Posted by: burusi | 01/07/2009

მერი ბარბაქაძე – “მესამე დასელნი”

საქართველოს შსს-ს არქივში დაცულია მეტად საინტერესო მასალები ქართველი სოციალ-დემოკრატების (მესამე დასელების) მოღვაწეობის შესახებ.
დოკუმენტთა უმრავლესობა განეკუთვნება 1921 წლის შემდგომ პერიოდს. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ისტორიულმეცნიერებაში დაემკვიდრებინა საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მისაღები შეხედულებები. ამ მიზნით სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეებს დააწერინეს ვრცელი მემუარები, ცალკეული ეპიზოდები სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ისტორიიდან. ცხადია, მასალები გარკვეული ტენდენციურობით ხასიათდება, თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით გარკვეულ ინტერესსაც იწვევს.

გთავაზობთ, არქივში დაცული მასალების მიმოხილვას.

“წიწამურის თოფთა გრიალი _შავი სამანი ჩვენებური მატიანისა, საქართველოს შვილებმა რომ საქართველოს ბებერი მამა ქართულ მიწაზე
საზორველი ხარივით წამოაქციეს.
“დრო გაჩერდა,” – ეს იყო უკანასკნელი სტრიქონი ლ. სანიკიძის ,,დედა-ისტორიისა”.
ხალხში ხმა გავრცელდა, ილია სოციალდემოკრატებმა, “მესამე დასელებმა” მოკლესო.
ვინ იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ე.წ. მესამე დასელნი?

XIX ს.-ის 80-90-იან წლებში საქართველოში რუსეთიდან და დასავლეთ ევროპიდან გავრცელებას იწყებს სოციალისტური მოძღვრების ერთ-ერთი მიმდინარეობა _ სოციალდემოკრატიული იდეოლოგია.
პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატები საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე “მესამე დასად” მოინათლნენ. მათი მოღვაწეობა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური პარტიების შექმნის ერთ-ერთ საწყის ეტაპად საქართველოში.
საქართველოს შსს-ს არქივში შემონახული საქმეების მიხედვით ირკვევა, რომ ეს დასი ჩამოყალიბებისთანავე საზოგადო მოღვაწეების განსჯისა და კამათის საბაბი გამხდარა. მესამე დასის ჩამოყალიბებაზე შემდეგი იწერებოდა:
,,ამ დასის ჩამოყალიბება იწყება 1892-93 წლებში. ამ მიმართულებით სერიოზული პირველი ნაბიჯი გადაიდგა ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით. ზესტაფონში მოწვეულ იქნა “მესამე დასის” პირველი კრება. კრებას ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, მ. ცხაკაია, კარლო ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი და სხვ. კრების მიზანი იყო გაერკვია საკითხი: რა გზით, რა პროგრამით და ტაქტიკით შეიძლებოდა ცარიზმის დამხობა და სოციალიზმის დამყარება. კრებაზე განხილულ იქნა ნოე ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი პროგრამის პროექტი, სახელწოდებით “საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიული პროგრამა”, რომელიც არ იქნა მიღებული”.
კრებაზე განსახილველი პროგრამიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ კრებაზე განხილული იქნებოდა სოციალურთან ერთად ნაციონალური საკითხიც.
“მესამე დასის” ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავება – 1894 წლის 8 მაისი. ამ დღეს გურიაში, სოფ. ჩოჩხათში მოხდა ახალთაობის მარქსისტული ახალგაზრდობის პირველი, საჯარო საპროგრამო გამოსვლა. აი, როგორ აგვიწერს გაზეთ “კვალში” ამ ფაქტს დამსწრე გიორგი წერეთელი: “ერთი რამ შესანიშნავი მოვლენა აღმოჩნდა ნინოშვილის დასაფლავებაზე. მის კუბოს გარს შემოეკრბენ, ასე ვთქვათ, “მესამე დასი” ახალგაზრდობისა, ესე იგი, სულ უკანასკნელი წლების თაობა, ისინი, რომელნიც გამოსულან ასპარეზზე მეოთხმოცდაათე წლებიდან. ნინოშვილის კუბოზე პირველად წარმოსთქვეს ამათ თავისი პროგრამა მოქმედებისა… ამ დასმა საგნად აღირჩია ისეთი მოქმედება, რომ გაუნათლებელ ხალხში მოჰფინოს წერა-კითხვა… მკვირცხლად ადევნოს თვალი მსოფლიო ცხოვრების მიმდინარეობას და არავითარი შემთხვევა არ გამოეპაროს მსოფლიო ცხოვრების მოძრაობაში მისთანა, რაც კი სარგებლობას მოუტანს ჩვენს ხალხს… დასაფლავებაზე სიტყვით გამოსულმა მარქსისტულმა ახალგაზრდობამ ჩამოაყალიბა “მესამე დასის” სამოქმედო პროგრამა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ს. ჯიბლაძის გამოსვლა, რომელმაც თავის სიტყვაში ნათლად გააკრიტიკა ფეოდალურ-პროგრესიული მიმდინარეობა და ნათელყო ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ეკონომიური ცვლილებები. “ჩვენი აწინდელი ცხოვრება, – ამბობდა ჯიბლაძე – წარმოადგენს ახალ, ერთი მეორის მოწინააღმდეგე წოდებას ანუ კლასს. ერთი მხრით – ფიზიკური და გონებრივი შრომის წარმომადგენელნი, მეორე მხრით, მუქთა – ხროვა, ბურჟუა-კაპიტალისტები. პირველთა ხვედრია აუტანელი შრომა-გარჯა, მეორეთა კი – დასაკუთრება ამ შრომის ნაყოფისა. აი, სად ტყდება ხიდი ჩვენში.
ასე განსაზღვრავდა სილ. ჯიბლაძე საქართველოში არსებულ ვითარებას და მისგან გამომდინარე ახალი დასის სამოღვაწეო პროგრამას.”
მესამე დასის ჩამოყალიბების შესახებ ასევე ვკითხულობთ საიდ დევდარიანის 1934 წლის ჩანაწერებში, სადაც ფაქტიურ მასალასთან ერთად, ავტორს საკუთარი განსხვავებული შეხედულება და დამოკიდებულება აქვს მოცემული არსებული დასის მიმართ.
,,დამახასიათებელია, რომ სახელი ,,მესამე დასი” თვითონ არ დაურქმევიათ ე.წ., “მესამე დასელებს” თავის თავისთვის. მიმსალმებელი და მომნათვლელი ეკუთვნოდა იმ მიმავალ თაობას, რომელსაც უპირდაპირდებოდა მომავალი, ,,მესამე დასის” თაობა.
მეორე დასის ინტელიგენციის ჟურნალი ,,მოამბე” მთელ პროგრამას მესამე დასისას ხედავდა ,,წერა-კითხვის და ნათელი აზრების გავრცელებაში,” ამას ძველი თაობაც ცდილობდა, ახალი არაფერი მომხდარაო.
ჯერ არ არის საკმაოთ გაშუქებული, რამდენათ სწორი და თანმიმდევრული იყო ე. ნინოშვილის თვითგარკვევა მარქსიზმის, მეცნიერულ სოციალიზმის დედააზრებში. მისი მიწერ-მოწერა გიორგი წერეთელთან გვეუბნება, რომ ბევრი უკლდა კიდევ ამ თვითგამორკვევას. ე. ნინოშვილი ერთ-ერთ წერილში წერს:
,,რუსეთთან ძმობის გამოცხადება მანამდე შეუძლებელია, სანამდის მის მთავრობას ბრჭყალში ვყავართ გამოკლული და რუსის ხალხიც იმას ცდილობს, რომ თავის მთავრობის ძალღონით ჩვენ წაგვართვას უხსოვრის დროიდან ჩვენი კუთვნილი მიწა-წყალი, თბილი ჰაერი და მშვენიერი ბუნება და თვითონ დაიჭიროს. აი, ამ გარემოების ძალით ჩვენ უნდა ვიყოთ ნაციონალსოციალისტები, როგორც ჩვენცა ვართ, არ განთავისუფლდებიან სხვა უფრო ძლიერის ნაციის მონობისაგან”.
ე. ნინოშვილმა თავისი მხატვრული შემოქმედებით დააყენა მშრომელი, ჩაგრული ხალხის საკითხი და მოუმზადა ნიადაგი მარქსისტული აზრების გავრცელებას. მისი ცხოვრება, სიკვდილი, დასაფლავება იდეურ და ორგანიზაციულ საბაბად შეექმნა იმ წრის დაჯგუფებას, რომელიც ეცნობოდა და აღიარებდა მებრძოლი სოციალიზმის მსოფლმხედველობას.
,,კვალი” წერდა: _ ამ დასში არიან მრავალი სოფლის მასწავლებელნი, გონება განვითარებული სემინარიელნი, ინსტიტუტის კურსდამთავრებულნი და მეოთხმოცდაათე წლების ზოგიერთი სტუდენტობაც. ცხადია, ,,მესამე დასი” არ წარმოადგენდა პიროვნულად განსაზღრულ, ჩამოყალიბებულ ჯგუფს, “მესამე დასი” დაერქვა მთელ მიმართულებას და არა პიროვნებათა ჯგუფს.
ჰქონდა თუ არა ამ მიმართულებას თავისი მკაფიო კლასობრივი სარჩული, წარმოადგენდა თუ არა ის ნინოშვილის დასაფლავების დღეებში ერთ კლასს, ან ორი სოციალური წრის _ მუშის და გლეხის შეკავშირებას? _,, მრავალნი სოფლის მასწავლებელნი, გონებაგანვითარებული სემინარიელნი, სამოსწავლო ინსტიტუტის
კურსდამთავრებულნი, ზოგიერთი სტუდენტობა…,” ეს ვერ იქნებოდა ერთი განსაზღრული კლასი.
საქართველოს მუშათა კლასს, გლეხობას, როგორც საფუძველს ახალი მიმართულებისას არ შეხებიან ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქმულ სიტყვებში.
,,მოამბე” შენიშნავდა, რომ თავისთავად აქ არაფერია ისეთი, რაც მოპირდაპირე დასებათ უნდა ყოფდეს ქართველ საზოგადოებას. ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია ებრძოდა ხიდჩატეხილობის პრობლემას და მაგალითისთვის აკაკი წერეთლის სიტყვები მოჰყავს. “ჩვენ ყოველთვის უფრო შევჩერებივართ ზედა ტანს (ერისას) და იმ ფესვს კი, რომელსაც მიწის მუშა ეწოდება, ხშირად ვერც კი ვხედავთ. აი, თუ გინდ დღესაც, აქ ჩვენთან არც ერთი მათგანი არ არის, მაგრამ მათი ნაკურთხი მარჯვენა კი აქ ჩვენ წინ, ჩვენ სუფრაზე ძევს; პური და ღვინო ახარებს გულს კაცისასას, ჩვენც ვმხიარულობთ ამ პურ-ღვინით და ეს სიხარულის მიზეზია, იმ მუშების, იმ დაბალ წოდების მეოხებაა, რომელიც ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს და ისე ვუვლიდეთ, როგორც კეთილი მებაღე უვლის ხეხილს. მაშ, გაუმარჯოს იმ ჩვენ ღარიბ და ქვედა საფეხურზე მდგომარე მოძმეებს და მათთან ერთად მათაც, ვინც იმათ არ ივიწყებს!
ასე მთელდებოდა ის ხიდი, რომელიც ჩატეხილათ გამოაცხადა იმ დღეს მესამე დასმა სილიბისტრო ჯიბლაძის პირით. თითქო ერთი ხელით ინგრეოდა მეორის ნაშენები.
კლასებად დაყოფის თეორიამ გამოიწვია მწვავე კამათი შემდეგ წლებში. “ივერია” და “მოამბე” ეკამათებოდნენ “კვალს”, რომელიც შეიქმნა მესამე დასის ორგანოთ. აქვს თუ არა საქართველოში ნიადაგი მარქსისტულ იდეოლოგიას, არის თუ არა აქ კლასებათ დაყოფა საზოგადოების, ვითარდება თუ არა კაპიტალიზმი ჩვენში? _ ეს საკითხი დადგა საკამათოთ. ჩვენი მესამე დასელები ვერ იყვნენ ჯერ ისე შეიარაღებული მარქსიზმის თეორიით, რომ მიეცათ ამ კამათში მეცნიერული ანალიზი საქართველოს სინამდვილის. ე. ნინოშვილმა დაგვანახა ეს სინამდვილე, მისი მტკივანი ადგილები… მაგრამ ვისი და რისი ბრალი უნდა ყოფილიყო მათი ჩაგვრა, მათი დატანჯული მდგომარეობა…
მესამე დასელებს აქ ჰქონდათ ამ საკითხზე დასაბუთებული პასუხი. კაპიტალიზმის განვითარებას საქართველოში ასაბუთებდნენ ზოგადი მოსაზრებებით, მთავარ დამაჯერებელ საბუთათ ის გამოქონდა ყველას, რომ ევროპაში ვითარდება კაპიტალიზმი და ამიტომ ვერც ჩვენ ავცდებით ამ პროცესებს. ამ პროცესის ნიშნებს ხედავდენ მაშინების აკივლებაში, ტელეგრაფტელეფონის მართულებში, ხედავდნენ უფაბრიკოთ და უქარხნოდაც. თითქო ვერ ხედავდენ მაშინ, რომ მოწინავე კაპიტალისტური ქვეყანა მაშინებს აკივლებს, ტელეგრაფის მავთულები გაყავს ჩამორჩენილ ქვეყანაში და წარმოების განვითარებას კი ხელს არ უწყობს, პირიქით, აფერხებს. ერთმანეთში ურევენ მევახშეობას და საწარმოო იარაღების საკუთრებაზე დამყარებულ ექსპლუატაციას. ორ კლასად დაყოფა საზოგადოების, ეს ნიშნავდა მათი აზრით, მდიდრების ერთი მხრივ და ღარიბების მეორე მხრივ, თითქო ამნაირი დაყოფა არ იცოდა კაპიტალიზმის წინადროინდელმა საზოგადოებამაც. ერთმანეთში ირეოდა სავაჭრო და სამრეწველო კაპიტალიზმის წვრილი და მსხვილი წარმოების ნიშნები.
“მესამე დასი თავის პოლიტიკური მიმართულებით ერთგვაროვანი არ ყოფილა. მის უმრავლესობას შეადგენდა ნ. ჟორდანიას ჯგუფი. ეს ჯგუფი 1893-98 წლებში ჟორდანიას მეთაურობით ლეგალურ ჟურნალ-გაზეთებისა და მუშათა ვიწრო, პროპაგანდისტული იდეების პროპაგანდით იყო დაკავებული საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ებრძოდნენ თავად-აზნაურულ ბურჟუაზიულ შოვინისტურ მიმდინარეობებს, ასევე მათ, ვინც უარყოფდა კაპიტალიზმის პროგრესიულობას, კლასთა ბრძოლის არსებობას ჩვენს ქვეყანაში.”
აქვე გაისმის ბრალდებები ნოე ჟორდანიას და მისი მიმდევრების მიმართ.
“… ჟორდანია, ისევე როგორც საერთოდ მესამე დასის უმრავლესობა, არასოდეს არ მისულა კლასთა ბრძოლის მარქსისტულ გაგებამდე. ჟორდანიას ჯგუფი კლასთა ბრძოლის ოპორტუნისტულ გაგებას არ გასცილებია. ისინი არასოდეს არ სცნობდნენ პროლეტარიატის ჰეგემონიის იდეას რევოლუციურ მოძრაობაში. ისინი უარჰყოფდნენ პროლეტარული რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის არსებობას. ნ. ჟორდანია აყენებს არა რევოლუციის, არამედ მშვიდობიანი პარლამენტური ბრძოლის გზას. არა რევოლუცია, არამედ რეფორმა _ აი, ჟორდანიას გამოსავალი დებულება.”
,,მესამე დასის, როგორც ლეგალური მარქსიზმის დასასრული უნდა აღინიშნოს არალეგალურ მუშათა მოძრაობის დასაწყისით. ლეგალური მუშაობა შემდეგ წლებშიაც გრძელდებოდა, მაგრამ ის უკვე ემორჩილებოდა არალეგალური პარტიის დირექტივებს. არალეგალური მუშაობის ბურჯები იყვნენ პირველათ სილიბისტრო ჯიბლაძე, იმასთან იდგა ლადო კეცხოველი, იოსებ ჯუღაშვილი, გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე, მიხა ცხაკაია, პროკოფი ჯაფარიძე, ფილიპე მახარაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ალ. წულუკიძე. ისევე როგორც რუსეთის ბოლშევიზმი, ქართული ბოლშევიზმიც თავის თავს მარქსისტული მოძღვრების ერთადერთ ჭეშმარიტ მემკვიდრედ აღიარებდა.
რევოლუციური სოციალ-დემოკრატები (მესამე დასის უმცირესობა) შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდნენ, როგორც აშკარა ბურჟუაზიული ნაციონალიზმის წინააღმდეგ, ისე შენიღბული ნაციონალიზმის წინააღმდეგ სოციალ-დემოკრატთა რიგებშიც. რევოლუციური სოციალ-დემოკრატიის საერთო შეხედულება ნაციონალურ საკითხზე კლასიკურად ჩამოაყალიბა ამხანაგმა სტალინმა შემდეგი სიტყვებით: ,,ნაციონალურ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, საერთოდ რომ ვთქვათ, მხარს არ დაუჭერს პროლეტარიატი, რადგან ყველა ასეთი მოძრაობა დღემდის ბურჟუაზიის სასარგებლოდ ხდებოდა, და პროლეტარიატს კი კლასობრივ თვითშეგნებას ურყვნიდა და უმახინჯებდა… ქართველი ერის ცხოვრების კონკრეტულ-ისტორიული პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ღერძს, რომელიც წყვეტდა ჩვენში ქვეყნის პროგრესის ბედსა და ჩვენი ხალხის არსებობის საკითხს, შეადგენდა არა ნაციონალური, არამედ სოციალური საკითხი.” იქვე ამხანაგი სტალინი მიუთითებს სოციალისტურ რევოლუციასთან ნაციონალური საკითხის გადაჭრის განუყოფელი კავშირის შესახებ: ეგრეთ წოდებული, საბოლოო გადაჭრა ნაციონალური კითხვისა, ე.ი., განთავისუფლება რუსეთის უცხო ერებისა, საზოგადოთ, რომ ვთქვათ, შეუძლებელია იმ დრომდე, სანამ პოლიტიკური ბატონობა ბურჟუაზიის ხელშია… ჩვენთვის აუცილებლად საჭიროა, _ წერდა სტალინი, _ ერთიანი მოძრაობა, ცენტრალიზებული პარტია, რომლის ცენტრალურ კომიტეტსაც შეეძლება ერთ წამს ფეხზე დააყენოს მთელი რუსეთის მუშები და მედგარი იერიში მიატანინოს თვითმპყრობელობაზე და ბურჟუაზიაზე”. მხოლოდ ქართველი პროლეტარიატი იყო ქართველი ხალხის ნაციონალური იდეების დამცველი. მხოლოდ ის იყო ნაციონალური ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი. მხოლოდ მას შეეძლო სათავეში ჩასდგომოდა და წინამძღოლობა გაეწია დემოკრატიულ მოძრაობისთვის. ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ მიმდინარე რევოლუციაში, მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენდა მხოლოდ მუშათა კლასი გლეხობის მოკავშირეობით. ი. სტალინისა და მისი უახლოესი თანამებრძოლების _ ალ. წულუკიძისა და ლ. კეცხოველის მიერ საქართველოსა და ამიერკავკასიის მშრომელი მასების ინტრნაციონალური სულისკვეთებით აღზრდისათვის წარმოებულ თეორიული და პრაქტიკული მუშაობის შედეგად, ამიერკავკასიის მშრომელთა შორის შეიქმნა სრული სოლიდარობა და კავშირი, რაც სომეხ, ქართველ, აზერბაიჯანელ და რუს მუშებს ერთიან სოციალისტურ ოჯახად ხდიდა.
მრავალი წლის გადასახედიდან _ ხალხს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონია, მაგრამ მათთვის წარმტაცი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლოზუნგები, _ კაპიტალისტების და მემამულე თავადაზნაურების მოსპობა, მათი სიმდიდრის დაპატრონება. სოციალ-დემოკრატიული აგიტაციის მეშვეობით “სოციალიზმი”, “ერთობა” მოდად იქცა. ახალგაზრდობის ავტორიტეტი ქალაქად თუ სოფლად სოციალისტობით, “ერთობისადმი” მხარდაჭერით იზომებოდა სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელობით ამბოხებულ სოფლებში იქმნებოდა გლეხთა რევოლუციური კომიტეტები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას განასახიერებდნენ. მემამულეთა წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის მესვეურობა ეკისრებოდათ ,,წითელ რაზმებს”, რომლებსაც “ტყის ძმები” შეარქვეს. დღე ტყეებში შეხიზნულნი, ისინი ღამეობით აწყობდნენ თავდასხმებს მემამულეებსა და მთავრობის მოხელეებზე. საბრძოლო ტაქტიკაში სოციალ-დემოკრატები ხშირად ინდივიდუალურ ტერორს მიმართავდნენ, რაზმებში ცოტა როდი იყო ავანტიურისტი და ვიგინდარა, საერთო რევოლუციურ ენთუზიაზმს აყოლილნი, ისინი მდიდარ თანასოფლელთა ძარცვას და მათთვის სისხლიან ანგარიშწორებასც ახორციელებდნენ.
ქართული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური და მენშევიკური მიმართულებანი ეროვნული თვალსაზრისით ერთნაირად სცოდავდნენ. მათი უთანხმოებანი უპირატესად შეეხებოდა რევოლუციის მამოძრავებელ ძალთა განსაზღვრას.
ქართველ ბოლშევიკთა ხელმძღვანელი ბირთვი თავისი იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდა ჟურნალ “მოგზაურის” საშუალებით.
1905 წლიდან ჟურნალი შეიძინა რსდმპ კავკასიის კავშირმა და მას რედაქტორობდა ფილიპე მახარაძე. ჟურნალში სოციალ-დემოკრატების ორივე მიმართულების პუბლიცისტები თანამშრომლობდნენ, მაგრამ აქაც ჭარბობდა ბოლშევიკური გავლენა. ჟურნალს მტრული პოზიცია ეკავა ქართველი დემოკრატიული ინტელიგენციის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებდა ნაციონალიზმით გატაცებაში. სწორედ აქ დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ერის მოძღვარი ჟურნალმა მონათლა დესპოტ მემამულედ, რომელიც, თითქოს, საგურამოელ გლეხებს ტანჯავდა და წყალსაც კი არ აძლევდა. _ ,,ებრძოდნენ ილიას და არ მიიჩნევდნენ რომ ეს ნიშნავდა ბრძოლას სრულიად ქართველი ერის წინააღმდეგ, ებრძოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ილია ნებას არ იძლეოდა, მსოფლიო რევოლუციისთვის მისი სისხლდაწრეტილი ერის სისხლი დაქცეულიყო. მსოფლიო რევოლუცია კი არა, ილია ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ომის დაწყებასაც, სწორედ “ეროვნულსისხლნაკლულობის გამო, ნაადრევად მიიჩნევდა და სამომავლოდ “ბაზალეთის ყრმის” დაბადებას ელოდებოდა. ბატონყმობის, ხიდჩატეხილობის პრობლემა კი მუდამ ჟამს წითელ ზოლად გასდევდა მის კალამს და სულის ამოძახილს.
ფილიპე მახარაძე ილიას მკვლელებს მფარველობდა და მოყვარეებს და დამფასებლებს კი საციხოდ და სასიკვდილოდ არ ინდობდა.
გიორგი (გიგლა) ბერბიჭაშვილს, ვინც ილიას წიწამურთან უშუალოდ ტყვია ესროლა, როგორც “დამსახურებულ ,,კომუნისტს”, “წითელრაზმელს” და “სრულ პარტიზანს” _ დაენიშნა პერსონალური პენსია. გაგულიანებული ბერბიჭაშვილიც, ყველგან, ყოველ გზაჯვარედინზე, ყოველ სუფრასა და სალაფავზე დადგებოდა და იძახდა აი, ამ მარჯვენით ჩავაძაღლე ილია ჭავჭავაძე მე, ბერბიჭაშვილმა…
…და კვლავ ვიდოდნენ წლები ასე ,,ხაზირობით”, უ-ილია-ო საქართველოში.”
ამგვარად, მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა რა და ჩამოყალიბდა საქართველოში მენშევიკური და ბოლშევიკური ორგანიზაციები, “მესამე დასი” ფორმალურად სწყვეტს თავის არსებობას. აქტიურ პოლიტიკურ ფერხულში კი “მისი წიაღიდან გამოსული” სოციალ-დემოკრატები იღვწიან, მათ შორის მენშევიკი სოც. დემოკრატები წარმოადგენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრების ძირითად წამყვან ძალას 1921 წლის თებერვალ-მარტამდე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლკის დაცემისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარების შემდეგ კი ბოლშევიკი სოციალ-დემოკრატები გვევლიანებიან “მხსნელებად”.

ჟურნალი საარქივო მოამბე – http://archive.security.gov.ge


Responses

  1. megobrebo, kargad mesmis tkveni ketilshobili suliskveteba, iliasadmi sikvaruli. mec patrioti var da ert erti imattagani vinc 1988 cels itxovda ilias cmindanad sheracxvas.
    magram! iliac adamiani iko da hkonda dzalian bevri shecdoma.
    me qartveli patrioti sruli pasuxismgeblobit vambob, es ilias kulti ilias gafetisheba mavnebelia. ki iko kargi sazogado mogvace. magram mis gverdit atobit sxva mamulishvili igcvoda. aseve daumsaxereblad kicxavt menshevikebs. egeni pirvel rigshi qartvelebi ikvnen da udidesi damsaxureba akvt kartveli eris cinashe. scored matma tavdadebulma brzolam moitana socialuri tanascoreba. tvitmkrobelobis gauqmeba, mushata pirobebis gaumjobeseba. qalaqis da soflis gatanabreba. da swored mati didi damsaxurebaa sakartvelos gantavisufleba. noe jordania, neo ramishvili, spiridon ramiShvili cminda social demokretebi arasodes ar ikvnen koveltvis hkondat erovnuli dvrita. ase rom ilias tavisi adgili, da noes tavisi adgili. kvela saqartvelos tvalsachino shvilebi iyvnen.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: