Posted by: burusi | 12/09/2009

თამარ ჭუმბურიძე – გრიგოლ ფერაძის ცხოვრების გზა

გრიგოლ ფერაძე – Grigol Peradze

გრიგოლ ფერაძე – Grigol Peradze

გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს (ძველი სტილით 31 აგვისტოს) სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრაში, ამჟამად გურჯაანის რაიონი). მისი მშობლები იყვნენ მღვდელი რომანოზ ფერაძე და მარიამ სამადალაშვილი. გრიგოლს ორი ძმა ჰყავდა _ არჩილი და ვასილი. რომანოზ ფერაძის გადმოცემით რომანოზ ფერაძე «ერთგული იყო თავისი მრევლისა. პურს ძალით არავის ართმევდა და თვითონ ღარიბებს აძლევდა ხოლმე. მან გახსნა სოფლისათვის სკოლა და კიდევ დიდი სიკეთე უყო სოფელს».
1905 წელს რომანოზი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. დარჩა დედა სამი მცირეწლოვანი ვაჟიშვილით. ძმებს შორის შუათანა, გრიგოლი, რომელიც მაშინ შვიდი წლისა იყო, ბიძამ გიორგი ფერაძემ, ყვარლის ეკლესიის მღვდელმა, თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად ყვარელში, სადაც გრიგოლი დაახლოებით 5 წელი ცხოვრობდა. სასკოლო ასაკს რომ მიაღწია, გრიგოლი დედამ თბილისში ჩამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა.
სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1913 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ ხანებში სემინარიის რექტორი იყო დეკანოზი კორნელი კეკელიძე,
რომელიც თავიდანვე ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდა ნიჭიერ სტუდენტს. სწორედ კ.კეკელიძის შუამდგომლობის საფუძველზე მიმართა საკათალიკოსო საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, გაეგზავნათ ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე, როგორც სასულიერო სემინარიის პირველი ხარისხის დიპლომიანი ახალგაზრდა, გერმაანიაში რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში თეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლებლად. ფონ კრესს აღუთქვამს კიდეც დახმარება, მაგრამ გერმანიის რევოლუციის გამო ეს გეგმა ჩაიშალა.
1918 წ. გრიგოლმა დაამთავრა სასულიერო სემინარია და თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პერიოდზე თვითონ არაფერს წერს და არც რაიმე ხელჩასაჭიდი საბუთი მოგვეპოვება, რის გამოც ზოგი მკვლევარი ცნობას გრ. ფერაძის თბილისის უნივერსიტეტში სწავლის შესახებ საერთოდ უარყოფს ან დუმილით უვლის გვერდს.
იმავდროულად გრიგოლმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია.
1919 წელს ის არმიაში გაიწვიეს და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. სამივე ძმა ბოლშევიკების წინაამღდეგ იბრძოდა და იცავდა სამშობლოს. ამის შესახებ თვითონ გრ. ფერაძე წერს: «მთელი საქართველო სისხლში ცურავდა. სამივე ძმა ფრონტზე ვიყავით. დედაჩემი თბილისში იყო. არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ. სამი ძმიდან პირველი მე დავბრუნდი სახლში. ბინა გაქურდული დამხვდა. ქალაქი შიმშილობდა. დრო არ მქონდა დასვენებაზე მეფიქრა. უნდა მეჩქარა, რათა უმცროსი ძმა მომეძებნა. სხვადასხვა ცნობა მოდიოდა მის შესახებ. სამი ქალაქი მოვიარე იმ იმედით, იქნებ მეპოვა, უმეტესად ფეხით დავდიოდი … ძლივს მივაგენი დაკარგულ ძმას, რომელსაც ჩემი ჩასვლის დღეს ფეხი მოჰკვეთეს».
ბოლშევიკების მიერ თბილისის დაკავების შემდეგ, 1921 წ. მარტში გრ. ფერაძე სოფელ მანავში (გარეკახეთი) წავიდა მასწავლებლად. იმავე წელს შემოდგომაზე გარეკახეთის სამღვდელოებამ იგი თავის წარმომადგენლად გაგზავნა მესამე საეკლესიო კრებაზე გელათში. ამ კრებაზე ხელმეორედ დაისვა საკითხი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გრ. ფერაძის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. ამჯერადაც მას კ. კეკელიძე და მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) შუამდგომლობდნენ. მისი ბედით დაინტერესდნენ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და ცნობილი გერმანელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტი..
მოვიყვანთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილს გერმანიის საელჩოსადმი თბილისში: «საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.
წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია «ოფიციალურ» საგნად იყოი მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.
გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.
მე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.
ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.
ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.
გელათის მონასტერი
1921 წ. 6 დეკემბერი
ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კათალიკოს-პატრიარქმა ეს სარეკომენდაციო წერილი კრების დამთავრებისთანავე შეადგინა გელათში და აქედანაც ჩანს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ევროპაში ნიჭიერი ახალგაზრდების გაგზავნას თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად, რათა შემდეგ მათი საშუალებით გაეღრმავებინათ კავშირი ევროპასთან საეკლესიო საკითხებში.
ამრიგად, გრიგოლ ფერაძე გერმანიაში გაიგზავნა და ამის მერე მისი ბედი განუყრელად დაუკავშირდა ევროპას. მრავალგზის ცდის მიუხედავად იგი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
პირველი გერმანელი, რომელმაც ხელი შეუწყო გრ. ფერაძის გერმანიაში გამგზავრებას და რომლის სარეკომენდაციო ბარათიც ახლდა კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილს, იყო არტურ ლაისტი. მან თარგმნა კათალიკოსის წერილიც, მიწერილი დოქტორი ლეფსიუსისადმი. იგი წერდა:

«ღრმად პატივცემულო ბატონო,
ამ წერილი მომტანი, ბატონი გრიგოლ ფერაძე, ქართველი ხალგაზრდა, აპირებს ბერლინში ევანგელისტური თეოლოგიის შესწავლას, რათა შემდეგ თავის სამშობლოში ქართული სამღვდელოების სულიერი და მორალური აღმავლობისათვის იზრუნოს. ბატონი ფერაძე ძალიან მონდომებულია და მე იგი ძალიან თბილად წარმომიდგინა ქართული ეკლესიის მწყემსმთავარმა. თუმცა ახალგაზრდა კაცის ფულადი სახსრების სიმცირისა და ქართული ეკლესიის მმართველობის ამჟამინდელი გაჭირვების გამო საკმარისი ფინანსური შესატანის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გერმანიის კულტურული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკლესიის ჩართვა გერმანელი მეცნიერების გავლენის სფეროში და ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა კაცს ბერლინში ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ …
მრავალი წელია, რამდენადაც შემიძლია, ვიღვწი საქართველოში გარმანიისადმი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად და საქართველო-გერმანიის მეგობრობის განსამტკიცებლად. ახლაც ყოველ ღონეს ვხმარობ, რათა ხელი შევუწყო ჩვენს საგარეო კულტურულ პოლიტიკას. მთელი წინა აზია გერმანული ორიენტაციის მატარებელია, გარდა სომხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დაწყებამდე იდგნენ ჩვენი მტრების მხარეზე, ხოლო ომის დროს კავკასიაში ყოველივე გერმანულის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. როცა ინგლისელებმა დაიკავეს კავკასია, სომხები ისევ ძალიან გამომწვევად გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ … მე ბევრი მიწერია სომხებზე: 1912 წელს ბერლინში გამოვაქვეყნე ერთი ტომი-სომხური ლექსების გერმანული თარგმანი, 30 წელი მეგობრულად ვიყავი განწყობილი მათდამი, მაგრამ ახლა საბოლოოდ «განვიკურნე» ამ მეგობრობისგან. ბატონ გენერალ ფონ კრესს (ამჟამად გერმანიის სამხედრო სამინისტროშია, ბერლინში), მისი აქ ყოფნის დროს, 1918 წელს, ბევრი რამ მოვუყევი სომეხთა უმსგავსო საქციელზე. ახლა მან იგივე შეიტყო სხვებისაგანაც და დარწმუნდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით, გერმანია-საქართველოს მეგობრობას რომ ვუწყობთ ხელს.
ამიტომ ვანდობ თქვენს კეთილ ზრუნვას ბატონ ფერაძესაც და აქვე გაახლებთ ნაწყვეტს ერთი წერილიდან, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა აქაური გერმანელებისათვის გადმომცა.
ღრმა პატივისცემით, არტურ ლაისტი, მწერალი
თბილისი 1921 წ. 10 ოქტომბერი».

არტურ ლაისტის წერილი, როგორც აღვნიშნეთ, მიმართულია დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსისადმი, რომელთანაც ჩავიდა პირველად გრ. ფერაძე ბერლინში. ამ პიროვნებას, რომლის სახელიც გერმანიაში კარგადაა ცნობილი, ქართული საზოგადოება შედარებით ნაკლებად იცნობს, ამიტომ მასზე ცოტა დაწვრილებით შევჩერდებით.
იოჰანეს ლეფსიუსი (1858-1926) არის თეოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მე-20 საუკუნის გერმანიაში. იგი თავისი ქრისტიანულ-ჰუმანიტარული მოღვაწეობით უტოლდება ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორიცაა ალბერტ შვაიცერი.
ი. ლეფსიუსმა დააარსა სამისიონერო საზოგადოება აღმოსავლეთისათვის (ე.წ. Deutsche Orientmission), ასევე სომეხთა დამხმარე საზოგადოება (Armenisches Hilfswerk) ბერლინში, იგი ხსნიდა საავადმყოფოებს, სკოლებს, მანუფაქტურებს მასობრივ ჟლეტას გადარჩენილთათვის თურქეთში და ლტოლვილებისათვის სპარსეთიდან და ბულგარეთიდან, სადაც დახმარებას უწევდნენ სომხებს, ქრისტიან სირიელებს, ქურთებს და თვით თურქებსაც, მკურნალობდნენ და ცდილობდნენ მათ შერიგებას. ი. ლეფსიუსი ეხმარებოდა ასტრახანის ევანგელისტურ ეკლესიას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას არასოდეს უცდია მართლმადიდებელი ეკლესიის (რუსული, სომხური და სირიული) ნაწილის «გაპროტესტანტება». მას სურდა, უპირველეს ყოვლისა, ამ ძველი, ისლამის მიერ დევნილი დასუსტებული ეკლესიების გაძლიერება.
აღმოსავლეთში ჩატარებული ქველმოქმედებისათვის, გაჭირვებულთა მიმართ ზრუნვისა და თეოლოგიური მოღვაწეობისათვის მან ქ. ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. 1897/1898 წწ. ი. ლეფსიუსმა დააარსა ჟურნალები «Der Christliche Orient» და «Das Reich Christi».
ი. ლეფსიუსი ცნობილი იყო ფრანც ვერფელის წიგნიდან «მუსა დაღის ორმოცი დღე», სადაც იგი როგორც «სომეხი ხალხის მფარველი ანგელოზი», თანაგრძნობითა და სიყვარულითაა აღსავსე, ღვთაებრივია და ჰუმანურობის გამომხატველი. იგი ზოგჯერ გამოგონილი ლიტერატურული გმირიც კი ეგონათ, სინამდვილეში კი ლეფსიუსის მიერ შეგროვილი აკრძალული დოკუმენტები გახდა ფრანც ვერფელის რომანის ერთ-ერთი მთავარი წყარო.
ი. ლეფსიუსმა დიდი მზრუნველობით მიიღო ახალგაზრდა ქართველი თეოლოგი, სტიპენდია დაუნიშნა მას, ხელი შეუწყო გამხდარიყო ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. გრ. ფერაძეზე ზრუნვა მან ღვთისგან მიღებულ დავალებად ჩათვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე მამობრივ ყურადღებას იჩენდა მისდამი.
აი, რას წერს იგი ერთ-ერთ წერილში თავის მეგობარს: «4 იანვარს ახალგაზრდა თეოლოგი სტუდენტი მოვიდა ჩემთან თბილისიდან, ქართველი, საქართველოს ეკლესიის პატრიარქის წერილით. ეს ეკლესია, რომელიც ისევე ძველია, როგორც სომხური და კონსტანტინე დიდამდის დაარსებული, ერთი საუკუნის წინ მთლიანად რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოტყუებით მიიერთა, კათალიკოსი ექვემდებარებოდა პეტერბურგის წმ. სინოდს. ქართველი ახალგაზრდა თეოლოგები იძულებულნი იყვნენ კიევში ან მოსკოვში ესწავლათ თეოლოგია. ახლა რუსული კავკასიის გათავისუფლებამ ქართული ეკლესიაც გაათავისუფლა და კათალიკოსს შეუძლია თავისი სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იქ გაგზავნოს, სადაც მოესურვება. მაგრამ ქართული ეკლესია ბოლშევიკებმა ისე გაძარცვეს, რომ იგი სრულიად გაღატაკდა. მიუხედავად ამისა, კათალიკოსმა ღვთის იმედით გამოგზავნა თავისი სემინარიის ერთი ნიჭიერი მოსწავლე გერმანიაში და რაკი ჩემს შესახებ სმენოდა, მთხოვა დავეხმარო, რათა აქ თეოლოგია ისწავლოს. ასე ჩამოვიდა ახალგაზრდა ფერაძე როგორც პირველი ქართველი თეოლოგი სტუდენტი გერმანიაში. … ვინაიდან საქართველოს ეკლესიას არა აქვს თეოლოგიური სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და ბიბლიის თარგმანიც კი არ გააჩნია თანამედროვე ქართულზე, ფერაძე აღსავსეა სურვილით, შეავსოს ეს ნაკლი ბერლინის თეოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. რაკი იგი მთლიანად მე მომენდო, რათა ვუხელმძღვანელო, კათალიკოსის სურვილის თანახმად, ე.ი. მე ღვთისგან მივიღე ეს დავალება. ერთი შეიძლება გამრავლდეს, რითაც ევანგელისტური თეოლოგია ღია კარს იპოვის უძველეს ქართულ ეკლესიაში».
გრ. ფერაძე გერმანულ ენას სწავლობდა ლეფსიუსის «აღმოსავლეთის მისიის» გენერალური მდივნის რიჰარდ შეფერის ოჯახში. თუმცა ი. ლეფსიუსი გრ. ფერაძის გაცნობის შემდეგ წერდა: «განმეორებით მოსვლის შემდეგ გამოვარკვიე, რომ ბატონი ფერაძე უკვე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა გერმანულ ენას, ასე რომ, უკვე არა მარტო გერმანულ წიგნებს კითხულობდა, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკში ნავარჯიშევი არ იყო, საკმაოდ კარგად ახერხებდა ჩემთან ურთიერთობას».
1922 წ. გრ. ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ჩარიცხვის შემდეგ მან ნელ-ნელა ჩააბარა გამოცდები გერმანულ, ბერძნულ, ებრაულ ენებში. ბერლინის უნივერსიტეტში მას ასწავლიდნენ გამოჩენილი გერმანელი მეცნიერები: კარლ ჰოლი, ადოლფ ფონ პარნაკი, კარლ ბროკელმანი, ბრუნო მაისნერი, ადოლფ დაისმანი, აიგენ მიტვოხი.
ამის შესახებ გრ. ფერაძე თავად იგონებს თავის წერილში «ჩემი სწავლა-განათლების წლები გერმანიაში» და დაისმანის შესახებ პოლონურ ჟურნალში გამოქვეყნებულ წერილში. ასევე სტატიაში «ჩვენი ქართველი თეოლოგების სწავლა-განათლების წლები გერმანიაში»22 და თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში «ქართული კულტურის სამსახურში», რომელიც მან ვარშავაში ყოფნისას დაწერა 1940 წ. აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის დავალებით გერმანულ ენაზე, შემდეგ კი პოლონურადაც ითარგმნა.
«გერმანული მეცნიერების შესაწავლა დავიწყე მისი აყვავების პერიოდში. ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან პარნაკი, პოლი, დაისმანი, ბაუდისინი, გრესმანი, გუსენი და ერჰარდი, ყოველ თაობაში როდი იბადებიან. ისინი მრავალი თაობის სწრაფვის და სულიერი ღვწის გვირგვინს წარმოადგენენ. ახლა რომ ვიწყებდე სწავლას, მათ დახმარებას სრულიად სხვაგვარად შევაფასებდი და გამოვიყენებდი, მაგრამ სინანული უკვე გვიანაა», _ აღნიშნავდა მეცნიერი თავისი გავლილი ცხოვრების შეფასებისას.
ბერლინის უნივერსიტეტში გრ. ფერაძე სამი წლის მანძილზე სწავლობდა თეოლოგიასა და აღმოსავლეთმცოდნეობას _ 1922 წ. ზაფხულის სემესტრიდან 1924-25 წლის ზამთრის სემესტრამდე. იგი პოტსდამში ცხოვრობდა და შეეძლო ენახა ხოლმე დოქტორი ლეფსიუსი, რომელიც პირადად ასწავლიდა რამდენიმე საგანს. გრიგოლი გულმოდგინედ სწავლობდა, რათა კარგ სპეციალისტად დაბრუნებულიყო სამშობლოში. სამშობლოდან კი ცუდი ამბები მისდიოდა. ამის შესახებ თვითონვე წერს თავის უფროს მეგობარსა და მასწავლებელს: «ცუდი ცნობები მომდის ჩემი ქვეყნის შესახებ. არეულობაა, ჩაგვრა, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარის მკვლელობა … ის ჩემი მეგობარი და მასწავლებელი იყო და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი გერმანიაში გამოგზავნისათვის. 68 წლის მიტროპოლიტი ერთ წელიწადზე მეტ ხანს ციხეში იჯდა. ახლახან გამოუშვეს და ქუთაისში ცხოვრობდა. ბოლშევიკებს, რომლებსაც ეკლესიის გახლეჩა სურთ, უნდოდათ მისთვის პატრიარქობის გადაცემა, რადგან მისი უწმინდესობა პატრიარქი ამბროსი ავადაა და ჯანმრთელობა შერყეული აქვს. მიტროპოლიტმა, რა თქმა უნდა, უარი თქვა ამაზე … მასთან ერთად დავკარგე ყოველივე საუკეთესო, რაც სამშობლოსთან მაკავშირებდა და მახარებდა».
ახალგაზრდა გრიგოლი ბევრს სწავლობდა და მუშაობდა. იგი თავიდან აპირებდა პროფესორ ჰოლთან ერთად დაეწერა ნაშრომი გიორგი ათონელის შესახებ, მაგრამ გერმანიაში საჭირო ლიტერატურა ვერ მოიპოვა. პროფ. მეკელაინის რჩევით მას მიუმართავს პროფ. ჰაინრიხ გუსენისათვის. გუსენს იგი ძალიან თავაზიანად მიუღია და გრიგოლსაც დარჩენია შთაბეჭდილება, რომ სწორედ გუსენი იყო ის პიროვნება, რომელიც გამოადგებოდა მას თავის მეცნიერულ მუშაობაში, რადგან პროფ. გუსენს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ყველა დარგში იყო გარკვეული. ამასთანავე გრიგოლისთვის დოქტორ ლეფსიუსსაც ურჩევია ბონში გაეგრძელებინა სწავლა და დაწყებული სამუშაო იქ დაემთავრებინა, ოღონდ იგი თვლიდა, რომ უმჯობესი იქნებოდა დაეწერა გამოკვლევა ბერ-მონაზვნობის დასაწყისზე საქართველოში და არა ამ ბერ-მონაზვნობის ერთ რომელიმე წარმომადგენელზე.
პროფ. გუსენი ქრისტიანული აღმოსავლეთის პროფესორი იყო ბონის უნივერსიტეტში. იგი პირველ რიგში თავისი შესანიშნავი ბიბლიოთეკით იყო ცნობილი (ამ წიგნების ნაწილს საქართველოდანაც იღებდა კორნელი კეკელიძისაგან და სხვა იმდროინდელი მეცნიერებისაგან, და თავადაც აგზავნიდა საპასუხოდ გერმანულ გამოცემებს). ეს წიგნები ახლა ბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. ის ასწავლიდა აღმოსავლურ ენებს და პრაქტიკული მეცადინეობების გარდა მიჰყავდა სალექციო კურსი სხვადასხვა ზოგად თემებზე. გრ. ფერაძე მას მეტად თბილად იგონებს თავის წერილში «ქართული კულტურის სამსახურში»: «იგი უაღრესად მშვიდი ბუნების მეცნიერი იყო, ენების გენიოსი _ სრულყოფილად ფლობდა არა მხოლოდ ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს, არამედ აღმოსავლურ ენებსაც; სომხურს, ქართულს, კოპტურს, ეთიოპურს, არამეულს, სირიულს, იცოდა აგრეთვე ლათინური და ბერძნულიც. ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც სავსე იყო აღმოსავლური წიგნებით. ოქროს გულის მქონე, უაღრესად კულტურულ ადამიანს, სიკვდილამდე შერჩა სიყვარული და ნდობა ადამიანთა მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა მათგან იმედგაცრუებას. მრავალი სხვა მეცნიერისაგან განსხვავებით იგი არ იყო არც «წიგნის ჭია» და არც მათი გულგაციებული ავტორი. წერაზე მეტად სიცოცხლეს აფასებდა. ამიტომ თავისი ცოდნის ამოუწურავი საგანძურიდან არც თუ ისე ბევრი რამ დაუტოვა შთამომავლობას, მაგრამ რაც დაწერა, საუკუნეებს გაუძლებს».
სწორედ პროფესორ გუსენთან გაემგზავრა 1924 წ. გრიგოლ ფერაძე. მან თხოვნით მიმართა პროფესორს, დახმარებოდა უნივერსიტეტში მიღებაში და მანაც ძალიან თბილად და ყურადღებით მიიღო იგი და გულმოდგინებით მოეკიდა ახალგაზრდა ქართველ თეოლოგთან მუშაობას. გრ. ფერაძე ძალიან აფასებდა პ. გუსენის ყურადღებას, თუმცა ზოგჯერ, თუკი ეს ყურადღება მოაკლდებოდა, ადამიანურად განაწყენდებოდა ხოლმე და თვლიდა, რომ გუსენისაგან მეტ გულისხმიერებას იგრძნობდა, კათოლიკური აღმსარებლობა რომ მიეღო (ამის შესახებ კ.კეკელიძისადმი მიწერილ პირად წერილებში გვაქვს მსჯელობა და აქ არ შევაჩერებთ ყურადღებას). მთავარი მაინც ისაა, რომ პ. გუსენი ძალიან დაეხმარა გრ. ფერაძეს ბონის უნივერსიტეტში ყოფნისას და ისიც ძალიან აფასებდა თავის მასწავლებელს.
1925 წ. ზაფხულის სემესტრიდან (29 აპრილიდან) გრ. ფერაძემ სწავლა დაიწყო ბონის უნივერსიტეტში და ისე მოიხიბლა იქაურობით, რომ დიდხანს აღარ დაუტოვებია ბონი. «იქ ჩემთვის ყველაფერი ახლობელი და კარგად ნაცნობი იყო», _ წერდა იგი. ქალაქის გარეუბნებში მშვენიერი გორაკები, რბილი კლიმატი და ბარაქიანი მიწები უფრო მეტად აგონებდა მას საქართველოს ბუნებას ვიდრე ბერლინი და მისი შემოგარენი. ხალხიც აქ უფრო გულღია და თბილი ეჩვენა. «ძალზე მომეწონა აგრეთვე ცხოვრება პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში, სადაც ყველაფერი უნივერსიტეტის გარშემო ტრიალებდა, … უნივერსიტეტი ყველაზე წინ და ყველაფერზე მაღლა იდგა. ასეთ ადგილას ძალიან მალე შეიძლება იგრძნო თავი რაგორც საკუთარ სახლში. ადამიანი მალე ეჩვევა აქაურობას და შეუძლია მხოლოდ თავისი საქმიანობით შემოიფარგლოს».
გრიგოლ ფერაძეც თავისი საქმიანობით შემოიფარგლა. მან დაიწყო ქართულ თემატიკაზე მუშაობა, რაც ჯერ კიდევ დოქტორმა ი. ლეფსიუსმა ურჩია და გუსენმაც დაუდასტურა. გუსენი ძალიან ეხმარებოდა ახალგაზრდა თეოლოგს, დაუთმო მას თავისი ბიბლიოთეკა, ეხმარებოდა თავისი მდიდარი ცოდნა-გამოცდილებითაც.
სწორედ ჰ. გუსენის დახმარებით გაიცნო გრ. ფერაძემ ცნობილი ბელგიელი მეცნიერი, ორიენტალისტთა მეფედ მიჩნეული პაულ პეეტერსი. მისი ნაცნობობით გამოწვეული აღტაცებაც კარგად ჩანს გრ. ფერაძის მიერ მისი მასწავლებლის, კ.კეკელიძისადმი მიწერილ წერილებში. ქართველი მეცნიერი მოხიბლული იყო პეეტერსის განათლებითა და ენების ცოდნით. მათი ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა და ეს მეგობრობა და თანამშრომლობა არაერთი სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტიმული გახდა.
ბონში გრ. ფერაძე სწავლობდა აგრეთვე პ. კალესთან, ა. ბაუმშტარკთან, კ. კლემანთან და ა. ერჰარდთან. პროფესორი პაულ კალე ბონის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას ხელ-მძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით იქ განსაკუთრებით ნაყოფიერი მუშაობა იყო გაჩაღებული, ბიბლიოთეკა ყოველდღე ივსებოდა და მდიდრდებოდა, ამერიკიდანაც კი უგზავნიდნენ ხელნაწერებს გამოსაკვლევად.
ამავე კათედრაზე იყო ცნობილი მეცნიერი ანტონ ბაუმშტარკი (1872-1948), ჟურნ «Oriens Christianus»-ის პირველი გამომცემელი, აღმოსავლური ენებისა და შედარებითი ლიტურგიკის მკვლევარი. 1926 წლიდან იგი ისლამსა და არაბულ ენებსაც იკვლევდა, დაინტერესებული იყო ხელოვნების ისტორიის საკითხებით და მრავალი გამოკვლევა აქვს ამ სფეროშიც; იკვლევდა ძველ ებრაულ ტექსტებსაც. მისი მოწაფეები იყვნენ ი. მოლიტორი, პ. კრიუგერი, პ. პეეტერსი და სხვები.
ამ მეცნიერებთან თანამშრომლობამაც ბევრი შემოქმედებითი იმპულსი მისცა გრ. ფერაძეს. ჰ. გუსენთან კონტაქტის მეოხებით შეძლო მან მოეპოვებინა ქართული სახარების ბლეიკისეული გამოცემის ეგზემპლარები, დამყარებული ოპიზისა (913 წ.) და ტბეთის (995 წ.) ხელნაწერებზე. პროფ. კალემ ლენინგრადის მივლინებიდან ჩამოიტანა ადიშის სახარების უძველესი ქართული ტექსტის ფოტოლითოგრაფია (ე. თაყაიშვილის გამოცემა).
ა. ბაუმშტარკის ინიციატივით შეიქმნა მისი და გრ. ფერაძის ერთობლივი ნაშრომი: «შობის დღესასწაული იერუსალიმში მე-7 საუკუნეში», მოგვიანებით კი კიდევ ორი ნაშრომი ლიტურგიის ისტორიის სფეროდან: «Zur vorbyzantinischen Liturgie Georgiens» (საქართველოს წინარე ბიზანტიური ლიტურგიის შესახებ), Le Museon, 42 fasc. 2, 1929 (გვ. 90-99) და «Les Monuments liturgicues prébyzantins en langue géorgienne» (წინარე ბიზანტიური ლიტურგიული ძეგლები ქართულ ენაზე) Le Muséon, 45, fasc. 4, 1932, გვ. 255-272.
მეცნიერულ მუშაობაში ახალგაზრდა ღვთისმეტყველს მხარში ედგა ასევე პროფესორი ერჰარდი, მღვდელი, ცნობილი პატროლოგი და ბიზანტოლოგი. მისი თანადგომით შეიქმნა ნაშრომი «Die altkirchliche Literatur in der georgischen Überlieferung» (ძველი ქრისტიანული ლიტერატურა ქართულ გადმოცემებში), Oriens Christianus, 25-26, Rd. 3-4, 1929, გვ. 109-116.
განსაკუთრებით მჭიდრო მეცნიერული კავშირი ჰქონდა გრ. ფერაძეს ახალი აღთქმის მკვლევართან პროფ. ჰ. ბოგელსთან, რომელმაც თავისი ცხოვრება «Diatessaron»-ის პრობლემების კვლევას შესწირა.
ჰოლისა და გუსენის რჩევით აირჩია გრ. ფერაძემ თავისი სადოქტორო დისერტაციის თემაც «ქართული ბერმონაზვნობის ისტორია დასაწყისიდან 1064 წლამდე».
1925 წ. შემოდგომაზე გრ. ფერაძეს თავისი შრომა დაუსრულებია და უჩვენებია დოქტორ ლეფსიუსისათვის მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მათი ბოლო შეხვედრის დროს. ლეფსიუსს მოუნდომებია ამ ნაშრომის დაბეჭდვა და ურჩევია დოქტორის ხარისხი დაეცვა ბონში. 1926 წ. 24 და 26 თებერვალს ჩატარებულა გამოცდა, ე.წ. Rigorosum. გრ. ფერაძემ იქ მადლობა გადაუხადა პროფ. გუსენს და ორიენტალისტიკის ფაკულტეტის დირექტორს ბონში პროფ. კალეს მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. ამ ნაშრომისათვის მას 1927 წ. 17 დეკემბერს ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. გრ. ფერაძეს სურდა მეორე ნაშრომი დაეწერა, რაც მას დოქტორმა ლეფსიუსმა ურჩია, სახელდობრ _ ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის განხეთქილების შესახებ. იგი დარწმუნებული იყო, რომ ამით აასრულებდა დავალებას და ანდერძს გარდაცვლილი საყვარელი ადამიანისა, რომელიც ძალიან ცდილობდა ამ ორი მეზობელი ხალხის (სომხებისა და ქართველების) სიყვარულისა და შეთანხმების მიღწევას. «ის დახმარება, რაც დოქტორ ლეფსიუსისაგან მივიღე 4 წლის განმავლობაში სწავლის პერიოდში, მოკლე სტატიაში ვერ აღიწერება. ეს უფრო პროგრამაა მთელი ცხოვრებისათვის, რაც ამ მრავალმხრივი და ყოველმხრივ შემკული ადამიანისაგან მიღებული შთაბეჭდილების ნიშნითაა აღბეჭდილი», _ წერდა შემდეგ გრ. ფერაძე.
* * *
დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ გრიგოლ ფერაძეს სურდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და ეკლესიაში ან უნივერსიტეტში ემსახურა. თხოვნაც გაუგზავნია საბჭოთა საელჩოში, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ამიტომ იგი აღმოსავლეთის მისიის დირექტორის წინადადებით სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა ბელგიაში. მას სურდა კათოლიკური თეოლოგია შეესწავლა ლუვენის ცნობილ უნივერსიტეტში. 1926-1927 წლებში იგი ლუვენის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, სწავლობდა ძველ ქართულ წიგნებს ბოლანდისტების მდიდარ ბიბლიოთეკაში და საუბრობდა პაულ პეეტერსთან ქართული ჰაგიოგრაფიისა და ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. როგორც თვითონ წერს თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, აქ მან შეცვალა თავისი გეგმები და სქოლასტიკის ნაცვლად ეკლესიის ისტორიის, პატროლოგიის და ორიენტალისტიკის შესწავლა დაიწყო. იგი ამ დროს უკვე კარგად ფლობდა ძველ ებრაულ, სირიულ, არაბულ, კოპტურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ, ძველ სომხურ, სლავურ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს, ლუვენში კი იღრმავებდა ცოდნას ფრანგულში, სწავლობდა ფლამანდრიულ ხელოვნებას და მოგზაურობდა.
1927 წ. აპრილში გრ. ფერაძე ბელგიიდან ინგლისში გაემგზავრა და დაიწყო ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების შესწავლა. მაგრამ აქ დიდხანს ვერ დარჩა. 1927 წ. აპრილში ბონში გარდაიცვალა პროფ. ჰ. გუსენი და გრიგოლ ფერაძეს მისი ადგილი შესთავაზეს. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. «ვფიქრობ მთელ გერმანიაში ვერ მოიძებნებოდა ერთი მეცნიერიც კი, რომელიც მას თუნდაც ნაწილობრივ შეცვლიდა. პეეტერსის გარდა არ მეგულებოდა სხვა ვინმე, ვინც მასავით იქნებოდა დაუფლებული ყველა აღმოსავლურ ქრისტიანულ ენას. მე ლექციები უნდა წამეკითხა მხოლოდ ძველი სომხური და ძველი ქართული ენების შესახებ. ისევ არ ჩანდა ჩემი განცხადების პასუხი საბჭოთა საელჩოდან, მე კი მსურდა რაიმე მოკრძალებული სამეცნიერო თანამდებობა მაინც დამეჭირა, სადაც ჩემთვის საინტერესო პრობლემებზე დამოუკიდებელ მუშაობას შევძლებდი. მივხვდი იმასაც, რომ სულიერად და მეცნიერულად თავის სამშობლოსთან დაკავშირებულ ადამიანს მისი კულტურის პოპულარიზაციისათვის უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, თუ ის საზღვარგარეთ იმუშავებდა».
მართლაც გრიგოლ ფერაძემ ამ დროიდან ინტენსიური მუშაობა დაიწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ევროპაში. იგი მუშაობდა ქართული და სომხური ენების ლექტორად ბონის უნივერსიტეტში, კითხულობდა მოხსენებებს ორიენტალისტთა კონფერენციებზე. გრ. ფერაძის ბონში ყოფნისას გერმანელ ორიენტალისტთა ორი ყრილობა ჩატარდა: 1928 წელს _ ბონში და 1930 წელს ვენაში. გრ. ფერაძემ ორივე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
1928 წ. გრ. ფერაძემ ორიენტალისტთა კონფერენციაზე ბონში წაიკითხა მოხსენება საქართველოს პრებიზანტიური ლიტურგიკის შესახებ. ყრილობის ბოლო დღეს, 25 აგვისტოს V სექციის (ქრისტიანული აღმოსავლეთის) მონაწილეებმა მიიღეს დადგენილება: «ძველი ქართულის, მისი ჯერ კიდევ წინარებიზანტიური ლიტერატურის ძეგლებისა და ლიტურგიკული ტექსტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გერმანელ ორიენტალისტთა კონფერენციის სექცია ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას, განსაკითრებული მზრუნველობით მოვეკიდოთ ქართული კულტურის შესწავლის საქმეს».
რეზოლუცია პრუსიის კულტურის მინისტრს, ორიენტალისტ ბეკერს გადაეგზავნა. გრ. ფერაძე, ბუნებრივია, აღტაცებული შეხვდა ამ ფაქტს, ეს ქართული კულტურის შესწავლის საქმეში დიდ წარმატებად მიიჩნია და ამის შესახებ წერილით აცნობა თავის მასწავლებელს პროფ. კ.კეკელიძეს, მით უმეტეს, რომ ამ საქმეში მასაც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო, რისი გამოხატულებაც იყო ძველი ქართული ფილოლოგიის კათედრის დაარსება.
პროფ. ბაუმშტარკის სემინარებზე გრ. ფერაძე ხანგრძლივი დროის მანძილზე სწავლობდა აღმოსავლურ ენებზე სახარების თარგმნის პრობლემებს და ტექსტების კრიტიკულ შინაარსს. სახარების ქართულად თარგმნის პრობლემის კვლევის შედეგები მან 1930 წელს წარუდგინა ვენაში გამართულ ორიენტალისტთა VI კონფერენციას.
«ამ ნაშრომის წყალობით გავეცანი ქართველოლოგიისა და ორიენტალისტიკის, ასევე შედარებითი ფილოლოგიის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, გენიალურ მკვლევარს, პროფესსორ ნიკო მარს», _ წერდა შემდეგ გრ. ფერაძე, _ «ჩვენი მოკრძალებული მეცნიერული კონტაქტი შემდგომ თანდათან მჭიდრო ურთიერთობაში გადაიზარდა».
1931 წ. ბონის უნივერსიტეტის სომხური შრომების გასაცნობად ჩასულ ნ. მარს გრ. ფერაძისათვის მის ასისტენტად ლენინგრადში გადასვლა შეუთავაზებია, მაგრამ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა პარიზში წასვლა და იქ ქართველ ემიგრანტთა შორის სასულიერო მოღვაწეობის დაწყება. «პროფესორი მარი ძალიან ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დიდად ავნებდა ჩემს სწავლასა და სამომავლო გეგმებს. გამიზიარა ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება. სამწუხაროდ, მაშინ კარგად არ ვიცნობდი ჩვენს ემიგრაციას და მისი დასკვნები წმინდა თეორიულ მსჯელობად მეჩვენებოდა. ამიტომ მყარად ვიდექი ჩემს პოზიციაზე, რითაც მისი მეგობრობაც და მხარდაჭერაც დავკარგე», _ იგონებს იგი სინანულით უკვე 1940 წელს.
გრ. ფერაძე აქტიურად ეცნობოდა ყველაფერს, რაც კი საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ასე დაათვალიერა მან 1930 წ. ბერლინში მოწყობილი ქართული ხელოვნების გამოფენა და ამის შესახებ წერილიც დაბეჭდა სახარების ქართული ვერსიების თაობაზე გრ. ფერაძემ მოკლე სტატია გამოაქვეყნა გაზეთში: «Orientalische Literatur – Zeitung», 1932 წ. მაისში კი ოქსფორდში ორსაათიანი მოხსენება წაიკითხა ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ეს მოხსენება არ გამოქვეყნებულა.
ვენის ორიენტალისტთა ყრილობის დასრულების შემდეგ მეცნიერი გრაცში გაემგზავრა ცნობილი ლინგვისტის ჰუგო შუხარდტის კოლექციის გაცნობის მიზნით, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. მან მოაწესრიგა დაბეჭდილი ქართული წიგნების კატალოგი და შეისწავლა იქ დაცული ქართული ხელნაწერები. იაკობის საგალობლის ქართული ვერსია შემდგომში მან გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე.
ბონის პერიოდს მიეკუთვნება ასევე «ნარკვევები საქართველოს კულტურის ისტორიიდან», რომელიც ჟურნალ Der Orient-ში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატიად: «წმინდა გიორგი ქართველი ხალხის ყოფიერებასა და რწმენაში», «ბერ-მონაზვნობა აღმოსავლურ ეკლესიაში», სალექსიკონო სტატია «საქართველო» _ პროტესტანტული თეოლოგიური და რელიგიათმცოდნეობის ენციკლოპედიისათვის და რეცენზიები ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.

* * *
სპეციალური აღნიშვნის ღირსია გრიგოლ ფერაძის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში. 1926 წ. 25-27 მაისს ვენაში ჩატარებული კონფერენცია მიეძღვნა რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიების გაერთიანების საკითხს. კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები უნდა გაერთიანებულიყვნენ ათეიზმისა და ურწმუნოების წინააღმდეგ საბრძოლველად. კონფერენციას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ქართული ეკლესიის ხელისუფლებამ სწორედ იმიტომ მოავლინა გერმანიაში სასწავლებლად, რომ იქ მიღებული ცოდნა შემდგომში გამოეყენებინა «აპოლოგეტიკისა და თანამედროვე სასულიერო მიმდინარეობებთან ქრისტიანული კამათისათვის», ყურადღება დაეთმო «ქრისტიანთა კონფრონტაციისათვის სოციალიზმთან და კომუნიზმთან». ამიტომაც იგი აღტაცებული შეხვდა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანების ცდას «ბნელი ძალების» წინააღმდეგ საბრძოლველად. «ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელისტურიც შეუერთდება მათ, რომელიც ვერ ვიტყვით _ «ისიც არსებობს», რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს … ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხელზე ეს სამივე ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა», წერს იგი თავის სტატიაში42, რომელიც ვენის კონფერენციის მუშაობის შესახებ გამოაქვეყნა, მაგრამ მშრალი აღწერით არ შემოფარგლულა და თავისი მოსაზრებებიც და დამოკიდებულებაც გადმოსცა ამაღლებული სტილით.
1927 წელს გრ. ფერაძემ მეორე მსოფლიო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო «რწმენა და საეკლესიო წყობა». კონფერენცია ათი წელი მზადდებოდა. მისი მიზანი იყო გარკვეული თანხმობის მიღწევა რწმენისა და საეკლესიო წყობის საკითხებში. უნდა დასახულიყო სამომავლო გზები, რათა გაყოფილ ეკლესიებს შორის კავშირი აღმდგარიყო. კონფერენცია სამ კვირას გაგრძელდა (3-21 აგვისტო). მასში თითქმის ყველა ეკლესიამ მიიღო მონაწილეობა. მართალია, რომის ეკლესია არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ესწრებოდა ორი კათოლიკე მღვდელი: მართლმადიდებელი ეკლესიებიდან არ იყვნენ წარმოდგენილი «დიდი მომავლის მქონე რუსეთის ეკლესია და ძველი და საპატივცემულო საქართველოს ეკლესია, რომელიც თავისი ფესვებით ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ისტორიის ყველაზე ადრეულ პერიოდს სწვდება». მაგრამ კონფერენციის გამგეობამ სცადა რამდენადმე მაინც შეევსო ეს ხარვეზი და წარმომადგენლების სახით მიიწვია კონფერენციაზე არქიეპისკოპოსი ევლოგიოსი და პროფ. ს. ბულგაკოვი პარიზიდან, რომლებიც რუსეთის ეკლესიას წარმოადგენდნენ, და დოქტორი გრიგოლ ფერაძე საქართველოს მხრიდან.
ამრიგად, გრ. ფერაძე საქართველოს ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი არ იყო ამ კონფერენციაზე, მაგრამ იგი აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში და სიტყვითაც გამოვიდა. მართლმადიდებელი ეკლესიების გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და სირიულ-იაკობიტური ეკლესიაც. «ლოზანაში გატარებული დღეები ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში», _ წერდა გრ. ფერაძე, _ «აქ წარმოდგენილი იყვნენ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი პიროვნებები». მართლაც, ახალგაზრდა დოქტორმა აქ ბევრი დიდი მეცნიერი და საპატივცემულო სასულიერო პირი გაიცნო, მათ შორის პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი დიონისე.
შემდგომში ამ კონფერენციის მუშაობის შესახებ წერილი და თავისი სიტყვა კონფერენციაზე გრ. ფერაძემ დაბეჭდა ჟურნალში «Der Orient» და იქ დაწვრილებით აღწერა თავისი შთაბეჭდილებები, მოკლედ შეეხო განსაკუთრებით საინტერესო მოხსენებებს და ზოგადად შეაჯამა ყრილობის ამოცანები და მუშაობა. «[კონფერენციის] საქმიანობა წარმატებული და კურთხეული იყო. დავალება, რომელიც მან მიზნად დაისახა, უძველესი და მარად ახალია: გარკვეული თანხმობა რწმენასა და საეკლესიო წყობაში, რითაც გაყოფილ ეკლესიებს შორის კავშირი უნდა აღდგეს; პირველ რიგში კი დასახული უნდა იქნას სამომავლო გზები, რათა ეს კავშირი შედგეს. … ამ მძიმე დავალების შესრულებისათვის ეკლესიების მხრიდან პირველ რიგში კეთილი ნება იყო საჭირო, _ გაცნობა და კონტაქტის დამყარება სხვადასხვა ეკლესიურ გაერთიანებათა შორის; საკუთარი შეცდომების აღიარება და მცდელობა მათი გამოსწორებისა, რადგან ჩვენ ყველას ერთი და იგივე მაცხოვარი გვყავს; გვაქვს ერთი და იგივე წმინდა წერილი _ ბიბლია, რომელიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ეკლესიის მიერ სხვადასხვაგვარად განიმარტება, რაც არც თუ უმნიშვნელოა; გვაქვს ერთი და იგივე მიზანი _ ამ ცოდვილ მიწაზე ღვთის საუფლო შევქმნათ და მათ, ვინც სიბნელისა და სიკვდილის ჩრდილში იმყოფება, სიხარულის ამბავი ვაუწყოთ.
დიდი აღტაცებით იხსენებს გრ. ფერაძე ლოზანაში მოსმენილსა და განცდილს, ინდოელი, დორნაკელი თუ ჩინელი ეპისკოპოსების გამოსვლებს. ლოზანაში შეკრებას და გაერთიანებისა და ურთიერთგაგებისათვის გადადგმული პირველ ნაბიჯებს იგი უკვე გამარჯვებად და წინსვლად თვლიდა და მიაჩნდა, რომ ერთიანობის იდეა მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანს ან რამდენიმე ეკლესიას კი არ უნდა ასულდგმულებდეს, არამედ მთელს კაცობრიობას. რა თქმა უნდა, გაერთიანების საქმე კონფერენციაზე ვერ გადაწყდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იქ ჩატარებული წინასამუშაო და დამსწრეთა სულისკვეთება, რომ ლოზანაში დაწყებულ საქმეს, იქ დათესილ თესლს კეთილი ნაყოფი გამოეღო.
ამ პათოსით იყო გამსჭვალული გრიგოლ ფერაძის გამოსვლა ლოზანის კონფერენციაზე. იგი, ბუნებრივია, უერთდებოდა საერთო განწყობას და ერთიანობის წმინდა იდეას და თავის მაგალითზე ხედავდა ამას. «მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჯერ ჩვენს სემინარიაში ვსწავლობდი _ თბილისში, მერე ჩვენმა პატრიარქმა გამომგზავნა ბერლინში ევანგელისტებთან … თეოლოგიური განათლებისათვის, მერე გავიცანი კათოლიკური მსოფლმხედველობა ბოლანდისტებთან ბრიუსელში და ლიუვენში და ბოლოს ანგლიკანური ეკლესია ოქსფორდში და ინგლისის სხვა მხარეებში. ყველგან სიყვარული ვპოვე, … არც ერთ მხარეს არ უცდია, ჩემს ეკლესიას ჩამოვშორებოდი. მე ყველგან პირველ რიგში ვცდილობდი მენახა და მესწავლა ის, რაც ჩემი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა».
როგორც ჭეშმარიტად თავისი ეკლესიის შვილი გრ. ფერაძე ცდილობს დამსწრეებს თავისი და თავისი თანამემამულეების გულისტკივილიც გააგებინოს, სულიერი განწყობაც და იმედიც.
«ჩემი თანამემამულეები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როდესაც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ჩვენს ეკლესიას სამისიონერო ველად სახავენ და ჩვენს ძალებს, რომლებიც სხვა მიზნებისათვის უნდა გამოვიყენოთ, მათი მოგერიებისათვის გვახარჯინებენ». მოყვასისადმი კეთილი დამოკიდებულების ნიმუშად იგი მამობილის _ დოქტორ ლეფსიუსის საქმიანობას მიიჩნევს. სიცხადე აუცილებელია მისიაში, რათა განხეთქილება უფრო არ გაიზარდოს. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი მაჰმადიანებში მისიონერობაა. «მე არ მჯერა, რომ ჩემი ხალხი ახლა ან მოგვიანებით რაიმე დოგმატური გაერთიანების თანახმა იქნება», _ აღნიშნავდა გულწრფელად გრ. ფერაძე, «ჩვენი ეკლესია ხალხის სულია. იგი ყოველთვის მხარდამხარ მიჰყვებოდა ჩვენს ხალხს ტანჯვასა და მწუხარებაში. მან დაიცვა და გადაარჩინა იგი. ეკლესია ხალხს არსებობის იმედს და რწმენას უნერგავდა და ყველაფერი, რასაც ეკლესია ფლობს და რაც შეიძლება სხვას მცირედ ეჩვენებოდეს, არის ხალხისათვის ტრადიციით და აღმსარებლობის სისხლით განწმედილი».
ალბათ კვლავ საკუთარი მაგალითი ახსენდება ახალგაზრდა თეოლოგს, როდესაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას განათლებული სასულიერო პირები სჭირდება და მეგობრები ყველა აღმსარებელთა შორის. ამიტომ მიიჩნევს, რომ ის ეკლესიები, რომლებიც ეკონომიური და პოლიტიკური სიკეთით ხარობენ, ზემოდან კი არ უნდა დაჰყურებდნენ სხვებს, არამედ დახმარების ხელს უნდა ეწვდიდნენ მათ, ვისაც «უბედობის გამო შეწევნა სჭირდება», და თავის სიტყვას გარკვეული მოწოდებით ამთავრებს: «ჩვენმა ეკლესიამ ისტორიის მანძილზე თავისი შვილების გმირობის, მარტვილობის, სიყვარულის და განსაცდელის ჟამს მაცხოვრისადმი სასოების საკმაოდ ბევრი მაგალითი აჩვენა და სხვა აღმსარებლობებსაც ასევე ჰმართებთ, ცხადყონ, რომ უანგარო შემწეობასა და სიყვარულში ქრისტიანს ვერავინ აჯობებს». როგორც ვხედავთ, გრ. ფერაძის გამოსვლაში ყველაფერი ჩანს: ერთის მხრივ, ერთიანობისაკენ ლტოლვა, ერთიანობის იდეის დაფასება და საერთო სულისკვეთების გაზიარება, მეორეს მხრივ კი _ დიდი სურვილი იმისა, რომ არ იქნეს დავიწყებული საქართველოს ეკლესიის ღვაწლი, ყველამ გაიგოს და დააფასოს იგი. ყველაფერთან ერთად ჩანს, იმდროინდელი სიტუაციის რეალურად აღქმის უნარიც.
გრიგოლ ფერაძის პირადი წერილები

ქართველ მეცნიერთაგან გრ. ფერაძეს ყველაზე მჭიდრო კონტაქტი თავის მასწავლებელთან, აკად. კორნელი კეკელიძესთან შეუნარჩუნებია. სწორედ კორნელი კეკელიძე იყო სასულიერო სემინარიის რექტორი მისი სწავლის პერიოდში და მათ შორის თავიდანვე თბილი ურთიერთობა დამყარდა. კორნელი კეკელიძე ზრუნავდა ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტის გერმანიაში გაგზავნაზე და მერეც გერმანიაში აძლევდა მას სამშობლოდან რჩევა-დარიგებებს. გრ. ფერაძეც სისტემატურად ატყობინებდა მასწავლებელს თავისი მუშაობის ამბავს, აცნობდა სამეცნიერო გეგმებს თუ, უბრალოდ, ყოფით პრობლემებს.
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში კ. კეკელიძის არქივში დაცულია 14 წერილი მოწერილი გრ. ფერაძის მიერ გერმანიიდან. ისინი თავის დროზე აღწერა რუსუდან კავილაძემ, შემდეგ მათი მიმოხილვა გამოაქვეყნა გოჩა საითიძემ, მაგრამ ჩვენი აზრით, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ყველა ამ წერილის სრული ტექსტის გამოქვეყნება კომენტარებით. ეს მეტად საინტერესო მასალაა არა მარტო ამ ორი მეცნიერის ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით, არამედ უფრო იმიტომ, რომ მათში დაწვრილებითი ცნობებია ორივეს მუშაობის შესახებ ამ პერიოდში, იმდროინდელი ქართველოლოგიური კვლევის შესახებ გერმანიაში, ცნობები გერმანელ ორიენტალისტებზე, რომლებთანაც გრიგოლ ფერაძეს ბონში და ბერლინში ჰქონდა კონტაქტი. თუნდაც ზოგი რამ ნაკლებ მნიშვნელოვანი გვეჩვენებოდეს, საერთო სურათისათვის, მთლიანობაში ყველაფრის აღსაქმელად ყველა წერილი თავისებურად საინტერესოა.
ეს მიმოწერა 1926-1931 წლებს მოიცავს. თავისი გეგმების გარდა გრიგოლ ფერაძე ხშირად სწერს თავის მასწავლებელს უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებზე, სამეცნიერო საკითხების გამო მათთან კამათზე და მათ მუშაობაზე.
1925 წლის 5 დეკემბერს გამოგზავნილი ვრცელი წერილი იმედითაა აღსავსე, ახალგაზრდა მკვლევარი გამოცდისა და თავისი ნაშრომის ჩაბარებაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე საუბრობს. მას კორნელი კეკელიძისათვის უთხოვია გამოკვლევა 13 ასურელ მამაზე, რომელიც დისერტაციისთვის სჭირდებოდა. სამწუხაროდ, ნაშრომი დამთავრებული მქონდა, აღნიშნავს გრიგოლ ფერაძე და ასურელი მამების მონოფიზიტობასთან დაკავშირებით დასძენს, თქვენგან დამოუკიდებლად მიველ ამ დასკვნებზედო. მის ნაშრომს ბონელი პროფესორები Goussen–ი და Erhard–ი კითხულობდნენ და გარკვეულ დახმარებას უწევდნენ.
გრიგოლ ფერაძე ეხმარებოდა მათ მიეღოთ საჭირო ლიტერატურა საქართველოდან და თავადაც ცდილობდა, სამაგიეროდ საჭირო წიგნები აერჩია, რომელსაც საპასუხოდ გაუგზავნიდნენ თბილისის უნივერსიტეტს გერმანელი მეცნიერები. ზოგჯერ ადამიანური გულისწყრომაც იგრძნობა, როცა ამჩნევს, რომ საპასუხო წიგნების გამოგზავნას აგვიანებენ. განსაკუთრებით კრიტიკულია იგი ჰაინრიხ გუსენის მიმართ. აი, რას წერს იგი კ.კეკელიძეს: «დღეს გავუგზავნე ღია ბარათი ტიუბინგენში ცნობილ თეოლოგიურ გამომცემლობას (Paul-Lübeck-Mohr) და ვთხოვე კატალოგები. მიღებისთანავე გამოგიგზავნით. ამოირჩიეთ წიგნები, რომელნიც თქვენ გსურთ და გამოგზავნეთ სია. გუსენი აქამდისინ თავის უმნიშვნელო გამოკვლევებით თქვენ ძვირფას გამოკვლევებს იღებდა. მასაც შეუძლიან ქართველ მეცნიერებს რაიმე სიკეთე გაუწიოს. აქამდისინ მხოლოდ კარგი ფრაზებით მკვებავდა და ტფილისის უნივერსიტეტს ხან Migne–ს და ხან პარიზის ხელნაწერებს ჰპირდებოდა. მიიღო თქვენი მონუმენტა და ამ წიგნით ბონის ქუჩებში დაძრწოდა. სამწუხაროდ, თუმცა გუსენს ძვირფასი ორიენტალისტიკის სამკითხველო აქვს, მისი გამოყენების ნიჭი არა აქვს. და თუმცა ცოტაოდენად ქართული იცის, მაგრამ მისი ცოდნა სრულიად უნაყოფოა. სხვა ადამიანი მის ადგილს თავის ნიჭს და წიგნებს სხვაგვარად გამოიყენებდა. ის, რაც დასწერა, ისიც სხვების ძალდატანებით _ Die georgische Bibelübersetzung პროფ. ბაუმშტარკის და იერუსალიმის განჩინების შესახებ _ ერჰარდის.
ამავე წერილში გრ. ფერაძე ბევრად თბილად ლაპარაკობს მეორე ბონელ პროფესორზე _ ერჰარდზე: «Erhard-ს ვუჩვენე თქვენი დიდებული ისტორია და მეუბნება, საქართველოში გამგზავრებამდის [შევადგინო] მოკლედ გერმანულად ექსცერპტი [მონახაზი], რომელსაც შემდეგ თვით რომელიმე გამომცემელს გამოაცემინებს: Abris der giorj. Literaturgeschichte nach der Monographie von Herrn Prof. Kekelidze დაყოფილი დარგებით. მას ქართული მეცნიერება ძლიერ აინტერესებს და თვალყურს ადევნებს, ანტიპოდია გუსენის პიროვნებისა».
თუნდაც ეს ორი პორტრეტი _ გუსენისა და ერჰარდის _ ადამიანურ და მეცნიერულ პლანში დანახული, ჩვენის აზრით, მეტად საინტერესოა ამ პიროვნებათა შეფასებისთვისაც, და იმის საჩვენებლადაც, როგორ ცდილობდნენ ქართველი მეცნიერები უცხოური გამოცემების მიღებას და რა ძალისხმევა იყო ამისათვის საჭირო.
ერთ-ერთ მომდევნო წერილში 1926. 23.III გრ. ფერაძე კვლავ აღნიშნავს, რომ გუსენი პარიზული ხელნაწერის ფოტოასლებს უგზავნის თბილისის უნივერსიტეტს. შემდეგ აცნობებს კ.კეკელიძეს, რომ Bardenhecer-ის მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოვიდა და ურჩევს, მისი გამოგზავნაც სთხოვონ გუსენს. «მხოლოდ Krüger-ის «Altertum»-ით ვალს ვერ გადაიხდისო» _ წერს იგი.
ერთ-ერთი პირველი წერილი, რომელსაც გრ. ფერაძე 1926 წელს ბრიუსელიდან უგზავნის კ.კეკელიძეს, «ბოლანდისტების მამად» აღიარებული ბელგიელ მეცნიერთან პაულ პეეტერსთან მის ვიზიტს ეხება. ამ წერილიდან ვგებულობთ, რომ პეეტერსი ძალიან ნასიამოვნები დარჩენილა კორნელი კეკელიძის მიერ მის შრომებზე გამოქვეყნებული რეცენზიით. გრ. ფერაძე აღტაცებული წერს პეეტერსზე. მისი გადმოცემით, პეეტერსს «აუტოდიდაქციით _ უწიგნოდ და თითქმის უმასწავლებლოდ _ შეუსწავლია ჩვენი ძნელი ენა, და ამის გამო არც გასაკვირველია, თუ იგი შეცდომებს უშვებს. ყოველ შემთხვევაში მანცვიფრებს მისი მუშაობა და თითქმის გენიალურიც არის _ 56-57 წლისაა და იცის ზედმიწევნით ქართული ენის გარდა არაბული, სირიული, სომხური, კოპტური, ეთიოპიური, ბერძნულ-ლათინურზე არას ვიტყვი, რუსულად თავისუფლად ლაპარაკობს, გერმანულად, ინგლისურად და სხვა». სამი თვის მანძილზე ბრიუსელში მუშაობას გრ. ფერაძე მაინცდამაინც ნაყოფიერად არ თვლიდა, მაგრამ ნაყოფიერი იყო პეეტერსთან მისი ურთიერთობა. «მისგან ძლიერ ბევრი ვისწავლე. სხვა არა იყოს რა, შთაბეჭდილება მისი პიროვნებისაგან». თუმცა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გრ. ფერაძე უკრიტიკოდ იღებდა პ. პეეტერსის ყველა მოსაზრებას. ეს ნათლად ჩანს წმ. ნინოს ცხორებაზე მსჯელობისას. «P. Peeters-ს რაღაც დაჟინებული აზრი აქვს, ვითომ წმ. ნინოს ცხოვრების დამწერმა ბერძნული ტექსტები კი არა, მხოლოდ სომხურით ისარგებლა და იქიდან გადმოაკეთა ქართული ვერსია. არა მგონია, რომ მისი აზრი ნამდვილი იყოს. მან ამჟამად დაასრულა წმ. შუშანიკის ცხოვრების თარგმანი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ვითომ იგი დაწერილია მე-V-VI საუკუნეში და არა მესამოცე წელს V საუკუნისა, როგორც აქამდისინ იყო. ეს მისი შრომა დიდად მაინტერესებს».
თუმცა ბრიუსელში ყოფნისას სამუშაო თემა ვერ შეურჩევია, გრიგოლ ფერაძეს დაუხვეწია თავისი ფრანგული «ამჟამად თითქმის თავისუფლად ვლაპარაკობ და უფრო უკეთ ვკითხულობ», აღნიშნავს იგი, დაუწყია ასევე კოპტურის შესწავლაც. მთავარი კი მისი დისერტაციის ზოგი ნაწილის პუბლიკაციაა, რომლის შესახებაც იგი აცნობებს კორნელი კეკელიძეს. III ნაწილი ბონში დაიბეჭდა კათოლიკურ ორგანოში «Internationale Kirchliche Zeitschrift», 13 ასურელ მამაზე მომავალ წელს დაიბეჭდება, მერე კი შესაძლოა ბელგიაში სადმე ცალკე ბროშურად გამოვაცემინო, წერს იგი. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით II თავში გვექნება საუბარი, ამიტომ აქ აღარ შევჩერდებით.
საინტერესოა აგრეთვე ერთი პატარა დეტალიც. თავისი ბონელ მასწავლებლებზე, გუსენსა და ერჰარდზე განაწყენებული გრიგოლ ფერაძე კვლავ თავის ქართველ მასწავლებელს და უფროს კოლეგას შესჩივის: «Goussen-მა და Erhard–მა სრულიად დამივიწყეს. ბონში ყოფნის დროს დიდ პატივს მცემდნენ, და მე მგონი, მიზნად ჰქონდათ ჩემი კათოლიკედ ქცევა. ხანდახან, როს ვიგონებ მათ საუბარს და ყველაფერს, ეს მათი მიზანი ჩემთვის ცხადი ხდება, და ეხლა რომ დაინახეს, რომ ვერაფერს მიაღწევენ, მთლად დამივიწყეს». ეს ალბათ მხოლოდ დროებითი განწყობა იყო, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა, 1927 წ. ლოზანაში კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში გრ. ფერაძე სწორედ იმას აღნიშნავდა, რომ მას კათოლიკებთან და პროტესტანტებთან ურთიერთობისას ძალდატანება არ უგრძვნია, არავინ ცდილა მისთვის სხვა აღმსარებლობა მოეხვია თავს მართლმადიდებლობის სანაცვლოდ. მაგრამ ეს დროებითი განწყობაც, რომელიც ოფიციალურად არსად გაუმჟღავნებია, საინტერესოა სწორედ კ.კეკელიძისადმი მიწერილ პირად წერილში დაფიქსირებულიო. საინტერესოა წერილის ბოლოს მინაწერიც, სადაც გრ. ფერაძე პეეტერსის აზრს გადმოსცემს: «შესაძლოა წმ. ქეთევანი უნიატი იყოო (????)». ოთხი კითხვის ნიშანი იმაზე მიგვანიშნებს, რომ გრ. ფერაძეს ეს აზრი მიუღებლად მიაჩნია. ამავე დროს მეტყველებს მის მრავალმხრივ ინტერესზე, რაც კი ქართულ კულტურას და ისტორიას შეეხება.
ასევე დაინტერესებულა იგი ექსპედიციით სინას მთაზე. «წავიკითხე გაზეთებში, რომ სინაის ექსპედიცია ეწყობა Harvard-ის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი, რომელშიც შედიან Laki, R. Bleke, გერმანელი Carl Schmidt–ი, Peeters_ი და ბენეშევიჩი. პეეტერსი უკვე ემზადება ამ ექსპედიციისათვის. დიდად საინტერესო და საჭირო იქნება, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან აგრეთვე ვინმე წასულიყო იქ სამუშაოდ».
ხშირად მიმართავს გრიგოლ ფერაძე თავის მასწავლებელს თხოვნით, დაეხმაროს პასპორტისა და საბუთების მიღებაში სამშობლოში დასაბრუნებლად. მას სადიპლომო ნაშრომის დაბეჭდვაც კი ეჩქარებოდა, რათა დროულად დაბრუნებულიყო საქართველოში. «ევროპაში დიპლომი მაჩერებს, და პასპორტის უქონლობა. დიდი მადლობელი ვიქნებოდი, თუ მანდ ვისმეს დაავალებთ გამომიგზავნონ. მომწონს, რომ გამოველ საქართველოდან კანონიერი გზით აქ სასწავლებლად და საბჭოთა მთავრობის ნებართვით დავტოვე საქართველო. 1921 წელში ოქტონბერში მოწმობის აღება შეიძლებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ან და შინაგან საქმეთა. დედაჩემმა გამოუცდელობის გამო ვერ მოახერხა და თქვენ დიდად დამავალებთ, თუ ამ დიდ სამსახურს გამიწევთ».
თუმცა სამშობლოში დაბრუნება ასე ადვილი არ იყო და ახალგაზრდა მეცნიერი კვლავ ბელგიაში გაემგზავრა. იქიდან კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობა. «ჩემი დისერტაცია უკვე ჩავაბარე … თებერვლის გასულს ვაბარებ ზეპირ გამოცდას, და შემდეგ ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ, საქართველოში მინდა დაბრუნება, მაგრამ პასპორტის მიღება გამიძნელდა. ჩვენებიდანაც არავითარი ცნობა არ მაქვს. დიდად დამავალებთ, თუ თქვენს ვაჟებს ან რომელიმეს დაავალებთ: დედაჩემი ინახულონ და ამის შემდეგ მოკლედ შემატყობინეთ».
P.S.-ში კი მოძღვარსა და მასწავლებელს უნიის შესახებ ეკითხება: «დიდად დამავალებთ, თუ მომწერთ თქვენს აზრს უნიის შესახებ. მე პირადად ამისი დიდი წინააღმდეგი ვარ. აქ ქართველებში დიდი მუშაობა სწარმოებს. უმთავრესი აგიტატორი რაფო ივანიცკია, რომელიც ქართველი ერის და დატანჯული ქართული ეკლესიის სახელით ლაპარაკობს …«. ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამსრომელმა ნ. პაპუაშვილმა, რომელმაც ხელმეორედ გამოსცა გრ. ფერაძის ქადაგებები შესავალი წერილითა და კომენტარებით, დაადგინა, რომ რაფო ივანიცკი, იგივე «ინგილო», აქტიურობდა პარიზში კათოლიკური ეკლესიის გასახსნელად, რის გამოც გრ. ფერაძემ საჭიროდ მიიჩნია, დათანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას და გამხდარიყო პარიზში ქართული ემიგრაციის სულიერი მოძღვარი.
1927 წ. 14 თებერვალს იგი კვლავ ბელგიიდან, ლიუვენიდან ეხმიანება თავის მასწავლებელს და თავისი მუშაობის გეგმებს აცნობს. პეეტერსის ხელმძღვანელობით იგი აგრძელებს სომხურის შესწავლას, სწავლობდა ასევე, სემიტურ ენებსაც. მაგრამ ძალიან გადატვირთული იყო. აღმოსავლური სემინარის დირექტორმა პროფ. Kahle-მ შესთავაზა ბონის უნივერსიტეტის ქართულ-სომხური ფილოლოგიის ლექტორის უფლებით დარჩენა და იგი რჩევას კვლავ კ.კეკელიძეს ეკითხებოდა. წუხდა, რომ ბონში ძალიან ბევრს ამუშავებდნენ (პროფ. ბაუმშტარკს უთარგმნია კ. კეკელიძის გამოკვლევა ასურელი მამების შესახებ და განჩინების შობის წესი, მაგრამ ჯერ ამონაბეჭდიც არ მიუციათ, წუხდა). ამავე დროს ინგლისიდან უარი მიიღო «ყოველს, მოსულს რუსეთიდან, აქ დიდ უნდობლობით ეკიდებიანო», აღნიშნავდა იგი. გარკვეული იმედგაცრუება იგრძნობა მის სიტყვებში: «ევროპაში მეცნიერები არ არიან კეთილშობილნი, ყოველ შემთხვევაში, არა ყოველნი», და კვლავ ბატონ კორნელის სთხოვს რაიმე საინტერესო თემის შერჩევას მომავალი მუშაობისათვის.
შემდგომ წერილს გრ. ფერაძე 1927 წ. ნოემბერში უკვე ბონიდან გზავნის. ეს წერილი განსაკუთრებულად გამოხატავს სასოწარკვეთას იმის გამო, რომ სამშობლოში არ უშვებენ. ბონში გრ. ფერაძე ჰ. გუსენის ადგილზეა ქართულისა და სომხურის ლექტორად, მატერიალურად გარკვეულად უზრუნველყოფილი, ბეჭდავს წერილებს გერმანული ენციკლოპედიებისათვის და სამეცნიერო ჟურნალებისათვის («Oriens Christianus»-ში), მაგრამ მაინც საოცრად იტანჯება. «მთელი ენკენისთვე ბონში მომიხდა ყოფნა. პასპორტის შესახებ არაფერი გამომივიდა რა. საბჭოთა მთავრობა პასსპორტს არ მაძლევს. ბ. თ. ღლონტი ვინახულე, ვთხოვე, რითიმე დახმარება გაეწია პასპორტის საკითხში, მაგრამ, როგორც სჩანს, არაფერმა არა გასჭრა რა. არა მაქვს პასპორტი. ჩემი თხოვნა отклонено, როგორც მწერდნენ ბერლინიდან. არ ვიცი რისთვის. პოლიტიკურ პარტიებს არ ვეკუთვნი. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიმუშავია. ჩემ მიზანს მუდამ შეადგენდა და შეადგენს ჩვენი მეცნიერების და კულტურისადმი სამსახური. ამისათვის ვემზადებოდი და ეხლა, როგორც სჩანს, ყველაფერი ამაოდ. ერთხელ კიდევ ვეცდები, და თუ კიდევ უარი მითხრეს, შევეცდები ემიგრანტთა ცხოვრებას შევეგუო. გერმანიაში არა მგონია რომ დავრჩე. საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არა მაქვს. 15. X. ერთ ენციკლოპედიას უნდა წერილი «Georgien» მივაწოდო, ჯერ არ დამიწყია მუშაობა, თვით არსებობის სიხარულიც დავკარგე, ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ. აქამდენაც რელატიურად უზრუნველყოფილი ვიყავი. მხოლოდ რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა, რისთვის? რატომ არ მიშვებენ სახლში, რა დავაშავე?» ასეთია გრ. ფერაძის სულიერი განწყობა ამ პერიოდში, თუმცა იმავე წერილში შემდეგ კვლავ საქმიან კილოზე გადადის, წიგნების გამოგზავნას სთხოვს, ბაუმშტარკთან ერთად სირიელი მამების შესახებ ნაშრომზე მუშაობის ამბავს აცნობებს ბატონ კორნელის და ერთგვარად უბოდიშებს კიდეც, ალბათ იმის გამო, რომ მისი ზოგი მოსაზრება არ გაუზიარებია.
გრიგოლ ფერაძემ თარგმნა კორნელი კეკელიძის შრომა «უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში». ამ შრომის თარგმნის იდეა მას ერჰარდისაგან მიუღია, და ისიც სიხარულით დათანხმებია, რათა «ჩვენი ძველი ლიტერატურული ძეგლები ევროპაშიც ცნობილ იქმნენ და ინტერესი დაიბადოს აქაურ მეცნიერთა შორის».
საერთოდ თავის შრომებში გრიგოლ ფერაძე ეყრდნობოდა თავისი მასწავლებლის ნაშრომებს და ამის შესახებ კიდეც ატყობინებდა მას. ასე თარგმნა მან იერუსალიმის განჩინებიდან შობის წესი და ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სრული კატალოგი კეკელიძის «ლიტერატურის ისტორიის» მიხედვით.
გრიგოლ ფერაძე დაინტერესებული იყო მონოფიზიტობის ისტორიით საქართველოში და სომხეთსა და ქართლის განყოფის პრობლემით. ამ მიზნით წყაროების შესასწავლად იგი ვენაში გაემგზავრა მხითარისტებთან. სომხური და ქართული ეკლესიების ურთიერთობის კვლევა და ამ ორ ეკლესიას შორის კავშირის აღდგენა ფერაძის მეორე მასწავლებლის ი. ლეფსიუსის დიდი სურვილი იყო და იგი ურჩევდა თავის მოწაფეს ამ საკითხებზე მუშაობას.
გრიგოლ ფერაძე აკინიანის შრომის გამოგზავნას ჰპირდება კ.კეკელიძეს, აცნობს პეეტერსის აზრებს აკინიანის შრომაზე, მიხეილ თამარაშვილის «ეკლესიის ისტორიაზე», აცნობს თავის გეგმებს ინგლისში წასვლის შესახებ, ჰაბილიტაციისათვის კი აპირებს ქართული სახარების ან რომელიმე ბიბლიური ტექსტის დამუშავებას. თუმცა სამუდამოდ გერმანიაში დარჩენა მას მაინც არ სურდა: «აქ დარჩენა დიდად არ მახარებს. ვეცდები კიდევ ხელმეორედ სახლში დაბრუნებას. თუ კიდევ უარი მივიღე, ბულგარეთში წავალ. იქ მაქვს კავშირი რამდენიმე გავლენიან სასულიერო პირთან და მათი დახმარებით სოფიის სასულიერო აკადემიაში ადგილს ვიშოვი» _ წერდა იგი.
1928 წ. გამოგზავნილი წერილი ძალიან საქმიანია და ადრესანტის აქტიურ ცხოვრებაზე და მოუღალავ შრომაზე მეტყველებს. ქართული და წინაბიზანტიური ლიტურგიის შესახებ მუშაობა, კორნელი კეკელიძის «უცხო ავტორების» გერმანული თარგმანის მომზადება, ერთი მონოფიზიტური აპოკრიფის ქართული ვერსიის მომზადება და ა.შ. მარტო ჩამოთვლაც კი საკმარისია მისი ნაყოფიერი მუშაობის წარმოსადგენად. იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა Bibliothek der Kirchenväter _ გამომცემლობასთან, რადგან გერმანულად თარგმნილი ჰქონდა სერაპიონის, გრიგოლის, იოანეს, ექვთიმეს და გიორგი მთაწმიდელის სახარებანი, შეისწავლიდა მარკოზის სახარების ქართული ტექსტის ვარიანტებს და ადარებდა მათ სომხურ-ბერძნულ-სირიულ ვარიანტებთან. ამისათვის გამოუწერია გელათის, ჯრუჭის, ვანის და ართვინის სახარებათა ფოტოები, ჰადიშის სახარების ფოტოგრაფიული გამოცემაც. ყოველივე ამას ემატებოდა მეცადინეობები ქართულში და სომხურში.
ახალგაზრდა მეცნიერი გარკვეული სიამაყით აცნობებს მასწავლებელსა და კოლეგას თავის გამარჯვებაზე აღმოსავლეთმცოდნეთა ყრილობაზე: «ორიენტალისტთა ყრილობაზე პატარა გამარჯვებაა მოსახსენებელი _ მოხსენების შემდეგ ერთხმად იქნა დადგენილი და შემდეგ პლენარულ ყრილობაზეც [უნდა იყოს სხდომაზე] განმეორებული, რეზიდენციის სახით გამოტანილი სურვილი ქართული მეცნიერებისადმი მეტი ყურადღების მიქცევა და მზრუნველობის გამოჩენა. ამით გათამამებული ვამზადებ საჰაბილიტაციო შრომას და თუ კარგად წავიდა საქმე, შესაძლებელია პრივატ-დოცენტი გავხდე».
1929 წ. დასაწყისში გრ. ფერაძე იტყობინება თავისი მუშაობის შესახებ, რომ იგი ამთავრებს მუშაობას ქართული მარკოზის სახარების ვერსიებზე. ვატიკანის ბიბლიოთეკაშიც აპირებს წასვლას სახარების გადმოსაწერად. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება შესანიშნავი ქართული სახარება, რომელიც 1927 წ. გასულს საინტერესო ვარიანტებით გამოაქვეყნა მ. ცორელმა და კონიბერმა შეისწავლაო. «გარდა ამისა, ათონზედ იერუსალიმში მოიპოვებიან ქართული სახარებანი. თვით პარიზშიც უნდა იყოს ქართული სახარება, როგორც ამას წინეთ მწერდნენ. მარკოზის სახარების შესწავლამ ბევრი რამ დამანახვა, და დასკვნანი ბაუმშტარკს, Vogel-ს … და ბერლინში დაისმანს გავუზიარე და დავაინტერესე».
მიუხედავად აქტიური სამეცნიერო მუშაობისა, გრიგოლ ფერაძე მთლად კმაყოფილი არ იყო თავისი საქმიანობით. გაურკვევლობა, უცოდინარობა იმ მიზეზისა, თუ რატომ არ უშვებდნენ სახლში, ძალიან აღიზიანებდა. ფიქრობდა საეკლესიო სამსახურზე რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიაში.
«შეიძლება სამეცნიერო კარიერას მთლად თავი დავანებო და საეკლესიო სამსახურს შევუდგე. სახლში ხომ მაინც არ მიშვებენ (მიზეზი არ ვიცი!) და აქ ქართველოლოგიას სხვებიც გამოუჩნდებიან და მიუხედავად დიდი სიყვარულისა მეცნიერებისადმი, იგი სრულიად არ მაკმაყოფილებს».
ამ წერილის მინაწერში იგი თავის მასწავლებელს იმასაც ატყობინებს, რომ რეცენზიას წერდა მის შრომაზე, რომელიც გერმანულ ენაზე დაიბეჭდა Morgenland-ის სერიებში, ჟურნალში «Zeitschrift für Kirchengeschichte».
ამრიგად, მეცნიერულ საკითხებზე და პირად განწყობაზე ერთნაირად სწერს იგი თავის მასწავლებელს და ორივე შემთხვევაში თანადგომას მოელის მისგან.
1929 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ფერაძემ უკვე დაამთავრა მცირე გამოკვლევა მარკოზის სახარების შესახებ. იგი კვლავ კ.კეკელიძეს მიმართავს თხოვნით, გაუგზავნოს ქართულ სახარებათა ხელნაწერების სია. მას თვითონ შეუდგენია ასეთი სია კეკელიძის «ლიტარატურის ისტორიის», ჟორდანიას ქრონიკების, თაყაიშვილის, ბაქრაძის და სხვა შრომათა მიხედვით, მაგრამ თვლიდა, რომ ეს სია ამომწურავი ვერ იქნებოდა. «ჩემს გამოკვლევას მარკოზის სახარების შესახებ მსურს [დავურთო] სია ქართულ სახარებათ … დიდად დამავალებთ, თუ მას მომაწვდით; გამოაქვეყნეთ თავდაპირველად ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში მანდ და მე მას გერმანულად გადავთარგმნი ანდა თუ გსურთ ქართულ ხელნაწერს თქვენი სახელის და პასუხისმგებლობის დარცენით, გერმანულად ვთარგმნი. უნდა აღინიშნოს: სახელწოდება სახარების, … წელიწადი ან საუკუნე; სადაა ამჟამად, ვის მიერ აღწერილი; და უკანასკნელად, რაც ძლიერ საჭიროა, ხელნაწერი არის Mayusk–ის თუ Minusk–ის; … რაც შეეხება უცხოეთში (ათონი, იერუსალიმი, რომი) დაცულ სახარებათა სიას, შემდეგში გამოვცემ».
1929 წელს ბონიდან გამოგზავნილ წერილში გრიგოლ ფერაძე აღტაცებული იტყობინება, რომ ერთ გერმანულ ოჯახში სინას მთიდან გამოტანილი რამდენიმე ქართული ხელნაწერი აღმოუჩენია და გადაუწერია. ამ ხელნაწერთა შესახებ წერილის გამოქვეყნება უნდოდა «Theologische Blätter»-ში.
გრიგოლ ფერაძის გერმანიაში ყოფნა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა იმ მხრივაც, რომ ის თვალს ადევნებდა, რა იბეჭდებოდა ქართული მასალის შესახებ, რომელი მოსაზრებები ემთხვეოდა ქართველი მეცნიერებისა და რა განსხვავებული აზრი იყო წარმოდგენილი. ორივე შემთხვევაში საჭირო იყო ინფორმაციის მოწოდება საქართველოში, რადგან ზოგჯერ გერმანელი მეცნიერები არ იცნობდნენ ქართულ დაბეჭდილ გამოკვლევებს და დამოუკიდებლად მიდიოდნენ ანალოგიურ დასკვნებამდე.
«სხვათა შორის, ბერლინში ყოფნის დროს მომიხდა პრ. მარკვარტთან ყოფნა», _ სწერს გრ. ფერაძე კ. კეკელიძეს _ «მე ვინახულე მისი ახალი ნაშრომის, რომელიც ლაიპციგში გამოდის, კორექტურა. ეხება საქართველოში ქრისტიანობის დამყარების საკითხება და თქვენგან დამოუკიდებლად თქვენ აზრზედ მიდის. ქრისტიანობის დასაწყისი საქართველოში არიანულია … დიდად საინტერესოდ სჭრის პრობლემას მირიან თუ ბაკური და სხვა მრავალი. ჩემთვის დიდათ სასიხარულო იყო მოვლენა, რომ ისეთი მეცნიერი, როგორიცაა მარკვარტი, თქვენ დასკვნაზედ მოვიდა. თქვენ ნაშრომს იგი არ იცნობს. სამწუხაროდ, ჩემი ეგზემპლარი Erhard-ს მივეცი. შესაძლებელია კიდევ დროა კორექტურებში თქვენი დებულების მოსახსენებლად. გაუგზავნეთ მას თქვენი გერმანული ნაშრომი».
გრიგოლ ფერაძეს იმედი ჰქონდა, რომ ვენის ორიენტალისტთა კონფერენციაზე შეიძლებოდა შეხვედროდა კორნელი კეკელიძეს. კონფერენციაზე იგი მოხსენებით გამოდიოდა ქართული ბიბლიის თარგმანებზე. მას მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ეს არც ისე იოლი იქნებოდა საბჭოთა კავშირის პირობებში. ფერაძემ თუმცა იცოდა მძიმე მდგომარეობის შესახებ იქ. მაგ. იცოდა, რომ ბენეშევიჩი ციხეში იყო და ამით აღშფოთებული წერდა: «რატომ მეცნიერები არავითარ ნაბიჯს არ გასწევენ ამ დამსახურებული და ყოველმხრივ ღირსეულ პიროვნების გასათავისუფლებლად? ბერლინში ყოფნის დროს Harnack–ი, Lietzmann-ი და სხვები ძლიერ აღშფოთებული იყვნენ».
1930 წ. მარტში გრიგოლ ფერაძე იუწყება მარკვარტის გარდაცვალებას. შემდეგ ისევ მეცნიერული მუშაობის ამბებს აცნობებს დიდ ქართველ მეცნიერს. მარკოზის სახარებაზე მუშაობით ბიბლიოლოგიის დარგში გადავინაცვლეო, აღნიშნავს. «სხვათა შორის, აღმოჩენილ ტექსტებში სინას მთიდამ გამოტანილ ხელნაწერებში არის აღაპი ჯვრის მონასტრის, იმ ტიპის, როგორც მარის მიერაა გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ჯვრის აღაპები სინას მთაზედ ყოფილან. შესაძლებელია ამას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდეს. ტექსტი მარრზედ ძველია. ზოგიერთი ნაწილები მარრს უკვე გამოქვეყნებული აქვს …« თუ რაიმე სიტყვის გაშიფვრა უნდოდა, გრ. ფერაძე წერილითვე ეკითხებოდა ბატონ კორნელის, თუ რაიმე უზუსტობა იყო შემთხვევით მის რომელიმე შრომაში, ბოდიშს უხდიდა და მიზეზს განუმარტავდა, თუ არ ეთანხმებოდა რაიმეში, მოკრძალებით ამასაც სწერდა.
«Migne-ს შესახებ მეც აღვნიშნე, რომ იგი ტფილისში არაა- მეთქი. Peeters–მა შემიყვანა შეცდომაში. გარდა ამისა, თვით კატალოგიდამ ის შთაბეჭდილება არ დამრჩა, რომ ვითომ Migne–თი სისტემატურად სარგებლობდით. შედარება თქვენ[ი] დედნის ჩემ თარგმანთან თქვენც ამას დაგარწმუნებთ. Erhard-ის ბრალი იყო, რომ მის თარგმანს შევუდექი. ძლიერ ბევრი დრო წამართვა. … პაგინაცია თქვენ და გორგაძის ¹19 ხელნაწერის (სვანური მრავალთავი, საქ. არქივი, III, 1927) განსხვავდება ხანდახან Peeters-ის ბოდლეანას ხელნაწერისა და თქვენისაგან; მთელი მასალა გათვალისწინებული არ გაქვთ, ე.ი. მთელი მასალის გათვალისწინება შეუძლებელია, მაგრამ მაინც ცნობილი ტექსტებიდან ბევრი გამოგპარვიათ, მუდამ აღნიშნულ არ არიან (მაგ. ჯანაშვილის ძვირფას თვალთა შესახებ და სხვა), მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თქვენი შრომა პირველხარისხოვანია და დიდად საჭირო. ამით თქვენ დიდი ღვაწლი დასდეთ ქართულ მეცნიერებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში ინიციებს, სადაც საჭიროა, არ იძლევით (მაგ. ბასილს, კაენს, შვიდ შურისგებათა, არც ხელნაწერია მოხსენიებული და მე მგონია, რომ საქართველოში, შესაძლოა, ეს ხელნაწერი არც კი მოიპოვებოდეს)».
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრ. ფერაძე ხშირად აქვეყნებდა რეცენზიებსაც კ. კეკელიძის შრომებზე. მაგ. კეკელიძის შრომაზე «ქართველთა მოქცევის მთავარი ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები», 1928-31 წლებში არაერთი გერმანელი მეცნიერის გამოხმაურება თუ რეცენზია გამოქვეყნდა. მათ შორისაა გრ. ფერაძის რეცენზიაც, დაბეჭდილი ჟურნალში «Der Orient».
გრ. ფერაძე დაწვრილებით იხილავს კ.კეკელიძის თეორიას ქართლის მოქცევის შესახებ, დათარიღების და განმანათლებლის შესახებ. «დამსახურებული სწავლული ავტორი ცდილობს გადაიტანოს ქართლის მოქცევის თარიღი კონსტანტინეს დროიდან … მისი ვაჟის ხანაში», აღნიშნავს იგი, თავების მიხედვით მიმოიხილავს ნაშრომს და სანამ კეკელიძისეული არგუმენტაციაზე გადავიდოდეს, მოკლედ ეხება ქართლში ქრისტიანობის შემოსვლის შესახებ არსებულ თეორიებს. იგი მკვლევარებს სამ კატეგორიად ყოფს. «პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ის მკვლევარები, რომლებიც ახალ მნიშვნელოვან დოკუმენტს ან ტექსტს აღმოაჩენენ, მაგრამ არსებულ ტექსტთან კავშირს არ უკვირდებიან». ასეთად გრ. ფერაძე მიიჩნევს R. Raabe–ს ნაშრომს Petrus der Iberer, Maβ-ის «Taufe der Armenier, Georgier, Albanen und Abchasin, O. von Larum-ის ნაშრომებს. მნიშვნელოვნად მიაჩნია A. Glass-ის Die Kirchengeschichte des Gelasios von Kaisarea. «რუფინუსის ლათინური ტექსტის ბერძნული დედნის აღმოჩენამ, რომელშიც ზუსტად საქართველოს გაქრისტიანებაზეა ლაპარაკი, ჩვენ ახალი პრობლემების წინაშე დაგვაყენა. არც თუ ბოლოს უნდა დავასახელოთ ქართული წყაროები, რომლებიც პროფესორმა ცაგარელმა აღმოაჩინა და გამოსცა …«. ასეთი მრავალრიცხოვანი წყაროების და მასალის სისრულის დროს, რეცენზიის ავტორის აზრით, მთავარია ყველაფრის შეჯამება და პრობლემის დასმაში სიცხადის შეტანა, იქიდან ისტორიულის ამორჩევა. მეორე კატეგორიის მკვლევარებს მიაკუთვნებს მიმომხილველი ხახანაშვილსა და ჯავახიშვილს, რომელთა ნაშრომებიც მეთოდურად სწორადაა შესრულებული, მაგრამ გადამუშავებას საჭიროებენ, რადგან, ჯერ ერთი, საკმარისად კრიტიკულები არ არიან, მეორეც _ მათ შემდეგ კიდევ ბევრი რამ გამოიცა. მესამე კატეგორიის მკვლევარები «ამოირჩევენ რომელიმე პრობლემას ან მთელ რიგს ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემებისა და ცდილობენ მათ გადაჭრას». ასეთად ესახება მას ს. კაკაბაძე და კ. კეკელიძე. თუმცა გარკვეული კრიტიკითაც ეკიდება თავისი ღირსეული მასწავლებლის მოსაზრებებს.
ახალი და მნიშვნელოვანი კეკელიძესთან ქართლის მოქცევის თარიღია (355-356), რასაც იგი საქართველოს ისტორიიდან და ბიზანტიის ლიტერატურისა და ისტორიიდან მოხმობილი არგუმენტებით ასაბუთებს. პირველი არგუმენტი, რომელიც ამ დათარიღებას უჭერს მხარს, მზის დაბნელების თარიღია, მეორე _ წმ. ნინოს ქართლში ჩამოსვლის და გარდაცვალების თარიღებია «ქართლის ცხოვრების» მიხედვით. ბიზანტიური ლიტერატურიდან მოყვანილი არგუმენტებია ის, რომ იბერია იმავე დროს გაქრისტიანდა, როცა ეთიოპია და ის რომ ევსევი კესარიელი «კონსტანტინეს ცხოვრებაში». ამ ფაქტს არ იხსენიებს, ე. ი. კონსტანტინეს დროს იბერიის მოქცევა ვერ მოხდებოდა.
გრ. ფერაძე დაწვრილებით იხილავს თითოეულ არგუმენტს, იმოწმებს ხახანაშვილის, ჯავახიშვილის, ბოლოტოვის მოსაზრებებს და რამდენადმე კრიტიკულად უდგება კეკელიძისეულ დათარიღებას. მას მოჰყავს ბერძნული ტექსტიც და აღნიშნავს, რომ აქ ეთიოპიის მოქცევა კი არა, კონსტანტინეს ეპოქაა ნაგულისხმევი, ქართლის მოუხსენებლობაც იმით აიხსნება, რომ ევსევიმ ყველაფერი კი არ აღწერა, რაც იმ დროს ხდებოდა, არამედ მხოლოდ კონსტანტინე იმპერატორთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები. «ცხოვრებაში» სომხებიც არ არიან მოხსენიებულნიო, აღნიშნავს რეცენზიის ავტორი. «ქართველების მოუხსენიებლობა «ცხოვრებაში» შეიძლება კარგი არგუმენტიც იყოს იმისათვის, რომ ქრისტიანობის დასაწყისი იბერიაშიც არაბერძნული წარმოშობისა იყო», აღნიშნავს იგი, თუმცა საბოლოო დასკვნისაგან თავს იკავებს მანამ, სანამ წყაროები უკეთ არ იქნება დამუშავებული.
საინტერესოა გრ. ფერაძის მსჯელობა წმ. ნინოს სახელთან დაკავშირებითაც. მისი აზრით, იგი სიტყვა NNonna-ს არ უკავშირდება, მაგრამ არა იმ მოსაზრების გამო, რომელიც პროფ. ბოლოტოვს ეკუთვნის, ტყვე ქალი დაშორებული იყო ქრისტიანულ დასავლეთს და ლათინური სახელი არ ექნებოდაო, არამედ იმიტომ, რომ სახელი nonna მონაზვნებში მხოლოდ მე-8 საუკუნიდან გვხვდებაო.
აქვე მოჰყავს მკვლევარს პროფ. მარკვარტის მოსაზრებაც საქართველოში ქრისტიანობის დასაწყის პერიოდზე. «გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პროფ. მარკვარტმა მაჩვენა კორექტურა მისი უკანასკნელი ნაშრომისა, სადაც იგი საქართველოში ქრისტიანობის დასაწყისსაც ეხება და თავისი კვლევის შედეგებში კეკელიძეს ემთხვევა. მარკვარტის მიხედვით, ქრისტიანობის დასაწყისი საქართველოში არიანული წარმოშობისაა და შვილი კონსტანტინეს მეფობის დროს უნდა ემთხვეოდეს. მარკვარტის მირიანი არიანულ მეფედ მიაჩნია, ბაკური კი _ პირველ მართლმადიდებელ მეფედ».
ამრიგად, გრ. ფერაძე უბრალოდ ცნობას კი არ იძლევა კეკელიძის ამ ნაშრომის შესახებ, არამედ ბევრს მსჯელობს ამ თავისთვისაც საინტერესო საკითხზე და ბოლოს ასკვნის: «როგორც ვხედავთ, კეკელიძის მოსაზრებები შემთხვევითი არ არია, თუმცა მისი არგუმენტები არც უეჭველია, როგორც ზემოთ ვცადე მეჩვენებინა, და ღირს ამ საკითხების საფუძვლიანი და დაწვრილებითი შესწავლა».
ეს რეცენზია გრ. ფერაძემ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც კ.კეკელიძის ნაშრომი პროფ. შუხარტმა დაბეჭდა გერმანიაში. რეცენზია ჟურნალ «Der Orient»-ის გარდა გამოქვეყნდა ჟურნალში «Zeitschrift für Kirchengeschichte» და უთუოდ გააძლიერებდა გერმანული სამეცნიერო წრეებში ინტერესს კ. კეკელიძის შრომისადმი50.
საერთოდ, ბუნებრივია გრ. ფერაძის ზრუნვა ქართული კულტურისადმი ინტერესის გასაძლიერებლად. ამიტომაც იყო, რომ ის ერთი მხრივ ცდილობდა ქართველი მეცნიერების შრომები ხელმისაწვდომი გამხდარიყო ევროპელი მკვლევარებისთვის, მეორეს მხრივ კი საქართველოშიც გაეგოთ ევროპული კონფერენციებისა თუ კონგრესების მუშაობის ამბავი და ამგვარ მეცნიერულ ფორუმებში უშუალოდ მისი მონაწილეობის ამბავიც.
მეორე დიდი ქართველი მეცნიერი, რომელსაც აცნობდა თავის გეგმებსა და მუშაობის შედეგებს, ივანე ჯავახიშვილი იყო. მართალია, გრ. ფერაძის წერილების რაოდენობა, რომელიც ივ. ჯავახიშვილის არქივშია შემონახული, შედარებით მცირეა, მაგრამ შინაარსობრივად მეტად საინტერესოა. გერმანიიდან გამოგზავნილ წერილებში იგი იტყობინება ბონის ორიენტალისტთა კონგრესის და მისი მოხსენების შესახებ ამ კონგრესზე, თავისი მუშაობის შესახებ და დახმარებასაც სთხოვს ბატონ ივანეს ბონის უნივერსიტეტში ქართული განყოფილების გაძლიერებისა და საერთოდ ქართული კულტურის პროპაგანდის საქმეში. ვარშავიდან გამოგზავნილ წერილშიც ვარშავის უნივერსიტეტში თავისი მუშაობის შესახებ წერს.
ეს წერილები კომენტარებითა და შესავლით გამოაქვეყნა გ. საითიძემ51 და მათზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლეფსიუსის არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხელნაწერთა ინსტიტუტს და გრიგოლ ფერაძის ძმისწულს გადასცა ამ არქივის ხელმძღვანელმა, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰერმან გოლცმა. მას განზრახული აქვს ამ დოკუმენტების გამოცემა კომენტარებითურთ სამეცნიერო-თეოლოგიურ ჟურნალში «Ostkirchliche Studien». «მე იმედი მაქვს, წერდა იგი, რომ დოკუმენტები გამოიცემა ქართულად ქართულ-გერმანული პერსპექტივიდან დანახული საერთო კომენტარების თანხლებით». ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი ქართულად უკვე გამოქვეყნდა ჟურნალ «არტანუჯში».
დოკუმენტები მოცულობით საკმაოდ დიდია (27 ერთეული), მათი ნაწილი ეხება გრიგოლ ფერაძის გამგზავრებას გერმანიაში (ჩვენ ისინი ზემოთ უკვე განვიხილეთ და აქ მათზე აღარ შევჩერდებით), ნაწილი თვითონ გრიგოლ ფერაძეს ეკუთვნის, ზოგიც ი. ლეფსიუსის საქმიანობას შეეხება, მაგრამ რამდენიმე ფრაზა მაინცაა ნახსენები გრ. ფერაძეზე. ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანი დეტალებით ამდიდრებენ ჩვენს წარმოდგენას გრიგოლ ფერაძის ცხოვრების, მისი სწავლისა და მოღვაწეობის, მისი მეგობრების შესახებ. ამიტომ აქ მოკლედ შევეხებით ზოგიერთ მათგანს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერილი იოჰანეს ლეფსიუსისა «აღმოსავლეთი ჩვენთან მოდის» წარმოადგენს მიმართვას, რომელიც ან დაეგზავნა გარკვეულ პირებს, ან სიტყვის სახით წარმოთქვა ავტორმა, რათა გარკვეული შემოწირულობა მიეღო თავისი აღმოსავლეთის მისიისათვის, დახმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს, ობოლ ბავშვებს და ა.შ.
ამ მიმართვაში ავტორი ჯერ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ახასიათებს, რომელიც «მეფე ალექსანდრე I-ის მიერ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ისე დაჩაგრა და შეავიწროვა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომ დამოუკიდებლობა მთლიანად დაკარგა და როგორც იმპერიის ეკლესიის ნაწილს, მასაც პეტერბურგის წმ. სინოდი მართავდა», ხოლო რუსეთის რევოლუციამ და გერმანული ჯარების მიერ კავკასიის დაკავებამ შექმნა პირობა, რომ კავკასიის ხალხებს არანებაყოფლობითი კავშირი გაეწყვიტათ. ქართულმა ეკლესიამ … კავკასიაში ბოლშევიკების შეჭრის შემდეგ დაკარგა თავისი ქონება. ასე რომ, ძალიან დიდ გასაჭირშიაო, _ განმარტავს იგი და ახალგაზრდა ქართველი თეოლოგის, გრიგოლ ფერაძის, ჩამოსვლას დიდი სიხარულით აცნობებს თანამოძმეებს. «იმედია, ღმერთი სხვა თეოლოგებსაც გამოგვიგზავნის აღმოსავლეთის ძველი ქრისტიანული ეკლესიებიდან, რათა, ისევე როგორც მსოფლიო ომის წინ, მომავალშიც გავაფართოოთ მუშაობა აღმოსავლეთში ჩვენი დაწესებულების ფარგლებს გარეთაც. ძველი ეკლესიებისათვის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მატერიალურ გასაჭირზე არანაკლები პრობლემაა. უმჯობესია ვემსახუროთ უძველესი ქრისტიანული ერების აღორძინებას და დავეხმაროთ მათ როგორც სულიერად, ისე მატერიალურად».
ი. ლეფსიუსი მეგობრებსაც სთხოვდა დახმარებოდნენ მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა სტუდენტს ცხოვრებისა და სწავლისათვის საჭირო სახსრების მოძიებაში, რასაც აღმოსავლეთიდან ჩასული სტუდენტი ღმერთის მიერ გაგზავნილად მიიჩნევდა. «როდესაც მუჰამედმა ერთხელ მთას უბრძანა მასთან მისულიყო, მთა კი არ დაძრულა, მოციქულმა სცადა უხერხულობიდან თავის დაღწევა და თქვა: «თუ მთა არ მიდის მოციქულთან, მოციქული მივა მთასთან». ჩვენთვის საწინააღმდეგო ქმედებაა გამოსავალი: რაკი ჩვენ ვერ მივდივართ აღმოსავლეთში, აღმოსავლეთი მოდის ჩვენთან».
გრ. ფერაძის დახმარებას ლეფსიუსი თავის დიდ მისიად თვლიდა. ასევე აღიქვამდა ამ კეთილ საქმეს არტურ ლაისტიც, რომელიც ი. ლეფსიუსს სწერდა: «ბატონმა ფერაძემ მაცნობა, რომ თქვენ განზრახული გქონიათ წერილი მიგეწერათ საქართველოს პატრიარქისათვის. რაიმე ასეთი ჯერჯერობით არ ჩამოსულა, რაც ძალიან დასანანია, რადგან ეს ბიძგს მისცემდა კათოლიკოსს სხვა თეოლოგებიც გამოეგზავნა. გერმანელ ხალხს აქ მნიშვნელოვანი კულტურული მისია აკისრია და მე იმედი მაქვს, რომ თქვენც, ღრმად პატივცემულო ბატონო, ყურადღებას მიაპყრობთ აღმოსავლეთის ამ ნაწილს».
ი. ლეფსიუსის გარდა მისი მეგობარი _ არქიეპისკოპოსი ნათან ზიუდერბლომი და ი. შნაიდერიც ზრუნავდნენ ახალგაზრდა ქართველ სტუდენტზე. იგი გაათავისუფლეს უცხოელების გადასახადისაგან. რამდენიმე სამადლობელი წერილი ლეფსიუსისა მეგობრებისადმი სწორედ ამ ზრუნვას მოწმობს. გრ. ფერაძის წერილები და მოკითხვის ბარათებიც ყოველთვის მადლიერების გრძნობითაა გამსჭვალული. ამავე დროს იგი ყოველთვის თავისი სწავლისა თუ მუშაობის შესახებ აცნობებს და გარკვეულად ანგარიშს აბარებს თავის მასწავლებელს. იგი სწერდა შვედეთიდან, ბერლინიდან თუ ბონიდან. სადისერტაციო თემაზე მუშაობის დროსაც ატყობინებდა მუშაობის მიმდინარეობაზე და ბოლოს კმაყოფილი სწერდა: «მიხარია, რომ აქ, გერმანიაში, დაწყებული სწავლა ამ სემესტრში მთავრდება. დიდად მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო დოქტორო, ამ სიხარულისათვის. ამ მადლობას არა მარტო სიტყვებით ვადასტურებ, არამედ საქმითაც».
ი. ლეფსიუსის გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნავდა ლეფსიუსის ქვრივი ალის ლეფსიუსი, რომელიც ასევე დიდი გულშემატკივარი იყო გრიგოლ ფერაძისა. აი, რას სწერს იგი პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში მისი გადასვლის თაობაზე თავის ერთ-ერთ წერილში რ. შეფერს: «ბატონი ფერაძე ძალიან მახარებს და მაოცებს. რა გატაცებით დაიწყო ახალი საქმე. (იგულისხმება სწორედ ქართული ემიგრანტების სულიერი მოძღვრის საქმიანობა პარიზში _ თ. ჭ.). ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგად გამოუვა, ყოველ შემთხვევაში პარიზში მუშაობა ცოცხალი საქმე იქნება და უფრო მეტ კმაყოფილებას მოუტანს, ვიდრე ლექტორობა. ჩემი ქმარი დიდი სიხარულით მიესალმებოდა თავისი მოწაფის ამ ახალ წინსვლას».
საინტერესოა რ. შეფერის საპასუხო წერილიც ალის ლეფსიუსისადმი: «დიდად პატივცემულო ძვირფასო ქალბატონო დოქტორო! ფერაძეს პარიზში თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ჰარნაკმაც ურჩია, არ წასულიყო. უნდოდა ბონში მისი უკეთესი ხელფასისათვის ეზრუნა. მე მგონი, რომ მას მეცნიერული მოღვაწეობა უფრო შორს წაიყვანს, ვიდრე მღვდლად და სულიერ მამად არჩევა».
ამ წერილებიდან კარგად ჩანს გრ. ფერაძის ცხოვრების დეტალები, მისი მდგომარეობა, მეგობრების წრე და საქმიანობა. ისინი კიდევ უფრო რელიეფურს ქმნიან გრიგოლ ფერაძის პორტრეტს.

* * *
პარიზელ ქართველებთან გრიგოლ ფერაძის კავშირი უკვე 1929 წელს იწყება. პარიზში დაარსდა კომიტეტი, რომლის მიზანიც იყო სამრევლოს შექმნა. გრიგოლ ფერაძე გაეცნო კომიტეტის წევრებს. Mმისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და დამუშავდა მრევლის წესდება. პარიზი ამ დროს ქართული ემიგრაციის ცენტრი იყო, აქ იმყოფებოდა საქართველოს დევნილი მთავრობა. აქ იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი, ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიის დაარსებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მრევლს მუდმივი მღვდელი არ ჰყავდა და ამიტომ მათ თხოვნით მიმართეს გრიგოლ ფერაძეს, გამხდარიყო ტაძრის მოძღვარი. პირველად მან უარი განაცხადა შემოთავაზებულ წინადადებაზე, რადგან უპირველესი მნიშვნელობა მისთვის სამეცნიერო მოღვაწეობას ჰქონდა, პარიზი კი მისი მისწრაფებებისა და საქმიანობისათვის ხელსაყრელ ადგილად არ მოეჩვენა, ამიტომ კვლავ ბონში დაბრუნდა და იქ განაგრძო კვლევითი სამუშაოები. მაგრამ იგი მაინც განიცდიდა სულიერ ბრძოლას: სამეცნიერო მოღვაწეობა გაეგრძელებინა თუ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის სულიერი მოძღვარი გამხდარიყო. კორნელი კეკელიძისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში იგი აღნიშნავდა: «შეიძლება სამეცნიერო კარიერას მთლად თავი დავანებო და საეკლესიო სამსახურს შევუდგე. სახლში ხომ მაინც არ მიშვებენ. … მიუხედავად დიდი სიყვარულისა მეცნიერებისადმი იგი სრულიად არ მაკმაყოფილებს».
მაგრამ მალე ორი რამ მოხდა, რამაც გრიგოლ ფერაძე აიძულა დათანხმებოდა პარიზელ ემიგრანტთა წინადადებას: ჯერ ერთი, ბონში მისი დაბრუნების შემდეგ კონსტანტინოპოლიდან პარიზში ჩავიდა ქართველი მღვდელი _ უნიატი, ამიტომ მართლმადიდებელი მღვდლის ყოფნა პარიზში აუცილებელი გახდა. მეორეც: 1930 წელს, როდესაც მძიმე ავადმყოფი გრიგოლ ფერაძე ბონის უნივერსიტეტის კლინიკაში იწვა და სიკვდილს ებრძოდა, მასთან მივიდა პარიზელი სამრევლოს წარმომადგენელი. ეს შობის დღეები იყო და სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს ხილვა ჰქონდა, და ისიც, მისტიური ხმით შთაგონებული, დათანხმდა ქართული ემიგრაციის სულიერ მოძღვრობას. აქ მან ღვთის ნება დაინახა და დიდი აღმაფრენით განაცხადა თანხმობა პარიზში წასვლაზე. «ჰოსპიტალის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ყოველდღიური საქმეებით ვიყავი დაკავებული, საოცარი სულიერი აღმაფრენა ვიგრძენი, თითქოს ჰაერში დავლივლივებდი, მხოლოდ პარიზში ჩემს მომავალ მუშაობაზე ვლაპარაკობდი, მოუთმენლად ველოდი აღდგომის არდადეგებს, რათა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი იქ და მღვდლის მოვალეობის შესრულება დამეწყო. ვერც ცნობილმა პროფესორმა კალემ, ვერც ცნობილმა პროფესორმა მარმა … ვერ გადამათქმევინეს მიღებული გადაწყვეტილება».
გრიგოლ ფერაძეს გადაწყვეტილება მტკიცე იყო. დედის წერილებმაც კი ვერ შეაცვლევინა იგი. დედას ეშინოდა, რომ ამ გზით მავალი მისი შვილი სამშობლოსი დაბრუნებას ვეღარასოდეს შეძლებდა, ურჩევდა დაბრუნებულიოყო სამშობლოში, მაგრამ გრიგოლის გადაწყვეტილება ურყევი დარჩა. «ჩემთვის დაიწყო სრულიად სხვაგვარი, ახალი ცხოვრება, რომელიც ასევე მსურდა შემეწირა ქართული კულტურისათვის. ქართველი ხალხის ისტორიაში კულტურისა და სულიერი ცხოვრების განვითარებას ხომ უპირატესად ბერებმა დაამჩნიეს დიდი კვალი»55.
1931 წ. 18 აპრილს 32 წლის ასაკში გრიგოლ ფერაძე ლონდონის ბერძნულ ეკლესიაში ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი იგი დიაკვნადაც აკურთხეს. ამავე წლის 25 მაისს პარიზის წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ ეკლესიაში მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ექზარხოსმა გერმანოზმა იგი მღვდლად აკურთხა.
1931 წ. 31 მაისს მამა გრიგოლი პარიზის წმინდა ნინოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მღვდელმსახურად დაინიშნა. მან ამავე დღეს ჩაატარა პირველი წირვა და მრევლს მიმართა: «…მართლმადიდებლობა არის და იქნება უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია; ამ განძისათვის მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცყოფას და თვით სიკვდილს … მართლმადიდებლობა არის თვით ღირებულება _ მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც».
მამა გრიგოლი ენთუზიაზმით შეუდგა ახალ ცხოვრებას, ქართული ემიგრაციის სულიერი მოძღვრობა პარიზში იოლი საქმე არ იყო. მას სურდა პარიზი გამხდარიყო ქართველი ხალხის ისტორიაში კიდევ ერთი კერა კულტურისა და სულიერი ცხოვრების განვითარებისა. რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს შესაძლებელი? პარიზში მდებარეობდა ქართული ემიგრაციის მთავარი ცენტრი, ემიგრაცია კი განათლებული ხალხისაგან შედგებოდა.
მამა გრიგოლი მალე მიხვდა, რომ შეიძლება იყო ნასწავლი, მაგრამ კულტურულ ადამიანად ვერ იქცე. სამწუხაროდ, ქართული ემიგრაცია ძალიან დაქსაქსული იყო, ახალი თაობა უმუშევარი, ავადმყოფი და გაუნათლებელი იყო, ძველი თაობა კი _ ათასგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებაში დაქსაქსული. მებრძოლებსა და მხარდემჭერებს ძველი თაობის წარმომადგენლები ახალგაზრდებს შორის ეძებდნენ მიზნის მისაღწევად. «უმიზნო პოლიტიკური ბრძოლები, სულისშემხუთავი მძიმე ატმოსფერო დაეუფლებოდა ჩვენს ემიგრაციას. რამდენიმე თვეში მთელი ჩემი ენთუზიაზმი ჩაქრა. როგორც სრულიად უცხოს მიერ დაწერილს, ისე ვკითხულობდი რელიგიურად მგზნებარე ნაწარმოებს _ «ქერუბიმთა ჰიმნს», რომელიც ბონში ლოგინში მწოლიარე ავადმყოფმა დავწერე». _ ეს სტრიქონები კარგად გამოხატავენ მამა გრიგოლის მძიმე სულიერ მდგომარეობას. იგი უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით, რომ დაკარგა ძვირფასი დრო, რომელიც შეეძლო შეეწირა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის.
მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა პირნათლად შეესრულებინა თავისი მოვალეობა და სამეცნიერო მუშაობისთვისაც გამოენახა დრო.
მამა გრიგოლი ცდილობდა ინტენსიური გაეხადა სამრევლოს მუშაობა. იგი დაუკავშირდა ბრიტანეთის ბიბლიურ საზოგადოებას და არქიეპისკოპოს გერმანოზის შუამდგომლობით მიიღო შესაძლებლობა ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნისა. მაგრამ ეს მცდელობა მარცხოთ დამთავრდა, რადგან ინგლისელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ფინანსურ მხარეს, ეს საქმე კი საზოგადოებისათვის მომგებიანი არ იყო.

ჟურნალ «ჯვარი ვაზისას» გამოცემა

1931 წლის აგვისტოში გრ. ფერაძის რედაქტორობით პარიზში გამოიცა წმ. ნინოს ქართული მართლმადიდებელი მრევლის ორგანო _ ჟურნალი «ჯვარი ვაზისა». ამ ჟურნალმა არსებობის მცირე ხნის მიუხედავად თვალსაჩინო როლი შეასრულა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიაში, რაც, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა მისი რედაქტორის დამსახურებაა. გრ. ფერაძის მოღვაწეობის ეს მხარე საკმაო სისრულით არის გაშუქებული სპეციალურ ლიტერატურაში. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პროფ. გურამ შარაძის ფუნდამენტური ნაშრომი «ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია»57. ამიტომ გრ. ფერაძის ჟურნალისტული მოღვაწეობის დაწვრილებითი ანალიზი ჩვენი მხრივ საჭიროდ აღარ მიგვაჩნია. ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ ზოგიერთ მომენტზე.
ჟურნალ «ჯვარი ვაზისას» პირველი ნომერი, რომელიც 1931 წლის აგვისტოში გამოვიდა, იხსნება უმაღლესი სასულიერო პირების _ მსოფლიო პატრიარქის ბასილი III-ისა და დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის აეგზარხოსის მიტროპოლიტ გერმანოსის მისალოცი ეპისტოლეებით პარიზის წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დაარსებასთან დაკავშირებით. ამ მასალების მოთავსება «ჯვარი ვაზისას» ფურცლებზე, როგორც პროფ. გურამ შარაძე აღნიშნავს, ნაკარნახევია ჟურნალის პრესტიჟის ამაღლების სურვილით. უთუოდ ასეთივე სურვილით აიხსნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების პუბლიკაცია ჟურნალის მომდევნო ნომერში, რომლითაც კათალიკოს-პატრიარქი ვარშავისა და პოლონეთის მიტროპოლიტს დიონისეს მიესალმება და უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს ულოცავს.
ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებული მასალებიდან განსაკუთრებით საინტერესოა და საყოველთაო ყურადღებას იქცევს «წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიის ანუ მრევლის წესდება». როგორც იქვე არის აღნიშნული, წესდება «მიღებულია 1929 წლის მკათათვის 21-ს (მკათათვის 8-ს ძველი სტილით), განცხადებულია პოლიციის პრეფექტურაში 1929 წ. მარიამობისთვის 28-ს და დამტკიცებული თიატირის მიტროპოლიტის, მსოფლიო პატრიარქის, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ეგზარხოსის მიერ 1928 წ. ენკენისთვის 17-2».
ამრიგად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის (სარწმუნოებრივი საზოგადოების) ჩამოსაყალიბებლად ზრუნვა ჩვენს ლრტოლვილ თანამემამულეებს საფრანგეთში ადრევე დაუწყიათ და ჯერ კიდევ 1928 წლის სექტემბერში მიუღიათ ნებართვა საზოგადოების დაარსების შესახებ და დაუმტკიცებიათ მისი წესდება, ხოლო 1929 წლის 28 აგვისტოს ეს ფაქტი კანონის შესაბამისად გამოცხადებულა კიდეც «ოფიციალურ ჟურნალში». მიუხედავად ამისა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გახსნას პარიზში ამის შემდეგ თითქმის ორი წელი კიდევ დასჭირდა: როგორც ზემოთ უკვე ითქვა, პირველი წირვა-ლოცვა პარიზის წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში 1931 წლის 31 მაისს ჩატარდა.
როგორც ჩანს, ასეთივე ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უძღოდა წინ ზემოხსენებული მრევლის ორგანოს _ ჟურნალ «ჯვარი ვაზისას» დაარსებასაც.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მასალებისა და მრევლის ცხოვრების ამსახველი ქრონიკისა, მთელი დანარჩენი მასალა «ჯვარი ვაზისას» პირველ ნომერში ეკუთვნის მის რედაქტორს გრიგოლ ფერაძეს. ანალოგიური სურათია ჟურნალის მომდევნო ნომერშიც: «მოხდა ისე, რომ ჟურნალ «ჯვარი ვაზისას» ფაქტობრივად ერთი ავტორთანამშრომელი ჰყავდა … და ეს იყო გრიგოლ ფერაძე».
ჟურნალის პირველ ნომერში რედაქცია იუწყება: «ჯვარი ვაზისა» ემსახურება ემიგრაციაში საეკლესიო ცენტრის მოწყობას და ქართველთა შორის უცხოეთში რელიგიურ-ზნეობრივ გრძნობათა გაღრმავებას. გარდა ამისა ეცდება შეძლებისდაგვარად ყოველ ნომერში მოათავსოს რაიმე მცირე გამოკვლევა ჩვენი წარსული ცხოვრებიდან». იქვე ჟურნალის უახლოეს თანამშრომლებად დასახელებული არიან ზურაბ ავალიშვილი, ილემაზ დადეშქელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და მიხაკო წერეთელი, მაგრამ მათი თანამშრომლობის კვალი «ჯვარი ვაზისას» გამოცემულ ოთხ ნომერში არ ჩანს, მომდევნო ნომრები კი, სამწუხაროდ, გამოუცემელი დარჩა.
რაც შეეხება თვით რედაქტორის ნაშრომებს, ორიგინალურ და თარგმნილ მხატვრულ თხზულებებს, მეცნიერულ გამოკვლევებს და სხვა მასალებს, მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ქადაგება, წარმოთქმული პირველ ქართულ მართლმადიდებლურ წირვაზე პარიზში მაისის 28-ს 1931 წელს («ჯვარი ვაზისა», ¹1, გვ. 12-19). ქართული მჭერმეტყველების ბრწყინვალე ნიმუშია აგრეთვე სიტყვა, თქმული შობას 1931 წელს («ჯვარი ვაზისა», ¹2) და ქადაგებათა ციკლი («მამაო ჩვენოს» განმარტება) «შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის» («ჟვარი ვაზისა», ¹3, გვ. 13-18).
ზემოხსენებული ქადაგებანი და «მამაო ჩვენოს» განმარტება «ჯვარი ვაზისას» ფურცლებზე დაბეჭდილ რამდენიმე ნარკვევთან ერთად ცალკე წიგნად გამოსცა თბილისის სასულიერო აკადემიამ 2001 წელს სალომე გოგინაშვილის რედაქტორობით. შემდგომში გრიგოლ ფერაძის სიტყვა, წარმოთქმული პირველ ქართულ მართლმადიდებლურ წირვაზე პარიზში, კიდევ ორჯერ დაიბეჭდა: ერთხელ ის გამოაქვეყნა მკვლევარმა ნუგზარ პაპუაშვილმა ჟურნალ «თავისუფლების» ფურცლებზე მცირე შესავალი წერილით. შემდეგ ის პროფ. გურამ შარაძემ შეიტანა «ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის» V ტომში ჟურნალ «ჯვარი ვაზისას» სხვა მასალებთან ერთად. ამ პუბლიკაციათა შორის არის მცირე რედაქციული განსხვავებანი, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ მათზე საგანგებოდ შეჩერება საჭირო არ არის. ტექსტის დადგენისას ყველა შემთხვევაში ამოსავალია ჟურნალი «ჯვარი ვაზისა» (¹1, 1931).
«ჯვარი ვაზისას» პირველ ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ ფერაძის ნაშრომი «ბესარიონ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსი», რომელსაც ჩვენ ქვემოთ ცალკე განვიხილავთ.
სერიით «წერილები ჩვენი წარსული ცხოვრებიდან» «ჯვარი ვაზისას» მეორე ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ ფერაძის ორიგინალური და ფრიად საინტერესო გამოკვლევა «წმ. გიორგი ქართველი ერის შემოქმედებაში (ქართული წარმართობის შესახებ)».
ჟურნალის მეოთხე ნომერში გრ. ფერაძე აქვეყნებს გამოკვლევას «ქრონიკა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის XVIII საუკუნის». იგი ემყარება ოქსფორდში ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაში გამოვლენილ მანამდე უცნობ ხელნაწერს. მკვლევარი მოხიბლულია ამ თხზულებით, რომლის სრულად გადმოწერა მას ვერ მოუსწრია. «სრულად ამოწურვა იმ მასალის, რომელიც ამ სიმპატიურ შრომაშია, შეიძლებოდა მაშინ, როდესაც იგი მთლიანად გამოცემული იქნება; აქ მხოლოდ მინდოდა ქართველ საზოგადოების ყურადღება მიმექცია ამ ჩვენი კულტურული ძეგლისადმი და იმედი მაქვს, რომ შეიძლება ვინმემ ანდა ჯგუფმა რომელიმემ იკისრონ ამ თხზულების სრული გამოცემა», _ ამ სიტყვებით ამთავრებს ამ ნაშრომს ავტორი, რომელიც ბევრი ასეთი ჩანაფიქრისა თუ იმედის განხორციელებას ვერ მოესწრო.
გრ. ფერაძემ «ჯვარი ვაზისას» ფურცლებზე მოასწრო გამოექვეყნებინა «ქებათა ქების» საკუთარი თარგმანი კომენტარებითურთ, აგრეთვე ორიგინალური პოეტური თხზულება რელიგიურ თემაზე «რომელნი ქერუბიმთა» (¹4, გვ. 31-55).
თავისი გეგმების განსახორციებლად, კერძოდ «ჯვარი ვაზისას» როლის გასაძლიერებლად და მკითხველთა მოსაზიდად რედაქტორი გეგმავდა 1935 წლიდან ყოველწლიურად გამოეცა ჟურნალის არა ერთი, არამედ ორი ნომერი, გაეზარდა მისი მოცულობა. მას უკვე მონიშნული ჰქონდა რამდენიმე მასალა ჟურნალის უახლოეს ნომერში დასაბეჭდად და მკითხველსაც აწვდიდა ინფორმაციას ამის შესახებ: «ამ წლიდან «ჯვარი ვაზისა» გამოვა ორჯელ: იანვარს და 1 კვირიკობისთვეს და მიიღება ხელის მოწერა წელიწადში ორი წიგნი (თითო 48 გვერდი) … დაიბეჭდება სხვათა შორის: 1) აღაპნი ჯვარის მონასტრისანი, ლაიპციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერი; 2) ქრონიკა იოანე ნათლისმცემლის და დავით გარესჯის მონასტრების _ აქამდისინ უცნობ მწერალ (მე-18 საუკ.) Gგაბრიელ მღვდელ-მონაზონის; 3) ქართული ხელნაწერები ევროპის წიგნთსაცავებში; 4) ლიტერატურა საბჭოთა საქართველოში; 5) მეცნიერული ქრონიკა. გარდა ამისა, მოთავსებულნი იქნებიან აგრეთვე თარგმანნი ბიბლიის ცალკე წიგნების ახალქართულ ენაზედ» (¹3, გვ. 68); «ათონზე ყოფნისას ბედმა გამიღიმა და 15 ქართული ხელნაწერი ვიშოვე და წამოვიღე. ხელნაწერთა სრულ კატალოგს გამოვაქვეყნებ ჟურნალში «ჯვარი ვაზისა».
ამის შემდეგ გამოვიდა «ჯვარი ვაზისას» მხოლოდ ერთი ნომერი (¹4, 1934 წ.), რის შემდეგაც ჟურნალის გამოცემა, სამწუხაროდ, საერთოდ შეწყდა და რედაქტორის დაპირება განუხორციელებელი დარჩა. ზემოხსენებული მასალებიდან ზოგი გრ. ფერაძემ მოგვიანებით გამოაქვეყნა სხვა ორგანოებში, ზოგი რამ კი გამოუქვეყნებელი დარჩა და მათი კვალი დღემდე არსად ჩანს.
1932 წლის 8 ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე მამა გრიგოლი კვლავ პარიზში იმყოფებოდა, შემდეგ კი ბონში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებაში ჟურნალ «მნათობის» შვიდი თუ რვა ნომერი დახვდა და გაეცნო მათ. ამის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები გამოაქვეყნა 1938 წელს სათაურით: «სულიერი ცხოვრება თანამედროვე საბჭოთა საქართველოში მხატვრული ლიტერატურის სარკეში». ამ ნაშრომს ჩვენ ქვემოთ საგანგებოდ დავუბრუნდებით.

* * *
მხოლოდ ეკლესიის წინამძღვრობით თავის შენახვა ძნელი იყო და მამა გრიგოლიც ცდილობდა ეპოვა ისეთი სამუშაო, რომელიც შეაძლებინებდა სულიერი მოძღვრის საქმიანობა სამეცნიერო კვლევასთან შეეთავსებინა. პარიზის თეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობაზე იგი ვერ იფიქრებდა, რადგან აქ ლექციებს თეოლოგიის რუსი პროფესორები კითხულობდნენ და აქ მუშაობა რომ დაეწყო, მამა გრიგოლიც გარკვეულ იერარქიულ დაქვემდებარებაში უნდა მოქცეულიყო რუს მიტროპოლიტთან, რაც მიუღებელი იყო მისთვის, რადგან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის ზრუნავდა.
ბონში დაბრუნებაც არ ხერხდებოდა, წარუმატებელი გამოდგა ბერლინელ პროფესორების _ დაისმანისა და ლოცმანის _ ცდაც დახმარებოდნენ ახალგაზრდა კოლეგას და სამეცნიერო მუშაობისათვის ბერლინში შუამდგომლობდნენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიასთან.
დარჩა ერთი შესაძლებლობა _ ოქსფორდი უორდროპების მიერ დაწესებული სტიპენდიის საშუალებით, რომელიც ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებისაკენ იყო მიმართული, მამა გრიგოლი მიიწვიეს ოთხი ლექციის წასაკითხად. 1932 წლის მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე იგი ინგლისში იმყოფებოდა, ლექციებში მიღებული ჰონორარით, 50 გირვანქა სტერლინგით, შეძლო იქ რამდენიმე ხანს მშვიდად ცხოვრება და ბრიტანეთის მუზეუმსა და ბოდლეს ბიბლიოთეკაში მუშაობა. იქ გაიცნო სახელგანთქმული ინგლისელი მეცნიერი, პროფესორი ფ.ს. ბურლიტ-კემბრიჯი _ სახარების ძველი სირიული ტექსტების გამომცემელი.
ამ ხანებში პარიზის ბიბლიოთეკებსა თუ ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში მუშაობისას გრიგოლ ფერაძემ გამოსაცემად მოამზადა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული სამეცნიერო ნაშრომი, თარგმნა პეტრეს ლიტურგიის ქართული ვერსია61, დაბეჭდა ინგლისში დაცული ქართული ხელნაწერების მიმოხილვა.
1932 წლის დამლევს მიიღო ცნობა დედის გარდაცვალების შესახებ, რამაც ძლიერ შეაწუხა და ააღელვა მამა გრიგოლი. «ახლა უკვე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, _ წერდა იგი, _ რომ ბოლო ფიზიკური ძაფი (რადგან სულიერად და კულტურულად სამშობლოსთან ყოველთვის ძალზე მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული) გაწყდა ჩემსა და ჩემს სამშობლოს შორის. … მისი გარდაცვალების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებდი. ოფიციალური განცხადების თანახმად, დედა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი მწერდა, რომ დეკემბერში დედამ მთელი ღამე პურის რიგში გაატარა, დილით კი უგონოდ მყოფი უცხო ადამიანებმა მიიყვანეს და მალე კიდეც გარდაიცვალა. … შენახული მაქვს დედაჩემის ყველა წერილი და მსურს აღვწერო მისი ცხოვრება, როგორც კი საამისო დრო და სიმშვიდე მომეცემა».

* * *
1933 წელს გრიგოლ ფერაძე პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. სანამ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდებოდა, მიიღო თანხმობა, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ უფლება ექნებოდა გამგზავრებულიყო პარიზში წმინდა ნინოს ეკლესიის მართლმადიდებელ მრევლთან შესახვედრად, არდადეგების პერიოდში კი შეეძლო სამეცნიერო მიზნით ხანგრძლივად ემოგზაურა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მამა გრიგოლის მოთხოვნით, პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მათ შორის დამყარებულიყო მეგობრული ურთიერთობა.
ამ წინასწარი შეთანხმების შემდეგ, სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ გრ. ფერაძე მიიწვია ვარშავაში უნივერსიტეტის მართლამდიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე პატროლოგიის პროფესორის მოადგილის და ამავე საგნის სემინარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 1933 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კრაკოვში ერთ პოლონურ ოჯახში ცხოვრობდა და სწრაფად შეისწავლა პოლონური ენა და აქვე მოამზადა მოხსენება ინაუგურაციისათვის. 1933 წლის 7 დეკემბერს წაიკითხა საინუგურაციო მოხსენება თემაზე: «პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში».
ამის შემდეგ მამა გრიგოლი ძირითადად ცხოვრობდა ვარშავაში, სადაც ეკავა პატარა ოთახი ბრუკოვის ქუჩაზე 22-ე ნომერ სახლში, აქედან ის წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა თავის მრევლთან პარიზში.
1934 წელს ლონდონის წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში გრიგოლ ფერაძე არქიმანდრიტად აკურთხეს. ამ პერიოდიდან იგი უფრო ინტენსიურად მოგზაურობს ქართული სიძველეების მოსაძიებლად და ძველი ქართული ხელნაწერების შესასწავლად.
1934 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე გერმანიაში გაემგზავრა და აღწერა ლაიფციგის, ბერლინის და გოეტინგენის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერები.
1935 წლის არდადეგები მან რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში გაატარა. 6 თვე დარჩა საბერძნეთში ათონის მთის მონასტერში, შემდეგ ათი დღე ბულგარეთში დაჰყო, მოინახულა ბაჩკოვოს ანუ პეტრიწონის მონასტერი, სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწონის ქართული მონასტრის ტიპიკონის მანმადე უცნობი ხელნაწერი (ასლი).
1936 წ. ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი იერუსალიმსა და სირიაში გაემგზავრა, მიუხედავად ქვეყნად არსებული სახიფათო მდგომარეობისა, შეისწავლა წმინდანთა ისტორია, მისი მოგზაურობის ადგილებში აღმოაჩინა არაერთი ქართული წარწერა, რომლებიც თავის დროს გამორჩა ალექსანდრე ცაგარელს მე-19 ს-ის 80-იან წლებში, მოინახულა წმ. ვარლაამის მონასტერი კასიუს მთაზე. წმინდა მიწაზე ყოფნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე ჰქონდა დამუშავებული საკმაო რაოდენობით, და ვარშავაში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოხსენება პალესტინაში ქართული მონასტრების და ქართველი ბერების შესახებ.
1937 წ. ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ.
1037 წ. შემოდგომაზე ჩატარდა შოთა რუსთაველის იუბილე. გრ. ფერაძის შეფასებით, «ვარშავაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ენერგიული დახმარებით იუბილე მაღალ დონეზე ჩატარდა». გრიგოლ ფერაძის მოხსენება დაიბეჭდა ვარშავის ქართული კომიტეტის მიერ გამოცემულ წიგნში. ამას გარდა დაიბეჭდა მისი პატარ-პატარა წერილები.
1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა ნაშრომი «დიონისე არეოპაგელის აპოკრიფული წერილი ეფესოელ ეპისკოპოს ტიმოთესადმი.
1938 წ. გრიგოლ ფერაძემ მიიღო შეთავსება პოლონურ სერიულ გამოცემაში _ «ეკლესიის მამათა წერილები» _ თანამშრომლობისა და გადაწყვიტა გამოსაცემად მოემზადებინა მოწამეთა ცხოვრებები.
1938 წ. სექტემბერში გრიგოლ ფერაძემ მონაწილეობა მიიღო ორიენტალისტთა საერთაშორისო კონფერენციაში. 1939 წელს იგი მიიწვიეს ბიზანტიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ალჟირში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საგარეო საქმეთა სააგენტოში პრობლემები შეექმნა და გამგზავრებაზე უარი განაცხადა. «ვარშავაში მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, დაახლოებით ორი ათასი ტომი, მათ შორის იშვიათი ქართული პატრისტიკული წიგნები. ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო ბედის ანაბარა მიმეტოვებინა ევროპაში მთელი ჩემი ცხოვრების ნამოღვაწარი, მთელი ეს სიმდიდრე, ამიტომ ვარშავაში დავრჩი, იქ ვიყავი მისი აღების დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებს ქალაქის დატოვების ნება დართეს. ღმერთს მადლობას ვწირავ, რადგან როგორც ჩემი ბიბლიოთეკა, ისე მოკრძალებული ბინა ხელუხლებელი გადარჩა. ღვთის წყალობის იმედითა და რწმენით სავსე, კვლავაც სასოებით შევყურებ მომავალს», _ ასე ამთავრებს გრიგოლ ფერაძე თავის წერილს «ქართული კულტურის სამსახურში».68
მამა გრიგოლს პოლონეთში ცხოვრება მოუხდა მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანა გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გრ. ფერაძის ცხოვრების ბოლო წლებისა და მოწამეობრივი სიკდვილის ცნობებიც მწირია. მით უფრო ძვირფასია ის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან მასზე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, როლებიც პირადად იცნობდნენ მას. მათ შორის არიან: ცნობილი რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე, პარიზის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ილია მელია, პოლონეთის ქართული სათვისტომოს თავკაცი გიორგი ნაკაშიძე, გენერალი შალვა მაღლაკელიძე და სხვანი.
მათი მოგონებანი გამოქვეყნებულია მეტწილად ემიგრანტულ მცირეტირაჟიან ჟურნალ-გაზეთებში და, ცხადია, დღევანდელი მკითხველისათვის არამცთუ საქართველოში, საზღვარგარეთაც ხელმიუწვდომელია. ზოგი მათგანის გაცნობა ბოლ დროს შესაძლებელია გახდა საქართველოში ხელახალი პუბლიკაციის წყალობით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფ. გ. შარაძის ფუნდამენტური გამოცემები «უცხოეთის ცის ქვეშ» და «ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია». ამის მიუხედავად მაინც უდავო ფაქტია, რომ ეს მასალები ჯერჯერობით ნაკლებად არის ცნობილი მკითხველთა ფართო წრისათვის, რის გამოც ჩვენ შედარებით ვრცლად დავიმოწმებთ ამ წყაროებს.
ჩვენი თანამემამულეების ცნობებიდან განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ვიქტორ ნოზაძის მიმართვა ქართული ეროვნული საბჭოსადმი პარიზში, გამოქვეყნებული 1952 წელს ბუენოს – აირესში ქართული ემიგრანტული ჟურნალის «მამულის» მე-5 ნომერში.
ვიქტორ ნოზაძის დახასიათებით, «განსვენებული გრიგოლ ფერაძე პიროვნულადაც იყო უმწიკვლო ადამიანი, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე… განსვენებულ არქიმანდრიტ – პროფესსორ ფერაძეს ჰქონდა უძვირფასესი მეცნიერული წიგნთსაცავი, მაგრამ ამას გარდა მას ჰქონდა ისეთი საგნებიც, რომელიც საქართველოსათვის დიდად მნიშვნელოვანი იყო».
ამ მნიშვნელოვან საგნებს შორის, რომლებიც ჰქონდა გრ. ფერაძეს, ბატონი ვიქტორი ასახელებს «ძვირფას ქართულ გარდამოხსნას, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა – საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო!». ასევე თბილისის უნივერსიტეტისათვის სურდა დაეტოვებინა მეცნიერს თავისი უნიკალური ბიბლიოთეკა.
დავიმოწმებთ კიდევ ერთ ადგილს ე. ნოზაძის წერილიდან: «დაბეზღების შედეგად და გესტაპოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. და მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, რომელიც ბ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრიგოლ ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა! ამ უბრალო წიგნთა გარდა მთელი ქონება უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ გაქრა».
ამ ქონების კვალის მიგნება ბერლინში ყოფნისას ბატონ ვიქტორ ნოზაძეს თვითონაც უცდია, სხვა პირებიც მოუშველიებია, მაგრამ ამ ცდებს არავითარი შედეგი არ გამოუღია. ამიტომ ვ. ნოზაძე საკითხს სვამს ქართული ეროვნული საბჭოს წინაშე, რომ მან კეთილი ინებოს და თავი დაივალდებულოს: «მიმართოს დასავლეთ გერმანიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, რათა მან ინებოს და პროფესორ დოქტორ გრიგოლ ფერაძის ქონების ძებნას შეუდგეს. მას უნდა მოხსენდეს, რომ პალიმფსესტები, გარდამოხსნა, ხელნაწერები და ბიბლიოთეკა ქართველი ერისათვის დიდსა და დაუფასებელ განძს წარმოადგენს და გერმანიის მთავრობა ღვაწლს ნუ დაიშურებს, უდანაშაულოდ დაღუპული ქართველი მეცნიერის ქონება ქართველ ერს მოუპოვოს და დაუბრუნოს».
ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა ზომები მიიღო ქართულმა ეროვნულმა საბჭომ ვიქტორ ნოზაძის მიმართვის საფუძველზე, მაგრამ ფაქტია, რომ მისი პირადი დანაზოგით და დიდი ძალისხმევით შეძენილი უძვირფასესი გარდამოხსნა, ასევე ძველი ქართული ხელნაწერები და მდიდარი ბიბლიოთეკა უკვალოდ გაქრა და ვინ იცის ოდესმე სადმე აღმოჩნდება თუ არა.
სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის ფრიად გულსატკენი და დაუჯერებელი ამბავი, რომ ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ, რომლებიც თვითონ თანამშრომლობდნენ გერმანელ ფაშისტებთან, ნებსით თუ უნებლიეთ, სცადა ჩრდილი მიეყენებინა გრიგოლ ფერაძის წმინდა სახელისათვის და სამშობლოს მოღალატედ და «სუკის» აგენტად წარმოედგინა იგი.
ამასთან დაკავშირებით, ვიქტორ ნოზაძის «მიმართვაში» მოიპოვება საინტერესო ცნობა, რომ გრიგოლ ფერაძის პირად ნივთებთან ერთად გესტაპოს აგენტებს წაუღიათ მისი დღიურიც, რომელიც ალბათ სურდათ გამოეყენებინათ სამხილად მისივე წინააღმდეგ. როგორც ვ. ნოზაძე აღნიშნავს, «გაჰქრა მისი მნიშვნელოვანი დღიური», რომელიც ხელთ ჰქონდა «კავკაზიშე ფერტრაუენშტელეს» «ლაიტერს» დრ. ექიმ გრიგოლ ალშიბაიას; ეს უკანასკნელი ამ «დღიურს» დაატარებდა გესტაპოს დავალებით გადასათარგმნელად და იმისათვის არა ერთს მიმართა, ოღონდ მის თარგმანზე უარი განაცხადეს ჩვენმა მოღვაწეებმა, როგორც, მაგალითად, განსვენებულმა ყოფილმა ელჩმა ბერლინში დრ. ვლადიმერ ახმეტელმა, პროფესორ დრ. მიხეილ წერეთელმა, გრიგოლ დიასამიძემ, დიმიტრი ანანიაშვილმა და სხვა.”
უცხოეთში მცხოვრებ იმდროინდელ თანამემამულეთა უდიდესი ნაწილი დიდი პატივისცემით იგონებს გრიგოლ ფერაძეს, ორიოდე არაკეთილგანწყობილი პირის მიერ მოჩხრეკილი ვითომცდა მაკომპრომეტირებელი მასალები კი სინამდვილეში მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდებს ემყარება და სერიოზული განხილვის საგნად არც მიიჩნევა. გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრული თავისთავად ღაღადებს, თუ ვის მხარეზეა სიმართლე.
1942 წლის მაისის დასაწყისში მამა გრიგოლი გესტაპომ დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ფაშისტებისაგან დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა.
უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. 4 მაისს დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. შეიძლება ფული მამა გრიგოლს ინგლისში ყოფნის მერე ჩამოჰყოლოდა. მაგრამ გესტაპოს მტკიცებით ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. ისტორიკოსი გოჩა საითიძე ფერაძისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს: «ამჟამად თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ვალუტა სამალავში გრიგოლ ფერაძეს არ შეუნახავს. არსებობს ზეპირი თუ წერილობითი მასალა, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ მოხვდა ფული წიგნების უკან და ვისი ნახელავი იყო ეს. მაგრამ იმის გამო, რომ აქ კონკრეტულ პირებზეა საუბარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ცოცხლები არიან და ცნობები ოფიციალური დოკუმენტებით ჯერჯერობით არ დასტურდება, თავს შევიკავებთ მათი გვარების დასახელებისაგან». იგი ეყრდნობა თამარ დულარიძის, შალვა მაღლაკელიძის, ჰენრიკ პაპროცკის, გურამ შარაძის მიერ მოხმობილ მასალას და გიორგი ნაკაშიძის სიტყვებიც მოჰყავს: «ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს … ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი».
გრიგოლ ფერაძე ვარშავის პავიაკის ციხეში ჩასვეს. მან თავისი ბინა მინდობილობით გადასცა ვარშავის სამიტროპოლიტოს დიაკვანს _ გიორგი ბერკმან-კარენინს. მასვე ანდო თავისი ქონების გამგებლობაც: «ჩემი ბინა ავეჯითურთ გთხოვთ გადასცეთ ვინმე კანცელარიის მუშაკს. ჩემი არდაბრუნების შემთხვევაში ჩემს ბიბლიოთეკას სამიტროპოლიტოს ვუანდერძებ. ნივთები (ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელები, ყველა სხვა ნივთი) გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით ჩვენი სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ჩემი ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას».
ბერკმან-კარენინმა რამდენიმე თბილი ბარათი გაუგზავნა მამა გრიგოლს ციხეში და იმედს გამოთქვამდა, რომ მას მალე გაათავისუფლებდნენ და ისიც საყვარელ საქმეს დაუბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. 1942 წლის ნოემბერში მამა გრიგოლი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც იგი 1942 წ. 6 დეკემბერს გარდაიცვალა. პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერში აღნიშნულია: «ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი».
ჰენრიკ პაპროცკი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გრ. ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და მისი წმინდანად შერაცხვის საქმეში, განიხილავს პოლონურ პრესაში გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა ვერსიას გრიგოლ ფერაძის სიკვდილის შესახებ. ამათგან ერთს, რომ იგი მოკლეს მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, მკვლევარი იქვე უაყოფს და გაუგებრობის ნაყოფად აცხადებს.
დანარჩენი ორივე ვერსია ემყარება ოსვენციმის ბანაკის ისტრაციის მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობას, რომ გრ. ფერაძე გარდაიცვალა ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს 16 საათსა და 45 წუთზე. ამ ცნობას ეთანხმება ოსვენცმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერი, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება. ამასვე ადასტურებს ბანაკიდან დაბრუნებული ყოფილი პატიმარი, რომელსაც მიტროპოლიტ დიონისესთვის გადაუცია არქიმანდრიტ ფერაძის ჯვარი.
ამრიგად, დადგენილია, რომ გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს. მაგრამ როგორ აღესრულა წმინდა მღვდელმოწამე? არსებობს ორგვარი ინფორმაცია: 1) მამა გრიგოლი გაზის კამერაში შევიდა ნებაყოფლობით, მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად; 2) ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ მთელი ბანაკი გამოუყვანიათ მოედანზე საშინელ ყინვაში შიშველი და დამუქრებიან: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელს არ ჩაგვაბარებთო. მაშინ მკვლელობა თავის თავზე აუღია გრიგოლ ფერაძეს. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინს დაწვესო.
სრული უტყუარობით ისტორიული სიმართლის აღდგენა, როგორც ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა, ალბათ შეუძლებელია. მაგრამ ასე იყო თუ ისე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძემ თავი გაწირა და მთელ ქვეყანას უჩვენა თავდადების, მოყვასისათვის თავგანწირვის იშვიათი მაგალითი.
ცხადია, ასეთი მაგალითები ხშირი არ არის, მაგრამ მაინც მოიძებნება შემთხვევები, როცა ქართველ ვაჟკაცებს თავი გაუწირავთ სრულიად უცნობი ადამიანების გადასარჩენად. გვაგონდება ორი ასეთი მაგალითი ქართველ მეცნიერთა თავგანწირვისა: ერთი გრ. ფერაძის დაბადებამდე მოხდა, მეორე – მისი გარდაცვალების შემდეგ. სახელდობრ, 1911 წლის 3 (16) სექტემბერს იტალიაში უცნობი გოგონას გადასარჩენად, რომელიც ზღვაში იხრჩობოდა, წყალში გადაეშვა პატრი მიხეილ თამარაშვილი, ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც განწირულის გადარჩენა ვერ შეძლო და თვითონაც დაიღუპა.
მეორე მაგალითი: გამოჩენილმა მეან-გინეკოლოგმა, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ, რომელიც სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ბრაზილიაში, 1962 წლის 20 აგვისტოს საავიაციო კატასტროფაში მოხვედრილმა თავისი მაშველი საცურაო კოსტუმი უყოყმანოდ დაუთმო უცნობ გოგონას და იხსნა მისი სიცოცხლე, თვითონ კი დაიღუპა.
ამ მაგალითებიდან კარგად ჩანს ქართველი კაცის კეთილშობილი ბუნება და მზადყოფნა სხვების დასახმარებლად, თუნდა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ასეთი ადამიანების რიცხვს, ასეთი ადამიანების მოდგმას ეკუთვნოდა მამა გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ხალხის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და წმინდანად იქნა შერაცხული.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: