Posted by: burusi | 19/08/2009

თინათინ გავაშელი – ბრძოლა, როგორც თავისთავადი მიზეზი გურამ რჩეულიშვილთან

გურამი მთაში

გურამ რჩეულიშვილი

ერლომ ახვლედიანთან მიწერილ წერილში – „გუშინ გავხდი ოცდახუთი წლის“, კარგად ჩანს გურამ რჩეულიშვილის ხასიათი, დამოკიდებულება ცხოვრების, ლიტერატურის, ადამიანის დანიშნულების შესახებ. ეს ფაქტი მწერლის აზროვნების განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ წერილი ადრესატამდე დიდი ხნის დაგვიანებით, გურამის სიკვდილის შემდეგ მივიდა.

ასე რომ, გამოთქმულმა მოსაზრებებმა ახლებური მნიშვნელობა შეიძინა, დრომ კიდევ მეტი სიცხადე მოჰფინა ნათქვამს.

„გწერ კიდევ შენ იმიტომ ამ ამბავს, რომ არ მეგულება არც ერთი რედაქტორი, შენს გარდა, რომელიც ამ წერილს დამიბეჭდავდეს.” ფრაზა ერთგვარი მინიშნებაა, რომ იგი ერთი მკითხველისთვის არაა განკუთვნილი. მინიშნება თუ არა, ქვეცნობიერი სურვილი და ერთგვარი წინათგრძნობა მაინც.

წერილი რთულად იკითხება, აზრი ადგილ-ადგილ თითქოს ბუნდოვანია. თუმცა, ეს ავტორის ფიქრის მანერაა და იგი იმდენად სწრაფია მიდევნება გიჭირს. პირველივე ფრაზით ამბობს მთავარს: „ჯერ კიდევ ორი-სამი დღის წინ დავიწყე გონებაში გავლილი ცხოვრების შეჯამება.“ ამიტომაც წერილი სავსეა განცდის გადმოტანის, საკუთარი არსებობის შეგრძნების გაზიარების აუცილებლობით. “ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის ფაქტი, რომ გავჩნდი, მისია ამ ამბისა მდგომარეობს იმაში, რომ სხვებისთვისაც იმდენივეს ნიშნავდეს „ეს ფაქტი“. ეს განაცხადი გურამის თითქმის მთელი ცხოვრების აზრს იტევს. რაც უნდ თავზე დიდი წარმოდგენის ადამიანის ფრაზად მოგვეჩვენოს, დაცლილია პრეტენზიისგან.

ადამიანის დაბადება რომ სასწაულია და ეს უბრალოდ არ ხდება, გურამს თან სდევს, როგორც ქრისტიანული მრწამსით განსაზღვრული ქართული კოდის გამოძახილი: ადამიანი – სახე და ხატი ღვთისა. იქნებ, ამას გულისხმობდეს ფრაზებში: „მაგრამ მე, ერლომ, ადამიანი ვარ. მასში დემონივით ჩასახული წინვარდნის სურვილით, რომელსაც მე (ისევე, როგორც ყველა) თავის ბრჭყალებში ვყავარ მოქცეული. მხოლოდ ეს თვისება კაცობრიობის პოტენციისა არ მაძლევს უფლებას აღარ ვიყო ისეთი, როგორიცა ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქცევი „ცოცხალ ლეშად“ და ფიზიკური სიკვდილის გარეშე მკვდრად.“ გასაგებია, რას უწოდებს გურამი ადამიანში ჩასახულ წინვარდნის სურვილს და კაცობრიობის პოტენციას, რომ ამქვეყნად ყოფნას ყოველთვის სდევს ფიზიკური სიკვდილის გარეშე მკვდრად ქცევის საშიშროება. მაგრამ მაინც საითაა ავტორისთვის წინვარდნა? „მიდიან ღმერთისკენ გასათანაბრებლად, მაგრამ ხედავენ, რომ მის იქით გზა არ არის.“ ასე რომ, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა კარგად დავიწყებული ძველი, – გზა ხსნისა.

ღვთისკენ სავალი გზები მის ეპოქაში კიდევ უფრო დავიწროებული, საერთოდ, უარყოფილი იყო. არადა, შინაგანი პოტენციის შეგრძნება არ აძლევდა დანებების უფლებას…

ცხოვრება თანდათან რთულდებოდა…
დასასრულს უახლოვდებოდა…

გურამისთვის ბრძოლა, თუნდაც, უაზრო და უსარგებლო, იყო მთავარი. იდეით იხიბლებოდა. შეზღუდვებს განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდა, რადგან კარგად ესმოდა საკუთარი შესაძლებლობების ფასი. „- ჰო, უზომოდ სქელია ბაკანი გასამტვრევად (ბრიყვულად, უაზროდ და ნაცრისფრად სქელია,) ისე რომ, არც კი იცი, იმის რომელ ადგილს შეუტიო… მე კი ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ შიგ დავეტიო. ლიტერატურა კი მხოლოდ ონანიზმია იმ დიდი სურვილისა, რაც ღმერთმა გაჩენის პოტენციაში მომცა.“ თავისთავში ღვთისგან ბოძებული პოტენციის აღიარება აძლევდა გურამს რწმენის საფუძველს, გადარჩენის იმედს.

იგი ხელოვანს გადამწერის ფუნქციას და გაგებას უბრუნებს: „მე განგებ ავუვლი გვერდს ბეთჰოვენს, რომელიც, როგორც არავინ, ისე მაგონებს ღმერთისგან სპეციალურად გაკეთებულ ნერვიულ (მგრძნობიარებისთვის) მაგნიტოფონს, რომ ბუნებიდან ქაღალდზე გადაეწერა უგენიალურესი მუსიკის ხმები.“

გურამი მსოფლიოს რამდენიმე გენიოსის დიად არსზე მსჯელობს. მათი ცხოვრების და შემოქმედების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, არჩეული ყოფის წესზე, ღირებულებებზე. ღმერთს, კაცობრიობას, საკუთარ თავს, რომ შესძინეს. „ორივე ეს კაცი იყო ადამიანი – მებრძოლი ერთდროულად მთელ მსოფლიოსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან – მსოფლიოს ყველაზე მეტად აგრძნობინა საკუთარი თავი ნაპოლეონმა, ღმერთსა და თავის თავს ტოლსტოიმ; ვისი უფრო მადლიერი იქნება ღმერთი არ ვიცი. ამავე გზაზე იდგა ბაირონი, მან სუბიექტური განცდა ღვთაებრივ ვნებამდე აიყვანა და თავი ღმერთად გამოაცხადა; ამისგან დაიღუპა ჩაილდ ჰაროლდივით და ტოლსტოის „ომი და მშვიდობასავით“.8

გურამს თითოეულის ბრძოლისუნარიანობა ხიბლავს. რაც უნდა გარდუვალი იყოს სიკვდილი და სასჯელი ღმერთთან შებრძოლებისთვის, მაინც არის რაღაც დიადი ამ გაბედვაში. დაახლოებით ისე, როგორც ამირანი დაისჯება ნათლიასთან გატოლების გამო, მაგრამ მაინც რჩება უძლეველობის სიმბოლოდ ჩვენს ცნობიერებაში. ღმერთთან მებრძოლი იაკობივით… ღმერთი კი მაინც „მადლიერი დარჩება“ ადამიანში მის მიერ ჩადებული პოტენციის შეგრძნებისათვის. სასჯელს კი, ალბათ, ამ შესაძლებლობის გამოვლენის ფორმა იმსახურებს.

ეს ნააზრევი ფიქრის და გულწრფელობის შედეგია. შეიძლება, გურამის მოსაზრებები არ ემთხვეოდეს ამ ავტორებთან დაკავშირებულ ზოგად შეხედულებებს და შეფასებებს, ბევრი რამ იყოს დავის საგანი, მაგრამ გურამ რჩეულიშვილი ცამდე მართალია მთავარ საკითხში: ზოგადად, მამოძრავებელი ძალა რა სიძლიერისაც უნდა იყოს, ადამიანში ღვთისგან ჩადებული წინვარდნის სურვილია. შეურიგებელი ბრძოლა, თუნდაც, იყოს ბრძოლა ბრძოლისათვის, რასაც გურამი უწოდებს „კაცობრიობის ამ უპირველეს, უძვირფასეს თვისებას, ძირს სამყაროსას.“ საუკეთესო ლიტერატურულ გამოვლინებად კი „ვეფხისა და მოყმის“ ბალადას მიიჩნევს. „მხოლოდ ხევსურებმა შეძლეს საოცარი სიცხადით დაენახათ, რომ ბრძოლა წარმოადგენს არა მიზეზის შედეგს, არამედ თვითონ მიზეზს შედეგისათვის – დამოუკიდებელ სურვილს, რომ ბრძოლის დროს ცუდი და კარგი ერთი სურვილით მოქმედებს და ეს სურვილი არის წმინდა. ხევსურებმა პირველებმა და უკანასკნელებმა ჯერჯერობით შეძლეს ამ ობიექტური სურვილის „დაუბრალებლად“ დიდი მხატვრული ოსტატობით გადმოცემა.“ პოემის ამგვარი ხედვა განსხვავებულია ზოგადი შეფასებებისგან, ან, უფრო სწორად, მთავარი არსის ღრმა, მისეული გაგებაა. ალბათ, მისი ბუნებიდან გამომდინარე, უტყუარი და ზუსტი. გოგი ოჩიაურის აზრით: „გურამის სიტყვაში არის რაღაც კოდი, რომლის ახსნაც სიტყვას არ ემორჩილება. როგორც კი დაიწყებ მასზე ლაპარაკს, ქრება, სხლტება თვალსა და ხელს შუა. ეს კოდი მარტო მე მესმის. გურამი რომ გაიგო, ჯერ ერთი უნდა იყო ხევსური, – მერე განათლებული ხევსური.“

ასე რომ, როგორც ჩანს, თანდაყოლილი ინსტიქტით იჭერს ბალადის ნამდვილ არსს და აზოგადებს კაცობრიობის საყოველთაო თვისებად. მთავარ მხატვრულ ღირსებად ურთულესი პრობლემის გადაჭრას მიიჩნევს: „მტყუანი მხარის უქონლად შექმნა სიმძაფრე“.

საბოლოოდ, გურამ რჩეულიშვილის მთავარი სათქმელი მაინც ერთია, არის რაღაც, რაც უზენაესს ემორჩილება და მისკენ სწრაფვისას ადამიანების რთულ, მრავალმხრივ ბუნებას სხვადასხვაგვარად ავლენს. „მე მინდა, – ამბობს თავად, – ვიდგე და უკან ამოუსუნთქვად ვისუნთქავდე მთელ ჰაერს – შენ გესმის, რომ ეგოიზმი ეგოიზმზე მაღლა დგას, რადგან მე იმაში, რასაც ეგოისტობას ეძახიან არასოდეს გამომიმჟღავნებია ეს თვისება“.

გურამი საუბრისას ქმნის ერთ მთლიანობას. პირველი და მთავარი, ზოგადად ადამიანის დაბადების არსის გააზრება საკუთარის მეშვეობით. ამ ცხოვრებამ უნდა გაამართლოს დანიშნულება, სხვებისთვის იქცეს მნიშვნელოვან ფაქტად. მოგცეს წინააღმდეგობის უნარი. ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე გაქციოს მებრძოლად, ღმერთთან გათანაბრების სურვილით სავსემ იარო წინ სიცოცხლის და შემოქმედების გზაზე.

ცხოვრება სხვადასხვაგვარად გაიარეს კაცობრიობის გენიებმა – ნაპოლეონმა, ტოლსტოიმ, შექსპირმა, გოეთემ და ბაირონმა. გურამს ეს სახელები დასჭირდა იმდენად, რამდენადაც აადვილებდა სათქმელს. თვლიდა, რომ ასე უკეთესად „შეიძლება იმსჯელო თვითოეული პატარა ადამიანიდან ღმერთამდე“. გზა ყველას ერთი აქვს, მასშტაბები და შესაძლებლობებია განსხვავებული. ოღონდ, აუცილებელია ბრძოლა, როგორც თავისთავადი მიზეზი.

ნააზრევი ბუნებრივია გურამის ხასიათისთვის, რაც არაერთგან ვლინდება. მოთხრობებსა თუ წერილებში. ამიტომ, როგორც წესი, გურამი ყოველთვის აღიქმებოდა „მებრძოლ პოეტად – ბედუინად.“ ამასთან, წერილში ცხადად ჩანს, რა არის ეს ბრძოლა, მხოლოდ ბრძოლის გულისთვის და რატომ ხდება იგი სამყაროს არსი, რა გააცხადეს ხევსურებმა ბალადაში, როგორ ამოზიდეს ადამიანში ჩაბუდებული ღვთისგან ბოძებული სიდიადე, რომელსაც გურამმა „წინვარდნის სურვილი“ უწოდა.

ლიტერატურა: 1. რჩეულიშვილი გ. „გუშინ გავხდი ოცდახუთი წლის“; ჟ. “XX საუკუნე”, №8,1 997 წ. გვ. 105.
2. იქვე ,გვ.104.
3.იქვე, გვ.104.
4. იქვე, გვ.104.
5. იქვე, გვ.105.
6. იქვე, გვ. 104.
7. იქვე, გვ.105.
8. იქვე, გვ. 106.
9. იქვე, გვ.108.
10. რჩეულიშვილი გ. მოთხრობები, 2004 წ, ტ. III, გვ. 321.
11. რჩეულიშვილი გ. „გუშინ გავხდი ოცდახუთი წლის“; ჟ. „XX საუკუნე“, №8,1 997 წ, გვ.105.
12. იქვე გვ.106.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: