Posted by: burusi | 28/06/2009

თენგიზ ვერულავა – “ლაზების განსახლების არეალი”

ეგრისი (ლაზიკე) ძვ.წ. IV-VIII სს.

ეგრისი (ლაზიკე) ძვ.წ. IV-VIII სს.

თენგიზ ვერულავა – “ლაზები”

სახელწოდება

სახელწოდება “ლაზი” წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში ჩნდება. მემნონი, რომელსაც ბევრი მკვლევარი ძვ. წ. I ს-ის II ნახევრის მწერლად მიიჩნევს, პირველად იხსენიებს ლაზებს.
ლაზების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მოეპოვებათ გაიუს პლინიუს სეკუნდუს უფროსს (ახ. წ. 23/24-79 წწ.), კლავდიოს პტოლემაიოსს (ახ. წ. 100-178 წწ.), გელასი კესარიელს (ახ. წ. IV ს-ის II ნახევარი.) და სხვ.
ანტიკური ხანის წყაროებზე დაყრდნობით მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამ სახელწოდების ტომებს ადრეულ პერიოდში კოლხები და ჭანები ერქვათ. მათი აზრით, სახელწოდებები “კოლხი” და “ჭანი” შემდგომში, ლაზეთის დიდი კავკასიური სახელწიფოს არსებობის პერიოდში, “ლაზად” შეიცვალა.
ფლავიუს არიანეს (ახ. წ. 95-175 წწ.) “პერიპლუს”-ში კოლხები ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, მცირე მონაკვეთზე არის მოხსენიებული, ისიც ქსენოფონტის წყაროს მოშველიებით. იგი წერს: “ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები”(1) . კოლხებს იგი მდ. ოფისთანაც (ახლანდელი სულან-ლუ) ასახელებს: “მდინარე ოფისი გამოჰყოფს კოლხების მიწას თიანიკესაგან” (ჭანეთისაგან)(2) . ნიშანდობლივია, რომ სხვა ეთნიკური ერთეულებისაგან განსხვავებით, არიანეს კოლხთა მეფე არ აქვს დასახელებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მდ. ოფისის ზემოთ კოლხები “პერიპლუს”-ში საერთოდ აღარ ჩანან.
აქედან გამომდინარე, ფლავიუს არიანეს დროს და მასზე გაცილებით ადრეც კოლხების ძლიერება უკვე დაცემულია. კოლხეთის სახელმწიფო უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. მათ მაგივრად ასპარეზზე გამოდიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, რომელთაგან შემდგომ პერიოდში, ლაზებმა იკისრეს ქვეყნის გამაერთიანებლის როლი. თუ წინათ კოლხთა სახელი ჰფარავდა სხვადასხვა ტომთა სახელებს, მეხუთე საუკუნიდან სახელწოდება ლაზმა შთანთქა მათი უმრავლესობა.
V საუკუნის ანონიმი მწერალი წერს: “დიოსკურიიდან (რომელსაც აგრეთვე სებასტუპოლი ეწოდება) ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომელსაც კოლხები ეწოდებოდათ და [მერე] გადაერქვათ ლაზები”(3) .
იოანე ლიდეს (V-VI ს.) მიხედვით, ლაზები იგივე კოლხებია. იგი წერს: “კოლხები, რომელთაც აგრეთვე ლაზები ეწოდებათ(4) .
იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ. წ. VI ს.). იგი წერს: “სახელი “კოლხები”, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად “ლაზთა” სახელად შეიცვალა”(5) .
პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვე აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) აღნიშნავს: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის”(6) . საყურადღებოა აგათიას მტკიცება, რომ თვით ლაზები თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებად თვლიდნენ და უზომოდ ყოყოჩობდნენ და ტრაბახობდნენ. იგი წერს: “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ”(7) .
აკად. ნ. ბერძენიშვილი გადმოგვცემს: “ლაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამეფო კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა, რომ ლაზები პირდაპირი, ჩამომავლობითი და არამხოლოდ პოლიტიკური მემკვიდრენი არიან კოლხეთის სამეფოსი და კოლხთა, რომ, მაშასადამე, ძველი კოლხიდა მათ აქვე ეგულებათ, რომ მათი “სამეფო უძველესია”(8) .
აგათია სქოლასტიკოსი თავის თხზულებაში ყველგან კოლხს ლაზის მნიშვნელობით ხმარობს. ლაზი აიეტი თავის სამშობლოს კოლხების ქვეყანას უწოდებს. იგი ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს: “გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ… მე ვინატრიდი კოლხეთის…სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება…”(9) .
აგათია ლაზ ფარტაზს უწოდებს “კოლხთა შორის გავლენიანს, გონიერს და თავისი ქცევით მეტად მდაბიურს”. ფარტაზი ლაზების თათბირზე თავის თანამემამულეებს მიმართავს როგორც კოლხებს. იგი ასე იწყებს თავის სიტყვას: “ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს”(10) . შემდეგ ფარტაზე განაგრძობს: “თქვენ კი, კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს… ჰო და, აბა, რის გულისათვის უნდა გადავიდეთ, კოლხებო, სპარსელების მხარეზე… ეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა.. აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით”(11) .
აგათია სქოლასტიკოსის თხზულებაში ასეთი ადგილები მრავლად მოიპოვება. იგი კოლხს უფრო ხშირად ხმარობს ვიდრე ლაზს.
კოლხეთს ლაზიკესთან აიგივებს VII ს-ის ისტორიკოსიც. იგი წერს: “კოლხეთი, მდაბიურად ლაზიკე”.
გიორგი სინგელოზი (VIII ს-ის ბოლო – IX ს-ის დასაწყისი) წერს: “კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე”(12) .
ბერძენი მწერლის ლიკოფრონი ქალკიდეკელის (ძვ. წ. IV-III სს.) პოემის “ალექსანდრას” კომენტირებისას იოანე ცეცე (1110-1180 წწ.) გადმოგვცემს: “კოლხები ინდოელი სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ”(13) . სხვაგან წერს: “კოლხები, რომელთაც ლაზებსაც ეძახიან”(14) . “კოლხები ლაზური ტომია”(15) .
ნიშანდობლივია, რომ V ს-ის სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის თხზულებაში “სომხეთის ისტორია” ალექსანდრე მაკედონელის დროინდელ ბრძოლების აღწერისას საერთოდ არ ასახელებს კოლხეთს, სამაგიეროდ მოხსენიებული აქვს ლაზიკა, შესაძლებელია მის ნაცვლად. იგი წერს: “ლაზიკა, პონტოსი, ფრიგია, მაჟაქი და სხვები მტკიცედ იცავდნენ ერთობის პირობას მაკედონელთა სახელმწიფოსთან”(16) .
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა პონტოელმა ლაზებმა (ჭანები) დღევანდლამდე შეინარჩუნეს თავიანთი სახელწოდება. რაც შეეხება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განსახლებულ კოლხ ლაზებს, მათ შემდგომ მეგრელები ეწოდათ. ს. ჯანაშია წერს: “ლაზი X საუკუნიდან უდრის თანამედროვე მეგრელს”(17). მისი აზრით, საკუთრივ მეგრელები და დღევანდელი ლაზები (ჭანები) მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სატომო სახელთა სფეროშიც (ლაზი – ზანი). ჩრდილოეთით: სან-ზან-წან; სამხრეთით: სან-ჭან.
საინტერესოა ტერმინ “ლაზ”-ის ეტიმოლოგია. აკად. ნ. მარს, თავდაპირველად, ლაზი “ზანების” ქვეყნის სახელწოდების ელინიზებულ ფორმად მიაჩნდა. მისი აზრით, “ლაზი” გამომდინარეობს “ლა-ზან”-იდან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ადგილის სახელის სვანურ ფორმას(18) . მისი მტკიცებით, გეოგრაფიულ-ტერიტორიულმა ტერმინმა ეთნიკური მნიშვნელობით “შეუსაბამო” გამოყენება ჰპოვა არა იაფეტიდებში, არამედ ბერძნებში(19). შემდგომ მან უარყო აღნიშნული ეტიმოლოგია და სრულიად ახალი თვალსაზრისი შემოგვთავაზა, რომლის მიხედვით, ტერმინი “ლაზ” უკავშირდება “ლაზგს” (ლეკი) და “პელაზგს”(20) .
ს. ჯანაშია გარკვეულ მსგავსებას ხედავდა “ლაზ”-სა და “კლარჯ”-ს შორის. იგი წერს: “პლინიუსის გეიოგრაფიულ წარმოდგენაში, ლაზებს ჭოროხის ხეობის ქვემო ნაწილი ეჭირათ, ე.ი. ის მხარე, რომელიც ქართველების, სომხების და სხვა ადგილობრივი ხალხების პირში ყოველთვის კლარჯეთად იწოდებოდა. ამიტომ ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს კითხვა, ხომ არ უდრის პლინიუსის “ლაზ”-ი ქართ. “კლარჯ”-ს, როგორც რეალ-ისტორიულად, ისე სიტყვიერადაც? ქართ. ჯ აფრიკატის გადაცემა ლათ. ზ-ათი შეუძლებელი არ არის. რ-ს მეტ-ნაკლებობაც აიხსნებოდა; გაცილებით უფრო რთულია საკითხი თავკიდური კ-ს დაკარგვის შესახებ”(21) .
ლაზებს ასახელებენ მემნონი (ძვ. წ. I ს-ის II ნახევარი), გაიუს პლინიუს სეკუნდუს უფროსი (23/24-79 წწ.), ფლავიუს არიანე (95-175 წწ.), კლავდიოს პტოლემაიოსი (100-178 წწ.), ლუკიანე (დაახლ. 120-200 წწ.), გელასი კესარიელი (IV ს-ის II ნახევარი.), ეპიფანე კვიპრელი (314-403 წწ.), თეოდორე კვირელი (393-457 წწ.), გელასი კესარიელი (IV ს.), ამიანე მარცელინე (IV-V ს.ს.), პრისკე პანიონელი (V ს.), V ს-ის ანონიმი მწერალი, მოვსეს ხორენაცი (V ს.), იოანე ლიდე (V-VI ს.), პროკოპი კესარიელი (VI ს.), აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.), მენანდრე პროტიქტორი (VI ს.), იოანე ანტიოქელი (VII ს.), “პასქალური ქრონიკა” (VII ს.), თეოდორე განგრელი (VII ს.), ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (VII ს.), VII ს. ანონიმი სომეხი გეოგრაფი (“ლაზივის” სახელწოდებით), გიორგი სინგელოზი (VIII ს-ის ბოლო – IX ს-ის დასაწყისი), იოანე ცეცე (1110-1180 წწ.), იბნ-ბიბი (XIII ს.), ევლია ჩელები (XVII ს.).

ადგილმდებარეობა

შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი ნაწილი

უძველეს წყაროებში ლაზების სახელი შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება. მაგ. მემნონის (ძვ. წ. I ს-ის II ნახევარი) მიხედვით, მის დროს, ე. ი. ძვ. წ. I ს-ის მეორე ნახევარში, ლაზების საცხოვრისი სანიგებთან ახლოს, ე. ი. სებასტოპოლისის (ძვ. დიოსკურიის) ჩრდილოეთით ივარაუდება. მემნონი “ჰერაკლეის ისტორიის” ფრაგმენტებში წერს: სინოპელი კლეოხარეს მიმდევრები “ნავებზე დასხდნენ და გაიქცნენ პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთის მხარეებში (ამ ადგილებში ხომ სახლობდნენ სანიგები და ლაზები)”(22) . პონტოს უკიდურესი აღმოსავლეთის ნაწილი ბერძნებისათვის ნიშნავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ მონაკვეთს.
ნიშანდობლივია, რომ მემნონის თანამედროვე სტრაბობი აღნიშნავს: “დიოსკურიას უჭირავს უკიდურესი აღმოსავლეთი პუნქტი მთელი ზღვისა, ამიტომ ამბობენ მასზე, რომ ისაა ევქსინის ყურე და უკიდურესი ადგილი მათთვის, ვინც ზღვაში ცურავს ამ ზღვის გასწვრივ” (სტრაბონი XI, 216).
შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე ლაზების განსახლებას მხარს უჭერს კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ ამ რეგიონში გეოგრაფიული სახელწოდება “ლაზოს” მოხსენიება (V, 8, 9). იგივე ადგილზე მოიხსენიებს ფლავიუს არიანე (ახ. წ. 95-175 წწ.) “ძველი ლაზიკეს”(23) . იგი წერს: “ლაიადან ძველ ლაზიკემდე (სადაც მოთავსებულია ე. წ. ნიკოფსისი, რომლის ახლოს მდინარეა ახლა ფსახაფსისად წოდებული) ას ოცი სტადიონია, თექვსმეტი მილი”(24) .
“ლაზოს” და “ძველ ლაზიკეს” ერთმანეთს უკავშირებს და აიგივებს V ს-ის ანონიმი მწერალი ნიკოფსისთან, რაც ქართული წყაროებით კარგად ცნობილი ნიკოფსიაა. V ს-ის ანონიმი მწერალი წერს: “ძველ ლაზიკემდე” (სადაც დაფუძნებულია ამჟამად ნიკოფსიად წოდებული, რომლის მახლობლად არის ამჟამად ეგრეთწოდებული ფსახაფსი) არის 120 სტადიონი, ანუ 16 მილიონი. “ძველ ლაზიკიდან” ვიდრე ძველ აქაიამდე (სადაც არის მდინარე, ამჟამად წოდებული ტოპსიდად (=ტუაფსე), არის 150 სტადიონი, ანუ 20 მილიონი. “ძველი აქაიიდან” ვიდრე “ძველ ლაზიკემდე” და შემდეგ ვიდრე აქეუნტის მდინარემდე, წინათ ცხოვერობდნენ ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ ჰენიოხები, კორაქსები კილიკები, მელანქლენები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი ცხოვრობენ ჯიქები”(25) .
ბ. კუფტინი “ძველი ლაზიკეს” ადგილის ლოკალიზაციას სოფ. ნოვომიხაილოვსკაიას გვერდით შემორჩენილ ძველ ნაქალაქართან ახდენს(26) .

ლაზთა განსახლების ჩრდილოეთი საზღვარი
ცნობილი გეოგრაფი, კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) ლაზთა განსახლების ჩრდილოეთ საზღვრად მდ. კორაქსს (მდ. ბზიფი) მიიჩნევს. იგი წერს: “კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები”(27) . აქვე აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით, დ. მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ “პტოლემაიოსის “ლაზებს” პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ე. ი. ამ ცნებაში უნდა იგულისხმებოდნენ არა მხოლოდ საკუთრივ ლაზები, არამედ სხვა ტომებიც, რომლებზედაც ამჯერად ვრცელდება ლაზთა პოლიტიკური ძალაუფლება. ასე რომ, იგი უნდა გამოხატავდეს უფრო გვიანდელ ვითარებას, ვიდრე ეს არიანესთან არის დამოწმებული(28) .
ფლავიუს არიანეს (ახ. წ. 95-175 წწ.) “პერიპლუსის” მიხედვით, მის დროს, ე.ი. 130/131 წ-ს, ლაზების ჩრდილოეთით აფსილები ბინადრობენ(29) . ანტიკური წყაროების მიხედვით დგინდება, რომ აფსილების განსახლების სამხრეთ საზღვარს მდ. კოდორი წარმოადგენდა(30) . აქედან გამომდინარე, ლაზების ჩრდილოეთი საზღვარი მდ. კოდორამდე ვრცელდებოდა.
ნიშანდობლივია, რომ V საუკუნის ანონიმი მწერლის მიხედვით, ლაზების ჩრდილოეთი საზღვარი სებასტოპოლისამდე (სოხუმი) აღწევდა. იგი წერს: “დიოსკურიიდან (რომელსაც აგრეთვე სებასტუპოლი ეწოდება) ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომელსაც კოლხები ეწოდებოდათ და [მერე] გადაერქვათ ლაზები”(31) .
ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (ახ. წ. VI ს.) მიხედვით, ჩრდილოეთიდან ლაზებს ზღვის სანაპიროზე აფსილები, შემდეგ კი აბაზგები ემეზობლებიან, რომლებიც ლაზთა ქვეშევრდომები არიან. პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს: “ნახევარმთვარის იმ ერთ დასაწყისში, რომელიც აზიისა არის, მდებარეობს ქალაქი პეტრა, ხოლო მის პირისპირ, მეორე ნაპირას, ევროპის ნაწილში აფსილების ქვეყანაა. აფსილები ლაზების ქვეშევრდომნი არიან… აფსილებისა და ნახევარმთვარა ნაპირის შემდეგ მეორე ნაწილში ზღვის პირას აბაზგები მოსახლეობენ, რომელთა საბინადრო ადგილები კავკასიონის მთებამდე გრძელდება. აბაზგები ძველითგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ”(32).…
ამ ცნობაზე დაყრდნობით შეიძლება უფრო ზუსტად დავადგინოთ ლაზების განსახლების ჩრდილოეთი საზღვარი. რადგან შავი ზღვის აღმოსავლეთ, მორკალური სანაპიროს, “ნახევარმთვარას”, სამხრეთ კიდეს, პროკოპის სიტყვებით, წარმოადგენს ქ პეტრა (ციხისძირი), მის მოპირდაპირე ჩრდილოეთ კიდეს მდ. კოდორის შესართავი შეესაბამება, რომლის შემდეგ აფსილები ბინადრობენ(33) .
დ. მუსხელიშვილის აზრით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ნახევარმთვარისებრი მოხაზულობა მდ. ღალიძგას შესართავთან იხრება მკვეთრად დასავლეთის მიმართულებით, ამიტომ “საზღვარი ლაზებსა და აფსილებს შორის მდ. ღალიძგაზე გადიოდა და, ამდენადვე, ეს უკანასკნელი უნდა წარმოადგენდეს ქართული წყაროების “ეგრისწყალს”(34) .
იგივეს ამტკიცებს პ. ინგოროყვა: “მოსაზღვრე მდინარე, რომელიც დასახელებულია ქართულ საიტორიო წყაროებში – “ეგრისწყალი” – ეს არის მდინარე ღალიძგა. (აღსანიშნავია, რომ თვით სახელწოდება ამ მდინარისა ღალიძგა მეგრულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: ღელე კიდისა, მდინარე საზღვრისა)”(35) . პ. ინგოროყვა იქვე განმარტავს, რომ “მდინარე ღალიძგას შერჩენილი ჰქონდა ძველი სახელწოდება ეგრის-წყალი ვიდრე მე-17-18 საუკუნეებამდე (არქანჯელო ლამბერტის ღალიძგა მოხსენებული აქვს სახელწოდებით “ეკარისი”=”ეგრისი)”(36) .
იოანე ცეცეს (1110-1180 წწ.) მიხედვით, ლაზები “ცხოვრობენ აბასგთა მახლობლად, უწინ რომ მასაგეტები იყვნენ”(37) . მეორეგან იგი წერს: “კოლხები ლაზური ტომია და სახლობს აბაზგთა მახლობლად”(38) .

ლაზების განსახლების სამხრეთი საზღვარი
ანტიკური ხანის ავტორების მიხედვით, ლაზების განსახლების სამხრეთ საზღვარს მდ. ჭოროხიის შესართავის მიდამოები წარმოადგენდა.
გაიუს პლინიუს სეკუნდუს უფროსი (ახ. წ. 23/24-79 წწ.), რომელიც ერთ-ერთი პირველი იხსენიებს ლაზებს, მათ მდ. აბსაროსის (მდ. ჭოროხი) შესართავის რაიონსა და თანამედროვე აჭარა-გურიის მიწა-წყალზე მდ. ფაზისამდე (რიონი) ათავსებს. იგი წერს: “ტრაპეზუნტიდან 140000 ნაბიჯზე (დაახლ 207 კმ, – თ. ვ.) მდინარე აბსაროსია იმავე სახელის ციხე-სიმაგრით შესართავთან. იმ ადგილებში მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კი – ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მდინარეები აკამპსეონი, ისისი, მოგრუსი, ბათისი, კოლხთა ტომები… და პონტოს ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ფაზისი”(39) .
ფლავიუს არიანეს (ახ. წ. 95-175 წწ.) “პერიპლუსის” მიხედვით, მის დროს, ე.ი. 130/131 წ-ს, ლაზებს უჭირავთ ტერიტორია ზიდრიტებიდან აფსილებამდე. ფლავიუს არიანე წერს: “ზიდრიტების გვერდით ლაზები არიან… ლაზების მეზობლები აფსილები არიან”(40) .
ზიდრიტების განსახლების ჩრდილოეთი საზღვარი ციხე-სიმაგრე აფსაროსამდე (თანამედროვე გონიო) ვრცელდებოდა. არიანეს მიხედვით, ციხე-სიმაგრე აფსაროსი რომაელთა ხელქვეით ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რადგან აქ ძლიერი რომაული გარნიზონი იდგა(41) . ნიშანდობლივია, რომ ზიდრიტები არიანეს მიხედვით, “ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან”(42) . ამ ცნობაზე დაყრდნობით, ფარსმანს იბერიის სამეფოს საზღვრები შავი ზღვის სანაპირომდე გაუვრცელებია და რომის გავლენის ქვეშ მყოფ სამფლობელოებშიც შეჭრილა(43;44) ; . პროფ. ნ. ლომოური აღნიშნავს: “ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ რომაელთა კუთვნილი აფსაროსი არ შეიძლება ზიდრიტების ტერიტორიაზე ვიგულისხმოთ”(45) .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფლავიუს არიანეს მიხედვით, ლაზების სამხრეთი საზღვარი მდ. ჭოროხის შესართავის სამხრეთით, ციხე-სიმაგრე აფსაროსამდე (თანამედროვე გონიო) ვრცელდებოდა.
ნიშანდობლივია, რომ V ს. ანონიმი მწერლის მიხედვით, ზიდრიტების განსახლების ჩრდილოეთი საზღვარი მდ. აფსაროსის (მდ. ჭოროხი) შესართავის მიდამოებში გადიოდა.
კლავდიოს პტოლემაიოსს ლაზების განსახლების სამხრეთ საზღვრად დასახელებული აქვს მდ. ფასისი (მდ. რიონი), ხოლო ტერიტორიას მდ. ფასისიდან ტრაპეზუნტამდე კაპადოკიის პონტოს საზღვრებში აქცევს. ამასთან დაკავშირებით, სამართლიანად აღნიშნავს თ. ყაუხჩიშვილი, რომ “კაპადოკიის პონტოს ჩრდილოეთი საზღვარი არასოდეს ამოსულა ფასის-რიონამდე”(46) . ლაზთა განსახლების სამხრეთ საზღვრად მდ. ფასისის დასახელებად ავტორის შეცდომად მიიჩნევენ სხვა ქართველი მკვლევარებიც (ნ. ლომოური(47); დ. მუსხელიშვილი(47).
ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (ახ. წ. VI ს.) მიხედვით, ლაზების განსახლების სამხრეთ საზღვარს დაახლოებით მდ. ჭოროხის შესართავი წარმოადგენს. პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს: “ქალაქ აფსარუნტიდან ქალაქ პეტრამდე და ლაზთა საზღვრებამდე სადაც ევქსინის პონტო თავდება, ერთი დღის სავალი გზა არის. პონტო რომ თავდება აქ, ქმნის ნახევარმთვარის მსგავს ნაპირს. ამ ნახევარმთვარის გადასავალი უდრის ხუთასორმოცდაათ სტადიონს (დაახლ. 100 კმ-ს, – თ. ვ.), ხოლო მას უკან მდებარე მთელი ქვეყანა არის ლაზური და ასეც იწოდება”(49) . პროკოპის მიხედვით, აფსაროსის (თანამედროვე გონიო) ციხე ლაზებს არ ეკუთვნის – იგი ჭანების საზღვრებშია. აქედან გამომდინარე, სამხრეთიდან ლაზებს ესაზღვრება ჭანეთი.
ნიშანდობლივია, რომ პროკოპის მიხედვით ჭოროხის ქვემო წელის მახლობლად “ლაზიკის სოფლები” მდებარეობს. პროკოპი აღნიშნავს: “ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად ბოასი, რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ევქსინის პონტოს”(50) .
აკად. ნ. ბერძენიშვილის აზრით, “პროკოპი ლაზთა საზღვრებს პეტრაზე გულისხმობს… ტერიტორია აფსარუნტიდან პეტრამდე პროკოპის ეთნიკურ ლაზიკად არ წარმოუდგენია”(51) .

ლაზთა განსახლების აღმოსავლეთი საზღვრები
არიანეს ცნობებზე დაყრდნობით, ლაზების სამეფოს გავლენა არა მარტო ზღვის სანაპირო ზოლში ვრცელდებოდა, არამედ ქვეყნის შიგნითაც. იგი წერს: “ამ ქვეყანას (ე.ი. ლაზიკას) ჩამოუდის მდინარე, სახელად რიონი, სადაც კოლხებს ძველად აუგიათ ციხე, რომელიც შემდეგ ხანებში მათ მიწასთან გაასწორებიათ, რადგან დაბლობზე მდებარეობდა და, მათი აზრით, ადვილი მისასვლელი იყო. მაშინ ამ ციხეს ელინთა ენაზე კოტაიონს უწოდებდნენ, ახლა კი მას ლაზები კოტაისს ეძახიან”(52) . “კოტაიონი” და “კოტაისი”, რომ “ქუთაისია”, ამას მტკიცება არ სჭირდება.
IV-V საუკუნეებში ამ სახელისაგან წარმოებული სახელი “ლაზიკე” გაცილებით უფრო ფართო ტერიტორიას მოიცავს და დასავლეთ საქართველოს სამეფოს სახელად იქცევა.
პროკოპი კესარიელის მიხედვით, ლაზებს “შიდა ხმელეთში” სვანები და სკვიმნიელები (მკვლევართა აზრით, “სკვიმნია” იგივე თანამედროვე ლეჩხუმია(53;54) ; ემეზობლებიან. სვანები და სკვიმნიელები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს: ლაზების “შემდეგ შიდა ხმელეთში მოდის სკვიმია და სვანია, ეს ტომები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. იქაურ მცხოვრებლებს მთავრებად ჰყავთ თვისტომთაგანნი, ხოლო როდესაც მთავარს აღსასრულის დღე მიადგება, მათ ჩვეულებრივ მეორე მთავარი ენიშნება ლაზთა მეფის მიერ(55) .
ლაზიკის აღმოსავლეთით იბერიის სამეფო მდებარეობს. სკანდა და შორაპანი ლაზთა სასაზღვრო ციხეებია ლაზიკასა და იბერიას შორის. პროკოპი გადმოგვცემს: “იბერიის საზღვრებიდან რომ შედიხარ, იქვეა ლაზების მიწაწყალზე ორი სიმაგრე, რომელთა დაცვა ძველითგანვე ადგილობრივი მცხოვრებლების საზრუნავს შეადგენდა(56) . მეორეგან პროკოპი წერს: “ლაზთა სოფლები ხომ აქ ყველა მდებარეობს მდინარის აქეთა ნაპირას და ქალაქებიც მათ ძველითგანვე აქ აუშენებიათ, მათ შორის არის… სკანდა, სარაპანი – იბერიის საზღვრებისაკენ(57) . სხვა ადგილას პროკოპი კესარიელი წერს: ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი: ისინი მდებარეობენ მკაცრსა და მეტად ძნელსავალ ადგილებში”(58) .
საყურადღებოა პროკოპის ერთი ცნობა, რომლის მიხედვით, ლაზების მეზობლად იბერიის ქვეშევრდომი მესხები ცხოვრობენ. პროკოპი წერს: “ამ ქვეყნის (ლაზეთის, – თ. ვ.) გვერდით, სახელდობრ იბერიის გასწვრივ ცხოვრობენ ძველითგანვე იბერთა ქვეშევრდომი მესხები, რომელთაც მთებში აქვთ საბინადრო ადგილები… ამათ უკან აღმოსავლეთით არის იბერია, რომელიც პერსარმენიელებამდე აღწევს(59) . ამ ცნობის მიხედვით, ტერიტორიის ერთ მონაკვეთზე ლაზთა უშუალო მეზობლები არიან არა იბერიელები, არამედ მესხები. აკად. ნ. ბერძენიშვილი პროკოპის თხზულების ამ ადგილს ბუნდოვნად მიიჩნევს და გვთავაზობს მისი წაკითხვის თავისებურ ვარიანტს: “უფრო სწორი და მიმზიდველი მეჩვენება “ამათ”-ში ვიგულისხმოთ ლაზები (და არა მესხები, – თ. ვ.)… ასეთი წაკითხვისას ლაზთა ქვეყნის მოსაზღვრე ტომები და ხალხები სამხრეთით თუ აღმოსავლეთით ნაჩვენები აღმოჩნდებოდა”(60).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკოპი კესარიელის მიხედვით, ლაზეთი ჩრდილოეთით მდ. კოდორამდე ვრცელდებოდა, ხოლო სამხრეთით – მდ. ჭოროხის შესართავამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ აფსილები, აბაზგები, სვანები და სკვიმნიელები ლაზთა ქვეშევრდომნი იყვნენ. აქედან გამომდინარე, ლაზეთის სამეფო, თავის ქვეშევრდომებიანად, მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს, კავკასიონის ქედის უკიდურეს ჩრდილოეთ მონაკვეთიდან სამხრეთით მდ. ჭოროხის შესართავამდე, ხოლო აღმოსავლეთით ლიხის ქედამდე, მოიცავდა.

ტრაპიზონი – ლაზთა განსახლების არეალი
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლაზებმა, რომლებმაც ჰეგემონობა მოიპოვეს სხვა მონათესავე ტომთა შორის, შთანთქეს მათი სახელები. შემდგომო პერიოდის ბიზანტიურ წყაროებში ლაზები ტრაპეზუნტის მხარეში და მის დასავლეთითაც მოიხსენიებიან.
ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (VII ს.) თავის თხზულებაში “ანდრიას ცხოვრება” წერს: “მოვიდა ანდრია მოციქული ლაზიკის ქალაქ ტრაპეზუნტში”(61) .
VIII ს-ის სომხურ გეოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს აღწერილობისას, მის ტერიტორიის ფარგლებში შედის პროვინცია ჭანიკე, იგივე ხალდია და ქალაქები: ათინა, რიზე და ტრაპეზუნტი. VIII ს-ის მეორე ნახევარში ტრაპიზონის მხარე დასავლეთ საქართველოს შეუერთდა. ტრაპიზონი ეკლესიურადაც გაერთიანდა დასავლეთ საქართველოსთან, ლაზიკის მიტროპოლიასთან. ამ დროიდან მოკიდებული ტრაპიზონი ეკლესიური დანაწილების მიხედვით, ლაზიკედ იწოდება.
აღსანიშნავია, რომ ძველი ეგრისის ტერიტორიაზე არსებობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული რამდენიმე ეკლესია: ლაზიკის სამიტროპოლიტო (ცენტრით ფასიდში (ფოთი) და ოთხი ეპარქიით: როდოპოლისის (ვარდციხე), საისენის (ცაიში), ზიღანევი (გუდავა) და პეტრა (ციხისძირი)); აბაზგიისა და ნიკოფსიის ეპარქიები. IX ს-ის II ნახევარში აფხაზთა სამეფოში არსებული ეს ეკლესიები კონსტანტინეპოლს გამოეყო და მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში გადავიდა. ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა დაკარგა ერთი დიდი სამიტროპოლიტო (ლაზიკა) და ორი ეპარქია (აბაზგიის და ნიკოფსიის). როგორც ჩანს, ძნელად შესაგუებელი შეიქნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის ლაზიკის დაკარგვა და მათ ხელოვნურად შექმნეს ახალი “ლაზიკა”. ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა პოლემონის პონტოს სამიტროპოლიტოდან გამოჰყო ერთი საეპისკოპოსო (ტრაპიზონის, რომელიც ჭანეთს მოიცავდა), გარდაქმნა სამიტროპოლიტოდ და უწოდა ლაზიკის სამიტროპოლიტო. ეს იმას ნიშნავდა, რომ კონსტანტინეპოლმა ფორმალურად შეინარჩუნა ლაზიკა, თუმცა კი ნამდვილი ლაზიკა დაკარგა.
IX საუკუნის II ნახევრიდან კონსტანტინეპოლის საეკლესიო ნუსხებში ლაზიკა უკვე ტრაპიზონის მხარეს შეესაბამება. საკლესიოდან ამ სახელმა საერო დოკუმენტებშიც გადაინაცვლა და შედეგად მივიღეთ ლაზ ეთნონიმის ჭოროხის სამხრეთ-დასავლეთით გადანაცვლება.
IX-X საუკუნეებში ტრაპიზონი ლაზურ სამყაროსთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. საეკლესიო კათედრათა ნუსხებში, ე. წ. ეკთეზისებში, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა საპატრიარქოებში შემავალი სამიტროპოლიტო და საეპისკოპოსო კათედრები და ავტოკეფალური ეკლესიები, დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ IX-X საუკუნეებში ტრაპიზონი ცნობილი იყო როგორც ლაზიკის ქალაქი. ასე მაგალითად, ნოტიცია III-ში წერია: “ოცდამეცამეტე საყდარი ექვემდებარება ტრაპეზუნტის მიტროპოლიტს, ლაზიკეში”. ნოტიცია IV-ის მიხედვით: “მიტროპოლიტი ტრაპეზუნტისა, მთელი ლაზიკისა; მას ახლა კესარიის ადგილი უჭირავს”(62) . ნოტიცია X-ში ჩამოთვლილია “ლაზიკის ტრაპეზუნტს დაქვემდებარებული [კათედრები]”(63) . იგივეა გამეორებული Xა, Xბ, Xგ, Xდ (X ს-ის II ნახევარი) ნოტიციებში. აღნიშნული ცნობების მიხედვით, X საუკუნის პირველი წლებიდან ტრაპიზონის ეპისკოპოსი მთელი ლაზიკის მიტროპოლიტადაა მოხსენიებული.
ტრაპიზონის მხარეს არა მხოლოდ როგორც საეკლესიო ოლქს მიეკუთვნა ლაზიკის სახელი, არამედ ტრაპიზონის მხარეზე საერთოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება – ლაზიკე, ლაზია(64) .
ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები (XVII ს.) თავის მოგზაურობის აღწერილობათა ის პარაგრაფი, სადაც ლაზეთში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, დასათაურებული აქვს ასე: “აღწერა ლაზიკის ძველი ვილაიეთის დიდი ქალაქისა და კეთილმოწყობილი ციხისა, ე. ი. ქალაქ ტრაპიზონისა”(65) .
ევლია ჩელების ქ. ტრაპიზონის სახელწოდების რამდენიმე ვარიანტი აქვს შემონახული. ერთი ვარიანტის თანახმად, ტრაპიზონის “ერთი სახელთაგანია “ქალაქი ქვემო ბათუმი” და ერთიც – “ლაზიკის ქალაქი”(66) . ზემოაღნიშნული ორივე ცნობა აშკარად მიუთითებს, რომ ტრაპიზონი ლაზების ქალაქია.
აღსანიშნავია, რომ ევლია ჩელების მიხედვით, ტრაპიზონში მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები შეადგენენ. იგი გადმოგვცემს: “ეს ქალაქი (ტრაპიზონი, – თ. ვ.) დედამიწის მე-17 სარტყელში მდებარეობს. ბერძნული ქალაქთაგანია. შავი ზღვის აღმოსავლეთ მხარეს ყურეს მსგავს ზღვაზე მდებარე სამოთხისებური, შემკული ქალაქია. სტამბოლის სრუტიდან ტრაპიზონის ნავსადგურამდე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ სრული ათასი მილია სავალი. რადგანაც გეზიქის მთაც ტრაპიზონის აღმოსავლეთ მხარეს არის, ამიტომ მისი ხალხის სახელწოდება – “გეზიქი ხალხი” – შეცდომით გამოითქმის და “ლაზიკას” უწოდებენ. ზოგიერთები კი სიადვილისათვის “ქ”-ს და “ი”-ს ჩამოაცილებენ, კვეცენ და “ლაზ ხალხი”-ო, ამბობენ. ყაზი სულთან მეჰმედ ფათიჰმა, ეს ციხე რომ დაიპყრო, გარშემო ქვეყნებიდან ბევრი სხვადასხვა წარმოშობის ხალხი ტრაპიზონში მოაყვანინა და დაასახლა. მოსახლეობის უმეტესობა ლაზებია. მოუხეშავი ხალხია. ამჟამად ყველა იანიჩარებია, რომლებიც დაბადებიდანვე ჯარისკაცთა შვილები და ჯარისკაცები არიან”(67) . მოსახლეობის უმეტესობა ლაზებია”.
ნიშანდობლივია, რომ ლაზებს თავიანთ სამშობლოდ ტრაპიზონი მიაჩნიათ. ევლია ჩელების მიერ ლაზისაგან ჩაწერილ ერთ ბაიათში ნათვამია: “ტრაპიზონია ჩვენი მიწაწყალი”(68) .
აკად. ნ. მარი ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კონსტანტინეპოლში ლაზებს უწოდებდნენ შავი ზღვის სანაპიროს მთელ მოსახლეობას, თვით ამისოსისა და სინოპეს მოსახლეობის ჩათვლით(69;70) ; .
აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს: ოდესღაც ლაზების ანუ ჭანების მოსახლეობა ტრაპიზონსაც კი სცილდებოდა და თვით ეს ქალაქი და ოლქი მათ ქვეყანას ეკუთვნოდა”(71) .
პროფ. ზავრიევი თურქეთის აღმოსავლეთი ვილაიეთების შესახებ წერს: “ამ ტერიტორიას ბევრი მოგზაური ლაზისტანს უწოდებს და თურქეთის ეხლანდელი ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს მთლიანად: ჭოროხის, რიზეს, ტრაპიზონის, გირესუნის, ორდუს, სამსუნის (ჭანიკის), გიუმიშხანეს ვილაიეტებსა და აგრეთვე სხვა ვილაიეტების ზოგიერთ კაზებს (მაზრებს)”(72) ;თარგმანი(73) .
გ. მელიქიშვილის აზრით, ლაზები ცენტრალურ კოლხეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან გადმოსახლდნენ.
თანამედროვე დროს ლაზები ძირითადად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, თურქეთში ცხოვრობენ, მცირე რაოდენობით აჭარაში (ძირითადად, სოფელ სარფში), მდ. ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია)(78).

ლიტერატურა:

1. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, გვ. 42, თბილისი, 1961 წ.
2. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, გვ. 35-36, თბილისი, 1961 წ.
3. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 6, თბილისი, 1965 წ.

4. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 242, თბილისი, 1965 წ.
5. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 120, თბილისი, 1965 წ.
6. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 27, თბილისი, 1936 წ.
7. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 50, თბილისი, 1936 წ.
8. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 475, თბილისი, 1990 წ.

9. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 65, თბილისი, 1936 წ.

10. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 72, თბილისი, 1936 წ.

11. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 77; 80, თბილისი, 1936 წ.

12. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვეთი I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 68, თბილისი, 1941 წ.

13. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 68, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ.

14. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 82, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ.

15. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 88, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ.

16. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ, გვ. 102, თბილისი, 1984 წ.

17. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. “ენიმკის მოამბე”, გვ. 204, 1937 წ.
18. Н. Марр. Крещение армян, грузин, абхазов и аланов… ЗВО, XVI (1905) 165-166; მისივე, Из поездки в Турецкий Лазистан, ИАН, 1910, 571; Из поездок в сванию, ХВ, т. II, вып. 1, 32.

19. Н. Марр. Крещение армян, грузин, абхазов и аланов… ЗВО, XVI (1905) 165-166; მისივე, Из поездки в Турецкий Лазистан, ИАН, 1910, 571; Из поездок в сванию, ХВ, т. II, вып. 1, 32.

20. ნ. მარი, რით ცხოვრობს იაფეტური ენათმეცნიერება? გვ. 38, 1923 წ.

21. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. III, გვ. 21, თბილისი, 1959

22. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, VI, გვ. 22, თბილისი, 1987 წ.

23. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, გვ. 93, თბილისი, 1961 წ.
24. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, გვ. 93, თბილისი, 1961 წ.

25. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 11, თბილისი, 1965 წ.
26. ბ. კუფტინი, კოლხეთის არქეოლოგიური მასალები, I, გვ. 100-101, თბილისი, 1949 წ.
27. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, გვ. 45, 1955 წ.

28. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 85, თბილისი, 1977 წ.

29. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, გვ. 159, თბილისი, 1983 წ.

30. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 98, თბილისი, 1977 წ.

31. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 6, თბილისი, 1965 წ.
32. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 126-133, თბილისი, 1965 წ.
33. ნ. ლომოური, საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, გვ. 79, თბილისი, 1993 წ.

34. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 108, 1972 წ.

35. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 128, თბილისი, 1954 წ.

36. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 128, თბილისი, 1954 წ.

37. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 68, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ.

38. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, გვ. 88, მეცნიერება, თბილისი, 1980 წ.

39. ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ, ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ, გვ. 31, თბილისი, 1973 წ.

40. . ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, გვ. 158-159თბილისი, 1983 წ.
41. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 8-9, თბილისი, 1968 წ.

42. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაღმაძისა, თბილისი, 1961 წ.

43. გ. მელიქიშვილი, ძველი საქართველოს ისტორია, გვ. 131, 137-138; თბილისი, 1959 წ. (რუს. ენაზე).

44. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 9, თბილისი, 1968 წ.
45. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 9, თბილისი, 1968 წ.
46. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 160, თბილისი, 1976 წ.
47. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, გვ. 56-57, 1955 წ.

48. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 85, თბილისი, 1977 წ.

49. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 126, თბილისი, 1965 წ.

50. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 122, თბილისი, 1965 წ.
51. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 484, თბილისი, 1990 წ.

52. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, გვ. 188, თბილისი, 1983 წ.
53. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 126, თბილისი, 1965 წ.

54. ს. ჯანაშია, შრომები, ტ. II, გვ. 100, თბილისი, 1952 წ.

55. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 126-127, თბილისი, 1965 წ.
56. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 51, თბილისი, 1965 წ.
57. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 101, თბილისი, 1965 წ.
58. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 185, თბილისი, 1965 წ.
59. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 127, თბილისი, 1965 წ.
60. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 486, თბილისი, 1990 წ.

61. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვეთი I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 58, თბილისი, 1941 წ.

62. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვეთი II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 136, თბილისი, 1952 წ.

63. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვეთი II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 146, თბილისი, 1952 წ.

64. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 213-214, თბილისი, 1954 წ.

65. ევლია ჩელების “მოგზაურობის წიგნი”, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, გვ. 81, თბილისი, 1971 წ.
66. ევლია ჩელების “მოგზაურობის წიგნი”, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, გვ. 81-82, თბილისი, 1971 წ.
67. ევლია ჩელების “მოგზაურობის წიგნი”, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, გვ. 83, თბილისი, 1971 წ.
68. ევლია ჩელების “მოგზაურობის წიგნი”, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, გვ. 91, თბილისი, 1971 წ.
69. ს. ჯანაშია, ლაზისტანი, (რუს. ენაზე), გვ. 25-36.
70. გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, გვ. 91, თბილისი, 1965 წ.

71. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, გვ. 46, ტფილისი, 1914 წ.

72. დ. ს. ზავრიევი, თურქეთის აღმოსავლეთ ვილაიეთების უახლესი ისტორიისათვის, 1947 წ. (რუს ენაზე). გვ. 166, 177

73. გ. გოზალიშვილი, მითრიდატე პონტოელი, გვ. 91, თბილისი, 1965 წ.

74. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 120, თბილისი, 1965 წ.

75. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 120, თბილისი, 1965 წ.

76. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, გვ. 27, თბილისი, 1936 წ.
77.Georgi Leon Kavtaradze, To the ethno-Political Hystory of the Eastern Black Sea Area

78. დ. მუსხელიშვილი, ლაზები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. გვ. 104.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: