Posted by: burusi | 21/06/2009

ტარიელ ფუტკარაძე – “გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება ამიერკავკასიაში”

გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება ამიერკავკასიაში:
ბათუმი 1878, 1920, 1991, 2008

შესავალი

მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ყოველთვის იყო და იქნება დაპირისპირება კულტურული თუ ეკონომიკური გავლენების გაფართოება-შენარჩუნების გამო; ასეთი ბუნებრივი დაპირისპირებანი სისხლისმღვრელ ომებში გადადის ძალადობის გზით გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობის დროს. სამხედრო დანაშაული უფრო კატასტროფულია, თუკი იგი მოტივირებულია ფესვდომეცნიერული გეოპოლიტიკური (1) თეორიებით; მაგ., მიჩნეულია, რომ მესამე რაიხის დანაშაულებრივი ქმედებანი გარკვეულწილად განაპირობა გერმანელი გეოპოლიტიკოსის, ჰიტლერთან დაახლოებული პირის, კარლ ჰაუსჰოფერის თეორიულმა დებულებებმა; შდრ., რუსეთის ველიკოდერჟავობის მოსურნე ხელისუფლება მსგავს ქმედებამდე შეიძლება მიიყვანოს ალექსანდრე დუგინის გეოპოლიტიკურმა “კონცეფციებმა” (სინამდვილეში – იმპერიალისტურმა ოცნებებმა) (3), რომლის არსია ევროაზიული გეოპოლიტიკური სივრცის შექმნა რუსეთის ჰეგემონობით.
ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ადრეც და დღესაც ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს თავისი გეოსტრატეგია (4), რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გეოპოლიტიკური ინტერესები; ამ უკანასკნელის მიხედვით კი წარმოებს გეოპოლიტიკური სიმძლავრეების (5) დაგეგმვა.
თანამედროვე მობილურ მსოფლიოში დიდი როლის შესრულება შეუძლია აკადემიურ (არადერჟავულ) გეოპოლიტიკურ კვლევებს, რამდენადაც მომხდური (6), დამხვდური (7) და სატელიტი (8) სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის თუ საკუთარ ეროვნულ ინტერესთა ადეკვატურად გააზრება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ ინტერესთა მყარ ბალანსს.
ჩვენ შემთხვევაში არსებითია ისიც, რომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში კონკრეტული ფაქტები უნდა გაანალიზდეს გლობალური გეოპოლიტიკური ვექტორების გათვალისწინებით; მომავალ თაობებს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავაგებინებთ ისტორიული მოვლენების რეალურ არსს; მაგ., ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დღემდე ლოკალურ, ძმათამკვლელ სამოქალაქო ომად მონათლული სისხლიანი დაპირისპირება სინამდვილეში დიდი გეოპოლიტიკური ომის ერთ-ერთი ეპიზოდი ყოფილა…

გეოპოლიტიკური რეტროსპექცია: ევრაზია, კავკასია, ბათუმი

ისტორიულად და დღესაც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევრაზიას; ევრაზიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული რეგიონია კავკასია; კავკასიაში კი – ბათუმი, როგორც თანამედროვე საზღვაო, სახმელეთო და ენერგორესურსების მაგისტრალების თავმოყრის ადგილი.
კავკასიას უხსოვარი დროიდანვე განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მსოფლიო გეოპოლიტიკაში. აქვე შევნიშნავ, რომ გეოპოლიტიკა ახალი ტერმინია, თორემ სტრატეგიული გეოგრაფიული არეალის ფასი უძველეს დროშივე კარგად იცოდნენ. მაგალითად, ძველი ბერძნებისა თუ ლათინების აზრით, კავკასიონი არის მიჯნა ცივილიზებულ და ბარბაროსულ სამყაროებს შორის (პლინიუს დიდი).
ქართველები კავკასიის ავთოქტონი მოსახლეობაა. საკუთარი ქვეყნის გეოპოლიტიკური კონტროლის (9) თვალსაზრისით, ქართველი ერის ისტორია სამ ნაწილად შეიძლება განვიხილოთ:
– ოდითგანვე, დიდი ხნის მანძილზე ქართველთა სახელმწიფო, როგორც რეგიონის ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე (10), მეტნაკლებად აკონტროლებდა დასავლეთ ამიერკავკასიის სტრატეგიულ მიწა-წყალს;
– ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში საქართველო, როგორც სახელმწიფო, დაპყრობილი ჰქონდათ რეგიონის მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს (11), მაგრამ ანგარიშს უწევდნენ ქართველთა სამეფო-სამთავროების ინტერესებსაც;
– ისტორიის მცირე მონაკვეთებში მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს საერთოდ გაუქმებული ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობა, გადანაწილებული ჰქონდათ ქართველთა მიწა-წყალი და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ კავკასიის ძირითადი ავტოქტონი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს.
ქვემოთ გავაანალიზებთ ბოლო საუკუნეების დიდ საერთაშორისო დაპირისპირებებს საქართველოს ტერიტორიის გამო. ძირითადად შევეხებით პერიოდს, როცა რუსეთისა და სხვა მომხდური თუ სატელიტი ქვეყნების მიერ იგნორირებული იყო ქართველი ხალხის ნება; ბოლოს განვიხილავთ თანამედროვე ვითარებასაც. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლებში საქართველო იბრუნებს თავის როლს რეგიონის გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე.
ბათუმის – მრავალმხრივად სტრატეგიული ქალაქის – კონტროლი დღემდე წარმოადგენს ბევრი ქვეყნის გეოპოლიტიკური სტრატეგიის მიზანს; ამდენად, მოხსენების დროს ძირითადად ვიმსჯელებთ სხვადასხვა დროის ბათუმის შესახებ.
ბათუმი, ზოგადად, ისტორიული მესხეთის დასავლეთი ნაწილი: აჭარა-გურია კავკასიის ავტოქტონი მოსახლეობის – ქართველების – კუთვნილი შავიზღვისპირეთის ცენტრში მდებარეობდა (შდრ, სულ მცირე: ძველი ლაზიკედან/ნიკოფსიიდან სამსუნამდე სანაპირო ზოლი); ეს ასახულია ტოპონიმ გურიაშიც: გურია – ცენტრალური ადგილი (სიტყვა სიტყვით: “გული”).
შდრ.: “ფეოდალური ხანის ნომენკლატურით, მოსხების ქვეყანა მოიცავდა: სამცხეს, ჯავახეთს, კლარჯეთს, აჭარას, ეგრისს, შავშეთს, კოლა-არტაანს, ამიერ და იმირ ტაოს, ბასიანს, სპერს, ანუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს” (მსჯელობისა და ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ.: ნ.ხაზარაძე, 1984, გვ.36-70; გრ.გიორგაძე, 1985; გრ.გიორგაძე, 2002).
უძველესი დროიდან მრავალი საუკუნის მანძილზე, ვიდრე მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართველური მოდგმა მეტ-ნაკლები წარმატებით აკონტროლებდა როგორც კავკასიის ძირითად გადასასვლელებს, ასევ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს.
მე-17 საუკუნეში კავკასიის სტრატეგიული რეგიონისთვის მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს წინა აზიის ორ მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს – სპარსეთსა და ოსმალეთს შორის; ამ დროისათვის მონღოლობაგამოვლილი საქართველო, როგორც დამხვდური სახელმწიფო, ძალაგამოცლილია სპარსელთა და ოსმალოთა გაუთავებელი შემოსევების გამო:
სპარსეთიც და ოსმალეთიც ცდილობს დაიმორჩილოს “გურჯისტანი”; აქვე საინტერესოა, ოსმალეთის ხედვა საქართველოს სამხრეთი საზღვრების შესახებ:
1595 (არაბული წელთაღრიცხვით – 1003) წელს შედგენილი “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის” მიხედვით, ოსმალეთი საქართველოს ორგანულ ნაწილად თვლიდა: სამცხეს, ორივე ტაოს (ჭოროხის ხეობას), კოლას, არტაანს (მტკვრის ზემო წელს), პალაკაციოს, ჯავახეთს, სამცხეს (12). მე-16 საუკუნის სხვა თურქული დოკუმენტების მიხედვითაც, საქართველოს სამხრეთი საზღვარი ერზერუმამდეა; კერძოდ, ქართველთა კუთვნილებად ითვლება: კოლა, არტაანი, შავშეთი, ოლთისი, არტანუჯი, ისპირი, თორთუმი, ბასიანი…” (13). საქართველოს სამხრეთ საზღვარს ძირითადად ასევე წარმოადგენენ: მე-17 საუკუნის ცნობილი თურქი ისტორიოგრაფი ქათიბ ჩელები (14) და თურქი მოგზაური ევლია ჩელები (15).
მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ქართველები ვეღარ ინარჩუნებენ სახელმწიფოებრივ ერთიანობას და უფლისგან ბოძებულ (16) სტრატეგიულ მიწა-წყალს საკონტროლოდ უთმობენ მომხდურ ქვეყნებს (17); კერძოდ, პატარ-პატარა საქართველოებად დაშლილი სამეფო-სამთავროების ხელისუფალთ სხვადასხვა მომხდური ქვეყანა იყენებს; შედეგად, არაიშვიათად, სხვათა ინტერსების გამო, ქართველები ერთმანეთის სისხლს ღვრიან; მაგ., 1626 წლის შემოდგომაზე მომხდარი ე.წ. ბაზალეთის სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც დღემდე ძმათამკვლელ ომადაა მონათლული, სინამდვილეში იყო ირანისა და ოსმალეთის გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახება (18).
რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს:
ოსმალოებმა ქართველები დაამარცხეს და ბათუმი პირველად აიღეს 1547 წელს, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. სოფელ ზოჰაბში 1639 წლის 18 მაისს ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით, საქართველოს სამხრეთი ნაწილი ოსმალეთს დარჩა. მიჩნეულია, რომ ბათუმის საბოლოო დაპყრობა თურქებმა შეძლეს 1703 წელს (19).
შდრ.: 1732 წელს სტამბულში გამოცემულ “ჯიჰან-ნუმას” რუკებშიც ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზეა (20).
ამ დროიდან ოსმალეთი ცდილობს, მუსლიმანობის გავრცელებით სათავისოდ მომართოს ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – ავტოქტონი მოსახლეობის ეროვნული სული; ადგილობრივი ქართველები აჯანყებით პასუხობენ; მაგ., 1690-1697 წლებში ოსმალეთი სისხლში ახშობს აჭარელთა აჯანყებას. წინააღმდეგობები და აჯანყებები მომდევნო პერიოდშიც ხშირი იყო (21).
მე-19 საუკუნიდან კავკასიის რეგიონში მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება რუსეთი; მე-19 საუკუნის მეორე მეოთხედიდან საქართველო (თუ პატარ-პატარა საქართველოები) საერთოდ კარგავენ გეოპოლიტიკურ ბერკეტებს: ქართველთა საცხოვრისს რეგიონის ორი მთავარი სტრატეგიულო მოთამაშე ინაწილებს: საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთმა მიითვისა, სამხრეთი კი – ოსმალეთმა.
მუსლიმანური აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს თანამდგომელის მანტიით ამიერკავკასიაში მოტყუებით შემოღწეულმა რუსეთმა ისარგებლა ქართველთა ნდობით და დაიწყო თავისი გეოსტრატეგიული მიზნის – კავკასიის დაპყრობის – განხორციელება: წინა აზიისა დ შავი ზღვის გზების საკონტროლოდ მეფის რუსეთს, პირველ რიგში, საქართველოს დამორჩილება, შემდეგ კი მისი სრული გაქრობა ეწადა. შესაბამისად, კავკასიაზე გეოპოლიტიკური საზღვრების განვრცობის შემდეგ მართლმადიდებლურმა სახელმწიფომ ქართველებს აუკრძალა ქართულენოვანი მართლმადიდებლობა, ინტენსიურად დაიწყო ქართველთა ეროვნული ცნობიერების ტრანსფორმირება და კავკასიის დემოგრაფიული სურათის შეცვლა; კერძოდ:
ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ევრაზიისთვის სწრაფად მზარდი ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე (რუსეთი) ზოგჯერ პროვოცირებით, ზოგჯერ კი სამხედრო ინტერვენციით ისტორიული საცხოვრისიდან აძევებს:
– მუჰაჯირობის პროვოცირებით: მუსლიმან ქართველებსა და აფხაზებს (მე-20 ს. მეორე ნახევარში);
– უნდობლობის ბრალდებით (!): მუსლიმან ქართველებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ლეკებს (მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ);
– აფხაზეთის კონფლიქტით (22): ქართველებსა და აფხაზებს (1993-2003 წლებში).
მშობლიური მიწა-წყლიდან განდევნილი კავკასიის ავტოქთონი ხალხების (ქართველების, აფხაზების, ინგუშების…) საცხოვრისზე რუსეთის იმპერია ასახლებს: სომხებს, ოსებს, რუსებს და ამ გზით ესწრაფვის, თავის სასარგებლო “რეჟიმში” ჩააყენოს კავკასიის დემოგრაფია, როგორც გეოპოლიტიკური სიმძლავრის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.
ახლა კონკრეტულად ბათუმი ცალკეული წლების მიხედვით:

კავკასია XIX საუკუნე

კავკასია XIX საუკუნე

ბათუმი 1878 წელს

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ევროპასა და წინა აზიაში მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან: ინგლსი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ოსმალეთი; კერძოდ:
ინგლისი და რუსეთი დაპირისპირებულია შუა აზიის გამო; ინგლისი და საფრანგეთი – ევროპაში ჰეგემონობისათვის; რუსეთი და ოსმალეთი შავი ზღვის აკვატორიაში (ბალკანეთი, კავკასია…) გაბატონებისათვის იბრძვიან და სხვ. არის დროებითი კოალიციებიც: ინგლისი კავშირშია ოსმალეთთან, ბისმარკის გერმანია და ავსტრია-უნგრეთი – რუსეთთან (23).
აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის გადანაწილებისათვის ბრძოლაში ალექსანდრე მეორის რუსეთი ამარცხებს სულთანის ოსმალეთს (24). 1878 წლის 3 მარტს სან-სტეფანოს ზავით დამარცხებულმა თურქებმა რუსებს დაუთმეს ბათუმიც (ყარსთან ერთად). საქართველო, როგორც დამხვდური ქვეყანა ამ დროს არ არსებობს; დეზორიენტირებულია ქართული ეროვნული ცნობიერებაც; ამ დროს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ჩნდება ილია ჭავჭავაძის გუნდი, რომელიც ერის კონსოლიდაციას ცდილობს.
1878 წლის 30 მაისის რუსეთ-ინგლისის საიდუმლო გარიგებით (25) ინგლისი თანხმდება რუსეთს, რომ ამ უკანასკნელმა დაიკავოს ბათუმი (ყარსთან ერთად), მაგრამ 1878 წლის 13 ივნისს ბერლინის კონგრესზე ინგლისმა მხარი დაუჭირა გერმანია-თურქეთის კოალიციას, რათა ბათუმი გამოცხადებულიყო პორტო-ფრანკოდ. განაწყენებული რუსები შეეცადნენ ჩაეშალათ ბერლინის კონგრესი, მაგრამ ბისმარკის მოქნილობით რუსეთი მაინც დაიყოლიეს და ბათუმი გამოცხადდა ყველასთვის საზიარო ქალაქად (თავისუფალ სავაჭრო ზონად, თანამედროვე ტერმინოლოგიით: თავისუფალ ეკონომიკურ ზონად). ამავე კონგრესმა 3 წელი დაადგინა სამხრეთ საქართველოდან მუსლიმან ქართველთა აყრისა და შუა თურქეთში გადასახლებისათვის.
1886 წლის 23 ივლისს რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა ბათუმის პორტო-ფრანკო; ამ ფაქტმა რეგიონის სხვა გეოპოლიტიკური მთავარი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ იმხანად ომში გამარჯვებულ რუსეთთან კონფლიქტი არ გაამწვავეს; თუმცა, ბათუმის საკითხი მათთვის ღია ჭრილობად დარჩა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბათუმის ფორტო-ფრანკოს გაუქმებას მიესალმა ილია ჭავჭავაძე, ვინაიდან, მისი აზრით, “თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ” გააუარესა აჭარის მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (შ. მეგრელიძე, 1963, ხ. ახვლედიანი, 1971). საყურადღებოა, რომ ამავე შინაარსის ცნობას გვაწვდის ცნობილი მოგზაური ევგენი ვეიდენბაუმი; კერძოდ, ის 1878 წლის ნოემბერში თავის დღიურებში წერს: “აქამდე პორტო-ფრანკო ვაჭრების წახალისებას კი არა, გარეშემო მცხოვრებთა შევიწროებას ემსახურებოდა… კერძოდ, ქალაქში მათ შემოაქვთ მცირეოდენი ღარიბული პროდუქტი, შემდეგ შეისყიდიან რამდენიმე არშინ ნარმას და უკან ბრუნდებიან – ბათუმი არის მათი ბაზარი. პორტო-ფრანკოს გამოცხადების შემდეგ ქალაქის საზღვრის მცველები მათ ბაჟს თხოვენ. ძალიან ძნელია, რომელიმე აჭარელს აუხსნა და შეაგნებინო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მან დამატებითი თანხა ქალაქიდან გასვლისას უკვე ნაყიდ საქონელში” (26).
საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ 1945 წელს ი. სტალინის ნებით რუსულად გამოქვეყნებულ “დიპლიმატიის ისტორიაში” საერთოდ არ არის ნახსენები არც ბათუმის პორტო-ფრანკოს შექმნა და არც მეფის რუსეთის მიერ მისი ცალმხრივად გაუქმება.
მიზეზი მარტივია: როცა ბათუმის ფლობა შეეძლო რუსეთს, ამ პერიოდში მას ხელს არ აძლევდა ბათუმის პორტო-ფრანკოობა.
შდრ.: სამაგიეროდ, ბათუმში თავისუფალი ვაჭრობა ხელს აძლევდა სხვა მომხვდურ ქვეყნებს, ამიტომაც ბათუმის პორტოფრანკოობა, ისევ და ისევ ქართველთა ნების გარეშე, დღის წესრიგში დასვეს ევროპის სახელმწიფოებმა პირველი მსოფლიო ომის დროსაც. საქართველოს გარეშე ინტენსიურად იხილებოდა ეს თემა ანტანტის სახელმწიფოების უმაღლესი საბჭოს სხდომებზეც 1920 წელს.

საქართველო - 1918 წ.

საქართველო - 1918 წ.

ბათუმი 1920 წელს

მე-20 საუკუნის 10-იან წლებიდან ევროპისა და წინა აზიაში გამოკვეთილად არსებობს ორი გეოპოლიტიკური ველი: 1904-07 წლებში შექმნილ ანტანტას (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი; პირელი მსოფლიო ომის [1914-1918] დროს ბლოკს დაემატნენ აშშ და იაპონია) უპირისპირდება გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ბულგარეთისა და თურქეთის კოალიცია.
პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ეტაპზე გერმანია ახერხებს რუსეთის ბლოკირებას და გადაბირებას: გერმანიის მხარდაჭერით რუსეთში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება (ჩამოაგდეს მეფე); ხელისუფლებაში მოვიდნენ სოციალ-დემოკრტარები და ბოლშევიკები, რომელთაც, მადლიერების ნიშნად, 1917 წლის 3 დეკემბერს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან დადეს ზავი გამოაცხადეს რუსეთის გამოსვლა ომიდან (შესაბამისად, ანტანტიდანაც).
რუსეთის მიერ მითვისებული გეოპოლიტიკური არეალი მაშინვე გადაინაწილეს ყოფილმა მოკავშირეებმა:
– 1917 წლის 23 დეკემბრის საიდუმლო მოლაპარაკებით ინგლისმა და საფრანგეთმა წითელი რუსეთის იგნორირებითა და ამერიკა-იაპონიის გარეშე გაიყვეს გეპოლიტიკური გავლენის ზონები: ინგლისის ველში მოაზრებულ იქნა კავკასია და კაზაკების ტერიტორია დონი-ყუბანის აუზებში; საფრანგეთს კი დარჩა ბესარაბია, უკრაინა და ყირიმი.
პარალელურად, 1918 წლის 3 მარტს ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულებით (მე-4 პუნქტი) ყარსის, არდაჰანის და ბათუმის (იმერხევ-აჭარის) ოლქები დატოვა რუსეთის ჯარმა; ამ ოლქებს მიეცათ თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოებრივი მოწყობა მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით, ოსმალეთთან შეთანხმებით (27).
შდრ.: ინგლის-საფრანგეთის შეთანხმებით, კავკასია ამ დროს ინგლისისა! არადა, უკვე არსებობს ამიერკავკასიის სეიმი, რომლისგანაც მალევე საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის (და არა – გამოცხადების!) შემდეგ კავკასიის რეგიონში ისევ ჩნდება დამხვდური ქვეყანა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიუხედავად ქართველთა სახელმწიფოს აღორძინებისა, მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ისევ ქართველი ხალხის ნების გარეშე ინაწილებენ ქართველთა მიწა-წყალს; კერძოდ:
გერმანია თავის მოკავშირე თურქეთის გვერდის ავლით ცდილობს საქართველოს დანარჩუნებას (28).
ამასობაში, 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში ოსმალეთმა აიძულა მენშევიკური საქართველოს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები, ხელი მოეწერათ “მშვიდობისა და მეგობრობის” ხელშეკრულებაზე, რომლითაც ოსმალეთმა მიითვისა: ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქის, ახალციხისა და სურმალინის მაზრები, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების 3/4, შარურდარალალეზის მაზრის 1/5 (29).
არც ეს ხელშეკრულება შესულა ძალაში (30).
ამ პერიოდიდან ყველა ცდილობს, სათავისოდ მომართოს სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბათუმელთა ნება; შესაბამისად, აქტიურდება პლებისციტებისა და მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობების თემა: იწყება ამიერკავკასიის დემოგრაფიული სიტუაციის, როგორც გეოპოლიტიკური სიმძლავრის განმსაზღვრელი ფაქტორის, მართვის ახალი ეტაპი.
1918 წლის ივლისში ოსმალები აცხადებენ, რომ აჭარაში ჩაატარეს პლებისციტი; მათი მიზანი იყო, სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის დაემტკიცებინათ, რომ აჭარის ადგილობრივ მოსხახლეობას ოსმალეთთან შეერთება სურს.
ოსმალეთის მიერ პლებისციტად წოდებული აქცია ბერლინში მიმდინარე ევროპის ცენტრალურ სახელმწიფოთა კონფერენციაზე აჭარის მოსახლეობის სახელით დაგმეს ზიარ-ბეგ აბაშიძემ და ყადირ შერვაშიძემ. 1918 წლის 1 აგვისტოს ამ ე.წ. პლებისციტის შედეგები დარღვევების ჩვენებით გააპროტესტა საქართველოს ხელისუფლებამ. საპასუხოდ, 1918 წლის 15 აგვისტოს სულთან მეჰმედ VI-ის რესკრიპტით არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები (საჯაყები) ოსმალეთთან შერთებულად გამოცხადდა. პლებისციტის შედეგებიცა და ეს რესკრიპტიც მაშინვე უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნიეს საბჭოთა რუსეთმაც და თურქეთის მოკავშირე გერმანიამაც (31). ბუნებრივია, მათაც თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულმა ოსმალეთმა მუდროსის საზავო ხელშეკრულებით (30.10.1918) დათმო კავკასია. ვერსალის სამშვიდობო კონფერენციამ და ხელშეკრულებამ (10. 06. 1919) კი კავკასიაში საბოლოოდ დაადასტურა ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია:
“ოსმალეთის ჯარების წასვლის შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებში ინგლისის ჯარები შემოვიდნენ და მათ ხელში გადავიდა კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე ტერიტორია. 1919 წლის იანვარში ინგლისის ჯარებმა დაიკავეს ბათუმი და ბათუმის ოლქი (32). ინგლისის ხელსეწყობით ბათუმში გაძლიერდა რუსული პოლიტიკაც” (33).
შდრ., ვ. ნოზაძის შეფასება:
“მესხეთის სივრცეზე თავი მოიყარა და ერთმანეთს დაეჯახა; ქართული, სომხური (34), ოსმალური, ინგლისური და რუსული ინტერესები” (35); ბათუმის დაკავებას ესწრაფოდნენ შერთებული შტატებიც და იტალიაც (36)
ამ დროს უკვე საქართველოც “გამოფხიზლდა”:
მენშევიკურმა მთავრობამ საკუთარი ჯარი განალაგა სამუსლიმანო საქართველოს (სამხრეთი საქართველოს) ძირითად პუნქტებში.
1918 წლის 25 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა და მთავრობამ სამუსლიმანო საქართველო (და არა მხოლოდ აჭარა!) საკუთარი სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა ავტონომიის უფლებით. ამავე დროს, 1919 წლის 18 იანვარს პარიზში დაწყებულ ანტანტის ქვეყნების სამშვიდობო კონფერენციას საქართველოს მთავრობამ კარლო ჩხეიძის ხელით წარუდგინა მემომარანდუმი, რომლითაც დასაბუთებულად ითხოვდა თავის ისტორიულ მიწებს: ისპირს (სპერს), არტაანს, ოლთისს, ჭანეთს (37).
ამ ქმედებების საპირისპიროდ, რუსეთისა და ოსმალეთის ერთობლივი ძალისხმევით (38), აბასთუმანში ჩატარდა “ადგილობრივ მუსლიმანთა ყრილობა”, რომელმაც გამოაცხადა სამცხის, ჯავახეთის, არტაანის, შავშეთის, აჭარისა და ყარსის მუსლიმანთა (ქართველებისაც და არაქართველებისაც) სახელმწიფოს დაარსება (შეიქმნა სამხრეთ კავკასიის, ანუ ყარსის მთავრობა).
ამ უდღეური წარმონაქმნის მეთაურის – სერვერ-ბეგ ქვაბლიანსკის (39) – პროვოცირებით, თურქებმა, რუსმა თეთრგვარდიელებმა და მესხეთში მცხოვრები მუსლიმანების ერთმა ნაწილმა 1918-19 წლებში სასტიკად ააოხრა მეზობელი მართლმადიდებელი ქართველობა – დედასამშობლოსა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის დასაჯეს: აყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან, ნაწილი დახოცეს, გააუპატიურეს, გაძარცვეს…
ნოე ჟორდანიას ხელისუფლების აქტიურობით, ბაკურიანში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტყეებში გახიზნული გადარჩენილი ქრისტიანი ქართველები თავიანთ საცხოვრისებში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ უდიდეს ტკივილად დღემდე გამოჰყვათ ეს დამცირება (40).
ყარსის მთავრობა კანონგარეშედ გამოაცხადეს ინგლისისა და საქართველოს მთავრობებმა. ინგლისელებმა 1919 წლის 13 აპრილს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დააპატიმრეს ყარსის მთავრობის წევრები, ჯერ სტამბულში გააგზავნეს, შემდეგ კი მალტაზე გადაასახლეს (41).
საინტერესოა ამ პერიოდის მემედ აბასიძისეული შეფასება:
“ჩვენი სამშობლო ომის (იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი) კუნძულს წარმოადგენს, რომელსაც ყველა ეპოტინება და მის ჩაყლაპვას ლამობს. ასეთ გაჭირვებულ დროში არავის ვხედავ მშველელს, გარდა საქართველოსი… ძმებო! ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ რუსებს ჩვენი კარგი სურთ? მათ უნდათ ჩვენი დაპყრობა, სურთ ჩვენზე ბატონობა, ისე, როგორც წინათ ბატონობდნენ. მათ უნდა ჩვენ მარტონი ვიყოთ, სუსტნი, რომ შემდეგ, როცა დროს იხელთებენ, მოგვდგნენ და თოფის ყობდახებითა და ხიშტებით დაგვიმონონ. მათ უნდათ წაგვკიდონ საქართველოს… ამიტომაა, რომ გველაქუცებიან, ვითომდა დიდი მეგობრები არიან ჩვენი. ნუთუ ამ დრომდე ვერ ვიცანით ისინი?” (42).
ამ ფონზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტად უნდა ჩაითვალოს 1919 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული ბათუმის ოლქის – მთელი სამუსლიმანო საქართველოს – მცხოვრებთა ყრილობა, რომელმაც მოითხოვა საქართველოსთან შეერთება (43); ფაქტობრივად, რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე ამ წარმომადგენლობითი ყრილობის რეზოლუციით არა მხოლოდ აჭარა, არამედ მთელი სამუსლიმანო საქართველო (ართვინ-შავშეთ-არტანუჯ-ოლთის-ადგაჰანის ჩათვლით) შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკას (44).
შდრ., ისევ მემედ აბასიძისეული შეფასება:
“1919 წლის 31 აგვისტო ისტორიული დღეა, როგორც სამუსლიმანო საქართველოს, ისე მთელი საქართველოსთვის. ამ დღეს ითქვა ის, რაც შეადგენს ყოველი მუსლიმანი ქართველის სათაყვანებელ საქმეს, მის წმინდათაწმინდას… ითქვა ეს არა ერთი პირისგან, ან სამუსლიმანო საქართველოს რომელიმე ერთი, ან ორი კუთხისგან, არამედ ხალხის წარმომადგენელი ყრილობისგან, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ეთქვა ის, რაც თქვა და რაც გამომსახველი იყო მთელი სამუსლიმანო საქართველოს ნება-სურვილისა, მტკიცე, ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა: ამიერიდან სამარადისოდ, ბათუმი და ბათუმის ოლქი შეურეთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკას, ფართო ავტონომიის ნიადაგზე… 31 აგვისტო არის უბრწყინვალესი ფურცელი საქართველოს ისტორიისა” (45).
ამ პერიოდში საქართველოს პოზიციას აშკარად ასუსტებს სომხეთის არალეგიტიმური მოთხოვნებისადმი ინგლისის მხარდაჭერა (46). სამწუხაროდ, ამ დროს საქართველო სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეა; მას ანგარიშს არ უწევენ. სომხეთისგან განსხვავებით, ზოგჯერ საქართველო საერთაშორისო კონფერენციებზეც კი არ არის წარმოდგენილი (47); მეტიც, მაგ., 1920 წლის 16 მარტს ჟორდანიას მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მოტივირებულ საპროტესტო ნოტას ანტანტის უმაღლესი საბჭო სრული იგნორირებით შეხვდა: საქართველოს ნების გარეშე, ანტანტის პროექტით ბათუმს პორტო-ფრანკოს სტატუსი მიენიჭა; არადა, საქართველოს ნოტაში ეწერა:
“ბათუმის ოლქის დაყოფა და რომელიმე მისი ნაწილის სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შეყვანა უსათუოდ გამოიწვებს უღრმეს უთანხმოებას და გაამწვავებს ურთიერთობას ამიერკავკასიის მეზობელ ხალხთა შორის… პორტო-ფრანკოს შექმნა და ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის დაარსება სასოწარკვეთას მოჰგვრის ქართველ ხალხს, რომელსაც ჩამოართმევენ მისი საუკეთესო ნავსადგურის მფლობელობას” (48). იმედგაცრუებულმა ჟორდანიას მთავრობა ინგლისის, ზოგადად ევროპული ინტერესების საზიანოდ, საბჭოთა რუსეთთან (49) თუ თურქეთთან (50) დათმობებით შეეცადა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
1921 წლის დასაწყისში როგორც ევროპის, ასევე თურქეთისთვის ნათელი გახდა, რომ საბჭოთა რუსეთიც აპირებდა ამიერკავკასიის დაპყრობას, ამიტომ ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა აშშ-მა, იტალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა და სხვებმა დე იურე ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ, ამან ვერ შეუშალა ხელი რუსეთს, იარაღის ძალით დაეპყრო საქართველო; სტალინმა შეთანხმებას მიაღწია თურქეთთან და 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით თურქეთმა და რუსეთმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გვერდის ავლით გაინაწილეს საქართველოს ტერიტორია; ბათუმი რუსეთის პროტექტორატით პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა (51).
საბჭოთა იმპერიაში ბათუმის პორტო-პრანკოს ფაქტიურად არ უმოქმედია (52).

საქართველოს რუქა - 1921-31 წლები

საქართველოს რუქა - 1921-31 წლები

ბათუმი 1991 წელს

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით საქართველოს ხელისუფლებაშიც მოდის. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო ხელახლა აცხადებს დამოუკიდებლობის აღდგენას: 1918-21 წლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობა ცხადდება საერთო-სახალხო რეფერედუმის საფუძველზე (31.03.91).
დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშენი დადგნენ ფაქტის წინაშე: საქართველო დღის წესრიგში აყენებს კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცლის აუცილებლობას; კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხის მოსახლემ, მათ შორის აჭარის მოსახლეობამ 1991 წლის 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” მთელი მსოფლიოსთვის აჩვენა: ერთიან საქართველოს სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში მდგარი რუსეთის ჯარი ოკუპანტად გამოაცხადა.
საყურადღებოა, რომ 1991 წლის თებერვალ-მარტში გარკვეული ძალები აქტიურად ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ აჭარის მოსახლეობა, ხმა არ მიეცათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ვინაიდან 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე აღდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობა ავტომატურად აუქმებდა აჭარის ავტონომიას. მიუხედავად ამისა, აჭარის მოსახლეობამ მაღალი პროცენტით ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამავე პერიოდში აჭარის მოსახლეობა მზად იყო, საქართველოს სხვა კუთხეების ანალოგიური სტატუსი მიეღო და გადაეხედა კომუნისტების მიერ შექმნილი სახელისთვის (“ავტონომიური რესპუბლიკა”)…
ამიერკავკასია რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ამიტომაც, ბუნებრივია, რუსეთი ძნელად შეეგუება საქართველოდან წასვლას.
მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო მაინც ხდება დიდი გეოპოლიტიკური გარიგების მსხვერპლი:
1991 წლის მარტში მალტის შეთანხმებით, აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიის ქვეყნები ექცევა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველში, კავკასია, უკრაინა, მოლდოვა და შუა აზია კი ჯერჯერობით ისევ რჩება რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში (53). ბუნებრივია, ბათუმიც რუსეთის გავლენისთვის გაიწირა.
მალტის გარიგების კვალად, საქართველოში ძალადობით იცვლება კანონიერი ხელისუფლება: “თავისად” დატოვებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში რუსეთი იარაღის ძალით თრგუნავს საქართველოს, აზერბაიჯანისა და იჩქერიის ნებას. კომუნისტური და კრიმინალური ჯგუფების გამოყენებით რუსეთი ახერხებს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების ხუნტით შეცვლას. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ძალები დღემდე ჩქმალავენ ამ მოვლენის არსს და საქართველოში კრემლის მიერ განხორციელებულ პუტჩს ე.წ. “სამოქალაქო ომად” ნათლავენ.
საქართველოში ინსპირირებული პუტჩის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთიდან გამოდევნა კრემლის დიქტატის მოწინააღმდეგე ქართველებიც, აფხაზებიც, ბერძნებიც… ამის მიუხედავად, შევარდნაძის უკანონო რეჟიმმა რუსეთის სამხედრო შენაერთებს საოკუპაციო ჯარის სტატუსი მოუხსნა და მეგობარი ქვეყნის ჯარად აღიარა; მეტიც, ე.წ. სამშვიდობო მისიაც დააკისრა.
1992-93 წლების შემდეგ კავკასიაში იწყება რუსული ექსპანსიის ახალი ეტაპი: სისხლისღვრის შემდეგ დიდი უცხოური კაპიტალის დრო დგება: ბათუმის მიწებსა თუ პორტშიც ასლან აბაშიძის ხელშეწყობით დიდი რუსული კაპიტალი იბანდებს.
არადა, დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ბათუმის მაგისტრალები: ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის აღმოსავლეთი ევროპა უფრო ღირსებისა და უსაფრთხოების საკითხი იყო, შუა აზიის რესურსები და ამიერკავკასიის ენერგომატარებლები კი მათთვისაც და თურქეთისთვისაც უდიდესი მნიშვნელობისაა: მხოლოდ ამიერკავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი (54); მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლება თურქეთს, უშუალო კავშირი იქონიოს სხვა თურქულენოვან სახელმწიფოებთან კავკასიასა თუ შუა აზიაში.
ამ და სხვა ფაქტორებმაც მალევე განაპირობა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის გარკვეული კორექტირების აუცილებლობა: 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” მხარდაჭერით დასავლეთმა შესამჩნევად გააძლიერა საქართველო, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური მოთამაშე.
2003 წელს საქართველოს გაძლიერების პირველ დამადასტურებელ მოვლენად იქცა ბათუმზე საქართველოს გეოპოლიტიკური კონტროლის აღდგენა (და არა, პირდაპირი გაგებით “აჭარის შემოერთება”).

ბათუმი 2008 წელს

ამიერკავკასიაში დღეს რუსეთი აკონტროლებს: სომხეთს, დე იურე აზერბაიჯანის ერთ ნაწილს – მთიან ყარაბახს და საქართველოს ორ ანკლავს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქს.
მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც კავკასიაზე რუსეთის გეოპოლიტიკური კონტროლი დამყარებულია უკანონოდ; ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, კავკასიის დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნური შეცვლით ცდილობს აქ დამკვიდრებას.
კავკასიის სტრატეგიულ უბნებზე თავისი სასარგებლო დემოგრაფიული სურათის შესაქმნელად, რუსეთი ხელს უწყობს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე აფხაზურ-სომხური და ოსური სახელმწიფობრივი წარმონაქმნების ფორმირებას.
არადა, 21-ე საუკუნის დასაწყისში არის რეალური შესაძლებლობა, საქართველო სრულად გამოვიდეს რუსული გეოპოლიტიკური სივრციდან; პროცესი დაწყებულია:
მსოფლიოს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების შეთანხმებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ე.წ. ავტონომიათაგან სრულ კონტროლს ჯერჯერობით მხოლოდ აჭარაში ახორციელებს, სადაც 2004 წელს პრორუსული მარიონეტული რეჟიმი იცვლება ადგილობრივი, ქართული ხელისუფლებით (55).
გარდა ამისა, ნატო-ს (დასავლეთისა და თურქეთის) ხელშეწყობით საქართველო აშკარად იბრუნებს დამხვდური სახელმწიფოს როლს – ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალა ხდება.
თუმცა, ფაქტია ისიც, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის რეგიონის ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე; ამ ეტაპზე საქართველოს ორ ნაწილად ყოფს გეოპოლიტიკური საზღვრები; მომხდური ქვეყნები ისევ ახერხებენ, აკონტროლონ ჩვენი გეოპოლიტიკური სიმძლავრეები, მაგ., წარმატებით დაგეგმონ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია; კერძოდ, ცდილობენ:
– დააკანონონ ამიერკავკასიის ავტოქთონი მოსახლეობის ეთნოწმენდა;
– მართონ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი;
– განათლების სისტემის გამოყენებით ზოგ რეგიონში სათავისოდ წარმართონ მოსახლეობის ერთი ნაწილის ცნობიერება;
– გლობალური საინფორმაციო და სამეცნიერო ქსელში ფსევდომეცნიერული ეთნოლინგვისტური კვალიფიკაციების გავრცელებით შეცდომაში შეიყვანონ დანარჩენი მსოფლიო: საქართველოს სხვა “ხალხების” დამპყრობლებად აცხადებენ;
– ქართველთა ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს თავს მოახვიონ ფედერაციული თუ კონფედერაციული წყობა, სადაც “სუბიექტები” იქნებიან: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, მესხეთი, ქართლი, სვანეთი და სხვ (56)..

სანიმუშოდ წარმოგიდგენთ იოსტ გიპერტისა და იური კორიაკოვის ეთნოლინგვისტურ რუკებს, აგრეთვე, ალექსანდრე დუგინის “კონცეფციას” ამიერკავკასიის მოწყობის შესახებ:

შდრ., ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999):
“Новый геополитический порядок на Кавказе” предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания “Кавказской Федерации”, которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм… (сс. 351-352).
რუსი გეოპოლიტიკოსები ისევ ოცნებობენ, ამიერკავკასია რუსეთის გუბერნიად აქციონ; მეტიც, მათ პრეტენზია აქვთ, ბირთული ენერგიისა და ენერგორესურსების აქტიურად გამოყენებით სრულად აკონტროლონ ევრაზიის გეოპოლიტიკური სივრცე.
საქართველოს ბრძოლა კი გრძელდება.
იმედს გამოვთქვამ, საქართველო მალე გახდება ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე (57).

შენიშვნები:

1. სამეცნიერო ლიტარატურაში გეოპოლიტიკა სხვადასხვაგვარად განიმართება; ცნების ორი ძირითადი გაგება გვაქვს: გეოპოლიტიკა – მეცნიერების დარგი; გეოპოლიტიკა – ქვეყნის საგარეო პრაქტიკა.
შდრ.: გეოპოლიტიკა როგორც მეცნიერების დარგი, შეისწავლის გეოგრაფიული, ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორებით განსაზღვრულ საერთაშორისო ურთიერთობებს. თანამედროვე გეოპოლიტიკაში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სტრატეგიულ საზღვაო-სახმელეთო გზებსა და ნავთობ(გაზ)სადენების მაგისტრალებზე.
კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით: (1) გეოპოლიტიკა არის მეცნიერება მოცემული ქვეყნის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ ამ ქვეყნის ზომის, პოზიიცის, ძალაუფლების გავლენისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით. (2) გეოპოლიტიკა არის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ქვეყნის, ან მსოფლიოს რომელიმე არეალის ფიზიკური მახასიათებლებით (1. the study of the way a country’s size, position, etc. influence its power and its relationships with other countries; 2. political activity as influenced by the physical features of a country or area of the world: These developments are having a major impact on the geopolitics of the region. http://dictionary.cambridge.org/define.asp?key=32591&dict=CALD).
შდრ. სხვა განმარტებანი (თანამედროვე ენციკლოპედიებიდან): გეოპოლიტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიული ფაქტორის როლს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში და გარემოს გავლენას მოცემულ მომენტში ქვეყნის ეროვნული ინტერესების განსაზღვრისას; შდრ., აგრეთვე: გეოპოლიტიკა შეისწავლის – გეოგრაფიის გავლენებს პოლიტიკაზე.
შდრ., აგრეთვე: ზბიგნევ ბზეჟინსკი: “გეოპოლიტიკა არის პოზიციური თამაშის თეორია დიდ მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე” ; ალექსანდრე დუგინი: “გეოპოლიტიკა არის მართვის მეცნიერება”…
გეოპოლიტიკა, როგორც მოცემული სახელმწიფო საგარეო პრაქტიკა, მეცნიერული და ოპერატიულ-საინფორმაციო კვლევების ბაზაზე ახდენს სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონის მოსახლეობის ‘განწყობის” (ცნობიერების) დაგეგმვას.
ტერმინი “გეოპოლიტიკა” პირველად გამოიყენა შვედმა პოლიტოლოგმა რუდოლფ ჩელენმა (Rudolf Kjellen Рудольф Челлен) 1899 წელს; ეს ტერმინი მანვე აქტიურად დაამკვიდრა 1916 წელს ნაშრომით: “სახელმწიფო, როგორც ორგანიზმი”; შდრ.: 1922 წელს გერმანელმა გეოგრაფმა კარლ ჰაუსჰოფერმა მიუნხენში დააარსა გეოპოლიტიკის ინსტიტუტი, სადაც ის აწარმოებდა გეოპოლიტიკურ კვლევებს.
2. შდრ.: “Путин предстает скорее безжалостным порождением КГБ, методичным и решительным националистом, который стремится вернуть России прежнее могущество, использует в конъюнктурных целях неожиданно пролившийся на Россию ‘золотой дождь’, и одновременно не гнушается без лишнего шума наслаждаться материальными выгодами от политической власти и втайне их преумножать” (Збигнев Бжезинский: Путинский выбор. 12 марта 2008)
3. იხ. მაგ., ა. დუგინის წიგნი “Геополитика постмодерна”, М. 2007
http://www.fictionbook.ru/en/author/dugin_aleksandr/geopolitika_postmoderna/
4. გეოსტრატეგია არის გეოპოლიტიკის ქვედარგი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სახეობა, რომელიც პოლიტიკური თუ სამხედრო დაგეგმვის მიზნით აანალიზებს გეოპოლიტიკურ ფაქტორებსა და მათი წინააღმდეგობებების ეფექტებს.
5. გეოპოლიტიკური სიმძლავრეები: მოცემული მიწა-წყლის სტრატეგიული ღირებულება, მოსახლეობის განწყობა (ზოგადად, დემოგრაფიული სურათი), საზოგადოების/ქვეყნის უნარიანობა და სხვ მისთ. ქმნის გეოპოლიტიკურ სიმძლავრებს. ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებად მიჩნეულია: ტერიტორიის ზედაპირი, საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი, ბუნებრივი რესურსები, ფინანსური სიძლიერე, ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალური ინტეგრაციის დონე, მოსახლეობის რაოდენობა, ეთნიკური ერთგვაროვნება და ეროვნული სული (ლიტერატურისათვის იხ.: http://en.wikipedia.org/wiki/Geopolitics; http://ru.wikipedia.org/wiki http://ka.wikipedia.org/wiki/გეოპოლიტიკა)
6. მომხდური სახელმწიფო – ქვეყანა, რომელიც ცდილობს დაეუფლოს სხვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ სიმძლავრებს
7. დამხდური სახელმწიფო – ქვეყანა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გეოპოლიტიკური სიმძლავრები
8. სატელიტი სახელმწიფო – დამხვდური სახელმწიფოს მეზობელი ქვეყანა, რომელიც გამოყენებულია მომხდური ქვეყნის მიერ
9. გეოპოლიტიკური კონტროლი – ამა თუ იმ სახელმწიფოს უნარი, აკონტროლოს გეოპოლიტიკურად საინტერესო სახლემეთო თუ საზღვაო გზა, ნავთობსადენის მაგისტრალი; შდრ.: გეოპოლიტიკური საზღვრები – ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის (კოალიციის) მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვრები
10. ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე – ქვეყნა, რომელსაც უნარი შესწევს, მეტ-ნაკლები ძალისხმევით აკონტროლოს ამ სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის ტერიტორია
11. მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე – მსოფლიოში, ან რეგიონში არსებული ქვეყნა, რომელსაც უნარი შესწევს, აკონტროლოს სხვა სახელმწიფოთა კუთვნილი სტრატეგიული ტერიტორიებიც
12. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გამოსაცემად მოამზადა სერგი ჯიქიამ), წიგნი II, თბ., 1941, გვ. VIII
13. თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის (თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანებითურთ და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ), თბ., 1983, გვ. 31-54 და სხვ. აქვეა ცნობები სამხრეთ საქართველოს ისტორიული გზებისა და მათ გამო ოსმალეთ-ირანის გეოპოლიტიკური დაპირისპირების შესახებ
14. ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, საქართველოს ისტორიის წყაროები, 10 (თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გიული ალასანიამ), თბ., 1978, გვ. 136-141
15. რომელიც შავშეთის ქართველების ენის ნიმუშების მოყვანისას ლაზური (მეგრული) დიალექტის ფორმებსაც ურევს; იხ., ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურუძემ, თბ., 1971, გვ. 290-305
16. შდრ., ა. დუგინი: “географический рельеф как судьба”
17. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ქართველთა მაკონსოლიდირებელი ფენომენი, მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებს ქართველთა ერთიან კულტურულ სივრცეს (მსჯელობისათვის იხ.: გ. ალასანია, რელიგიური “შეუწყნარებლობა” და ეთნიკური ტოლერანტობა შუა საუკუნეებში, ქართველური მემკვიდრეობა, V, ქუთაისი, 2001); შდრ., ამავე პერიოდში სხვადასხვა რელიგიის ქართველთა ეთნიკურ სახეს (იდენტობას) განსაზღვრავს ქართული ენა. ენობრივ-ეთნიკური თუ კულტურული მეობა, როგორც საზოგადოების ცნობიერების (ეროვნული სულის) განმსაზღვრელი ფაქტორი, გეოპოლიტიკურ სიმძლავრედ ჩნდება მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის (ძალისხმევის) პირობებში.
18. შდრ., მაგ., ს. ჯიქიას, მ. სვანიძის, გ. ჯამბურიას, ნ. ნაკაშიძის და სხვათა კვლევებზე დაყრდნობით, ილია ანთელავა ასკვნის (საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2022, გვ. 485-486): 1626 წლისთვის მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დაჯგუფება: ირანი მხარს უჭერდა თეიმურაზ პირველს, ხოლო ოსმალეთი – გიორგი სააკაძეს… “ბაზალეთის ომი არ იყო თეიმურაზ მეფისა და გიორგი სააკაძის შორის მომხდარი უბრალო განხეთქილების შედეგი, რომელიც ლოკალურ ხასიათს ატარებდა, არამედ მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა: ბაზალეთის ომი ფაქტიურად ასახავდა საქართველოში ირანული და ოსმალური ორიენტირების დაპირისპირებას” (მ.სვანიძე)
19. ქ. ჩხატარაიშვილი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან (მე-18 ს. პირველი მეოთხედი), საქართველოს ფეოდალური ხანის საკითხები, თბ., 1972, გვ. 59-61
20. გ. ალასანიას შენიშვნით, რუკა შედგენილი ჩანს 1703 წლამდე (ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, საქართველოს ისტორიის წყაროები, 10 ; თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გიული ალასანიამ), თბ., 1978, გვ. 55-56. ჩანს, რუკების გამოცემის პერიოდშიც ოსმალეთისთვის ბათუმის მხარე ქართველთა კუთვნილ მიწა-წყლად ითვლება
21. იხ., მაგ., 1815 წელს ოსმალოთაგან დამარცხებული სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილის სიტყვები: “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალეთს არ შერჩება; ამ ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ” (ვრცლად იხ. ტ.ფუტკარაძე, “ვისგან და რატომ იწირება აჭარა”, ჟურნალი “კარდუ”, 1997, № 4)
22. სინამდვილეში აფხაზეთის კონფლიქტი არის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების: ვლ. არძინბასა და ე. შევარდნაძის ჯგუფების მიერ იქნა პროვოცირებული აფხაზი და ქართველი ხალხების საზიანოდ.
23. შდრ.: ამ დროს რუსეთმა ფულს გადაუხადა ავსტრია-უნგრეთს, რომ ამ უკანასკნელმა ნეიტრალიტეტი დაიჭიროს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემთხვევაში.
24. რუსეთის ჯარს რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, აეღო კონსტანტინეპოლიც, მაგრამ, ინგლისისა და ავსტრიის ომში ჩაბმის შიშით ალექსანდრე მეორემ კონსტანტინოპოლიდან სულ12 ვერსის მანძილზე შეაჩერა თავისი ჯარი.
25. Историа Дипломатии, 1945. ст. 47-49
26. ე. ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 2005, გვ. 40
27. მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია, 2002, გვ. 269; მ. სვანიძე, დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 155; შდრ.; Историа Дипломатии, 1945, ст. 346;
28. გერმანია-საქართველოს არშემდგარი დიდი ხელშეკრულებისთვის იხ.: დ. პაიჭაძე, რამდენიმე დოკუმენტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლისათვის; ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 9, თბ., 2002
29. მ.სვანიძე, ოსმალეთის ისტორია (1600-1923), ტ. II, გვ. 271, თბ., 2002
30. დ. პაიჭაძე, რამდენიმე დოკუმენტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლისათვის; ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 9, თბ., 2002
31. საკითხის მიმოხილვისათვის ვრცლად იხ.: ნ.დანგაძე, 1918-1921 წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან, ქართველური მემკვიდრეობა, X, ქუთაისი, 2007, გვ. 99
32. მ. სვანიძე, დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 157
33. ინგლისელები სომხებსაც მფარველობდნენ: ცდილობდნენ, სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელი მიეცათ; იხ.: ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 59-61
34. არაიშვიათად, სომხეთი საქართველოსთან მიმართებით მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა სატელიტი ქვეყნის როლს ასრულებს
35. ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 59
36. ი. ბექირიშვილი, ნარკვევები აჭარის წარსულიდან, ბათუმი, 1982, გვ. 126-127
37. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია (1983-1990), გვ. 221-223
38. საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ორივე იმპერია შეთანხმებულად უშლიდა ხელს
39. თან ბეგი, თან ქვაბლიანსკი! არადა, ჯაყელთა უშუალო მემკვიდრეა; სინამდვილეში მას მხოლოდ საკუთარი მამულის შენარჩუნება აინტერესებდა და ანტიქართულ კოალიციაში აღმოჩნდა (ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 55-58
40. ვრცლად იხ. ტ.ფუტკარაძე, “ვისგან და რატომ იწირება აჭარა”, ჟურნალი “კარდუ”, 1997, № 4
41 ნ.დანგაძე, 1918-1921 წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან, ქართველური მემკვიდრეობა, X, გვ. 101, ქუთაისი, 2007
42. მ. აბაშიძე, ფიქრები საქართველოზე, 1998, გვ. 44-45
43. ვ. ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 62
44. შდრ., 1878 წელს ეს მხარე რუასეთის იმპერიამ შეიერთა
45. მ. აბაშიძე, ფიქრები საქართველოზე, 1998, გვ. 50; 1921 წლის 21 თებერვლის “საქართველოს კონსტიტუციაში” (მუხლი 107) ვკითხულობთ: “საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (მათუმის მხარე) და ზაქათალის (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა” (კანონიერი ხელისუფლების არც ერთ დოკუმენტში არ გვხვდება ტერმინი: “ავტონომიური რესპუბლიკა” (შდრ.:1990 წლის 11 დეკემბრის “საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუტიცია”, მუხლი 71; 1995 წლის 24 აგვისტოს “საქართველოს კონსტიტუცია”, მუხლი 3, 3;); გარდა ამისა, არა მხოლოდ აჭარას, არამედ შესიტყვება: “ბათუმის მხარე” მთელ სამხრეთ საქართველოს გულისხმობს – ტ.ფ.). ევროკავშირისკენ მსწრაფავი თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან; შესაბამისად, დღეს საქართველო-თურქეთს შორის აქტუალური აღარ არის ტერიტორიული დავა; მთავარია, რომ ორივე ქვეყანაში დაცული იყოს ავტოქთონი მოსახლეობის ის ენობრივ-ეთნიკური უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია ევროსაბჭოს დოკუმენტების მიხედვით.
46. ინგლისელი ბ. კამერერის თავმჯდომარეობით დისკუსიები მიმდინარეობდა ლონდონსა დაც სან-რემოში; სომხეთის დელეგაცია ითხოვდა სომხეთს მიკუთვნებოდა ძირძველი ქართული პროვინციები: ართვინის რაიონი და ლაზისტანი, აგრეთვე, ბათუმის ნავსადგურის ნაწილი.
47. მაგ.: 1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, სომხეთი, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და თურქეთი (სევრში თურქეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, მეტიც, მან ვალდებულება აიღო, ეღიარებინა სომხეთი და მისთვის მიეცა ზღვაზე გასასვლელი).
48. ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1821 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1929, გვ. 203-209
49. ნოე ჟორდანიამ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველომ ინგლისის ჯარი საზეიმოდ გააცილა ბათუმიდან 1920 წლის 14 ივლისს; ბათუმისა და ბათუმის ოლქიდან ინგლისელების წასვლიტ გზა გაეხსნა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილის ინტერვენციას: 1921 წლის 16 მარტის თურქეთ-რუსეთის გარიგებით სამხრეთი საქართველო თურქეთს დარჩა.
50. 1921 წლის თებერვალში საქართველოს მენშევიკური მთავრობა თურქეთმა აიძულა დაეთმო: არტაანი, ართვინი… გარდა ამისა ანკარის მთავრობის ელჩის ქიაზიმ ბეის პირით თურქეთი დახმარებას ჰპირდებოდა ჟორდანიას მთავრობას, სინამდვილეში კი ჟორდანიას სამთავრობო ტელეფონით მოსკოვსა და ანკარას გადასცემდა აუცილებელ ინფორმაციებს (მ.სვანაძე,დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისთვის 1918-1921 წლებში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 10, თბ., 2003, გვ. 174-179; მ. სვანიძე, ოსმალეთის ისტორია, 2005, გვ. 40-48
51. საქართველოს უკანონო, ორჯონიკიძისა და შევარდნაძის მარიონეტული მთვარობების მიერ ეს ხელშეკრულება დადასტურდა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს და თბილისში 1992 წელს.
52. უახლოეს წარსულში ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ იხ.: ტ. ფუტკარაძე, რუსის ჯარი – მშვიდობის გარანტი? კრებ. აფსირტედან გამსახურდიამდე, თბ., 1999, გვ. 185-186; მ. მახარაძე, პოსტსკრიპტუმი, ბათუმი, 2005, გვ. 98-107
53. მსჯელობისათვის იხ. ტ. ფუტკარაძე, “რაცა ღმერთსა არა სწადდეს”, ანუ მიმდინარე პროცესების შესახებ; კრებ. აფსირტედან გამსახურდიამდე, თბ., 1999, გვ. 61-68
54. ძირითადად ამ ფაქტორებმა შეუწყო ხელი საქართველოში ვარდების რევოლუციის მომზადებას და ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის შექმნას
55. ისტორიული სამართლიანობა აღდგა: ბათუმს ქართველთა სახელმწიფო აკონტროლებს
56. საქართველომ უთუოდ უნდა მისცეს ფართო ავტონომია აფხაზ ხალხს
57. კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: 1878 წელს რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს შემოუერთდა არა მხოლოდ აჭარა, არამედ ართვინის მხარეც. 1919 წლის 31 აგვისტოს საქართველოსთან შეერთება დაადასტურა მთელმა სამხრეთმა საქართველომ და არა მხოლოდ აჭარამ; ამ ფაქტების იგნორირებაც გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფის წესების მიხედვით ხდება…


Responses

  1. მე ვერ წავიკითხე ამდენი მაგრამ ბატონ ფუტკარადზეს ვაპრტხილებ თქვენ რასაც წერთ გაზეთებსში ეს არის ანტი ქართული და შეიდზლება ისეტი დროც დაგიდგეთ რომ ამ ყველაფერზე პასუხი აგოთ.

  2. ციტატა სტატიიდან: “გარდა ამისა, ნატო-ს (დასავლეთისა და თურქეთის) ხელშეწყობით საქართველო აშკარად იბრუნებს დამხვდური სახელმწიფოს როლს – ჩვენი ქვეყანა კავკასიის რეგიონში ანგარიშგასაწევი ძალა ხდება.”

    ეხლა ტყუილებს მოეშვი მიშისტო არ დავიგფინო მწარედ რაც საქართველო მოერევა გინდ სომხეთს(ერთი ერთზე), გინდ აზერეთს, გინდ თურქეთს და გინდ რუსეთს.

    საქართველო მეზობლებში და რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, საქართველოს ხელფასი ერთ კაცზე წელიწადში საშუალოდ არის 5 000$?!

    ანუ ჩინოვნიკს აქვს 50 000$ზე მეტი წლიურად, ხოლო უბრალო ადამიანს კაპიკები

    ხოლო აზერეთში, თურქეთში, და ირანში 10 000$ზე მეტია ხელფასი წელიწადში საშუალოდ ერთ კაცზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე კიდევ 20 000$ზე მეტია ეს მაჩვენებელი(იემენის გარდა)

    რითია საქართველო ანგარიშგასაწევი?!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: