Posted by: burusi | 30/06/2009

ფერია სცენიდან – მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე

ფერია სცენიდან – მედეა ჯაფარიძე (1923 წ. – 1994 წ.)

მის არამიწიერ მომხიბვლელობაზე ლეგენდები დადიოდა. მისი ქალური მაგნიტიზმი ყველას იზიდავდა – ქალსაც და კაცსაც, მიუხედავად იმისა, იყვნენ მისი თაყვანისმცემლები თუ არა… ალბათ, საქმე მის გარეგნობაში კი არ იყო, არამედ მის სულიერ სილამაზეში. მას ძალიან ხშირად ადარებდნენ ჯადოსნურ ფერიას.

მედეა ჯაფარიძე … პირველივე როლმა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმ „ქეთო და კოტეში“ დაატყვევა მაყურებელი. ან და როგორ არ უნდა მონუსხულიყავი მისი მომხიბვლელობით, ის ხომ ღმერთმა დააჯილდოვა შეუდარებელი სილამაზით, ქალურობით, გულისხმიერებით და სიკეთით.

როგორც ამბობენ მედეა ჯაფარიძის დედა – ვერიჩკა საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ქალი ყოფილა; «ვეფხისტყაოსანი» ზეპირად იცოდაო და იმასაც დასძენდნენ, რომ სილამაზით მედეას არ ჩამოუვარდებოდა. ვერიჩკას ძალიან უყვარდა ერთადერთი ქალიშვილი, მას აღმერთებდა და წარმოუდგენლად ანებივრებდა.

მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ვერიჩკას ძმა, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს, დარღვეული სულიერი წონასწორობა ვერიკომ ვეღარ აღიდგინა. ის ხშირად იწვა საავადმყოფოში, საიდანაც შვილის სანახავად გამოიპარებოდა ხოლმე. «ოთხი წლიდან მახსოვს, როგორ მომგლეჯდნენ ხოლმე მის კალთას და საავადმყოფოში მიჰყავდათ. დედა პერიოდულად ხდებოდა ავად და ხშირად გვაშორებდნენ ერთმანეთს. ჩემს მეტი აღარავინ ჰყავდა, ამიტომაც მანებივრებდა განსაკუთრებით და ამიტომაც უჭირდა ჩემთან დაშორება… ხანდახან საავადმყოფოდან გამოიპარებოდა ღამღამობით და სახეზე დადენილი მისი ცრემლი მაღვიძებდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ასე ვიძინებდით. შემდეგ კვლავ მოვიდოდნენ ვიღაც ადამიანები და ძალით მიჰყავდათ” … (მედეა და ლაშა თაბუკაშვილები, პიესა «მედეა»).

მარტოდ დარჩენილი მედეა ალიოშას ქალიშვილებმა მოსკოვში წაიყვანეს. მოსკოვის პირქუში გარემო და ნათესავების მკაცრი აღზრდა მისთვის მძიმე აღმოჩნდა და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დედამისის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, მედეა თბილისში დაბრუნდა.

მედეას უზარმაზარი სურვილი ქონდა მეტ ფილმში მიეღო მონაწილეობა , მაგრამ 1938 წელს გამოვიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ფილმების გადაღება მხოლოდ რევოლუციისა და კოლმეურნების თემატიკაზე შეიძლებოდა და მედეას განუხორციელებელ ოცნებად დარჩა კინემატოგრაფიაში თავის სრულად რეალიზება. ის ამბობდა: კინოში არ მიმართლებს… უიღბლობაზე რომ ვსაუბრობ, იმას ვგულისხმობ, რომ სულ რაღაც შვიდ თუ რვა ფილმში ვარ გადაღებული».

სამაგიეროდ თეატრის სცენას ახსოვს მის მიერ განსახიერებული როლები. სცენაზე პირველად «მარგარიტა გოტიეში» გამოჩნდა. შემდეგ იყო სპექტაკლები: «ინჟინერი სერგეევი», «ბაგრატიონი», «მოკვეთილი»… «უფსკრულის პირას ამოსული ყვავილი» – ასე უწოდა გულსუნდას როლის შემსრულებელ ახალგაზრდა მსახიობს გერონტი ქიქოძემ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად მედეა ცოლად მსახიობ გრიგოლ კოსტავას მიჰყვება. მალე მის მეუღლეს, გრიგოლ კოსტავას პოლიტიკური წარსული გაუხსენეს და დაიჭირეს ორ მეგობართან ერთად, აწამეს და სამივეს დახვრეტა მიუსაჯეს. 20 წლის მედეა ჯაფარიძე პირველად ჯდება თვითმფრინავში და სამართლის საძიებლად მოსკოვში მიდის.

კრემლის კაბინეტში ხვდება «ძლიერნი ამ ქვეყნისანის» ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც წყვეტდა მთელი საბჭოთა პატიმრების ბედს. ის უმეტესად ყველას უარით ისტუმრებდა, მედეას კი უპასუხა: «ანგელოზს თხოვნები არ აქვსო, მიბრძანეთ!» საკანში დახვრეტის 5 დღიანი მოლოდინის შემდეგ განაჩენი შეიცვალა და სამივე პატიმარს 10-10 წელი მიესაჯა. მედეა თავის სილამაზეს, მიმზიდველობას, ავტორიტეტს და გავლენას სხვათა დასახმარებლად იყენებდა. წლების მანძილზე მან 134 ადამიანი გადაარჩინა ციხესა და დახვრეტას.

მისი ყველაზე დიდი სურვილი სწავლის გაგრძელება იყო … მედეა ამ მიზნით მოსკოვში დაბრუნდა და მოსკოვის აკადემიურ თეატრში თავისუფალ მსმენელად ჩაეწერა. 1947 წელს ის პირველად შეხვდა რეზო თაბუკაშვილს – ახალგაზრდა, მოხდენილ, განათლებულ, ქალების ყურადღებით განებივრებულ მომავალ დიპლომატს, რომელთან ახლო ურთიერთობასაც მედეა მომავალში დიდხანს არიდებდა თავს.

იმავე წელს თბილისიდან შეატყობინეს დედის ავადმყოფობა, რის გამოც მედეა თმობს სცენასა და ცხოვრებაში უკვე ნაპოვნ ადგილს და უკან ბრუნდება, თუმცა გამგზავრებამდე ხვდება რეზოს და თბილისში შეყვარებული ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში იწყება «ქეთო და კოტეს» გადაღება. ექვსი თვის მერე მთავრდება გადაღება და მედეა კვლავ მოსკოვში ბრუნდება. იქ ისევ ხვდება რეზოს და სწავლასაც აგრძელებს. თბილისში იმართება ფილმ «ქეთო და კოტეს» პრემიერა, რომელსაც წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა.

მედეა მარჯანიშვილის თეატრში იმ წლებში მოხვდა, როდესაც სცენაზე ბრწყინავდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, გიორგი შავგულიძე, შალვა ღამბაშიძე, სანდრო ჟორჟოლიანი და ვასო გოძიაშვილი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი ძნელი იქნებოდა მისთვის ასეთი თანავარსკვლავედის გარემოცვაში ადგილის დამკვიდრება და ახალი სიტყვის თქმა?! მან ეს მოახერხა, პირველ რიგში ძლიარი ხასიათის გამო – ის მზად იყო სცენის სახელოვანი მეგობრებისაგან მიეღო რჩევა-დარიგებები და შენიშვნები: ცდილობდა ყოფილიყო ღირსეული გამგრძელებელი კ. მარჯანიშვილის თეატრის დიადი ტრადიციებისა… ეს მან მოახერხა.

მედეამ ვახტანგ ტაბლიაშვილის სპექტაკლ «რომეო და ჯულიეტაში» ჯულიეტას როლი ითამაშა. პრემიერას მოჰყვა კრიტიკოსთა საუკეთესო რეცენზიები.

მალე მედეა ჯაფარიძე ცოლად რეზო თაბუკაშვილს გაჰყვა. ფეხმძიმობისას ცოტა ხნით ჩამოსცილდა სცენას, ხოლო როცა კვლავ გაჩნდა მისი სახელი აფიშაზე, თეატრში ადგილი აღარ იყო და ნახევარზე მეტი მაყურებელი ქუჩაში დარჩა. ქართველ მაყურებელს დღესაც ახსოვს მედეას კლეოპატრა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული კლეოპატრა, რაც ქართველ ხალხს უნახავს. ის ამ როლს მოსკოვში, «მოსსოვეტის» სცენაზეც ასრულებდა.

მედეა სცენაზე აბსოლუტურად არავის არ ჰგავდა, უფრო მეტიც იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ის სცენაზე კი არ თამაშობდა, არამედ აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას; ალბათ, ამიტომაა რომ მისი თეატრალური გმირები, მიუხედავად მათი უცნაურობებისა ასე ახლოსაა ჩვენთან.

მედეამ შვილის, ლაშა თაბუკაშვილის რამდენიმე პიესაშიც ითამაშა. მეუღლემ სწორედ მისთვის შექმნა სცენარი ფილმისთვის «მზე შემოდგომისა». ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა როგორია იმ ოჯახში ცხოვრება, სადაც ყველა შემოქმედიაო. მედეამ უპასუხა: «ეს ძალიან ძნელია. ერთმანეთს გამუდმებით ვაკრიტიკებთ. გვინდა თითოეულს ყველაფერი რაც შეიძლება უკეთ გვქონდეს..!»

1990 წელს გარდაიცვალა რეზო თაბუკაშვილი. მედეამ კი ჩათვალა რომ მან ამქვეყნიური გზა დაასრულა. ოჯახის ახლობელი ქეთი დოლიძე იხსენებს: «არასოდეს დამავიწყდება მედეა ჯაფარიძის მგლოვიარე ფიგურა მეუღლის საფლავთან – ფაქტიურად იქ დასრულდა მისი ცხოვრებაც…»

ოთხი წლის შემდეგ კი დამთავრდა ზღაპარი-ლეგენდა პრინცსა და პრინცესაზე … მედეა ჯაფარიძე გარდაიცვალა.

ასეთი ალიანსი გარეგნული და სულიერი სილამაზისა, რომელიც მედეაში იყო განსახიერებული დღემდე აოცებს ყველას …

ნუ დაუჯერებთ მათ ვინც ამტკიცებს, რომ წლებთან ერთად სილამაზე ფერმკრთალდება და ქრება, მთელი თავისი ცხოვრებით მედეა ჯაფარიძემ უკუაგდო ეს აზრი …

http://lady.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: