Posted by: burusi | 07/08/2009

ივანე კერესელიძე

ივანე კერესელიძე

ივანე კერესელიძე

ივანე კერესელიძე (1826-1892)
ივანე კერესელიძე 50-იანი წლების საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობის უშუალო გამგრძელებელია. გიორგი ერისთავის შემდეგ ის ჩაუდგა სათავეში ქართულ თეატრსა და ჟურნალს – ეროვნული კულტურის ორ მთავარ ბურჯს და მთელი სიცოცხლე ამ დიდ საქმეს ანაცვალა.
ივანე ივანეს ძე კერესელიძე დაიბადა თბილისში, 1829 წლის 10 ნოემბრს. 1839 წელს ივანე კერესელიძე დედამ კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც იგი ორ წელს სწავლობდა; 1841 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, ხოლო 1843 წელს კეთილშობილთა გიმნაზიაში მიიღეს.
1849 წლიდან ი. კერესელიძე მხურვალედ მონაწილეობდა გ. ერისთავის დრამატული დასის პირველ წარმოდგენებში, რომლებიც გიმნაზიის დარბაზში იმართებოდა. გ. ერისთავმა ის თავის თანაშემწედ დანიშნა და, როგორც რეჟისორს, რეპეტიციების ჩატარება მიანდო; ამასთან, ი. კერესელიძე პიესებსაც წერდა და სცენაზეც გამოდიოდა.
ი. კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროს გაეცნო, აგრეთვე, ნიკოლოზ ბარათაშვილს, გრიგოლ ორბელიანს, დიმიტრი ყიფიანსა და სხვა გამოჩენილ მწერლებს; გატაცებული იყო ლიტერატურით, თხზავდა ლექსებს, თარგმნიდა პიესებსა და მოთხრობებს. 1850 წელს ივ. კერესელიძემ წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, ხოლო მომდევნო წელს დავით დადიანმა და ეკატერინე ჭავჭავაძემ ზუგდიდში მიიწვიეს შვილების აღმზრდელად.

ეკატერინე ჭავჭავაძის ერთ-ერთი ოთახი

დადიანების სასახლე

მთავრის ოჯახში გატარებულმა წლებმა, ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეებთან მეგობრობამ, მათი მდიდარი ბიბლიოთეკის გაცნობამ, რუს და ქართველ მოღვაწეებთან ურთიერთობამ, დიდი როლი შეასრულა ივ. კერესელიძის საზოგადოებრივ-ლიტერატურული ინტერესების ჩამოყალიბებაში. დადიანებმა გულუხვად დაასაჩუქრეს ივანე და ეს ქონება მან ქართული კულტურის სასარგებლოდ გაამოიყენა.
1854 წლიდან ივ. კერესელიძე მეთაურობდა სახსარსა და მფარველობას მოკლებულ ქართულ დრამატულ დასს. თავდადებული შრომით მან ორი სეზონის ჩატარება შეძლო.
ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე ივ. კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროსვე ოცნებობდა, ხოლო 1853 წლიდან სამზადისსაც შეუდგა. 1856 წელს ”ცისკრის” აღდგენის ნება მიიღო და 1857 წლიდან გამოცემაც დაიწყო. თვრამეტი წლის მანძილზე, 1875 წლამდე, იგი უცვლელად ხელმძღვანელობდა ამ ჟურნალს. ნებართვის მიღებამდე ივ. კერესელიძემ ხელი მიჰყო ქართული წიგნების გამოცემას და 1852-1856წწ., სხვათა შორის, დაბეჭდა საკუთარი პოემები: ”მწყემსის სიყვარული” და ”ნაოხარი სოფელი”; სახელმძღვანელოები: ”საკითხავი წიგნი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის”, ”ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის”, , ”მოკეთე სიტყვა” და სხვ., რომელთა ნაწილს უფასოდ ურიგებდა ხალხს.
1857 წელს ივ. კერესელიძემ ცოლად შეირთო მსახიობი ნინო უზნაძე, რომელმაც ამაგი დასდო მშობლიურ კულტურას, ქართულ ჟურნალისტიკას. სულ მალე ი. კერესელიძის ოჯახი თბილისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ცენტრად გადაიქცა.
ქართული ლიტერატურისა და კულტურის საჭირბოროტო საკითხებზე მოსალაპარაკებლად ამ საქმის ენთუზიასტები ივ. კერესელიძის სახლში იყრიდნენ თავს. აქ იკრიბებოდნენ: გრიგოლ, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, აკაკი წერეთელი, ლავრენტი არდაზიანი, რაფიელ ერისთავი, ბარბარე ჯორჯაძე, დანიელ ჭონქაძე, დ. ბაქრაძე ანტ. ფურცელაძე და სხვ. 1859 წელს ქართველი საზოგადოება აქ შეხვდა გამოჩენილ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას, რომელმაც გულთბილი სტრიქონები მიუძღვნა გულუხვ მასპინძელსა და მის ლიტერატურულ სალონს.
ივ. კერესელიძე მეტად მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულ და მხატვრულ თხზულებებს, ბეჭდავდა წიგნებს და სათავეში ედგა სხვადასხვა საზოგადოებრივ-საქველმოქმედო წამოწყებას, მაგრამ ჩვენი მწერლობის ისტორიაში მისი უმთავრესი დამსახურება მაინც ცისკართან” არის დაკავშირებული.

ჟურნალ ცისკრის რედაქცია 1857-1860 წწ. სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ)1. ა. ჩიქოვანი, 2-3.უცნობი პირი 4.გ.რჩეულიშვილი, 5. ლ. არდაზიანი. დგანან ი. კერესელიძე და დ. ჭონქაძე

ჟურნალ ცისკრის რედაქცია 1857-1860 წწ. სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) ა. ჩიქოვანი, გ.რჩეულიშვილი, ლ. არდაზიანი. დგანან ი. კერესელიძე და დ. ჭონქაძე

ივ. კერესელიძის ”ცისკარი” პრინციპულად განსხვავდებოდა წინანდელი ქართული გამოცემებისაგან. საქმის მკვიდრ ნიადაგზე დასამყარებლად ი. კერესელიძემ, ჯერ კიდევ ნებართვის მიღებამდე, უშუალოდ ხალხთან გააბა კავშირი. იგი სათავეში ჩაუდგა ქართული წიგნის პროპაგანდას; სისტემატურად აქვეყნებდა მოწოდებებს საზოგადოებისადმი, განუმარტავდა მას ჟურნალის როლს მშობლიური კულტურის განვითარებაში, ცდილობდა გაეღვიძებინა ეროვნული გრძნობა, ემოქმედნა თანამემამულეთა ნაციონალურ თავმოყვარეობაზე, ჩაეფიქრებინა ისინი სამშობლოს ბედზე. გარდა სარედაქციო წერილებისა, ივ. კერესელიძემ სპეციალური სტატიები მიუძღვნა ქართული ჟურნალისა და წიგნის გავრცელების საკითხებს.
ივ. კერესელიძის ”ცისკარში” ერთნაირი აქტივობით მონაწილეობდნენ სხვადასხვა კუთხის ქართველნი. ჟურნალი საქართველოს ყველა კუთხეში ვრცელდებოდა და თანაბრად აშუქებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცხოვრებას. იგი, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველოს პირველი ბეჭვდითი ორგანო იყო და მან უსათუოდ დიდი როლი შეასრულა საერთო ეროვნული შეგნების გამომუშავებასა და განმტკიცებაში.
1857 წლიდან ”ცისკართან” არსებობდა ქართული ლიტერატურის მოყვარულთა არალეგალური წრე, რომელსაც ივ. კერესელიძე მეთაურობდა. ამ წრეში, სხვათა შორის, გერცენის საზღვარგარეთულ გამოცემებსაც იცნობდნენ.

ივ. კერესელიძე დიდი ყურადღებით ეკიდებოდა მდაბიო მკითხველის მოთხოვნებს. ჟურნალს მეტი ტირაჟით ბეჭდავდა, ვიდრე ხელისმომწერთაგან ჰქონდა დაკვეთილი და ზედმეტ ეგზემპლარებს უფასოდ ურიგებდა ხალხს. ასევე უფასოდ გზავნიდა ჟურნალს შორეულ, მთიან და თურქთაგან დაპყრობილ მესხეთ–აჭარაში (სადაც მან, სხვათაშორის, 1869 წელს არალეგალურად იმოგზაურა). ის ნომრები, რომლებშიც დ. ჭონქაძის, ი. ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვათა ნაწერები იყო გამოქვეყნებული, ორმაგი და სამმაგი ტირაჟით გამოდიოდა.
ხელისუფლებისათვის იმთავითვე ცნობილი გამხდარა ”ცისკართან” არსებული წრის საქმიანობა და 1857 წელს ჟანდარმერიას ფარული მეთვალყურეობა დაუწესებია აღნიშნული წრისა და პირადად რედაქტორისადმი; იქიდან მოკიდებული ივ. კერესელიძე პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობაში იმყოფებოდა. ხელისუფლება და მისი მსახურნი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქართულ ჟურნალს არსებობა შეეწყვიტა, ხოლო არისტოკრატიის მომეტებულ ნაწილს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო თუ უსიცოცხლო, მათი მონა-მორჩილი ჟურნალი იარსებებდა. ივ. კერესელიძე ცდილობდა არა მარტო შეენარჩუნებინა ჟურნალი, არამედ გარკვეული დამოკიდებულობაც მოეპოვებინა მისთვის. ცნობილია, რომ ივ. კერესელიძე საკუთარ ქონებას ახმარდა ”ცისკარს”; თვითონ აწყობდა, ბეჭდავდა და ურიგებდა ხელისმომწერთ, – მაგრამ იგი არ დაკმაყოფილდა ჩუმი მუშაობით, არ მიჰყვა თვითდინებას, არამედ სათავეში ჩაუდგა მშობლიური ენისა და ლიტერატურის განვითარებისთვის ბრძოლას, რომელსაც მწვავე ხასიათი ჰქონდა.

ჟურნალი "ცისკარი"

ჟურნალი "ცისკარი"

ივ. კერესელიძე ”მოლაყბის” ფსევდონიმით წერდა. საერთოდ, ”ცისკარში” დაბეჭდილი ”სალაყბო ფურცლები” ყურადღებას იპყრობს თემატიკის მრავალფეროვნებით, აქტუალობით, პოლიტიკურიი სიმახვილით. მოლაყბე გულმხურვალედ ლაპარაკობს საზოგადო საქმეზე; მის სიტყვებში მუდამ ისმის საერთო საქმის წარუმატებლობით გამოწვეული გულისტკივილი, რომელსაც იგი თანაგრძნობის გამოწვევის აშკარა სურვილით უზიარებს მკითხველს. ივ. კერესელიძემ ჩამოაყალიბა ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის პროგრამა და დაასაბუთა დედა ენაზე სწავლების აუცილებლობა. ეს არის დედა ენაზე სწავლებისათვის იმ ბრძოლის დასაწყისი, რომელიც 70 – 80-იან წლებში გაჩაღდა.
”ცისკარს” ბრძოლა უხდებოდა როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ცენზურასთან, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ”მაღალი საზოგადოება” ისეთი თხზულებების წინააღმდეგაც ილაშქრებდა, რომელთა დაბეჭდვა ოფიციალური ცენზურის მიერ ნებადართული იყო. ამ სიძნელეთა მიუხედავად, ივ. კერესელიძე მაინც ახერხებდა ჟურნალში პროგრესულ-დემოკრატიული შეხედულებების გმოთქმას, ცენზურისათვის მიუღებული ნაწარმოებების გაოქვეყნებას.
1852 –1856 წლებში ივ. კერესელიძის მიერ დაწერილი თხზულებანი მიზნად ისახავდა ბატონყმობის იდეურ-ზნეობრივი საფუძვლების გაკიცხვას. ივ. კერესელიძე ცდილობდა გამოეწვია სიბრალული ყმებისადმი, დაენახვებინა მკითხველისათვის გლეხთა ადამიანური ღირსებანი, მათი სულისა და გონების მაღალი თვისებები. მაგრამ ივ. კერესელიძის ამ თხზულებათა გმირები ”ციდან ჩამოსულ ანგელოზებს ჰგვანან”; მათ იდეალური თვისებები აქვთ მინიჭებული. თავისთავად ცხადია, სინამდვილის ასეთი შელამაზება უარყოფით გავლენას ახდენდა ნაწარმოების მხატვრულ ღირსებაზე. ტიპიურ სახეთა ნაცვლად იქმნებოდა იდეალურ ადამიანთა (გლეხთა ) სქემები. ასეთ სერიოზულ ნაკლოვანებათა მიუხედავად, ივ. კერესელიძის ამ თხზულებებს მაინც მნიშვნელობა ჰქონდა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისინი გარკვეულ საფეხურს ქმნიან და ქართული რეალისტური ლიტერატურის თანდათანობითი განვითარების გასათვალისწინებლად უთუოდ აუცილებელია ანგარიში გაეწიოს ივ.კერესელიძის ისეთ ნაწარმოებებს, როგორიცაა ”მწყემსის სიყვარული” და ”შვილი უმანკოებისა” ”მწყემსის სიყვარული”, რომელდიც 1855 წელს დაიბეჭდა ცალკე წიგნად, გლეხთა სოციალური ცხოვრების ამსახველი პირველი ორიგინალური ნაწარმოებია. ავტორის მიზანია გლეხთა მძიმე მდგომარეობის დახატვა, მათი მაღალზნეობრივი თვისებების ჩვენება და ამით ბატონყმობის უღელში მგმინავი ხალხისადმი სიმპათიის აღძვრა. პოეტი გვიჩვენებს, რომ ”ბუნებით ყველა ადამიანი ერთია” და, ამიტომ, ერთნაირი უფლების ღირსიცაა.
პოემაში აღწერილია შეძლებული მემამულის ასულისა და უშიშარი ჭაბუკი გლეხის სიყვარული. გლეხის სიტყვებში მკაფიოდ ისმის პროტესტი არსებული წყობილებისადმი, ზნეობის დამკვიდრებული ნორმებისადმი. იგი მეამბოხე და მებრძოლია, თავგანწირულია დასახული მიზნის მისაღწევად. მისი რწმენით, ადამიანი ბედს არ უნდა დაემონოს, მდგომარეობას არ უნდა შეურიგდეს და, მიუხედავად იმისა, თუ რა დაბრკოლებებთან მოუხდება შერკინება, გაბედულად უნდა იბრძოლოს პირადი თავისუფლებისათვის. იგი გაიტაცებს სატრფოს და იარაღით იცავს
მოპოვებულ ბედნიერებას. ბატონყმური სოფლის ნაღვლიანი ცხოვრების სურათებს პოეტი უპირისპირებს ტყეში გაქცეული გლეხის თავისუფალ ცხოვრებას და ამ კონტრასტით გადმოგვცემს პოემს ძირითად იდეას. ავტორი სანიმუშოდ და სასიქადულოდ სახავს გმირის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. მისი იდეალი ამ ამბოხებული გლეხის მოქმედებაშია განხორციელებული. პოეტი აღფრთოვანებით უმღერის ძალას, მიზნის მიღწევისათვის თავდადებას.
”მწყემსის სიყვარული” მხატვრულად სუსტი ნაწარმოებია. პოეტი იძულებული იყო სიუჟეტი ბუნდოვან გარსში შეეფუთნა და პოემისათვის იდილია ეწოდებინა; მაგრამ ამან მაინც ვერ შეუშალა ხელი ახალი იდეური ტენდენციის გამოვლინებას მის წარმატებას ხელი შეუწყო ხალხურმა ენამ, ხალხის გნწყობილებასთან შინაარსის სიახლოვემ. დ. ჭონქაძემ ”სურამის ციხის” ეპიგრაფად გამოიყენა ამ პოემის ეპილოგი: მიიღე მხურვალ ჩანგზედ გალობა, იკითხე გლეხთაც კარგი ქალობა, სოფლელმაც იცის, ჰსცან სიყვარული. შენ კი!..
ქრონოლოგიურად ამავე პერიოდს ეკუთვნის ივ. კერესელიძის გადმოკეთებული ხუთმოქმედებიანი დრამა ”შვილი უმანკოებისა”, რომელიც 1856 წელს სცენაზეც წარმოუდგენიათ, ხოლო 1858 წელს ”ცისკარში” დაიბეჭდა (ოთხი მოქმედება). ”შვილი უმანკოებისა” გერმანელი მწერლის ავგუსტ კოცებუს ამავე სახელწოდების თხზულებიდან არის გადმოკეთებული. ივ. კერესელიძე თითქმის ზუსტად მიჰყვება ორიგინალის სიუჟეტურ ხაზს, მაგრამ ამძაფრებს პიესის სოციალურ მხარეს, შეაქვს მასში საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი სურათები, ცდილობს რეალისტურად დახატოს კოცებუს სენტიმენტალურ გმირთა სახეები. მისი თავადი დიასამიძე, მაგალითად, გაცილებით უფრო მკაცრი და შეუბრალებელია, ვიდრე კოცებუს ბარონ ფონ ნოიჰოფი. პიესის შინაარსი გაშლილია საქართველოს თანამედროვე ცხოვრების ფონზე. გადმომკეთებელი მიზნად ისახავს გვიჩვენოს, რომ გაბატონებული ფენების წარმომადგენლებში, თავადაზნაურებში, ვაჭრებში, მოხელეებში ადამიანობის ნიშანწყალიც არ მოიპოვება და მათგან არავინ უნდა მოელოდეს არათუ თავისუფლებას, ერთ ლუკმა პურსა და ოდნავ სიბრალულსაც კი. მებატონეები უკანასკნელ ლუკმას ართმევენ მხვნელ-მთესველთ. ”კაცო, რაღა გუშინ წაუღე ხარჯი ბატონსა, ახლა რომ გვქონოდა, რა კეთილს საქმეს ვიზამდით!”- ეუბნება წვრილშვილის დედა თავის ქმარს. წინააღმდეგ თავადაზნაურთა მტკიცებისა, რომ ბატონყმობას ჩვენში მამაშვილური ხასიათი ჰქონდა, ივ. კერესელიძეს ნაჩვენები აქვს პოლიტიკური და ეკონომიური ჩაგვრის სურათები. ”მე ასე მიჭირს და ვიფიქროთ ახლა, რამდენი ფული მიდი-მოდის სტოლზედ ქაღალდის თამაშობაში თბილისის კლუბში”, -კვნესის პიესის მთავარი პერსონაჟი გრიგოლი. ” ვინ კითხულობს ჩვენს ბედნიერებას, ბევრიც, რომ გვინდოდეს”, – ჩივის მეორე გლეხი. ”შენ დიდკაცობაზედ რას ლაპარაობ? დიდკაცობა მიქარვაა! ყოველნი კაცნი ერთის კაცის შათამომავალნი ვართ”… ”რა ცოდვა იქნებოდა, რომ წამერთმია იმ თავადისათვის… აბა, თქვენ ყოფილიყავით ჩემს ალაგას!” ბატონყმობის წინააღმდეგ მიმართული ასეთი რეპლიკები გაისმა ქართულ სცენაზე 1856 წელს.
თხზულების ბოლო ნაწილში ივ. კერესელიძე სულ უფრო შორდება ორიგინალს, ამწვავებს სოციალურ კონფლიქტს, თავისუფლდება კოცებუს სენტიმენტალიზმისაგან და უთუოდ ამის გამო აკრძალა ცენზურამ პიესის უკანასკნელი მოქმედების ბეჭდვა. ”შვილი უმანკოებისა” ლიტერატურულად ღირშესანიშნავ ნაწარმოებს არ წარმოადგენს, მაგრამ ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების გათვალისწინებისათვის მნიშვნელობა აქვს.
ივანე კერესელიძე
1857 წლიდან მოყოლებული ”ცისკრის” ფურცლები სავსეა ბატონყმობის საწინააღმდეგო ნაწერებით და, უნდა ითქვას, რომ რედაქტორმა საკმარისი სიძლიერით გააშუქა თავისი დროის ეს ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემა. 1858 წლის დეკემბერში, იმპერატორის სიტყვას ამოფარებულმა, მან რადიკალური შეხედულებები გამოთქვა ბატონყმობის მოსპობის აუცილებლობაზე. ივ. კერესელიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის დ. ჭონქაძის ”სურამის ციხის” დაბეჭდვასა და პოპულარიზაციაში.
ბატონყმობის გადავარდნის პირველსავე წლებში ივ. კერესელიძემ გვიჩვენა სოფლიდან გამოდევნილი, ლუკმაპურის საშოვნელად მოხეტიალე გლეხის გაჭირვება და მხურვალე თანაგრძნობა გამოხატა ამ გაპროლეტარებული სოფლელებისადმი. ამ მხრივ ინტერესს იწვევს მისი წერილი ”მატყლის სარეცხი ქარხანა თბილისში”, რომელშიც მუშათა აუტანელი პირობებია აღწერილი.
ივ. კერესელიძე კარგად იცნობდა გლეხთა ცხოვრებას, მთელი არსებით თანაუგრძნობდა მათ და შეეძლო დაეხატა წელში გატეხილი სოფლის ავ-კარგი, ”შემოსავლის მეხუთედს გლეხი აძლევს მამულის პატრონს, -წერდა იგი,- მეხუთედი ვაჭარს მიაქვს. დანარჩენს კვლავ მემამულე იყოფს შუაზე, ნახევარს თავის სასარგებლოდ იღებს, მეორე ნახევრიდან, რომელიც მაინც უნდა დარჩეს გლეხკაცსა – მოურავი თავის სამოურავოს იღებს, ზოგს აწყვაში ატყუებს და გლეხკაცი საცოდავი რჩება ხელცარიელი” ამ პერიოდის პოეტურ შემოქმედებაშიც ივ. კერესელიძე ამხელდა სოციალური სინამდვილის მახინჯ მხარეებს, ებრძოდა ჩაგვრასა და თვითნებობას. ბევრ მის ლექსში მხილებულია ”მეფის წყალობის” თვალთმაქცური ხასიათი. ნაჩვენებია, რომ ჯოჯოხეთურ ჭირ-ვარამში გამოვლილი ხალხი კვლავ დაჩაგრული და მწუხარეა. ეს აზრია გამოხატული ელეგიაში ”მშვიდობიანი სურვილი”, რომელიც ბატონყმობის გაუქმების მეორე წელს დაიბეჭდა.
ივ. კერესელიძის პირველი ლექსი ”ზაკავკაზსკი ვესტნიკმა” დაბეჭდა 1854 წელს (”1854 წლის ომზედ”); იქვე პროზაული თარგმანი და კრიტიკული წერილიც მოათავსეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ლექსი ”გაჟღენთილია ჭეშმარიტი პატრიოტული გრძნობით”.
შემდეგ ივ. კერესელიძის ლექსები იბეჭდებოდა ”ცისკარში”, ”დროებაში”, ”იმედში”, ”ივერიაში”, ”მწყემსსა” და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1859 წელს გამოვიდა ლექსთა პირველი კრებული, ხოლო 1878 წელს – მეორე კრებული.
ივ. კერესლიძის შემოქმედების პირველი პერიოდის (1849 – 1858) ზოგიერთი ლექსისათვის დამახასიათებელია წუთისოფლის მდურვა, სიცოცხლის ამაოებაზე ოხვრა, სააქაო ცხოვრების წარმავლობაზე ჩივილი. ზოგჯერ ივ. კერესელიძე ღვინით სავსე აზარფეშას, ხეივანში გაშლილ სუფრასა და ”ძველქართველურ” დროსტარებასაც უმღეროდა და ამით გარკვეულ ხარკს უხდიდა წინა თაობათა პოეტურ ტრადიციას (”ლხინი ბახუსელთა”, ”სადილის წინ გალობა” და სხვ.).
მაგრამ სულ მალე ივ. კერესელიძემ ყურადღება მიიპყრო ახალი თემებითა და მოქალაქეობრივი მოტივებით. პოეტს ივ. კერესელიძე ხალხის წინამძღოლად და დამრიგებლად თვლიდა. მისი რწმენით, მწერალი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგეს, ხალხის მისწრაფებებს იცნობდეს და გამოხატავდეს. მას ღრმად სწამდა პოეტური სიტყვის ძალა, მისი აქტიური საზოგადოებრივი ზემოქმედების უნარი.
1859 წელს დაიბეჭდა ივ. კერესელიძის ალეგორიული სიუჟეტიანი ლექსი ”ბედნიერების ძებნა”, რომელიც მაშინდელი პოლიტიკური სისტემის წინააღდეგ იყო მიმართული. ნაწარმოებში ნიღაბახდილია თვითმპყრობელური ტირანია. ნაჩვენებია კეთილსინდისიერი მშრომელი კაცის ტრაგედია უსამართლობაზე დამყარებული სოციალური სისტემის პირობებში. პოეტი სამარცხვინო ბოძზე აკრავს მეფის ხელისუფლებას, – მონარქს გველს უწოდებს, ხოლო მის მსახურთ – გველის წიწილებს.
ივანე კერესელიძე
ივ. კერესელიძემ შექმნა მამხილებელ ლექსთა მთელი ციკლი, რომელიც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს (”ღარიბი”, ”სიზმარი”, ”დიდ კაცს”, ”გადიდკაცებულს”, ”ჩემს მეგობარს”, ”ჩინოვნიკი”, ”ადგილის მძებნელი”, ”ადგილიდან დათხოვნილი”, ”დაიძინე, ჩემო ძმაო!”, ”ოჰ, ქართველო, რა კაცი ხარ” და სხვ.). ეს ლექსები ცხადყოფენ, რომ ივ. კერესელიძე იყო მეფის ბიუროკრატიული აპარატის – ხალხის ჩაგვრისა და დამონების ამ იარაღის შეურიგებელი მტერი. პოეტს მოცემული აქვს თვითმპყრობელობის ერთგულ მსახურთა ზნეობრივი და გორნებრივი უბადრუკობის საკმაოდ მკვეთრი სურათები.
ივ. კერესელიძე სხვადასხვა მხრიდან უდგება სოციალური უთანასწორობის საკითხს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქონებრივ და წოდებრივი განსხვავება არის მიზეზი, რომლისგანაც ყოველგვარი ბოროტება წარმოდგება. მაგრამ ივ. კერესელიძე თამიმდევრული როდი იყო ამ საკითხში. ზოგიერთ მის ნაწერში არასწორად, გადაჭარბებულად არის შეფასებული მეფის ”მანიფესტის” მნიშვნელობა და იმპერატორ ალექსანდრე მეორის ”დამსახურება”. სხვადასხვა შემთხვევებთან დაკავშირებით დაწერილ ლექსებში სულმდაბალ სტრიქონებსაც ვხვდებით (”მეფევ, მობრძანდი იმ გლეხთა შორის, ლოცვა-კურთხევა სად ხშირად იმის” და სხვ.).
ივ. კერესელიძის პოეტური შემოქმედების მთავარი მოტივი პატრიოტიზმია. მისი ფიქრი საქართველოს დასტრიალებს თავს. იგი ცდილობს გააღვივოს თანამემამულეებში ჯანსაღი პატრიოტული გრძნობა და დარაზმოს ისინი ქვეყნის მომავლის გამოსაჭედად. სამშობლოს გულწრფელმა სიყვარულმა, მისდამი მოვალეობის შეგნებამ და მომავლის რწმენამ გამოხატულება პოვა ლექსში ”ნანა”(1855წ.). აკვანში მყოფ ნორჩ თაობას პოეტი ბასრი ხანჯლით ასაჩუქრებს ეს დანათვლა ადვილად აღსაქმელი სიმბოლო იყო იმდროინდელი მკითხველისათვის.
წარსულში პოეტს წინაპართა საგმირო საქმეები იტაცებდა. სამშობლოსადმი მათი ერთგულება, თავგანწირვა და ვაჟკაცობა თანამედროვეთათვისაც სამაგალითოდ მიაჩნდა. უყვარდა ქართული ციხე-კოშკები, დიდი ხელოვნებით ნაგები ეკლესია-მონასტრები, ხიდები და ქალაქები. წარსულის ამ ნაშთებში ივ. კერესელიძე მშობელი ერის ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და როვნული შეგნების დადასტურებას ხედავდა და ეს მომავლისადმი რწმენას უმტკიცებდა; გრძნობდა ამ უბადლო ძეგლთა შექმნელი ხალხის უკვდავებას. ამ თვალსაზრისით ივ. კერესელიძის დამოკიდებულება წარსულისადმი თავიდანვე განსხვავდებოდა რომანტიზმის ეპიგონთა მსოფლშეგრძნებისაგან. თუ რომანტიკოსებისათვის წარსულით ტკბობა თვითმიზანი იყო, ივ. კერესელიძისათვის წარსულის თვალის გადავლება მომავლის გამოჭედვის ერთი აუცილებელი მომენტია. მცირე ხარკი, რომელსაც ის რომანტიზმს უხდის, ახალი ცხოვრების ბრმედშია გატარებული. ზოგიერთ მის ლექსში სამშობლოს დაჩაგრული მდგომარეობა პოეტური უშუალობითაა განცდილი და გადმოცემული. ამ პატრიოტულ გრძნობებს გამოხატავს, კერძოდ, ლექსი ”სიმღერა” (”მ.-ისა”):
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი, –
დაჰკა გრძნობით დაირასა!
თუ ხარ საქართველოს შვილი,
ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა.
მაგა ხმამან სანეტარომ
მომიმატა მწუხარება;
მასში ისმის სევდიანი
ჩვენი ქვეყნის მდგომარება.
მამა-პაპათ ეგ მაგონებს,
ეგ მიწყლულებს ტანჯულს გულსა.
ეგ არის, რომ წარმომიდგენს
ჩემს სამშობლოს დაჩაგრულსა.
ტურფავ, დაჰკა, დაჰკა გრძნობით,
შემოსძახე ქართველურად!
დაჰკა, მაგ ხმას მსურს დავაკლა
მსხვერპლპდ თავი ჩემი სრულად.
შენმა მღერამ დამაღრუბლა,
მომიმატა მწუხარება;
მასში ისმის სევდიანი
ჩემი ქვეყნის მდგომარება.
ქართული პატრიოტული შეგნება რენეგატებთან ბრძოლაში ყალიბდებოდა. ამ ბრძოლამ ივ. კერესელიძის შემოქმედებაშიც პოვა გამოხატულება. გადაგვარებულთა წინააღმდეგ მომართული მისი პოეტური სატირა საკმაოდ ბასრი ქმედითი იყო. ივ. კერესელიძე მუდამ ხაზს უსვამდა ლიტერატურის მამხილებელ როლს. ერთ ლექსში მებრძოლ ახალგაზრდა პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს ასე მიმართავდა:
შენი კალამი! კალამია? – არის ისარი!
განგმირე, ძმაო, ბოროტების გულის ფიცარი!
შენი ნაწერი! რა ნაწერი? – არის მკვეთელი
ხმალი უებრო – ბოროტების მარად
მსდევნელი!…
პოლიტიკური სიმახვილით გამოირჩევა პაროდია ”ოჰ, ქართველო, რა კაცი ხარ!” პოეტი ამხელს ზოგიერთ თანამემამულეთა გაუტანლობას; გვიხატავს გაიძვერა, სულმდაბალი ადამიანის დასამახსოვრებელ კარიკატურას.
პრაქტიკული მოღვაწეობითა თუ მხატვრული შემოქმედებით ივ. კერესელიძე ერთგულად ემსახურებოდა ხალხის ბედნიერ მომავალს. მაგრამ მან იცოდა, რომ ნანატრი თავისუფლება შორს იყო, იცოდა, ვერ მოესწრებოდა ოცნების განხორციელებას. პოეტი ჩივის (ლექსი ”ახალი წელი”), რომ ჟამთა სვლას მისთვის სიხარული არ მოაქვს და ყოველ სტროფს ამთავრებს რეფრენით: ” მაშ, რათ მიხარის ახალი წელი?” ამ კითხვაზე (”მაშ, რათ მიხარის ახალი წელი?”) ივ. კერესელიძე იმ დროისათვის (1858 წ.) მეტად მოულოდნელ პასუხს იძლევა:
ჩემთვის იქნება ახალი წელი
ის დღე, როს ვნახავ მე ჩემსა მამულს
როდი მოხდოდეს პირთაგან ბნელი…
მამულის ბედი, მაშ, ვინცა ნახოს,
მოესწროს მას დროს შვილი რომელი,
მოვიდეს საფლავს და ჩამომძახოს, –
იქ მსურს ვიუქმო ახალი წელი…
ეს ლექსი უმოწყალოდ დაუმახინჯებია ცენზურას, მაგრამ პოეტმა მაინც მოახერხა დემოკრატიული მრწამსის გადმოცემა; დაგვიხატა თავისი იდეალი: მონობისაგან განთავისუფლებული სამშობლო, სადაც თანასწორობა და ძმობა, ”ერთგვარმყოფობა, ერთგვარცხოვრება” იქნება დამკვიდრებული. ეს იყო რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის გამოძახილი ჩვენს პოეზიაში, მანიშნებელი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟისა.
ხალხის ცხოვრებით დაინტერესებული პოეტი ბუნებაშიც საზოგადოებრივ მოვლენათა ახსნას ეძებს. ვარსკვლავიანი ცა თუ გაზაფხულის მოახლოებით გამოცოცხლებული სამყარო მას ამქვეყნიურ ფიქრებს აღუძრავს. ბუნება მის ბრძოლისა და სულიერი მღელვარების მოწმეა.
ბევრ ლექსში ივ. კერესელიძე აღფრთოვანებით უმღერის სიყვარულს, რომელიც სიცოცხლის ხალისითა და შემოქმედებითი ენერგიით ავსებს ადამიანს. ქალის მშვენიერება მისთვის ბუნების სიდიადის განუყოფელი ნაწილია; ლექსი ”ჩემო თვალის სინათლევ!” ივ. კერესელიძის სატრფიალო ლირიკის ნიმუშია.
პოეტი ემოციურად გადმოგვცემს სიყვარულის ძლიერებას:
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია,
ხომ იცი, რომ ეს გული ტახტად მარად შენია!
შენთვის ვმღერ სიყვარულს, შენთვის ცეცხლი მგზნებია,
მითხარ და მსწრაფლ შეგწირო, თუკი რამღა მრჩენია…
ივ. კერესელიძემ სცადა ცხოვრებიდან განდგომის მიზეზებიც აეხსნა და ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი პოემა (”მწირი”) მიუძღვნა, მაგრამ სიუჟეტის მხატვრულად განვითარება ვერ მოახერხა. ავტორს უნდა ეჩვენებინა, რომ ამა სოფლიდან გასვლის მიზეზი თვით ქვეყნის მოუწყობლობა, აქ გამეფებული უსამართლობაა. რელიგიური გრძნობა მან საზოგადოებრივ ცხოვრებაში განცდილ მარცხს დაუკავშირა. პოეტი ვერ მოერია ძნელ ფილოსოფიურ პრობლემას; ვერ მოახერხა განდგომის დამაჯერებელი მიზეზის გამონახვა და განზოგადოება.
ივ. კერესელიძემ ვერ მიაღწია პოეტურ სრულყოფას. მის ლექსებს დაუმუშავებლობის ბეჭედი ამჩნევია, ბევრი მათგანი კი სრულიად უმწეო და უსუსურია. ზოგან აშკარად ჩანს, რომ ივ. კერესელიძე სათანადოდ არ ზრუნავდა ლექსის მხატვრულ სინატიფეზე. თავის დროზე ივ. კერესელიძის პოეზია მაინც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. მის ლექსებს – ”ორთა თვალის სინათლევ”, ”ქართული სიმღერა”, ”მ.-იას” ხალხი დიდი ხანია მღერის.
ივ. კერესელიძე სისტემატურად აქვეყნებდა როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილ და გადმოკეთებულ პატარა მოთხრობებსა და ამბებს, მაგრამ მის პროზაულ მემკვიდრეობაში ყველაზე საყურადღებოა ”მგზავრის წერილები”, რომლებიც, დროგამოშვებით, 1857 წლიდან 1871 წლამდე იბეჭდებოდა ”ცისკარში”. მასში ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი ყოფისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ბევრ ცოცხლად გადმოცემულ ეპიზოდს ვხვდებით.
პიესების წერა ივ. კერესელიძემ 1848 –1849 წლებში დაიწყო. გ. ერისთავის თეატრში ივ. კერესელიძის ოთხი პიესა დაიდგა:
”აქტიორი”, ”მარჩიელობა ტფილისში”, ”სადგურის ზედამხედველი” და ”დაღესტნის ტყვეები”. რუსულიდან ნათარგმნი ”მოჯადოებული თავადი” მას გ. ერისთავის თეატრის დაარსებამდე ჰქონია დასადგმელად გამზადებული.
ივ. კერესელიძის თხზულებანი დაწერილია ხალხური სასაუბრო ენით.”ცისკრის” დაარსებამდე დაბეჭდილ ნაწერებშიც (”მწყემსის სიყვარული”, ”შვილი უმანკოებისა”, ”ნაოხარი სოფელი”, ”ნანა” და სხვ.) იგი ახალი სალიტერატურო ენით სარგებლობდა. საერთოდ, ”ცისკარსა” და მის რედაქტორს დიდი ღვაწლი მიუძღვით ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში. თეორიულადაც ახალი სალიტერატურო ქართულის პრობლემა პირველად ამ ჟურნალში დაისვა, აქ მოიკიდა ფეხი და დაიკავა გაბატონებული პოზიცია, პროზასა, პოეზიასა, კრიტიკასა თუ პუბლიცისტიკაში. მაგრამ ”ცისკარსა” და მის რედაქტორს სერიოზული ნაკლოვანებები ჰქონდათ. მხატვრულად და იდეურად გამართული თხზულებების გვერდით ჟურნალში უსუსური და მანკიერი ნაწერებიც იბეჭდებოდა. რაკი ჟურნალს საკუთარი მატერიალური ბაზა არ გააჩნდა და მისი არსებობა მეტწილად ხელისმომწერთა თანხაზე იყო დამოკიდებული, რედაქტორი იძულებული ხდებოდა ზოგჯერ სუსტი ნაწერებიც დაებეჭდა. ყოველივე ეს ადუნებდა საზოგადოებრივი აზრის განვითარებას, მწერლობაში რეალიზმის გაბატონებას, სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციას. ცხოვრება სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა წინ. ასპარეზზე გამოდიოდნენ რუსეთში ნასწავლი ახალგაზრდები, რომლებიც ”ცისკარს” უფრო პროგრესულ მოთხოვნებს უყენებდნენ. 60-იანი წლებიდან აშკარად ჩანდა, რომ ”ცისკარი ჩამორჩა.
ივ. კერესელიძე ახალგაზრდობას მოუწოდებდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ახალ თაობისადმი ამგვარ მხურვალე მოწოდებას წარმოადგენს, კერძოდ, მისი წერილი – ”რამდენიმე აზრი შესახებ კენჭის გათავებისა”, დაბეჭდილი 1861წლის იანვარში. ”ახალგაზრდობას თუ გზას არ მივცემთ, – წერდა იგი, -დაინთქმიან იმავე უფსკრულში, რომელშიც გადააგდეს ძველი თაობის კაცთა საზონადოება… აგერ იზრდებიან სხვადასხვა სასწავლებლებში ყმაწვილნი კაცნი, იმ აზრით, რომ შესწირონ თავი თავისი საზოგადო სამსახურსა, უძვირფასეს სამშობლო ქვეყანასა, უსაყვარლეს საქართველოსა. ამათ ახლავე წახალისება, წინ წაყვანა, შემწეობა და ზურგის მიცემა ამიტომ უფრო საჭიროა… არა სჯობია, ომ ეს მოხდეს ეხლავე? ესე იგი, რომ დაძველებული აზრების მქონემ დაუთმოს სარბიელი ახლანდელი დროების აზრების მექონეთა?..”. ორიოდე თვის შემდეგ, 1861წლის აპრილის ნომერში, ივ. კერესელიძემ უშენიშვნოდ დაბეჭდა ი. ჭავჭავაძის საპროგრამო წერილი – ”ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის ”შეშლილის” თარგმანზედა”.
საერთოდ ”ცისკარმა” გავლენა მოახდინა ახალთაობის ეროვნულ-პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებასა და მხატვრულ შემოქმედებაზე. თითქმის ყველა ქართველი სამოციანელი (ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, კ. ლორთქიფანიძე, ნ. ნიკოლაძე, ანტ. ფურცელაძე, პ. უმიკაშვილი, ს. აბაშიძე, ს. მესხი, გ. წერეთელი და სხვ.) ”ცისკარში” გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე. ი. კერესელიძე იყო მათი თხზულებების დამფასებელი და წამხალისებელი. 60-იან წლებში ი. ჭავჭავაძეს ქართული ლიტერატურის საზიანოდ მიაჩნდა ”ცისკრის” რედაქტორის მერყეობა. ივ. კერესელიძის ლიბერალური ”თანხმობის თეორია” ახალთაობისათვის ”ზურგის გამოშლად” იქნა მიჩნეული.
ი. ჭავჭავაძე სამართლიანად აკრიტიკებდა ივ. კერესელიძეს, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისშიც იმავე მეთოდით განაგრძობდა ჟურნალის შენარჩუნებისათვის ბრძოლას, როგორც 5 – 6 წლის წინათ; ურიგდებოდა ნაკლოვანებებს, აწარმოებდა მანევრირებას და, ამის შესაბამისად, გარკვეულ შიშსა და მოკრძალებას იჩენდა ძველი თაობის მიმართ. მაგრამ 1861 წლის პოლემიკის დროს ეს უკვე არსებითად ახალი თაობის მტრების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავდა, რადგან ჟურნალის ფურცლებს ი. ჭავჭავაძის მოწინააღმდეგეებსაც უთმობდა.
1861 წლის შემოდგომიდან ი. ჭავჭავაძემ ხელი აიღო ”ცისკარზე”, მაგრამ მის თანამებრძოლებს არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ ჟურნალთან კავშირი.”ცისკარში” ისინი თავს ესხმოდნენ ივ. კერესელიძესაც. როგორც ცნობილია, ი. ჭავჭავაძის და მისი თაობის ასპარეზზე გამოსვლამ ახალი ენერგია და სულისკვეთება შემოიტანა ჩვენს ლიტერატურაში და ”ცისკარზედაც” გავლენა მოახდინა; ივ. კერესელიძემაც იგრძნო, რომ შესაძლებელი იყო ჟურნალის უფრო პროგრესულ-დემოკრატიული გზით წარმართვა. 1862 –1863წწ. მან მტკიცედ მოჰკიდა ხელი ”ცისკრის” გაუმჯობესებას, იდეურად და მხატვრულად მის გადახალისებას. 1863 წელს ჟურნალი ფაქტიურად ახალთაობას (აკ. წერეთელი, ა. ფურცელაძე, რ. აბაშელი, ვჭხ. მაჩაბელი) გადასცა. ცენზურისა და მკითხველი არისტოკრატიის ძალდატანების შედეგად ძველისადმი დათმობის ნიშნები ”ცისკარს” უკვე 1863 წლის ბოლოდან დაეტყო, მაგრამ 1864-1867 წლებში იგი ერთგვარად მაინც ინარჩუნებდა პროგრესულ ტრადიციებს. მომდევნო წლებში კი ცხოვრების სწრაფმა წინსვლამ იგი თანდათან ჩამოიტოვა ბოლოში.
ივანე კერესელიძე
1875 წელს, 18 წლის არსებობის შემდეგ, ”ცისკარი” დაიხურა და რედაქტორ-გამომცემელს აურაცხელი ვალი დაუტოვა; ამ ვალებში მთელი ქონება გაუყიდეს და მწერალი ულუკმაპუროდ დარჩა. მიუხედავად ამისა ივ. კერესელიძე ჟურნალის აღდგენაზე ოცნებობდა და, მოითქვა თუ არა ოდნავ სული, 1887 წელს სასოფლო-სამეურნეო გაზეთი ”ცისკარი” დააარსა და გარს შემოიკრიბა მოწინავე ახალგაზრდობა (ი. დავითაშვილი, ნ. ლეონიძე, ალ. გვარამაძე და სხვ.). მაგრამ, ცენზურისაგან ათვალწუნებისა და უსახსრობის გამო, გაზეთმა ექვს თვეს იარსება და გამომცემელს ახალი ვალები დაატეხა თავს.
ივ. კერესელიძის სიცოცხლე მშობლიური ლიტერატურის სამსახურში გაილია. გაჭირვებით, მძიმე შრომით დაავადმყოფებული მწერალი სიცოცხლის უკანასკნელ წელს თარგმნის ქიშმიშოვის თხზულებას ინდოეთში ერეკლე მეფის ლაშქრობათა შესახებ და კიდევ ერთხელ ცდილობს აღადგინოს ”ცისკარი”.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ივ. კერესელიძეს გააცნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მომართვა, რომელშიც მას, როგორც ”არაკეთილსაიმედოს”, უარს ეუბნებიან ჟურნალის გამოცემაზე. ავადმყოფი, გაღატაკებული, მაგრამ სულით მტკიცე და უკანასკნელ წუთამდე ლიტერატურით გატაცებული ადამიანის დაუვიწყარი პორტრეტი შემოგვინახა აკ. წერეთელმა თავის ”ორ შეხვედრაში”. ”სუფრაზე ნელ-ნელა გამხიარულდა ივანე, – წერს აკაკი, – დაავიწყდა დარდები, ჩამოაგდო საუბარი საზოგადო საქმეებზე და სრულიად შეიცვალა. ძველად ბერძნებს სწამდათ, რომ ხანდახან განგებ ჩამოდიან ღმერთები და მათ რჩეულ კაცებს შვენებას უმატებენო. სწორედ მართალია, როცა კაცი მაღალი, ღვთიური რამეთი არის გატაცებული, მაშინ მისი შინაგანი ძლიერება გარეგანათაც იხატება და მშვენებაც ემატება”.
1892 წლის 21 დეკემბერს ივ. კერესელიძე გარდაიცვალა ავლაბრის ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში (დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში).

ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი მესამე

გვერდზე გადასვლა – ივანე კერესელიძე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: