Posted by: burusi | 11/09/2009

ნოდარ ლომოური – ეგრისის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა IV–V საუკუნეებში

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარი

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარი

IV საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ რაიონში მდებარე ლაზთა (ეგრისის) სამეფო შემდგომ გაძლიერებას აღწევს. ამ საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბიზანტიელთა გარნიზონები მდგარა.
ისტორიკოსი ზ ო ს ი მ ე (V ს.) აღნიშნავს, რომ იმპერატორმა, კონსტანტინე I-მა დაყო რა მთელი იმპერია ოთხ საგამგებლოდ, ერთ-ერთს სხვა ოლქებთან ერთად, მიათვალა “მთელი ზღვის პირეთი პამფილიიდან ვიდრე ტრაპეზუნტამდე და ფაზისზე მდებარე სიმაგრეებამდე”[1].
მაგრამ შემდგომ ხანებში, ვიდრე VI საუკუნის 20–იან წლებმადე ასეთი გარნიზონები საკუთრივ ლაზეთის ტერიტორიაზე არსად ჩანს[2].
ეგრისის სამეფოს გაძლიერების მაჩვენებელია, უპირველეს ყოვლისა, მისი ტერიტორიული გაფართოება.
ისტორიკოსი ამიანე მარცელინე 368 წლის ამბების მოთხრობისას აღნიშნავს, რომ როცა არმენიაში სპარსელები შეიჭრნენ, არმენიის მეფემ, პაპმა და
მისმა კარისკაცებმა “სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენ მიწებს (ე. ი. რომაელთა მიწებს, – ნ. ლ.) ლაზიკისაგან ჰყოფენ”[3].
აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარე მაღალი მთიანეთი.
ამიანეს ამ ცნობას ავსებს და აკონკრეტებს მერმინდელ ბიზანტიელ ავტორთა, პირველ რიგში, პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობები. ამ ცნობების
ანალიზი ცხადყოფს, რომ ლაზეთის სამეფოს ტერიტორია სამხრეთით დაახლოებით მდ. ჭოროხის შესართავის სექტორამდე აღწევდა[4].
სამხრეთიდან ლაზეთის სამეფოს უშუალოდ ემეზობლებოდნენ ფაქტიურად დამოუკიდებელი მთის ტომები (ჭანები), ხოლო შემდეგ უკვე იწყებოდა საკუთრივ ბიზანტიის მფლობელობაში მყოფი ტერიტორია.
ბიზანტიელებს ეკუთვნოდა ათინა (აწ. ფაზარი) და რიზე[5]. ხოლო რიზესა და ლაზეთის სამეფოს შორის, პროკოპი კესარიელის სიტყვით, მოსახლეობს ერთი თვითთავადი ხალხი[6]. ასეთივე ცნობა აქვს აგათიას სქოლასტიკოსსაც[7]. მაშასადამე, შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში ახ. წ. პირველ საკუკუნეებში არსებული მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო და ზიდრიტების იბერიისადმი დამორჩილებული მხარე აღარ იხსენიება. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკურ ერთეულთა ნაწილი ბიზანტიის უშუალო მფლობელობაში შევიდა (რიზე-ათინას სანახები), ნაწილი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს; იბერია ზღვის სანაპირო ზოლიდან გაძევებულია და მისი კუთვნილი ზიდრიტთა ტერიტორიის ჩრდილო მხარეები ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაშია შესული[8].
აღსანიშნავია, რომ ბიზანტიელთა და ლაზეთის სამეფოს შორის მოსახლე ჭანურ ტომთა შესახებ პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, რომ, თუმცა ისინი არც
რომაელთა არც ლაზთა ქვეშევრდომები არ არიან, მაგრამ ლაზთა ეპისკოპოსები კი უწესებენ მათ მღვდელმსახურებასო[9], ეს გარემოება უნდა მიუთითებდეს ლაზეთის გარკვეულ კულტურულ გავლენაზე ჭანების მიმართ[10].
ლაზთა სამეფოს საზღვრები აღმოსავლეთის მიმართულებითაც გავრცელებულა. დასავლეთ საქაროთველოს აღმოსავლეთი ნაწილი (არგვეთი),
რომელიც II – III საუკუნეებში იბერიის ერთ-ერთი საერისთავოს წარმოადგენდა, VI საუკუნეში უკვე ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში ჩანს. კერძოდ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, აქ მდებარე ციხე-ქალაქები შორაპანი და სკანდა ლაზების მიერ ყოფილა აგებული[11]. სკანდისა და შორაპნის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი კი პირველის აგებას IV ს. ათარიღებს, მეორისას კი V საუკუნით[12].
მაშასადამე, IV საუკუნეში ეს მხარე – არგთვეთი – უკვე იბერიის მიერ დაკარგულია და ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს შემადგენლობაში შედის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრისის სამეფოს საზღვრების გაფართოება ჩრდილოეთის მიმართულებით.
VI საუკუნეში ბიზანტიელი ელჩები სპარსეთის მეფე ხოსრო ანუშირვანთან მოლაპარაკების დროს ამტკიცებდნენ, რომ ლაზთა მეფეები ადგენდნენ სვანთა წინამძღოლებს დაწყებული ბიზანტიელთა იპერატორ თეოდოსიდან და სპარსთა მეფე უარანიდან[13]. აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება თეოდოსი I (379–395 წწ.) და ურან IV (389–399 წწ.). მაშასადამე, სვანეთის დამორჩილება ლაზთა სამეფოს მიერ 389–395 წწ. უნდა მომხდარიყო[14]. აშკარაა, რომ მაღალსა და მიუვალ მთებში მოსახლე სვანთა დამორჩილებას წინ უსწრებდა ლაზების უშუალო ჩრდილოელი მეზობლების – აფშილების, აბაზგებისა და სანიგების დამორჩილება[15].
ლაზთა მეფეების ქვეშევრდომთა შორის VI საუკუნისათვის ჩანან აგრეთვე თანამედროვე წებელდის მიდამოებში მოსახლე მისიმიანთა სვანური ტომები[16] და სკვიმნიის (აწინდელი ლეჩხუმის) მოსახლეობაც_______[17].
მაშასადამე, II საუკუნის ბოლოსათვის ლაზეთის (ეგრისის) სამეფო აერთიანებს უკვე მთელ დასავლეთ საქართველოს. მისი ტერიტორია სამხრეთით
მდ. ჭოროხის შესართავის სექტორამდე ვრცელდება, აღმოსავლეთით სურამის ქედამდე, ხოლო ჩრდილოეთით მოიცავს თანამედროვე აფხაზეთსა და მაღალმთიან სვანეთსაც.
IV საუკუნის ბოლო არის ლაზეთის სამეფოს განსაკუთრებული გაძლიერების ხანა.
ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს გაძლიერება თანდათან მოხდა და გამოწვეული იყო რიგი საგარეო და საშინაო მიზეზებით.
III საუკუნის მიწურულში რომის იმპერიის ცენტრმა აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა, რამაც აღმოსავლურ პროვინციებში რომის ბატონობის განმტკიცება გამოიწვია. მაგრამ IV საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) პოზიციები აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შეირყა. ბიზანტია რამდენიმე მნიშვნელოვან მარცხს განიცდის სასანიდურ სპარსეთთან ბრძოლაში.
სპარსეთი ნელ-ნელა მკვიდრდება ამიერკავკასიის ქვეყნებში, კერძოდ, არმენიასა, ალბანიასა და ბოლოს იბერიაში. იმპერიას აღარ შესწევს ძალა წინ აღუდგეს სპარსელთა მიერ მისი პოზიციების სულ უფრო შევიწროებას. 387 წ. თეოდოსი იძულებულია ზავი შეკრას სპარსელებთან და დათმოს სომხეთის უდიდესი ნაწილი; ბიზანტიის გავლენის ქვეშ მხოლოდ სომხეთის ერთი მეხუთედი რჩება[18].
ასეთ ვითარებაში ბიზანტიის ხელისუფლებას აღმოსავლეთში მორჩილ ვასალზე უფრო ძლიერი მოკავშირე ესაჭიროებოდა და იგი იძულებულია არამარტო შეურიგდეს ლაზეთის სამეფოს გაძლიერებას, არამედ დაეხმაროს კიდეც მას.
ლაზეთის სახელმწიფოს გაძლიერებას ხელი შეუწყო, აგრეთვე, ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების გააქტიურებამ და რომის პროვინციებზე
თავდასხმებმა. ჯერ კიდევ III საუკუნეში რომს მძიმე ბრძოლები უხდება გუთების ტომებთან. გუთები თავს ესხმიან ბოსფორსაც და აქედან მცირე აზიის სანაპიროებსაც. გუთების თავდასხმის ობიექტი ხდება შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროც. გუთებთან ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაც[19].
IV საუკუნეში გუთები ახალმა ძალამ შეცვალა. ეს იყო აღმოსავლეთიდან დაძრული ჰუნების ურდოები, რომლებიც IV საუკუნის 70-იან წლებში ანადგურებენ ალანთა გაერთიანებას, არბევენ ბოსფორის სამეფოს ტერიტორიას და თავდასხმებს აწარმოებენ ჩრდილო კავკასიის ზეკარებით სამხრეთის ოლქებზე[20]. ასეთ ვითარებაში ამ ზეკარების დაცვა რომის (ბიზანტიის) ხელისუფლებისათვის უაღრესი მნიშვნელობის საკითხად იქცა და ძლიერი ლაზთა სამეფო რომისათვის ამ მხრივაც მთავარი დასაყრდენი გამხდარა. ნიშანდობლივია პროკოპი კესარიელის სიტყვები, რომ “კავკასიაში მოსახლე ბარბაროსთათვის ლაზიკე არის მხოლოდ საწინააღმდეგო ტიხარი”[21].
უფრო გარკვევით ლაზეთის ამგვარ როლზე პროკოპი კესარიელი სხვა ადგილას ლაპარაკობს. აღნიშნავს რა ლაზეთის ძველთაძველ დამოკიდებულებას
რომთან და იმას, რომ ლაზები არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს, პროკოპი დასძენს, ლაზები მტკიცედ იცავდნენ
თავიანთ საზღვრებს, “რათა მტრულად განწყობილი ჰუნები, მათი მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკეზე გამოვლით რომაელთა მიწა-წყალში არ
შემოჭრილიყვნენ”[22].
მაშასადამე, ლაზეთისა და ბიზანტიის ურთიერთობა ნებაყოფლობით კავშირზე იყო დამყარებული და საკუთრივ ლაზთა ადგილსაცხოვრისის
ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების დაპყრობა (აფშილების, აბაზგების, სვანების და სხვ.) ბიზანტიელებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან ეს უკეთ უზრუნველყოფდა ჩრდილოეთის ზეკარების დაცვას[23].
ლაზეთის სამეფოს გაძლიერება იბერიასთან ურთიერთობითაც იყო განპირობებული. II საუკუნეში გაძლიერებული იბერია, რომელიც ხელთ იგდებს
დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს – არგვეთს და გზას იკაფავს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ზიდრიტების ტომის დამორჩილება), უდავოდ, საერთოდ, დასავლეთ საქართველოს დამორჩილების ზრახვებსაც ამჟღავნებდა. ამიტომ რომისათვის ლაზები ამ შემთხვევაშიაც აუცილებელი მოკავშირენი იყვნენ, ხოლო, როდესაც IV საუკუნისათვის, სასანური ირანის შემოტევების შედეგად, იბერიის სამეფომ დასუსტება იწყო, ლაზეთმა მოახდინა მისი ბატონობის ლიკვიდაცია არგვეთში და ამ მხარეს თვით დაეპატრონა[24].
ამრიგად, ლაზეთის სამეფოს გაძლიერება აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) ინტერესთა საწინააღმდეგოდ არ ხდებოდა. პირიქით, რომს სჭირდებოდა
აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირე, რომელიც, ფორმალურად მაინც მის ვასალად ჩაითვლებოდა; მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეგრისის განმტკიცება-გაძლიერება მაინც რომის დასუსტებასთან იყო დაკავშირებული.
III – IV საუკუნეებში იმპერიას უკვე აღარ შესწევდა ძალა თვით გადაეჭრა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომლებზედაც ზევით იყო საუბარი. სასანური სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში განცდილმა მარცხებმა, ირანის, ამიერკავკასიის ქვეყნებში (ალბანეთსა, სომხეთსა და ქართლში) დამკვიდრებამ, გუთებისა და შემდეგ ჰუნების შემოსევებმა აიძულეს რომი შერიგებოდა ლაზეთის მმართველთა დამოუკიდებლობისა და გაფართოებისაკენ მისწრაფებას და ხელი შეეწყო კიდეც ამ პროცესისათვის. ეს მოვლენა ლოგიკური გაგრძელება იყო რომის პოზიციების თანდათანობით შესუსტებისა აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან.
რატომ მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში სწორედ ლაზეთის სამეფო გამოვიდა? ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ სამეფოს
მეურნეობრივი მდგომარეობით უნდა აიხსნას. მდინარე რიონის ორივე ნაპირზე განლაგებული ლაზეთის სამეფოში ძველთაგანვე ყველაზე მეტად მიწათმოქმედება უნდა ყოფილიყო განვითარებული. ძველი კოლხეთის ეს ცენტრალური და ნოყიერი რაიონი ჩვენთვის საინტერესო დროშიაც მეურნეობრივად წამყვან ოლქად ჩანს.
გვიანდელი ხანის წყაროების, კერძოდ, იგივე პროკოპი კესარიელის ცნობების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ლაზიკის მიწა-წყალი,
საერთოდ, საკმაოდ მწირი იყო და სოფლის მეურნეობა ნაკლებგანვითარებული. ასე მაგალითად, სკანდასა და შორაპნის მიდამოებში, პროკოპის სიტყვით, “არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე”[25]. და ადგლობრივი მოსახოლეობა თავის გამოკვებას მხოლოდ ქვრიმით ახერხებს[26].
სხვა ადგილას პროკოპი ზოგადად ლაზიკაზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ აქ “არსად არ არის მარილი, არც ხორბალი მოდის, არც ღვინო, არც სხვა რამ
სიკეთე”[27]. მაგრამ, იგი სულ სხვაგვარად ახასიათებს ე. წ. “მოხირისის მხარეს”. “მოხირისი ერთი დღის სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალს მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხეთის მიწა-წყალზეც ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: “ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ”[28].
როგორც პროკოპი კესარიელის ცნობებიდან ირკვევა, საკუთრივ მოხირისის მხარე ცხენისწყალსა და რიონს შორის მდებარეობდა და ამ მხარის თავისებურ საყრდენ პუნქტს ქუთაისი წარმოადგენდა[29]. უფრო ფართო გაგებით, მოხირისის მხარე მოიცავდა საკმაოდ დიდ რაიონს, რომელიც შეიცავდა თანამედროვე ქუთაისის, ბაღდადის, ვანის, სამტრედიის, აბაშისა და მარტვილის რაიონების ვაკე ნაწილს, რომელიც სამეურნეო თვალსაზრისით გარკვეულ მთლიანობას შეადგენს.
ამ მხარის სამეურნეო დაწინაურებაზე მეტყველებს ლაზეთის უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების: ქუთაისის, მოხირისისა და როდოპოლისის აღმოცენების ფაქტი და მთელი ამ მხარის ძველქართული სახელწოდება “სამოქალაქო”[30].
მოტანილი ცნობებით აშკარაა, რომ ეგრისის სამეფოს ეს ცენტრალური, რიონისპირა ოლქი მეურნეობრივად დასავლეთ საქართველოში ყველაზე
დაწინაურებული ყოფილა, რამაც უდავოდ შეუწყო ხელი აქ ახ. წ. I – II საუკუნეებში ჩამოყალიბებულ ლაზთა სამეფოს გაძლიერებას და მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გამოსვლას.
ამრიგად, IV საუკუნის მიწურულისათვის დასავლეთ საქართველო გაერთიანებულა ლაზების (ეგრისის) სამეფოს მიერ. ლაზეთის (ეგრისის) მეფე
ბიზანტიის იმპერატორის ვასალად ითვლებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. როგორც აღინიშნა, ლაზეთის
ტერიტორიაზე IV – V საუკუნეებში არსად იდგა რომაული ჯარი. პროკოპი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ლაზები არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს. მათი ერთადერთი ვალდებულება იყო ჩრდილოეთის საზღვრების დაცვა მომთაბარე ტომთა შემოსევისაგან; მაგრამ ეს “ვალდებულება” მთლიანად ემთხვეოდა ლაზეთის სამეფოს საკუთარ ინტერესებს: მომთაბარე ტომთა შემოსევებისაგან თავიანთი სამეფოს ტერიტორიის დაცვაში ხომ პირველ რიგში თვით ლაზთა ხელისუფალნი იყვნენ დაინტერესებულნი.
ლაზეთის მეფის ვასალური დამოკიდებულების გარეგნულ გამოხატულებას წარმოადგენდა მხოლოდ მეფედ კურთხევის წესი. “როდესაც მათ
(ლაზებს – ნ. ლ.) მეფე მოუკვდებოდათ, – წერს პროკოპი კესარიელი, – რომაელთა მეფე უგზავნიდა სამეფო ტახტის მემკვიდრეს ძალაუფლების სიმბოლოს”[31].
ამასვე ადასტურებს აგათია სქოლასტიკოსიც, რომელიც დაწვრელებით ჩამოთვლის კიდევაც იმ სამეფო ნიშნებს, რომელთაც ძველთაგანვე მიღებული წესის მიხედვით იმპერატორი უგზავნიდა ლაზთა მეფეს; ოქროს გვირგვინი თვალმარგალიტით შემკული; კოჭებამდე გრძელი ქიტონი, ოქრომკედით
მოქარგული; მიტრა, აგრეთვე ოქროთი და თვლებით შემკული, წითელი წაღები და თეთრი ქლამიდა, ოქროქსოვილითა და მეფური აბზინდით მორთული[32].
ლაზეთის მეფეს, თავის მხრივ, საკუთარი ვასალები ჰყავს. ასე მაგალითად, აბაზგებს, მიუხედავად იმისა, რომ პროკოპის სიტყვით, ისინი “ძველთაგანვე ლაზების ქვეშევრდომნი იყვნენ”, ჰყავდათ ორი მთავარი[33].
ასევე საკუთარი მთავრები ჰყავთ სკვიმნიისა (ლეჩხუმი) და სვანთა ტომებს, თუმცა ისინიც ლაზთა ქვეშევრდომები არიან. ამ ტომთა მთავრების გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ახალ მთავარს თვისტომთაგან ლაზეთის მეფე უნიშნავს[34].
უფრო გარკვევით შეიძლება მსჯელობა სვანების დამოკიდებულების შესახებ ლაზეთის მეფესთან. მენანდრე პროტიქტორი გადმოგვცემს ბიზანტიელი
ელჩების მიერ ამ ურთიერთობის დახასიათებას: “ლაზებში ძველი წესი იყო, რომ სვანეთის სარდალი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკო სიაში, და ლაზი კი იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფს და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც. ხოლო როდესაც სვანების მთავარი გარდაიცვლებოდა, ლაზების მეთაური ახელისუფლებდა მას, ვისაც უნდა მიეღო და დაეცვა გარდაცვლილის
ძალაუფლება”[35].
ამრიგად, სვანეთის მთავრებს და, როგორც ჩანს, ლეზეთის მეფეზე დამოკიდებულ სხვა ტომთა ხელისუფლებს, ევალებოდათ ხარკის გადახდა და მათი
დანიშვნაც ლაზთა მეფის მიერ ხდებოდა. საფიქრებელია, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურიც გაეწიათ ლაზეთის მეფისათვის, კერძოდ, ლაზთა სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრები დაეცვათ[36].
რაც შეეხება აფსილეთს, მისი სტატუსის შესახებ წყაროები არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ აფსილები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. ამიტომ,
შეიძლება ვიფიქროთ, რომ აფსილეთი უშუალოდ შევიდა ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში. ხოლო VI საუკუნის ამბების აღწერიდან ჩანს, რომ ლაზთა მეფეს აფსილეთში თავისი მოხელეები (მაგისტროსი) ჰყავდა და ციხეებშიც ლაზური
გარნიზონები ედგა[37].
ყოველივე ეს აძლევდა, როგორც ჩანს, აგათია სქოლასტიკოსს საფუძველს ეთქვა, რომ “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობდნენ; ამაყობენ _______კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ”[38]. ამავე დროს იგივე აგათია, ეხება რა VI საუკუნის მდგომარეობას ლაზეთში, ათქმევინებს ლაზ წარჩინებულს, რომ ამ დროს “გაჰქრა კოლხთა ძველი ღირსება და ვეღარ ბატონობენ ლაზები სხვებზე”[39]. მაშასადამე, ლაზთა ზემომოტანილი დახასიათება VI საუკუნის
წინა ხანას ეხება.
ეგრისის სამეფოს ძლიერება მაინცდამაინც ხანგრძლივი არ ყოფილა. ყოველ წემთხვევაში, V ს. 70-იანი წლებისათვის აშკარაა მისი ერთგვარი დასუსტება, რაც სვანეთის დაკარგვაში გამოიხატა. ზემომოტანილ ცნობაში მენანდრეს აღნიშნული აქვს, რომ ბიზანტიელი ელჩების თქმით, სვანეთი დამოკიდებული იყო ლაზეთზე ბიზანტიის იმპერატორ ლეონ I-მდე (457- 474 წწ.) და სპარსეთის მეფე პეროზამდე (458 – 484 წწ.)[40]. მაშასადამე, 457 – 474 წლებს შორის სვანეთს ლაზეთისაგან დამოუკიდებლობა მოუპოვებია.
რით იყო გამოწვეული ლაზეთის სამეფოს ეს მარცხი, ძნელი გასარკვევია წყაროების უქონლობის გამო. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია
მოსაზრება, რომ 60 – 70-იან წლებში ლაზეთის სამეფოს დასუსტება გამოწვეული იყო ვახტანგ გორგასლის დროს იბერიის გაძლიერებით. ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღწერაში აღნიშნულია მისი ძლევამოსილი ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში და აქ ყველა ციხის დაპყრობა, ვიდრე ციხე-გოჯამდე[41]. ჯუანშერის მიერ ვახტანგის ხელქვეით ერისთავთა ჩამოთვლისას, სხვათა შორის, დასახელებულია ეგრისისა და სვანეთის, აგრეთვე “მარგვისა და თაკვერის” ერისთავები[42]. ეს ცნობა თითქოს იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ “დასავლეთ საქართველოს გარკვეული რაიონები, მათ შორის არგვეთი (მარგვი) და სვანეთიც, ქართლის შემადგენლობაში შესულა ვახტანგ გორგასალის დროს”[43].
ძნელი სათქმელია, რამდენად დასაჯერებელია ჯუანშერის ეს მონათხრობი[44], მაგრამ კიდეც რომ ვერწმუნოთ მას, ერთი აშკარაა, რომ უკვე VI
საუკუნის დასაწყისში ქართლს ეს უპირატესობა დაუკარგია. სვანეთიც დამოუკიდებულია მისგან და არგვეთიც, ხოლო სკანდა და შორაპანი კვლავ
ლაზიკის ქალაქებად ჩანან ბიზანტიურ წყაროებში[45].
V საუკუნის 50 – 60-იან წლებში გართულებულია ურთიერთობა ეგრისსა და ბიზანტიას შორისაც. V საუკუნის ისტორიკოსი პრისკე პანიონელი მოგვითხრობს, რომ იმპერატორ მარკიანეს დროს (450 – 458 წწ.), ლაზების მეფე გუბაზი აჯანყებია ბიზანტიას. იმპერატორს ჯარი გაუგზავინია ლაზების წინააღმდეგ, ამ ჯარს აქ ომი უწარმოებია და შემდეგ უკან გამობრუნებულა. ბიზანტიის ხელისუფლება ახალი ომისათვის ემზადებოდა და თან სპარსელების მიმხრობასაც ფიქრობდა. როგორც ჩანს, პირველი ომი ლაზების წინააღმდეგ მაინცდამაინც შედეგიანი არ ყოფილა.
გუბაზს ელჩები გაუგზავნია სპარსეთის მეფისათვის, მაგრამ უკანანსკნელს ბრძოლა ჰქონია მისი სახელმწიფოს საზღვრებში შემოჭრილ ჰუნებთან – კიდარიტებთან და ამიტომ გუბაზისათვის დახმარებაზე უარი უთქვამს. ამის შემდეგ ლაზეთის მეფეს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ისევ იმპერატორთან მოევლინა ელჩები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ეთხოვა. ამ დროს ლაზეთის ტახტზე გუბაზის თანამოსაყდრედ მისი ვაჟი წათე მჯდარა. იმპერატორ მარკიანეს ბიზანტიის იმდროინდელი საგარეო პოლიტიკის მესვეურის მაგისტროს ევფემიოსის პირით გუბაზისათვის მოუთხოვია, რომ ან თვით დათმოს ტახტი, ან შვილს დაათმობინოს. შესაძლოა, ბიზანტიის ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა მამა-შვილს შორის ქიშპი ჩამოეგდო, მაგრამ გუბაზმა არჩია თვით ეთქვა უარი ტახტზე და იგი შვილისათვის დაეტოვებინა. მაშინ მარკიანემ მოითხოვა, რომ გუბაზი თვით ხლებოდა იმპერატორს კონსტანტინოპოლში; გუბაზი ამაზეც თანახმა ყოფილა, მხოლოდ მასთან წინასწარი მოლაპარაკებისათვის გაგზავნილ
დიონისესგან უვნებლობის გარანტიას მოითხოვდა[46].
მოლაპარაკება, როგორც ჩანს, საკმაო ხანს გრძელბედობა. პრისკე პანიონელის ცნობით, გუბაზი მხოლოდ ლეონ I-ის იმპერატორობის ხანაში
კონსტანტინოპოლში მომხდარი ხანძრის შემდეგ სწვევია იმპერიის დედაქალაქს, ე. ი. 465 წლის შემდეგ. ლაზების მეფე იმპერატორის კარზე ჯერ გაუკიცხავთ ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყებისათვის, მაგრამ შემდგომ კეთილგანწყობილად მოპყრობიან და მშვიდობით გაუსტუმრებიათ სამშობლოში[47].
მთელ ამ მოთხრობაში, სამწუხაროდ, არ ჩანს გუბაზის ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყების მიზეზი. თუ თვალს გადავავლებთ ბიზანტიის იმპერიის
იმდროინდელ ვითარებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს გართულებული ვითარება აძლევდა იმედს ლაზეთის მეფეს, რომ განთავისუფლებულიყო ბიზანტიის იმპერატორის ვასალური დამოკიდებულებისგანაც, რომელშიაც იგი ამ დროს იმყოფებოდა. ბიზანტიის იმპერიას ჯერ კიდევ V საუკუნის დასაწყისიდან უხდება ვანდალების თავდასხმებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო ამავე საუკუნის 30-იანი
წლებიდან მის წინააღმდეგ შეტევას იწყებს ჰუნების დიდი გაერთიანება ბელად ატილას მეთაურობით. 441- 442 წლებში ატილა თავს დაესხა აღმოსავლეთ რომის იმპერიას და ხელთ იგდო მთელი რიგი ქალაქებისა. იმპერატორი თეოდოსი II (408-450) იძულებულია მეტად მძიმე პირობებზე დაზავდეს, მაგრამ 447 წ. ბიზანტიამ კვლავ განიცადა ატილას ურდოთა შემოსევა და ისევ მძიმე ფასად იყიდა ზავი[48].
საგარეო გართულებებს შინაგანი წინააღმეგობანიც დაერთო. ჯერ კიდევ V საუკუნის 30-იან წლებში იჩინა თავი ბიზანტიაში ე. წ. “მწვალებლობამ”,
“ნესტორიანობის” სახელით ცნობილმა ქრისტიანობის თავისებურმა მიმდინარეობამ, ხოლო 40-იან წლებში საეკლესიო განხეთქილებამ კიდევ უფრო
მძაფრი ხასიათი მიიღო. გაჩნდა ახალი მწვალებლური მიმართულება “მონოფიზიტობა”. იმპერატორ მარკიანეს დროს, 451 წ. ქ. ქალკედონში შეკრებილ IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა დაგმობილ იქნა და მონოფიზიტების სასტიკი დევნა დაიწყო. ამის საწინააღმდეგოდ მონოფიზიტობა თავისებურ დროშად იქცა აღმოსავლური პროვინციების მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, რომლებიც ამ დროშის გარშემო ბიზანტიის საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ ირაზმებოდნენ[49]. ამან თანდათან ხელი შეუწყო აღმოსავლური პროვინციების განცალკევებისაკენ მისწრაფებას.
მწვავე შინაგანი ბრძოლები მიმდინარეობს საიმპერატორო კარზე გაბატონებული კლასის სხვადასხვა დაჯგუფებას, ძველ ბიზანტიურ
არისტოკრატიასა და ახალდაწინაურებულ “ბარბაროს” მოხელეებს შორის[50]. ასეთი რთული საგარეო და საშინაო ვითარება, რომელიც V საუკუნის შუა წლებისათვის ბიზანტიის იმპერიას შეექმნა, ლაზიკის მმართველ წრეებს შეიძლოებოდა იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებისა და იმ ფორმალური
დამოკიდებულების მოშორების მიზნით, რომელიც ლაზეთს ბიზანტიასთან აკავშირებდა, მართლაც ხელსაყრელ პირობად მოსჩვენებოდა. ლაზეთის
ხელისუფლებას, შესაძლოა, იმედი ჰქონდა ბიზანტიის ძველი მოქიშპის – სასანური სპარსეთის დახმარებისაც, მაგრამ მოულოდნელმა გართულებამ,
რომელიც სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე დაიწყო ჰუნი – კიდარიტების შემოსევათა გამო, სპარსეთის მეფეს იეზდიგერდ II-ს აღარ მისცა საშუალება დახმარებოდა გუბაზს.
ასეა თუ ისე, ცხადია, რომ გუბაზის ცდა, სრული დამოუკიდებულება მოეპოვებინა ბიზანტიის იმპერიისაგან, მარცხით დამთავრდა. შესაძლოა, სწორედ ლაზეთის სამეფოსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობის ამ გართულებით ისარგებლეს აგრეთვე სვანეთის მთავრებმაც და თავი დაიხსნეს ვასალური დამოკიდებულებისაგან.
ეგრისის სამეფოს ისტორიის შესახებ გუბაზ I-ის დროიდან ვიდრე VI საუკუნის 20-იან წლებმადე არავითარი ცნობები არ მოიპოვება. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ლაზეთი შემდგომში კიდევ უფრო სუსტდება და ბიზანტიის ბატონობა აქ უფრო რეალურ სახეს ღებულობს, რაც დაკავშირებულია, საერთოდ, რომის იმპერიის სასიცოცხლო ცენტრების აღმოსავლეთში საბოლოოდ გადმონაცვლებასა და აღმოსავლეთის ფრონტის მნიშვნელობის ზრდასთან ბიზანტიის საგარეო პოლიტიკაში.

ლიტერატურა:
[1] ზ ო ს ი მ ე , ისტორია, II, 33, გეორგიკა, I. გვ. 269.
[2] Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 385.
[3] ა მ ი ა ნ ე მ ა რ ც ე ლ ი ნ ე , ისტორია, XXIII, № 12, II, გეორგიკა, I, გვ. 128.
[4] იხ. ნ. ლ ო მ ა უ რ ი , ლაზეთის სახელწოდების საკითხისათვის, “მიმომხილთველი”, 1965, № 5, გვ. 74-75.
[5] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი სპარსელებთან, II, 29, გეორგიკა, II, გვ. 102.
[6] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, VIII, 2, გეორგიკა, II, გვ. 123.
[7] აგათია, ისტორია, V, 1, გეორგიკა, III, გვ. 181 – 182.
[8] Г. А . М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 387 – 391.
[9] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, გვ. 125.
[10] გ. მელიქიშვილის აზრით, ეს ფაქტი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს ოლქი ადრე ლაზთა სამეფოს მიერ იყო დამორჩილებული (К истории древней Грузии, გვ. 391).
[11] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, გვ. 185 – 186.
[12] В. А. Л е к в и н а д з е , Материалы по монументальному строительству в Лазике, სსმმ, XXII_B, 1961, გვ. 146 – 150.
[13] მ ე ნ ა ნ დ რ ე , ფრ. I, გეორგიკა, III, გვ. 124 – 125.
[14] იხ. გეორგიკა, III, გვ. 125; შდრ. Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 382.
[15] ს . ჯ ა ნ ა შ ი ა , შრომები, II, გვ. 317 – 318.
[16] ა გ ა თ ი ა , ისტორია, გვ. 86.
[17] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან. გვ. 126; შდრ. ს . ჯ ა ნ ა შ ი ა, შრომები, II, გვ. 100 და 308.
[18] ს . ჯ ა ნ ა შ ი ა , შრომები, II, გვ. 315 – 317.
[19] Z o s i m , Historia Nova, I, გვ. 28 – 33; შდრ., Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 379 – 380.
[20] Всемирная история, т. II, М., 1956, გვ 786; А. Н. Б е р н ш т а м , Очерк истории гуннов, Л., 1951 გვ. 143 – 153.
[21] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი სპარსელებთან, გვ. 96.
[22] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი სპარსელებთან, გვ. 72.
[23] Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 384.
[24] ი ქ ვ ე , გვ. 383.
[25] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი სპარსელებთან, გვ. 96.
[26] ი ქ ვ ე , გვ. 52.
[27] ი ქ ვ ე , გვ. 96.
[28] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, გვ. 194.
[29] გეორგიკა, II, გვ. 208 – 209.
[30] ს . ჯ ა ნ ა შ ი ა , შრომები, II, გვ. 320 – 321.
[31] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი სპარსელებთან, გვ. 72.
[32] ა გ ა თ ი ა , ისტორია, გვ. 84 – 85.
[33] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, გვ. 133.
[34] ი ქ ვ ე , გვ. 126 – 127.
[35] მ ე ნ ა ნ დ რ ე , გვ. 224.
[36] Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 384.
[37] პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი , ომი გუთებთან, გვ. 162 – 165.
[38] ა გ ა თ ი ა , ისტორია, გვ. 50.
[39] ი ქ ვ ე , გვ. 65.
[40] მ ე ნ ა ნ დ რ ე , გვ. 225, შენ. I.
[41] ქართლის ცხოვრება, I, გვ. 157.
[42] ი ქ ვ ე , გვ. 185.
[43] Г. А. М е л и к и ш в и л и , К истории древней Грузии გვ. 386.
[44] სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს შეხედულება, რომელიც უარყოფს ჯუანშერის მოტანილი ცნობების სარწმუნოებას: დაწვრილებით იხ. ნ . ლ ო მ ო უ რ ი , ეგრისის სამეფოს ისტორია (წარმოქმნიდან ახ. წ. V საუკუნის ბოლომდე), 1968, გვ. 79 – 84.
[45] იხ. პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის მიერ ბიზანტია-ირანის ომების აღწერა.
[46] პ რ ი ს კ ე პ ა ნ ი ო ნ ე ლ ი , გვ. 254 – 256.
[47] ი ქ ვ ე , გვ. 259.
[48] Ю. К у л а к о в с к и й , История Византии, т. I , Киев, 1913 გვ. 272 – 289. E . A . T h o m p s o n , A History of Attila and Huns, Oxford, 1948 გვ. 206 – 215; F . A l t h e i m , Attila und die Hunnen, გვ. 179 – 180.
[49] Ф. И. У с п е н с к и й , История Византийской империи, СПб, 1912 გვ. 268. М. В. Л е в ч е н к о , История Византии გვ. 37 – 38.
[50] М. В. Л е в ч е н к о , История Византии გვ. 39 – 40.


Responses

  1. აქ ნაჩვენები რუსულენოვანი რუკა ვისი შედგენილია (არ ჩანს ავტორის გვარი) და თუ შეესაბამება ქართლის ცხოვრებაში მოყვანილ მტკიცებულებებს?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: