა, – ღვთის მადლმა, რომ მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან… ჩამოვდნი, დავილიე შენის ლოდინითა და შენი გული ვერ გალხვა.

- რაი ვქნა, თუ კი არ მიყვარხარ.

- ვითმენდი და აბა… აქამომდის ზღვას დააშრობდა, რაც გულში ცეცხლი მენთების… მომკვდარვიყავ მაინც, გზა მოგეცემოდის.

- რაისთვი თავს არ მანებებ!.. რაი გინდა ჩემგან? ძალად ხომ ვერ შეგიყვარებ?

- თავი საით დაგანებო? ცოლი ხარ, ქვეყანაში მეც ქუდი მხურავს.

- მაშ რაი გიყო?

- რაი მიყო და ცოლობა უნდა გამიწიო.

- კარგი-ღა, ღვთის მადლსა, ბიჭაუ!.. გითხარ არ მიყვარხარ-მეთქი და გათავდა!

კაცი გაჩუმდა რაოდენსამე ხანს და თავჩაკიდებული იყო. შემდეგ წყნარად წამოიხედა, მისი თვალები ელვარებდნენ.

- იყუჩე, ქალაუ!.. შენი თავი მაინც შეიბრალე, თუ მე აღარ გებრალები.

ქალმა შეჰხედა და მხრების აწევით უპასუხა:

- შესაბრალებელი რაი მაქვს! მომკლავ და გული დამშვიდდების…

- მაშ აღარ იქნების?.. არც როდის არ დამიბრუნდები, არ შემიყვარებ?

- არა.

კაცმა ხანჯლის ტარს გაივლო ხელი, მაგრამ ისევ თავი შეიკავა.

- მაშ იმისი უნდა იქმნა?.. გგონია, რომ დაგანებებ?.. დაგითმობ იმას?.. ღვთის მადლმა, შენც მოგკლავ, იმასაცა, ჩემს თავსაც ზედ დაგაკლავთ და შენით კი არვის ვახარებ.

- აი, მომკალ!.. ცხვებს რაისთვი ექადი, რას ემართლები! – ქალმა მიუშვირა მკერდი და სიბრაზისაგან აღგზნებულის თვალებით დაუწყო ყურება.

კაცი აიმღვრა და წამოვარდა.

- მაშ სიკვდილი გინდა?.. კარგი, მოგკლავ, მაგრამ მოგკლავ მაშინ, როდესაც ონისეს თავს მოგიტან…

ამ სიტყვებით კაცი გადახტა გზას იქით და უგზო-უკვლოდ ონისეს ბინისკენ თავქვე დაეშვა. ქალმა დაიკივლა, მივარდა იმ ადგილს, სადაც კაცი ბეგობას გადაეფარა და მწარედ შესძახა:

- გუგუაუ, გუგუაუ!.. ნუ დამღუპავ, რას ჩადი!.. ვაიმე დაღუპულმა! – წამოიძახა იმან და გაქანდა ფრიალო კლდისკენ.

ის-იყო მიუახლოვდა კლდის ნაპირს და გადავარდნას აპირობდა, როდესაც ვიღამაც ხელი გაავლო და გულში ჩაიკრა.

ქალმა მოიხედა და ღონემიხდილმა ძლივს-ღა წარმოსთქვა:

- ონისე! – და კაცის ხელებზედ მიელუშა…

XXII

კარგა ღამემ გაიარა. მოწმენდილს ცაზედ მთვარეს კაშკაში გაჰქონდა და ნაზის სხივით იქაურობას ეკამკამებოდა.

ონისე და ძიძია იმავ ადგილს ისხდნენ, სადაც ტრფიალების ცეცხლმა დასცა და დაიმონა; ორნივ ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყვნენ და დაბანგულებსავით სიტკბოების ნეტარებას ეძლეოდნენ. მთვარის შუქი ნაზად შესთამაშებდა ძიძიას დათენთილს სახეს, რომელსაც ონისე არ უსვენებდა და მთვარეზედ მობრუნებულს ხან გაშმაგებით ჩასცქეროდა, ხანაც გიჟსავით ჰკოცნიდა და ეხვეოდა. ყოველი მათი ერთმანეთთან მიახლოვება, მიკარება ათრთოლებდა, როგორც მოუსვენარი ნიავი წნორის ფურცელს, და კვნესაშერეულის სიტკბოებით აღსავსე გულს აფართხალებდა. ორთავ დავიწყებოდათ სად იყვნენ, დავიწყებოდათ თავიანთი თავი და მხოლოდ ერთს-ღა ცდილობდნენ, რომ ერთი მეორეში გადაქცეულიყო.

ესენი ამ თავდავიწყებაში იყვნენ, როდესაც ერთბაშად გავარდა თოფი და შეყვარებულები ფეხზედ წამოცვივდნენ.

ბედნიერებით გატაცებულს და თავდავიწყებულს ონისეს, მხოლოდ ეხლა მოაგონდა თავისი ვალი და სამწუხარო ჭეშმარიტებამ გულზედ მწარე ჭახრაკი მოუჭირა. მის თვალწინ წუთზედ გაირბინა მლოცავი გოჩას სურათმა, მოაგონდა იმის სიტყვები და თავმოყვარეობამ ცრემლები გადმოადინა. მას თვალწინ გადეშალა შემაძრწუნებელი სურათი მისის ამხანაგების ამოჟლეტისა, რომელნიც ონისეზედ დაიმედებულნი მიწოლილიყვნენ და უზრუნველად დაეძინათ.

ქვეით გაიმართა მკვირცხლი თოფის სროლა. თოფები ელავდნენ, ცეცხლები ენებსავით გრძელდებოდნენ და გრიალით განაქრობდნენ ლომებრივ მამაცთა სიცოცხლეს.

ონისემ შეჰხედა ძიძიას, გული აუდუღდა და გუნებაში გაურბინა სიტყვებმა: მაცდურად მომხიბლა და მაცდურად დამღუპა!.. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცობავ!

ამ სიტყვებით ის გაჰქანდა თავქვე, რომ თავის ამხანაგებთან ერთად თავი დაედო და გამოესყიდა წუთით თავის დავიწყება, მაგრამ გვიან-ღა იყო: მტერს მათი სანგალი, სიმაგრედ გაკეთებული, აეღო და მათი დროშა ონისეს დახოცილი ამხანაგების ხროვაზედ ფრიალებდა.

XXIII

ონისე თავგადაგლეჯილი მირბოდა თავქვე და გონებადაფანტულმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა.

მტრის ლაშქარს აეღო მოხევეთ პირველი სანგალი და მისი დამცველნი თითქმის მთლად გაეწყვიტა. საცოდავი ჰგრძნობდა, რა ძვირად დაუჯდა წუთის თავდავიწყება, რომლის გამოც იმდენი მამაცი ბედის უცდელად, ბიჭობის გამოუჩენლად შეიმუსრა, და სინიდისის ყვედრებამ მწარედ დაუწყო ტანჯვა. გონება სინანულის მეტს ვეღარაფერზედ ვეღარას ფიქრობდა და დაძმარებულს გულს კი უწყალოდ რაღაცა ჰკუწავდა და ანადგურებდა.

ის გარბოდა და პირისახე გიჟს დამსგავსებოდა; ქუდი მოხდოდა, თმა ასწეწიყო და ტანისამოსი არეოდა. ამღვრეულს თვალებს თუმცა უნუგეშოდ, მაგრამ როგორღაც უცნაურად აქეთ-იქით ატრიალებდა. კაცი ვეღარ იტყოდა, იმ წუთში რას გამოსთქვამდა მისი სახე, რადგანაც მისი აზრის ტრიალი ელვასავით მკვირცხლი იყო და წუთზედ ათას რიგად იცვლებოდა. ის მირბოდა გამარჯვებულის მტრის რაზმისკენ, რადგანაც გონება პირველი აზრის გაელვებას შეეპყრო და მხოლოდ იმას მოჰყავდა მოძრაობაში საკუთარს წადილს მოშორებული მოხევე. ეს იყო სიკვდილის წადილი და სიკვდილი უეჭველად იმ ხელით, რომელმაც მისი ამხანაგების სიცოცხლე გააქრო, იმ მახვილით, რომელიც მისი მეზობლების უბრალო სისხლით შეღებილიყო.

ის იყო ონისე იმ ჭალაში ჩავიდა, სადაც გამარჯვებული ოსები მხიარულის ვარაიდათი ფეხქვეშ ჰქელავდნენ მამულის დამცველთ პატიოსანს გვამებს და აპირობდნენ თავიანთ ბანაკისკენ გაბრუნებას, როდესაც წინ შეეფეთა რამდენიმე მოხევე, აღებულის სანგალის გუნდიდგან გადარჩენილნი.

- ვინა ხარ? – ერთბაშად ონისეს წინ გადაეღობნენ მოხევენი, რომელთაც თოფის ტუჩები დაადეს გულზედ.

- მე ვარ! – გაბრაზებით, მაგრამ თითქმის ტირილით შესძახა ონისემ, – მესროლეთ, მომკალით!.. მადლია თქვენთვის!

- აბაიმე, ონისე! – წამოიძახა ერთმა და ყველამ თოფები ჩამოუშვეს.

- მადლი უფალს, ცოცხალი გადარჩენილხარ, – დაუმატა მეორემ.

ონისემ დაღონებით შეჰხედა, მაგრამ მაშინვე თვალები ელვასავით გაუბრწყინდა: იმას ეგონა, რომ მოლაპარაკემ იცის მისი საქციელი და დასცინის, მთლად აენთო და იწოდა უხილავის ცეცხლით, რომელიც მით უფრო ძნელი იყო, რომ არ დარჩენოდა სახსარი, სადაც ძალზედ არ აღგზნებიყო და თავისი ძალა არ ეგრძნობინებინა.

- მომკალით, ღირსი ვარ, მომკალით!.. ღთის მადლსა, ნუღარ დამინდობთ! – ემუდარებოდა ონისე და მდუღარება გადმოსდიოდა, – მომკალით, გეუბნებით, მადლია თქვენთვის!.. თუ დაბრმავდით, რომ ვაჟკაცი დიაცივითა ვტირი!..

მოხევეები გაშტერებულნი შეჰყურებდნენ ონისეს და ვერ მიმხვდარიყვნენ მის საქციელს.

- მაშ აღარ გებრალებით, აღარა?!. გინდათ ასე ვეწვალო?! მოსტყუვდით, ღთის მადლმა! ეგრე არ იქნების… ონისე ქვეყნად აღარ ივლის, მტერს არ გააცინებს!.. გიხარიანთ, გიხარიანთ განა?! ჰა, ჰა, ჰა, ჰა! – მწარედ გაიხარხარა ონისემ და გაჰქანდა მტრის ბინისკენ.

პირველის გაშტერების შემდეგ, იქ მყოფნი მოხევენი გონს მოვიდნენ, გამოეკიდნენ ონისესა და დაიჭირეს.

- სად მიხვალ, რას სჩადი, ბეჩაუ!.. გონთ-გამოსულხარ, თუ რაია?!. – ეუბნებოდნენ ონისეს, რომელიც ძალზედ იბრძოდა და ცდილობდა გაშვებინებოდა.

- რაი გინდათ, რად მიჭერთ?.. სადაც ამხანაგები დამილიეს, მეც იქ უნდა ჩავეკაფვინო… მაშ, თუ ეგრეა, თავად მოვიკლამ თავსა! – წამოიძახა ონისემ და ჩახმახწამოყენებულის დამბაჩის ლულა პირში მიიცა, მაგრამ ვიღამაც ხელიდგან გამოსტაცა და სიკვდილს ასე გადაარჩინა.

იქ მყოფთ ეგონათ, რომ ონისე მეგობრების გაწყვეტას აერია და, რადგანაც გონს ვეღარ მოეყვანათ, ამისთვის აჰყარეს იარაღი, შეჰკრეს და თან წაიყვანეს.

- უღმერთონო, რას მემართლებით? – გულსაკლავად წარმოსთქვა ონისემ და ჯავრისაგან გამოწვეული მდუღარე გადმოედინა: – რაი გინდოდათ, მოვეკალი… ჩემი სირცხვილი თქვენ რას შეგმატებთ?

კიდევ ბევრსა ლაპარაკობდა ონისე, რომელიც თანდათან სუსტდებოდა და წყნარდებოდა, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა, რადგანაც ყველანი საშიშ მდგომარეობაში იყვნენ და იმ ადგილისკენ მიესწრაფებოდნენ, სადაც გოჩა დანარჩენის ხალხით გამაგრებულიყო.

XXIV

ისინი მიდიოდნენ ჯგუფად, გაჩუმებულნი, დახოცილნი. პირისახე ზაფრანად გარდაჰქცეოდათ, ტუჩები მოჰკუმოდათ და თვალები ცეცხლებსავით ანთებოდათ.

მეტისმეტად ძნელი იყო მათი მდგომარეობა, რადგანაც მტერთან შებრძოლებაც კი ვერ მოესწროთ და ისე უნდა დამორჩილებულიყვნენ, ან დიაცებრ გამოქცეულიყვნენ, ან არა და ცხვრებსავით კისერი მიეშვირათ, რომ სისხლით გაუმაძღარის ნუგზარის ჯარს შეუბრალებლად ხანჯალი, ან ხმალი გამოესვა.

ბრძოლას გულით მოწადინებულებს, თითო სროლაც კი ვერ მოეხერხებინათ, ისე დაეცნენ თავზედ და ვინ იცის რამდენი სალექსე ქებაშესასხმელი ბიჭი, მეზობელთ იმედი, ამხანაგებისთვის თავმოსაწონი, უცდელად გაფუჭებულიყო.

ვინც გადარჩნენ, ან იმათ რაღა მოელოდათ? სათემოდ მოყივნება, რადგანაც მთაში გაუფრთხილებლობით საქმის წახდენა მასხარად ასაგდებია, დამარცხება კი – უბედურება!.. პირველ შემთხვევაში ყველასგან ზიზღი, დამცირება მოელის, მეორეში კი – სიბრალული და თანაგრძნობა.

მიმავალნი მოხევენი იქამდის დაეხოცა თავიანთ უბედურებას, რომ თავიანთ თავს იმის ანგარიშსაც ვეღარ აძლევდნენ, თუ როგორ მოეპარა მათ ნუგზარის ჯარი ისე, რომ მოძრაობა ვერც კი გაეგოთ.

იმათ მხოლოდ ერთი დასამშვიდებელი ის-ღა ჰქონდათ, რომ სამი კაცი შეკრული მიჰყვანდათ და მათის აზრით ესენი იყვნენ ოსების და ლეკების გზის მაჩვენებლები. ამათ შემოეპარებინათ იმათი ჯარი და მოხევეთათვის გარს შემოერტყათ.

ამ დაჭერილთ შორის იყო ორი ოსი, რომელნიც თავიანთ ხალხს ადრიდგანვე გამოჰქცეოდნენ და ხევს შემოჰხიზნებოდნენ, ამათგან გაცემა და ჯაშუშობა შესაძლებელი იყო, მაგრამ მესამე დაჭერილი უხეთქავდა მათ გულსა. ის იყო მოხევე და მისი საქციელი მთელს ხევს ჩირქად ეცხებოდა.

დაღონებული, დასუსტებული და სულიერად დაცემული ონისე მისდევდა ამ ხალხს და თვალი ვერავისთვის გაესწორებინა.

- ონისე, შენც დაგიჭირეს? – ერთბაშად გაიგონა იმან, შეჰკრთა, მიიხედა და გაშტერდა.

იმის თვალწინ იდგა გაფითრებული და აღელვებული გუგუა, რომელიც მთლად კანკალებდა.

- გუგუა! – ბოლოს ძლივს მოახერხა ონისემ და ანიშნა შეკრულს ხელებზედ: – რაი მოგსვლია, რაისთვი შეუკვრიხართ?

- ღალატს მაბრალებენ, – ყრუდ წარმოსთქვა იმან და მეტის სიბრაზით გადააფურთხა.

ონისე ამ კაცს კარგად იცნობდა, გამოცდილი ჰყვანდა და დარწმუნებული იყო, რომ მისგან ამხანაგების ღალატი შეუძლებელი იყო. ამის გარედ, ამ უბედურობის შემთხვევის წინედ, გუგუა ძიძიასთან ერთადა ნახა, თავის ყურებით გაიგონა მათი ლაპარაკი და დაინახა, რომ სრულიად სხვა აზრით გასწია მოხევეთა ბინისაკენ. გუგუას ონისეს სიკვდილი უნდოდა, ონისე იყო მისი მტერი, მისდამი აღვსებოდა გული მძულვარებით.

„მაგრამ, იქნება“… – ერთბაშად გაურბინა ონისეს თავში: „ამ კაცს ჩემი მტრობა ედო გულში, მაგ ჯარის მშვიდობიანობა მე მქონდა მონდობილი და შურისძიების გრძნობამ მოღალატედ გახადა?“ – ონისეს წარბები შეეჭმუხნა და უსიამოვნო გრძნობა კბილების ღრჭიალზე დაეტყო.

- რაისთვი არას მეუბნები? – დაიწყო ისევ გუგუამ.

- რაი-ღა გითხრა?

- მაშ არა გაქვს-რა სათქმელი? – მწარედ წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: – იყოს, მეც გავჩუმდები… უფალს მადლობა უთხარ, რომ თავს ვეღარსაით ვიმართლებ. თორემ, ღთის მადლმა, მზეს დიდხანს არ გაცქერინებდი… ეხლა დღე შენია. შენი ყვავილი გაიშალა, შენი მზე გაბრწყინდა… ალბათ უფალს ეგრე უნდა და დეე გაბრწყინდეს… სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები.

ამ სიტყვების შემდეგ გუგუამ ჩაჰკიდა თავი, თითქოს მძიმე ტვირთი დააწვა კისერზედ, მწარედ ამოიხვნეშა: „ოჰ-ჰ!“ და განშორდა ონისეს; ონისეს გულს კი ერთი წვეთი ნაღველი-ღა აკლდა, რომ გავსებულიყო და გუგუამ დამატებით ჩაუწვეთა.

XXV

ჯერ კიდე დღე-ღამე არ გაყრილიყო, როდესაც სიონის სიმაგრეში მთელი ხევის ჯარი მოძრაობაში მოვიდა, მათ შეეტყოთ, რომ ნუგზარის შეერთებულს ჯარს მათი სანგალი აეღო, და შიგ მყოფ მოხევეთ გუნდისაგან მხოლოდ მცირე რიცხვი-ღა გადარჩენილიყო. ყველა აღგზნებულიყო გადახდის სურვილით და თვალებანთებულნი, პირგამეხებულნი ხმამაღლად გადახდევინებას ითხოვდნენ.

- სისხლი, სისხლი! მოძმეთ სისხლი ავიღოთ! – იძახდა მთლად ხალხი და ამ სიტყვის მეტი მათგან სხვა არა გაიგონებოდა-რა. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც არაფერი არ ავიწყდებოდა, როგორს მდგომარეობაშიაც უნდა ჩავარდნილიყო და ყოველთვის დროსა პოულობდა საქმის ყოველივე მხრისათვის ყურადღება მიექცია.

ეს გახლდათ გოჩა და ამისთვისაც იმან დაიბარა სანგალზედ გადარჩენილი მოხევენი.

გოჩას დიდი იმედი ჰქონდა თავის შვილისა და ის კი იქ იყო; მაშ როგორ მოხდა, რომ მტერი შეუმჩნევლად დაეცა?

- მითხარით, ჩქარა მითხარით: საქმე როგორ იყო? – დაიწყო გოჩამ, რაწამს დაბარებულები დაინახა.

- რაიღა როგორ იყო, – დაიწყო ერთმა მოსულთაგანმა: – ოსი ბეჩირაი და თაფსირუყო წასულიყვნენ მტრებთან, მოსავლელი გზა ეჩვენებინათ და მტერი სანამ თავს არ წამოგვადგა, ვერა გავიგეთ-რა…

მოსაუბრე გაჩერდა და გოჩა კი მთლად სმენად გადაიქცა. მისი გული თრთოდა და თითქოს რაღაცა უსიმოვნებას მოელოდა.

- ცხო? ცხო თუ აღარვინ ყოფილა? – იკითხა გოჩამ ცოტა სიჩუმის შემდეგ და წარბები შეეკრა.

- ბარემდის, რომ იმის მეტი არვინ ყოფილიყო?

- ცხო ვიღაა? – საჩქაროდ იკითხა გოჩამ და თვალები აენთო.

ის ჩააცქერდა მოსაუბრეს, რომელსაც მოღალატის დასახელება თითქოს უჭირდებოდა.

- ვინაა-მეთქი? – მკაცრად გაიმეორა გოჩამ.

- გუგუაი.

- როგორა, როგორ სთქვი? – ზარდაცემულსავით წარმოსთქვა მოხუცმა და ყელმა ხრიალი დაუწყო. გოჩას ეგონა, რომ სმენამ უღალატა.

- გუგუაი! – გაიმეორა მოხევემ.

მეტისმეტად ძნელი გასაგონი იყო გოჩასთვის თავისი მეზობლის დასახელება, იმ მეზობლისა, რომელიც იმის სამწყსოს ეკუთვნოდა და, მაშასადამე, გუგუას ზნეობრივს მიმართულებაში მასაც წილი უნდა სდებოდა.

- უფალო, რაი შეგცოდეთ, რომ მოძმეთ ღალატიც გვაჩვენე! – წარმოსთქვა მოხუცმა და თვალები ზეცას მიაპყრო.

მის გულს მწარედ სდაგავდა ამგვარი შეურაცხყოფა მთელის ერობისა და კარგად ესმოდა, რომ შესაძლებელი იყო ამ მაგალითს ხალხზედ მეტად ცუდი გავლენა ჰქონოდა.

მოხუცი ისევ ჩაფიქრდა, გაჩუმდა და დიდხანს ხმაამოუღებელი იდგა. იმის პირისახე ამ ხანში მთლად მოძრაობდა და ააშკარავებდა, რომ მისი გონება შეუწყვეტლად მუშაობდა და მოაზრებაში იყო.

ბოლოს მოხუცმა გადაისვა შეჭმუხვნილს შუბლზედ ხელი, რამდენჯერმე შეჰხედა გამომცდელის თვალით მოსაუბრეს და პირველად დაეტყო გაუბედაობა. მისი თვალები თითქოს ხვეწნასა და საყვედურს ერთად გამოსთქვამდნენ. მაგრამ რა გასჩენოდა ხევის ბერს, ხევის მმართველს უბრალო მეომართან ან სახვეწარი, ან სასაყვედურო? გოჩას ერთადერთი შვილი ჰყვანდა, ონისე დაღუპულის სანგალის დამცველთა შორის იყო და ის არსადა სჩანდა… მაშ რა იქნა. რატომ არ ეუბნებოდა რასმე მოსაუბრე უბედურს მამას?.. თუ მოკვდა, რატომ მის გმირულის სიკვდილის ამბით არ ანუგეშებდა მშობლის სევდამოცულს გულს?

ყველა ეს მოხუცს სწრაფად წარმოუდგა გონებაში და მედგრად მიწყვეტ-მოწყვეტა დაუწყო მის გულსა. მოხუცმა ვეღარ მოითმინა და კიდევ წყნარად შეხედა, მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და წარმოსთქვა:

- ონისე რაიღა იქნა, რას მიფრთხილდები?

- ონისე, ბეჩავი!.. კინაღამ გაგიჟდა… ჩვენ რომ არა ვყოფილიყავით, მტერს თავს შეაკლავდა, ღთის მადლმა.

გოჩა ამ მხრით რაოდენადმე დამშვიდდა: იმისი შვილი ცოცხალი იყო და ვაჟკაცად ეჩვენებინა თავი. სხვა რაღა უნდოდა?

- ეხლა სადღაა?

- ეხლა ბატარაი დამშვიდდა და ამხანაგებთანაა! – უპასუხა ისევ იმ მოსაუბრემ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: – ასეთია ბეჩავი, რომ დანა პირს ვერ გაუხსნის.

მოხუცი დაკმაყოფილდა ამ კითხვებით და დამშვიდდა, რაოდენადაც მის მდგომარეობაში დამშვიდება შეიძლებოდა.

- უთხარ, დამნაშავენი დაამწყვდიონ და კარგად თვალყური ადევნონ… ჩვენ კი ღმერთი ვახსენოთ და მტერს მოძმეთ სისხლი მოვთხოვოთ, – წარმოსთქვა გოჩამ და გამოვიდა გარეთ, სადაც ჯარი უკვე მოგროვილიყო და მოუთმენლად ელოდა მტერზედ გალაშქრების წამს.

XXVI

გოჩას გამოსვლაზედ ხევის ჯარი წყნარად შეინძრა, გაიყო სამ რაზმად და ბელადების წინამძღოლობით მტრისაკენ გაემართა. იმათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ნუგზარისგან დაჭერილს სიმაგრეს სამ მხრივ დასცემოდნენ და საერთო იერიშის მიტანით მტრისათვის გადაეხადნათ. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ამ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა ხევის მომავალი მდგომარეობა და ბედ-იღბალი.

ყველა მიდიოდა პირზედ ღიმილით, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ წმინდა მოვალეობას ასრულებდა და, თუ სიკვდილი შეემთხვეოდა, მისი სახელი ხალხში დიდხანს მოიხსენებოდა და შორს მთებში გაითქმებოდა. სააქაოს მოელოდა სანეტარო ხსენება და საიქიოს – ზეციერი ჯილდო. მაშასადამე, ამგვარი რწმუნების ხალხისათვის ბრძოლა თვითმყოფელობისთვის, თავის მიწა-წყლის დასაცავად მეჯლისში წასვლას ემსგავსებოდა. ბრძოლისა და მტერთან შეტაკების სურვილს უმეტესად უცხოველებდა მოძმეთ წამების მოგონებანი, რომელნიც გულს ძალზედ უმღვრევდა და სისხლისთვის სისხლს მოაწყურებდა.

მიმავალთ მოხევეთა შორის ონისეც იყო, რომელსაც მხიარული, მუდამ მოღიმარი სახე ჭმუნვარებით შესცვლოდა, და ძალზედ მოკუმულს ტუჩების გამო სახის კანიც გასჭიმოდა. თვალებაღგზნებულს ღაწვები თითქოს გამობურცებოდა და სიბრაზის ნიშნად ლოყების ძარღვები ძალზედ უცემდა.

ონისეს, ბუნებითვე ვაჟკაცს და თავგანწირულს, დღეს მეტი მიზეზი ჰქონდა ერთი-ორად გადაქცეულიყო, რადგანაც თავის შეცდომას და თავდავიწყებას ჰგრძნობდა და უნდოდა მეტის თავგანწირვით ცოდვა რაოდენადმე შეემსუბუქებინა.

იმას ჰყვანდა ჩაბარებული რამდენიმე კაცი, რომელიც მოხევეთა ერთის გუნდის მოწინავე ჯარს შეადგენდა და მინდობილი ჰქონდა, რომ ყოველი ღონისძიება ეხმარა მტრისგან სადარაჯოდ გამოყენებულს კაცებს შეუმჩნევლად მიჰპარებოდა და ან შეეპყრა, ან დაეხოცა. ამასთანავე ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ მტრის უმთავრესს გუნდს ვერ შეეტყო, რათა მათ მოხევეების დასახვედრად მომზადება ვერ მოესწროთ.

ონისე მიუძღვებოდა თავის პატარა რაზმს და ყოველგვარად ფრთხილობდა, ბრძანება გადაუბრუნებლად აღესრულებინა. ყველაზედ წინ მიდიოდა სმენადგადაქცეული ონისე და შემდეგ მწკრივად მისდევდნენ დანარჩენები, რომელნიც სიფრთხილით აბიჯებდნენ და ფეხს თითქმის იმავ ადგილას ადგამდნენ, რომელზედაც წუთის წინეთ მათი ბელადის ფეხი მდგარიყო.

რიყიან ადგილზედ მეტად დიდი გაფრთხილება და ფეხის სიმარჯვე უნდოდა, რომ ქვების შენძრევით ღამის მყუდროება არ დაერღვიათ და მით თავიანთ მოძრაობაზედ მტრის ყურადღება არ მიექციათ. ბანდულებჩაცმული მოხევენი მიიპარებოდნენ და, სანამ დედამიწაზედ მაგრად დააბიჯებდნენ, რაოდენსამე ხანს ადგილის სიმკვიდრეს ფეხით სცდიდნენ. ერთბაშად ონისე შესდგა და იმ ადგილზედვე ჩაწვა. სხვებიც ხმის ამოუღებლივ ამგვარადვე მოიქცნენ და მიწას გაკრულებმა ხანჯლები ამოიღეს.

გაიარა რამდენმამე წუთმა ამ სიჩუმეში და მოპირდაპირე მხრიდგან ხუთი კაცი გამოჩნდა, რომელნიც ამგვარადვე სიფრთხილით და გაჩუმებულნი მოდიოდნენ. ონისემ დააცალა, სანამ უკანასკნელი გაუსწორდებოდა და, რა მოუახლოვდა, ფეხზედ წამოიჭრა. მასთან ერთად წამოცვივდნენ დანარჩენებიც და წუთს შემდეგ ადგილის დასათვალიერებლად გამოგზავნილი ოსები მიწაზედ ფართხალობდნენ. და რამდენადაც სისხლი აკლდებოდათ, იმდენად სიკვდილს მეტის გამწარებით ებრძოდნენ.

ყველა ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ოსებმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრეს. რაკი მოხევეებმა ამათგან მოიცალეს, ისევ თავიანთ გზას გაუდგნენ და ალიონის აწევასთან ერთად მტრის ბანაკს მიუახლოვდნენ. იქ ჩასაფრდნენ და ამხანაგებს ლოდინი დაუწყეს. მტრის ბანაკში სრული მყუდროება სუფევდა, რადგანაც ერთის მხრით გაზვიადებულნი პირველის გამარჯვებით და მეორეს მხრით დარწმუნებულნი თავიანთ დარაჯების სიფრთხილეში თავისუფალს, დამშვიდებულს განსვენებას მისცემოდნენ. ნუგზარ დარწმუნებული იყო, რომ მოხევენი შეშინდებოდნენ და მეორე-მესამე დღეს შუაკაცებს გამოუგზავნიდნენ. ის თავის დღეში ვერ წარმოიდგენდა, რომ ხევის ერთი მუჭა ხალხი მასთან შებრძოლებას გაბედავდა, მით უფრო, რომ მას ახლდა საკმაო რიცხვი ლეკთა გარაზმული და კარგად შეიარაღებული ჯარისა.

მოხევეთ სამივე მხრიდგან წამოუარეს და შეუმჩნევლად მტერს გარს შემოერტყნენ.

გავარდა ერთბაშად თოფი და ეს ნიშანი იყო საერთო იერიშისა.

წამოცვივდა ნუგზარის ჯარი, მაგრამ მოულოდნელობის გამო მთლად აირია და გონებადაკარგული მებრძოლნი უაზროდ დარბოდნენ. შესეული მოხევენი დროს არ აძლევდნენ, რომ გონს მოსულიყვნენ და უწყალოდ ჰხოცდნენ. ამ საერთო არეულობაში, მხოლოდ ერთს ადგილს მოჩანდა თეთრი ცხენი და მაზედ ამხედრებული ნუგზარ, რომელსაც ხელში ხმალი ეჭირა და მარჯვნივ, თუ მარცხნივ სხეპავდა. მას გვერდს მოსდგომოდა რამდენიმე გამოჩენილი ლეკთა ვაჟკაცი და ღირსეულს მხარს უშვენებდნენ; აშკარად სჩანდა, რომ მათს გულში ვაჟკაცობის ცეცხლი უმეტესად ინთებოდა, ვიდრე იმ თრუსოელებისაში, რომელთაც შებმას გაქცევა ერჩიათ.

ამ საერთო არეულობაში ონისე დამთვრალსავით დადიოდა და ვისაც კი შეეყრებოდა, მზისთვის დიდხანს აღარ აცქერინებდა. ის ეძებდა გაცხარებულს ბრძოლას და, სადაც იგი გაჩნდებოდა, სწრაფად შუაგულში მოექცეოდა, თუმცა სიკვდილის მძებნელი მოჯადოებულსავით ყველგან უვნებლად რჩებოდა.

მისი სიმამაცე, გულადობა და თავგანწირულობა მაყურებელთ აოცებდა და ქებას წარმოათქმევინებდა.

ერთბაშად გორაზედ გამოჩნდა გოჩა, რომელსაც თეთრი თმა გაშლოდა და ნიავი უმღელვარებდა. დროშის თავი, რომელიც ხელში ეჭირა, სანუგეშოდ ფრიალებდა და წვერზედ გაკეთებულს ოქროს ჯვარს კრიალი გაჰქონდა.

გოჩას ცხენი ამაყად და მედიდურად მიაბიჯებდა, თითქოს ჰგრძნობდა, რომ მისი მხედარი ხალხისაგან იყო არჩეული და მას არც ერთხელ თავის ამრჩევთაგან საყვედური არ მიეღო.

მოხუცმა შეუტია ცხენსა და გააქროლა იმ მხარისკენ, სადაც ნუგზარ რამდენიმე კაცით ჯერ კიდევ იბრძოდა.

- აბა, ბიჭებო!.. მომყევით. ვისაც გული გერჩისთ! – დაიძახა გოჩამ და ხალხი სწრაფად შეჯგუფდა, ბურთსავით შეიკრა ნუგზარის გარშემო.

ავარდა კორიანტელი; ყველა მტვრით დაიფარა; მზის შუქიც კი თითქოს მიბნელდა. აქამდისინ მოყიჟინე, ეხლა გაჩუმებულიყვნენ და მყუდროებას მხოლოდ კბილების ღრჭიალი, იშვიათი დაკვნესება და იარაღის ჩახა-ჩუხის ხმა დაარღვევდა.

ხანდახან ნიავისაგან გაფანტულს მტვერში გოჩას დროშა გამოჩნდებოდა, რომელიც ისევ უვნებლად ფრიალებდა და მებრძოლთა გულებს ფოლადად უწრთობდა. ერთბაშად შეკუმშული ხალხი როგორღაც წამოტრიალდა, გაიშალა და ასტყდა ისევ ყიჟინა.

ქარმა გაჰფანტა ბრძოლის მტვერი და წუთს წინეთ სიცოცხლით სავსე მებრძოლთაგან კოშკად აშენებული დახოცილები-ღა გამოჩნდა! მათ შორის იდგა გოჩა, დაღონებული, გაფითრებული და სევდიანი თვალები ზეცისკენ მიეპყრო! შორს გზაზედ მტვერი მოჩანდა და იმის შუა ხანდისხან გამოჩნდებოდა ხოლმე ნუგზარ და რამდენიმე ცხენოსანი, რომელნიც სიკვდილს რაღაცა მანქანებით გადარჩენოდნენ.

XXVII

ხალხი დაწყნარდა; დაასაფლავა თავიანთი დახოცილები, მაგრამ ჯერ არ იშლებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო. რომ ნუგზარ ასე მალე ვეღარ მოუბრუნდებოდა და საკმაოდ დაფრთხობილს ოსებს ისე ადვილად ვეღარ დაიყოლიებდა მოხევეებზედ გასალაშქრებლად.

ამ გორაკის ერთს ადგილას რგვალად შემოწყობილს ქვებზედ მოგროვილიყვნენ თემისა და ჯარის თავები. იქვე მოსულიყვნენ დეკანოზი სასოფლო დროშებით და ხევის ბერს გოჩას გარს შემოჰხვეოდნენ. ეს წრე მხოლოდ ერთის მხრით იყო გახსნილი და იქ დანარჩენი ხალხი მოგროვილიყო. ყველას პირისახეზედ რაღაცა ჭმუნვარება ეტყობოდა; კაცი ვერ გაარჩევდა, ეს იყო გლოვა თავიანთ დაკლებულობისა, თუ რომელიმე უსიამოვნობის მოლოდინი. გოჩას და მასთან ერთად თემის უფროსებს თავები ჩაეკიდათ და ხმაამოუღებელნი რაღაცა ფიქრს ეძლეოდნენ. მეტისმეტი მძიმე მდგომარეობა იყო, სურათი შავად და ბნელად მოცულიყო, მაყურებლის გული ჰკვნესოდა მოლოდინით.

ერთბაშად გოჩამ აიღო თავი და იქაურობას სევდიანი თვალი მოავლო. ონისე, რომელიც ხალხში იდგა და გოჩას შეჰყურებდა, გაჟრჟოლდა, თვალი ვეღარ გაუსწორა მოხუცს და თავი დაჰხარა.

გოჩა დააკვირდა ონისეს, მაგრამ ჩქარა ისევ თვალი მოაშორა და წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოსთქვა:

- მოიყვანეთ დამნაშავენი.

ხალხი შეინძრა, გაიპო ორად და თემისაგან არჩეულის მსაჯულების წინ წარსდგნენ ორი ოსი და გუგუა.

ხალხი ცახცახით უყურებდა ამ სურათს და მოელოდა იმ წუთს, როდესაც უზენაესის უფლება უნდა მიეღო და ვინ იცის რა უნდა გადაეწყვიტა.

- გაუხსენით ხელები, – ბრძანა გოჩამ და მისი ბრძანება მსწრაფლად აღსრულდა.

ამის შემდეგ გოჩამ, ხევის ბერმა, იდაყვი დაიდო მუხლზედ. ხელით თავი მიიბჯინა და, მთლად სმენად გადაქცეული, ისე დარჩა.

თემის თავებიდგან ყველაზედ უფროსი წამოდგა, გავიდა შუა ადგილას, დაიჩოქა და წარმოსთქვა:

- ხალხო და ჯამაათნო!.. სმენა იყოს და გაგონება… აი. თქვენს წინა სდგას ორი ოსი… ექვსი წელია მას შემდეგ, რაც ესენი ჩვენს თემობაში მოვიდნენ, შეგვაბრალეს თავი და შეგვატყობინეს, რომ თავიანთ ხალხში აღარ ეცხოვრებათ, რადგანაც კაცი შემოჰკდომოდათ და სდევნიდნენ… ჰაი, ჰაი, რომ ნებისნებად კაცის სიკვდილი არ ვარგა, ცოდოც არის, მაგრამ როცა კაცს გაუჭირდების, არამც თუ ცხოსა, თავსაც კი მოიკლავს ხოლმე… კაცის შემოკდომა უბედურებაა და უბედურები ითხოვდნენ ხევისაგან ლუკმა პურსა და თავშესაფარსა… ხევი ჩვეული არაა სტუმარს დაემალოს, მთხოვარაი არ განიკითხოს; ხევმა მისცა მათ ბინა, აუშენა სახლი, დაუთმო სახნავები, ხევმა იძმო და მოსვენებული ცხოვრება მისცა… ამათ რითი-ღა გადაგვიხადეს მადლობა?.. ჩვენს მტერს უჩვენეს მოსავლელი ბილიკები, ჩვენს ჯარს მოულოდნელად თავს წამოაყენეს და ვინც ამათ ლუკმა მიაწოდა, საკიდელი ჩამოაკიდებინა, ისინი ღალატით გააწყვეტინეს… რას იტყვით, ხალხო და ჯამაათნო!.. ყველა შეგატყობინეთ, ყველა გაგაგებინეთ, სახუმრო არ არის კაცის სიკვდილი.

მოხევე წამოდგა, დაუკრა ყოველს მხარეს თავი და თავის ადგილას დაჯდა.

- იმართლეთ თავი, თუ შეგიძლიანთ, – წარმოსთქვა გოჩამ, რომელსაც მდგომარეობა არ შეუცვლია.

მაყურებელნი მოუსვენრად ტოკავდნენ, მაგრამ საქმეში კი არ ერეოდნენ. ოსების დანაშაული მეტად აშკარა იყო, რომ კიდევ თავის მართლებას მოჰყოლოდნენ და ამისთვის დაეცნენ მუხლებზედ და ტირილით ეხვეწებოდნენ პატიებას, მაგრამ მსაჯულნი მათ მუდარისადმი ყრუდა რჩებოდნენ. ისინი შეჯგუფდნენ გოჩასთან, ცოტა ხანს რაღაცა არჩიეს და ისევ თავთავიანთ ადგილას დასხდნენ. ცოტა სიჩუმის შემდეგ, გოჩამ აიღო თავი და წარმოსთქვა:

- ორნივ ჩაქვავდეს!

ამ სიტყვებმა ხალხში ჟრიამულად გაირბინა და ოსებს ფერი სრულიად დააკარგვინა. ერთი მათგანი მიუახლოვდა გოჩას, რომელმაც გადაწყვეტილების წარმოთქმის შემდეგ ისევ თავი ჩაჰკიდა და ღრმა საგონებელში წავიდა.

- გოჩავ, გემუდარები: – დაიძახა ოსმა: – ყმად გაგიხდები, ოღონდაც დამიხსენ.

- ჩაქვავდეს! – იმავ ხმით გაიმეორა გოჩამ.

- მაშ უნდა მომკლან, ჩამაქვაონ?! – დაიძახა ოსმა და ფეხზედ წამოვარდა: – დეე მომკლან, მაგრამ შენც აღარ გაცოცხლებ!

ამ სიტყვებთან ერთად, ოსის ხელში გაიელვა ხანჯალმა, რომელიც ჩოხის ქვეშ ჰქონოდა დამალული. ხალხი ერთბაშად მიაწყდა იმ ადგილს, ბურთსავით შეიკუმშა და როდესაც გაიშალა, გოჩა ისევ ისე მედიდურად იჯდა! ადგილიც კი არ შაეცვალა მოხუცს მხოლოდ ზიზღი აღძროდა თვალებში, რომელნიც იქავ ჩახოცილს ოსებს დაჰყურებდნენ.

XXVIII

როდესაც ოსებისგან მოიცალეს, გოჩა ისევ ჩაფიქრდა და წყნარად და დამშვიდებით წარმოსთქვა:

- მოიყვანეთ გუგუა.

რამდენიმე კაცი მიუახლოვდა გუგუას, გაუხსნეს ხელები და წინ წააყენეს. პირველსავე განძრევაზედ მოხევეს თვალთდაუბნელდა, წატორტმანდა, წაიბარბაცა, მაგრამ მაშინვე თავი შეიმაგრა და შედგა.

ბრალდებული გუგუა მთლად გაფითრებული და პირგამშრალი იდგა ხალხის წინ და უაზროდ თვალები ერთის ადგილისკენ მიექცია.

ხალხი სწყევლიდა, ლანძღავდა და ერთმანეთს თითით უჩვენებდა ამ ავაზაკზედ. როგორც წეღან, ეხლაც გამოვიდა ერთი თემის თავთაგანი და შეუდგა გუგუას გამტყუნებას.

აღმოჩნდა, რომ როდესაც მტერი მოხევეთა ბინაზედ იერიშით მოდიოდა, გუგუა მათ წინ მოუძღოდა და, უეჭველია, ნუგზარის ჯარს გზას უჩვენებდა.

- გაიმართლე თავი, თუ შეგიძლიან, – უთხრა გოჩამ და გაჩუმდა.

გუგუამ ამოიხვნეშა, მოავლო იქაურობას თვალები და ონისე, რომელიც ისევ იმ ადგილზედ გაქვავებულსავით იდგა, დაინახა. გუგუას თვალები გაუბრწყინდა, პირისახე გაუწითლდა, გაიბრძოლა იმისაკენ, დატორტმანდა და თავი შეიმაგრა. გუგუა მობრუნდა მსაჯულებისკენ და მწუხარებისაგან დაღრეჯილი სახე შეაქცია. ბოლოს მოიგლიჯა ქუდი, რომელიც თითქოს თავსა სწვავდა და დედამიწაზედ დაახეთქა.

- სთქვი, თუ სათქმელი რამე გაქვს! – გაიმეორა გოჩამ და ხმამ მხოლოდ ერთს ადგილას უღალატა, ერთგან გაისმა დანჟღრეულს სიმად.

- რაი ვთქვა, რაი გითხრათ?.. – მწარედ წარმოსთქვა გუგუამ: – უფალმა იცის, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ მტერის წინ მომძღოლი მნახეს და ვინ დამიჯერებს?.. რაისთვი-ღა მაწვალებთ, რაისთვი მალაპარაკებთ?.. მომკალით და თქვენც მოისვენებთ!

- ბალღო, სიკვდილი ძნელი არაა… – ცოტა სიჩუმის შემდეგ დაიწყო ისევ გოჩამ და ხმაში აღგზნებული სიყვარული დაეტყო: – მაგრამ გულს არ სჯერა, რომ ხევის მიწაწყლის კაცი, ხევის ძუძუთი გაზრდილი, – მოძმეთ უღალატებდა, ამხანაგთ გაჰყიდდა, მიწას შეარყევდა და ცას ჩამოანგრევდა!.. გული სამუდამოდ იკვნესებს, სევდა არ დაელევის, ნისლს ვეღარ გაიცლის, თუ მართლა მოძმეთ გამსყიდავად გიცნო.

გუგუას ამ სიტყვებმა გული მოულბო, იმან დაინახა, რომ მოხუცის გული მშობლიურის მზრუნველობით ექცეოდა და გულით უნდოდა პატიოსნებით სავსე კაცი მაინც დაერწმუნებინა, რომ მართალი იყო.

- გოჩავ, უფლის მადლმა, დიდებულის წვერის სპარს-ანგელოზის მადლმა, ვფიცავ ყმაწვილკაცობის სიყმეს, ვფიცავ შენს სახელსაც, რომ დამნაშავე არა ვარ, მაგრამ თავს ვერაფრით ვიმართლებ და უნდა დავისაჯო, უნდა მოვკვდე.

- მტრის ჯარში საიდგან გაჩნდი?

- საიდგან?.. გინდა ყველაფერი მათქმევინო?.. თავი დამანებე, გოჩავ!.. ნუ მალაპარაკებ!.. ხომ ხედავ, რომ ლაპარაკი მიძნელდების?.. ყოველთვის გულკეთილს, დღეს ჩემი წვალება რაისთვი-ღა მოგიწადინია?

- ჩემი გულიც არ არის მოსვენებული, გუგუავ, უწყის უფალმა!.. ყოველ სიტყვაზედ, ყოველ კითხვაზედ ლახვარი მიტრიალებს გულში, მაგრამ თემი და მისი საქმე შენზედაც დიდია და ჩემზედაც… მაშ გვითხარ ყველაფერი.

- გითხრათ?.. კარგი!.. – წამოიძახა მოხევემ და საჩქაროდ მიბრუნდა იმ მხარეს, სადაც ონისე იდგა.

საცოდავს სახე მთლად დაპრანჭოდა და მძიმე ტვირთს თითქოს ოთხად მოეხარა. გაყვითლებულს პირისახეზედ სიცოცხლის ნატამალი აღარ ეტყობოდა. გუგუა ისევ შესდგა, შეიმაგრა თავი და მსაჯულებისკენ გამობრუნდა.

- გამიგონეთ… სიკვდილისა არ მეშინიან, თუნდა გამამართლოთ კიდეც, ღთის მადლმა, თავს აღარ ვიცოცხლებ. რაისთვი-ღა მანდა ერთხელ გაწბილებული სიცოცხლე!.. მაშ გამიგონეთ… ყველას მართალს გეტყვით, – მე მთიდგან მოვდიოდი და, როდესაც ჩამოვივაკე, მტერს შევეფეთე… გამოვიქეც, რომ საფარში შემეტყობინებინა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მომდევდა და ვეღარ მივასწარ… ისინი თოფს არ მესროდნენ, რომ ხმაურობაზედ ჩვენი მდევარი არ გამოსულიყო და მე კი თოფ-ტიელას ჩახმახი მომეშალა… ჩვენებმა მტრის ჯართან დამინახეს და მოღალატე გამხადეს … თუ ვსტყუოდე, მიწამც გამისკდეს… და თან ჩამიტანოს!

- მთაში რაი გინდოდა? – ჰკითხა ერთმა მსაჯულთაგანმა.

- საქმე მქონდა.

- მარტო იყავ?

გუგუამ არა უპასუხა-რა და ამისთვის კითხვა გაუმეორეს.

- მარტო იყავ?

მოხევე ებრძოდა თავის გრძნობას და არ უნდოდა იმ ქალის სახელი მოეყივნებინა, რომელიც მაინც კიდევ ქვეყანას ერჩივნა.

- რაი ბედენაა, მარტო ვიყავ, თუ არა? – ბოლოს წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: – თქვენთვის იმის გამოკითხვა იყო საჭირო, რომ გაგყიდეთ, თუ არა… მე გეუბნებით, რომ არ გამიყიდნიხართ, არ მიღალატნია თქვენთვის, ჩემს გაჩენაში გულშიაც არ გამივლია თქვენი წინააღმდეგობა, მოწმე ღმერთია!.. ცხოს ნუღარას მკითხავთ, პასუხი არ მიშველის და სიკვდილის წინა წუთებს კი მომიწამლავს.

ამის შემდეგ გუგუა გაჩუმდა, დაიკრიბა გულ-ხელი და გაჩუმებული დადგა. ყოველ კითხვაზედ ის მუნჯად რჩებოდა და მისი სიჩუმე მძიმე ლოდად აწვებოდა ონისეს.

ხალხი გაჩუმებული იყო და სულგაკმენდილი ელოდა თემის მოთავეთა გადაწყვეტილებას, რომელნიც გოჩას შემოჰხვეოდნენ. კარგა ხანმა გაიარა, ვიდრე მოთავენი რჩევაში იყვნენ.

ერთბაშად გაიშალა კრება, და მსმენელთ გულის ძგერამ უფრო იმატა. მოუთმენლობამ უკანასკნელს საზღვრამდის მიაღწია. ყველამ თავთავისი ადგილი დაიჭირა და საერთო სიჩუმის დროს წამოდგა გოჩა.

- ღმერთო, მოგვიტევე, თუ ვცდებით რაშიმე!.. რაც შენ გვაგონე, იმას წარმოვსთქვამთ… ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს, რომ გუგუა გაწირული, მოშორებული იყვეს თემისაგანაც და ნათესაობისაგანაც… მარტო იმის ცოლს ეძლევა ნება თან გაჰყვეს… დღეის შემდეგ, არც ვის არა აქვს ნება მას მიაწოდოს ცეცხლი, თუ უცეცხლოდა ნახა, მიაწოდოს წყალი, თუ მწყურვალი ნახა, მიუშვიროს პური, თუ მშიერი ნახა… ყველას სახლის კარი დახშული უნდა იყოს მისთვის, ყველა დამუნჯებული უნდა იქმნეს მისთვის პასუხის მისაცემლად, ყველა დაყრუებული უნდა იყოს მის ხვეწნის გასაგებად… ხევის ჯვარ-ანგელოზნო, თემის პირის გამტეხს და გადამბრუნებელს შენა რის…

- შესდეგ! – ერთბაშად ვიღამაც ხელი გაავლო გოჩას და სიტყვა გააწყვეტინა.

ხალხმა გაკვირვებით შეჰხედა ხევის ბერის ხელის შემხებს, ნამეტნავად იმ დროს, როდესაც მას ხევის სიწმინდე, დროშის თავი, ხელში ეჭირა. მათ თვალწინ ონისე იდგა.

- შესდეგ, ხევის ბერო! გუგუა მართალია! – დაიძახა ონისემ, რომელსაც თმა აჰბურძგნოდა და თვალებში სისხლი ისე მოსწოლიყო, თითქოს წამოცვივნას აპირებენო.

ხალხი აიშალა. აირია და ყაყანი დაიწყო. გოჩამ შეარყია დროშა და ზარების ხმასთან ერთად ხმამაღლად მბრძანებლის კილოთი დაიძახა:

- იყუჩეთ! – და ამ ხმის გაგონებაზედ ერთბაშად ყველა გაჩქურდა.

- სთქვი, რას ამბობდი?

- გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით… გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით.., ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ… მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ…

- ეგ ვიღამ გიამბო? – ერთბაშად წამოიძახა გუგუამ და ეჭვისაგან თვალები აენთო.

- ჩემის ყურით გავიგონე… როდესაც შენ ლაპარაკობდი, მე გზის იქით ვიყავ ჩასაფრებული… რაიღა დავმალო?.. მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა… მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა!.. გუგუა უბრალოა! – ლაპარაკობდა გაჩქარებით და აღელვებით ონისე და მთლად კანკალებდა. ონისეს სიტყვები ხალხს მეხსავით მოხვდა და გაშტერებული შესცქეროდა.

ზარდაცემული მოხუცი მთლად კანკალებდა და კარგა ხანს გონს ვერ მოსულიყო.

ბოლოს ძალზედ ამოიხვნეშა, მოისვა შუბლზედ ხელი და ყვედრებით წარმოსთქვა:

- მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებულო, დედმამის საფლავიდგან ამომგდებო!.. რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!.. – ამ სიტყვების შემდეგ მოხუცი მსაჯულებს მიუბრუნდა: – მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, გადასწყვიტე, თემო!

კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგ თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას და წყნარად წარმოსთქვეს:

- გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია… მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია…

- მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს… კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა… ონისე ეხლავე მკვდარია… მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!

- გოჩაუ, – სცადეს მოხუცის შეყენება, მაგრამ პირგამეხებული ხევის ბერი ცეცხლებსა ჰყრიდა თვალთაგან.

- უნდა მოკვდეს, მოკვდეს შეუბრალებლად… და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოექცეთ… მე მიყურეთ… – მოხუცმა გაიძრო ხანჯალი, გაქანდა შვილისკენ და შესძახა:

- მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!

ამ სიტყვებთან ერთად იელა ხანჯალმა და ონისემ მიწაზედ ფართხალი დაიწყო; მოხუცის მახვილს შვილისათვის გული ორად გაეპო. ეს მოძრაობა ისე სწრაფად მოხდა, ისე საჩქაროდ, რომ უბედურების შეყენება ვეღარავინ მოასწრო.

ხალხი შემოიფანტა და ახლო ვეღარ მიჰკარებოდა მოხუცს, რომელსაც ძარღვები ძალზედ უღმეჭავდნენ და უცნაურად უთამაშებდნენ სახეს.

- გოჩა! – ცოტა ხანს შემდეგ ვიღამაც ხელი გაავლო მოხუცს.

- ჰაი? – ანგარიშმიუცემლად წამოიძახა მოხუცმა და მოიხედა.

მის წინ იდგა გუგუა.

- გოჩავ! – განიმეორა იმან ხმამაღლა: – წეღან გითხარ, რომ დამნაშავე არა ვარ-მეთქი, მაგრამ ერთხელ მაგგვარის ცილის წამების შემდეგ აღარ ვიცოცხლებ-მეთქი… ვაჟკაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს… მშვიდობით გოჩავ, მშვიდობით ხალხო! – ამ სიტყვებთან ერთად მან გაიძრო დამბაჩა, მიიცა ლულა პირში და ტვინი ჰაერში შეასხა…

მოხუცმა მხოლოდ ამოიკვნესა, მიიხედ-მოიხედა შეშინებულის თვალებით და შეჰკრთა. ბოლოს დააწყებინა ცახცახი და გასისხლიანებული ხანჯალი, რომელიც ხელში ეჭირა, შორს გადასტყორცნა… რაოდენსამე ხანს ისე ჩუმად იდგა. დაესხა თავსბრუ და ჩაიკეცა, ის დაეკონა შვილს და რამდენჯერმე წყნარის ხმით წარმოსთქვა:

- შვილო, შვილო! – და ზედ გაეკრა.

კარგა ხანს დასტიროდა ონისეს გაყინულს სხეულს; ბოლოს წამოიხედა, ველურად დაიწყო აქეთ-იქით ყურება და ერთბაშად შეშინებული წამოვარდა.

- შორს, შორს!.. – დაიძახა იმან და ჰაერში ხელები გაიშვირა: სისხლი, ხანჯალი… შვილი, შვილი! რა იქნა ჩემი შვილი! – ძალზედ შეჰკივლა და ვეფხივით ღრიალი დაიწყო…

გაიარა კარგა ხანმა, ხევი დამშვიდდა. ცხოვრებამ ჩვეულებრივი მდინარეობა მიიღო.

მხოლოდ სამტვეროს ტყე გადაიქცა ყველასათვის მოსარიდებლად, რადგანაც იქ ჩასახლდა ჭკუაზედ შემცდარი გოჩა და გამვლელ-გამომვლელს თავის შვილზედ ამბის კითხვით არ უსვენებდა. ის ყველას ეპატიჟებოდა თავის სახლში და უამბობდა, რომ შვილს მოელოდა შორის გზიდგან. მერე დაუწყებდა მუქარას, რომ შაეტყობინათ, რა მოუვიდა ონისეს, და ბოლოს შემზარავის ღრიალით გაათავებდა.

ასე მიდიოდა მოხუცის დღეები იმ დრომდის, სანამ ერთს ზამთარს თოვლს ვიწრო ხევში არ ჩაეჩუმქრა.

რაც შეეხება ძიძიას, ის იმ ღამიდგან, რაც ონისეს განშორდა, აღარავის უნახავს.

ფუნთუშა – ერთგვარი პურია, რომელსაც ღუმელში აცხობენ.

ეს ჩვეულება ეხლა შეიცვალა: ამ ბოლო დროს მეფე-დედოფალი და «ხელისმომკიდე» ერთად სხდებიან ქალის სახლიდამვე, რადგანაც ჯვარისწერა უმეტეს შემთხვევაში ქალის სამშობლოში ხდება.

ეს მოთხრობა სიტყვა-სიტყვამდე მიამბო ფრიად მოხუცმა მოხევემ დინჯა ხულელმა.


Responses

  1. sakartvelos simdiderea…

  2. Sakartvelos Simdidrea, misi Kultura da Litereturuli Shemoqmedeba

  3. sps amis damdebs magra gamomadga

  4. dzaan magaria,magrad gamomadga sp

  5. თუ იცით, ეს სრული ვერსიაა?

  6. Gaixaros vinc es dado…. dzalian gamomadga…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: