Posted by: burusi | 04/07/2009

რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდან

მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი

მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი

ნაცნობი სიუჟეტების უჩვეულო გაგრძელება

“მახსოვს ის დილა ქვიშხეთში, როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდენი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ როგორ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და ქეთევანი მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა. როცა მამამ კიბე ჩაიარა და ეზო გადაჭრა, მე და რამაზი გავიქეცით, ეზო გადავირბინეთ და შემაღლებული ადგილიდან გადავხედეთ; ჩეკისტებს შუაში მოქცეული მიჰყავდათ მამა…”

(მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილის – რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდან)

თბილისის ბინა დალუქული დახვდათ. ორი თვე მიმდინარეობდა ჩხრეკა… საბოლოოდ ოთხი ოთახიდან ჯავახიშვილებს ერთი – სასადილო დაუტოვეს და მალე იქიდანაც გასახლებას დაჰპირდნენ…

ანალოგიური სიუჟეტები ჩვენი უახლესი ისტორიიდან დაახლოებით ასე გრძელდება: დაპატიმრებულის ბინაში შეასახლებენ ხელისუფლებისთვის სანდო პირს, რომელიც სახლის კედლებიდან უპირველესად ოჯახის ყოფილი მფლობელის წინაპართა ფოტოებს ჩამოხევს, გაანადგურებს ხელნაწერებს, დოკუმენტებს, ფოტოებს, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ბინის მფლობელის სულიერების კვალი ამჩნევია…

აქვე გამჟღავნდება არაერთი საიდუმლო… თუნდაც ის, რომ დაპატიმრებულთა ყოფილი მეგობრები, ჩასაფრებულნი ყოფილან და ყველანი დაჟინებით ცდილობდნენ რეპრესირებულთა ქონების დასაკუთრებას…

ამ შემთხვევაში სიუჟეტები სრულიად განსხვავებულად, არატიპიურად, შეიძლება ითქვას, სრულიად უჩველოდ წარიმართა. პიროვნება, რომელიც ჯავახიშვილების მრავალგზის გაჩხრეკილ, მობინადრეთაგან დაცარიელებულ ბინაში შედის, მწერლის უსასოოდ დარჩენილი ცოლ-შვილის უახლოესი მეგობარი, შემწე და მანუგეშებელი ხდება.

ათეული წლების შემდგომ, გულწრფელი მადლიერების ნიშნად, იმ პიროვნების ოჯახს რეპრესირებული დიდი მწერლის ქალიშვილი წიგნზე ამგვარ წარწერას გაუკეთებს:

“ძია შალვას ოჯახს და მის საყვარელ მეუღლეს მერის!”

ჩვენდამი გამოხატული გულისხმიერებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის მძიმე წლებში თანაცხოვრების მოსაგონებლად.

მადლიერების, სიყვარულის და პატივისცემის გრძნობით გიძღვნით ამ წიგნს.

მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი

 

2006 წ. ოქტომბერი

გალაკტიონ ტაბიძე, შალვა რადიანი, ქეთევან ირემაძე

გალაკტიონ ტაბიძე, შალვა რადიანი, ქეთევან ირემაძე

წლების მანძილზე ფასეულობები არაერთხელ გადაფასდა და ალბათ ის სტერეოტიპიც უნდა დაინგრეს, რომ ყველა თანამდებობის პირი ან ის, ვინც “არ დააპატიმრეს” ნაკლებ თანაგრძნობას იმსახურებს, ვიდრე დაპატიმრებული…

რომ არა შალვა რადიანის ოჯახი, არავინ იცის, ბოლომდე გაუძლებდა თუ არა იმ გაუსაძლისი ცხოვრების წლებს მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლე და შვილები… რომ არა შალვა რადიანი, რომელმაც მწერლის ბედისწერულად გადარჩენილი ხელნაწერები მაშინ დიდი რისკის ფასად, ჩუმად შეინახა და წლების მერე ოჯახს დაუბრუნა, ბევრი, ძალიან ღირებული წიგნი თუ დოკუმენტი დააკლდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის ლიტერატურულ მემკვიდრეობას… რომ არა “ძია შალვა”, როგორც მას მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი მოიხსენიებს, არამედ სხვა, პარტიის ან კომკავშირის აქტივისტი რომ შეესახლებინათ ჯავახიშვილთა ტრადიციულ ბინაში, ალბათ დღეს არც მისი მუზეუმი იარსებებდა თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე და არც მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა ტომეულები დაისტამბებოდა…

ისევ რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებებიდან:

“ჩვენ ბინაში შემოასახლეს კრიტიკოსი შალვა რადიანი და მისი მეუღლე მწერალი ქეთევან ირემაძე. მათთვის მიუციათ ჩვენი ბინა. შემდეგ ქნ-მა ქეთევანმა უამბო დედას, რომ მწერალთა კავშირში ერთი ამბავი ამტყდარა, ბევრ მწერალს სდომებია ჩვენი ბინა, მაგრამ ჩვენ მოგვცეს, როგორც ახლადშეუღლებულებს და უბინაოებს. შალვა ფიქრობდა, ჩვენი აქ ყოფნით ხელი შეეწყო თქვენი ოჯახისთვისო.

დროთა განმავლობაში შალვა რადიანისთვის შეუთავაზებიათ, თუ გინდათ, ამათ გავასახლებთ და იმ მეოთხე ოთახსაც თქვენ მოგცემთო, მაგრამ რადიანებს უარი უთქვამთ: ჩვენ ესეც გვყოფნისო.

შალვა რადიანი და მისი მეუღლე ქეთევან ირემაძე, რომლებიც რეპრესიის წლეში ზრუნავდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლზე და ოჯახზე

შალვა რადიანი და მისი მეუღლე მერი გომართელი-რადიანი, რომლებიც რეპრესიის წლეში ზრუნავდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლზე და ოჯახზე

რადიანები დიდი მოწიწებით შემოვიდნენ ჩვენ ბინაში, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ერთი ოჯახი ისე ვცხოვრობდით. ოთახების კარი არ იკეტებოდა. თავისუფლად შევდიოდით მათთან. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლდა, ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ, ბ-ნი შალვა რამდენადაც მკაცრი კრიტიკოსი იყო, იმდენად გულისმხიერი და ლმობიერი, კულტურული ადამიანი აღმოჩნდა. აკი მამას “არსენა მარაბდელი” უჩუქებია ბ-ნი შალვასთვის ასეთი წარწერით: “უმკაცრეს კრიტიკოსს და ლმობიერ ადამიანს”…

დიდი გაჭირვება და შიმშილი იყო მაშინ, პურის ტალონებს გვაძლევდნენ, მაგრამ ის მცირე ლუკმა არ გვყოფნიდა. რადიანები გვეხმარებოდნენ – თეთრ პურს გვინაწილებდნენ.

როცა ქ-ნი ქეთევანი უკურნებელი სენით გახდა ავად, სულ მათთან ვიყავით, ვამხნევებდით… მე და დედა ვმორიგეობდით მის საწოლთან… ძალიან განვიცადეთ ქეთევანის გარდაცვალება…

რამდენიმე წლის შემდეგ (1951 წ.) ოჯახში შემოვიდა შესანიშნავი გარეგნობის ქალბატონი – მერი გომართელი… ქალბატონმა მერიმ მხარი აუბა იმ ურთიერთობას, რომელიც წლების მანძილზე გვქონდა რადიანების ოჯახთან… მათი შვილები მალხაზი და თემური ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ…

მერი გომართელი - შალვა რადიანი მეორე მეუღლე, მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახზე და სახლზე მზრუნველი რეპრესიის წლეში

ქეთევან ჯავახიშვილი

რეაბილიტაციის მერე ჩვენი ბინა დაგვიბრუნეს. რადიანებს მისცეს ბინა და როცა ისინი გადავიდნენ, საშინლად განვიცადეთ და ძალიან დაგვწყდა გული. გვინდოდა როგორღაც ისევ ერთად გვეცხოვრა”…

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა ” # 242
შაბათი, 27 დეკემბერი, 2008 წელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: