Posted by: burusi | 31/07/2009

ერლომ ახვლედიანი – გურამ რჩეულიშვილი

გურამი უშბის ფონზე

გურამი უშბის ფონზე

გურამ რჩეულიშვილი ცხოვრობდა ინტენსიური ცხოვრაბით, მეგობრებით გარშემორტყმული. გურამის სულიერი ძმა, მწერალი ერლომ ახვლედიანი, ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

__ როდიდან გახსოვთ გურამ რჩეულიშვილი?

__ გურამი მაშინაც მომწონდა, როდესაც არ ვიცნობდი .ერთმანეთი პიონერთა სასახლეში ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრეზე გავიცანით, VIII-IX კლასში ვიყავით. ვიმოგზაურეთ ხევსურეთში. გურამმა თემად “საბრძოლო იარაღები“ აიღო, მე __ “შრომითი საქმიანობა“. ჩვენს არჩევანშიც იგრძნობოდა განსხვავება და მისი ბუნების სიღრმე.

__ რით გამოირჩეოდა გურამი ხევსურეთის ექსპედიციის სხვა წევრებისგან?

__ გურამს ხევსურული ტანსაცმელი ეცვა და ცხენს აჭენებდა __ ვაჟკაცური იყო ძალიან. მისი ხასიათი ბუნებასთან კონტაქტში უფრო მძაფრად იკვეთებოდა.

__ როდის გადაიზარდა ნაცნობობა უახლოეს მეგობრობაში?

__ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. გურამს მეცნიერული ინტერესები ჰქონდა, ლურსმულ დამწერლობას სწავლობდა. 1954 წელს ჩვენი ფაკულტეტი დაიხურა, ერთი წელი გამიცდა და ორივე შუასაუკუნეების ისტორიის ფაკულტეტზე აღმოვჩნდით.

1956 წლის 9 მარტს სტუდენტები ლექციებიდან გაჰყავდათ. გურამმა მანიშნა საქმე მაქვსო, იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ლიტერატურული ურთიერთობა.
მან თავისი მოთხრობები წამაკითხა. ძალიან მეამაყება გურამმა თავისი მოთხრობების პირველ შემფასებლად რომ ამირჩია. მერე წავედით დასალევად. ფული არ გვქონდა და ჩემი საათი დავაგირავეთ.. ამის შემდეგ, ექვსჯერ მაინც მოუწია ჩემს საათს დაგირავება.
__ გურამი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ნუგზარ წერეთელი და ერლომ ახვლედიანი ჩემი უახლოესი მეგობრები არიანო. რაში გამოიხატებოდა გურამის განსაკუთრებული დამოკიდებულება თქვენდამი?
__ უნდა ვაღიარო, რომ გურამს მაინც ყველაზე ძალიან მეგობრებიდან ნუგზარ წერეთელი უყვარდა. ის უცნაური იყო ჩემ მიმართ. თვლიდა, რომ ღონიერი ვარ, არადა ბუნებით სახლში მჯდომი კაცი ვიყავი. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემ აყოლიებას. მე სულ წესიერებისკენ მოვუწოდებდი, თუმცა მაინც მჯობნიდა თავისი “უწესობით“. მართალია, ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ მისადმი გრძნობა არ მინელდება.
გარკვეულ პერიოდში იგი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ერთხელ მთელი ღამე გავათენე მის ლოდინში, ვიჯექი და ანა კალანდაძის ლექსებს ვკითხულობდი. დილით დეიდა მაროსთან (გურამის დედა) ანზორ სალუქვაძე გავგზავნე, აღმოჩნდა, ლადო ქოქიაშვილი მოუკლავთ და იქ გაუთენებია ღამე. ყოველთვის მქონდა განცდა ახლოს ვყოფილიყავი გურამთან. როგორც დედა შვილს, ისე ვეძებდი ხოლმე. ასეთი კაცი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია. მამაჩემსა და ბიძაჩემს ძალიან უყვარდათ. ისინი რომ საუბრობდნენ, გურამი სულ ჩუმად იყო. მეკითხებოდნენ, ის ბიჭი ყრუ- მუნჯი ხომ არ არისო? ის კი გულიანად იცინოდა ამის მოსმენისას.
__ გურამი ჩაცმულობის სტილით მეგობრებზეც ხომ არ ახდენდა გავლენას?
__ გურამი გარეგნობით კარგი იყო. ბერძნული სულისა და ხორცის ერთიანობა ჰქონდა. ჩაცმულობაშიც ვლინდებოდა მისი სული და გემოვნება… მე დღესაც, “ბათინკებით“ დავდივარ.
__ გურამი ცნობილ მოჩხუბრად ითვლებოდა. თავისი საქციელით მტერსაც ხომ არ იჩენდა?
__ “კრივანოსასთან“, დევ ათლეტთან, ცნობილი შემთხვევის შემდეგ ყოველდღე ექვსი შეიარაღებული, დაუნდობელი კაცი ადგებოდა სახლში, მოსაკლავად დასდევდნენ, ჩემ გარდა, არავინ არ იცოდა გურამი შინ რომ იყო. რომელი ძველი ბიჭი მე ვიყავი, მაგრამ თავდაცვის მიზნით პატარა ჯაყვა მომცა, ამაზე მახინჯი დანა ცხოვრებაში არ მინახავს… ბოლოს თვითონ მივიდა “კრივანოსასთან“ და შეურიგდა. გურამს შეეძლო მტერიც მოყვარედ ექცია. არ უყვარდა მტრობა.
გურამის გარდაცვალების დღეს “კრივანოსაც“ მოვიდა მოსასამძიმრებლად.
გურამის საფლავთან ოცი კაცი მაინც ვიკრიბებოდით ხოლმე, სრულიად განსხვავებული ადამიანები ბუნებითაც და სოციალური მდგომარეობითაც. უმეტესობა ჩხუბის შემდგომი შერიგებით ჰყავდა მოპოვებული.
__ როგორ იყო განწყობილი გურამი კომუნისტური რეჟიმის, საერთოდ, იმ პერიოდის მიმართ?
__ ლენინის ძეგლისკენ გამიზნული თოფის სროლა იყო კივილის გამოხატულება. თავის ავტობიოგრაფიაში წერს ფორმულას__ “დამალეთ საქართველო!“ დამალეთ ისე, როგორც ძვირფასი განძი. მრავლისმთქმელია ეს სიტყვა, გურამის გარდა სხვა ვერავინ ვერ იტყოდა ასე.
__ რაიმე კურიოზულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?
__ ქციაზე ვიყავით წასულები. გურამმა დამიყოლია და ცხენზე დავჯექი. მშვენივრად გავაჭენე, მაგრამ შეჩერდა თუ არ ცხენი, გადმოვვარდი. გურამი საშინლად გაბრაზდა, მხოლოდ ჩემზე კი არა, ცხენზე. შეჯდა სიძულვილით, სიბრაზით სავსე და დაუნდობლად აჭენა დიდხანს.
__ როგორ შეაფასებდით გურამს როგორც შემოქმედს?
__ გურამი ტყუილად არაფერს არ წერდა. არასდროს არ მინახავს მაგიდასთან მჯდომი. სულ დადიოდა, ხან მთაში, ხან ზღვაზე… მიკვირს საიდან მოაგროვა ამდენი, თითქოს სიკვდილის შემდეგაც გააგრძელა წერა. ფენომენალური პიროვნება იყო. წერდა ისეთ რამეებს, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ესწავლებინა,. გამოცდილებაზე მეტად მისი მოთხრობები მწერლური წვდომის შედეგი იყო. იმ პერიოდში ყველაზე უკეთ გიორგი შატბერაშვილმა შეიცნო გურამი.
__ რომელიმე მოთხრობის პერსონაჟის პროტოტიპი თქვენც ხომ არა ხართ?
__ სხვათაშორის ერთხელ ვკითხე გურამს, “იულონის“ მოქმედ პირებში ვის გულისხმობდა. მითხრა, ამაში ყველა დაუწყებს თავის თავს ძებნასო. მე კი ვფიქრობ, რომ გურამი იღებდა იმპულსებს სხვებისგან, მაგრამ ყველა ნაწარმოების გმირი, ყოველი მათგანი, თვითონ არის. მას მოდელად თავისი თავი ჰყავს, თავისი თვისებები, რომლებიც მოსწონს ან არ მოსწონს და მათ ახორციელებს სხვებში. გურამი თვითმყოფადი კაცი იყო, რაღაც ძალის მქონე. სიკვდილის შემდეგ მან ეს ძალა იმ სახლის კედლებში დატოვა, სადაც გაიზარდა. მე დღესაც იქ ვგრძნობ თავს სამშობლოში.

ბედნიერი დაგვემშვიდობა ბატონი ერლომი და ასე გვითხრა __ დიდი მადლია ასეთი სიყვარულითა და ინტერესით იმ საქმის კეთება, რასაც გურამ რჩეულიშვილის ვებ გვერდი ჰქვია.

ანა კახაბრიშვილი, ნინო ენდელაძე, მარიამ ბეგაშვილი, თამარ ხატიაშვილი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: