Posted by: burusi | 03/07/2009

გიული წერეთელი – “ამერიკისკენ”

სერიიდან განადგურებული ქართული არისტოკრატია

ლევან ჭოღოშვილი, სერიიდან განადგურებული ქართული არისტოკრატია

მოქმედება ამერიკის საკონსულოსთან ახლომდებარე ოფისში მიმდინარეობს. წვიმისგან დასველებული ზემო იმერელი გლეხი ოფისში შეღწევას ცდილობს და გამხდარი და ტანმორჩილი დაცვის წევრის წინააღმდეგობას აწყდება.
– გაბრძანდით გარეთ, თუ შეიძლება!
– მაცალე, ბოშო, გამევიხედო ჯერ თვალებში, იმისთანა თავსხმაში შემოვარდი, ძლივს გამევიგნიე გზა!
– რატომ შემოხვედით აქ, ბიძია?
– რატო შემევედი? ხოშ-კაკალამ რო დასცხო, დეინახე? ზრდილობა არ იცი? იმერეთში არც შენ ხარ ნამყოფი? გამაჩერე, ბიძიკო, პატარა ხანს, გედეიკარებს, გავშრები. ასე დასველებული რავა მივიდე კონსულთან, რას იფიქრებს კაცი, შემარცხვინო უნდა ორი ქვეყნის მასშტაბით?
– ზრდილობა რა შუაშია, არ შეიძლება უსაქმოდ შემოსვლა.
– უსაქმოდო? შენ დგახარ ახლა საქმიანად და მე ვარ უსაქმოი, ხომ? დევიცდი, სანამ გადეიკარებს და წავალ, აპა რა მინდა აქ?!
– გაბრძანდით, აქ მოცდა არ შეიძლება!
– ეის არი ახლა საქმე? ამისთანა ამინდში უნდა გამიშვა ამ ხნის კაცი? რო იქცევა ქვეყანა, ვერ ხედავ? მარა რაფრა დაგელაპარაკო და.. რა ზრდილობაც გაქვთ ახლანდელ ახალგაზრდებს, მაგერ გეტყობა ქუდზე?
დაცვის წევრი ქუდს მოიხდის, დახედავს, მხრებს აიჩეჩავს..
– გაგიკვირდა? შე კაცო, ქუდით შესვლა და დგომა შენობაში რავა შეიძლება. ადამიანს ელაპარაკები, ბოლოსდაბოლოს და ქუდი რო პატარა ხნით წეიძრო თავიდან, დაგიბერავს ვითამ? მაგი რო მე გამეკეთებია, არ ამიჭრელებდა მამაჩემი მაყვლის წვენში ამოსვრილი თხილის ჯოხივით კანჭებს?
– არ მაქვს უფლება უცხო პირების შემოშვების, მოქალაქევ! აგერ, წესდებაა გამოკრული, წაიკითხეთ! კითხვა თუ არ იცით, მე წაგიკითხავთ!
– რამდენჯერ გაქვს წაკითხული თვითამ?
– ხუთჯერ.
– ბეჩა, მაგის კითხვას “სტუმარ-მასპინძელი” წაგეკითხა ორჯერ, დილა-საღამოს არ ჯობდა? წყნარად იყავი მადანა, შენხელას, ბოშო, პიმპილას ვაგდებ ლობიოში მე.. აპა?! რას მიყურებ, თუ იცი? სტუმარს პატივი რავა უნდა ცე, არ გისწავლია? მარტვა იმის წაგითხვა გეყოფოდა? – თითით უჩვენებს წესდებაზე – მარა, კითხვა რო არ გიყვართ, იმაშია საქმე! ჩემი ბოვშის არ იყოს, წიგნი ვერ დავაკავებიე ხელში, “ბაში-აჩუკისა” და “გლახის ნაამბობის” შინაარსი, შე კაცო, კინოდან დაწერა. ბიჭო, ტელევიზორიდან სტავლა გამიგია? ჩანთა აღარ დააქვს სკოლაში, გეიჩრის რვეულს შარვალში და მიდის ისე, მჭრის თავს. გადასარევი პირდაპირ! გოუნათლებლები ხართ, ბიძიკო, გოუნათლებლები.. მარტო ინგლისურის ცოდნაა არაა საქმე!
– რატომ მკადრებ, ბიძია?
– შენც ჩემი ბოვშივით გჭირდება დარიგება და მიტომ. ერთი საერთო რვეული დააქვს სულ, მეტი არ მჭირდებაო, მეუბნება. რამდენჯერაც რვეულის და წიგნის საყიდელი ფული მივეცი, წევიდა და იმისთანა ჟურნალ-გაზეთები მეიტანა, ტანში გამცრა, რო დავათვალიერე… მთლად გაფუჭდა ხალხი… იმ რვეულში მაგალითებსაც წერს, ქართულსაც, რუსულსაც, ინგლისურსაც… ასე გადმოატრიალებ ფიზიკაა, ისე გადაატრიალებ ქიმია – გაოცებული ატრიალებს ხელის მტევნებს – ახლა გადამკიდებია, წყაროს თავში, საფერშლოში რომ ოროთახნახევრიანი უნივერისტეტი გახსნეს, იქანა მომაწყეო. სად მაქვს, ბიძია, მაგის ფული? ლარი და დოლარი ვერ გამირჩევია ხეირიანად.
– ფერშალი რა იქნა?
– ფერშალი? ფერშალი შეამცირეს და სხვა სოფელში წევიდა. ვისაც ფული აქვს, ქე ჩადის ქალაქის პოლიკნილიკაში, ვისაც არა, მოგჭამა ჭირი, აპა!
– გეყოფა ლაპარაკი, ბიძია, გადი ახლა გარეთ, ნუ მაგდებ უხერხულობაში_მოლბა დაცვის წევრი.
– გადიო? რავა მკადრებ, შე ცინგლიანო მაგას?!
– ბოდიში და გაბრძანდით, ბატონო, მაცდენთ ახლა თქვენ და ყურადღებას მიდუნებთ.
– დედაია, უჟმური ხო არ გყავს შეჩენილი, თუ იცი? სად მიშვებ, შე კაცო, ამ გალუმპულ კაცს, მაგდებ? ნუ მექაჩები თუ ძმა ხარ, უკან დეიწი, თვარა..
– რა გულზე ხარ, ბიძაჩემო? მიტინგიდან მოდიხარ?
– მიტინგიდან? კაი, ერთი.. მიტინგზე დგომის დრო და თავი სა მაქვს მე, ყანას მთავრობა გამითოხნის და ვენახს ოპოზიცია ამიხვევს, თუ რაი? რავა, ხელს თუ არ გავანძრევ, პუტინი გამომიგზავნის ლობიოს რუსეთიდან თუ ობამა კაკალს ამერიკიდან? მე, ჩემო ბატონო, გლეხი-კაცი ვაარ და იქანაა ჩემი ადგილი, სოფელში, ჩემს კარ-მიდამოში, აპა?! გადასარევი პირდაპირ?! აღარავის აღარ უნდა სოფელში გაჩერება, დაცარიელდა, კაცო, ჩვენი კუთხე, შუქი არ არიო, წყალი არ არიო, საჭმელი არ არიო.. დაკრა ფეხი უმეტესობამ და გეიხიკა ქალაქში, რავა ნისიად არიგებენ საჭმელს-სასმელს აქ? მითხარი და თუა მასე, ქე წამოვალ მაშინ მეც, თოხის ბაყუნი მირჩევნია გასივსივებული მანქანით კატაობას? გვიჭირსო? ვის უჭირს, ბიძია, ამდენი მანქანა ჩემმა თვალებმა რო ნახა დღეს ქალაქში, ღორჯო არ დაცურავს საძალიხევში. რავა ამდენი კაფე და რესტორანი ფასონადაა გახსნილი? შუქიც გვაქვს, ბატონო, ახლა და წყალიც, მარა აღარ ბრუნდება ხალხი უკან, გედეეჩვიენ მიწაზე მუშაობას და მიტომ. ბოსტანში რომ მწვანილს არ მეიყვან, იმას იყიდი ბაზარში, აბა რას იზამ, უმწვანილო შეჭამანდი რავა ვარგა? მარა იმ მწვანილის ყიდვას რო ფული უნდა, საიდან უნდა მეიტანო, თუ არ იმუშავე? მამლის ყივილი აღარ აღვიძებს სოფელს და ქათამი აღარ კრიახობს საბუდარში! რავა მთავრობა მოგიმწყემსავს და მოგიწველის ძროხას? მთავრობის იმედით უნდა იყო მუდამ? ახლა, ამ მთავრობის მადლიერი არც მე ვარ. მეიცა, თუ კაცი ხარ, რომელი მთავრობა ფიქრობდა გლეხკაცზე, ამან რო იფიქროს?
– აცლიან რო?
– კაი, ახლა, კაი.. რა ცალები ჰკიდია ასე გოუთავებელი? შენი კუდის აწევა არ ჭირდებათ მაგათ, ენები აქვთ… ჭურის კედლებს მოხეხავენ ძირიდან, თუ დაჭირდათ, აპა?! არ აცლიანო? აბა, ისე არიან გადაღლილი მუშაობით, ფეხსალაგში წასასვლელი დრო ვერ გამოუძებნიათ, თურმე, ზედმეტად ხომ?! ანდა, ისი, ოპოზიცია რო იძლევა ბრტყელ-ბრტყელ დაპირებებს, მთავრობას ჩამოვართმევთ ყველაფერსო, ჩემო ბატონო და ხალხს გადმოგცემთო, მაგას არ ყვიროდნენ ცხრაასჩვიდმეტში ბოლშევიკები ზუსტად?! ”მიწა გლეხებს და ფაბრიკა-ქარხნები მუშებსო!” ამ ლოზუნგით დაანახეს ციმბირი უკნიდან მილეთის ხალხს, აპა?! ჰკითხე ბაბუაჩემს. კია, ასს გადაცილებული და ვეღარ დადის, თვარა, ჯორკოზე თუ დეგინახა მიმჯდარი, ისე დეიწყებს კერენსკიდან და გავა გარბაჩოვამდე, ვერ ჩოუკვეხებ სიტყვას, სულ წერტილ-მძიმით ჩამოგითვლის პოლიტბიუროს წევრების გვარებსა და სახელებს, ჩემო ბატონო, მამის სახელებით და დაბადების წლებით. ტვინი აქვს, მე მჯობია ბევრად. იმასთან შედარებით ბოვში ვაარ, მარა ორი კაკალი ინგლისურის დამახსოვრება ქე გამიჭირდა.
– შენ რაღად გინდა ინგლისური?
– შენო?
– უკაცრავად, თქვენ?
– რად მინდა და გამომადგება…შე კაცო.
– სად, ამერიკაში?
– ჰო, რა იყო? არ გევიშვები? აა, რა ვიზა მიკავია ხელში! ახლა ნამეტანი კაი ინგლისური ქე არ მჭირდება, მარა.. მე იმერელი კაცი ვარ, ზრდილობა მომეთხოვება. აპა, რაი?! კონსული არ უნდა მევიკითხო ხეირიანად? ჰელოუ და გუდბაი მეყოფა სალაპარიკოდ? ნეტაი, არ გადეიკარა ჯერ? – გაიხედავს გარეთ_შენ რა მოხელე-ნაჩალნიკი ხარ აქ?
– დაცვა ვარ.
ამ დროს ოფისის პატრონი (ვეებერთელა ტანის) გამოჩნდება დერეფანში, მრავალნიშმნელოვნად გადახედავს დაცვის წევრს და გადის. დაცვის წევრი მიმიკას და პოზას იცვლის მის დანახვაზე.
– ამას იცავ? რად უნდა ამას შენი დაცვა? იქითა ხარ მაგისგან დასაცავი!
– ვიზა ვინ გამოგიგზავნა?
– ვიზა? ვიზა მოშიამ.
– მოშია ვინაა?
– მოშიაა? მოშია და მე, ჩემო ბატონო, ბოვშვობაში ვმეგობრობდით ერთ ხანობას. მამამისი, ისაკა, ქალაქის სადგურთან, ხიდის ახლოს ტანსაცმლის მაღაზია რო იყო, იქანა მუშაობდა გამგედ. ბაბუაჩემი ობლიგაციების ფულში გასაცვლელად რო შეუთვლიდა ისაკას, გამეიარეო, მოყავდა ხოლმე მაშინ ჩვენთან. სანამ ბაბუაჩემი და ისაკა ბიძია ცხრილებს ჩაჩერებოდნენ გაზეთში, მე და მოშია ქლიავის ხეებზე დავძვრებოდით ბაღში. რა ქლიავები გვედგა მაშინ იცი? ა, ცერის სიმსხო, ბევრს კი ვერ შეჭამდი, მაშინათვე აგიწანწალებდა კუჭს. დედაჩემს ყველს რო წავაღებიებდი საჩხერის ბაზარში გასაყიდად, გამიშვებდა-ხოლმე მაგათთან და ქე ვიყავით ხოლმე ეზოში საღამომდე. იქანა კიდევ მოშია მპატიჟობდა ქვიშნაზე და ასე.., უჰ, ქვიშნა ქონდათ იცი? ძვირფასი, იმისთანა ტკბილი, ტკბილი და წითელი, წითელი რომე… მოშია ვერ ჯობდა კვასკვასში.
– მერე?
– რაი მერე, გაჭირდა ცხოვრება, წევიდნენ ისრაელში და ქე ამოყვეს თავი ამერიკაში. შარშან, ზაფხულს იყო ჩამოსული ბებია-ბაბუის საფლავების დასახედად და არ შემომიარა მე?! რავა გამიხარდა, ნეტაი იცოდე, რაც ბოვშობაში მახსოვს, ის მოშია იყო ისევლე, თმა და კანიანად… ჭიშკარიდან რომ დეიძახა, ვერ დევინახე მზეში, სულ არ იყო შეცვლილი. ისე ისიამოვნა ჩემი ბაღით და ჩემ ხეხილს რო გადაავლო თვალი, ხო გედეირია კიღამას. ყოველისფერი იყო მიდგას მერე ეზოში: წითელი ტყემალი, ჩემო ბატონო, მწვანე ტყემალი, ყვითელი, ბალ-ტყემალა.. კანთან მჟავე და გულთან ყვითელი, გულთან მჟავე და კანთან ტკბილი… ყველაფრად როა გამოსადეგი, კურკის გარდა. საწებლად გინდა, ჩემო ბატონო, კვაწარახად, ტყლაპი დაასხი თუ გინდა, მურაბა მოხარშე.. სიმინდი აღარ მოდის მარტვა, სასუქი თუ არ მოაყარე მიწას, ქე ამიგიყრის კბილებჩაცვენილ ტაროს..
– გაიხსენეთ ბავშვობა?
– გევიხსენეთ რომელია, რო ჩოუჯექით საღამოს ჭურის თავს, დაგვათენდა მუსაიფში. იმისთანა ქართული ღვინო ჩამემიტანა საჩუქრად, იმისთანა ლამაზ ბოთლში რომე… ამერიკაში ჩამოუსხია, თურმე, რო… დიდებული. დამეჭაშნიკა მინდოდა, მარა ნუ გახსნიო – მითხრა. შეინახეო, რო წავალ, მერე გახსენიო და შენი კიპაჭო დამალევიეო-მთხოვა. მეც მოვხადე ჭურს თავი და… ყველაფერს იყო აქოურს ნატრული: რო დეეტაკა ბოსტანში ჭლაკვს და კიტრს, არ გახსენებია სალფეტკი… მაყვლის ფელამუშით ისიამოვნა ძალიან ნამეტანი… კვახის მარცვლები შევუწვი.. ჭანჭურის არაყიც გავატანე, ორი ბოთლა.. ეჰ, კაია, ბოვშობა. ჰოდა, ერთი თვის წინ მივიღე ეს ფურცელი მოშიასგან, ჩემო ბატონო და ქე მელოდება ახლა ამერიკაში, აპა?! წავალ, გავერევი პატარას ხალხში, თვარა, რაც საბჭოთა კავშირი დეინგრა და მაღაროში პეროქსიტი გათავდა, საგზური და დასვენება აღარ მღირსებია მე, საცოდავს.
– სად ისვენებდით მაშინ, ანტალიაში?
– გეიცინე შენ, გეიცინე.. ანტალიაც ის იყო მაშინ და გუდაურიც.. რად მინდოდა, ბიჭო, ანტალია? ან გვიან შემოდგომისას გვიშვებდნენ ზღვაზე ან ზამთარში. წყალში არ შევდიოდით, მარა.. რათ მინდოდა, ბიჭო, ზღვაში ბანაობა, იმისთანა მდინარე ჩამომიდის ეზოდან ორ კილომეტრში, რო კამკამა, კამკამა კენჭებს დაითვლი, თუ ჩაყვინთე.. ნაპირზე რომ ჩამოვსხდებოდით და ციმბირიდან ჩამოსული, თეთრი, დანდალა, კუპალნიკიანი რუსი ქალების თვალიერებით რავა ვერთობოდით, ის უნდა გენახა შენ!
– ზამთარში ბანაობდნენ?
– უჰ, ზამთარში თვარა… მაგათ, ბიჭო, გუბე დაანახე და მაშინათვე გაიხდიან და ჩაწობიან წყალში, სუ ზაგარი და ზაგარი ეკერა პირზე ყოველ მეორეს. ეჰ, ფული მაშინაც არ გვქონდა თავზესაყრელი, მარა მაგათი სამყოფი მიგვქონდა. ადრე მაღარო მუშაობდა, სამუშაო მძიმე იყო, ხელფასი საშვალი, შემოდგომით მოწეული ნაშრომ-სარჩო და… გავდიოდით რაღაცნაირად იოლას.
– კიდევ რა შეღავათებს გაძლევდათ მთავრობა?
– მთავრობა და შეღავათი გაიგონია, შენ? მთავრობას არც მაშინ მოუკლავს თავი ხალხისთვის. მთავრობა, ჩემო ბატონო, მოსრიალდებოდა შავი ვოლგებით, დაგვაყენებდნენ წითელყელსახვევიანი პიონერებივით ხაზზე, დაგვაჭერიებდნენ ხელში პლაკატს: “მეტი შავი ქვა კომპარტიას!”(ასე ეწერა პლაკატზე), წაგვიკითხავდნენ თითო-ოროლა ქაღალდს მაღაროდან ამოყვანილ გამურულ მუშებს: ”აბა, თქვენ იცითო, ასე ქენითო, ისე ქენითო, შრომით ვუპატაკოთ სამშობლოსა და კომუნისტურ პარტიასო…” და ვუკრავდით ჩვენც ტაშს, ხან ხანგრძლივსა და ხან მქუხარეს… ვინ უსმენდა, თუ კაცი ხარ… ქანცი გვქონდა გამძვრალი მარგანეცის მტვრევით. დარბოდა და ჩარბოდა მერე ხაზის წინ, ჩვენი კომკავშირის მდივანი ენაგადმოგდებული ძაღლივით და კაჭკაჭივით იმეორებდა, დეიძახეთ ახლა: “ჩვენი კომკავშირული ზრუნვა მეკაკლეობასო!” სტუმრებს ნიშანს აძლევდა, სუფრა ნიგვზების ქვეშაა გაშლილიო. რა ზაკუსკა და რა ცხელ-ცხელი ხაჭაპურები ელაგათ სართულებად, მაგას ნუღარ მომაყოლიებ (გადაყლაპავს ნერწყვს). ჩვენ ამევიყორებდით სასადილოში მუცელს ბივშტექს-რამშტექსით და ქე ჩევეთრეოდით ისევლე მიწაში. ხელფასს თუ არ გვიმატებდნენ, არ გვიგვიანებდნენ მაინც. ახლა, ჩემო ბატონო, ამამიღამდა თვალები პენსიის მოლოდინში.
– მერე, დაგეწყოთ თქვენც პატარა ბიზნესი, ყველა რაღაცას ჩალიჩობს.
– დევიწყე. ერთ ხანობას ბევრი გველი დასრიალებდა რუსთავში, გევიგე, ვიღაცას, ჩვენებურს შპს: “გველის პერანგი” გოუხსნიო, ძლოკვების დაჭერაში ფულს იძლევაო და წევედი მეც. ვიფიქრე, ეგებ ერთი-ორს წავატანო კუდში ხელი-თქვა, ორ კაპიკს ვერ გავაკეთებ ვითამ _ მეთქი?
– უჰ, ეგ რა საშიში ბიზნესი აგირჩევია, არ გეშინიათ გველების?
– რაი, საშიში? შენ თუ არ შეაწუხე, თვითამ კი არ გერჩის არასფერს, მეეშვი, ისრიალოს ბალახებში თავის საქმეზე. მე შენ გეტყვი და საწვავს გთხოვს. ნეტაი გაგრძელებულიყო და რას ვჩიოდი.
– მერე?
– ვიმუშავე ერთი თვე, არა უშავს რა.. მარა შურიანი კაცი დეილევა საქართველოში? დეიკარგნენ ერთ საღამოს, აღარ გამოჩნდნენ. რას ვიზამდი, დავბრუნდი სოფელში და მოვკიდე ხელი ისევლე ოყიან თოხს. ამაში პროფესიონალი ვარ, ვერავინ მჯობნის. მერე ამბავი ჩამემივიდა, რო უხრჩოლებია, თურმე, ვიღაც ბიზნესმენს გოგირდი, გოდოურეკია თბილისისკენ და უხეირია. თბილისელები გოუშვებენ ვისმეს წინ?
ეე, გადეიკარა, გონია, თუ არ ავჩქარდი ახლა, დამეკარგება რიგი და ის ორი სიტყვა, ძლივს რო დამაზეპირებია ჩემმა ბოვშმა კონსულთან თავის მოსაწონად, ქე დამრჩება გვერდზე. ჰოდა, კაათ იყავი, აბა და გუდბაი და ექსკიუზმი, ფლიიზ!

პ.ს. ზემო იმერული და ქვემო იმერული კილო-კავები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტექსტი წაკითხული უნდა იყოს ზემო იმერულად, წინააღმდეგ შემთხვევაში დააკლდება “მარილი”.

გიული წერეთელი

სერიიდან განადგურებული ქართული არისტოკრატია

სერიიდან განადგურებული ქართული არისტოკრატია, მხატვარი ლევან ჭოღოშვილი


Responses

  1. ერთს ვიტყვი –იმერეთის ყველა რაიონს თავისი დიალექტი აქვს , რომ ვკითხულობდი ყურში ჭიათურაში გაგონილი კილო მესმოდა,ამის დაწერა მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია ყოჩაღ გიული.

  2. Mietsit nichsa gza parto, takvanistsema girsebas – giuli shenze natkvami!!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: