Posted by: burusi | 02/09/2009

ნახატები მხატვარზე გვიამბობენ – ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი - Natela Iankoshvili

ნათელა იანქოშვილი - Natela Iankoshvili

– თქვენ ყოველთვის გაქვთ საკუთარი ადგილი ნებისმიერ გალერეასა და, რაც მთავარია, ჩვენს გულებში – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ქალბატონ ნათელა იანქოშვილს ოჯახში თავმოყრილი სტუმრები, რომლებიც იმისთვის შეკრებილიყვნენ, იუბილე რომ მიელოცათ მხცოვანი შემოქმედისთვის. დავით კაკაბაძისა და შალვა ამირანაშვილის მოსწავლეს, ხელოვანს, რომელსაც ხშირად ფიროსმანსაც კი ადარებენ და რომლის შემოქმედებითაც ლადო გუდიაშვილიც მოხიბლულა, რამდენიმე დღის წინ 85 წელი შეუსრულდა. იუბილე კიდევ უფრო გაახალისა იმ განსაკუთრებულმა განწყობამ, რომელიც ჩვენს ქალაქში თბილისობასთან დაკავშირებით შეიქმნა. ეს დღეობაც თბილისობის ნაწილად იქცა. სახლი ხალხს ვერ იტევდა, კედლები კი – ნახატებს. სტუმრებს მხატვრის ნამუშევართა ბუკლეტი დაურიგეს, რომელიც მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დახმარებით გამოიცა.

– მრავალრიცხოვან მეგობართა თუ თაყვანისმცემელთა გარდა მხატვარს დღეობა მიულოცეს კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ, სამხატვრო აკადემიის პრორექტორმა გია ბუღაძემ და ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილმა. მათ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს ხელოვანისთვის, რომელიც თავად ერთობ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა: “ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ, რადგან გამონახეთ დრო აქ მობრძანებისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, დანარჩენზე თავად ჩემი შემოქმედება მეტყველებს”. და მართლაც, ქალბატონი ნათელას ნახატები გაცილებით მეტს გადმოგვცემენ, ვიდრე ეს სიტყვიერადაა შესაძლებელი. მის სახლში მოხვედრისთანავე სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. მაშინვე თვალში გეცემათ ყველასაგან განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერა, რომელიც უნიკალურობას სძენს შემოქმედს. მაღალი კედლები “გადაჭედილია” ფერწერული ტილოებით, რომელთა შორისაც მრავლადაა ცნობილი პიროვნებების პორტრეტები თუ შესანიშნავი პეიზაჟები. იქ, ალბათ, ასობით ნამუშევარია გამოფენილი. მხატვარი, ძირითადად, ოთხი ფერის – შავის, მწვანის, წითლისა და ყვითლის – კომბინაციას იყენებს, თუმცა მწვანე და შავი აშკარად დომინირებს მის ნამუშევრებში. ქალბატონი ნათელას შემოქმედება მდიდარია ეროვნული მოტივებით. მას სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ეროვნულ მხატვრად.

85 წლის ხელოვანმა მთელი სიცოცხლე შემოქმედებას შეალია, რაც მით უფრო შთამბეჭდავს ხდის იმ დიდსულოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ქალბატონმა ნათელამ მეუღლის, მწერალ ლადო ავალიანის გარდაცვალების შემდეგ მიიღო: მხატვარმა სრულიად უანგაროდ გადასცა ქართველ ერს საკუთარ ნამუშევართა უდიდესი ნაწილი. ის სახლი კი, რომელშიც ორი დიდი ხელოვანი და არაჩვეულებრივი პიროვნება – ქალბატონი ნათელა და ბატონი ლადო ცხოვრობდა, 2000 წლიდან მუზეუმად გადაკეთდა. ასე რომ, დღეს ყველას შეუძლია ეზიაროს დიდი შემოქმედის ხელოვნებას, მხატვრისადმი მადლიერება კი სიყვარულითა და თბილი დამოკიდებულებით გამოხატოს.

ნინო ბერძენიშვილი

“ახალი ეპოქა ” # 44 (273)
5 – 11 ნოემბერი 2003 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: