Posted by: burusi | 29/08/2009

გიორგი ქავთარაძე – ბაბუაჩემი პეტრე ქავთარაძე

12-13 წლისა ვიქნებოდი, ახლოვდებოდა 1959 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერა; ერთ დღეს ბაბუაჩემი – პეტრე ქავთარაძე უაღრესად აღელვებული დაბრუნდა შინ. ბებიასთან (ნელი /ნეონილა/, ცნობილი სოხუმელი ბანკირისა და მიწათ- და სახლთმფლობელის, სტეფანე თურქიას ქალიშვილი) მისი ნალაპარაკევიდან გაირკვა, რომ შეხვედრია თავისი ყმაწვილკაცობის დროინდელ და იმჟამადაც დაახლოებულ მეგობარს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ერთ-ერთ ქართველ პროფესორს, რომელიც ასევე სამეგრელოდან იყო წარმომავლობით. მას ბაბუასთვის უკითხავს, აღწერისას რომელი ეროვნების მქონედ ჩაეწერებიო; პეტრე ვერ მიმხვდარა რას ეკითხებოდა და როდესაც მის მეგობარს განუმარტია “ქართველად თუ მეგრელადო”, ბაბუას თავი ვერ შეუკავებია და მისთვის იქვე უთავაზებია. სახლში მოსული ძალიან შფოთავდა და რამდენიმე დღე მოწამლულივით დადიოდა. ეს იყო და ეს – მათ შორის არა თუ მეგობრობა, უბრალო ნაცნობობაც კი საბოლოოდ გაწყდა.

როგორც მოგვიანებით გავიგეთ, 1959 წლის აღწერების მიხედვით მეგრელად მხოლოდ 7 თუ 8 კაცი ჩაწერილა – ზემოხსენებული პროფესორის ოჯახის წევრები.

ბაბუასაგან ხშირად მსმენია, მე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში ვსწავლობდიო; ეს მას აკადემიკოსობაზე და პროფესორობაზე უფრო ეამაყებოდა, ისევე როგორც ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის წლები და იოსებ ოცხელის მოწაფეობა. მე ეს მოხუცებული ადამიანისთვის დამახასიათებელ, წარსულისადმი ნოსტალგიური განწყობილების გამოვლენად მიმაჩნდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე თუ რას ნიშნავდა მისთვის და მასთან თანაშეზრდილთათვის იმდროინდელი სკოლა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას მათი ერისკაცებად ჩამოყალიბებისათვის.

ამავე დროს ძალზე უყვარდა თავისი მშობლიური მხარე, იქაურები; სიკვდილამდე ემადლიერებოდა თავისი სოფლის მეურმეს, რომელსაც ნოსირიდან ფოთამდე ბარგიანად უსასყიდლოდ წაუყვანია, ოდესაში სასწავლოდ გამგზავრებული, და უთქვამს, არაფერი არ მინდა, ეგ ფული უცხოობაში შენ უფრო გამოგადგებაო, ოღონდ კარგი და განათლებული კაცი გამოდიო. ბაბუა მეტად დახვეწილად საუბრობდა მეგრულად. ისეთი მეგრული, ის ინტონაცია, რომლითაც ის და ბებია საუბრობდნენ, მათ მერე აღარ მსმენია – სხვათაგან აღარ გამიგონია. სიკვდილამდე ნატრობდა, იქნებ დედაჩემის (მართა /ფეფინე/ კიზირია) საფლავზე ისეთი მაგნიტოფონის დაყენება შეიძლებოდესო, რომ ყოველი შებინდებისას იქ ის მეგრული “ნანა” ისმოდეს დედა დაძინებისას რომ მიმღეროდაო. სამწუხაროდ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლების საფლავები დაგვეკარგა.

ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში “ნოსირელის”, “ბარდღას”, “ტეხურისპირელისა” და “კოლხიდელის” ფსევდონიმით. სამწუხაროდ მათი ძირითადი ნაწილი ჯერ ისევ მიუკვლეველია. ჩემი მეორე პაპისგან, გიორგი ლეონიძისაგან გამიგონია: “ყმაწვილობისას არა ერთხელ მომიკრავს თვალი კოლხიდელისა და ტეხურისპირელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და ყოველთვის მაინტერესებდა მათი ავტორის ვინაობა, როგორც ჩანს, კახეთიდან მაქსიმალურად დაშორებული ქართული კუთხისადმი მათი კუთვნილების გამო. რა იცოდა, რომ ამ წერილების ავტორი მომავალში მისი მძახალი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და უსაყვარლესი პიროვნება გახდებოდა.

გიორგი ქავთარაძე
23.07.2007

→ პეტრე ქავთარაძე – Petre Kavtaradze


დატოვე კომენტარი

კატეგორიები