Posted by: burusi | 31/07/2009

თემო ჯაფარიძე – გურამ რჩეულიშვილი

ალპური  ბანაკი  ნაკრა,  გურამ რჩეულიშვილი, გურამ თიკანაძე

ალპური ბანაკი ნაკრა, გურამ რჩეულიშვილი, გურამ თიკანაძე

ინტერვიუ გურამ რჩეულიშვილის მეგობართან, მხატვარ თემო ჯაფარიძესთან

__ როდის გაიცანით გურამ რჩეულიშვილი?

__ მგონი 1956 წელი იყო. იმ დროს ვერაზე ვცხოვრობდი. ბიჭები ვერის ბაღში ვიკრიბებოდით. ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, ადამიანობაზე, პოლიტიკაზეც. მილიცია ხშირად გვყრიდა იქიდან, ეშინოდათ, რაიმე შეთქმულება არ დაიწყოსო__ ჩვენი თაობა ანტისაბჭოთა განწყობით იყო გამსჭვალული.

ერთხელ ამ ბაღში უცნობი ბიჭი დავინახე. მან ანზორ სალუქვაძეს დაუძახა, ჩემი ვინაობა ჰკითხა თურმე. ცოტა ხნის შემდეგ მე დავუძახე ანზორს და მისი ვინაობით დავინტერესდი. ანზორს გაუკვირდა: შეთქმულები ხომ არა ხართო? იმ დღიდან დაიწყო ჩემი და გურამის მეგობრობა _- ერთმანეთისადმი სიმპათია იმთავითვე გამოვამჟღავნეთ.

__ რით მიიპყრო გურამმა თქვენი ყურადღება?

__ გურამი სკამის გვერდით, ბორცვზე იყო ჩამომჯდარი. ინტელექტუალურ თემებზე ვსაუბრობდით. უეცრად, წამოხტა: სკამზე ვინ გადახტებაო, და ჩვენც დავიწყეთ სკამზე ხტუნაობა. მერე დავფიქრდი, რომ წვრილმანი, ყოფიერი თამაშით, ყველა ერთმიზნიანი გაგვხადა. თვითნებობაში ჩანდა მისი მშვენიერი თვისება__ თვითონ შეკრას, თავის გარშემო გააერთიანოს საზოგადოება. მას თავისი სახით შემოყავდა ცხოვრებაში ის გმირი, რომელზედაც წერდა. გურამი ცხოვრაბაშიც შემოქმედებითად იქცეოდა.

__ მის ღირსებათაგან რომელს გამოყოფდით?

__ გურამი ჩვეულებრი ადამიანი და ნიჭიერი შემოქმედი იყო. ჩემი აზრი მის შესახებ სუბიექტური იქნება, რადგან ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაინც მაქვს უფლება ვთქვა ერთი რამ, იგი ძალიან ფაქიზი, ჩვილი ბუნების ადამიანი იყო. სწორედ ეს შინაგანი სიჩვილეა რეალიზებული გურამის მოთხრობებში.

__ რამდენად თანამედროვე იყო გურამი თავისი ეპოქისათვის?

__ იმ პერიოდში მწერლები უფრო გმირულ ამბებზე წერდნენ __ დადებითი გმირის ასახვა აუცილებლობას წარმოადგენდა. გურამმა და, მასთან ერთად, ვაჟა გიგაშვილმა, ერლომ ახვლედიანმა, შოთა ჩანტლაძემ, მე, დავიწყეთ ბრძოლა იდეალიზებისა და სიყალბის წინააღმდეგ. რას გვკარნახობს რეალობა, საკუთარი თავისადმი კრიტიკა, უბრალოებისადმი სწრაფვა თემატურად და ენობროვადაც __ ეს მომენტები ქმნის დამაჯერებლობის ტონს ჩვენს შემოქმედებაში.

__ როგორ ჩაცმულობას ამჯობინებდა გურამი, კლასიკურსა თუ თანამედროვეს?

__ ჩვენ შავი, მოტკეცილი შარვლით, შავი ჯემპრით, “ბათინკებით“ დავდიოდით. ჩაცმულობით გამოვხატავდით __ მე ასოციალური ტიპი ვარ, საზოგადოებისაგან გამოვირჩევი, ტანსაცმელს ყურადღებას არ ვაქცევ, მაცვია იმიტომ, რომ არ შემცივდეს.

ერთხელ, ვერაზე, გურამი ნასვამი, გულგაღეღილი შეხვდა “კრივანოსას“( ასე ეძახდნენ ცნობილ (ათლეტს). “კრივანოსა“ ეთიკით, წარმოდგენებით გურამისგან განსხვავებული ადამიანი იყო და იუცხოვა მისი ჩაცმულობა: როგორ დადიხარ, ბიჭო, შენს გარდა ვერავის ვერ ხედავო? გურამმა იცოდა, რომ მასთან ჩხუბი შეუძლებელი იყო. გაღიმებული ჩაეხუტა და ყურის ბიბილო მოაკვნიტა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ყურშეხვეულ “კრივანოსასთან“ სახლში მივიდა გურამი, თოფით ხელში, ბოდიში მოუხადა და მეგობრებად დაშორდნენ ერთმენეთს.

__ თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხომ არ ჰქონდა გურამს კონფლიქტი ოჯახთან?

__ გურამი თავისი ოჯახისაგან სრულიად განსხვავებული ტიპი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაზად უყვარდა ოჯახის წევრები, თავისი ცხოვრებით ოჯახურ პრინციპს უპირისპირდებოდა. მის მეამბოხე ბუნებას მაშინდელი ყოფიერების წინააღმდეგ გამოვლენილი სიბრაზე განაპირობებდა.

გურამი თავის ასაკთან შედარებით საოცრად ჭკვიანი იყო. ადამიანებთან ურთიერთობისას ისეთ რაღაცეებს წვდებოდა, რასაც ორმოცს გადაცილებული კაცი თუ მიხვდება. მისი საქციელებიც ნიჭის აჯანყება უფრო იყო კომფრომისტების წინააღმდეგ.

__ ხშირად გახსენდებათ გურამი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

__ შენი თავი უნდა დაგავიწყდეს, გურამი რომ დაივიწყო. ხშირად ვიკრიბებით მის საფლავზე, მის ოჯახშიც. მან სიკვდილითაც ყველა თავისი გარშემომყოფი გააერთიანა და დაამეგობრა.

__ ბატონო თემო, თუ ყოფილა სიტუაცია, როდესაც გიგრძვნიათ გურამში შიში?

__ ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის. მთავარია, ვის როგორ შეუძლია შიშის დაძლევა. გურამი იღბლიანი იყო. სახიფათო სიტუაციებიდან ადვილად გამოდიოდა უვნებლად. შიში დაუქვეითდა, რამაც დაღუპვისაკენ წაიყვანა.

მას სიცოცხლე უყვარდა და ამიტომაც, ყოფიერების ამაოებას უფრო მტკივნეულად გრძნობდა, განიცდიდა. მის მოთხრობებშიც რეალობის ტრაგიკული განცდა ჩანს.

ზღვასავითა და ცხენივით თავგანწირულ გმირებს ჰგავდა __ არ დაეცე, უნდა ახვიდე, წინ… და უეცრად აბსურდული ეპიზოდი __ შემთხვევითი, ტრაგიკული აღსასრული… არადა, ჩემს ნაჩუქარ ტაფტის პერანგში დაიღუპა…

ბატონ თემო ჯაფარიძისაგან წამოსულებს საოცარი სევდა გამოგვყვა თან. ალბათ რამდენჯერ აურბენია გურამს ეს კიბეები, შეუღია ეს კარი, რამდენჯერ მჯდარა ამ მაგიდასთან საათობით თავჩაღუნული. ალბათ, როგორ ცდილობდა თემო ჯაფარიძე ფეხაკრეფით ევლო, რათა გურამის შემოქმედებითი გარინდება არ დაერღვია.

ნანა ხეცურიანი, სოსო სუმბაძე, ანა კახაბრიშვილი, თამარ ხატიაშვილი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: