Posted by: burusi | 07/08/2009

ივანე ჯავახიშვილი – “თამარ მეფე”

თამარ მეფე, მხატვარი კობა ჭუმბურიძე

თამარ მეფე, მხატვარი კობა ჭუმბურიძე

ივანე ჯავახიშვილი – Ivane Javakhishvili (1876-1940)

წმ. თამარ მეფე (ბაგრატიონი) – St. Tamar Queen of Georgia (1184-1213)

ამ ხანის პოლიტიკური და სოციალური მოძრაობანი. საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების შეცვლა. შინაური და საგარეო პოლიტიკა და საქართველოს მახლობელი აღმოსავლეთის მოწინავე სახელმწიფოდ ქცევა.
დავით აღმაშენებლის მეფობითგან მოყოლებული საქართველო ისეთი სისწრაფით გაიზარდა და იმდენად დიდ სახელმწიფოდ იქცა, რომ მისი მესაჭეობა კარგად გამოცდილსა და გამობრძმედილი სახელმწიფო მოღვაწისათვისაც-კი ძნელი განსაგებელი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს ძნელი იქნებოდა ნორჩი ქალისათვის, რომელსაც მხოლოდ ექვსი წლის გამოცდილება ჰქონდა. უეჭველია, საქართველოს მმართველთა წრის არა ერთს წარმომადგენელთაგანს შესაძლებელი იყო გულწრფელად შეჰპარვოდა ეჭვი, თუ რამდენად მოახერხებდა თამარი თავის მოვალეობის პირნათლად ასრულებას. საყურადღებოა, რომ, მამის სიკვდილის შემდეგ, თამარი სახელმწიფო საქმეების მართვა-გამგეობას არ შესდგომია, თითქოს ის ამისათვის საქართველოს სახელმწიფო დარბაზის სათანადო დასტურს უცდიდა.
ამ დროს ქვეყნის მესაჭეობა თამარის მამიდის, რუსუდანის ხელში იყო. ეტყობა თვით დარბაზის წევრთა შორისაც-კი საცილობლად იყო ქცეული თამარის საქართველოს ერთადერთ მეფედ დასმის მიზანშეწონილობა. ამიტომ ისევ იმავე საკითხის გარჩევას შეუდგნენ, რომელზედაც ჯერ კიდევ მისი მამის გიორგის სიცოცხლის დროს ჰქონდათ მსჯელობა.
უეჭველია, ამ შემთხვევაშიც უნდა გადაეწყვიტათ, ჰქონდა, თუ არა ქალს უფლება, რომ სახელმწიფოს მესაჭედ გამხდარიყო და მიზანშეწონილი იყო, თუ არა რომ ასეთი პასუხსაგები მოვალეობა მას ჩაჰბარებოდა. ცხადია, რომ მოწინააღმდეგე ჯგუფი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე თამარის მამის სიცოცხლის დროს. ამიტომ თამარისათვის სამეფო ტახტზე ასვლისა და გამეფებისათვის დასტურის მისაღებადაც წინანდელზე გაცილებთი მეტად სჭირდებოდა ნიადაგის მოსამზადებლად მუშაობა. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა წინასწარს საიდუმლო მოლაპარაკებას უნდა ჰქონოდა და მისთვის ხომ გავლენიანი შუამავლები იყვნენ საჭირო. ასეთ შუამავლად ამ შემთხვევაშიც, როგორც ირკვევა, იგივე, გიორგი მესამის მეფობის უკანასკნელ წლებში კათალიკოსად ქცეული მიქელ მირიანიძე გამოსულა.
დარბაზმა მსჯელობის შემდეგ თამარს დასტური მისცა.
ისევე როგორც თანამოსაყდრედ დასმისათვის დასტურის მისაღებად ამ საქმის მომგვარებლის დაჯილდოება გახდა აუცილებელი, ამ შემთხვევაშიც იმავე პირს თავისთვის გარკვეული პირობის წამოყენება არ დაჰვიწყებია და ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი მიქელ მირიანისძე სწორედ ამ ხანაში საქართველოს სახელმწიფოს ვაზირთა საბჭოს თავჯდომარედ ხდება, მწიგნობართ-უხუცესად და ვაზირთა ყოველთა უპირველესადაც იქცა და სწორედ ეს იყო ნაკისრი საქმის მოგვარებისათვის მიღებული ჯილდო, რომელიც თამარის მამიდას, რუსუდანს, მიქელმა დასტყუა.
ამრიგად, მიქელი ერთსა და იმავე დროს ქართული ეკლესიის მესაჭეც იყო და ვაზირთა ყოველთა უპირველესად და მწიგნობართუხუცესადაც იქცა. ეს საქართველოს ისტორიაში არამცთუ არაჩვეულებრივი, არამედ სრულებით გაუგონარი ამბავი იყო. ამასთანავე იმით დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული რეფორმა, რომლითაც მან ქართული ეკლესიის სახელმწიფო ხელისუფლებისათვის დამორჩილება მოახერხა, სრულებით გაბათილებულ იქმნა. მიქელ კათალიკოსმა ამაზე მეტიც მოახერხა: მან ამ საქმის სრული მოტრიალებაც-კი შესძლო, რკი ამიერითგან ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს საშუალება მიეცა ერთსა და იმავე დროს საქართველოს მეფის თანაშემწე და მოადგილეც ყოფილიყო, ე. ი. უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების მქონებელს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის მესაჭეობაც ჩაუვარდა ხელში.
საკლესიო წრეებთან ამ საკითხის მოგვარების შემდგომ და სახელმწიფო დარბაზის დასტურის მიღების უმალ, თამარი საქართველოს მეფეთ-მეფედ იქნა კურთხეული და როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მესაჭე სამეფო ტახტზე ავიდა. ის ცვლილება, რომელიც სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში მწიგნობართ-უხუცესის ხელისუფლების კათალიკოსისგან მიტაცების წყალობით მოხდა, ვერაფრად ესიამოვნა. ამიტომაც თამარი პირველად სწორედ ამ მარცხის გამოსწორებისათვის ზრუნვას შუდგა. ამ შემთხვევაში მას თავისუფლად მოქმედება არ შეეძლო, რადგან მიქელ კათალიკოსს მწიგნობრათუხუცესობა და ვაზირთა უპირველესობა მისივე მამიდისაგან ჰქონდა მიღებული. რაკი თამარს არ შეეძლო პირდაპირ ემოქმედა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობა წაერთმია, პატივმოყვარე მიქელ კათალიკოსის წინააღმდეგ წამოყენებულ იქმნა მხოლოდ საეკლესიო ბრალდება, რომელიც უკეთუ დამტკიცდებოდა, მას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელობას დააკარგვინებდა და ამის შემდგომ, რასაკვირველია, ის ვეღარც მწიგნობართუხცესისა და ვაზირთა ყოველთა უპირველესის ხელისუფლებას შეინარჩუნებდა.
ასე მოფიქრებული გეგმის განსახორციელებლად საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო, რათგან ეკლესიის საჭეთმპყრობელის გადაყენება მხოლოდ საეკლესიო კრებას შეეძლო.
კათალიკოსის გადასაყენებლად საეკლესიო კრებისაგან დასტურის მიღება ადვილი არ იყო, რამდენადაც მიქელ კათალიკოსს მრავალრიცხოვანი მომხრენი ჰყავდნენ, რომელნიც საეკლესიო ხელისუფლების საერო ხელისუფლებაზე გაბატონების მის წადილსა და პოლიტიკას ცხადად თუ იდუმალად თანაუგრძნობდნენ.
ცხადია, რომ თამარ მეფესაც უნდა თავისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მომხრენი დაერაზმა. ამიტომაც მან უცხოეთითგან ყველა გამოჩენილი საეკლესიო-სამონასტრო მოღვაწენი დაიბარა, მათ შორის პალესტინიდან მიქელ კათალიკოსის უწინარეს ქართული ეკლესიის მესაჭედ ნამყოფი ნიკოლოზ გულაბერისძეც. ლიხთიმერეთითგან ამავე მიზნით გადმოიყვანა ანტონ საღირისძე. როცა პროგრესულად განწყობილი და მოაზროვნე ყველა მოღვაწენი ჩამოვიდნენ, თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც თვითონვე გახსნა და რომელსაც სთხოვა მიქელ კათალიკოსის საეკლესიო მოღვაწეობის კანონიერება გაერჩია: საეკლესიო კრებას ბრალდების საფუძვლიანობა და დანაშაულების სიმძიმე უნდა გადაეწყვიტა. ხოლო შემდეგ შესაფერისი განაჩენიც დაედო.
საეკლესიო კრების თავმჯდომარედ თამარმა ნიკოლოზ გულაბერისძე დანიშნა, კრების მდივნობა-კი ანტონ საღირისძეს დაევალა. უკვე ეს გარემოებაც იმ იდუმალ ზრახვას ამჟღავნებდა, რომელიც თამარის მეთაურობით საქართველოს მმართველ წრეებს ჰქონდათ. ამას კრების თავმჯდომარისა და მდივნის საქართველოს ეკლესიის კათალიკოსის მიქელისადმი წარგზავნილი მიმართვაც დაერთო ზედ, რომ მათ საეკლესიო კრებაზე მისი დასწრება სასურველად არ მიაჩნდათ, თუმცა ის ამ საეკლესიო კრებას, რომელიც მის მოქმედებას არჩევდა, უნდა როგორც ბრალდებული მაინც დასწრებოდა.
ყოველგვარი ცდისა და ხანგრლივი გამოძიების მიუხედავად, საეკლესიო კრების მონაწილეთ კათალიკოსის მოქმედებაში ვერაფერი ისეთი საეკლესიო ხასიათის დანაშაულება ვერ აღმოაჩინეს, რომ მისი გადაყენებისათვის კანონიერი საფუძველი ყოფილიყო. ამიტომ საეკლესიო კრებამ მიქელის გადაყენების დასტური თამარსა და მთავრობას არ მისცა. ახალგაზრდა მეფისათვის, რომლის პირველივე ნაბიჯი ასეთი მარცხით დამთავრდა, ეს მეტად უსიამოვნო გარემოება იყო.
რაკი მიქელ კათალიკოსის წინააღმდეგ საეკლესიო ხასიათის ბრალდება ვერ დადასტურდა და მისი ამ გზითა და ამ საშუალებით გადაყენება ვერ მოხერხდა, თავისთავად უკვე უხერხული იყო, რომ თამარს მისთვის მწიგნობართუხუცესობა წაერთმია, რადგან ეს თანამდებობა მას მისივე მამისაგან სწორედ სამეფო ტახტზე მის ასაყვანად ხელის შეწყობისათვის ჰქონდა ჯილდოდ მიღებული. ამრიგად, საქმე ისე დატრიალდა, რომ მეფისა და კათალიკოს-პატრიარქ მწიგნობართუხუცესს შორის სრული უსიამოვნება უნდა დამყარებულიყო და მისი გადაყენება-კი შეუძლებელი შეიქმნა.
ამ მარცხმა, რომელიც იმავე დროს ეკლესიის კონსერვატიული წრეების გამარჯვებას წარმოადგენდა, აგრეთვე დიდგვარიანი აზნაური მოხელეებიც გაათამამა, რომელთაც თავიანთი თანამდებობა დარბაზის კარსა მყოფ და უმაღლეს სხვა დაწესებულებებში ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ. ის ცვლილება, რომელიც გიორგი III-მ იოანე ორბელ-დემნას აჯანყების ჩაქრობის შემდეგომ სახელმწიფო მართვა-გამგეობის სფეროში მოახდინა, როდესაც მან დიდგვარიან აზნაურ მოხელეებს ვაზირობა და მათი თანაშემწეობა წაართვა და მათ მაგიერ პირადი ღირსებითა და სამსახურით დაწინაურებულ-აღზევებული უგვარონი დანიშნა, მაშინაც, რასაკვირველია, ამ დიდგვარიან აზნაურთა წრეში აღშფოთებას გამოიწვევდა, მაგრამ დამარცხებულთ თავიანთი ბრაზი და ბოღმა უნდა უნებლიეთ გულში ჩაეკლათ. ეხლა-კი როდესაც სამეფო ტახტზე მამაკაცის მაგიერ უკვე ნორჩი ქალიშვილი იჯდა, როცა იმავე დროს კათალიკოს-პატრიარქთან შებრძოლების დროს მას მარცხიც მოუვიდა, დიდგვარიან აზნაურ ხელისუფლებმა გადასწყვიტეს, რომ მათ უკვე დრო დაუდგათ და წინანდელი უპირატესობის დასაბრუნებლად სრული საშუალება მიეცათ. ეს მოხელეები გაიფიცნენ და თამარ მეფეს კოლექტიური განცხადება წარუდგინეს, რომელშიც აღნიშნული ჰქონდათ, რომ ამიერითგან ისინი უგვარო და უხამსი ხელისუფლების ბრძანებასა და განკარგულებას, რომელთა ხელქვეშეთაც ეს მსახურეული და ძველი საგვარეულობის წარმომადგენლების შვილები იმყოფებიან, აღარ დაემორჩილებოდნენ. ამასთანავე მათ გარკვეული პირებიც დაასახლეს, რომელთა დაუყოვნებლივ გადაყენებასაც გადაჭრით მოითხოვდნენ.
გადასაყენებლად დასახელებულთა შორის პირველი ამირსპასალარი ყუბასარი აღმოჩნდა, შემდეგ მსახურთუხუცესი აფრიდონი და სხვები, რომელთა სახელებიც საისტორიო წყაროში აღნიშნული არ არის. თავიანთი მოქმედებისა და მოთხოვნილებისათვის გარეგნული კანონიერების მისანიჭებლად, ყუბასარის წინააღმდეგ მოსაზრება იყო წამოყენებული, რომ მას ფილენჯად წოდებული სნეულებისაგან დროგამოშვებივ მოძრაობისა და მეტყველების უნარი ეკარგებოდა ხოლმე, მაგრამ აფრიდონის წინააღმდეგ მათ ასეთი ბრალდება ვერ მოსძებნეს და მის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეეძლოთ, რომ ის აზნაურის ყმობისაგან მეფის წყალობით მსახურთუხუცესობამდე იყო აღზევებული, სწორედ აქ გამომჟღავნდა მათი ნამდვილი გულისტკივილი.
თამარს რომ გაფიცვით გაძლიერებული ეს პოლიტიკური მოთხოვნა წარუდგინეს, რასაკვირველია, მას ადვილად შეეძლო მიმხვდარიყო, თუ რით იყო დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა ეს ულტიმატუმი გამოწვეული: ყუბასარს ისინი იმიტომ-კი არ ებრძოდნენ და მისი თავითგან მოშორება იმიტომ-კი არ ჰსურდათ, რომ მას სნეულებისაგან მოქმედების უნარი ეკარგებოდა ხოლმე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის ყუბასარი როგორც იოანე ორბელ-დემნას აჯანყების ჩაქრობის პირველი მეთაური ყველაზე საძულველი პიროვნება იყო. აფრიდონიც ნიშანში ამოსაღებ მოხელედ იმიტომ იქცა, რომ ის დაბალი წოდებითგან, აზნაურთა ყმობითგან, გამოსული და აღზევებული იყო, პიროვნება, რომელიც მათ, როგორც დიდგვარიან აზნაურებს, დამორჩილებული უნდა ჰყოლოდათ; ეს ადამიანი-კი მათ ეხლა ბატონად ჰყავდათ დასმული.
საქართველოს ჯერედ გამოუბრძმედელ ქალიშვილ მმართველზე ამ გაუგონარმა ამბავმა თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილმა თამარმა გადასწყვიტა, რომ დათმობის გარდა, სხვა არავითარი საშუალება უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ იმავე დროს მას არ ჰსურდა. რომ მისი მამისა და სახელმწიფოს ისეთი ერთგული მოხელე, როგორიც ყუბასარი იყო, გაეწირა: მისი ღვაწლის დავიწყება მას არასგზით არ შეეძლო, მაგრამ, რადგან ყუბასარი ამ დროს მართლაც ავადმყოფობდა, მან გადასწყვიტა ეს მონათხოვნი დაეკმაყოფილებინა და ამირსპასალარის თანამდებობითგან განეთავისუფლებინა. გაფიცული დიდგვარიანი აზნაურების მოთხოვნის მეორე ნაწილზე-კი, სახელდობრ, რომ ყუბასარს, მთელი ქონებაც ჩამორთმეოდა, უარი განუცხადა და არ შეასრულა: ამირსპასალარობასთან დაკავშირებულს სამოხელეო სამფლობელოს გარდა, მთელი დანარჩენი ქონება შეუნარჩუნა და, როგორც ისტორიკოსი მოგვითხრობს, ამ დამსახურებულ სახელმწიფო მოღვაწეს სიკვდილამდე დიდი პატივისცემითა და მზრუნველობით ეპყრობოდა. აფრიდონიც ამგვარადვე დაემხო და თანამდებობაც დაკარგა. ამრიგად, ორი ისეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლება როგორიც სრულიად საქართველოს მთელი ჯარის მეთაურობა, ამირსპასალარობა, და მსახურთუხუცესის თანამდებობა იყო, უგვაროთა ხელითგან იყო გამოგლეჯილი და განთავისუფლებული.
თამარის უნებურად მომხდარი ეს ცვლილება საქართველოს ახალგაზრდა მეფის მეორე დიდი მარცხი იყო. მეტის თქმაც შეიძლება: ის მარტო თამარის მარცხს-კი არ წარმოადგენდა, არამედ დავით აღმაშენებელისაგან, მეტადრე-კი მისი მამის გიორგის დროს მოპოვებული გამარჯვების მთელი შედეგის გაქარწყლებასაც უდრიდა.
რამდენადაც ბრძოლის მოსაგებად წარმოებული იერიში თანხმობრივ იყო მოწყობილი, იმდენად გამარჯვებით მოპოებული დავლის განაწილებისას ატყდა გაფიცულ დიდგვარიან აზნაურთა შორის გამწვავებული ბრძოლა. თითოეულს მათგანს უნდოდა, რომ ამირსპასალარობა, ანდა მსახურთუხცესობა სწორედ თვითონ მიეღო და სხვას არ ჰრგებოდა.
გაფიცულ დიდგვარიან აზნაურთა შორის ატეხილი ამ ბრძოლით მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა ისარგებლა, რომელსაც პოლიტიკური გეგმის თანამგრძნობთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი აღმოაჩნდა. ისინი ერთად შეიყარნენ და ფიცის წიგნი დასდეს, რომ თამარ მეფეს მონათხოვნი წარუდგინონ და მისი ასრულებისათვის ერთსულოვნად იბრძოლონ. პირველი შემთხვევა გვაქს აქ, როდესაც პოლიტიკური საკითხის განსახორციელებლად ძველს საქართველოში ფიცზე დამყარებული შეთანხმებული პოლიტიკური დასი გვევლინება.
თამარისათვის წარმოდგენილი მონათხოვნი შემდეგს პოლიტიკურ დებულებას შეადგენდა: ისანში, სამეფო სასახლის მახლობლად უნდა დადგმული ყოფილიყო «კარავი», რომელშიც თავისუფლად მსხდომარენი მოხსენებას მიიღებდნენ და ბრძანებას გასცემდნენ. წყალობის ღირსთ წყალობას მიჰფენდნენ, დასასჯელს რისხვას მიაგებდნენ: ეს ჩვენი დადგენილება მეფეთ-მეფესა და დედოფალს თამარს მოხსენდეს ხოლმე და სრულ იქმნეს ხოლმე განგებული ჩვენიო.
ისანში იყო მოთავსებული საქართელოს მეფეთ-მეფის სასახლე და საქართველოს უმაღლესი დაწესებულება — სახელმწიფო დარბაზი. დარბაზი თვით მეფის სასახლეში იყო. დარბაზის წევრთ მეფე იწვევდა ხოლმე და სახელმწიფოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმეები შესახებ ეკითხებოდა რჩევას. მაგრამ დარბაზის მოწვევა მხოლოდ და მხოლოდ მეფის ნებაყოფლობასა და სურვილზე იყო დამოკიდებული, ეხლა-კი ყუთლუ-არსლანის დასი თხოულობდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული იმ მიზნით, რომ იქ მეფისაგან დამოუკიდებლივ და მეფის დაუსწრებლივ სახელმწიფოს მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები განეხილათ. ამ დაწესებულების გადაწყვეტილება უნდა მეფისათვის ეცნობებინათ, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მხოლოდ ასრულების უფლება ჰქონდა დატოვებული. ცხადია, რომ აქ «კარავი» ჩვეულებრივი მნიშვნელობით კი არ არის ნახმარი, არამედ დარბაზის მსგავს დაწესებულებად.
ამგვარად, ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის მონათხოვნი, მოკლედ რომ გამოისახოს, იმაში მდგომარეობდა, რომ მეფეს კანონმდებლობითი ხელისუფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ დაწესებულებას უნდა გადასცემოდა. მეფეს ისინი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ.
ცხადია, თუ რა დიდი განსხვავება ამ მონათხოვნსა და იმ მონათხოვნს შორის, რომელიც თამარ მეფეს გაფიცულმა დიდგვარიანმა აზნაურ-მოხელეებმა წარუდგინეს ამ უკანასკნელთა წადილი იყო მხოლოდ თავიანთი წინანდელი წოდებრივი უპირატესობა დაებრუნებინათ. ყუთლუ-არსლანის დასს-კი რაიმე წოდებრივი უპირატესობის მოპოვება მიზნად დასახული არ ჰქონია, არამედ უნდოდა, რომ სახელმწიფო წესწყობილება ისე შეცვლილიყო, რომ ქვეყნის მართვ-გამგეობა და მართლმსაჯულება მარტო მეფის სურვილზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.
ყუთლუ-არსლანის დასის მონათხოვნი, რა თქმა უნდა, დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა მონათხოვნზე ბევრად უფრო მოულოდნელი იყო. მეფეცა და მისი მრჩევლები განცვიფრდნენ, როდესაც გაიგეს, რასაც ეს დასი თხოულობდა. თამარი უმალ მიხვდა, რომ მისი ასრულება მეფის ხელისუფლების თითქმის მოსპობას უდრიდა. სახელმწიფოს იმდროინდელ მესვეურთა რჩევით, თამარმა განკარგულება გასცა, რომ ამ პოლიტიკური დასის მეთაური დაეჭირათ. თამარის მრჩეველთ ეგონათ, რომ მეთაურის დაჭერა ამ მოძრაობას ჩააქრობდა და დასიც თავისთავად დაიშლებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი სრულებით არ გამართლდა.
ყუთლუ-არსლანის დაჭერის უმალ, მისი თანამოაზრენი კვლავ შეიკრიბნენ და ხელმეორედ ფიცის წიგნი დასდეს, რომ მათ მეფეს გადაჭრით თავიანთი მეთაურის, ყუთლუ-არსლანის, უვნებლობა და განთავისუფლებაც მოსთხოვონ და იმ პოლიტიკური მონათხოვნის ასრულებაც, რომელიც წინათ ჰქონდათ წარდგენილი. ხოლო, თუ ყველა მათი მონათხოვნი შეწყნარებული არ იქნებოდა, გადასწყვიტეს, სასახლის წინააღმდეგ გალაშქრების წინაშეც არ შეჩერებულიყვნენ. ამ გეგმის და გადაწყვეტილების განხორციელებისათვის მზადებასაც-კი შეუდგნენ.
ამგვარად, ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ საქმე სამხედრო ძალას უნდა გადაეწყვიტა. ესოდენ პასუხსაგებ დროს თამარმა ბრძნული წინდახედულობა გამოიჩინა და თავის ჩვეულებრივ მრჩევლებს ორი გამოჩენილი ქართველი მანდილოსანი ამჯობინა, რომელნიც სიბრძნითა და გავლენიანობით იყვნენ ცნობილნი მაშინდელ საქართველოში: ამ უთანხმოებისა და განხეთქილების მშვიდობიანად მოგვარება მათ დაავალა. ყუთლუ-არსლანის აჯანყებულ პოლიტიკურ დასს მოსალაპარაკებლად თამარმა კრავაი ჯაყელი. დედა სამძივართა, და ხვაშაქ ცოქალი, დედა ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატისა, მიუგზავნა. ამ ორმა მანდილოსანმა უაღრესად პასუხსაგები პოლიტიკური დავალებისა და კონფლიქტის მოგვარება მოახერხეს. შეთანხმება ურთიერთ დათმობით გახდა შესაძლებელი. თამარმა შეუთვალა, რომ, ყუთლუ-არსლანს გარდა, დატრიალებული ამბის პასუხს ის არავის მოსთხოვდა. ამასთანავე თამარი დათანხმდა, რომ ამიერითგან მას საქართველოს დიდებულთა თანადგომითა და ერთნებობით გადანაწყვეტი წარსდენოდა ხოლმე დასამტკიცებლად. დასის წარმომადგენლებმა თავიანთ მხრივ აღიარეს, რომ ისინი ერთგულებას განუცხადებენ თამარ მეფეს, დაემორჩილებიან და მის ხელისუფლებას სცნობენ.
ამგვარად, თამარ მეფემ დარბაზის თანადგომის, ე.ი. სახელმწიფოს საქმეების განხილვა-გადაწყვეტის მონაწილეობის უფლება აღიარა, მაგრამ სამაგიეროდ უარყო, რომ მეფეს ამ დადგენილების ასრულების გარდა სხვა აღარვითარი ხელისუფლება არ ჰქონოდა: თავისთვის მან დამტკიცების უფლება შეინარჩუნა. მართლაც, ამ დროითგან მოყოლებული, ქართულ საისტორიო წყაროებში ყოველ ცნობას დიდი თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ ისეთი გამონათქვამები ახლავს, რომელთა კვალი წინანდელ საისტორიო ძეგლებში არსად ჩანს: ასეთ შემთხვევაში უკვე ნათქვამია ხოლმე «თანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთა» თამარმა დაამტკიცაო ესა და ეს პირიო.
საკმარისია XI საუკ. დამდეგს ქართულს სამონასტრო წესწყობილებაში მომხდარი ცვლილება გავიხსენოთ, როდესაც წინანდელი მამასახლისისაგან თანამდებობის პირთა დანიშვნის მონარქიული წესი რესპუბლიკურ წესად შეიცვალა და მონასტრებში ძმობის ყველა წევრთა «თანადგომითა და ერთნებობით» მოწყობილი არჩევნები იქმნა შემოღებული, რომ თამარის დროს ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური მოძრაობის შედეგად საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებაში მომხდარი ცვლილების იდეური სათავის სადაურობა ცხადი შეიქმნეს. უეჭველია, აქ იმავე მოძღვრებისა და იმავე პროგრამის ანარეკლი გვაქვს, რომელთაც XI საუკუნეში ქართული მონასტრების მონარქიული წესწყობილება რესპუბლიკურ წესწყობილებად შეცვალეს.
ამგვარად, ამიერიდან საქართველოს მეფეთ-მეფის ხელისუფლება სახელმწიფო დარბაზის თანდგომითა და ერთნებობით იყო შეზღუდვილი. საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებაში მომხდარი ეს ფრიად მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ცვლილების საგულისხმო და წინამორბედ ანალოგიურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც XIII საუკ. დამდეგს ინგლისში, როგორც ცნობილია, მოხდა, და «მაგნა ხარტა ლიბერტატუმ»-ის შექმნითა და ინგლისის მეფის ხელისუფლების შეზღუდვით დამთავრდა.
ამ შეთანხმებამ საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური მყუდროება მიანიჭა. მართალია, დიდგვარიანი აზნაურები შემდეგშიც რამდენჯერმე შეეცადნენ მდგომარეობა თავიანთ სასარგებლოდ გამოესწორებინათ, მაგრამ მათი ყოველი ასეთი მცდელობა ამაო გამოდგა და პოლიტიკური მყუდროება საგრძნობლად აღარ შერყეულა.
შეთანხმების შემდეგ ახლად შემოღებული წესის თანახმად, თამარ მეფემ ისეთი პირები დაამტკიცა ვაზირებად და მათ თანაშემწეებად, რომელნიც თამარის მამის, გიორგი III-ის, გაზრდილნი, ანდა შეზრდილნი იყვნენ, და რომელთა ერთგულებაც იოანე ორბელ-დემნას აჯანყების დროს გამომჟღავნდა.
ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან სახელმწიფო პრობლემის მოგვარების შემდგომ, საქართველოს სახელმწიფოს მესვეურთა საზრუნავს თამარისათვის ქმრის მოძებნა წარმოადგენდა, რადგანაც მას, როგორც ქალს, არ შეეძლო საქართველოს ჯარის მთავარსარდლობა ეკისრა, როგორც ამას ჩვეულებრივ მეფეები ასრულებდნენ.
იმ დროს მეფის პირად მონაწილეობას ომში ფრიად დიდი გამამხნევებელი მნიშვნელობა ჰქონდა. 1185—86 წ., სახელმწიფო დარბაზის წევრთა გადაწყვეტილებით, რუსეთიდან ჩამოყვანილი იყო უფლისწული გიორგი რუსი, რომელთანაც ქორწინება მოხდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც უარყოფითი მხარეები გამომჟღავნდა, ის საქართველოთგან გააძევეს. მას ნება დართეს კონსტანტინოპოლში გამგზავრებულიყო.
1189 წელს თამარისათვის საქმროდ ოსთა მეფის შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა ბაგრატიონთა ასულის შვილი დავით უფლისწული იყო დასახელებული. ის თამარი მამიდასთან, რუსუდანთან იზრდებოდა და მისი ხასიათის თვისებებიც, სიმამაცე და განსწავლულობაც, ყველასათვის კარგად იყო ცნობილი. ამიტომაც ეს არჩევანი დარბაზის ერმაც და თვით თამარმაც მოიწონეს.
1190-91 წ. გიორგი რუსმა, უეჭველია, დიდგვარიან აზნაურებთან წინასწარ შეთანხმებით, დაკარგული ხელისუფლებისა და საქართელოს მეფეთ-მეფის ქმრობის კვლავ დაბრუნება სცადა. სახელმწიფოს დავალებით ბიზანტიაში წარგზავნილი მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი აღმოჩნდა სწორედ იმ შუამავლად, რომელიც დიდგვარიან აზნაურთა წრის დავალებით გაძევებულ გიორგი რუსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. გიორგი რუსს ისეთი გავლენიანი და დიდი პოლიტიკური მოღვაწენი მიემხრნენ, როგორიც გუზანი, კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი, ბოცო სამცხის სპასალარი, ციხისჯვარელი-ჯაყელი და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი იყვნენ.
გიორგი რუსი ჯერ მესხეთის თემში შემოიჭრა, შემდეგ-კი იქითგან დასავლეთ სქართველოში გადაიყვანეს და გეგუთში მეფედ დასვეს. მარტო მის მომხრეთა სოციალური სადაურობა, დიდგვარიან აზნაურთადმი მიკუთნილებაც ცხადჰყოფდა, რომ ეს გეგმა მთლიანად დიდგვარიან აზნაურთა მიერ წინანდელი პოლიტიკური უპირატესობის დასაბრუნებლად მოწყობილს მცდელობას წარმოადგენდა: უეჭველია, მათ ან იმედი ჰქონდათ, რომ გიორგი რუსს თავიანთ სათამაშო ბურთად აქცევდნენ, ანდა დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, რომ გიორგი რუსი წოდებრივ უპირატესობათა შენარჩუნების მომხრე იყო.
ამ ამბით შეშფოთებულმა თამარმა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდი ხელისუფლები მოიწვია, რომელთაგან ყველამ განდგომილებაში გაურევლობა და მისი ერთგულება შეჰფიცეს. თამარმა სცადა, დიდგვარიან აზნაურთა ჯგუფის ეს უგუნური საქციელი მშვიდობიანი მოლაპარაკებით შეეჩერებინა, რომელიც ძმათა შორის სისხლის ღვრით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მისი ცდა ამაო გამოდგა. გიორგი რუსის მომხრე აჯანყებული დიდგვარიანი აზნაურები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ერთი ჯგუფი თავის ლაშქრითურთ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში გადმოვიდა და თემის აოხრება დაიწყო, მეორე ჯგუფი კიდევ ციხისჯვრის გზით სამცხეში გადავიდა და ქალაქი ოძრხე გადასწვა.
თამარის ერთგულმა აღმოსავლეთ საქართველოს მოხელეებმაც ჯარს თავი მოუყარეს და ჯავახეთში გაემგზავრნენ საბრძოლველად, სადაც აჯანყებულთა მთავარი ძალა იმყოფებოდა. ამ თემში, თმოგვსა და ერუშეთს შუა, მეამბოხეთა და საქართველოს მთავრობის ჯარს შორის დიდი ბრძოლა მოხდა. თამარის მომხრე ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აჯანყებულები-კი დამარცხდნენ და გაიფანტნენ. მართალია, ეს მეამბოხეთა უკვე მნიშვნელოვანი ძალის განადგურებას წარმოადგნდა, მაგრამ ქართლში შეჭრილი მეორე ნაწილი ჯერ კიდევ გასანადგურებელი იყო და ეხლა ჯერი მათზედაც მიდგა. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს უბრძოლველად გაიქცნენ.
გიორგი რუსის მომხრეთა რიცხვი ეხლა უკვე შემცირდა და მათ ბრძოლა აღარ შეეძლოთ. ამიტომ ამ დიდგვარიანმა აზნაურებმა თამარს შუამდგომლები მიუგზავნეს, რომ თავიანთთვის უვნებლობის ფიცი მიეღოთ; მაშინ ჰპირდებოდნენ, რომ გიორგი რუსს დაჭერილს მიჰგვრიდნენ. თამარმაც უვნებლობა უწყალობა. აჯანყებულები გადმოვიდნენ და ერთგულება შეჰფიცეს და გიორგი რუსიც მოჰგვარეს. დადებული აღთქმის თანახმად, თამარმა გიორგი რუსი კვლავ გააძევა, აჯანყებაში გარეულ ყველა მომხრეებს-კი თანამდებობა ჩამოართვა და მათ მაგიერ თავისი ერთგული ხელისუფლები დანიშნა.
გუზანი, კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი, რომელიც გიორგი რუსის აჯანყებაში იყო გარეული, შემდეგშიც თავისას არ იშლიდა, მან წინანდელზე მეტი ღალატიც-კი იკადრა: ის შაჰ-არმენთან წავიდა და ტაოს, კარისა, ვაშლოვანისა და სხვა ციხეების მტრისათვის გადაცემას შეჰპირდა. შაჰ-არმენმა გუზანის ცოლშვილის წასაყვანად და გადმოცემულ ციხეებში მეციხოვნეთა შესაყენებლად მრავალრიცხოვანი თურქი მოლაშქრენი გამოგზავნა. მაგრამ დიდგვარიან აზნაურის ამ მოხელეს ასეთმა მოღალატურმა ქცევამა და ოინმა მაინც ტყუილად ჩაუარა, რადგან გუზანის ცოლშვილის წამყვან შაჰ-არმენის ლაშქარს ზაქარია ფანასკერტელი დაედევნა, დაამარცხა კიდეთ და გუზანის ცოლშვილიც ჩაიგდო ხელში.
1192 — 93 წ. თამარის პირმშო ვაჟიშვილი გიორგი-ლაშა დაიბადა. ამის აღსანიშნავად ლაშქრობა იყო მოწყობილი ერთი მხრით არზრუმის, კარნუ-ქალაქის მიმართულებით და მეორე მხრით საქართველოს არეზის სანაპიროებისაკენ.
1193 წელს გიორგი რუსმა ხელმეორედ სცადა თავისი ბედი ისევ წაღმა მოეტრიალებინა; კონსტანტინოპოლიდან რანში მოვიდა ათაბაგთან და იქითგან
კამბეჩოვანში, ე. ი. ქიზიყში შეიჭრა, მაგრამ ეს მეორე მცდელობა პირველზე უარესად დამთავრდა: ის უმალ დამარცხებულ იქმნა და უკვალოდ გადაიხვეწა.
როდესაც გიორგი III გარდაიცვალა და სამეფო ტახტზე ნორჩი ქალიშვილი თამარი ავიდა, ყველა მეზობლებს ეგონათ, რომ ეხლა-კი სამაგიეროს გადახდის დრო დაუდგათ, მაგრამ ეს იმედი არ გაუმართლდათ; საქართველოს სამხედრო ძლიერება ოდნავადაც არ შესუსტებულა, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს სამეფო ტახტზე მამაკაცის მაგიერ ქალი იჯდა. თამარს ხასიათის დიდი სიმტკიცე და მამაცური ნებისყოფა ჰქონდა; ქვეყნის მესაჭეობასაც კარგად ახერხებდა, იმისდა მიუხედავად, რომ მას მაინც-და-მაინც საშუალება არ ჰქონდა სახელმწიფო მართვა-გამგეობის საქმეებში ხანგრძლივი გამოცდილება მოეპოვა.
მეზობელი მაჰმადიანი მმართველები დროგამოშვებით ცდილობდნენ, რომ აქ-თუ-იქ, ამათუიმ მხრითგან იერიში მოეტანათ და საქართველოსაგან შემოერთებული ადგილები ისევ უკან დაებრუნებინათ. ერანის აზერბაიჯანის ამირთ-ამირას ყიზილ-არსლანის ათაბაგის შვილი აბუ-ბაქრ ათაბაგი 1192 წელ შირვანს შეესია, რაკი ის საქართველოს ყმადნაფიცი იყო. ამ დროს შირვანში საშინელი მიწისძვრა მოხდა, შამახიის ზღუდეები დაინგრა. ამ მიწისძვრის მსხვერპლად, აღსართან შირვანშაჰმა და მისმა სიძემ ამირ-მირმანმა აბუ-ბაქრ ათაბაგის შემოსევას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საქართველოს მთავრობას და თამარს სთხოვეს, მათთვის დახმარება გაეწიათ და აბუ-ბაქრის ძალმომრეობისაგან დაეცვათ. საქართველოს მთავრობამაც თავისი მოვალეობის ასრულება აღუთქვა და დიდ სამხედრო სამზადისს შეუდგა.
1195 წელს საქართველოს მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა დაიძრა. შანქორთან დიდი და სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა, რომლის დროსაც მტერი საშინლად დამარცხდა, ისე რომ ათაბაგმა თავისთავი ლტოლვით გადაარჩინა მხოლოდ. ძლევამოსილ ქართველთა ჯარს თვით მაჰმადიანთა ხალიფასაგან უძლეველობის მოსანიჭებლად გამოგზავნილი ღაზო-დროშა ჩაუვარდა ხელში და დიდძალი დავლაც ერგო. მაშინვე ქალაქ შანქორითგან მცხოვრებნი გამოეგებნენ, ქალაქის კლიტე-გასაღები მოართვეს და მეფე დავითსა და ქართველთა ჯარის მხედართ მთავრებს შიგ შებრძანება სთხოვეს.
შანქორი და მისი სანახები კვლავ დაპყრობილ იქნა, მაგრამ საქართველოს მთავრობას იგი თავის უშუალო მფლობელობად არ უქცევია, არამედ ამირ-მირმანს გადასცა, ვითარცა მის ყმადნაფიცს. მერმე ქართულმა მხედრობამ განზედაც გაილაშქრა, მაგრამ განძასთან მიახლოვებისთანავე განძელებმა თავიანთი წარმომადგენლები მოაგებეს და უბრძოლველად დამორჩილება მოახსენეს. საქართველოს ჯარის მთავარსარდლობა ჯარითურთ განძაში შევიდა და, მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, განძის მმართველის სასახლეში დიდი დარბაზობა გადაიხადა.
მაინც აბუბექრ ათაბაგი, რომელიც დატყვევებას და სიკვდილს ლტოლვით გადაურჩა, არ ისვენებდა, და, რაკი სამხედრო ძალით შირვან-შაჰისა და მისი სიძის მოსპობა ვერ მოახერხა, მან მოსყიდული მომწამვლელების მიგზავნით ამირ-მირმანს მოუღო ბოლო და მოაკვლევინა.
საქართველოს სამხედრო ძლიერება ამ დროითგან მოყოლებული თანდათან სულ უფრო და უფრო მატულობს. მისი სამხედრო მოქმედების ასპარეზად საქართველოს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე სანაპიროები იქცნენ. 1196 წ. გელაქუნი და ამბერდი იყო აღებული. 1201 წელს ბიჯნისი იქნა შემოერთებული. რაკი აბუბექრ ათაბაგი მაინც წინანდებურად არ ისვენებდა, მის დასასჯელად კვლავ იყო ლაშქარი გაგზავნილი და 1203—1204 წ. სამხედრო მოქმედება დვინამდის და მის სანახებამდის წარმოებდა.
ამავე ხანაში დასავლეთის თურქობამაც დაიწყო იერიშის მოტანა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის თემების წინააღმდეგ. ამიტომ მათ ასალაგმავად და გასანადგურებლადაც საქართველოთგან გაგზავნილი იყო ჯარი, რომელმაც გაიარა პალაკაციო, არტაანი და სხვა თემები, დაიპყრო ხახული, ოშკი და ბანა.
1204 წელს თამარი იძულებული გახდა საქართველოს სამხედრო მოქმედება უფრო შორეულ მანძილზედაც-კი გადაეტანა. უცხოეთითგან ჩამოსულ ქართული სავანეების წარმომადგენლებს თამარ მეფემ 1204 წელს დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ამ მონასტრების წარმომადგენლებს ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. ასეთი გაუგონარი საქციელისა და კადნიერების დასასჯელად, თამარმა საქართველოს მხედრობა წარგზავნა და ბიზანტიის სახელმწიფოს იმ სანაპიროს შეუსია, რომელიც საქართველოს მოსაზღვრე იყო და რომელშიც ქართველთა მონათესავე ლაზებისა და ჭანების ტომები ცხოვრობდნენ.
ამ ლაშქრობის დროს საქართველოს ჯარმა ლაზიკა დაიპყრო, ტრაპიზონი, სამისონი, სინოპი, კერასუნი, კოტიორა აიღო და ერაკლიამდის მიაღწია. მთელი ეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო საქართელოს მთავრობამ ბიზანტიას ჩამოართვა და ცალკე საკეისრო შექმნა. ამ საკეისროში მან შთამომავლობით ბერძენი უფლისწული ალექსი კომნენოსი გაამეფა, რომელიც დედის მხრით ქართველ მეფეთა ბაგრატონიანთა მონათესავე და საქართველოში ნამყოფი იყო.
ამნაირად, საქართველოს მეზობლად ამ დროითგან მოყოლებული თვით საქართველოს წყალობითვე შექმნილი საკეისრო გაჩნდა, რომელიც ქართველთა მონათესავე ტომით იყო დასახლებული, პოლიტიკურადაც საქართველოს სახელმწიფოებრივობასთან იყო უმჭიდროესად დაკავშირებული. ტრაპიზონის საკეისროში საქართველოს ჰეგემონია სუფევდა. მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველთა მონათესავე ჭანების ტომისაგან შესდგებოდა. ბერძენთა მოსახლეობა მხოლოდ ქალაქებში იყო და მარტო მაღალი წრის ფენას ეკუთვნოდა, მაგრამ ამ მაღალი წრის ფენაშიც ქართულ მოსახლეობასაც საკმაოდ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები.
ბიზანტიის საკეისროს დაარსების შედეგაც, ქართული ჯარი იქითგან მთლად არ წამოსულა, რადგან თამარისა და საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული მოქმედება მხოლოდ დასაწყისი იყო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართ დასახული პოლიტიკის გეზისა, რომლის ანარეკლი შემდეგშიც ჩანდა და რომლის გარშემო ბრძოლაც ბიზანტიასა და საქართველოს შორის მთელი XIII და XIV საუკუნის განმავლობაში წარმოებდა.
მომდევნო, 1204—05 წელს საქართველოს ჯარი ჯერ ხლათში და შემდეგ მანასკერტამდე და არჭეშამდე შლიდა თავის მოქმედებას. 1205 წელს საქართველოს მთავრობამ გადასწყვიტა დაეპყრო ის ერთადერთი სამ უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქთაგანიც, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ შემოერთებული არ ჰქონდა და რომლის ფლობა მას სამხრეთითგან მომავალი გარეშე მტრის საშიშროებისაგან უზრუნველჰყოფდა. თამარმა თავისი ჯარი კარის ციხე-ქალაქის ასაღებად წარგზავნა. კარის-ციხე კარის ამირას ეჭირა, რომელიც ხლათის მმართველს შაჰ-არმენს ემრჩილებოდა. საქართველოს ჯარის მოახლოვებისთანავე კარის ამირამ შაჰ-არმენს დახმარება სთხოვა, მაგრამ შაჰ-არმენი არც დაძრულა და არც აღმოუჩენია დახმარება. გარემოცვა კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ მაინც საქართველოს ჯარის სრული გამარჯვებით დამთავრდა. ამრიგად, სამხედრო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონებელი ანისისა და დვინის შემდეგ უდიდეს ციხეთაგანი ეს ციხე-ქალაქი კარიც საქართველოს საზღვრებში მოექცა. თამარ მეფემ, კარის მცხოვრებთ თხოვნის თანახმად, კარის ციხე-ქალაქი არავის არ გადასცა, არამედ უშუალოდ სახელმწიფო ტახტს დაუმორჩილა. როგორადაც კარის ციხის აღებას საქართველოს ძლევამოსილებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა მთელს მახლობელ აღმოსავლეთში.
საქართველოს ამ გამარჯვებით ყველაზე მეტად რუმის სულტანი რუქნადინი იყო აღშფოთებული, რომელმაც კარის აღების უმალ მეზობელ ყველა მაჰმადიან სამფლობელოების უფროსებთან გააბა მოლაპარაკება, რომ შეერთებული ძალის საქართველოს წინააღმდეგ გამოელაშქრათ და, არამცთუ კარისციხე-ქალაქი უკან დაებრუნებინათ, არამედ საქართველოც-კი გაენადგურებინათ.
მოკავშირეებმა რომ 400 ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარ ლაშქარს მოუყარეს თავი, რუქნადინმა თამარ მეფეს მუქარითა და უკმეხი გამონათქვამებით სავსე ეპისტოლე გამოუგზავნა, რომელშიც წინადადებას აძლევდა უბრძოლველად დაჰმორჩილებოდა. ასეთი უკმეხი მომართვის მიღებისთანავე, თამარ მეფემ 1206 წელს ბრძანება გასცა, რომ საქართველოს მხედრობას თავი მოეყარა. ეს განკარგულება ისეთი სისწრაფით იქმნა ასრულებული, რომ მას საშუალება ჰქონდა უკან მიმავალი რუქნადინის ელჩისათვის საქართველოს მთელი ლაშქარი კვალდაკვალ დაედევნებინა. ვარძიაში მისვლის შემდეგ, თამარმა ესოდენ გადამწყვეტ ომში მიმავალი საქართველოს მხედრობა დალოცა და გამარჯვება უსურვა.
საქართველოს მხედრობამ რუქნადინთან ბრძოლა მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. რუქნადინს არ ეგონა, რომ საქართველოს ჯარი ასეთი სისწრაფით ამხედრებას მოახდენდა და ბრძოლას შეუდგებოდა. რუქნადინის ჯარი სასტიკს ბრძოლაში საშინლად დამარცხდა, ისე რომ თვით რუქნადინი და მისი მოკავშირე აბულუსტანის მფლობელი მუღის-ედინ-ტოღრილ-შაჰი ტყვეობას ძლივს გადაურჩნენ. მათი დროშები, მთელი მათი ქონება რაც-კი თან ჰქონდათ, საქართველოს ძლევამოსილ ლაშქარს ჩაუვარდა ხელში.
ამ გამარჯვებამ საქართველოს სამხედრო ძალის სამხრეთ-დასავლეთითაც სრული უძლეველობა გამოამჟღავნა და, რა თქმა უნდა, ამას შეუძლებელია მახლობელ აღმოსავლეთში უდიდესი შთაბეჭდილება არ მოეხდინა.
დამარცხებული, შორეულ თემში გახიზნული რუქნადინი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ საქართელოს სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ ამისათვის მზადებაში გარდაიცვალა და განზრახვა აუსრულებელი დარჩა.
1207 წელს თამარის მეუღლე დავითი გარდაიცვალა და მის მაგიერ თამარმა სამეფო ტახტზე თანამოსყდრედ თავისი თორმეტი წლის ვაჟიშვილი გიორგი ლაშა აიყვანა. დავითის სიკვდილის მიუხედავად საქართველოს სამხედრო ძლიერება მომდევნო წლებში არამცთუ შესუსტებულა, არამედ გამარჯვებას გამარჯვება მოსდევდა.
1208 და 1209 წელს არჭეში იქნა აღებული. მართალია, 1208 წელსვე მოულოდნელად საქართველოს ერანითგან არდაველის სულტანი შემოესია. მან იმ გარემოებით ისარგებლა, რომ აღდგომა დღეს ქრისტიანთა წესით ქალაქის კარები დილა ადრიანი იღებოდა ხოლმე და ყველა მორწმუნენი ეკლესიებში იყვნენ სალოცავად. საიდუმლო მზადების შემდგომ, არდაველის სულტანი ამ წელს თავისი ლაშქრითურთ ანისს ღამიანად თავს დაესხა და იმ დროს, როდესაც რიჟრაჟზე ქალაქის კარები გაღებული იყო, შეესია, ეკლესიებში მყოფი ხალხი ამოხოცა და ისევე სწრაფად, როგორც შემოიჭრა, ერანში დაბრუნდა.
მოახსენეს თუ არა თამარს ამ კადნიერი შემოსევის ამბავი, საპასუხო დამსჯელი ლაშქრობის მოწყობა უმალვე გადაწყდა. იმ დროს, როდესაც მაჰმადიანთა დიდი დღესასწაული იყო, როცა მაჰმადიანებმაც დასვენება-განცხრომა იცოდნენ ხოლმე ასევე სასწრაფოდ საქართველოს მხედრობაც არდაველის სულტანისა და მისი მოსახლეობის დასასჯელად არდაველში გაეშურა. იმავე წესით, როგორც ანისი იყო დარბეულ-დაწიოკებული, დარბეულ და დაწიოკებულ იქნა არდაველიც, ხოლო არდაველის სულტანი სიკვდილით დასაჯეს.
ერანში გალაშქრებამ ქართველ მხედართმთავრებს ერანის სრული პოლიტიკური უმწეობის სურათი გადაუშალა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ერანის დაპყრობა ძნელი საქმე აღარ იყო, ხოლო, რაკი ერანის სხვადასხვა ცალკეული ამირებისა და მფლობელების მეკობრული, ყაჭაღური თავდასხმისაგან საქართველოს მყუდროება ირღვეოდა ხოლმე, ამიტომ 1210 წელს საქართველოს ჯარის მხედართმთავარმა, ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა და სხვა მაღალმა ხელისუფლებმა თამარს გეგმა წარუდგინეს, რომ ერანში დიდი ლაშქრობა მოწყობილიყო. ამ საკითხის გადაწყვეტა თამარმა სახელმწიფო დარბაზს გადასცა, რომელმაც, მსჯელობის შემდგომ, დასტური მისცა და თამარ მეფემაც ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სათანადოდ მომზადების შემდგომ, საქართველოს მრავალრიცხოვანი მხედრობა ერანისაკენ გაემართა. პირველად მარანდი იყო აღებული. მარანდის აღებამ თავრეჟზე (უდრის ახლანდელ თავრიზს) ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავრეჟელებმა თავიანთი წარმომადგენლები მოაგებეს და უბრძოლველად დამორჩილება მოახსენეს. ამ ამბავმა ქართველი მხედრობა გაახარა, რადგან აქ საქმე სისხლის დაუღვრელად, ხარკის დადებით მოგვარდა. ქალაქი მიანაც ასევე მოიქცა. შემდეგ უჟენი და ზენგანიც (უდრის ახლანდელ ზენჯანს) იყო აღებული. ზენგანმა საქართველოს ჯარს წინააღმდეგობა გაუწია და მისი დამორჩილება მხოლოდ ბრძოლის შემდგომ გახდა შესაძლებელი. ძლევამოსილი ქართული მხედრობა წინ იწევდა: ყაზვინიც იქნა დაპყრობილი. დავლით დატვირთულმა ლაშქარმა რომ-გურსაც-კი მიაღწია და აქ უკვე იმდენად დიდი დავლა დაგროვდა, რომ ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელიღა შეიქმნა და ძლევამოსილი ჯარი უკან უნდა დაბრუნებლიყო არას დროს საქართველოს ჯარს ესოდენ შორეული ლაშქრობა არ ჰქონია.
დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ჯარის დაუბრუნებლობის გამო, გავრცელდა ხმა, ვითომც ჯარი დამარცხებულიყოს. მიანელებმა დაიჯერეს და მეციქოვნე ქართველთა რაზმი, რომელიც იქ იყო ჩაყენებული, დახოცეს. მხოლოდ ერთი მათგანი შემთხვევით გადაურჩა ამ ჟლეტას და დაიმალა. როდესაც საქართველოს გამარჯვებული ჯარი უკან დაბრუნდა და მიანელებმა ეს ამბავი შეიტყვეს, შეშინებულნი საქართველოს მხედართმთავრებს მიეგებნენ და დანაშაული, რომელიც მათ ჩადენილი ჰქონდათ, დაუმალეს. ქართველ მეციხოვნეთა დაუხვედრელობა მიანელებმა იმით ახსნეს, ვითომც ქართელი მეციხოვნენი მეზობელ ქალაქში ყოფილიყვნენ გამგზავრებულნი, მაგრამ ამ დროს გადარჩენილი დამალული ქართველი მეციხოვნე გამოჩნდა და მხედართმთავარის წინაშე წარსდა და მან პირში ამხილა მიანელების ჩადენილი დანაშაულება. ამ ვერაგობისა და სიცრუისათვის მიანელები სასტიკად იქნენ დასჯილნი, რის შემდეგ საქართველოს ჯარმა სამშობლოში დასაბრუნებლად განაგრძო სვლა.
ამგვარად, ერანის ჩრდილოეთი ნაწილი, ე. წ. ერანის აზერბაიჯანი საქართველოს ყმადნაფიცად იქცა და ყოველწლიური ხარკის ძლევა იკისრა. ასეთი ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, დიდი დარბაზობა იყო მოწვეული, რომლის დროსაც თამარ მეფეს ერანითგან დაბრუნებული მხედრობა წარუდგა და თან მოტანილი დავლა მიართვეს. ეს თამარის მეფობის უკანასკნელი დიდი ლაშქრობა იყო და ამის შემდგომ საქართველოს მშვიდობიანობა გარეშე მტრისაგან დარღვეული აღარ ყოფილა.
1212 წელს გარდაიცვალა ზაქარია ამირსპასალარი და მის მაგიერ მისი ძმა იოანე ათაბაგი იყო დანიშნული.
ფხოელთა და დიდოელთა აჯანბების ჩასაქრობად იოანე ათაბაგის მეთაურობით 1212 წელს პატარა სამხედრო ექსპედიცია იყო გაგზავნილი საქართველოს ჩრდილოეთ სანაპიროზე, ხოლო 1213 წელს ავადმყოფობის შემდგომ თამარ მეფე გარდაიცვალა.
ამრიგად, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს ბრძნული საჭეთმპყრობელობითა და შორსგამჭვრეტელი პოლიტიკით, თამარმა ბრწყინვალედ დააგვირგვინა საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობის ის დიადი საქმე, რომელიც მისი სახელოვანი წინაპრის დავით აღმაშენებლის მიერ იყო დაწყებული, მამაკაცის დაუღალავი დიდი ჭკუით, მხნეობით და სამაგალითო მამაცობით შექმნილი ეს ხელთუქმნელი ნაგებობა, ქალის სიბრძნითა და ნებისყოფით იყო დამთავრებული.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: