Posted by: burusi | 06/08/2009

ოთარ ჭილაძე – აკაკი

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

გასული საუკუნის მიწურულს, ბათუმში, ნინოობის საღამოზე მოწვეულ უცხოელ სტუმრებს აკაკიზე უთქვამთ, ღმერთი ვიხილეთო. დიახაც რომ ღმერთია, ოღონდ მის მიერ შექმნილი სამყარო, მისი ვარსკვლავეთი, საქართველოთი იწყება და საქართველოთი მთავრდება. ქარ-თველთა ღმერთია, ხელმეორედ მშობელი საკუთარი მშობლისა, რამდენადაც მის გამოცხა-დებამდე საქართველო აღარ არსებობდა, ანდა ჯერ კიდევ თუ არსებობდა, გველეშაპის მუ-ცელში, გველეშაპის ფაშვის წყვდიადსა და სიმყრალეში ღაფავდა სულს… მაგრამ აკაკიმ სიკ-ვდილი არ აცალა, ქართული მითოსის გმირივით, დედის ნაჩუქარი «ოქროს დანით» ფერდი გამოსჭრა გვეშელაპს და წიაღის დორბლითა და ოხშივრით გალუმპული და დაბრმავებული სამშობლო ჩვილივით ამოიყვანა სამზეოზე… ამიტომაც ჰქონდა უფლება, მწარე სიტყვაც ეთ-ქვა მისთვის (სამშობლოსთვის), თუკი საჭიროდ მიიჩნევდა; ამიტომაც ჰქონდა უფლება, ენა დაეწუნებინა ვაჟა-ფშაველასთვის და შარაგზაზე მოკლული ილია ჭავჭავაძისთვის კუბოში ჩაეძახა, ბედნიერი ხარო… აკაკი ქართველი კაცისთვის ისევე დიდია, როგორც, ზოგადად, ადამიანისთვის – დედამიწა. უნდა მოსწყდე და კოსმიური სიმაღლიდან შეხედო, მთლიანად რომ იხილო და აღიქვა ის. შეიძლება, ამიტომაც არ ვიცით აქამდე მისი ჭეშმარიტი მნიშვნე-ლობა, არამარტო ქართული მწერლობისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის-თვისაც…
როცა აკაკიზე ვფიქრობ, თავისთავად იბადება პარალელური, არანაკლებ ამაღელვებელ-ამაფორიაქებელი ფიქრი: შევძლებდით თუ არა ეროვნული შეგნების, ადამიანური ღირსების, მშობლიური ენისა და მამა-პაპათა სალოცავების შენარჩუნებას, ერთდროულად რომ არ მო-ევლინა განგებას ჩვენთვის ილია და აკაკი, მეცხრამეტე საუკუნის ეს ორი ამირანი! ძნელი სათქმელია. მით უფრო, რომ არსებობს ფრიად გულსაკლავი მაგალითი თურქეთის «წილ-ხვედრი» საქართველოს სახით. მაგრამ, ერთსა და იმავე დროს, იმდენად მომხიბლავი და იმ-დენად შემაძრწუნებელია ეს ფიქრი, იოლად ვერ შეელევა კაცი, უფრო სწორად, იოლად ვერ დაიძვრენს თავს იმის გავარვარებული მარწუხებიდან, თუკი მართლა უყვარს სამშობლო – ესე იგი, აკაკის კალთიდან გადმოფერთხილი ფინჩხებითაა გაზრდილი და, რაც მთავარია, არამარტო მადლიერია აკაკისა, არამედ ესმის კიდეც მისი მნიშვნელობა.
მაგრამ განა ყველამ იცოდა, ანდა დღეს იცის აკაკის ფასი, როცა ის უკვე მარადისობის სა-კუთრებაა?! რასაკვირველია, არა. არც დღეს იციან და, მით უფრო, არც მაშინ იცოდნენ, როცა ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა ჩვეულებრივ ადამიანთა შორის – დადიოდა, ლაპა-რაკობდა, ღელავდა, განიცდიდა, სცხელოდა, სციოდა და განუწყვეტლივ ეძებდა პურსა და ღამის გასათევს. მართალია, მშობლიურმა სოფელმა ერთი ქოთანი ლობიო გამოუგზავნა იუ-ბილეზე (თვითონ მოიკლო უკანასკნელი და იმას მისცა), მართალია, ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში ყოველთვის დაკეტილი იყო ოთახი მის სახელზე და არსებობდა ის ჭარმაგი, თავისი ჩაცმულობითა და გარეგნობით უაღრესად კეთილშობილური სისადავისა და უბრა-ლოების განმასახიერებელი გლეხიც, ერთგული მცველივით რომ ამოსდგომია ზურგს უკან – რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე – და სამარადისოდ შეჩე-რებული მისი მოძრაობაცა და გამომეტყველებაც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პატივის-ცემისა და მოკრძალების გამოხატულებაა ამ ღმერთივით თეთრად დაბერებული სტუმრის მიმართ, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, მარადიული ეჭვისგან, მარადიული მიუსაფრო-ბისგან და მარადიული განგაშისგან გაათავისუფლოს პირადი ცხოვრებით გაწბილებული და სამშობლოს ჭირ-ვარამით თავდავიწყებული პოეტის არსება. ბევრს აშკარად სძულდა და ბევ-რი აშკარად ნატრობდა მის სიკვდილს, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული (და არც მთლად უსაფუძვლოდ), გაცილებით მშვიდად და «ადამიანურად» რომ იცხოვრებდა უიმისოდ. ყო-ველ შემთხვევაში, სულ იმის შიშში არ იქნებოდა, რამე ისეთი არ წამომცდეს და რამე ისეთი არ ჩავიდინო, ამ ღვარძლიანი და კაპასი ბებრის პირში ჩავვარდეო. ეს შიში აიძულებდა მა-შინდელ ობივატელს, მაინც იმაზე უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ნებაზე მიშვებული იქნებო-და, როცა არც სამშობლოს სიყვარულს შეახსენებდა ვინმე, არც პირად ღირსებას. «ღვარძლია-ნი და კაპასი ბებერი», ერთდროულად, გულისხმიერი მოწყალების დაც გახლდათ და მკაცრი ზედამხედველიც მონობით დასნეულებული და ცხრაკლიტულში გამომწყვდეული სამშობ-ლოსი – ხან თუ ენით ულოკავდა ჭრილობებს, ხან მეხად დაატყდებოდა ხოლმე თავზე – გა-იღვიძე, ნუ გძინავსო!..
ვისაც სხვიტორის სახლ-მუზეუმში (ოღონდ ბავშვობისას) აკაკის ფეხსაცმელი უნახავს, ძნელად თუ მოახდენს რამე უფრო გრანდიოზულ შთაბეჭდილებას მასზე, თანაც, მთელი ცხოვრების მანძილზე, რამდენადაც ის ფეხსაცმელი მასთან ერთად იზრდება და, თანდათა-ნობით, ძნელი დასაჯერებელი ხდება, თუნდაც აკაკივით ახოვანსა და წარმოსადეგ ადამიანს რომ ეცვა ოდესღაც და არა ადამიანის სახით მოვლენილ ღვთაებას. დღეს რომ ის ფეხსაცმე-ლი საქართველოში ჩამოატარონ, არავის მოერგება ალბათ, ჩატევით კი, ყველანი ჩავეტევით შიგ, როგორც ბიბლიურ კიდობანში. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ კიდევ დადგა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისგან ხელმეორედ შობილსა და მისგანვე სამუდამოდ დაობლე-ბულ (გნებავთ, დაქვრივებულ) ქვეყანას ისევ ის თუ გადაარჩენს მხოლოდ. ამინ! მაგრამ იცო-
და ეს აკაკიმ სიცოცხლეში? ყოველ შემთხვევაში, ალბათ ძალიან უნდოდა, სიკვდილის შემ-დეგ მაინც დაენახათ, ეგრძნოთ, გაეგოთ მისი ღვთაებრივი წარმომავლობა, რასაც თავად, მართლაც, ღვთაებრივი თავმდაბლობითა და უბრალოებით უთავსებდა ჩვეულებრივად მარ-ტოხელა, მარად ხელმოკლე და მარად უსასთუმლო კაცის ცხოვრებას… სამაგიეროდ, ჩვენ უკ-ვე ნათლად ვიცით, თავიდანვე მთაწმინდისთვის რომ იყო გაჩენილი… სხვათა შორის, თით-ქოს გასაკვირიცაა, რატომ არ დაკრძალეს ქუთაისში, იქ შობილი და იქვე გარდაცვლილი. მი-სი მეფური ლანდისთვის არც იქაურობა იქნებოდა ნაკლებად შთამბეჭდავი ფონი: ბაგრატისა და გელათის ტაძრები, მოწამეთა და გეგუთის ნანგრევები… მაგრამ აკაკი თანაბრად ეკუთ-ვნოდა მთელ საქართველოს, ზარის ხმასავით განუყოფელი, და ვერც ერთი კუთხე საქართვე-ლოსი, თუნდაც მისი მშობელი, მთლიანად ვერ მიითვისებდა მის ღვთაებრივ მადლსა და სი-ნათლეს. აკაკი მთაწმინდისთვის იყო გაჩენილი და ეს არათუ ქართველმა ხალხმა, არამედ იმ უსულგულო და უგრძნობელმა ორთქლმავალმაც იცოდა, მოტირალი ქალივით რომ მოჰკიო-და ჯერ იმერეთის სერებსა და მერე ქართლის ველ-მინდვრებს… მოიჩქაროდა, მოაფრიალებ-და კვამლის შავ ნაწნავს, რათა წმინდა ცხედარი დროულად გადაეცა უკვდავებისთვის… მო-ისწრაფოდა თავგამოდებული, გულამოვარდნილი – გრძნობდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ წამს, როგორი მოუთმენლობით ელოდებოდა მთელი საქართველო, როდის ჩაიბარებდა დედაქალაქი გულდაკოდილი და ბოლო წუთამდე მაინც მომღერალი მგოსნის ნეშტს, რათა მისთვისაც იქ მიეჩინა სამუდამო განსასვენებელი, სადაც სამშობლოსთვის ტან-ჯულთა და წამებულთა ძვლები განისვენებდნენ მხოლოდ, «საშვილიშვილო სამარეში», ანუ ქართველის შეგნებისთვის ყველაზე მაღალ ტაძარში და ყველაზე მდიდრულ აკლდამაში, თუმცა, ხრიოკი ფერდობებისა და მეჩხერი ბუჩქნარის მეტს, ვერაფერს დაინახავს ირგვლივ თვალი…

1999

გვერდზე გადასვლა – ოთარ ჭილაძე
გვერდზე გადასვლა – აკაკი წერეთელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: