Posted by: burusi | 29/07/2009

„ბრავო სოფიკო“ – სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი – Sofiko Chiaureli

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა 1937 წლის 21 მაისს, ფიქრის გორაზე მდებარე საკუთარ სახლში, ლეგენდარული მსახიობის – ვერიკო ანჯაფარიძისა და ცნობილი რეჟისორის – მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ამავე ადგილას, ფიქრის გორაზე შედგა მისი მშობლების პირველი პაემანი, იქვე აკოცეს მათ ერთმანეთს პირველად და იმავე ადგილას სოფიკოს მამამ თავის მომავალ მეუღლეს პირობა მისცა, რომ ამ ადგილას სახლს ააშენებდა, სადაც ისინი იცხოვრებდნენ. სწორედ იმ სახლში დაიბადა სოფიკო.

“მე 21 მაისს გავჩნდი, ელენეობას, – იგონებდა შემდგომ სოფიკო, – ამიტომაც დედას უნდოდა, ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი სოფიო უნდა დავარქვათო. იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდებზე “ელენე” და “სოფიო”, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა “სოფიო”. მგონი ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში”.
ის ხელოვანთა ოჯახიდან იყო და მისი არჩევანი, რომ მსახიობი გამხდარიყო არავის გაკვირვებია. მამა- მიხეილ ჭიაურელი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახლდათ. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას აოცებდა. ის იყო მხატვარიც, მსახიობიც, მოქანდაკეც, უკრავდა ყველანაირ ინსტრუმენტზე და ამასთანავე იყო პოლიგლოტი. დედა- ვერიკო ანჯაფარიძე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი იყო. ხელოვნების ინგლისურმა აკადემიამ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო მსახიობი ქალების ათეულში შეიყვანა.
ომის დროს თბილისში ევაკუირებული იყო მოსკოვის მხატვრული თეატრის დასი. ჭიაურელის სახლში სტუმროდნენ ისეთი ცნობილი თეატრალური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ კნიპერ-ჩეხოვა და ნემიროვიჩ-დანჩენკო. სოფიკო ხშირად იხსენებდა, როგორ იკრიბებოდნენ ისინი დიდ მაგიდასთან, საუბრობდნენ თეატრის შესახებ და ილხენდნენ, თუმცა სუფრაზე ამ დროს მხოლოდ შავი პური და წყალი იდო.
სოფიკოს მამა სტალინის ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი იყო. თავისი ერთ-ერთი ისტორიული ფილმი მიხეილ ჭიაურელმა ომის დროს გადაიღო. სურათში უამრავი მსახიობი თამაშობდა იგი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა ბასობრივი სცენებით, კოსყიუმების და დეკორაციების სიმდიდრით. ფილმის ნახვის შემდეგ სტალინმა ითხოვა, ამ ფილმის რაც შეიძლება მეტი ასლი გერმანელების ზურგში გადაეგზავნათ. მას სურდა, გერმანელებს დაენახათ, რა ძლიერი იყო ქვეყანა ომის დროს, რადგანაც ასეთი ფილმების გადაღება შეეძლოთ.
ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მისი ახლო მეგობარი ვერიკო ანჯაფარიძე ნატოს შვილებზე შეძლებისდაგვარად ზრუნავდა. ასე დაახლოვდნენ სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია, რომელიც მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის გაგრძელება სოფიკომაც ამავე ინსტიტუტში გადაწყვიტა, სამსახიობო ფაკულტეტზე (ბ. ბიბიკოვის სტუდია).  1955 წელს სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია დაქორწინდნენ. 1958 წელს მათ შეეძინათ პირველი ვაჟი ნიკოლოზი, რომელიც შემდგომში ცნობილი მხატვარი გახდა. 1963 წელს შეეძინათ მეორე ვაჟი – ამჟამად ცნობილი მსახიობი ალექსანდრე შენგელაია.
თავისი პირველი კინოროლი სოფიკო ჭიაურელმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1956 წელს ითამაშა რეზო ჩხეიძის ფილმში “ჩვენი ეზო”. ამ ფილმმა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. მას მოჰყვა ფილმები, რომლებმაც მსახიობს საყოველთაო აღიარება და საერთო სახალხო სიყვარული მოუპოვეს: მრეცხავი ვარდო გ. შენგელაიას ფილმიდან “ვერის უბნის მელოდიები” (1973), თამრო – ლ. ღოღობერიძის “ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), ფუფალა – თ. აბულაძის “ნატვრის ხე” (1976), ტასია – მ. ჭიაურელის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1962), მზექალა – შ. მანაგაძის “ხევსურული ბალადა” (1965), სოფიკო – გ. დანელიას “არ იდარდო” (1969), ვარდო – ს. ფარაჯანოვის “სურამის ციხე” (1986) და სხვ. მასთან მუშაობდნენ საუკეთესო, ნიჭიერი რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე, გია დანელია, ალა სურიკოვა, ვსევოლოდ შილოვსკი, სერგო ფარაჯანოვი და სხვები.
ეს უკანასკნელი სოფოკოს თავის მუზად თვლიდა და ისეთ თილისმას უწოდებდა, რომელიც თვალისმომჭრელ, ათასფერ სხივებს აფრქვევს. მართლაც, სოფიკოს მიერ შექმნილი ფაქიზი, კოლორიტული მხატვრული სახეები ზუსტად ესადაგებოდა ფარაჯანოვის თვითმყოფად შემოქმედებას. ფარაჯანოვი სოფიკოს გარეშე ფილმს არ იღებდა, სოფიკოც მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი დიდი ხელოვანის მიმართ. სომხურ კინოხელოვნებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის ქართველ მსახიობს 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სოფიკოსათვის არ არსებობდა მცირე და დიდი როლები, იგი ერთნაირი ინტერესითა და მონდომებით თამაშობდა როგორც მთავარ, ისე ეპიზოდურ როლებს. ასევე ერთნაირი წარმატებითა და პროფესიონალიზმით ასახიერებდა ახალგაზრდა და მოხუც პერსონაჟებს. კინემატოგრაფში ნაყოფიერი მოღვაწეობის წყალობით სოფიკო ჭიაურელმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი პროფესიული ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის ბევრია პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე იგი აღიარებული მსახიობი იყო – 1964 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებას ანიჭებენ, ხოლო შემდგომში, 1976 წელს – იგი უკვე საქართველოს სახალხო არტისტია.
სოფიკო ჭიაურელის დიდ ტალანტს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში აფასებდნენ. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდარულ მსახიობად, მთელი ეპოქის შემოქმედად. მის ნიჭსა და სიდიადეს აღიარებდნენ კოლეგები და რეჟისორები მთელ კინოსამყაროში და, განსაკუთრებით, რუსეთში, სადაც მან თავისი ახალგაზრდობის წლები გაატარა. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფიკოს მოსკოვში დარჩენას სთავაზობდნენ, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველო არ დაუტოვებია არც 90-იან წლებში, ქვეყნისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძიმე პერიოდში. იგი, უპირველესად, ქართველი მოქალაქე და მსახიობი იყო. სოფიკო ჭიაურელის სამსახიობო კარიერა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კინომოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა – 1964-68 წლებში იგი თბილისის შ. რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. წლების მანძილზე კი (1960-64, 1968 წლიდან) მარჯანიშვილის სახ. აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა, თეატრში, სადაც სცენაზე დიდი ვერიკო იდგა და სადაც სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” იპოვა თავისი მეორე, უკანასკნელი სიყვარული – ასევე ცნობილი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე. 43 წლის სოფიკოს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და, პირველ ქმართან გაყრის შემდეგ, 1980 წელს ცოლად გაჰყვა. ამ სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ერთ-ერთ დაბადების დღეზე კოტემ სოფიკოს ცოცხალი დათვის ბელი აჩუქა…
1990-აიან წლებში საკუთარ სახლში ფიქრის გორაზე მათ დააარსეს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. ამ თეატრს სოფიკო მსხვილი პლანის თეატრსაც ეძახდა, ხოლო საკუთარ თავს – “გამქრალი ცივილიზაციის მსახიობს”. სოფიკო ჭიაურელს, რომელსაც, როგორც ხელოვანსა და შემოქმედს, არც სახალხო სიყვარული და არც პროფესიული ნამოღვაწარის დაფასება აკლდა (სახელმწიფო პრემია, 1980; ვერიკო ანჯაფარიძის სახ. პრემია, 1996; ღირსების ორდენი, 1997; შ. რუსთაველის სახ. პრემია, 1998; მარჯანიშვილის სახ. პრემია, 2000; ნ. ჩხეიძის სახ. პრემია, 2002; ვერა ხოლოდნაიას სახ. პრემია “ეკრანის დედოფალი”, 2003 და სხვ.), ცხოვრებაში უმთავრეს როლად ოჯახის დედობა მიაჩნდა. სოფიკო ჭიაურელი საკუთარ თავს ბედნიერად თვლიდა. “გამიმართლა, – ამბობდა ის – მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან შევხვდი და ვმუშაობდი დიდებულ რეჟისორებთან და შესანიშნავ პარტნიორებთან. საერთოდ, ჩემთვის ადვილი იყო და ვფიქრობ, ჩემთანაც ადვილი იყო მუშაობა. ალბათ, ასი პროცენტით არავის უსრულდება ის, რაზეც ოცნებობს, მაგრამ მე, სადღაც 80 პროცენტით, ცხოვრებამ გამიმართლა”.
იგი მუდამ შრომასა და ფუსფუსში იყო და, როგორც თავად აღნიშნავდა, სულ დროის სწრაფ წარმავალობას განიცდიდა, მეტის მოსწრება უნდოდა. მძიმედ იყო ავად, თუმცა, ბედს მაინც არ უჩიოდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, თვალცრემლიანმა სოფიკომ ეს აღიარებაც ისეთივე თავმდაბლობით მიიღო, როგორი თავმდაბლობითაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩეოდა – მან თქვა, რომ ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის…

იგი იყო თბილისის, კვიპროსისა და ფოთის საპატიო მოქალაქე.

სოფიკო გარდაიცვალა 2008 წლის 2 მარტს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

სოფიკო ჭიაურელის როლები:

  • მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
  • ნოდარ დუმბაძე “მე ვხედავ მზეს” ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
  • ანა აღლაძე “მღელვარე დღეები” კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • ნიკოლას პერიალისი “ბაფთიანი გოგონა” გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
  • უილიამ შექსპირი “რომეო და ჯულიეტა” ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
  • ჟან ანუი – “ჟანა დარკი” ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
  • სოფოკლე “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ნიკოლოზ გოგოლი “ქორწინება” აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
  • ალექსანდრე ოსტროვსკი “ტალანტები და თაყვანისმცემლები” ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძ
  • ვინა დელმარი “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?” როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
  • კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
  • ფრიდრიხ დიურენმატი “მილიარდერის ვიზიტი” კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ივან ბუკოვჩანი “მამლის ყივილამდე” მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
  • პოლ ზინდელი “გვირილა” ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
  • ედუარდო დე ფილიპო “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი” ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
  • ჰენრიკ იბსენი “მოჩვენებანი” რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • მერაბ ელიოზიშვილი “ბერიკონი” იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
  • ლევ ტოლსტოი “ანა კარენინა” ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ტენესი უილიამსი “იგუანას ღამე” მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ შილერი “ვერაგობა და სიყვარული” ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ჯაბა იოსელიანი “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ილია ჭავჭავაძე “კაცია ადამიანი” დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
  • ე.დე ფილიპო “ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი” ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
  • რ. კლდიაშვილი “საპოვნელა” მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლ გუცკოვი “ურიელ აკოსტა” ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
  • რ. კლდიაშვილი “იადონას თეატრი” იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე

    რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
    უილიამ შექსპირი “ზაფხულის ღამის სიზმარი” ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
  • ე. ლაბიში “ჩალის ქუდი”ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
  • მაქსიმ გორკი “მდაბიონი” ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
  • ბერტოლდ ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი” შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
  • ჟან ანუი “ანტიგონე” ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი

    ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:
    მ. სანტანელი “დედა დედოფალი” რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
  • რეზო კლდიაშვილი “მარტოობის ბინადარი” ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი “პლანეტების დაბადება” მასხარა
  • გაბრიელ გარსია მარკესი “სიყვარულის სულთათანა” გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე

    კინოროლები:
    “ჩვენი ეზო” ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
  • “ენგურის ნაპირებზე” თამარი
  • “ამბავი ერთი ქალიშვილისა” ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “ვერის უბნის მელოდიები” ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
  • “გენერალი და ზიზილები” ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
  • “ხევსურული ბალადა” მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ფერისცვალება” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “აურზაური სალხინეთში” თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “ნატვრის ხე” ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • “აშიკ-ქერიბი” რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
  • “არ იდარდო!” სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
  • “არევიკი” არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
  • “ალიბაბა და 40 ყაჩაღი” ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
  • “იყიდება აგარაკი” რეჟ. . პატაპოვი
  • “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” ელენე
  • “წუთისოფელი” სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
  • “ბროწეულის ყვავილი” დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
  • “დათა თუთაშხია” ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

    პრემიები და წოდებები:
    1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
  • 1980 სახელმწიფო პრემია
  • 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
  • 1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
  • 2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: