Posted by: burusi | 18/09/2009

პეტრე ოცხელი – ბიოგრაფია

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, კომერსანტის ოჯახში.
1914 წელს ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.

მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებს დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს აკეთებდა. ხშირად ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ – უმცროსი ძმა, ლეო მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა, ხოლო პეტრე აფერადებდა მათ, შემდეგ კი ნაწილების ,,მონტირების’’ შედაგად მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ. ამ პერიოდში პეტრემ გააფორმა საბავშვო სპექტაკლები: ,,კურდღლის საცოლე’’, ,,ღამე ტყეში’’ (1916-1917წ.).

1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ ოჯახის ქუთაისში გადაყვანა გადაწყვიტა.

1923 წელს პეტრე ოცხელი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში იწყებს სწავლას, პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. ამ პერიოდში შექმნა პეტრემ პორტრეტების სერია, აგრეთვე ესკიზები სპექტაკლებისათვის, რომლებსაც მისი სკოლის მეგობრები დგამდნენ. რეპერტუარში, კლასიკოსთა ნაწარმოებების გვერდით, შედიოდა მეგობრების მიერ დაწერილი პიესებიც.

1925 წელს პეტრემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ფინანსურ დახმარებას უწევდა უფროსი და, რომელიც ქუთაისში მუსიკის კერძო გაკვეთილებს ატარებდა. პეტრე 1926 წლიდან პროფესორ შარლემანის სტუდენტი გახდა.

პირველი სპექტაკლი, რომელიც პეტრემ გააფორმა, იყო ანატოლი ლუნაჩარსკის პიესა “ცეცხლის გამჩაღებლები”, რომელიც მუშათა თეატრში დაიდგა 1927 წელს. კოტე მარჯანიშვილი დაინტერესდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტის – პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლით. რეჟისორმა იმთავითვე ამოიკითხა მხატვრის ნიჭი. ამ პერიოდში კ. მარჯანიშვილი ქუთაისის თეატრისათვის დასს აყალიბებდა და პეტრე თეატრში მიიწვია სამუშაოდ. პეტრე სამხატვრო აკადემიის მესამე კურსიდან გამოვიდა და საბოლოოდ გადავიდა თეატრში.

ქუთაისის ქართულ დრამატულ თეატრში მხატვარმა გააფორმა შალვა დადიანის “კაკალ გულში” (1928 წ.), კარლ გუცკოვის
“ურიელ აკოსტა” (1929 წ.), შელის პიესა “ბეატრიჩე ჩენჩი”.(1930 წ.), კ. კალაძის “ხატიჯე” (კ. მარჯანიშვილის დადგმა), ნ. პოგოდინის პიესა ,,ფოლადის პოემა” (კოტე მარჯანიშვილის დადგმა, 1931 წ.); ვ. კირშონის პიესა “პური” (კოტე მარჯანიშვილის დადგმა, 1931 წ.), ი.ფაშეკის პიესა “გულადი ჯარისკაცი შვეიკი” (ა. ჩხარტიშვილის დადგმა, 1931 წ.). ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მხატვარმა თავისი ნიჭისა და მხატვრული ხედვის წყალობით შექმნა შესანიშნავი ესკიზები. მის ნამუშევრებში გამოჩნდა მხატვრის დახვეწილი გემოვნება, კოლორიტის ფაქიზი გრძნობა და პოეტურობა, სივრცის აღქმის უტყუარი ალღო.

1931 წელს კოტე მარჯანიშვილმა მოსკოვის ყოფილი კორშის თეატრში დადგა ჰენრიკ იბსენის “მშენებელი სოლნესი”. სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა პეტრე ოცხელი მიიწვია. მხატვარს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. იგი დარჩა მოსკოვში და წარმატებით განაგრძო მუშაობა მცირე თეატრში.

მომდევნო წლებში, პეტრე ოცხელი მუშაობდა შემდეგი სპექტაკლების გაფორმებაზე: ჰ. ბააზოვის პიესა “მუნჯები ალაპარაკდნენ”, დადგმა დ. ანთაძის (1932 წ.); ნ. ზარხის პიესა “ჯოი სტრიტ”, დადგმა ა. ჩხარტიშვილის (1932 წ.); უ. შექსპირის პიესა “ოტელო”, დადგმა კ. მარჯანიშვილის (1933 წ.); ს. მთვარაძის “სურამის ციხე”, დადგმა ა. თაყაიშვილის (1933 წ.); ე. რაისის პიესა “ჩვენ, ხალხი”, დადგმა ვ. ყუშიტაშვილის (1934 წ.); ნ. კუჭავა და ბ. გამრეკელი პიესა “ჩვენ გავიმარჯვებთ”, დადგმა ა. თაყაიშვილის (1934 წ.); ი. ვაკელის “აპრაკუნე ჭიმჭიმელი”, დადგმა ვ. გოძიაშვილის და ნ. გოძიაშვილის (1934 წ.); შალვა დადიანის “ჩატეხილი ხიდი” (ი.ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), დადგმა ვ. ყუშიტაშვილის (1935წ.); ფ. შილერის “ვერაგობა და სიყვარული” დადგმა ვ. აბაშიძის, (მოსკოვის მცირე თეატრი, 1936წ.). ვ. გუსევის “დიდება”, დადგმა ნ. ხოხლოვის, (მოსკოვის მცირე თეატრი, 1936წ.); ლოპე და ვეგას “ცხვრის წყარო” (მოსკოვის მცირე თეატრი, 1937წ.).

1937 წელს პეტრე ოცხელმა გააფორმა რეჟისორ ლ. ესაკიას კინოფილმი “მფრინავი მღებავი” (სახკინმრეწვი). 1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკიმ გადაწყვიტა ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” დადგმა. გამოცხადდა კონკურსი სპექტაკლის გაფორმებაზე, კონკურსში ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა, თუმცა დადგმა განუხორციელებელი დარჩა. ასევე არ დადგმულა პ. ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლები: ,,ყაჩაღები” (1932 წ.); “სპარტაკი” (1933 წ.); “სამანიშვილის დედინაცვალი” (1933 წ.);

1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა, თუმცა მხატვარი ამას ვერ მოესწრო – 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: “მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება” და სიკვდილით დასაჯეს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: