Posted by: burusi | 16/07/2009

თბილისის ბოტანიკური ბაღი – Tbilisi Botanical Garden

ტფილისის ბოტანიკური ბაღი, მხატვარი გრიგოლ გაგარინი, 1847 წ.

თბილისის ბოტნიკური ბაღი ერთ-ერთ უძველესია მსოფლიოში. მისი ისტორია XVII საუკუნის I ნახევრიდან (1636 წ.) იწყება. ბაღის წინამორბედი იყო სოლოლაკის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების “სამეფო ბაღი”. მას “ციხის ბაღს”, იგივე “სეიდაბადის” ბაღს, ან “ცოდნის წყაროსაც” უწოდებდნენ. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი გაშენდა 3 პატარა ბაღი: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით. ბოტანიკური ბაღის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი. ცნობილია, რომ განსაკუთრებული რუდუნებით ამ ბაღებს ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი (გიორგი მე-12-ის მეუღლე) უვლიდა. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი სამკურნალო მცენარეები ყოფილა.
რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, შემდეგ კი სააფთიაქო ბაღებად გამოცხადდა. 1845 წლის 1 მაისიდან კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის განკარგულებით ბაღები გაერთიანდა და მას ოფიციალურად ეწოდა თბილისის ბოტანიკური ბაღი. 1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-1958 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლუმანური სასაფლაოს ტერიტორია წავკისის წლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

ბაღს წავკისის წყალი ორ ნაწილად ყოფს. მდინარეზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის ყველაზე მეტად ჩანჩქერზე გადებული თაღებიანი ხიდი გამოირჩევა, რომელიც 1914 წელს გაკეთდა.

1917 წლის რევოლუციამდე ბოტანიკური ბაღის განვითარების, კეთილმოწყობის, ტერიტორიის გაფართოვების და აქ სამეცნიერო მუშაობის გაშლისთვის დიდი ღვაწლი გაიღეს სწავლულმა მებაღემ შარერმა, იაკობ მედვედევმა, თბილისელმა გერმანელმა ადოლფ ქრისტიან როლოვმა და რა თქმა უნდა ნიკო კეცხოველმა. ამ და მომდევნო თაობის მეცნიერებმა ბოტანიკური ბაღი ნამდვილ სამეცნიერო ასპარეზად გადააქციეს.
XX საუკუნის 30-იან წლებში თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ფართო მასშტაბით გაშალა კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის, მცენარეთა ფიზიოლოგიის მცენარეთა სელექციის მცენარეთა დაცვის სახით. ყოველივე ამან დასაბამი მისცა ბოტანუკური ბაღის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფორმირებას. 1934 წლიდან ბაღს გამოეყო ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელსაც გადაეცა ჰერბარიუმი, ბიბლიოთეკა, მცენარეთა ფიზოოლოგიის ლაბორატორია და მცენარეთა სელექციის განყოფილება. დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი,ზოოლოგიის ინსტიტუტი, მემინდვრეობის ინსტიტუტი და საქართველოს სასელექციო სადგური.

თბილისის ბოტანიკური ბაღი 128 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. მოგვიანებით ბაღის ტერიტორიის გასაფართოვებლად შეიძინეს მიწები და გაშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი ”მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცრატყავა, უთხოვერი. მცენარეების ასეთი მრავაფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთ სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ.

1986 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი. ამ თარიღის აღნიშვნიდან რამდენიმე წელიწადში კი ბაღს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს უმძიმესი პერიოდი დაუდგა. 90-იანი წლების განუკითხაობამ და 90-იანი წლების მიწურულის უსახსრობამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა უნიკალური ბაღი. თუმცა, შემდეგ ვითარება გამოსწორდა. ახლა ისევ თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემოთი, ნახოთ ჩანჩქერი და მასზე გადებული ხიდი, იქვე ბამბუკების ჭალაში გადაიაროთ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს თაღოვან (ოქოაანთ) ხიდზე, დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაში ჩასმული აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ახვიდეთ “ანგელოზების ბაღად” წოდებულ ზემო პარტერში.

ლიტერატურა:


Responses

  1. დარწმუნებული ხართ, რომ „მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ.“ არიან თბილისის ბოტანიკურ ბაღში?

  2. xval unda wavide !… ❤

  3. samzuxaroa rom rogorz sxva


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: