Posted by: burusi | 29/08/2009

ა. რუხაძე – პეტრე ქავთარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე ეკუთვნის იმ მოწინავე ქართველ მეცნიერ-ექიმთა პლეადას, რომელთაც შექმნეს ქართული სამედიცინო მეცნიერული აზროვნება და ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ და უწყობენ მის შემდგომ განვითაერებას. პეტრე პავლეს-ძე ქავთარაძე ერთ-ერთი პირველთაგანია უფროსი თაობის ექიმთა შორის, რომელიც ზრუნავდა ჩვენს რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებისათვის და რომელმაც მრავლად აღზარდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ამჟამად ნაყოფიერად მომუშავე მეცნიერ-ექიმების საუკეთესო ძალები.
პ. ქავთარაძე დაიბადა 1888 წლის 20 მაისს სენაკის რაიონის სოფ. ნოსირში, თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევდა. პ. პ. ქავთარაძის მშობლები და და-ძმანი ეკუთვნოდნენ იმ დროის ინტელიგენციას და სწორედ მათი ხელმძღვანელობით მიიღო მან პირველდაწყებითი განათლება.
1908 წელს პ. პ. ქავთარაძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც იმ დროისათვის ატარებდა სეჩენოვის, მეჩნიკოვისა და გასული საუკუნის 70-იანი წლების სხვა გამოჩენილ რევოლუციონერ-მეცნიერთა მოწინავე დემოკრატიულ ტრადიციებს.
უნივერსიტეტი ქავთარაძემ 1915 წელს დაამთავრა. მისი უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდი თანხვდა რეაქციის მძვინვარების შავბნელ პერიოდს.
პ. პ. ქავთარაძე უნივერსიტეტში ყოფნის დროს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის მეფის ხელისუფლებამ დააპატიმრა და გაასახლა ქ. ოდესიდან ორი წლით პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.
სამეცნიერო მოღვაწეობა პ. პ. ქავთარაძემ სტუდენტობის წლებში დაიწყო. ბიოლოგიური მეცნიერებისადმი მისწრაფება და სივარული მას ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს გამოაჩნდა, რაც პისარევის ნარკვევებისა და გერცენის შრომის – “წერილები ბუნების შესწავლის შესახებ” – გავლენით იყო პირობადებული. მესამე კურსზე სწავლის დროს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი “ანაბიოზი”, რომელიც 1914 წელს ცალკე ბროშურად გამოვიდა. ამავე წელს ჟურნალში “ცხოვრება და მეცნიერება”, რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანიც თვითონ იყო, მან ნ. კახიანთან ერთად გამოაქვეყნა მეორე მეცნიერული ნაშრომი “უჯრედი და ქსოვილი”.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე პ. პ. ქავთარაძე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, თავდაპირველად იგი მუშაობდა ქ. მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში ორდინატორად, ხოლო სემდეგ 3 წლის განმავლობაში (1918 წლამდე) პოლკის უფროსი ექიმი იყო. 1917 წელს ჟურნალში “განათლება” გამოქვეყნდა მისი წერილი “მხრჩობადი აირების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ”.
ფრონტიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1918 წლიდან პ. ქავთარაძე სამი წლის განმავლობაში მუშაობს სენაკის მაზრის ერობის საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგედ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აგრძელებს რა მუშაობას ამავე თანამდებობაზე, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების რეკონსტრუქციისა და მაზრის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში.
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციის პერიოდში პ. პ. ქავთარაძე გადმოდის ქ. თბილისში (1921 წლის ოქტომბერში) და მუშაობას იწყებს ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად. ორდინატურის დამთავრების შემდეგ 1931 წლამდე იგი მუშაობას აგრძელებს იმავე კათედრაზე ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე პროფესორების ი. ა. ანფიმოვის და ს. ნ. ყიფშიძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში მუშაობის პარალელურად იგი ასწავლის სამედიცინო ტექნიკუმში.
1931 წელს პ. პ. ქავთარაძემ ქალაქის 1-ლ საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოაყალიბა ნერვული განყოფილება, რომელიც შემდეგში გადაიქცა სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტები ნერვულ სნეულებათა კათედრის ბაზად. ამავე წელს მას ენიჭება დოცენტის წოდება და ევალება აღნიშნული კათედრის ხელმძღვანელობა.
1937 წელს პ. ქავთარაძე იცავს დისერტაციას და ენიჭება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება, ხოლო 1941 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
წლების მანძილზე პ. ქავთარაძე არის ჟურნალ “თანამედროვე მედიცინის” მდივანი და რედკოლეგიის წევრი, მედინსტიტუტის სწავლული მდივანი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო ნაწილში, ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
1953 წლიდან დღემდე პ. პ. ქავთარაძე არის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კლინიკის გამგე. დაჯილდოვებულია ლენინის და საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.
პ. პ. ქავთარაძის მიერ შესრულებულია 70 სამეცნიერო ხასიათის შრომა, აქედან 54 გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში, 3 სახელმძღვანელოა და 3 გამოცემულია მონოგრაფიის სახით.
ამ შრომებიდან 7 დასტამბულია რუსულ ენაზე. ქართულ ენაზე დასტამბული ყველა შრომა მოკლე ანოტაციის სახით გამოქვეყნებულია რუსულად. ეს საშუალებას აძლევს რუს მკითხველს გაიცნოს აღნიშნულ გამოკვლევათა მოკლე შინაარსი. 25 შრომა შესრულებულია პ. ქავთარაძის მიერ თავისი კათედრის თანამშრომლებთან ერთად.
პ. ქავთარაძის შრომენი შინაარსის თვალსაზრისით შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:
1) კლინიკური ნევროლოგიისა და თერაპიის საკითხებზე – 29 შრომა;
2) კურორტოლოგიისა და სამკურნალო ფიზკულტურის საკითხებზე – 12 შრომა;
3) ბავშვთა ნევროლოგიის საკითხებზე – 6 შრომა;
4) სამხარეო ნევროპათოლოგიის საკითხებზე – 14 შრომა;
5) ზოგად თეორიულ საკითხებზე – 6 შრომა;
6) 3 სახელმძღვანელო განკუთვნილი სტუდენტთა და საშუალო მედპერსონალისათვის.
როგორც ჩანს, პროფ. პ. ქავთარაძის კვლევის ძირითად საგანს შეადგენს კლინიკური ნევროლოგიის, ე. ი. ნერვულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და თერაპიის საკითხები, ამასთან, იგი დაინტერესებულია კურორტოლოგიისა და სამხარეო პათოლოგიის პრობლემებით, ბავშვთა ნევროპათოლოგიის საკითხებით და ზოგიერთი თეორიული საკითხებით, აგრეთვე სათანადო სახელმძღვანელოებებით სტუდენტთა უზრუნველყოფით.
კლინიკური ნევროლოგიის პრობლემებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომები ეპიდემიური ენცეფალიტის, ტვინის სიმსივნეებისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის შესახებ. ავტორის მიერ საქართველოში პირველადაა აღწერილი ეპიდემიური ენცეფალიტის კერა, დაზუსტებულია დიფერენციალური დიაგნოზის პრაქტიკულად და თეორიულად მეტად რთული საკითხები, აღნიშნულია ენცეფალიტის ატიპიური ფორმების კლინიკური თავისებურებანი.
ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 6 შრომა.
ერთი ამ შრომათაგანი მონოგრაფიული ხასიათისაა და ეხება ნერვულ სისტემაში საერთოდ ინფექციებისა და კერძოდ ენცეფალიტის გამომწვევი აგენტის შეჭრის გზებს. მასში მოკლედ და დამაჯერებლად გადმოცემულია დაავადების ეტიოპათოგენეზი და კლინიკური ფორმები თავისი სიმპტომატოლოგიით, ღრმა ანალიზით, აღწერილია დიფერენციალური დიაგნოსტიკა და ვრცლადაა მოცემული საკუთარ მდიდარ და მრავალფეროვან მასალაზე შესწავლილი მკურნალობის თანამედროვე საშუალებანი.
პ. ქავთარაძის მეორე ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს ნეიროსიფილისის პათოგენეზის, კლინიკისა და თერაპიის შესწავლა. დიდ მასალაზე დაზუსტებულია პარენქიმული სიფილისის კლინიკური გამოვლინებანი და მათი დიაგნოსტიკა. ამავე დროს, შესწავლილი მასალის ანალიზი ერთგვარ შუქს ფენს სიფილისისა და მალარიის ურთიერთგავლენის პრობლემასაც. კარგად არის მოცემული ნეიროლუესის თანამედროვე მკურნალობის წესები.
ამ საკითხს მიძღვნილი აქვს სამი შრომა.
ნერვულ დაავადებათა კლინიკისა და თერაპიის საკითხების შესწავლისას ავტორი ყურადღებას აქცევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებას. ვეგეტოპათოლოგიის საკითხებზე მას აქვს 11 შრომა, რომლებშიც კარგადაა გაშუქებული ვეგეტატიური ნერვული სისტემის ანატომია-ფიზიოლოგიის რთული საკითხები. საკუთარი მასალის შესწავლისა და დაკვირვების საფუძველზე დაზუსტებულია მისი გამოკვლევის მეთოდიკა საერთოდ და მოწოდებულია გამოკვლევის შედარებით უფრო ობიექტური და, ამასთან მარტივი, წესები, რაც დიდად უადვილებს ექიმს გაითვალისწინოს ამ რთული და ჯერ კიდევ სავსებით შეუსწავლელი აპარატის მდგომარეობა ამა თუ იმ დაავადების მიმდინარეობის დროს. ეს კი, როგორც ვი[გვ. 8]ცით, აუცილებელია, როგორც დიაგნოსტიკის, ისე პროგნოზის თვალსაზრისითაც.
განსაკუთრებით საინტერესოა და აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვეგეტოპათოლოგიიის ზოგიერთი ფრიად საინტერესო და აქტუალური საკითხი ავტორის მიერ დამუშავებულია კურორტულ-კლინიკურ მასალებზე. ამ ჯგუფის შრომებში, გარდა ამისა დადგენილია აგრეთვე, თუ როგორ მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ამა თუ იმ კურორტის ძირითადი ფაქტორები. ამით პროფ. პ. ქავთარაძე არა მარტო ეხება და სწყვეტს კლინიკური ნევროლოგიის ფრიად მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ შეისწავლის აგრეთვე კომპლექსური კურორტული ფაქტორების გავლენას ორგანიზმზე. ამ შრომების საფუძველზე მკითხველს საშუალება ეძლევა შედარეაბით მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი წესით შეისწავლოს მიახლოებით მაინც რთული ვეგეტატიური აპარატის მდგომარეობა და ურჩიოს ავადმყოფს თუ რომელი კურორტი იქნება მისი მკურნალობისათვის მიზანშეწონილი მოცემულ გადახრათა დროს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ პროფ. პ. ქავთარაძეს უეჭველად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს კურორტთა შესწავლის მეტად სასარგებლო საქმეში.
კლინიკური ხასიათის შრომებიდან ნათლად ჩანს, რომ პროფ. პ. ქავთარაძე არია არა მარტო ფრიად დახელოვნებული, მაღალკვალიფიციური, დიდი ერუდიციისა და გამოცდილების მქონე კლინიცისტი-ნევროპათოლოგი, რომელიც სავსებით დაუფლებულია კლასიკურ და თანამედროვე კლინიკურ მეთოდებს, არამედ იგი დიდ ყურადღებას აქცევს, დაუსრულებლად ეძიებს და დიდ მასალაზე ცდის ლაბორატორიული კვლევის ახალ დამხმარე მეთოდებსაც.
ამ მხრივ აღსანიშნავია მისი მონოგრაფიული ხასიათის სადოქტორო დისერტაცია “ქრონაქსიმეტრიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობისათვის” (1937 წ.). ამ შრომაში ავტორი ეხება ქრონაქსიის ადრეულ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას ტყვიით მოწამლვის, პელაგრის, ვესტიბულარული სინდრომის ჰემიპლეგიების და სხვა შემთხვევებში, რითაც აადვილებს აღნიშნულ დაავადებათა ადრეულ გამოცნობას და სხვა დაავადებებისაგან დიფერენცირების, განსხვავების შესაძლებლობას და კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების ანალიზის შედეგად გვისახავს მთელ რიგ თერაპიულ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მონოგრაფია წარმოადგენს პირველ კაპიტალურ ნაშრომს ქართულ ენაზე, რომელიც ამომწურავად იძლევა ქრონაქსიმეტრიის თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე მდგომარეობას, მის ღირებულებას და უპირატესობას კლინიკურ ელექტროდიაგნოსტიკასთან.
გარდა ხსენებული მონოგრაფიისა, სხვადასხვა დაავადებების კლინიკის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს ეხება ავტორის 15 სხვა შრომა. მათში დიდ მასალაზე და მდიდარ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით დაზუსტებულია ორგანული და ფუნქციონალური დამბლების დიაგნოსტიკა და უკანასკნელის პათოგენეზი, ბაბინსკის ფენომენის თავისებურება სხვადასხვა დაავადებების დროს, კეფალოგრაფიის დიაგნოსტიკური და პროგნოზული ღირებულება ნევროზების დროს, რიდის წესით გათვალისწინებული ძირითადი ცვლის ღირებულება, სამკურნალო ფიზკულტურის გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ადგილობრივი ტეტანუსის დიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი, კურორტოლოგიური ფაქტორების გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და ა. შ.
პროფ. პ. ქავთარაძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ბავშვთა ნევროპათოლოგიის საკითხების შესწავლისადმი. იგი სამართლიანად ითვლება მიკრონევროპათოლოგიის პიონერად საქართველოში. ამ მხრივ მისი დაკვირვებებისა და კვლევის საგანია ბავშვთა პოლიომიელიტის და მცირე ქორეის ზოგიერთი ჯერ კიდევ შეუსწავლელი საკითხი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის შრომები, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლის წინათ იყო მის მიერ გამოყენებული და ეხება ბავშვთა პოლიომიელიტის კლინიკის, თერაპიის, პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს, განსაკუთრებით ამ დაავადების ეპიდემიოლოგიის საკითხს საქართველოში. გარდა ამისა, პ. ქავთარაძემ გამოაქვეყნა სპეციალური მონოგრაფია ექიმებისათვის, რომელშიაც ფრიად მარტივად და ადვილად გასაგებად არის გადმოცემული ბავშვთა პოლიომიელიტის მეტად რთული საკითხები. ვფიქრობთ, ეს შრომა დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოს ექიმებს, ისე ყველას, ვისაც აინტერესებს აღნიშნული დაავადების ზოგიერთი ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხის დამუშავება.
პ. ქავთარაძის დაუღალავი ენერგიითა და დიდი საზოგადოებრივობით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მისი ინციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით კურორტ ახტალაში გახსნილია სპეციალური სანატორიუმი პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების მქონე ბავშვთა ტალახით მკურნალობისათვის. ამ ექვსი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებების შედეგები იძლევა ასეთი ბავშვების ინვალიდობისაგან ხსნის იმედებს.
ბავშვთა ასაკის მეორე დაავადება, რომელსაც განსაკუთრებით შეისწავლის ავტორი, ეს არის ბავშვთა მცირე ქორეია. ამ საკითხს ეხება 4 შრომა. ავტორი იმ თვალსაზრისზე დგას, რომ ქორეა არის ინფექციურ-ალერგიულ დაავადებათა ჯგუფში შემავალი მდგომარეობა, რომლის პათოგენეზში წამყვანი როლი უნდა მიეწეროს რევმატიზმულ ინფექციას და ამიტომ ძირითადი მკურნალობა სწორედ ამ გზით უნდა იყოს წარმართული. ავტორმა არა ერთხელ დააყენა ეს საკითხი რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების წინაშე, რის შედეგადაც ამჟამად წყალტუბოში ასეთ ავადმყოფთათვის გამოყოფილია სპეციალური საწოლები. დაკვირვებები ადასტურებს, რომ აღნიშნული წესით მკურნალობა მართლაც ეფექტურია.
პროფ. პ. ქავთარაძის შრომები სამხარეო პათოლოგიიდან წარმოადგენს პირველ გამოკვლევებს ჩვენში, რომლებიც შეისწავლის ერთი მხრივ, პელაგრის, მალარიის, ნეიროლუესის და ბრუცელოზის თეორიისა და პრაქტიკის და, მეორე მხრივ, მათი პროფილაქტიკურ-თერაპიულ ღონისძიებების საკითხებს საქართველოს პირობებში.
პროფ. პ. ქავთარაძეს აქვს მთელი რიგი შრომები, მიძღვნილი მედიცინის ზოგადი თეორიული საკითხებისადმი. როგორც ამ შრომებიდან ჩანს, ავტორი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესებული ყოფილა ზოგადი ბიოლოგიური ხასიათის პრობლემებით, როგორიცაა, მაგალითად ანაბიოზი, ქსოვილი და მისი შენება, ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის და სხვ. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოხსენებას ი. პ. პავლოვის ფიზიოლოგიური მოძღვრების შესახებ, იხილავს ნევროპათოლოგიის კლინიკურ საკითხებს, პავლოვის სწავლების შუქზე და მის საექიმო-პედაგოგიურ მეცნიერულ მუშაობას პავლოვურ პრინციპებს უდებს საფუძვლად.
ამ თვალთახედვით მუშაობის გარდაქმნისათვის ბევრი რამ კარგი შეუტანია ავტორს გაერთიანებული საავადმყოფო-პოლიკლინიკების მუშაობაში. იგი დაუღალავია ავადმყოფთა მოვლა-მკურნალობის გაუმჯობესების საკითხების დამუშავებაში და დიდი ენთუზიაზმით უნერგავს ყოველივე კარგს და ახალს ექიმებსა და სტუდენტებს ყოველდღიური მუშაობის პროცესში.
საგნის ღრმა ცოდნა, დიდი ერუდიცია… კლინიკურ მოვლენათა ღრმა და სწორი ანალიზი, ავადმყოფებისადმი სათნოება და სიყვარული, დიდი პედაგოგიური ნიჭი და უნარი და ენის კარგი ცოდნა ჩანს მის მიერ შედგენილ ნერვულ სნეულებათა სახელმძღვანელოებში, რომლებმაც დიდი სამსახური გაუწია სტუდენტებს რთული საგნის შედარებით ზუსტად და ადვილად ათვისებაში, ხოლო ექიმებს ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში.
ასეთებია რამდენჯერმე გამოცემული ნევროპათოლოგიის სხელმძღვანელო მედტექნიკუმების მსმენელთათვის, რომლებთაც ავტორი დიდი ხნის განმავლობაში უკითხავდა ამ საგანს; სახელმძღვანელოები სტომატოლოგიური და პედიატრიული ფაკულტეტების სტუდენტთათვის, რომლებზეც აღიზარდა მრავალი ექიმი სპეციალისტი.
პ. ქავთარაძეს ამჟამად დამუშავებული აქვს და მალე გადაეცემა გამომცემლობას დასაბეჭდად “ნევროპათოლოგიის კლინიკური კურსი”, რომელშიც თანამედროვე პროგრამის მიხედვით საკუთარი დიდი და მდიდარი კლინიკური მასალის, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე, პათოლოგიური ფიზიოლოგიისა და ზირითადად დიალექტიკური მატერიალისტური მოძღვრების ღრმა ცოდნისა და ფართოდ გამოყენების საფუძველზე გაშუქებულია კლინიკური ნევროპათოლოგიის თითქმის ყველა ძირითადი საკითხი. ეს სახელმძღვანელო, ვფიქრობთ, დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე ყველა დარგის ექიმს, ვისაც კი ნერვული მექანიზმები და ნევრიზმები აინტერესებს.
პროფ. ქავთარაძის უშუალო მონაწილეობით დაარსებული იქნა საექიმო-მეცნიერული ხასიათის ჟურნალი “თანამედროვე მედიცინა” (1924 წ.), რომელსაც იგი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. შემდეგ იგი თანამშრომლობდა ჟურნალში “საბჭოთა მედიცინა”; სხვადასხვა დროს იყო ამ ჟურნალის პასუხისმგებელი მდივანი, რედკოლეგიის წევრი და რედაქტორი. გარდა ამისა, ჟურნალში უშუალოდ ხელმძღვანელობდა პრაქტიკული მედიცინის განყოფილებას. როგორც ცნობილია, ამ ჟურნალმა დიდი საექიმო-აღმზრდელობითი დახმარება და მეცნიერული ხელმძღვანელობა გაუწია რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს.
პროფ. პ. ქავთარაძის რეცენზიითა და რედაქტორობით გამოშვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სპეციალური ხასიათის შრომათა კრებულები, როგორიცაა, მაგალითად, ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპტომატოლოგია, ტუბერკულოზური მენინგიტი, ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკა, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებანი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, ქალაქის პირველი საავადმყოფოს შრომათა კრებულები, კრებული “15 лет научно-практической деятельности клиники и отделения нераных болезней первой горбольницы”. პოპულარული ხასიათის ნაშრომები, “საოჯახო ცნობარში” შეტანილია პროფ. პ. ქავთარაძის მიერ შედგენილი სტატია ნევროზების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების ღონისძიებებისა და მკურნალობის წესების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ფართო მასისათვისაა განკუთვნილი. “საოჯახო ცნობარი” დიდ დახმარებას უწევს მოსახლეობას აღნიშნული დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების შემთხვევაში მკურნალობის წესიერად გატარების საქმეში.
პროფ. პ. ქავთარაძის მიერ აკად. ა. ალადაშვილის თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია ექიმთა დამხმარე სახელმძღვანელო “ზოგიერთი დაავადების გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია”. მას ეკუთვნის სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი თავი “თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა”. ამ თავში კარგადაა მოცემული ნერვული სისტემის ამ ჯგუფის დაავადებების სასწრაფო და გადაუდებელი დიაგნოსტიკა, ექიმის ტაქტიკა სათანადო ღონისძიებათა ჩვენებით. შრომას დიდი სარგებლობა მოაქვს საერთოდ ყველა ექიმისათვის, განსაკუთრებით სოფლად მომუშავე ექიმთათვის, სადაც სპეციალისტი-ნევროპათოლოგები ნაკლებათაა, აგრეთვე ისეთ შემთხვევებში როცა პირველი დახმარების გაწევა ნევროპათოლოგის გამოძახებამდე სხვა სპეციალობის ექიმებს უხდებათ.
პროფ. პ. ქავთარაძის უშუალო ხელმძღვანელობით კათედრაზე თანამშრომლების მიერ შესრულებულია 150-მდე მეცნიერული ხასიათის შრომა. მისივე ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია სამი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია. მის მიერ რეცენზირებულია 15 სადოქტორო და 30-მდე საკანდიდატო დისერტაცია; ამჯამად იგი ხლმძღვანელობს ოთხი საკანდიდატო დისერტაციისა და ორი სადოქტორო დისერტაციის დამუშავებას.
პროფ. პ. ქავთარაძის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მონოგრაფიები შარკოს, ბეხტერევის და ანფიმოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ყოველივე აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე პავლეს-ძე ქავთარაძე გამოჩენილი კლინიცისტი-ნევროპათოლოგია, რომელიც მთელი რიგი წლების მანძილზე ეწევა მეტად ნაყოფიერ მეცნიერულ-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამეცნიერო პროდუქციის მრავალფეროვნებითა და სიღრმით იგი კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ამავე დროს იგი არის მეცნიერული კვლევის, სტუდენტთა აღზრდისა და ექიმთა კადრების მომზადების კარგი, თვალსაჩინო ორგანიზატორი, მეცნიერული მიღწევების დიდი პოპულარიზატორი, საზოგადო მოღვაწე, ნოვატორი დიაგნოსტიკისა და თერაპიის მთელ რიგ საკითხებში, გამოცდილი და მეტად წამხალისებელი მეცნიერი-ხელმძღვანელი და ძვირფასი პედაგოგი, ერთ-ერთი საუკეთესო დიაგნოსტიკი და თერაპევტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შრომები, ტომი XX, მიძღვნილი პროფ. პ. ქავთარაძის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი (1889-1959)
თბილისი, 1959

→ პეტრე ქავთარაძე – Petre Kavtaradze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: