Posted by: burusi | 29/08/2009

ტ. ხუნდაძე – პეტრე ქავთარაძე (მოგონება)

პეტრე ქავთარაძე - Petre Kavtaradze

პეტრე ქავთარაძე - Petre Kavtaradze

მალე შესრულდება 60 წელი მას შემდეგ, რაც 1900 წლის სექტემბრის დამდეგს რამდენიმე ბავშვი, მათ შორის პეტრე ქავთარაძე, ძველი სენაკის ქართული სააზნაურო ოთხგანყოფილებიანი სკოლის ახალკურსდამთავრებულნი, ქუთაისის სააზნაურო ქართული ოთხკლასიან სასწავლებელს მოადგნენ პირველ კლასში შესასვლელად. პეტრესა მის თანაკლასელთა (ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა და ფაღავა ყარამანი) ცხოვრებაში ახალი საფეხური იწყებოდა.
ქუთაისის ქართული სკოლა ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციამ დაარსა 1880 წელს მოსამზადებელი კლასების სახით. მას ინახავდა ქუთაისის საზნაურო ბანკი, ამიტომ სააზნაურო სკოლას უწოდებდნენ, მდაბიურად “ბანკის კლასს”. ქართული იმიტომ ეწოდებოდა, რომ მოსამზადებელ ოთხ განყოფილებაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა და ქართულ ენასა და და ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ექცეოდა. მალე განყოფილებებს ოთხი პროგიმნაზიული კლასი მიემატა. ეს სასწავლებელი უუფლებო იყო. პირველ ხანებში ზოგი მშობელი ახერხებდა შვილის აქედან მთავრობის სასწავლებელში გადაყვანას, ან თბილისის ქართულ გიმნაზიაში მოწყობას, რომელიც 1890 წლების მიწურულში 8 კლასიანი სასწავლებელი გახდა, მაგრამ ისიც უუფლებო იყო. მალე ქუთაისის ქართული სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს დაეკეტათ გზა საშუალო განათლების მიღებისა, რადგან გადატვირთვის გამო არც სახაზინო გიმნაზიაში უშვებდნენ გამოცდაზე და არც თბილისის ქართულ გიმნაზიაში იღებდნენ. მათ დარჩათ ერთი გზა: თუ სახაზინო სასწავლებელში ოთხი კლასის (პროგიმნაზიის) მოწმობაზე ჩააბარებდნენ გამოცდას, შეეძლოთ სადმე დაბალი მომსახურების თანამდებობაზე მოწყობილიყვნენ: აფთიაქის მოწაფედ, რკინის გზაში, ფოსტაში, კანცელარიის მწერლებად. ქართული პროგიმნაზიის მრავალკურსდამთავრებულს შეხვდებოდით ასეთ დაბალ თანამდებობაზე, განსაკუთრებით აფთიაქის მოწაფეებად.
ცარიზმი 1880-იანი წლებიდან საქართველოში სასტიკ გამარუსებელ პოლიტიკას აწარმოებდა, კერძოდ სამეგრელოს სკოლებიდან განდევნა ქართული ენა, სცადა მისი განდევნა ეკლესიიდანაც, ვითომდა როგორც არამშობლიური მეგრელთათვის. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქართულ სასწავლებელს, ცარიზმის კოლონიალურ პოლიტიკას ის დაუპირისპირა, სხვათა შორის, რომ, რადგან, სამეგრელოს ახალი ქართული სკოლის გახსნის უფლებას მას მთავრობა არ მისცემდა, ქუთაისის სააზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების პარალელები ძველ სენაკში გადაიტანა 1884 წელს და მის ინსპექტორად დანიშნა განათლებული და ენერგიული პედაგოგი სამსონ ყიფიანი. ერთი წლის შემდეგ, 1885 წელს, ამ სკოლის მოთავსება საკუთარ შენობაში დიდი ზეიმით აღინიშნა. ზეიმს დაესწრო დიდძალი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წინაშე პატრიოტული სიტყვები წარმოთქვეს დიმიტრი ყიფიანმა, აკაკი წერეთელმა, ბახვა ფაღავამ, ვასილ მაჩაბელმა, ნიკო დადიანმა და სხვებმა. ეს ზეიმი გადაიქცა ხალხის დემონსტრაციად მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პატარა სასწავლებელი მალე გახდა ქართული კულტურის კერად მთელ სამეგრელოში, რომელსაც დევნიდნენ ქართველი ხალხის მტრები – იანოვსკი, ლევიტსკი, მათი აგენტი თადა აშორდია და სხვანი.
აი ეს სკოლა დაამთავრა პეტრემ 1900 წლის გაზაფხულზე.
ამ ოთხგანყოფილებიან კურსდამთავრებულთაგან საუკეთესონი, მასწავლებელთა შერჩევით, ქუთაისში იგზავნებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მათ უეგზამენოთ ქართული სკოლის პირველ კლასში იღებდნენ. ქუთაისის ქართულ სკოლაში მაშინ სახელმოხვეწილი აღმზრდელები მოღვაწეობდნენ: სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, სამსონ ყიფიანი, თომა მთავრიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვანი. 1901 წლის იანვარში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ამ სკოლის ინსპექტორად შეარჩია შესანიშნავი პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისის ქართულმა სააზნაურო სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია მოწაფეთა შორის შეგნებული დისციპლინისა და სწავლების დარგში. მაშინ, როდესაც ყველა სახაზინო სასწავლებელი მასწავლებლებისა დ მოსწავლეების ორ მტრულად განწყობილ ბანაკს წარმოადგენდა, ქართულ სკოლაში მასწავლებლებსა და მოწაფეებს შორის მამაშვილური განწყობილება არსებობდა. მასწავლებლები (და პირველ რიგში ინსპექტორი) დიდ მზრუნველობას იჩენდნენ მოწაფეთა მიმართ, რომელნიც გრძნობდნენ მასწავლებელთა ამ მშობლიურ დამოკიდებულებას.
ასეთ სასკოლო გარემოში მოექცა პეტრე ქავთარაძე. ის ბავშვობის ასაკში ნაკლებად წააგავდა ბავშვს: მეტად დინჯი იყო, აუჩქარებელი, დაკვირვებული. არასოდეს არ მინახავს ის ჩვენი სკოლის ვრცელ ეზოში სხვა ბავშვებივით მორბენალი, ოთურმისა, ქვასალობის და ლახტის მოთამაშე, ან ორძელზე მოვარჯიშე. ყველა გაკვეთილი კლასში მომზადებული მოჰქონდა და ბევრი სახელმძღვანელო წიგნის მოტანა უყვარდა. არა მარტო თანაკლასელები, არამედ მასწავლებლებიც მას მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ყველა საგანს წარმატებით სწავლობდა. რამდენიმე თვე ერთ ბინაში ვცხოვრობდით და ოჯახშიც ისეთივე იყო, როგორც სკოლაში
მაგრამ მიუხედავად სანაქებო ცოდნისა და ყოფაქცევისა, პეტრე ქავთარაძესაც, ისე როგორც ამ სასწავლებლის სხვა კურსდამთავრებულთ, იგივე ბედი მოელოდა, რაც წილად ხვდა იმათ, ვინც ეს სკოლა წინა წლებში დაასრულა, მაგრამ საქმე ჩვენი სასწავლებლის შემყურეთათვის საკეთილოდ დატრიალდა. ქუთაისის მოწინავე ადამიანთა განუწყვეტელი მზრუნველობის შედეგად პეტერბურგში მოხერხდა ქუთაისის ოთხკლასიანი ქართული სააზნაურო უუფლებო სკოლა გადაკეთებულიყო მოწაფეთათვის უფლებიან გიმნაზიად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ოლქიდან გამოგზავნილ დეპუტატის თანადასწრებით ატესტატის მისაღებად რვაკლასდასრულებულები იმავე გიმნაზიაში და იმავე მასწავლებლების მიერ გამოიცდებოდნენ; ეს დიდი გამარჯვება იყო, რასაც ხელი შეუწყო კარზე მომდგარმა 1905 წლის რევოლუციამ პეტრე ქავთარაძემ თავის თანაკლასელებთან ერთად განაგრძო მეხუთე და მომდევნო კლასებში მეცადინეობა.
გიმნაზიის მასწავლებლები, პირველ რიგში კი იოსებ ოცხელი, ზრუნავდნენ გიმნაზიის თვითეულ მოსწავლეზე, ეხმარებოდნენ მათ ყოველგვარად. პეტრე ქავთარაძე მამით ობოლი იყო და ნივთიერად ნაკლებ უზრუნველყოფილი.
ერთხელ ის მძიმედ ავად გახდა; იოსებ ოცხელმა ყოველგვარი საშუალება მიიღო მისი საიმედო მოწაფის განკურნებისათვის. ექიმები, წამლები, სათანადო კვება მისგან პეტრეს არ დაკლებია და დირექტორი ყოველდღე დადიოდა მასთან და ავადმყოფობის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა.
პეტრე ახლაც მოკრძალებით იგონებს ამ ამბავს. ამ მხრით პ. ქავთარაძე გამონაკლისს არ შეადგენდა. 1908 წელს პეტრესა და მის თანაკლასელებს გიმნაზია უნდა დაესრულებინათ. მთელი ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიის ამ პირველ გამოშვებას. ოლქმა დეპუტატად დანიშნა ბათომის გიმნაზიის ინსპექტორი, შავრაზმელი მელნიკოვ-რაზვედენკოვი, რომელმაც წერითი გამოცდების შესრულების შემდეგ მოახსენა მზრუნველს, რომ მოწაფეებს ისტორიასა და ლათინურ ენაში სამინისტროს პროგრამა გავლილი არა აქვთ და მოითხოვა გამოცდების შეწყვეტა. მეფის მოადგილის ბრძანებით გამოცდები აბიტურიენტებს გადაედოთ აგვისტო-სექტემბრისათვის. არ ჩაეთვალათ მათ წერითი გამოცდებიც. პეტრე ქავთარაძე იმ ზაფხულს თავის ოთხ თანაკლასელს გელათის მონასტერში გაჰყვა, სადაც ისინი გამოცდებისათვის ემზადებდნენ. 1908 წლის აგვისტოში სასწავლო ოლქმა დეპუტატად ერევნის გიმნაზიის დირექტორი კოტილევსკი გამოგზავნა და ქუთაისის სახალხო სკოლის დირექტორსაც სემიონოვს დაავალა გამოცდების მსვლელობისათვისაც თვალყური ედევნებინა. გამოცდები სექტემბერში წარმატებით დასრულდა. ორივე დეპუტატი დადებით შეფასებას აძლევდნენ ქუთაისის ქართული გიმნაზიის პირველი გამოშვების მოწაფეებს.
ამ წელს ქართული გიმნაზია დაასრულა 27 აბიტურიენტმა. ესენი იყვნენ: ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა, დარასელია ნიკოლოზ, ერისთავი კონსტანტინე, თვარაძე აკაკი, კავილაძე პავლე, კანდელაკი ალექსი, კიკაჩეიშვილი სისო, კიკნაძე ანდრია, კუჭაიძე ვლადიმერი, კუჭაიძე გრიგოლ, ლომინაძე ვალერიან, მაჭავარიანი იოველ, მხეიძე შალვა, მხეიძე ივანე, ნიჟარაძე ტარასი, ნანეიშვილი კონსტანტინე, პაიჭაძე ივლიანე, სანებლიძე ვლადიმერი, ფაღავა ყარამან, ქავთარაძე პეტრე, ქუთათელაძე გიორგი, ჩიჩუა ვარლამ, ჩხეიძე მიხეილ, ცაგარეიშვილი ალექსი, ცაგარეიშვილი სერგო, ჭუბაბრია გიორგი.
ამათში წარჩინებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ქავთარაძე იყო, რომელიც ოდესის უნივერსიტეტში შევიდა სამკურნალო ფაკულტეტზე.

→ პეტრე ქავთარაძე – Petre Kavtaradze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: