Posted by: burusi | 21/08/2009

მიხო მოსულიშვილი – “თითჭიდი ფუნიკულიორზე” (ჯონ სტეინბეკი და რობერტ კაპა)

“ქართველთა წინაპრები ევფრატის ველებზე სახლობდნენ მაშინ, როცა ბაბილონი ჯერ კიდევ ქალაქი არ იყო. მათ შუმერების შთამომავლებად თვლიან…”

ჯონ სტეინბეკი, “რუსული დღიური”, 1947 წელი

თბილისში ყოფნის ბოლო დღეა და გადაღლილობის მიუხედავად, ფუნიკულიორზე, დიდ რესტორანში არიან მიპატიჟებული მწერალი ჯონ სტეინბეკი და ფოტოგრაფი რობერტ კაპა.

აქედან მთელი მტკვრის ხეობაზე, რომელიც ნიუ-მეხიკოს ხეობას აგონებდა, მშვენიერი ხედი იშლება და შებინდებულზე იქ ასვლისას სტეინბეკმა დაიმახსოვრა ლამპიონების შუქით გაბრწყინებული ქალაქი და ისიც, კავკასიონის შავი მწვერვალების ფონზე საღამოს ცას როგორ დასდებოდა ოქროსფერი.

ამათთან შესახვედრად ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, კინორეჟისორები, პოეტები და მწერლები უსხედან ყვავილებით მორთულ სუფრას, ხოლო რესტორნის ვერანდიდან ბრილიანტივით აბრჭყვიალებული ქალაქი მოჩანს.

1947 წელია, კომუნისტური დიქტატურის ზეობის ხანა, და ვახშამიც ოფიციალური მიმართვებით იწყება, მაგრამ აქ ხომ სტეინბეკთან გვაქვს საქმე, დიდი ალღოს მქონე მწერალთან და იქვე შეატყობს, – “მაგრამ აშკარად იგრძნობოდა, რომ ქართულ ხასიათს და ტემპერამენტს ამის ატანა უჭირდა”.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს სიტყვები ახდა.

არ გაუვლია დიდ დროს და ჯერ ხომ სიმღერები დაიწყო, ცოტა კიდევ რომ შეიმატეს ზარხოში, გახალისდნენ და გაახალისეს ყველა, იმ კარგ სიმღერებს ისეთი უკეთესი ცეკვები მოაყოლეს, სულ ცეცხლის ნაპერწკლებით აივსო იქაურობა. რაის კომუნიზმი და რომელი დიქტატურა, მდინარესავით წამოსული ღვინიდანაც ვარსკვლავებივით მოხტუნაობდნენ ჩინჩხლები – ისინი ხომ თავისას ცეკვავდნენ და ცაშიც ღვინის ჩიჩნჩხლებივით აცეკვდნენ ვარსკვლავები.

ჰოდა, მათი მეზობელი ქართველი კომპოზიტორი წამოდგა, ჭიქა ასწია, გაიცინა და გასაგები ინგლისურით შესძახა:

ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველანაირ პოლიტიკასო!

იქვე, სკამზე გადაჰკიდა რობერტ კაპამ თავისი სამივე “სტეინბეკი” (“სტეინბეკებს” თავის კამერებს ეძახდა), მეოთხე, ნამდვილი სტეინბეკი ხომ იქვე ეჯდა და თვალებში ეშმაკური და ხალისიანი ნაპერწკლები იმასაც უცეკვავდა, ჰოდა, გადახტა და მართალია, მოხდენილად ვერა, მაგრამ მაინც იცეკვა ის თავისი “კაზაჩოკი”…

მეც უნდა ვიცეკვო “ქართული” აგერ, იმ ლამაზ ქალბატონთანო, – თავი გამოიდო სტეინბეკმა, მაგრამ ვიღაც სხვა ჩაუქმა დაასწრო, – გაიწვია ის ქალი და ისეთი ცეცხლი დაანთეს სუფრის მახლობლად, გაოცებული დატოვეს კაპა.

ამ ქალთან შენ როგორ უნდა გეცეკვაო, – კომპოზიტორის გასაგონად სტეინბეკს დაეკითხა ფოტოგრაფი, – ეგ ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოცეკვავეა და შენ კიდევ, ამ ორი თვის წინ არ იყო, რომ ფანჯრიდან იშვირე ფეხი და აკი მოიტეხე კიდეცო.

ამ ჩვენს სახელგანთქმულ რობერტ კაპას ბევრი საინტერესო თვისება აქვსო, – კომპოზიტორს უხსნიდა მწერალი, – სანთებელას კი იყიდის, მაგრამ, როგორც კი აღარ აენთება, ხელს აღარ მოჰკიდებსო. ასევე ექცევა ავტოკალამს. აი, ფანქრით კი მანამ წერს, სანამ გრაფიტის წვერი არ დაელევა, მერე ისევ ახლის საყიდლად გარბისო. მოკლედ, სანთებელაში კაჟს მე ვუდებ, საწვავს მე ვუსხამ, ამის ფანქრებს წვერებს მე ვუთლი, ავტოკალამში მელანს მე ვუსხამ. არ ვიცი, რა ეშველებოდა, მე რომ არა ვყავდეო.

ეჰო, – დაიდარდებდა კაპა ამ ინგლისურის მცოდნე მეზობლის გასაგონად, – მე ბედკრული ადამიანი ვარო. ამ ათიოდე წლის წინათ, როცა თავის რჩენა ფოტოგადაღებებით დავიწყე და ესპანეთში იმ ადამიანებს ვიღებდი, რომლებსაც პატარა, სვასტიკიანი თვითმფრინავებით ბომბავდნენ, ცაში პატარა, ვარსკვლავებიანი თვითმფრინავებიც შევნიშნე, რომლებიც სვასტიკიანებს ებრძოდნენ. გადავწყვიტე, იქ წავსულიყავი, საიდანაც ეს ვარსკვლავიანი თვითმფრინავები იყვნენ მოფრენილი. საბჭოთა კავშირში ჩამოსვლას ვესწრაფოდი ფოტოების გადასაღებად და შემქონდა და შემქონდა თხოვნები სადაც ჯერ არს, რომ ჩამოვეშვით აქა, მაგრამ უიღბლო გამოვდექიო. ჰოდა, ამ მოუსვენარი და უყისმათო კაცის მხარდაჭერის სურვილი კარგი რეპუტაციის, ძლიერი გზნებისა და მსუბუქი თანაგრძნობის იმ ადამიანმა გამოიჩინა, რომელსაც ჯონ სტეინბეკი ჰქვია და აგერ, ჩემ გვერდით წამოსკუპებულაო. ამან რუსებს თავიდანვე აგრძნობინა, რომ მსოფლიო პროლეტარიატის ბურჯად მაგისი მიჩნევა გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, რადგან თავს კალიფორნიული, დასავლური დეკადენტიზმის წარმომადგენლად მიიჩნევს, რომლის იქით დასავლეთი აღარც კი შეიძლება არსებობდესო.

მაინც რა უთხრა რუსებსო, – დაინტერესდება ინგლისურის მცოდნე.

ჯონმაო? – ეღიმება კაპას, – რუსებს უთხრა, მე მტკიცედ გადავწყვიტე სიმართლის დაწერაო! რომ ჰკითხეს, რომელ სიმართლეზე ბრძანებთო, ამან მიუგო, – მე რა ვიციო… და რუსებისთვის ამ დიდად იმედისმიმცემი ლაპარაკის მერე გადახტა ფანჯრიდან და ფეხიც მოიტეხაო… და ამ ჩემს კამერებსაც ხომ “სტეინბეკებს” მაგიტომ ვეძახიო…

კამერები რაღატომო? – დაინტერესდება თანამეინახე.

იმიტომო, რომ რაც აქ ჩამოვედით, მთელი ეს ას ოთხმოცდაათი მილიონი რუსი ჩემს წინააღმდეგ არის. მიტინგებს არ მართავენ, თავისუფალი სიყვარულით არ სარგებლობენ, ახალი არაფერი მოსწონთ. მეტად მართლმორწმუნეები, ზნეობრივები და შრომისმოყვარეები არიან. სურათის გადაღება არ უნდათ და ეგეთი ხალხი ფოტოგრაფისთვის ვაშლის ღვეზლის გადაღებასავით მოსაწყენია. ამ ჩემს ფოტოკამერებს, რომლებიც რევოლუციებს და ომებს არიან შეჩვეულნი, ზიზღის გრძნობა დაუფლებიათ და როცა კი მათ ვაჩხაკუნებ, ჯონ სტეინბეკივით იტეხავენ ფეხებს, ეზარებათ ამათი გადაღება. ასე რომ, ერთის ნაცვლად ოთხი სტეინბეკი მყავს, ოთხიო…

ოთხი სტეინბეკი საჭირო არ არისო, – ეცინება მწერალს, უკვე მშობლიურ კალიფორნიაში თუ ჰგონია თავი, თავისი “ტორტილა ფლეტის” პერსონაჟებთან, – შენ ერთიც გეყოფა. აბა, მოპირდაპირედ დამიჯექიო.

მაგასაც ვნახავთო, – მაგიდას მეორე მხრიდან შემოუვლის კაპა და პირისპირ უჯდება, – დანარჩენი სამი “სტეინბეკისა” და ას ოთხმოცდაათი მილიონი რუსის ჯავრი სულ შენზე უნდა ვიყაროო.

მოპირდაპირეები იდაყვებს მაგრად დააყრდნობენ სუფრაზე და ერთმანეთს შუათითებს მთელი ძალით აჭერენ.

ძალს – სტეინბეკია და ძალს – კაპა.

აწვებიან და აწვებიან ერთიმეორის შუათითებს…

დიდი ძალისხმევის შემდეგ კაპას შუათითს ერთ საცივიან თეფშში ჩააჭყლეტს სტეინბეკი.

მე მოვიგეო, – გაიძახის გახარებული კაპა და ხელსახოცით იწმენდს საცივიან თითს.

როგორ თუ შენ მოიგეო, – უკვირს კომპოზიტორს და სტეინბეკსაც აწვდის ხელსახოცს, რადგან ეშხში შესულმა მწერალმაც ვეღარ მოზომა და ყველაზე სახელგანთქმული ფოტოგრაფის და თვით ანრი კარტიე ბრესონის მეგობრის, რობერტ კაპას თითს თავისი თითიც საცივში ჩააყოლა.

სტეინბეკი ამ თამაშს ჩვეულებრივი, ზოგადი ძალისხმევით იგებს ხოლმეო, – მხიარულად უხსნის კაპა, – მოსკოვში ერთ ნავარჯიშევ რუს სტუმარსაც კი გადაუწია თითი, რომელსაც მის გარდა ყველანი გენერალს ეძახდნენო…

ბოლო სასწაული რესტორნიდან გამოსულებს შეგვემთხვაო, – წერს სტეინბეკი, – ქუჩაში წამოწყებული გუნდური სიმღერა მახსენდება სულ ბოლოს, მეტი აღარაფერიო. ჩვენთან წესრიგის დამცველი მოვიდა, მკაცრად იკითხა, რას მღერითო და რომ გაიგო, თვითონაც აგვყვაო. და ამან ხმარსკიც კი გაამხიარულაო – ეს კიდევ უშიშროების კომიტეტიდან ადევნებულ-დანიშნული მოთვალთვალე იყო და აქამდე შეგნებულად დავუმალე მკითხველს, თორემ ამათი პატარა გაფაჩუნება არ გამოეპარებოდა არსად… და რობერტ კაპა ხუმრობდა, – მაგანაო, მაგ ხმარსკიმ, რაც უნდა დაწეროს გაზეთ “პრავდაში”, ყველაფერი სიმართლე იქნებაო…

სულის ასეთი ერთიანობა, ისევე როგორც ჩვენთან, საქართველოსთვის უცხო არ ყოფილაო, – დაასკვნის მწერალი.

ზოგჯერ ასეც იცის თბილისმა – ადგება და, ჯონ ერნესტ სტეინბეკის მშობლიურ ქალაქ სალინასსაც კი გამოემგვანება ხოლმე და იმდენს იზამს, რომ თექვსმეტი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ უკან ჩამოაბრუნებს უკვე ნობელიანტ მწერალს… და საქართველოს დამსახურებული არტისტის, მიხეილ ადამაშვილის ხელით დამზადებულ დუდუკებსაც კი მიუძღვნის საჩუქრად – ამ ინსტრუმენტებით დაკრული წარმტაცი მუსიკის მოსაგონებლად…

“ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46)
ივლისი 2008 წელი


Responses

  1. გემრიელად მოყოლილი ისტორიაა 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: