Posted by: burusi | 21/08/2009

მიხო მოსულიშვილი – ირაკლი უჩანეიშვილი გუარამ მამფალის როლში

(გახსენება)

მახსოვს ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოდადგმების ჩამწერი სტუდია, აქეთ – ხმისჩამწერ პულტთან რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე ჩემი პიესით ხელში, იქვე ტრიალებს ხმის რეჟისორი რომეო ტერ-გრიგორიანი და პიესის მეორე ეგზემპლარით კიდევ მუსიკალურად გამფორმებელი ლალი სეთურიძე დამდევს – ვეუბნები, არ მინდა, ეს ლოცვა ზეპირად ვიცი-მეთქი და – ვაითუ, დაგავიწყდეს მაინცო…

იქით – გამჭვირვალე მინის მიღმა, სადაც რამდენიმე მიკროფონია დამონტაჟებული, სულ გაჭაღარავებული კაცი დგას, ისიც ამ პიესით ხელში.

– ფუჰ, ჩორტ!.. – სამართავი პულტიდან მოისმის იმ ხნიერი კაცის ხავერდოვანი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა, – ეშმაკი მიზის ენაზე, ეშმაკი!

– თავიდან! – ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.

– თავიდან და, იყოს თავიდან!

– მაგრამ ჯერ მიხოს უსმინე.

– აბა, მიდი, მიხო! – მიბღვერს ბატონი ირაკლი.

და მეც ზეპირად ვაბულბულებ (აბა, რას ვიზამ – რაც კლდიდან ჩამოვვარდი ორი წლის წინათ, იქიდან მოყოლებული, საავადმყოფოში ნახევარწლიანი წოლისას თუ მერეც, ყავარჯნებით სიარულისას, ხომ ყოველდღე ვიმეორებდი):

“მამაო ჩვენო,

რომელი ხარ ცათა შინა,

წმიდა იყავნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა,

ეგრეცა ქუეყანასა ზედა,

პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს,

და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი,

ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა.

და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა,

არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნისამდე.

ამინ”.

– ირაკლი, გასაგებია? – ეკითხება რეჟისორი.

– იყავ-ნ, იყავ-ნ, იყავ-ნ… ეს “ნ” რაღად უნდა, არ შეიძლება, თანამედროვე წამაკითხოთ? – მე შემომჩივის.

– ეს “მამაო ჩვენოა”, ბატონო ირაკლი, კანონიკური ტექსტი და მაშინდელ მონასტრებში ასე ამბობდნენ… – მორიდებულად კი ვპასუხობ, მაგრამ არ დავუთმობ, თანამედროვე ენით არ წავაკითხებ, არაფრით არ წავაკითხებ.

– თანაც, ირაკლი, – ჩემს ერთხელ ახსნილს უმეორებს ბადრი მიქაშავიძე, – თანამედროვე ენაზე ეს ლოცვა არ არსებობს… წავიდა?

– კარგი, დავიწყეთ! – ხელს დაიქნევს მსახიობი და იწყებს:

“მამაო ჩვენო,

რომელი ხარ ცათა შინა,

წმიდა იყავ… ნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი

ვითარცა ცათა შინა,

ეგრეცა ქვეყანასა ზედა”…

– სტოპ! – ეს ბადრია, – თავიდან!

– რატომ, თავიდან?

– “იყავნ” – ერთად თქვით, ბატონო ირაკლი, – ვუხსნი მე, – ამ ბოლო “ნ”-ს ძალიან შორს ამბობთ…

– იყავნ – იყავნ-იყავნ! ახლოს თქვი, ირაკლი!

– ეშმაკი შემომაჯდა, კაცო, ენაზე! დამაცადე…

– და “ქვეყანასა” კი არა, “ქუეყანასა”!

– ვაიმე, ცოდო ვარ, ბადრი, ასაკში ვარ, ვეღარ ვამბობ… – შესჩივის რეჟისორს.

უკვე კარგა ხანია ამ გაწამაწიაში ვართ, რადიოსპექტაკლი უკვე ჩაწერილია, ყველაფერი მზად არის სამონტაჟოდ, მაგრამ აი, ამ “მამაო ჩვენოთი” უნდა დაიწყოს სპექტაკლი და ძველი ქართულით ვერ ჩაგვიწერია.

ბატონ ირაკლის, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, “ეშმაკი აზის ენაზე”…

კი, ასაკში არის.

რამდენი წლისა გამოდის?

1929 წელს არის დაბადებული, თოთხმეტ ივნისს.

სამოცდაათი წლისა.

საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი არის და მისი ნათამაშები როლები კინოსა და თეატრში ხომ თითქმის ყველა ვიცი – განსაკუთრებით კი “იეთიმ გურჯის” როლი ლერი პაქსაშვილის ამავე სახელწოდების სპექტაკლიდან (ოთარ მამფორიას დაწერილი პიესაა):

,,ნეტავ მოხდეს, შენი თეთრი კაბა ჩემზე შავად შეგეღებოს”, – სატრფოს გამო სიმღერით რომ მოთქვამს ქალაქურ კილოზე…

,,ქართულ ენას სულ გავლექსავ, ვიდრე სამარეში ჩავალ”, – ამასაც ხომ იმ სპექტაკლიდან იქადნება ძველი თბილისელი აშუღი.

,,რაო, სიზმარში მნახეო? რომ ვიცოდე, სიზმრად გნახავ, არასოდეს დავიძინებ”, – ესეც იეთიმის ქალაქური ოხუნჯობა.

,,ცივ ზამთარში უსახლკაროდ”, – ამას ხომ ისე მღერის, რომ მეტი აღარ იქნება.

,,ფულისათვის არ დაუკრა, ეშხისათვის დაუკარი”, – შეგირდს თავისი ხელოვნების დაფასებას ასწავლის.

,,ზედ კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადია”, – ანდერძსაც როგორ ყარაჩოღულს იბარებს.

მოკლედ, მთელი ის სპექტაკლი ისე მღერის, მთელი ორთაჭალის ბულბულები სულ ენაზე უსხედან…

და მაინცდამაინც აქ შემოაჯდა ის წყეული ეშმაკი – წაახდენს რადიოდადგმას, ნამდვილად წაახდენს…

და რა ვქნა, რა ვიღონო, როგორღა ავუხსნა – აღარ ვიცი…

– მიხო, აქ ნუ მოწევ! – თითქოს ისევ არხეინად ამბობს ბადრი მიქაშავიძე, – ირაკლი, დამშვიდდი და “იყავნ” – “ნ” სიტყვასთან ახლოს! აბა, თავიდან!..

– აფსუს, რო აღარ ვეწევი! – გამოსასვლელთან წამომეწია ბატონი ირაკლის ხმა.

– კარგი რა, ირაკლი, ვაჟა-ფშაველას კითხულობ და ეს ვეღარ უნდა წაიკითხო? – ისევ მშვიდად საყვედურობს რეჟისორი.

ვაჟა მართლა სასწაული აქვს. მე ხომ მოსმენილი მაქვს მაგისი დიდებულად წაკითხული ვაჟა-ფშაველას “ჩემი ვედრება”. ახლა ამ დეკლამაციის მოსმენა უკვე ინტერნეტშიც შეუძლია დაინტერესებულ კაცს, ხოლო აუდიოწიგნში “ვაჟა-ფშაველას შემოქმედება” ჩვენს სხვა დიდებულ მსახიობთა გვერდით მოიპოვება ირაკლი უჩანეიშვილის წაკითხული “დამსეტყვე, ცაო”.

ჰო, იქაც – ვაჟას რომ კითხულობს, იქაც ენაზე ბულბულები უსხედან და აჰა, მაინცდამაინც აქ შემოაჯდა ის ოხერ-ტიალი ეშმაკი, წამოუსკუპდა ენაზე და აღარ ეხსნება.

ზედიზედ მეორე ღერ სიგარეტს რომ ჩავათავებ, ისევ სამონტაჟოში ვბრუნდები.

– მიხო, შენ ხმა აღარ ამოიღო! – თვალს მიკრავს ბადრი, – აბა, საბოლოო ვარიანტი! წავიდა!

და ბატონი ირაკლი იწყებს, იწყებს და ჩადის ბოლოში, თითქოს არა უშავს, მაგრამ ეს “ნ” მაინც ცოტა შორს მოსდის სიტყვიდან. დანარჩენი კარგია.

– ირაკლი, კარგია, დიდი მადლობა!

– აგაშენოს! – პასუხობს მინის მიღმიდან და გამოდის.

ცოტა გული კი მეთანაღრება ამ ბოლო ვარიანტზეც, მაგრამ მეც მადლობას ვუხდი.

– რთულია, მიხო პაპავ, რთული, – ეცინება, რადგან თავად არის და აქეთ მეძახის პაპას, – აი, ცოტა დრო რომ მქონოდა…

– კარგია, ბატონო ირაკლი, – მეც მეღიმება.

– და თვითონ დადგმაში ნახე, როგორია! – ბადრის არც ამჯერად ეცინება.

– ეგეთი როლი მე არ მითამაშია… და… ეჰ, დრო რომ მქონოდა, მიხო პაპავ, დრო…

და რამდენიმე დღის შემდეგ, მონტაჟი რომ დამთავრდება, ერთად ვუსმენთ ამ რადიოსპექტაკლს, ვუსმენთ, ვუსმენთ და უკვე ვიცი, სულ ტყუილად უჩიოდა პიესაზე სამუშაო დროის ნაკლებობას…

ასეთი როლი ბატონ ირაკლის მართლა არსად უთამაშია – სულ სხვა შუქი და სინათლე მოუფენია გუარამ მამფალის სახისთვის. მე რომ არც მიფიქრია, ისეთი შუქი…

და რამდენსაც არ უნდა ჩიოდნენ ენაზე შემომჯდარ ეშმაკზე, იციან ხოლმე დიდმა მსახიობებმა ასეთი სასწაულების ჩადენა.

შენიშვნა:

ირაკლი უჩანეიშვილი დაიბადა თბილისში, 1929 წლის 14 ივნისს. 1948 წელს დაამთავრა თბილისის მეორე ვაჟთა სკოლა. 1948-50 წლებში სწავლობდა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, ხოლო 1950-54 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში (1954-58), კინოსტუდია “ქართულ ფილმში” (1958-1967), რუსთავის თეატრში (1967-1970), ხოლო 1970 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი 1967 წლიდან. საქართველოს სახალხო არტისტი 1979 წლიდან.

დინოზავრების ნაკვალევზე

სიარული აკრძალულია!

საკონკურსო პაკეტი დოკუმენტური ფილმების სცენარების კონკურსისათვის “გავიხსენოთ საქართველო”.

თავფურცელი

თემის დასახელება: ბუნება 1. კავკასიური ხმელეთის ფორმირება და ცოცხალი ბუნების ევოლუცია.

მომავალი ფილმის სავარაუდო სახელწოდება:

“დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია!

(კავკასიის გეოლოგიური წარსული, ანუ 3500 მილიონი წელი)”.

ავტორის სახელი და გვარი: ეს ხომ ვიცით…

(თავფურცლის დასასრული).

სასცენარო განაცხადი (სინოპსისი) დოკუმენტური ფილმისთვის

“დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია!”

ფილმის დასაწყისი (ან, შესაძლოა, ფინალი)

(ვხედავთ სათაფლიას ქუთაისთან, სადაც შემორჩენილია დინოზავრების ნაკვალევი. გეოლოგი და პალეონტოლოგი მიდიან დინოზავრის ნაკვალევთან და გვითითებენ აბრაზე, რომელზედაც წერია: “დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია!”)

გეოლოგი – (იღიმის). გასული საუკუნის შუაწლებში ჩვენი პრეისტორიის დიდმა მოყვარულმა, სათაფლიის მცველმა პეტრე ჭაბუკიანმა ჩვენს ცნობილ კრიტიკოსს, გურამ ასათიანს და მის მეგობარ მწერლებს ეს გონებამახვილური წარწერა დაახვედრა.

პალეონტოლოგი – აქ ხელმეორედ გავლა უბრალოდ, არ ღირს. გინდა გაიარე, გინდ – არა. ქვა ქვად რჩება. ჩემს ნაფეხურებს არ დაიმჩნევს.

გეოლოგი – კარგად დაწერა გურამ ასათიანმა – “დინოზავრებმა გაიარეს ნაწვიმარ ქვიშაზე, უხსოვარ დროში არსებული ოკეანის პირას. ალბათ, სიამოვნებდათ კიდეც, როცა დაშაშრულ ფეხისგულებს ნამიან სილას ახებდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათ ზურგს უკან მარადისობა იყო ჩასაფრებული”.

პალეონტოლოგი – მართალია, დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია, მაგრამ მოდი, ჩვენ მაინც ვცადოთ მარადისობის ერთი კარის გამოხსნა და კავკასიის გეოლოგიურ წარსულში ვიმოგზაუროთ. (გეოლოგი და პალეონტოლოგი დინოზავრების ნაკვალევზე მიაბიჯებენ).

**

დოკუმენტური ფილმის სხვა ეპიზოდები:

(ეკრანზე ვხედავთ გეოლოგიურ გაშიშვლებას, ანუ ჭრილს).

გეოლოგი – დანალექი ქანების წოლის ფორმა არის შრე, ანუ ერთი ქანისგან შემდგარი ფენა. შრეებიდან ზოგი ჰორიზონტალურია, ზოგიც დანაოჭებული. (ჩანს ამოზნექილი და ჩაზნექილი ნაოჭები) ამოზნექილ ნაოჭებს სინკლინი ჰქვია, ჩაზნექილს კი – ანტიკლინი. (ჩანს სხვა გეოლოგიური ჭრილი) ჩვენ ვხედავთ ქანებს და მათ წოლის ფორმასაც, მაგრამ გვეუბნებიან თუ არა რამეს კავკასიის წარსულის შესახებ?

(თბილისის სამხრეთით, თელეთის ქედი. აქ ხელში ჩაქუჩებით არიან გეოლოგი და პალეონტოლოგი).

გეოლოგი – ამ ანტიკლინზე გავრცელებული არის რუხი ქვიშაქვები.

პალეონტოლოგი ჩაქუჩით ამტვრევს ქანებს. მერე ერთ გადანატეხს აიღებს.

პალეონტოლოგი – ამ პატარა სხეულებს სპეციალისტები ნუმულიტებს უწოდებენ. ალბათ, ოსპის მარცვლისხელა იქნება. ნუმულიტი არის განმარხებული, ესე იგი, ცოცხალი ორგანიზმის ისეთი ნაშთი, რომელიც ქანში მოხვდა და აქვე შეინახა უცვლელად ან შეცვლილი შემადგენლობით. (ჩანს პატარა მწერები, რომლებიც მოძრაობენ) ნუმულიტები უმარტივესი ცხოველები იყვნენ და ცხოვრობდნენ რამდენიმე მილიონი წლის წინ. თანაც ხმელთაშუა ზღვისმაგვარ თბილ ზღვაში ცხოვრობდნენ (მოჩანს მზით განათებული ზღვის ნაპირი).

გეოლოგი – ესე იგი, როცა ეს ქვიშაქვები ილექებოდა, თბილისის ადგილას ზღვა იყო.

(მოჩანს თბილისის ხედი, რომელიც ნელ-ნელა წყლით იფარება და თბილისის ადგილზე ზღვა გაჩნდება. მერე ჩანს გეოლოგიური გაშიშვლება სოღანლუღის ხიდის პირდაპირ).

გეოლოგი – აქ ქვიშაქვებს თავზე ადევს ვულკანური ზეწრის ნაწყვეტი. ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმავე დროს ზღვის ფსკერზე ვულკანური ამოფრქვევები ხდებოდა (ვულკანის ამოფრქვევა ზღვაში).

მოჩანს მცხეთა. გეოლოგი და პალეონტოლოგი მცხეთის ჩრდილოეთით ადიან ერთ გავაკებაზე, ძველ ნასოფლარში.

პალეონტოლოგი – ადრე აქ სოფელი იყო და კოდმანი ერქვა. მოდი, ამ გორის ძირას მოვძებნოთ (ჩაქუჩით ამტვრევს ქანებს, ერთ ნატეხს აიღებს). ამ კირქვიან შრეებში ჩანს მოლუსკების ნიჟარები. ეს ლოკოკინები ცხოვრობდნენ დღევანდელი შავი ზღვის მსგავს ზღვაში (შავი ზღვის სანაპირო. გეოლოგი და პალეონტოლოგი ქვემოთ ჩამოდიან და გზას მიუყვებიან. შეჩერდებიან ბებრის ციხესთან).

გეოლოგი – აქ, კირქვის შრეების თავზე ვხედავთ თიხებისა და ქვიშაქვების მორიგეობას. ამ შრენარს გეოლოგები ნაცხორის წყებას უწოდებენ.

პალეონტოლოგი – (ჩაქუჩით მომტვრეულ ქანის მონატეხს აიღებს) არავითარი ზღვიური ნამარხი აქ აღარ არის.

გეოლოგი – (ნატეხზე მიუთითებს) აბა, ეს რა არის?

პალეონტოლოგი – ეს ხმელეთის ლოკოკინები იყვნენ.

გეოლოგი – ესე იგი, ეს წყება ხმელეთზე დალექილა (ზღვა უკან იხევს და ჩნდება მინდვრები. ჩვენი გმირები გზას აგრძელებენ. მოჩანს მუხრანის ველის ჩრდილოეთი მხარე. პალეონტოლოგი ქანებიდან პატარა ნიმუშებს მოტეხს ხოლმე, მერე შეჩერდება).

პალეონტოლოგი – სამწუხაროდ, მე ვერ ვიპოვე, მაგრამ ამ წყებაში ნაპოვნია ხერხემლიანი ცხოველების ძვლები.

(პალეონტოლოგი არის მუზეუმში და გვაჩვენებს ქანში განმარხებულ ძვლებს და მერე სურათს) ეს არის ცხენის წინაპარი – ჰიპარიონი, ჟირაფი და ასე შემდეგ.

(პალეონტოლოგი ისევ მუხრანის ველზეა) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ ადრე სტეპი იყო. ჟირაფი ხომ სტეპის ცხოველია (მუხრანის ველი გაქრება და მოჩანს თვალუწვდენელი სტეპი).

გეოლოგი – გეოლოგიური ნალექები მდიდარ ინფორმაციას გვაწვდიან კავკასიის წარსულის შესახებ, მაგრამ რა როდის ხდებოდა?

(ვხედავთ გეოლოგიური დროის დანაწილების სქემას: არქეული ერა, პროტეროზოული, პალეოზოური, მეზოზოური, ნეოზოური).

მოკლედ, დაწყებული კამბრიულისწინა პერიოდიდან (3500 მილიონი წლის წინ) დამთავრებული მეოთხეული პერიოდით (ორი მილიონი წლის წინ) თანმიმდევრულად ვნახავთ, როგორ ვითარდებოდა და რა ცვლილებებს განიცდიდა კავკასია თავისი ხმელეთითა და ცოცხალი ბუნებით. დოკუმენტურ ფილმს ექნება ცოცხალი და ფათერაკებიანი გეოლოგიური ექსკურსიის სახე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გეოლოგი და პალეონტოლოგი. თუ შესაძლებლობა იქნება, კავკასიონის მთების წარმოშობის პროცესს კომპიუტერულ სივრცულ გრაფიკაში ვნახავთ.

შენიშვნა:

ეს სინოპსისი იმ კონკურსში დამარცხდა და იყოს აქ…
მოვალ ხოლმე და თავად გავიხსენებ საქართველოს…

“ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46)
ივლისი 2008 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: