Posted by: burusi | 18/09/2009

ლელა ოჩიაური – პეტრე ოცხელის გამოფენა “მარჯანიშვილის” თეატრში

ოტელო, მხატვ. პეტრე ოცხელი, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, 1933; Othello, Petre Otskheli, Staged By Kote Marjanishvili, 1933

ოტელო, მხატვ. პეტრე ოცხელი, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, 1933; Othello, Petre Otskheli, Staged By Kote Marjanishvili, 1933

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 31 იანვარს პეტრე ოცხელის გამოფენა გაიხსნა. იმავე საღამოს გაიმართა სოფიკო ჭიაურელის მიერ აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლი-შედევრის “ურიელ აკოსტას” ჩვენებაც. ანალოგიური რამ მოხდა 2006-2007 წლის სეზონის დასაწყისში, როდესაც “ურიელით” და პეტრე ოცხელის გამოფენით არამხოლოდ ახალი სეზონის, არამედ რემონტის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრისა და მისი განახლებული მუზეუმის გახსნა აღინიშნა.

2007 წელი პეტრე ოცხელის ორმაგი საიუბილეო წელი იყო – დაბადებისა და გარდაცვალების. იგი 1907 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, 1937 წლის 21 სექტემბერს დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც “კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს” და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს. მას შემდეგ 70 წელი გავიდა.

ეს თარიღები არაერთგვაროვნად და არაერთჯერადად აღინიშნა და პროცესში რამდენიმე პიროვნებამ და კულტურის რამდენიმე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა, თბილისის ისტორიის მუზეუმმა და მარჯანიშვილის თეატრმა; პროექტის ავტორებმა და მონაწილეებმა: ლელო ჭიჭინაძემ, მერი მაცაბერიძემ, კოტე ჯანდიერმა, ნინო ვაჩეიშვილმა. “მარჯანიშვილის” გამოფენაც ამ საიუბილეო ღონისძიებების გაგრძელებაა.

თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, 70 წლის წინ, 2 დეკემბერს, ამ საბედისწერო დღეს, პეტრე ოცხელთან ერთად, “სამეულის” გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის კიდევ ორი წარმომადგენელი: რეჟისორი – ვახტანგ აბაშიძე და თეატრის მოღვაწე – გიორგი ჟორდანია დახვრიტეს.

რატომ ერთად?

ვასილ კიკნაძე: ეს წარმატებული ახალგაზრდები – პეტრე ოცხელი (როგორც მხატვარი, რომელსაც ჯერ კიდევ ქუთაისიდან იცნობდა), ვახტანგ აბაშიძე (როგორც ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც მარჯანიშვილის გვერდით გაიზარდა) და გიორგი ჟორდანია (თეატრალური მოღვაწე, რომელიც ოპერის თეატრის დირექტორიც იყო და სხვადასხვა შემოქმედებით ხელმძღვანელად მუშაობდა) სერგო ამაღლობელმა მოსკოვში მიიწვია.

რას წარმოადგენდა სერგო ამაღლობელი?

ვასილ კიკნაძე: მაშინ სერგო ამაღლობელი (ქუთაისიდან 1935 წელს წასვლის შემდეგ) მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი იყო. ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იყო ძალიან განათლებული მოღვაწე, თეატრის, კინოს მკვლევარი, სოციოლოგი, ძალიან სერიოზული მოაზროვნე (1925 წელს რუსთაველის თეატრში დირექტორადაც იყო). იგი ჩაუდგა ამ ახალგაზრდებს სათავეში, რომ მათთვის მცირე თეატრში შემოქმედებითი მუშაობის საშუალება მიეცა და ამ დროს სერგო ამაღლობელი დაიჭირეს.

რა წაუყენეს ბრალად?

ვასილ კიკნაძე: სერგო ამაღლობელს წაუყენეს ბრალდება, რომ იგი იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რომელიც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ, ნაციონალისტურ საზოგადოებას. დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, ეს იყო ქართველების დიასპორა, მაგრამ, ვინაიდან მაშინ მოსკოვი ყველას დედაქალაქი იყო, საბჭოთა კავშირი – ყველას ქვეყანა, დიასპორად არ იკითხებოდა.

მოსკოვში, რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველები და რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ქართველები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ მათი მიზანი არ იყო, რომ საქართველო გაეთავისუფლებინათ და საბჭოთა ხელისუფლება დაემხოთ. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, რომ მოსკოვში ქართული საქმეები გაკეთებულიყო. სტალინი კი, მოსკოვში ქართული ღონისძიებების გამართვისა და დაჯგუფებების შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჰქონდა რაღაც პათოლოგიური შიში ყველაფერი ქართულისადმი. და დაიწყო კამპანაია მოსკოვში ქართული სათვისტომოს წინააღმდეგ და რომ, ვითომ სერგო ამაღლობელი ერთ-ერთი ლიდერი იყო ამ ორგანიზაციის.

21 სექტემბერს, ერთ დღეს დააპატიმრეს – ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ჟორდანია და პეტრე ოცხელი. რადგან მათი მასპინძელი – სერგო ამაღლობელი ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული – ტროცკისტული, ტერორისტული, ნაციონალისტური ჯგუფის წევრი – იგივე ბრალდება წაუყენეს. მათი საქმის გამოძიება რაღაც საოცარი სისწრაფით ჩატარდა.

დაკითხვები ორი კვირა გაგრძელდა. სამივეს საქმე ერთად გადაეცა “სამეულს” (“ტროიკებს” რომ უწოდებდნენ). “სამეულმა” განიხილა. მე, მათ პირად საქმეებში (თითო-თითო ტომია), დაკითხვების ოქმების გარდა ვნახე ერთი, საბოლოო ფურცელი – “სამეულის” დასკვნა. ესაა ცინიზმის, საერთოდ ადამიანობის წინააღმდეგ შექმნილი დოკუმენტი, სადაც ერთ ფურცელზე წერია –

პეტრე ოცხელი. მხატვარი. დაბადებული 1907 წელს. ბრალდება – კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ჯგუფის აქტიური წევრი. არ აღიარებს.

ვახტანგ აბაშიძე. რეჟისორი. დაბადებული 1907 წელს. ბრალდება – კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ჯგუფის აქტიური წევრი. არ აღიარებს.

გიორგი ჟორდანია… ბრალდება – კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ჯგუფის წევრი. არ აღიარებს.

მეორე გვერდზე, შესაბამისად ტექსტისა, წერია – დანაშაული არ აღიარა. დაიხვრიტოს. დახვრეტა 2 დეკემბერს.

განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს. პირად საქმეებში არის კიდევ ექიმის პატარა ცნობა, რომ სამივე ნამდვილად იქნა დახვრეტილი.

შემდეგ, 1940 წელს, ვახტანგ აბაშიძის დამ ბერიას (რომელიც უკვე მოსკოვში იყო) წერილი მისწერა – გთხოვთ, გადასინჯოთ ჩემი ძმის საქმე. იგი უდანაშაულოაო. და იქიდან მოუვიდა პასუხი, რომ – განაჩენი კანონიერად იქნა აღსრულებული.

ამ ტრაგედიიდან წლების გასვლის შემდეგ პეტრე ოცხელის მიმართ ინტერესი არ განელებულა. პირიქით, უფრო გაიზარდა და უფრო მეტიც გაკეთდა (და კეთდება), საბჭოთა ჯალათების მიერ ჩადენილი სისასტიკის “გამოსასწორებლად” (რამდენადაც ეს შესაძლებელია), მხატვრის შემოქმედების სათანადოდ მოსავლელად და დასაფასებლად, მისი მემკვიდრეობის აღიარებისა და პოპულარიზაციისთვის, სახელის უფრო მასშტაბურად წარმოსაჩენად – ქართული და მსოფლიო საზოგადოების წინაშე.

“რეზონანსი ” # 23
ორშაბათი, 28 იანვარი, 2008 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: