Posted by: burusi | 08/08/2009

მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი (1818 — 1875)
მიხეილ თუმრნიშვილის სახელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული რომანტიზმის ისტორიასთანაა დაკავშირებული, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი რეალისტური ხელოვნების პრინციპების დამცველად გვევლინება და ერთი პირველთაგანია იმ მცირერიცხოვან მწერალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხელს უწყობს ქართული კრიტიკისა დაპუბლიცისტიკის განვითარებას.
იმ გვარმა, რომელსაც პოეტი ეკუთვნოდა, ძველიდანვე გამოიჩინა თავი მწერლობაში, ხოლო, ოფიციალური მდგომარეობის მიხედვით, მის წარმომადგენლებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (დაახლოებით, მე-15 საუკუნიდან) საქართველოს სამეფო კარის მდივნის თანამდებობა ეჭირათ. ამ თანამდებობას ასრულებდა რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე მიხეილის მამა თავადი ბირთველ თუმანიშვილიც, ხოლო შეერთების შემდეგ, 1802 წელს, იგი დაინიშნა დუშეთის მაზრის თანამსაჯულად; რამდენიმე წლის განმავლობაში ბირთველი ქალაქის უფროსადაც იყო გორში; ბოლოს კი მან თავი დაანება სამსახურს და ხელი მოჰკიდა მეურნეობას. დედა მიხეილისა, ანა, სომხეთის მელიქის ათანასე მირიმანოვის ასული, თავის დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა და, უმთავრესად, იგი ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას.
თუმანიშვილის ოჯახში კიდევ ცოცხლობდა ლიტერატურული ტრადიციები: საკმარისია აღვნიშნოთ, რომ თვით ბირთველს საკუთარი ხელით გადაუწერია ”ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი ნუსხა და ზოგიერთი სხვა ძეგლიც, ხოლო მისი უფროსი შვილი ავთანდილი ავტორია ლირიკული ლექსებისა, სატირული ხასიათის რამდენიმე დიალოგისა და, რაც მთავარია, მას ეკუთვნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ნარკვევი — ”საქართველოს ქალაქის გორის ისტორია”, პეტერბურგში გამოცემული რუსულ ენაზე 1816 წ.
მიხეილ თუმანიშვილი დაიბადა 1818 წლის 19 მაისს. ბავშვობა მან მამაპაპეულ საფელ ხელთუბანში გაატარა. მალე ბირთველის ოჯახი ქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად და პატარა მიხეილიც 1831 წ. თბილისის გიმნაზიაში შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გიმნაზიაში უხეშად მიმდინარეობდა ადგილობრივ მკვიდრთა გარუსების პოლიტიკა, ხოლო სასწავლო პროცესი მკაცრად იყო მოქცეული ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, გიმნაზიელთა ერთი ჯგუფი, პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლის — სოლ. დოდაშვილის, დემენტიევისა და სხვათა ზეგავლენით, ეცნობოდა თავისი დროის მოწინავე პოლიტიკურსა და ლიტერატურულ იდეებს. ამ ჯგუფში მ. თუმანიშვილი თვალსაჩინო როლს ასრულებდა. საკმარისია ითქვას, რომ პირველი ლიტერატურული ალმანახი, ე.წ. ”ანთოლოგია”, რომელიც გიმნაზიელებს შეუდგენიათ (დაახლოებით 1833 წ.), გადაწერილია მიხ. თუმანიშვილის მიერ. ასევე, მიხ. თუმანიშვილის ინიციატივით გამოსცეს გიმნაზიელებმა ხელნაწერი ჟურნალი რუსულ ენაზე — ”თბილისის გიმნაზიის ყვავილი” («Цветок Тифлисской гимназии»,1835 — 1836 წწ.).
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ”ანთოლოგიაში”, ისე ”ყვავილში” მოთავსებულია 1832 წლის შეთქმულების მონაწილე მწერალთა ნაწარმოებები (გრ. ორბელიანის, ალ. ორბელიანის, გ. ერისთავის, სოლ. დოდაშვილის და სხვათა). ამ თხზულებათა უმეტესობა აშკარა პოლიტიკურ ტენდენციას შეიცავს, რაც ნათლად მიუთითებს გიმნაზიელთა, მათ შორის მ. თუმანიშვილის, სულიერ განწყობილებაზე.
ლიტერატურული წრის წევრთაგან (ესენი იყვნენ: ლ. მელიქიშვილი, მ. ჭყონია, ი. ანდრონიკაშვილი, მ. ბებუთაშვილი, გ. ვარლამოვი, ე. ვილემსი და სხვ.) მ. თუმანიშვილს ყველაზე ახლო კავშირი ნიკოლოზ ბარათაშვილთან ჰქონდა. ჩანს, რომ ეს ურთიერთობა სკოლის ამხანაგთა უბრალო დამეგობრებას სცილდებოდა და ინტელექტურლური ინტერესების სფეროში გადადიოდა.
1836 წ. მ. თუმანიშვილმა დაამთავრა გიმნაზია და 1837 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო ე. წ. ”საქართველოს სახაზინო ექსპედიციაში” (შემდგომ — ”სახაზინო პალატა”), ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს ”ამიერკავკასიის მხარის მმართველობის დებულების პროექტის შემდგენელ კომისიაში”. სამსახურის დაწყების პირველ ხანებში მ. თუმანიშვილი, როგორც ჩანს, დროს პოულობდა პოეტური შემოქმედებისათვის და წინანდელ ურთიერთობას არ წყვეტდა ძველ მეგობრებთან. ამავე დროს მეგობართა წრეც გაფართოვდა: მ. თუმანიშვილი დაუახლოვდა კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელს ფადეი ლადა-ზაბლოცკის, მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ნიჭიერ ახალგაზრდას.
ზაბლოცკიმ პოლონურად თარგმნა მ. თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ”ფიალა” და, როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, ”თითქოს საკმაოდ მარჯვედ” (ეს თარგმანი შემდეგ დაიბეჭდა ლადა-ზაბლოცკის თხზულებათა ლაიფციგის გამოცემაში). თვით მ. თუმანიშვილი ზაბლოცკის აწვდიდა მასალებს ”ქართული ლიტერატურის მოკლე ნარკვევის” დასაწერად პოლონურ ენაზე. მაგრამ გადის წლები და მ. თუმანიშვილი დროებით სცილდება ლიტერატურას, რადგან სახელმწიფო სამსახური მას თანდათან ბოჭავს; ამას ემატება დაოჯახებაც. მ. თუმანიშვილი მალე მრავალრიცხოვანი ოჯახის მამა გახდა. მის თორმეტ შვილთაგან ორნი — გიორგი და ანასტასია — ქართულ მწერლობაში საკმაოდ ცნობილი პირები არიან.
მ. თუმანიშვილი მალე დაწინაურდა სახელმწიფო სამსახურში. 1858 წლის დეკემბრიდან იგი ხელმძღვანელია კავკასიისა და ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო მოწყობის საქმეთა განყოფილებისა და ამზადებს მასალებს საგლეხო რეფორმისათვის კავკასიაში. შემდეგ მ. თუმანიშვილი ინიშნება ”მემამულეთა გლეხების მომწყობი ამიერკავკასიის კომიტეტის” საქმეთა მმართველად. მართებულად აღნიშნავს პროფ. ალ. ხახანაშვილი, რომ მან ”თავის მხრებზე გადაიტანა კავკასიაში საგლეხო რეფორმის შემოღებისათვის საჭირო შავი სამუშაოს მნიშვნელოვანი წილი”[1].
მართალია, მ. თუმანიშვილი თანაგრძნობით შეხვდა საგლეხო რეფორმას და გლეხთა განთავისუფლება გარდაუვალ მოვლენად მიიჩნია, მაგრამ მისი პოზიცია ამ შემთხვევაში მხოლოდ ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურობის თვალსაზრისს გამოხატავდა. 1864 წლიდან მ. თუმანიშვილი ინიშნება გლეხთა მოწყობის საქმეთა კანცელარიის დირექტორად და ”გლეხთა მოწყობის კომიტეტის” საქმეთა გამგედ. 1874 წ. მას ნიშნავენ მეფისნაცვლის მთავარი სამმართველო საბჭოს წევრად.
მ. თუმანიშვილი მონაწილეობას იღებს მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში: იგი იყო ქართული თეატრისა და ჟურნალის აღორძინების ერთ-ერთი ინიციატორი, მონაწილეობდა თბილისის პირველი კერძო ბიბლიოთეკის დაარსებაში, ითვლებოდა კომიტეტის წევრად, რომელსაც უნდა შეედგინა სათავადაზნაურო ბანკის წესდება და პროექტი და სხვ.
მ. თუმანიშვილი გარდაიცვალა 1875 წლის 2 თებერვალს[2].

∗ ∗ ∗

მწერლობისადმი სიყვარულმა მ. თუმანიშვილში ადრე გაიღვიძა. ჯერ კიდევ 14 — 15 წლის ყმაწვილი, იგი თავს უყრის ლიტერატურულ ძალებს გიმნაზიაში და, რომლის დიდი ნაწილი თვით მ. თუმანიშვილის ორიგინალურსა და თარგმნილ ლექსებს უჭირავს. ”ანთოლოგიაში” მოთავსებულია მის მიერ კრილოვიდან თარგმნილი ”ფოთოლნი და ფესვნი”, ”სირი და ჭვინტა”, ”ბაყაყნი, მთხოვნელნი მეფისა”, ნაწყვეტი პუშკინის პოემიდან ”კავკასიის ტყვე”, ხოლო ორიგინალური ლექსებიდან — იდილია ”მირტილი” და ”კახეთს”[3].
მ. თუმანიშვილის ეს ლექსები ჯერ კიდევ მოუმწიფებელ შემოქმედს ამჟღავნებენ და მოწმობენ, რომ მათი ავტორი საკუთარი პოეტური ხმის ძიებაშია. ამ პერიოდში მ. თუმანიშვილი წერდა რუსულ ენაზეც. მისი რუსული ლექსები, გრაფ გორსკის ხელმოწერით, მოთავსებულია ”თბილისის გიმნაზიის ყვავილში”. ასეთებია: ”პოეტი და ზეშთაგონება”, ”ელეგია”, ”განმარტოება”, ”კავკასია”, ”მეგობარს”, ”მოგონება” და სხვ.[4]. ეს ლექსები მოდური ლიტერატურის გავლენის კვალს ამჟღავნებენ; ჭაბუკი ავტორი ცხოვრებაზე გულგატეხილი და პესიმიზმით შეპყრობილი ადამიანის პოზაში წარმოგვიდგება.
როდესაც ამგვარად წერს 17 — 18 წლის ახალგაზრდა და თანაც დაკარგულ ბედნიერებასა და სიჭაბუკის დღეებს დაჟინებით მისტირის, ცხადია, ყოველივე ეს დამაჯერებლად არ ჟღერს და ღრმად განცდილის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. არ ჩანს, რომ ეს იყო დიდი მედიტაციის საფუძველზე წარმოქმნილი ტკივილები. ამ შემთხვევაში პოეტი უფრო თავისი დროის გავრცელებულ განწყობილებებს გამოხატავს.
მ. თუმანიშვილის ამდროინდელ ლექსებში აშკარად იგრძნობა ა. პუშკინის გავლენა როგორც თემატიკის, ისე ფორმის მხრივ. პუშკინის სტანსებს («Брожу ли я в доль улиц шумных») ეხმაურება მ. თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი რუსულ ენაზე — ”ელეგია”; პოშკინის ”კავკასიის” მიბაძვითაა გაცოცხლებული კავკაიონის ზვიადი ბუნება მ. თუმანიშვილის ანალოგიური სახელწოდების ლექსში.
ეს ინტერესი პუშკინისადმი შემდეგაც ვლინდება; 1837 — 38 წლებში (ესაა მ. თუმანიშვილის პოეტური სიმწიფის პერიოდი) კვლავ თავს იჩენს პუშკინის პოეზიის მოტივები და შემთხვევითი არაა, რომ როგორც მთარგმნელი, მ. თუმანიშვილი მხოლოდ პუშკინისადმი ამჟღავნებს საგანგებო ინტერესს. ამ ხენებში მან თარგმნა პუშკინის ”კ-სადმი” («Я помню чудное мгновенье»), ”ადელს”, გადმოაკეთა ”ღამე” («Зимний вечер»), ”მაჰმადი” («Пророк»), ”მუჯასამი” («Черная шаль») და სხვ. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. თუმანიშვილს სრულად უთარგმნია ”ბაღჩისარაის შადრევანი”, ხოლო უფრო მოგვიანებით დაუწყია ”ქვის სტუმრის” თარგმნაც (”ღამის სტუმარი”), თუმცა ვეღარ დაუსრულებია.
მ. თუმანიშვილი ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია პუშკინისა, მისი საკმაოდ მელოდიური თარგმანები უმეტეს შემთხვევეში გადმოსცემენ დედნის საერთო განწყობილებას.
მ. თუმანიშვილის ორიგინალური ლექსები მრავალრიცხოვანი არაა. უმეტესი მათგანი გამოიცა 1881 წ. მწერლის შვილის — გიორგი თუმანიშვილის ინიციატივით. ამ ლექსთაგან რამდენიმე იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, ასეთებია: ”უდაბნო”, ”სალამური”, ”ჩონგური”, ”ტირიფი”, ”ელეგია”, ”როდის იქნება…” და სხვ. პოეტის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში ”უდაბნო” (რომელიც, ავტორისავე შენიშვნით, ბაირონის მიბაძვას წარმოადგენს) პესიმისტური განწყობილებანი ვლინდება. მ. თუმანიშვილი თავის თავს უდაბნოში განმარტოებით მდგარ, ”ციურის ცეცხლით გულჩამომწვარ”, რტოებდამჭკნარ ხეს ადარებს:

ეს არს, მოყვასნო, გლახ ჩემი ბედი!
მეც ეგრეთ ვიქმენ დღეგანამწარი:
ვერღა მეახლოს ტკბილი იმედი,
ვეღარ აღყვავდეს მით გული მჭკნარი![5]

ასეთივე პესიმიზმითაა აღბეჭდილი მ. თუმანიშვილის ზოგიერთი სხვა ლექსიც, რომლებშიც ავტორი ცხოვრების წარმავლობასა და ამაოებაზე ლაპარაკობს.
პოეტის ასეთ უიმედო განწყობილებას კიდევ უფრო აძლიერებდა იმის შეგნება, რომ ”განვლილთა დღეთ და სიტკბოებათ” მოგონებას აღარ შეეძლო დაკარგული ბედნიერების დაბრუნება:

თვალთ დაბინდებულთ ვერღა იხილონ
გაზაფხულისა დღენი მაშვენნი;
მოგონებათა ვერ აღადგინონ
სიჭაბუკისა მხიარულ წელნი.[6]. (”ჩონგური”)

არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს იმ გარემოებას, რომ მ. თუმანიშვილის პოეზიაში ხანდახან იმედიანი განწყობილებაც იჩენს თავს. ერთ უსათაურო ლექსში, რომელიც უდავოდ ა. პუშკინის ლექსის (”კერნისადმი”) მიბაძვას წარმოადგენს, პოეტი ”ნუგეშცემული” და დამშვიდებული ადამიანის სახით წარმოგვიდგება:

და დაამშვიდე გრძნებისა ძალით
სულისა ჩემის აღრეულება
და ნუგეშცემით და სასოებით
განსდევნე ფიქრთა შეცთომილება.
… და აწ უკეთუ ოდესმე ხელნი
შეეხებიან ჩანგისა ალყას,
მყის თვალთ მომივლენ სიამის ცრემლნი
და ენა აქებს თავისუფლებას[7]. (”ვით მოგზაური…”)

ანალოგიური განწყობილებით ხასიათდება აგრეთვე ლექსი ”იქნება ჯერეთ…” მაგრამ მ. თუმანიშვილის პოეზიის საერთო ტონს მაინც პესიმისტური განწყობილებანი ქმნიან. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსი — ”სალამური”, რომელიც პოეტის გაცრუებული იმედების რექვიემს წარმოადგენს.
იგონებს რა წარსულ დროს, როდესაც სალამური ”არაკრაკებდა სიხარულით და ხმანი მისი განიბნევიდნენ ყრუსა არეს მოუთმენელად”, გულგატეხილი პოეტი გამომწვევად მიმართავს ”მაცთურ ამაოებას”:

იყო დრო… მაგრამ, ჰე, მაცდურო ამაოებავ,
რად დამინელე ოქროვანი ხატი ოცნების?!
რად დამდე ჯაჭვი დამონების?! რად მიმიზიდავ
აღელვებაში ამა სოფლის დაუდგრომელის,
სადაც გრილდება მგოსანისა მხურვალე გული,
სადაც ჰსჭკნებიან უწმინდესნი სულის გრძნობანი,
სად სალამური მექმნა ჟღერით დაყრუებული
და უპასუხოდ განიფანტნენ ტკბილნი შტვენანი[8].

ცხადია, პოეტის ზემოაღნიშნული განშყობილებანი, საერთოდ, ახალი არ იყო ქართული რომანტიზმისათვის. ჩვენი რომანტიკოსების უფროსმა თაობამ, ალ. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის სახით, ყოველივე ეს უფრო ადრე გამოხატა. მაგრამ ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტეროსოა აღინიშნოს, რომ ლექსი ”სალამური” როგორც მოტივის, ისე განწყობილების და, განსაკუთრობით, მიმართვის ფორმის მხრივ დიდად ემსგავსება ნ. ბარათაშვილის ”სულო ბოროტოს”.
ეს მსგავსება შეამჩნია ჯერ კიდევ მ. თუმანიშვილის ლექსთა კრებულის პირველმა რეცენზენტმა ი. მაჩაბელმა. მაგრამ მანვე შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში ნ. ბარათაშვილის გავლენასთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც მ.თუმანიშვილის ეს ლექსები, და მათ შორის ”სალამურიც”, დაწერილია 1837 — 1838 წლებში.
მ. თუმანიშვილის დანარჩენ ნაწარმოებებშიც (”ტირიფი”, ”როდის იქნება…” და სხვ.) რომანტიკული განწყობილებანი იჩენს თავს. სევდაშემოწოლილი პოეტი ხშირად თავდავიწყებას ცდილობს და ე. წ. ანაკრეონტულ მოტივებს მიმართავს (”ღამე”, ”ფიალა”); ზოგჯერ პოეტი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ”ანუგეშებს ბედსა კაცობრივს ბნელსა და მწირსა” (”როდის იქნება”…). როგორც ვხედავთ, თავისი განწყობილებებით მ. თუმანიშვილი გარკვეულად უახლოვდება ჩვენს დიდ რომანტიკოსებს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ საქმე გვაქვს ერთი და იმავე ეპოქის და სკოლის პოეტებან, რომელთა მსგავსი განწყობანი და ლიტერატურული ტენდენციები ერთსა და იმავე სოციალურ ნიადაგზე იყო აღმოცენებული.
მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, მ. თუმანიშვილის პოეზიის თემატიკა, საერთოდ, რა თქმა უნდა, განუზომლად შეზღუდულია. მწერლის პოეტიკური ხედვა მხოლოდ, საკუთარი ემოციური სამყაროსაკენაა მიმართული და გარეშე საგნები და მოვლენები მას ნაკლებად აინტერეტებს. მ. თუმანიშვილმა ვერ შეძლო ჩაწვდომოდა და პოეზიის ენაზე გადმოეცა ის დიდი პრობლემები, რომლებიც აღელვებდა მის გენიოს მეგობარს ნ. ბარათაშვილს.
მ. თუმანიშვილის ლექსების ნაზი და ნაღვლიანი ტონიც საკმაოდ განსზვავდება არა მარტო ნ. ბარათაშვილის, არამედ, საერთოდ მებრძოლი რომანტიკოსების ვაჟკაცური და შემმართებელი ტონისაგან.
ამ ლექსებში აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საგნები და მოვლენები პოეტის უიმედო განწყობილების მიხედვით იქნეს შერჩეული. ამ მხრივ დამახასიათებელია ”გულჩამომწვარი” ხე, ”ჟღერით დაყრუებული” სალამური, ”დაცლილი ფიალა” და სხვ. როგორც ორიგინალური, ისე გადმოკეთებული და თარგმნილი ლექსების სათაურების შერჩევაც შეესაბამება ამ ტენდენციას (მაგალითად: ”უდაბნო”, ”ღამე”, ”ელეგია” და სხვ.).
მ. თუმანიშვილი, როგორც ლექსის ოსტატი, განსაკუთრებით არ გამოირჩევა, თუმცა მკითხველის ყურადღებას მაინც იქცევს ზოგჯერ მოხდენილი პოეტური გააზრება, ლექსის მელოდიურობა, უმეტეს შემთხვევაში სრული რითმა. მაგრამ, ბუნებრივია, იგი იჩრდილება დიდი თანამედროვეების — ალ. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის გვერდით და მისი პოეზია, როგორც ეპოქის გარკვეული ტენდენციების გამომხატველი, ამჟამად მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილებასღა წარმოადგენს.

∗ ∗ ∗

მ. თუმანიშვილის მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. უნდა ითქვას, რომ ლიტერატურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებისადმი ინტერესს მ. თუმანიშვილი ჯერ კიდევ გიმნაზიის წლებში იჩენდა: ”გიმნაზიის ყვავილში” მოთავსებულია წერილი — ”დღესასწაული თელეთობა”, კომპილაციური ხასიათის სტატიები: ”შეხედულება ძველი სამყაროს მოვლენებზე”, ”ზოგადი წარმოდგენა შუა საუკუნეების მდგომარეობაზე”; ”ყვავილშივეა” მოთავსებული მ. თუმანიშვილის მიერ თარგმნილი სოლ. დოდაშვილის ნარკვევები: ”მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა” და ”მეფობა ირაკლის მეორისა” (რომლებიც დაბეჭდილი იყო ჟურნალში ”სალიტერატურონი ნაწილნი…”, 1832, № 1, 2, 3) და სხვ. მაგრამ ყველაზე მნიშვენლოვანი, რაც ამ მხრივ მ. თუმანიშვილმა დაგვიტოვა, უმთავრესად შექმნილია გასული საუკუნის 50 — 60-იან წლებში, ე. ი. იმ დროს, როდესაც იწყება კრიტიკული აზრის გამოცოცხლება და მწერლობაში რეალისტური ტენდენციები მკვიდრდება. მ. თუმანიშვილი, რომელიც 40-იანი წლებიდან თანდათან ჩამოშორდა ლიტერატურას, კვლავ ჰკიდებს კალამს ხელს. შორს იყო უკვე ის დრო, როდესაც ჭაბუკს რომანტიკული მისწრაფებები აწვალებდნენ. მ. თუმანიშვილი სწრაფად ერკვევა გართულებულ სოციალურ ურთიერთობაში, ხვდება, რა სახეს იღებს საზოგადოებრივი ყოფა, რა მოთხოვნილებებს უყენებს ეს უკანასკნელი მწერლობას და, სავსებით შეგნებულად იგი რეალისტური ხელოვნების მხარეზე დგაბა. თავის კრიტიკულ-პუბლიცისტურ სტატიებში მ. თუმანიშვილი ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურობის თვალსაზრისზე მდგომ პროგრესულად მოაზროვნე მწერლად გვევლინება.
უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართული სალიტერატურო კრიტიკა გარკვეული ლიტერატურული სკოლების ტენდენციების გამომხატველია და , შეიძლება ითქვას, რომ ამ ხანებში, მხატვრული რეალისტური სკოლის დამკვიდრებასთან ერთად, რეალისტური სალიტერატურო კრიტიკაც ყალიბდება. მართალია, ეს უკანასკნელი ახალი ესთეტიკის პრინციპების ყოველმხრივ დასაბუთებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მაგრამ უკვე კატეგორიული განცხადება რეალისტური მწერლობის, რეალისტური მეთოდის საჭიროებასა და უპირატესობაზე ხშირია. მ. თუმანიშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ამ მხრივ მეტად საყურადღებო შენიშვნებს აქვეყნებს.
ჯერ კიდევ 1852 წელს გაზ. ”კავკაზში” (№ 41) მან მოათავსა რეცენზია, ”მიხაკო და ნინას” სათაურით, რუსი მწერლის მ. ლივენცოვის რომანზე ”ქართული იდილია”. რეცენზენტი ლიტერატურას სინამდვილის რეალისტური ასახვის თვალსაზრისით აფასებს. იგი წერს: ”ჩვენს დროში პოეზია ხომ იქ არის, სადაც
ჭეშმარიტებაა; ჩვენს დროში მეოცნებე პოეზიამ ადგილი დაუთმო უბრალოსა, მაგრამ თავისი უბრალოებით მაღალსა და შთაგონებულ არსებითს. ამჟამად ჩვენ გვიტაცებს დიკენსი, გოგოლი, გესნერისადმი ჩვენ რწმენა დავკარგეთ”.
ამ დაპირისპირებით დიკენსისა და გოგოლისა გესნერისადმი[9] მ. თუმანიშვილი არსებითად რეალისტურსა და სენტიმენტალისტურ-რომანტიკულ მიმართულებებს უპირისპირებს ურთიერთს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამჟამად მხოლოდ რეალისტური ხელოვნება პასუხობს მკითხველი საზოგადოების მოთხოვნილებასო.
ეხება რა ლივენცოვის ნაწარმოებს, მ. თუმანიშვილი მიუთითებს, რომ ეს ”იდილია” პრიმიტიულია; ავტორი არ იცნობს ადგილობრივ ყოფას, ტრადიციას, ზნე-ჩვეულებებს; ყოველივე ამას დამახინჯებულად გადმოგვცემს. ამიტომ, კითხულობს რეცენზენტი: ”როტომაა ეს ქართული იდილია?” მწერალი მარტივი დაკვირვების უნარსაც ვერ იჩენს. ლივენცოვი ვერ გვაძლევს ქართველი გლეხის ტიპს; მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ნინას მამა დიმიტრი, არაფრით არ ჰგავს ჩვენებურ გლეხს: ”…მის ვერც ძალზე მდიდრულ ტანსაცმელში, ვერც ხასიათში, ვერც მეტყველების მანერაში თქვენ ვერ იცნობთ ქართველ გლეხს, ხოლო მისი ბინის მოწყობილობაში, რომელიც წარმოადგენს აზიურისა და ევროპულის რაღაც ნარევს, თქვენ ვერ იცნობთ ქართულ სოფლურ სახლს”.
შემდეგ რეცენზენტი კიდევ უფრო აზუსტებს თავის მსჯელობას: ”თქვენ იცნობთ ქართველ გლეხს, როგორც უბრალო ადამიანს და ბუნებით საკმაოდ ჯიუტს, რომელიც გარკვეულ შემთხვევაშიც კი, როდესაც დოვლათი გააჩნია, თავის თავს ფუფუნების ნებას არასოდეს მისცემს, იმიტომ თქვენ უფდება გაქვთ ყალბად მიიჩნიოთ ფერები, რომლებშიც იდილისტმა გლეხი წარმოგიდგინათ. ხოლო თუ ვინმე დაიწყებს მტკიცებას, რომ არსებობენ, უსათუოდ არსებობენ ასეთი სოფელიც და ასეთი ტ ი პ ე ბ ი ც , მაშინ თქვენ გაბედულად უპასუხებთ მას, რომ ისინი ან საერთოდ არ არებობენ, ანდა შეიძლება  არსებობენ სადმე, მაგრამ გამონაკლისის სახით, და რომ ასეთი სოფელი და ასეთი ტიპები არასოდეს არ მოგვცემენ ნამდვილ წარმოდგენას ს ა ე რ თ ო დ არც ქართულ სოფლებსა და არც ქართულ ტიპებზე”.
უნდა ითქვას, რომ მ. თუმანიშვილი პირველი კრიტიკოსია ქართულ მწერლობაში, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ტიპიურობის საკითხის მნიშვნელობა და იზიარებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ გავრცელებულ შეხედულებას ტიპიურის შესახებ. ამიტომაა, რომ იგი ხაზგასმით აღნიშნავს: გამონაკლისი არ შეიძლება იყოს ტიპიური და იგი ვერ მოგვცემს წარმოდგენას საერთოდ ვერც ქართულ სოფელსა და ვერც ქართულ ტიპზეო. მ. თუმანიშვილი აცხადებს, რომ, ლაპარაკობს რა ლივენცოვის მოთხრობაზე, მას მხედველობაში აქვს აგრეთვე სხვა ნაწარმოებებიც ასეთივე ღირსებისა. კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე უკვე ბევრი იწერება. ეს მისასალმებელია, რადგან ”ბელეტრისტიკას შეუძლია მოიტანოს დაუფასებელი სარგებლობა. რასაც სამეცნიერო ლიტერატურა ჩვენ გადმოგვცემს მშრალი, თუმცა სწორი ფაქტებით რომელიმე ადგილის, მასზე დასახლებული ხალხის შესახებ, მისი შინაგანი და ისტორიული ცხოვრებით, მას ბელეტრისტიკა გაამშვენებს და მოსავს ცოცხალი ფორმებით”. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი თხზულება, გარდა ახუნდოვის კომედიებისა, არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, რადგან მათ ავტორებს აკლიათ მთავარი, ”რაც უნდა იყოს ყოველი ნაწარმოების ძირითადი ელემენტი, არ აქვთ მხარის უშუალო, ნამდვილი ცოდნა, მათ ვერ მოახერხეს, თუ არ მოინდომეს, გაეცნოთ იგი, ჩაწვდომოდნენ ღრმად მის შინაგან ცხოვრებას”. და რეცენზენტი დასძენს, რომ მსგავსი რომანები ხელს უშლიან კავკასიაზე სწორი წარმოდგენის შექმნასო. მ. თუმანიშვილს ესმოდა, რომ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ასე ეგზოტიკურად დანახვა აფერხებდა რეალისტური ტენდენციების განვითარებას როგორც რუსულ, ასევე ქართულ მწერლობაში.
ეს თვალსაზრისი, ამ ერთ-ერთ პირველ დაბეჭდილ რეცენზიაში გამოვლენილი, გასდევს მ. თუმანიშვილის ყველა მომდევნო წერილს და ავტორი ბოლომდე რეალისტური ხელოვნების დამცველად რჩება.

∗ ∗ ∗

ამავე პერიოდშია უპირატესად დაწერილი მ. თუმანიშვილის სათეატრო წერილები, რომლებშიც იგი გვევლინება პირველი ქართველ თეატრალურ კრიტიკოსად და ერთგვარად ქართული თეატრის მემატიანის როლსაც კისრულობს. პირველი წერილი — სათაურით ”ქართული თეატრი” — მ. თუმანიშვილმა მოათავსა 1852 წლის ”კავკაზის” მე-10 და მე-11 ნომრებში. მ. თუმანიშვილი ფიქრობს, რომ ”სცენიური ხელოვნება არასდროს არ იყო ცნობილი საქართველოში”. განათლებას, რომელიც ძველადვე დაეუფლა ამ მხარეს ქრისტიანობასთან ერთად, ყველა სასიცოცხლო ელემენტი არ შემოუტანია და მისი გავლენა უმთავრესად დამწერლობაზე აისახა. ამიტომ გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ქართული თეატრის დაფუძნებაო. მ. თუმანიშვილი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ქართული თეატრის რეპერტუარზე და აღნიშნავს, რომ გ. ერისთავმა აქაც გამოიჩინა უნარი, დაწერა პიესები და შემდეგ ამავე ასპარეზისაკენ წააქეზა თავისივე მსახიობები. გაგიგონიათ ოდესმე სახელები ანტონოვისა, ჯაფარიძისა, დვანაძისა, მეიფარიანისა? — კითხულობს რეცენზენტი, — ესენი არიან ჩვენი ლენსკები, კარატიგინები, გრიგორიევები, ჩვენი მსახიობი-მწერლები. უკანასკნელ დროს თითქმის მხოლოდ მათ პიესებს ეყრდნობა ქართული სცენაო. მ. თუმანიშვილის ღრმა რწმენით, ”სცენის კაპიტალური საფუძველი” რეპერტუარის გარეშე არ არსებობს. მის ღირსებაზე დიდადაა დამოკიდებული დასის წარმატება, ურთიერთობა თეატრსა და საზოგადოებას შორის. მაგრამ კრიტიკოსი სვამს კითხვას: საჭიროა თუ არა ადგილობრივ სცენაზე შემოვიტანოთ სიუჟეტები სხვა ხალხის ცხოვრებიდან, მიიღებს თუ არა ქართული სცენა ამ უცხო ზნე-ჩვეულებებს, ინტრიგებს, რომლებიც არაფრით არ ეგუებიან ადგილობრივს? მ. თუმანიშვილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს: ამ უცხოურის არც შემსრულებლები გამოჩნდებიან და მას ვერც მაყურებელი გაიგებსო. მაყურებელი მხოლოდ მაშინ მოვა მოსასმენად, როდესაც ყოველივე ეს შეფარდებული იქნება ადგილობრივ ზნე-ჩვეულებებთან, მოვლენებთან, იუმორთან. მაგრამ მ. თუმანიშვილი პრინციპულად არც ამ უკანასკნელ მოსაზრებას უჭერს მხარს. იგი, საერთოდა, ილაშქრებს ”სესხების” წინააღმდეგ და თვლის, რომ ქართული თეატრის რეპერტუარი ამ გზით ვერ აღორძინდება.
მ. თუმანიშვილი პირველი ქართველი თეატრალური კრიტიკოსია, რომელსაც სავსებით შეგნებული და ჩამოყალიბებული აქვს ქართული ეროვნული დრამატურგიის ხასიათი და მისი მნიშვნელობა.
საინტერესოა მ. თუმანიშვილის მომდევნო მსჯელობაც, რომ კომედიის დამკვიდრებამ ქართულ სცენაზე არ უნდა განდევნოს დრამის სხვა სახეები: ”განვსაზღვრეთ რა, რომ ქართული სცენის დანიშნულება უპირატესად კომიკურია და ამასთანვე დამოუკიდებელი, ამავე დროს არ უნდა შევზღუდოთ იგი დრამატურგიის სხვა სახეებშიც, მაგრამ იმ პირობით, რომ მათთვისაც შინაარსი ვისესხოთ ცხოვრებიდან ამავე მხარისა, რომელიც აღსავსეა ამდენი დრამებით, სახელგანთქმული გადმოცემებით”[10].
ავტორს მიაჩნია, რომ რომელიმე დრამა, აღებული ადგილობრივი ცხოვრებიდან და მხარის მთელი პოეტური კოლორიტით შემოსილი, ამეტყველებული რუსთაველის ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ფაქიზი ენით, ანდა ენით ალ. ჭავჭავაძისა, ნ. ბარათაშვილისა, გრ. ორბელიანისა, იმავე გ. ერისთავისა, გამოიხმობს მწერალთა მთელ თაობას. ამდენად, ქართულ თეატრს კიდევ მეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ხალხის ზნეობის ჩამოყალიბებისათვის, არამედ ეროვნული ლიტერატურის აღორძინებისათვისაც.
ამავე წერილში მ. თუმანიშვილი ეხება გ. ერისთავის კომედიებსაც — ”დავას”, ”ძუნწს”, ”გაყრას” და აღნიშანავს, რომ მათ ავტორს აქვს დაკვირვებისა და მასალის შერჩევის დიდი უნარი. გ. ერისთავმა ”…შეძლო ადგილობრივი ცხოვრებიდან დაეჭირა და გადმოეცა დამახასიათებელი, შეძლო გაეცოცხლებინა იგი ადგილობრივი კოლორიტით, შეეზავებინა ადგილობრივი იუმორით. ასე, მაგალითად, კომედია ”დავაში” ჩვენს წინ წარმოდგება ქართველი მემამულეების მთელი ცხოვრება, მათ ნამდვილ გარემოში, მთელი ვნებებითა და ინტერესებით, უცნაურობითა და რწმენით. აქ თითოეული სახე მთელი პოემაა რამდენიმე თავად და სიმღერად”[11].
მ. თუმანიშვილის მომდევნო სტატია სათაურით ”კვლავ ქართული თეატრის შესახებ” (ფელეტონი) გამოქვეყნდა ”კავკაზშივე” 1855 წელს (№ 8). მასში თითქმის იგივე საკითხებია წამოჭრილი, რაც პირველში და ავტორი არსებითად ისევ ქართული რეპერტუარის საჭირბოროტო საკითხს უბრუნდება.
წერილში კრიტიკოსი მაშინდელი ქართული დრამატურგიის წინსვლის არცთუ მაინცდამაინც სახარბიელო სურათს ხატავს; იგი ხაზს უსვამს, რომ ქართული დრამატურგია ვერ აკმაყოფილებს ქართულ სცენას და ამ უკანასკნელის მზარდ მოთხოვნილებებს კვალდაკვალ ვერ მიჰყვება: ”მაგრამ რეპერტუარი, რეპერტუარი! ბატონებო, რეპერტუარი ჰგოდებს. თავად ერისთავის ორი-სამი პიესა. ამდენივე განსვენებული ანტონოვისა, ესაა და ეს! მაგრამ შეუძლია თუ არა არსებობა თეატრს, თუ იგი რეპერტუარით არ იქნება უზრუნველყოფილი? ამაზე უნდა ვიზრუნოთ განსაკუთრებით ახლა, როდესაც ხალხში იღვიძებს ასეთი მოთხოვნილება და არსებითი რწმენა სცენიური სანახაობისადმი”.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ რეპერტუარის ჩამორჩენილობით შეშფოთებულმა მ. თუმანიშვილმა ენერგიულად მოუწოდა ქართველ მწერლებს ხელი შეეწყოთ ეროვნული თეატრის განმტკიცებისათვის. იგი სტატიას ამთავრებს მიმართვით: ”თქვენ, უპატივცემულესო ქართველო მწერლებო და, თუკი მოიპოვებით, მ წ ე რ ა ლ ო ქ ა ლ ე ბ ო , თქვენ შემოგღაღადებთ ნორჩი ქართული სცენა! წარმართეთ თქვენი ცოდნისმოყვარული მისწრაფებანი მისდა სასარგებლოდ, უწილადეთ მას თქვენი ნაყოფიერი მოცლილობის ნაწილი, დაასაჩუქრეთ იგი პიესებით…”, მსახიობები შესაფერისად განასახიერებენ თქვენს ქმნილებებს, ხოლო მაყურებლები აღურიცხველი ტაშით მოგიზღავენ სამაგიეროსო[12].
მაგრამ იმის შემდეგ, რაც ქართულმა თეატრმა არსებობა შეწყვიტა, მ. თუმანიშვილის თეატრალურ მოღვაწეობასაც გამოეცალა საფუძველი. მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ იგი სპეციალურად კვლავ დაუბრუნდა ქართული თეატრის საკითხებს და 1867 წელს გაზ. ”დროებაში” მოათავსა რეცენზია — ”ქართული წარმოდგენა ტფილისში”. ამ წელს თბილისში დაუდგამთ ”მაიკო”, რომელიც შეცდომით გ. ერისთავისათვის მიუკუთვნებიათ, ნამდვილად კი იგი წარმოადგენს პავლე კამენსკის ამავე სახელწოდების რომანის გადაკეთებას პიესად ბეკლემიშევის მიერ. რეცენზენტი იწუნებს პიესას, რადგან მას ქართული არაფერი აცხიაო. ეს რეცენზია წინანდელი წერილების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ავტორი კვლავინდებურად ხელოვნების რეალისტურ თვალსაზრისზე მდგომ კრიტიკოსად გვევლინება.
მ. თუმანიშვილი მიუთითებს, რომ ”ვჰხედავთ, ისმიან სახელები და არ ინახვებიან ნამდვილი სახეები”, — სინამდვილე არ ჩანს, ხასიათები ცხოვრებიდან არ არის აღებული, პერსონაჟების მეტყველება მათ მდგომარეობასა და ბუნებას არ შეეფერება. მსახიობებიც შეზღუდულად გრძნობდნენ თავს და ამიტომ იყო, რომ საზოგადოებამაც არ მიიღო პიესაო. სამაგიეროდ 13 მაისს წარმოდგენილმა ზ. ანტონოვის პიესამ ”ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა” გამოასწორა მდგომარეობა: ”აი რას ნიშნავს ის, როდესაც მწერალი არ გამოუდგება თვალდახუჭვით მიბაძვას და აღრჩეულს ცხოვრებიდან საგანს წარმოავლენს ისე, როგორც არის ის ნამდვილად. რასაკვირველია, საჭიროა, რომ ჰქონდეს იმას ნიჭი აღრჩევისაც და წარმოვლენისაც. უნდა ვჰსთქვათ, რომ
ანტონოვის პიესა არ არის არც მეტად ღრმად ნაფიქრები და არც დიდის დრამატიკულის მოძრაობით სავსე. მაგრამ რაც არის იმაში, არის იჭვ-გარეთ მართალი: ეს გრძნობა, ეს ფიქრები, ეს ლაპარაკი უსათუოდ ეკუთვნიან იმ პირთა, რომელნიც პიესაში არიან გამოყვანილნი”[13]. რეცენზენტი მხატვრულ ნაწარმოებს და, კერძოდ, დრამატურგიას დიდ ამოცანებს უსახავს. დრამატულმა ნაწარმოებმა (როგორც ჩანს, უმთავრესად აქ იგი კომედიას გულისხმობს) უნდა ასახოს რთული საზოგადოებრივი ურთიერთობანი და ძველისა და ახლის წინააღმდეგობა.
მ. თუმანიშვილის სათეატრო წერილები, როგორც მიმოხილვიდან ჩანს. უდავოდ ანგარიშგასაწევია ჩვენი წარსული კულტურის გასათვალისწინებლად. ამ წერილებში ავტორმა არა მარტო მთელი რიგი საინტერესო ფაქტები მოგვეწოდა ქართული თეატრის ისტორიიდან, არამედ, რაც მთავარია, განსაზღვრა ეროვნული თეატრის წარმატებისა და წარუმატებლობის მთავარი მიზეზები და პირველმა შეიგნო და დასახა ქართული დრამატურგიის განვითარების ჭეშმარიტი გზა, რომელიც, კრიტიკოსის ღრმა რწმენით, რეალისტური ხელოვნების განვითარებასთან იყო დაკავშირებული.

∗ ∗ ∗

ი. კერესელიძის მიერ განახლებულ ”ცისკრში” მ. თუმანიშვილმა თანამშრომლობა დაიწყო როგორც პუბლიცისტმა. ჟურნალის განყოფილებაში ”სხვა და სხვა ამბავი” იგი ათავსებდა ე. წ. ”სალაყბო ფურცელს” მ ო ლ ა ყ ბ ი ს ფსევდონიმით. მ. თუმანიშვილის ამ სტატიებმა განსაკუთრებული გამოხმაურება პოვა: ძველი თაობა მტრულად შეხვდა მოლაყბის პირუთვნელ სიტყვას; სამაგიეროდ ახალმა თაობამ თავისი აღტაცება არ დამალა. კერძოდ, ილია ჭავჭავაძემ ხაზგასმით აღნიშნა ამ სტატიების მნიშვნელობა. და, მართლაც, მოლაყბე თავის სტატიებში მაშინდელი ”ქართველის უბედურების”, — როგორც ილია ამბობდა, — მრავალ მხარეს ეხება. ფელეტონებში ნაწილობრივ იგივე საკითხია დასმული, რომელთაც ავტორი ადრინდელ წერილებში იხილავდა; ოღონდ ახლა მ. თუმანიშვილი მამხილებლის როლში გამოდის და მკაცრსა და მიუკერძოებელ სიტყვას ამბობს ქართველი საზოგადოების მისამართით.
ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, თუ რომელი ფელეტონები ეკუთვნის მ. თუმანიშვილს, ქათველ მკვლევართა შორის ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მ. თუმანიშვილი მონაწილეა ”სალაყბო ფურცლების” შექმნისა. პირველი წერილის დასაწყისში ავტორი განმარტავს, თუ რატომ ეძახიან ”მოლაყბეს”: ”ამისათვის რომ, მართლისათვის, რასაც კი სიმართლეზედ ვილაპარაკებ გულმხურვალედ და ხანგრძლივ, მოლაყბე ვარ! ეს ქვეყანა ასეთია, მართალი რომ არ გადის… განა ტყვილია, რომ ქართველების უბედურებით მდგომარეობაში ყოფნის მიზეზნი ისევ თვითონ ქართველები არიან?”[14]
თუ ადრინდელ სტატიებში მ. თუმანიშვილი დიდი იმედით შეჰყურებდა ქართული თეატრის მომავალს, ახლა, ეროვნული სცენის მწუხრის მომსწრე, იგი თავისდროინდელ საზოგადოებას მკაცრად ამხელს და უკიჟინებს დიდი კულტურული საქმის დასამარებას. პუბლიცისტი სავსებით მართებულად აღნიშნავს ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის გულგრილობას თეატრალური საქმისადმი, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, გვერდს უვლის ვორონცოვის შემდეგდროინდელი მმართველობის ცინიკურ დამოკიდებულებას ქართული თეატრისადმი. მ. თუმანიშვილი თვლის, რომ თავიანთ ეროვნულ საქმეს ქართველებმა თვით უნდა მიხედონ.
მწარე გამოცდილების მქონე პუბლიცისტი შიშობს, რომ ახლად აღორძინებულ ჟურნალსაც თეატრის ბედი არ ეწიოს და აფრთხილებს მკითხველს, რომ ”რედაქციის სიღარიბე არის საზოგადოების სიღარიბე, რადგანაც ლიტერატურა საზოგადოა და არა კერძოობითი. ყოველი ქართველი მოვალე არის თავის სამშობლო ენას მისცეს შემწეობა…”[15]
მ. თუმანიშვილი ჩივის, რომ ჟურნალს ხელისმომწერი მცირე ჰყავს, უმრავლესობას შეგნებული არა აქვს ამ ეროვნულ-კულტურული საქმის მნიშვნელობა. პუბლიცისტი სარკაზმით ლაპარაკობს ქართველი საზოგადოების იმ ერთი ნაწილის გადაგვარებაზე, რომელიც თაკილობს ყოველივე ეროვნულს: ”უკაცრავად კი ნუ ვიქნები და, ჩვენს ”ცისკარს” უმეტეს ნაწილად კითხულობენ ბუზები, რა რომ თავისუფლად განისვენებენ ფანჯრებში, მოსამსახურეების ოთახში, იმისი ადგილი იქ არის, კაბინეტში შეტანა როგორ იქნება — ქართულს ენაზედ არის დაბეჭდილი, სხვათა ენაზედ რომ იყოს, აი, ის სხვა არის! ჩვენს ენას ახლა აღარავინ ხმარობს, წამხდარი ენა არის, გასწორება რათ უნდა, სახლის პატრონმა, თავს რომ ჭერი ექცეოდეს, როდი უნდა გამოიცვალოს და გაიახლოს! ამასთანავე ჩვენი ქართული ენა მოდად აღარ გახლავსთ, ადრე, მართალია, დიდს პატივში იყო ჩვენი ენა…”[16] როგორც ვხედავთ, მ. თუმანიშვილი სავსებით შეგნებულად იბრძვის არა მარტო ქართული ჟურნალის საკეთილდღეოდ, არამედ იცავს ქართულ ენასაც, რომელიც, როსიფიკატორული პოლიტიკისა და მოდური გატაცების შედეგად, ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ სათაკილოდ იყო მიჩნეული.
შემდეგ ავტორი ზიზღით ლაპარაკობს ინტელიგენციის იმ ნაწილზე, რომელიც ”უქვეშევრდომილეს” გრძნობებს ავლენს მმართველობის წინაშე და საკუთარი, ეროვნული კულტურის შეურაცხყოფით ცდილობს ხელისუფლების გულის მოგებას. ამ მხრივ პუბლიცისტი მეტად დამახასიათებელ სურათს ხატავს: ”ერთ დიდ საზოგადოებაში” იმყოფება ”ქართულის ენის მოყვარე ქართველი”. ჩამოვარდება ლაპარაკი ქართულ თეატრზე, უმაღლესი პირი (ავტორი, ცხადია, მეფისნაცვალს გულისხმობს) ამბობს, რომ საჭიროა ქართულ ენასა და თეატრს ხელი შევუწყოთო, — ”ამ დროს დაფიქრდება ქართულის ენის მოყვარე ქართველი და მოახსენებს, აი ამ გრძნობიან ლექსებით: ”რა საჭირო გახლავსთ ქართული თეატრი მაშინ, როდესაც რომ არის რუსული და ამასთანვე ოპერა იტალიანურს ენაზედ (ესე იგი თრინჯულს ენაზედ), ეს იქით იყოს, რომ არავის უნდა ქართველებში”. უმაღლეს პირს ეს სიტყვები ისე საზიზღარად მიაჩნდება, რომ მოარიდებს თავს ქართულის ენის მოყვარეს ქართველს…”[17] ”სალაყბო ფურცლების” ავტორი მკითხველის წინაშე წარმოდგება როგორც თავისი დროის მოწინავე ადამიანი, როგორც შეგნებული პატრიოტი-პუბლიცისტი, რომელიც ებრძვის მაშინდელი საზოგადოების მანკიერებას და ცდილობს თანამედროვეთა შორის მიძინებული აზრის გაღვიძებას. ამ სტატიების მამხილებელმა ტონმა ხელი შეუწყო არა მარტო ქართული პრესის გამოცოცხლებას, არამედ, რაც მთავარია, ეროვნული ღირსების და შეგნების ამაღლებას.
დასასრულ უნდა დავსძინოთ, რომ სადა ენით და ძალდაუტანებელი ტონით დაწერილი ”სალაყბო ფურცლები” ქართული ფელეტონის პირველ ნიმუშებად უნდა მივიჩნიოთ. მათი სახით ავტორმა, ქართული მწერლობის ისტორიაში პირველმა, შემოიტანა მკითხველთან გასაუბრების პუბლიცისტური ფორმა და,
უნდა ითქვას, რომ ამ წერილების მამხილებელ ტონს ქართული სატირისა და იუმორის მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის.

ლიტერატურა

[1] А. Х а х а н о в , Очерки, IV, 1906, გვ. 118.
[2] მ. თუმანიშვილის ბიოგრაფია დაწვრ. იხ. მ. ხელთუბნელის წიგნში —”სალიტერატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან”, 1938.
[3] საქართველის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H — 2684.
[4] ამავე ჟურნალში მ. თუმანიშვილს მოუთავსებია ისტორიული მოთხრობა ”კობის კოშკი”, ”ვისრამიანის” ნაწყვეტის თარგმანი და სხვ.
[5] მ. თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი , რჩეული ლექსები, თბილისი, 1881, გვ. 5.
[6] იქვე, გვ. 12.
[7] მ. თუმანიშვილი, რჩეული ლექსები, გვ. 14 — 15.
[8] იქვე, გვ. 6.
[9] სოლოსონ გესნერი — მე-18 საუკუნის გერმანელი სენტიმენტალისტი, ცნობილი თავისი ”იდილიებით”.
[10] «Кавказ», 1852, №11.
[11] იქვე.
[12] «Кавказ», 1855, № 21.
[13] ”დროება”, 1867, № 21.
[14] ”ცისკარი”, 1875, № 11, გვ. 63.
[15] ”ცისკარი”, 1857, № 11, გვ. 66.
[16] იქვე, № 12, გვ. 54 — 55.
[17] იქვე, გვ. 58.

ქართული ლიტერატურის ისტორია – ტომი მესამე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: