Posted by: burusi | 14/08/2009

პავლე ინგოროყვა – ბიოგრაფია

პავლე ინგოროყვა

პავლე ინგოროყვა

პავლე ინგოროყვა

პავლე იესეს ძე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა რამდენიმე კლასიანი სასწავლებელი. მისი მამა – იესე უბრალო გლეხი გახლდათ და თავს ხან დურგლობით, ხან კი მეთევზეობით ირჩენდა.

წიგნი ბავშვობიდანვე თავდავიწყებით შეუყვარდა. მამა სთხოვდა, ამდენ კითხვას თავი დაანებე და ცოტა მომეხმარეო. ხელი რომ არავის შეეშალა, პატარა პავლე სახლიდან იპარებოდა, გავიდოდა ნავით პალიასტომში, ნიჩბებს ხელს უშვებდა და მზის ჩასვლამდე კითხულობდა ხოლმე.

1912 წელს, 19 წლის ასაკში იგი საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

სტუდენტობის პრიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა მან თავისი პირველი ნაშრომი “ძველ-ქართული სასულიერო პოეზია”. 1914 წელს კი, პირველად გამოჩდა ქართული გაზეთების ფურცლებზე მისი სტატია “თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა”.

პავლე ინგოროყვამ პეტერბურგის უნ-ტი დაასრულა 1916-ში (დიპლომი არ აუღია). სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რითმით განაგრძო.

1916 წელს მან გამოსცა თამარ მეფის სამადლობელი საგალობელი “გალობანი ვარძიისანი”.

1917 წლიდან იგი მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1917-1919 წლებში ინგოროყვა იყო “საქართველოს ეროვნული საბჭო”-ს (პარლამენტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1918 წლის 26 მაისს მან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა დიდებულ მამულიშვილებთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ჯერ კიდევ სტუდენტური ქუდი ეხურა, მენშევიკებს რუკაზე საქართველოს საზღვრებს რომ უხაზავდა და აჩვენებდა, სად იყო კახეთი.

1919 წლამდე იგი რჩებოდა ერვნული საბჭოს წევრად. ამავე წელს, იგი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და გამგეობის წევრი.

1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს კი დააფუძნა ჟურნალი “კავკასიონი”. ამ პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ძირითადად მეცნიერულ ხასიათს ატარებდნენ, მაგრამ აქვე ვხვდებოდით პოლიტიკური შინაარსის წერილებსაც. ამ სტატიებმა, საბჭოთა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვიეს. შესაბამისად, არც შედეგმა დააყოვნა და 1925 წელს პავლე ინგოროყვას გაზეთი აკრძალეს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისადმი პროტესტის ნიშნად, 1921-1923 წლებში, პავლე ინგოროყვა იყო “შავჩოხიანთა ჯგუფი”-ს წევრი.

პავლე ინგოროყვას თაოსნობით 1925 წელს დაარსდა გამომცემლობა “ქართული წიგნი”. “ქართული წიგნის” პირველი მნიშვნელოვანი გამოცემა გახლდათ ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული, რომელიც პავლე ინგოროყვას რედაქციით დაისტამბა 1926-1928 წლებში. სწორედ ეს მრავალტომეული და ეროვნული ხასიათის სხვა გამოცემები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1933 წელს “ქართული წიგნი” დაიხურა.

ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში მან დაიწყო აქტიური მუშაობა ვეფხისტყაოსნისა და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია.

1929 წელს იგი დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. ინგოროყვას ეს თანამდებობა 10 წლის განმავლობაში ეკავა, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

1936-1938 წლებში იგი გახლდათ “ქართული საბჭოთა ენციკლობედიის” პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. პროექტი არ განხორციელდა და რედაქცია დაიხურა სწორედ იმის გამო, რომ სარედაქციო კოლეგიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ემსხვერპლა 1937 წლის პოლიტიკურ რეპრესიებს.

სამწუხაროდ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ იმსხვერპალა მისი მეუღლე, ქეთევან ბაქრაძე, რომელიც გადასახლებულ ძმაზე ნერვიულობას გადაყვა.

პ. ინგოროყვამ თავისი მოღვაწეობის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და “ვეფხისტყაოსნის” კვლევას. რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: “რუსთაველიანა” 1926, “რუსთაველიანაზე” 1927 , “რუსთაველი და მისი პოემა” 1937, “რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა” 1940-1941 , “შოთა რუსთაველი” 1937, “ვეფხისტყაოსნის ტექსტი” 1953, ამასთანავე ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა “ვეფხისტყაოსანი” 1953 და 1971 წლებში.

1937 წელს თითქმის ოცწლიანი შრომის შედეგად, უძველესი ხელნაწერების საფუძველზე, პ. ინგოროყვამ დაასახელა შოთა რუსთაველის დაბადების წელი. ამავე წელს ლიტერატურის სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტის თაოსნობით, რომელსაც სათავეში თვითონ ედგა. მისი თაოსნობითვე გაიმართა შოთა რუსთაველის 750 წლის იუბილე.

მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია “გიორგი მერჩულე”, რომელზეც იგი, თითქმის მთელი სიცოცხლეს განმავლობაში მუშაობდა. 1954 წელს გამოცემულ ამ ნაშრომში, ფაქტობრივად განხილულია v-x სს სასულიერო პოეზია, გამოაშკარავებული და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი. ამავე ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფრვა.

ძველი სანოტო სისტემის გაშიფრვას, მკვლევარმა ცალკე ნაშრომი უძღვნა, სადაც დეტალურად აღწერა ქართული მუსიკალური დამწერლობა. 1941 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, არა მარტო ჩვენში აღიარეს არამედ უცხოეთშიც. კერძოდ 1962 წლის 22 აგვისტოს ამ აღმოჩენას პარიზიდან, მიეძღვნა რადიო რეპორტაჟი და ძველი ქართული მუსიკა მსოფლიოს გასაგონად აჟღერდა. პავლე ინგოროყვამ, სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი.

განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა 1954 წელს გამოცემულ  მონოგრაფიას. პირველი ნაწილის მეოთხე თავი ეძღვნებოდა „აფხაზეთის სამეფოს“. ყველა ისტორიული წყაროსა და ტოპონიმის  შესწავლის შედეგად დაადგინა: დასავლეთი საქართველოს ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის სახელით იყო ცნობილი, მოიცავდა ტერიტორიას კელასურის კედლიდან ვიდრე ძველ ლაზიკამდე და ის ძირძველი ქართული მიწა იყო. იქ სახლობდა ქართველთა სამი შტო: მესხები (იგივე აფხაზები), კოლხები (მეგრელ-ლაზები) და სვანები. ასეთმა დასკვნამ ოფიციოზი გააღიზიანა, ისტორიკოსებიც დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ წიგნი აკრძალეს.

პავლე ინგოროყვამ დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებსა და პოეტებს. 1938, 1940, 1951 წელს გამოსცა მონოგრაფიები: ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე.

1955 წლის 29 ივნისს ოთხმა აკადემიკოსმა: გოგლა ლეონიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონ ტაბიძემ და იოსებ გრიშაშვილმა მისი დაუზოგავი შრომის დასაფასებლად, მწერალთა კავშირს წარუდგინეს წერილი პავლეს სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მეგობრებს სურდათ, რომ იგი წარედგინათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრად. აფხაზეთზე მონოგრაფიის გამო უარი ეთქვა

პავლე ინგოროყვა ფლობდა – ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძვ. ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევების წარმოებისას.

პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა 1983 წლის 20 ნოემბერს.

ქართველმა ერმა, გრანდიოზული სამგლოვიარო ცერემონიალით დაკრძალა, უდიდესი მეცნიერი და მწერალი. ქაშვეთის ეკლესიასთან დასვენებული მისი ცხედარი ტაძრის ზარების რეკვით დაიტირა ერმა. რუსთაველის პროსპექტს უამრავი ხალხი მოაწყდა. პროცესიის მონაწილეებმა, რომელსაც პავლეს მეგობრის შვილი, ზვიად გამსახურდია ხელმღვანელობდა სცადეს მისი ცხედრის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვენება, მაგრამ ხელისუფლებასა და კომპარტიის ცკ-ს თითქოს გარდაცვლილი ინგოროყვასიც ეშინოდათ. მათ ქართული ცოდნის ტაძრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ახალგაზრდების ბრძოლის მიუხედავათ ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო კორდონის გარღვევა, მათ გეზი დიდუბის პანთეონისკენ აიღეს. საბოლოოდ კი, იგი პანთეონის ეზოში შაოსანმა ქალებმა შეასვენეს. ასე რომ, ქართველმა ერმა თავისი საამყო შვილი ღირსეულად გააცილა უკანასკნელ გზაზე.

შთამომავლობამ მისი ღვაწლი ვერ დააფასა. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ლიტერატულურ საზოგადოებას ერქვა მისი სახელი.

ერთადერთი რაც გაკეთდა, ის არის რომ, იმ ქუჩას სადაც დიდი მეცნიერი თითქმის ყოველ დღე, თავისი უშველებელი პორტფელით დადიოდა, მისი სახელი ეწოდა.

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: