Posted by: burusi | 29/08/2009

ი. მიქაძე, ვ. გაგუა – ძველი სენაკის საშუალო სკოლა

რევოლუციამდელ ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: 1874 წელს დაარსებული სამინისტრო სკოლა და 1884 წელს დაარსებული სათავადაზნაურო სკოლა. 1964 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა სათავადაზნაურო სკოლის დაარსების 80 წელი. სკოლის ეზოში და შემდეგ სოფლის კლუბში შეიკრიბნენ ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რაიონის ხელმძღვანელები, რესპუბლიკის პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები, სტუმართა შორის იყვნენ სკოლის აღზრდილები: კ. გამსახურდია, ვ. თოფურია, ა. ჩიქობავა, პ. ქავთარაძე, ი. ბჟალავა, ვ. ნორაკიძე და სხვ., რომლებმაც ტკბილად მოიგონეს სკოლაში გატარებული წლები.

ყოველი სკოლის ღირსება პირველ რიგში აღზრილთა შემადგენლობით განისაზღვრება. სკოლის ავკარგიანობა ფასდება მის კურსდამთავრებულთა მიერ მეცნიერებაში, მწერლობაში, სახალხო მეურნეობაში შეტანილი წვლილით. ამ მხრივ ძველი სენაკის სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ჩვენს რესპუბლიკაში. ამ სკოლიდან გამოვიდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიცაა: კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, პეტრე ქავთარაძე და სხვანი.

ძველი სენაკის სკოლა რუსული სკოლა იყო. იმ დროს სამეგრელოში არც ერთი ქართული სასწავლებელი არ არსებობდა. საჭიროება კი დიდი იყო. იგი ქართული კულტურის პროპაგანტისტი უნდა გამხდარიყო სამეგრელოში. სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როცა გადაწყვიტა და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან მიიღო ნებართვა ძველ სენაკში გაეხსნა მესამე თანრიგის სასწავლებელი [კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ცირკულიარი, 1884 წ, # 10, გვ. 483.]. გადაწყდა ქუთაისის სააზნაურო სკოლის ერთი მოსამზადებელი განყოფილება გადაეტანათ ძველ სენაკში, დაემატებინათ მეორე და ჯერ ორგანყოფილებიანი, ხოლო შემდეგ ოთხგანყოფილებიანი დაწყებითი სკოლა გაეხსნათ. ეს საკითხი პრაქტიკულად 1884 წელს გადაწყდა. ამიერიდან ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: სამინისტროსი – რუსულ ენაზე და “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” – ქართულ ენაზე.
ეს სკოლა 1884 წლის 28 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ ზეიმს ძველი სენაკისა და მის ახლო-მახლო სოფლების ბევრი მცხოვრები დაესწრო. 1885 წელს ძველი სენაკის სააზნაურო სკოლის ახალი შენობა საზეიმოდ აკურთხეს.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა. “ვალდებულნი ვართ შევისწავლოთ ჩვენი წარსული, – თქვა აკაკიმ, – გავიცნოთ ჩვენი მამა-პაპანი და მათი ღვაწლი, არავითარი გონიერება ამას წინ არ აღუდგება!… ის ვინც თავისი ვინაობა არ იცის და თავის თავს ვერ იცნობს, სხვას როგორ-ღა შეისწავლის?… საჭიროა, რომ მარტო აწმყოზე არ შევჩერდეთ. ეა აგვამაღლებს ჩვენ ზნეობრივად, აგვევსება გული სიმართლითა და სიყვარულით… მაშინ შეგვეძლება ის სიყვარული სხვასაც გავუზიაროთ: ვინც გვეძმობა – ვეძმოთ.
სად უნდა შევიძინოთ ესეები ყველა? იმ ახალ ტაძარში, რომელსაც ჩვენ სასწავლებლებს ვეძახით და ერთი რომელთაგანი დღეს აქ ვაკურთხეთ. დიაღ, აქ უნდა შეისწავლონ ჩვენმა შვილებმა თავისი თავი და მიხვდნენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი, ძმები ვართ, სამის ძლიერის, უხრწნელის კავშირით საუკუნოდ შეხორცებული. ვიმეორებთ, აქ, ამ სკოლაში მიხვდება იმერელი, რომ ის კერძოდ, თუმცა იმერელია, მაგრამ საზოგადოდ კი იგივე ქართველია; აქ გაიგებს მეგრელი, რომ კერძოდ ის მეგრელია, თავის საკუთარი ფერის მექონი, მაგრამ საზოგადოდ კი, ძირეულად, იგივე ქართველია და თავისი კერძო მეგრელობით მხოლოდ აფერადებს ქართველობას” [ა. წერეთელი, თხზულებანი, ტ. XII, გვ. 274-275.].
მოგვიანებით შალვა დადიანი სკოლის გახსნის შესახეაბ წერდა: “…მაშინ ასეთი სკოლის დაარსება საქართველოში დიდ ეროვნულ გამოფხიზლებას უდრიდა და აკი ცოტაოდნად თავმოღერილ მეგრელს ესმოდა მნიშვნელობა ამ გარემოებისა, თავი მოსწონდა და საზოგადოებაში ტრაბახობდა კიდეც” [შალვა დადიანი, თხზულებანი, ტ.V, გვ. 48.]. [გვ. 13:]
ძველი სენაკის ქართულ სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობა თანდათან უმჯობესდებოდა, მოსწავლეთა რიცხვი იზრდებოდა, სკოლა უფრო მეტ ავტორიტეტს იმსახურებდა. მაგრამ მალე ძველ სენაკში ქართული სკოლის არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
მთავრობის მოხელეები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სკოლებში ქართულად სწავლებისათვის. კერძოდ, ერთ-ერთ ხელჩასაკიდ ფაქტორად მათ მიიჩნიეს ის რომ, დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილში მცხოვრები ქართველები ადგილობრივ, მეგრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. საქართველოს დანაწევრება, მისი სხვადასხვა კუთხეების ერთმანეთისათვის დაპირისპირება, ცხადია, წყალს დაასხამდა ცარიზმის წისქვილს. ამიტომ ოთხმოციან წლებში კავკასიის სასწავლო ოლქის მოხელეები აშკარად გამოდიოდნენ მეგრული ანბანის შემოღებისა და სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების მოთხოვნით. ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორი ფ. ლევიტინსკი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა იმის გამო, რომ სწავლის საქმე ცუდად იყო დაყენებული სამეგრელოში. “მეგრელების რიცხვი მცირეა საქალაქო და სასულიერო სასწავლებლებში, – წერდა იგი – კიდევ უფრო მცირე – სამასწავლებლო სემინარიებში, ინსტიტუტებსა და გიმნაზიებში; სასოფლო სკოლებისათვის მეგრელ მასწავლებლები არსად მოიძებნებიან; საქალაქო და ნორმალური სასწავლებლებისათვის მეგრელი მასწავლებლების არსებობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იშვიათად, ან თითქმის ვერ შეხვდებით მეგრელებს ადმისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში”. ლევიტსკი ამას იმით ხსნიდა, რომ მეგრელები მათთვის უცხო ქართულ ენაზე სწავლობდნენ და არა მეგრულზეო. ეს აზრი ოფიციალურად დაადასტურა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ, რომელიც პეტერბურგიდან სპეციალურად მოწვეულ ენათმეცნიერ ალ. გრენს სწერდა: “სასწავლო უწყების მიზანია… მეგრელ ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა სამეგრელოს სკოლებში განათლება მიიღოს მეგრულ ენაზე, რომელიც მათთვის სრულიად უცხოა”[სსცა, ფ. 422, საქმე # 1745, ფ. 32.].
ალ. გრენის პეტერბურგიდან მოწვევას წინ უძღოდა იანოვსკის მიმოწერა განათლების მინისტრთან. 1886 წლის 18 თებერვალს გაგზავნილ მოხსენებით ბარათში ის კერძოდ წერს: “აქაურ ხალხებს, რომელნიც გამსწვალულნი არიან განათლებისაკენ მისწრაფებით… ეკუთვნიან მეგრელები, რომლებიც მეგრულ ენაზე ლაპარაკობენ, მეგრული ენა სრულიად განსხვავდება ქართული ენისაგან და სრულიად გაუგებარია ქართველებისათვის ისე, როგორც ქართული გაუგებარია მეგრელებისათვის… სწავლება შეიძლება დაწყებულ იქნეს მეგრული წერა-კითხვით და არა ქართულით, რაც ადგილობრივ მეგრულ სკოლებში მიღებული იყო რუსული ენის შესწავლის საზიანოდ… მე აუცილებლად ვთვლი ამ ენისათვის შედგენილ იქნეს საკუთარი ანბანი… მეგრული ანბანი ჩემი ღრმა რწმენით რუსულ ალფაბეტზე უნდა იქნეს დაფუძნებული იმ საჭირო ცვლილებებით, რომელიც გამოწვეულ იქნება რუსულ გამოთქმაში არარსებული რამდენიმე ბგერით [სსცა, ფ. 422, საქმე # 1746, ფ. 12.]”. ამ წერილს პასუხად ალ. გრენის საქართველოში ჩამოსვლა მოჰყვა. ალექსი ნიკოლოზის ძე გრენი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თანამშრომელი იყო და იცოდა ქართველური ენები. გრენმა “ენერგიულად” მოკიდა ქართული ენის საზიანო საქმეს ხელი და ერთი თვის განმავლობაში შეადგინა “მეგრული ანბანი”.
მაგრამ ალ. გრენს მეტოქე გაუჩნდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის თადა აშორდიას სახით, რომელმაც თავის მხრივ შეადგინა “დედა ნინა” (მეგრული ანბანი). გრენის ანბანი რუსული ასოებისაგან შედგებოდა, მაგრამ ცხრამეტ ასოს ხაზზევითა და ხაზქვევითა ნიშნები ჰქონდა. აშორდიას ანბანიც რუსული ასოებისაგან შედგებოდა, მაგრამ რამდენიმე ქართული ასო ერია, გარდა ამისა, მხოლოდ ორ ასოს ჰქონდა ხაზქვევითა ნიშანი.
ორი ანბანის ერთდროულად დაბადებამ მათს ავტორებს შორის მტრობა ჩამოაგდო. მტრობა პირად საფუძველზე იყო აგებული; ორივე ცდილობდა თავისი ანბანი გავრცელებულიყო და უარეყო მეორე. განათლების მოხელეები ცდილობდნენ აშორდია და გრენი შეერიგებინათ და ორივეს საერთო ანბანი შეექმნა. მაგრამ აშორდია პოზიციას არ თმობდა და მათ შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. უპირატესობა გრენის ანბანს მიეცა და პეტერბურგში მისი დაკვეთით სასწრაფოდ ჩამოასხეს იგი. ამ ანბანით მუშაობის პრაქტიკულ დაწყებას ხელს უშლიდა მეგრული სახელმძღვანელოების, საკითხავი ტექსტებისა და ლიტერატურის უქონლობა. ამიტომ მასწავლებლებს ევალებოდათ რუსული ასოებით სახელდახელოდ შეედგინათ მეგრული ტექსტები და გამოეყენებინათ ისინი. მაგრამ ბევრ სკოლაში ესეც ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ სამეგრელოს სკოლებში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ვერ ფლობდა მეგრულს. საბოლოოდ საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ქართული ენა იდევნებოდა და მის ადგილს თანდათანობით რუსული ენა იკავებდა. სწორედ ეს იყო განათლების მოხელეთა წინასწარ ჩაფიქრებული მიზანი.
მაგრამ ქართული ენის სრული განდევნა სამეგრელოს სკოლებიდან მაინც ვერ ხერხდებოდა საღვთო სჯულის სწავლების გამო. მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა მეგრულ ენაზე ლოცვების გადათარგმნის ცდა [გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ლოცვები ითარგმნა მეგრულ ენაზე, მაგრამ სამეგრელოს სამღვდელოებამ და საზოგადოებამ არ მიიღო იგი. ამ მიზნით გამოყოფილმა კომისიამ (ნიკო დადიანის თავმჯდომარეობით) უარყო ლოცვები და ლოცვის ქართულ ენაზე წარმართვა მოითხოვა. ამის შესახებ იხ. “ივერია”, 1889, # 89], საღვთო სჯულის სწავლების ენად კვლავ ქართული ენა დარჩა.
იანოვსკი და ლევიტინსკი ყოველმხრივ ავიწროებდნენ ქართულ ენას სამეგრელოს სკოლებში და აძალებდნენ არამეგრელ მასწავლებლებს შეესწავლათ მეგრული და ოფიციალური ლიტერატურის შექმნამდე ბავშვებისათვის შეედგინათ მეგრული ტექსტები. დაიწყო მეგრელი მასწავლებლების გადაყვანა სამეგრელოს სკოლებში იმ მასწავლებლების ადგილზე, რომლებიც მეგრული ენის უცოდინრობის გამო იგზავნებოდნენ გურიაში, იმერეთში და სხვაგან.
1885 წელს ლევიტინსკი სამეგრელოს სკოლებს უგზავნის კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის 1885 წ. 11 იანვრის ცირკულარს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1881 წლის 13 იანვრის გეგმის თანახმად, სწავლება უნდა იწყებოდეს მშობლიურ ენაზე (მეგრელთათვის – მეგრულზე), მაშინ, როდესაც სამეგრელოს სკოლებში სწავლა იწყება ქართულ ენაზე, რომელიც ბავშვებისათვის სრულიად გაუგებარია, აგრეთვე რუსული ენა ისწავლება ქართულის და არა მეგრულის მეშვეობით. მეგრელი ბავშვები ერთდროულად ორ ახალ ენას სწავლობენ (ქართულსა და რუსულს), რის გამოც ვერც ერთს რიგიანად ვერ ითვისებენო. ცირკულარის დასასრულს ლევიტსკი მკაცრად მოითხოვს “რუსული ენის სწავლება აუცილებლად უნდა იწყებოდეს მეგრული ენის სწავლების შემდეგ თანახმად 1881 წლის გეგმისა და ისწავლებოდეს მეგრული ენის მეშვეობით”. მეგრული ანბანის შედგენამდე მეგრული სიტყვები რუსული ასოებით უნდა ესწავლებინათ. თუ როგორ უნდა ესწავლებინათ მეგრული ენა რუსული ასოებით, ამის შესახებ იანოვსკი იძლევა შემდეგ განმარტებას: “მეგრული სკოლის მასწავლებლები სწავლების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ პირველ განყოფილებაში მოვალენი არიან მოსწავლეები შეაჩვიონ მეგრული სიტყვების ბგერებად დაშლას და ბგერების შეერთებას სიტყვებად, და შემდეგ, როცა მოსწავლეები საკმაოდ გავარჯიშდებიან, მასწავლებელმა უნდა დაიწყოს ბგერების გამოხატვისა და მეგრული ასოების შესწავლა, რისთვისაც უნდა იხმაროს რუსული ალფავიტი, …ხოლო არითმეტიკის სწავლება ამ პერიოდში უნდა სწარმოებდეს მშობლიურ (მეგრულ) ენაზე [ტრ. ხუნდაძე, ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოში, თბილისი, 1939, გვ. 99-100.]”
ფ. ლევიტინსკი ზემოაღნიშნულ მოთხოვნას პროტესტით შეხვდნენ ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მთელი სოფლის მოსახლეობა. სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა გაუგზავნა საპასუხო წერილი, სადაც ასაბუთებდა ქართულ ენაზე სწავლების აუცილებლობას. ს. ყიფიანმა ამ მიმოწერის შინაარსი გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომელმაც ეს საკითხი 1886 წლის 14 ნოემბერს სპეციალურად განიხილა. საზოგადოების თავმჯდომარეს ილია ჭავჭავაძეს ოქმში თავისი ხელით ჩაუწერია: “გამგეობამ განიხილა რა მიწერ-მოწერა სენაკის სკოლის ინსპექტორისა, დაინახა, რომ ინსპექტორის პასუხი დაფუძნებულია კანონით მონიჭებულ უფლებაზედ და თვით სკოლა, ვითარცა განყოფილება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისა, არსებობს და მოქმედებს ამ კანონიერი უფლების მიხედვით, ამიტომაც გამგეობამ დაადგინა: მიეწეროს ინსპექტორს ამ კანონიერი საფუძვლიდან არ გადავიდეს, ყოველივე შემდეგი მიწერ-მოწერა დირექტორის მიმართ ამ კანონიერ საფუძველზედ დაამყაროს და როცა დირექცია საჭიროდ დაინახავს პირდაპირ გამგეობას გამოელაპარაკოს ამ საგანზედ, მაშინ თვითონ გამგეობა ვალდებული იქნება წარუდგინოს დირექციას თავისი კანონიერი საბუთები” [სსცა, ფ. 481, საქმე # 66, ფურც. 128.].
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამაც თავის მხრივ მიიღო საჭირო ზომები. ამის შესახებ ი. გოგებაშვილი წერს: “თანახმად მმართველობის მინდობილობისა, მე შევადგინე პასუხი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის წინააღმდეგ შესახებ იმისა, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში სწავლება მოეწყოს მეგრულს ენაზედ, ნაცვლად ქართულისა. პასუხი ესე მე წავუკითხე ბატონ თავმჯდომარეს ჩვენი მმართველობისას თავადს ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც სცნო იგი კანონიერად და შესაბამისად” [თხზ., ტ. 9, გვ. 220.].
1887 წელს ლევიტსკი უგზავნის ს. ყიფიანს ა. გრენის მიერ შედგენილ მეგრულ ანბანს და ავალებს გაეცნოს მას. ეს წერილი განიხილა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ და დაადგინა: “მიღებულ იქმნან სკოლაში მხოლოდ ის მეგრელი-ყმაწვილები, რომელთაც ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა იციან; შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ ისინიც, რომელთაც ქართული ენა არ იციან, თუ დედ-მამა ამ ყმაწვილების თანახმა იქმნებიან, რომ სწავლებ სკოლაში ქართულ ენაზე დააწყებინონ” [სსცა, ფ. 481, საქმე # 66, ფურც. 194.].
ლევიტინსკის წერილთან დაკავშირებით სამსონ ყიფიანმა სამსახურიდან გადადგომა თხოვა საზოგადოების გამგეობას, მაგრამ ძველი სენაკის მოსახლეობამ თავად მხეიძის პირით გამგეობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა. პირადად ილია ჭავჭავაძის თხოვნით ს. ყიფიანი დარჩა ძველ სენაკში.
ძველი სენაკის სააზნაურო სკოლამ პოზიციები არ დათმო, მაგრამ მეორე (სამინისტროს) სკოლაში სწავლება, ისევე როგორც სამეგრელოს სხვა სკოლებში, მეგრულ ენაზე შემოიღეს.
მეგრულ ენაზე სწავლების დამკვიდრებას კმაყოფილებით ხვდებოდნენ კავკასიის სასწავლო ოლქის მესვეურები. ქუთაისიდან სასურველი ცნობები მოდიოდა. 1887 წლის მარტში ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ნ. პერევოზნიკოვმა შეამოწმა ზუგდიდის მაზრის სკოლები და მოხსენებით ბარათში მაღალი შეფასება მისცა ქართული ენის განდევნის შემდგომ პერიოდში სკოლების მუშაობას: “სასწავლო საგნებს ბავშვები შეგნებულად ითვისებენ იმიტომ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლების ენის შესახებ მისი აღმატებულების კავკასიის ოლქის მზრუნველის ცირკულარის შემდეგ საკლასო ახსნა მიმდინარეობს მეგრულ და უფროს კლასებში რუსულ ენაზე და არა ქართულ ენაზე” [სსცა, ფ. 422, საქმე # 2093.].
სამეგრელოს მასწავლებლობა და მთელი ქართული ინტელიგენცია აღაშფოთა განათლების რუსიფიკატორ მოხელეთა ამ ნაბიჯმა. სამეგრელოში ხუთიოდე კაცი ძლივს გამოძებნა, რომელნიც აშორდია-გრენის ანბანს მხარს უჭერდნენ. გრენთან პირველად თანამშრომლობდა ზუგდიდის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებელი გაბისონია, რომელიც მალე ჩამოსცილდა მას. ასევე მიატოვა მასთან თანამშრომლობა მასწავლებელმა დავითაიამაც. დამხმარეთა ჩამოშორობა გრენმა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხრიკებით ახსნა. 1886 წელს ალ. გრენი სწერს მზრუნველს: “აქ ცხოვრობს ქართული პარტიის ერთი ქართველი ლიტერატორი ბ. მეუნარგია; ჩამოვიდა ის ერთი თვის წინათ თავის სოფელში… თუ რა მიზნითაა ის იქ ჩამოსული, ნათელია იმით, რომ ადრე ის თბილისში ცხოვრობდა”, ახლა კი უეცრად სამეგრელოში გაჩნდა და თბილისშიც კი იმგზავრა თავად ჭავჭავაძესთან რაღაც განსაკუთრებული მიზნით”. მეორე წერილში გრენი ჩივის იმის გამო, რომ მას ხელს არ უწყობენ ადგილობრივი მცხოვრებნი და შეურაცხყოფენ კიდეც. ამის მიზეზად კვლავ ქართველი საზოგადო მოღვაწეების ძირგამომთხრელ საქმიანობას მიიჩნევს.
სამეგრელოს ბევრ სკოლაში ქართული ენა ფარულად ისწავლებოდა. გიორგი ბოკერიას მოგონებით: “ვლადიმერ გაგუასა და ერმილე შარაშიძის გამბედაობითა და მეოხებით მათ სკოლებში სამეგრელოში ყველგან ისწავლებოდა ქართული ენა. ყველა მოსწავლეთა ბოხჩებში ნახავდით “დედა-ენას” და “ბუნების კარს” [ჟურნ. “განათლების მუშაკი”, 1928, # 12.]. ამასვე ადასტურებს თვით ერმილე შარაშიძე: “იანოვსკის მიერ სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის მიუხედავად, თანახმად ხალხის სიყვარულისა, ყველა ვარგისი მასწავლებელი განაგრძობდა ქართულის სწავლებას, მხოლოდ არა აშკარად” [ტ. ხუნდაძე, ცარიზმის საგამანათლებლო პოლიტიკა საქართველოში, 1939, გვ. 113.].”
როგორც ვთქვით, ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლები და სამეგრელოს ინტელიგენცია ამ ბრძოლაში მარტონი არ იყვნენ. ისინი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ყოველდღიურ მხარდაჭერას გრძნობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ამ საკითხს რამდენიმე წერილით გამოეხმაურა, ერთ-ერთ წერილში იგი წერდა:
“გამოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდან დედა-ენა უნდა იქმნას გამორიცხული, რადგან იქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო.
რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, განხორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსა… იმ მხარეებს რომელთაც მოწყვეტას უპირებენ, ისინი იმავე სიკეთეს მოიმკიან, რა სიკეთეც მოელის ტოტებსა ხითგან მოჭრილებსა: დაჭკნობა და გახმობა აუცილებელი შედეგია მათი მოწყვეტისა საერთო ნიადაგიდან … დიაღ, განცალკევება ასუსტებს ეროვნულს სულსაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც ღუპავს სრულიად.
აი, რისთვის არის უკიდურესად საჭირო, რომ ბოროტს წადილს მედგრად წინ აღუდგნენ მეგრელნიც, სვანნიც და ყველა ქართველებიც” [ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 321-322.].
ი. გოგებაშვილი სიტყვით, კალმითა და საქმით სიცოცხლის ბოლო დღემდე ი. ჭავჭავაძესთან და სხვა ქართველ სამოციანელებთან ერთად რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მესვეური იყო და მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია მთელ ქართველ ერს და კერძოდ, მეგრელ ახალგაზრდობას. დიდმა ქართველმა პედაგოგმა კარგად იცოდა მეგრელების გვერდზე გადგომა საზიანო იქნებოდა პირველ რიგში თვით მათთვის, შემდეგ კი მთელი ქართველი ხალხისათვის. 1903 წელს ი. გოგებაშვილი წერდა:
“სამეგრელოს დაწყებითი სკოლებიდან იდევნება ქართული ენა და სემოაქვთ მეგრული საანბანო წიგნი, რომელშიც ქართული ანბანის ნაცვლად იხმარება ახლად შეთხზული ანბანი.
ისინი, ვინც ამ ცვლილების მომხრენი არიან, საგნის ცუდ ცოდნას და სათანადო წინდახედულების უქონლობას იჩენენ, რადგან ეს ღონისძიება მეგრელთა ტომის მთელს ისტორიას, მის სანუკვარ სურვილებსა და საარსებო ინტერესებს ეწინააღმდეგება და, ამდენად, მისი განხორციელება და საბოლოოდ განმტკიცება ყოვლად შეუძლებელი იქნება” [ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 437.].
დიდი ქართველი პედაგოგი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა სამეგრელოს მცხოვრებთ, რომელთა ნიჭიერ ახალგაზრდობას მან არა ერთი და ორი გულთბილი სიტყვა უძღვნა.
”ასე თუ ისე განათლებული მეგრელები, – წერდა იგი, – ყოველთვის შესანიშნავად ფლობდნენ ქართულს სალიტერატურო ენას, ამ მხრივ კიდევაც სჯობნიდნენ სხვა ქართველ ტომთა წარმომადგენლებს და უაღრესად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული პოეზიის, მხატვრული პროზისა და მეცნიერების გამდიდრებაში. ასე, რომ საბოლოო ჯამში, მათ ქართული ლიტერატურის საუნჯეს შეჰმატეს არა ნაკლები გონებრივი კაპიტალი, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე სხვა ქართველმა ტომმა. ძველი საქართველოს აყვავების ხანაში, დავით აღმაშენებლისა და თამარი მეფის დროს ქართული განათლების საქმის ინციატივა და ხელმძღვანელობა მთელ საქართველოში სამეგრელოდან მოდიოდა, რადგან სამეგრელოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება განუყრელად დაკავშირებული იყო საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოვალეობასთან” [ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 438.].
ლუარსაბ ლოლუამ 1903 წელს გამოსცა წიგნი: “სამეგრელოს საერო სკოლები”, რომელშიც წერდა: “ცოდვა არ არის ავყაროთ მეგრელებს დაბეჩავებულის ცხოვრების გასაუმჯობესებელი საუკეთესო იარაღი, როგორც ამას ჩადიან ზოგიერთი არამკითხე ჩვენი ხალხის უცნობი ვაჟბატონები?… ვკითხოთ ამ მოღვაწეთ, რა სამართალია, რომ წაერთვას ნამდვილი მათი დედა-ენა ქართული, რომელთანაც იგინი ისე მჭიდროდ არიან შეკავშირებულნი, არა მარტო ნათესაობით, არამედ თოთხმეტის საუკუნის ღვთის მსახურებით და ორი ათასი წლის ისტორიულ-კულტურული ცხოვრებით… ქართული მწიგნობრობა მეგრელთათვის საკუთარი რომ არ ყოფილიყო, მეგრულ მწიგნობრობას თვით მეგრელები შეიქმნიდნენ, შეიქმნიდნენ მრავალი საუკუნით ადრე… როგორ უნდა იცხოვროს და იმოქმედოს მეგრელმა გარეშე გურიისა, იმერეთისა, ქართლისა და კახეთისა? რა ფასი უნდა ჰქონდეს ამ ადგილებში, თუ ქართული ენა და წერა-კითხვა არ ეცოდინება? ნუ თუ ეს ლუკმა პურის წართმევას არ ნიშნავს”.
ამ წიგნს აღფრთოვანებული რეცენზია უძღვნა ი. გოგებაშვილმა. “დიაღ, ჩინებულად ამბობს ავტორი, – წერდა იაკობი, – და დარწმუნებული ვართ კარგსა და გულ-მხურვალე გამგონელს იპოვის ყოველს შეგნებულს ქართველებში და მეტადრე მეგრელთა შორის, რომელთა რიცხვს ეკუთვნის იგი, როგორც განათლებული და ნიჭიერი შვილი სამეგრელოისა” [ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 3, გვ. 482.].
ქართველი ინტელიგენციის ბრძოლამ თავისი გაიტანა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა სკოლაში, მათ შორის ძველი სენაკის სკოლაშიც, სწავლების ენად ქართული დარჩა. აღსანიშნავია ის, რომ, როცა ქართველი პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგობა დაუძლეველი აღმოჩნდა, კავკასიის სასწავლო ოლქისა და ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციამ უკან დაიხიეს და საზოგადოების თვალში ეს მარცხი ხალხის ნებისადმი ვითომ ანგარიშის გაწევით გაამართლეს. იგივე ფ. ლევიტსკი მოხსენებით ბარათში კ. იანოვსკის სწერდა: ”არის მრავალი მეგრელი აზნაური, რომელიც თავს ქართველად თვლის და სურს, რომ მისი ბავშვები სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ. ნაცნობი მეგრელებისა და ძველი სენაკის ბავშვთა გამოკითხვიდან მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელოს თითქმის ყველა აზნაური კითხულობს და წერს ქართულად და ბევრი დედა ასწავლის თავის ბავშვს ქართულ ენას სკოლაში მისვლამდის. ამ ფაქტების გამო და აგრეთვე ყურადსაღებად იმისა, რომ სამეგრელოს თავადაზნაურობამ, რომელიც ინახავს ამ სკოლას, თავისი წარმომადგენლების პირით განაცხადა, რომ ის ქართულ ენას თვლის თავის მშობლიურ ენად და შუამდგომლობაც აღძრეს სამასწავლებლო უწყების წინაშე, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში სწავლება წინანდებურად ქართულ ენაზე მიმდინარეობდესო, მე შესაძლებლად და დასაშვებად ვთვლი, რომ ქართული ენა დატოვებულ იქნას ამ სკოლაში სწავლების ენად” [იხ. ტრ. ხუნდაძე, ი. მიქაძე, ძველი სენაკის სკოლა, ჟურნ. “სკოლა და ცხოვრება”, 1965, # 2, გვ. 76.].
ასე რომ, ძველი სენაკის სააზნაურო სკოლა კვლავ ქართულ სკოლად რჩებოდა.

წიგნიდან: ი. მიქაძე, ვ. გაგუა. ძველი სენაკის საშუალო სკოლა (დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად). ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.

→ სამეგრელო – SAMEGRELO


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: