Posted by: burusi | 31/08/2009

გიორგი ლეონიძე – „ვეფხისტყაოსანს“

შოთა რუსთაველი - კორნელი სანაძე; - Shota Rustaveli - Korneli Sanadze

შოთა რუსთაველი - კორნელი სანაძე; - Shota Rustaveli - Korneli Sanadze

„ვეფხისტყაოსანს“

ხელში აგიღებ… გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი…
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა – ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა – ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა – დილა ხარ,
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

ქაღალდზე გწერენ… სიტყვების
ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ –
ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.

გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამერცხლებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!

*
უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროსხმოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“

*
წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავსოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა, ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს – ვეფხვი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ
გული არ დაგიძველდება,
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!

აახმაურე სამშობლო,
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურმარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.

მიჯნურს გულადუღებულსა,
სიცოცხლეს დაუელვარებ;
ლაშქარს უსარდლებ სარდალი,
ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.

სიყვარულს სიყვარულითა,
ძმობით ძმას ეპასუხები,
დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,
დავდგებით, როგორც მუხები.

*
შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს
ქალაქები და სოფელი,
სიმღერა, გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა, –
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

1937 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: