Posted by: burusi | 18/09/2009

ლელა ოჩიაური – პეტრე ოცხელი

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

პეტრე ოცხელი – Petre Otskheli

ყველაფერი ,,ურიელ აკოსტადან” დაიწყო.1929 წლის პირველი თეატრალური სეზონი ახალმა ქართულმა თეატრმა კარლ გუცკოვის ამ პიესით გახსნა. კოტე მარჯანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული დასი პირველ ნაბიჯებს დგამდა ზეაღსასვლელად. გასაოცარი უნარი ძიებისა, წინასწარგანჭვრეტისა იყო ნიშანდობლივი დიდი რეჟისორისთვის და წარმატების საწინდარიც ალბათ. სწორედ ამან უბიძგა დამდგმელს, როდესაც სრულიად უცნობ, გამოუცდელ სტუდენტს ,,ურიელ აკოსტასთვის” ესკიზების შესრულება დაავალა.
პეტრე ოცხელი მაშინ 22 წლისა იყო! მას შემდეგ ნახევარმა საუკუნემ განვლო და დღეს ქართულმა საზოგადოებამ კვლავ იხილა საგამოფენო დარბაზებში ,,ურიელ აკოსტას”, ,,ბეატრიჩე ჩენჩის”, ,,აპრაკუნეს”, ,,სურამის ციხის”, ,,ყაჩაღების” და სხვა სპექტაკლების ესკიზები. ასამდე ნამუშევარი ამშვენებდა ,,მხატვრის სახლის” ერთ-ერთი დარბაზის კედლებს. საინტერესო ექსპოზიცია კარგად აშუქებდა ოცხელის შემოქმედებას, მის თავისებურებებს, აქცენტს აკეთებდა მნიშვნელოვანზე.
პეტრე ოცხელის შემოქმედებაზე დღეს მხოლოდ ესკიზებით ვმსჯელობთ, მაგრამ ისინიც სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა ხდებოდა სცენაზე ჩვენი საუკუნის დასაწყისში, მარჯანიშვილის თეატრში. მრავლისმნახველი მოწმეებივით ბევრს გვეუბნებიან ვიწრო ჩარჩოებში ჩასმული სურათები, შექმნილნი სრულიად ახლგაზრდა მხატვრის მიერ. როდესაც ამ ნამუშევრებს ვუმზერთ, ვიმსჭვალებით მოკრძალებით შემოქმედებისადმი, რომელიც ცხოვრობდა და გარდაიცვალა დიდი ხნის წინათ, ხოლო დატოვა ხელოვნება, რომელიც უბერებელი და ცოცხალი დარჩება მარად. ამ ხელოვნებაზე ძნელია ლაპარაკი, ვინაიდან ეს არის ხალასი გრძნობა, სიყვარული და გასაოცარი სიბრძნე ცხოვრებისა. ოცხელის შესახებ მის თანამედროვებსააც და დღევანდელ მნახველსაც ერთი და იგივე აზრი გააჩნიათ: ეს არის იშვიათი ხელოვნება, ოცხელი იყო და არის შემოქმედი, როგორიც ქართულ თეატრალურ მხატვრობას ძალზე ცოტა თუ ჰყოლია. მხატვრის პიროვნულ თვისებებსაც ყველა ერთნაირად იხსენებს: თავმდაბალი, ცოცხალი, მხიარული ახალგაზრდა; არ ყოფილა ადამიანი ის არ ჰყვარებოდა, რადგან თვით ოცხელს უყვარდა ყველა! ამბობენ, ღმერთებსაც რჩეულნი უყვართო!.. უდროოდ გარდაცვლილი ჭაბუკი მარად ახალგაზრდა , მარად ცოცხალი და ჩვენთან მყოფია, რაზეც მისი შესანიშნავი ხელოვნება მეტყველებს. პეტრე ოცხელს სრულიად არ გადაღობია წინ წელთა სიმცირე, რათა შეექმნა ნამდვილი ოსტატური სურათები. მისი აზროვნება, წერის მანერა, ჩანაფიქრის განხორციელება, იდეის წვდომის სიღრმე გამოცდილ ხელოვანს უფრო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე ოცდაათს ცოტა გადაცილებულს. როდესაც პეტრე ოცხელის შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ,,ურიელ აკოსტა” უნდა გავიხსენოთ, რადგან თეატრის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნებაასეთი ძლიერი სრულყოფილი სპექტაკლი. იგი მართლაც ხომ ხელოვნების ზეიმად იქცა. წარმატებას ხელი შეუწყო ყველა კომპონენტმა: რეჟისურამ, მსახიობებმა, მუსიკამ, მხატვრობამ. კარლ გუცკოვის პიესა სიყვარულის, ადამიანობის, თავისუფლებისადმი სწრაფვის სადიდებელი ჰიმნია. გასაოცარი კავშირი თანამედროვეობასთან გახდა საფუძველი წარმატებისა. ეპოქას, როდესაც მკვიდრდებოდა მაღალი ჰუმანური იდეები, სრულად შეესატყვისებოდა ნაწარმოების თემა, მისი ხასიათი. რეჟისორული გადაწყვეტის ამაღლებულ, დიდებულ ხასიათს ხაზს უსვამს მხატვრობა: ასევე მკაცრი, დიდებული და მღელვარე. შავ-თეთრი გამა, კიბეების და სვეტების თეთრი სისადავე კონტრასტშია შავ ხავერდთან. განათება აძლიერებს სამოსის გამომსახველობას. პლასტიკური ნაკეცებით და ფორმებით იგი შერწყმულია მსახიობების სტილიზებულ პლასტიკასთან, მათ ვნებებთან. მხატვარი ფორმებს ანზოგადებს და ხაზს უსვამს მთავარს, დამახასიათბელს. ის, რასაც ვკითხულობთ ნაწარმოებში, ესკიზებშია გადმოტანილი. სიმკაცრე, მღელვარება, ლაკონიურობა არა მარტო ნაწარმოების ხასიათიდან მომდინარეობს, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების ეპოქის შეგრძნებასაც განაპირობებს. დეკორაციებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა და დახვეწილობით გამოირჩევა მოქმედ გმირთა კოსტუმებით, კოტე მარჯანიშვილი დიდად აფასებდა ოცხელის შემოქმედებაში ამ მხარეს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ივდითის, ურიელის, დე-სანტოსისა და სხვა პერსონაჟთა კოსტიუმები მხატვრული შემოქმედების იშვიათი ნიმუშებია. თითოეული დეტალი, ელემენტი, ხაზი გარკვეულ დანიშნულებას ასრულებს და ქმნის სახეს, ხსნის გმირის ხასიათს.
ივდითი __ ვერიკო ანჯაფარიძე, ესკიზზე ასახულია ქალური გრაციით, კდემამოსილებით აღსავსე. მისი პროფილი, ჩვენთვის აგრერიგად ცნობილი და დაუვიწყარი, გარდასახულია ივდითის სახედ. თხელი, ლამაზი ხელები, მოსხლეტილი მოძრაობა, სიამაყე და ღირსების გრძნობა ახასიათებს ივდითის როლის შესრულებას. პეტრე ოცხელის თითოეული კოსტუმი ითვალისწინებს მსახიობს, გამომდინარეობს სახის არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი თვისებებიდან და ოსტატურად არის შერწყმული გმირის ხასიათთან. როგორც მარად ცოცხალი დარჩება ვერიკო ანჯაფარიძის ივდითი, ასევე უკვდავი იქნება მხატვარი, რომელსაც გასაოცარი სიფაქიზით, ალღოთი შეუქმნა მსახიობს ისეთი სამოსი და ვარცხნილობა, რომელსაც ვერცერთი სხვა კოსტუმი ვერ შეცვლის, ვერ მიაღწევს ისეთ სრულყოფას ივდითის სახის, მისი ბუნების გახსნაში. მხატვარს ცოცხალ სახეებთან ქონდა საქმე, მათი ხასიათის თავისებურებებთან. გარეგნულ ინდივიდუალურ ნიშნებთან. ყველა ისინი გარკვეულ გარემოში ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ, გარემოში, რომელმაც თვით ისინი შექმნა. ეს გარემოც ასევე მახლობელი უნდა ყოფილიყო მათთვის, მსგავსი და მათგან განუყოფელი. ოცხელი ზუსტად აგნებს სახასიათოს და, ამავე დროს, კოსტუმებსა და დეკორაციებში მინიმალურად იყენებს. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი, მხოლოდ ის დეტალი, რაც უფრო მეტად გააღრმავებს და ხაზს გაუსვამს პიესის და დადგმის იდეური შინაარსის ხასიათს. მკაცრად მოწესრიგებულია სცენა, სამოქმედო მოედანი. კიბეები, შესასვლელები მაყურებლის ყურადღებას არ ფანტავს. დეკორაციები, კოსტუმები ქმნიან იდეალურ გარემოს მსახიობთა მოქმედებისათვის, ანიჭებენ მათ თავისუფლებას და ახვედრებენ მათ კონკრეტულ სამყაროში, რომელიც რეალურად არსებობდა და დარჩა სადღაც, საუკუნეების მიღმა.

ოტელო, მხატვ. პეტრე ოცხელი, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, 1933; Othello, Petre Otskheli, Staged By Kote Marjanishvili, 1933

ოტელო, მხატვ. პეტრე ოცხელი, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, 1933; Othello, Petre Otskheli, Staged By Kote Marjanishvili, 1933

პეტრე ოცხელმა წარმოადგინა სცენური სამყარო, რომელმაც გაუადვილა მსახიობებს გარდასახვა, მოეხმარა, ხელი შეუწყო ეპოქის და პიესის არსის გაგებაში. რადგან ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ის გარემოა, რომელშიც გმირი მოქმედებს. თითოეულ ნაწარმოებზე მუშაობისას მხატვარი სხადასხვა კუთხით უდგებოდა ამოცანას და ქმნიდა რეჟისორულ ჩანაფიქრს დაქვემდებარებულ ესკიზებს, შესაბამისად, იცვლებოდა ბუნება, იცვლებოდა მხატვრული ხერხი. თუ გადავხედავთ ესკიზებს სპექტაკლებისა ,,ყაჩაღები“, ,,სურამის ციხე“, ,,ჩატეხილი ხიდი“, ,,აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ,,მუნჯები ალაპარაკდნენ“ და სხვ. დავინახავთ, თუ რაოდენ განსხვავებულია მათი გადაწყვეტა. იდეურად, თემატურად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწარმოებებს ოცხელმა მოუძებნა თავისებური, ინდივიდუალური სახვითი ენა. წლების განმავლობაში ცვლილებებს განიცდის მიმართულება მხატვრის შემოქმედებაში. პირველი წლებისათვის დამახასიათებელი კონსტრუქტივიზმი, აბსტრაგირება იცვლება ნატურალიზმით, რომელიც მხატვრისთვის უცხო აღმოჩნდა და ვერ ჰპოვა სათანადო გამოვლინება-განვითარება. ნატურალიზმის შემოჭრამ საერთოდ შეუშალა ხელი თეატრალური ხელოვნების განვითარებას. ოცხელი, რომელიც თავის ნამუშევრების პრინციპად იღებდა ლაკონიზმს, გეომეტრიზმს, რიგ ნამუშევარში კარგავს ინდივიდუალობას, საკუთარ სახეს, თუმცა, ამავე დროს, დეტალებში მაინც იგრძნობა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი მეტყველება (,,მუნჯები ალაპარაკდნენ“, ,,აპრაკუნე ჭინმჭიმელი“) ძირითადად პეტრე ოცხელი მაინც რჩება მხატვრად, რომელმაც შექმნა ხელოვნება, მხატვრული ძიებების მრავალფეროვნებითა და მიღწევების სიუხვით რომ გვაოცებს. თითოეულ სპექტაკლში იგი ხსნის ეპოქის სულს, ხატავს გარემოს, დროს. ,,სურამის ციხე“ საბავშვო სპექტაკლი იყო და მხატვარმაც გარკვეულად ზრაპრული ხასიათის, ბავშვისთვის გასაგები და ახლობელი გარემო შექმნა, ნათელი, ცოცხალი ფერებითა და შედარებით კონკრეტული დეკორაციებით. სპექტაკლში ,,ბეატრიჩე ჩენჩი“ ოცხელი სულ სხვაგვარად წყვეტს მხატვრული გაფორმების ამოცანას. ,,ურიელ აკოსტას“ მონუმენტურობას, დიდებულებას და მღელვარებას ცვლის სხვა ემოციური გარემო, თუმცა გეომეტრიზმი და განზოგადებულობა კვლავ შენარჩუნებულია. ამ ოჯახური დრამის გაფორმებაში დეტალები შემცირებულია და უფრო დანაწევრებული, სივრცის შეგრძნებაც შენელებულია. როდესაც ვათვალიერებთ ოცხელის გამოფენას, ვგრძნობთ, რომ დანაკარგი მართლაც აუნაზღაურებელია. მხატვარმა ჭეშმარიტად თქვა თავისი სათქმელი, და ბევრი მოასწრო ხანმოკლე სიცოცხლის გზაზე.

პეტრე ოცხელის ხელოვნება დღესასწაულს გავს, რომელიც სამუდამოდ ტოვებს კვალს მხილველთა ხსოვნაში, კვალს, რომელსაც წაშლა არ უწერია, რადგან იქ, სადაც ნიჭი და სიყვარული ქმნის ხელოვნებას, მარადიული უკვდავების გვირგვინიადგას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: